პუბლიკაციები

საქართველოს ხელისუფლების საჯარო რიტორიკა - რუსული პროპაგანდის მინი მოდელი

დოკუმენტში მიმოხილულია პროპაგანდის დარწმუნების ტექნიკები: ნეგატიური იარლიყების მიკვრა (name calling) არასასურველი სუბიექტებისა და ჯგუფების მიმართ და ამ გზით ე.წ. მტრის ხატის შექმნა; Ad nauseam ტექნიკა, რომელიც ერთი და იგივე სლოგანის ან იდეის უწყვეტ გამეორებას გულისხმობს და ცდილობს, საზოგადოებას ერთი შეხედვით ყველაზე დაუჯერებელი ტყუილიც კი დააჯეროს; განზოგადების ტექნიკა, რომლის დროსაც კონკრეტული მოვლენის, სუბიექტის ან იდეის გენერალიზებით მთელი კლასტერის უარყოფითად წარმოჩენა ხდება; ბრალმდებლის დადანაშაულება - ლოგიკა, რომლის მიხედვითაც საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმაა და ამ პროცესში გამოიყენება აბსუდრული ტყუილები და კონსპირაციის თეორიები, რასაც აღვირახსნილი პროპაგანდის (huckster propaganda) სახელითაც მოიხენიებენ; Whataboutism ტექნიკა, რომელიც რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან აქცენტი სხვა საკითხზე გადააქვს, რათა სამართლიანი კრიტიკა თავიდან აიცილოს; ე.წ. ჩაბმის მიდგომა (bandwagon approach), რომელიც გულისხმობს შემდეგი ცნების გამოყენებას: „ყველა აკეთებს ამას“. ის ასევე საზოგადოების წევრებს მოუწოდებს მიეტმასნონ ამა თუ იმ ჯგუფს და მიჰყვნენ ბრბოს ქცევებს; არათანმიმდევრულობა პოზიციებში, რომლის დროსაც გამავრცელებელი ბევრს არ ფიქრობს გზავნილების ერთგვაროვნებაზე და მხოლოდ პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებს. ასეთ დროს კი, შესაძლებელია ერთ დღეს ამტკიცებდე ერთს, ხოლო მეორე დღეს აბსოლუტურად საპირისპიროს.

თეორიული მასალის ანალიზისა და პრაქტიკული მაგალითების შეჯერების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული პროპაგანდა კარგად იყენებს ყველა ზემოაღნიშნულ ხერხს. ამასთან, ის, ფაქტობრივად, სრულად ნეგატიურ დღის წესრიგზეა აგებული. მისი მიზანი არა საზოგადოების საკუთარ სიმართლეში დარწმუნება, არამედ მათი „ტვინების გამორეცხვა“, შიშის და დაბნეულობის დათესვაა. ის ქმნის მტრის ხატს დასავლური დემოკრატიების სახით და ავრცელებს აბსურდულ ტყუილებს საკუთარი არაჰუმანური ქმედებების გადასაფარად. რუსული პროპაგანდა უწყვეტად „ბომბავს“ სამიზნე აუდიტორიას მანიპულაციური გზავნილებით და განსაკუთრებით აქტიურია კრიზისების დროს.

როგორც დოკუმენტში მოცემულმა არაერთმა მაგალითმა აჩვენა, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა სულ უფრო ემსგავსება რუსულ პროპაგანდას. ისიც, დიდწილად, აგებულია ნეგატიურ დღის წესრიგზე, ქმნის მტრის ხატებს და საკუთარი გადაცდომების გადასაფარად არაერთ შეთქმულების თეორიას ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კამპანიები განსაკუთრებით აქტიურდება წინასაარჩევნო პერიოდებში, ასევე სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური თუ სოციალური კრიზისის დროს. „ქართული ოცნება“ ოპონენტებისთვის სხვადასხვა იარლიყების მიწებებით მის დისკრედიტაციას ცდილობს. ამის თვალსაჩინო მაგალითია იარლიყი „ომის პარტია“, რომელიც თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობას“ მოიაზრებდა, თუმცა მას ხშირად იყენებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც. ამასთან, „ომის პარტიის“ მხარდამჭერად მოიხსენიებენ სახალხო დამცველს, მედიას და, ფაქტობრივად, ყველა იმ აქტორს, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. წლების განმავლობაში ხელისუფლება თესავს შიშს, რომ ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში გადატრიალებას აწყობენ. მაგალითად, ე.წ. „საბურავების საქმე“, ბრალდებები ამბოხზე „გავრილოვის საქმესთან“ დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის მიერ ნახსენები „ხელისუფლების აყირავების გეგმა” 2021 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმა“ და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ზემოთ აღნიშნული საქმე არ გამოძიებულა, რაც ამყარებს არგუმენტს, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყო გამოყენებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, „ქართული ოცნება“ იყენებს კონტრბრალდებების ტექნიკას მაშინ, როცა თავად კრიტიკის ობიექტი ხდება და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრის ნაცვლად წინა ხელისუფლების მანკიერებებს გვახსენებს. ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე, მართლმსაჯულების პრობლემებზე, ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე თუ საწვავის ფასებზე, „ქართული ოცნების“ რიტორიკაში კვლავ წინა ხელისუფლების დროს არსებული პრობლემები ფიგურირებს. ამასთან, უკვე მეათე წელია, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს პროპაგანდსიტული ნარატივით კვებავს, როცა ერთი მხრივ, ეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად „გაკოტრებული“ პარტიაა, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველი არჩევნების წინ, ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულებას“ ასახელებს.

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ხელისუფლების საჯარო კომუნიკაცია, რომელიც ოპონენტების და ზოგადად, კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების მიმართ უმძიმეს ბრალდებებს, მოსახლეობაში უსაფუძვლო შიშების გაღვივებას, საზოგადოების განწყობებით მანიპულირებასა და ნეგატიური დღის წესრიგის დადგენას გულისხმობს, არაჯანსაღი და საფრთხისშემცველია. მსგავსი კომუნიკაცია, ისევე როგორც რუსული პროპაგანდა, საზოგადოების გახლეჩასა და დეზორიენტაციას უწყობს ხელს.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე