პუბლიკაციები

Covid-19-ის კლინიკური მახასიათებლები: სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი

გასული წლის ბოლოს, ჩინეთის ქალაქ უჰანში იდენტიფიცირებულ იქნა მწვავე რესპირატორული სინდრომი კორონავირუსი-2 (SARS-CoV-2), რაც ამავე არეალში პნევმონიის ეპიდაფეთქებისას გამოვლინდა.  აღნიშნული ვირუსით ინფიცირება იწვევს დაავადებას, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) Covid-19 უწოდა. მას შემდეგ რაც ახალი კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, 11 მარტს ჯანმომ ის პანდემიად გამოაცხადა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, SARS-CoV-2-ით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 1 210 956-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 67 594-ს აღწევს.   

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან არც თუ ისე დიდი დროა გასული, ვირუსისა და ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადების შესახებ საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რაც, შესაბამისად, სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის განხორცილების საშუალებას იძლევა. ამდენად, ჩვენი მიზანია Covid-19-ის კლინიკური ნიშნების სისტემური მიმოხილვა და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, შერჩეული კვლევების მეტა-ანალიზი.  

ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტი, ერთი მხრივ, სასარგებლო იქნება სამედიცინო სექტორისთვის. განსაკუთრებით, პირველადი ჯანდაცვის პერსონლას მნიშვნელოვნად დაეხმარება პაციენტების მიმართვიანობისას გადაწყვეტილების მიღებაში და მეორე მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული გაიდლაინის მომზადებაში, ასევე, დაეხმარება მთავრობას ადეკვატური პოლიტიკის გატარებაში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია