პუბლიკაციები

ბორის ჯონსონი - დემოკრატიული ძალაუფლება მეგობრების გარეშე

ფოტო: Peter Summers/Getty Images

ბორის ჯონსონის იძულებითმა გადადგომამ კიდევ ერთხელ წამოწია ზედაპირზე არა მხოლოდ რეალპოლიტიკის ბინძური დეტალები, არამედ დემოკრატიული პოლიტიკის ფუნდამენტური კითხვებიც. კერძოდ, შესაძლებელია, თუ არა თანამედროვე მასობრივ დემოკრატიებში ლიდერმა მართოს ამომრჩევლის პირდაპირი მანდატით და შუამავალი ინსტიტუტების გარეშე.

ჯონსონისთვის, ისევე, როგორც მისი შემორჩენილი გულშემატკივრებისთვის, კაბინეტის შიდა ჯანყი და პრემიერ-მინისტრის იძულებითი გადაყენება ფუნდამენტურად ანტიდემოკრატიული მოვლენაა. როგორც ამბობენ, დაუნინგ სტრიტის ათ ნომერში აჯანყებული კაბინეტის წევრები გუნდურად მივიდნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა მათი ინდივიდუალურად ნახვა ისურვა. ჯონსონის გზავნილი ამ ჟესტითაც ცხადი იყო - მან შეძლო ბოლო არჩევნებზე კონსერვატიული პარტიისთვის მილიონობით ახალი ამომრჩევლის შეძენა, მან შექმნა კომფორტული კონსერვატორული უმრავლესობა, მან მიიყვანა ბოლომდე ბრექსითი, მას და არა კაბინეტს ჰქონდა ხალხისგან მინიჭებული მანდატი.

ჯონსონის გადადგომით ვესტმინსტერული პარლამენტარიზმის შესახებ ამ მტკიცების სიმცდარე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა. სისტემა, რომელიც იშვა ოლივერ კრომველის გამოცდილებიდან, თითქმის ხუთი საუკუნის შემდეგაც ახერხებს, რომ კრომველიანური მიდრეკილებები შეაკავოს და აღკვეთოს.

შეკავებისა და აღკვეთის მექანიზმები ვესტმინსტერულმა სისტემამ არა წინასწარი, რაციონალური კონსტიტუციური ინჟინერიის მეშვეობით შექმნა, არამედ მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური გამოცდილებიდან კრისტალიზებული ჩვეულებების საფუძველზე გამოიმუშავა.

ორპარტიულ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც დემოკრატიული შეჯიბრი ისეა მოწყობილი, რომ ერთი ცხადი გამარჯვებული გამოავლინოს, კრომველიანური მიდრეკილებები ბუნებრივად ჩნდება. ვესტმინსტერულ პარლამენტარიზმში გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ანუ სრული პოლიტიკური ძალაუფლება.

თუმცა, ის რაც ამ „თუმცას“ შემდეგ მოდის, არის შეკავებისა და გაწონასწორების უნიკალური სისტემა. სისტემა, რომელიც ხშირად მოჰყავთ „პოლიტიკური კონსტიტუციონალიზმის“ კლასიკურ ნიმუშად. პოლიტიკური კონსტიტუციონალიზმი ჩვენთვის ნაცნობი სამართლებრივი კონსტიტუციონალიზმისგან იმით განსხვავდება, რომ მისი შეზღუდვები სამართლებრივი ძალის მქონე არაა და უზენაესი კანონის სტატუსის მქონე წერილობითი კონსტიტუცია არ ამყარებს. 

ამის მიუხედავად, ვესტმინსტერული პარლამენტარიზმის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ადასტურებს, რომ სამართლებრივი ძალის არქონა ბრიტანული პოლიტიკური კონსტიტუციონალიზმის ჩვეულებებს ნაკლებად ეფექტურს არ ხდის, მეტიც, ისინი გაცილებით უფრო ქმედითია, ვიდრე უზენაესი კანონის ძალის მქონე  ქაღალდის მრავალი ნაფლეთი.            

ჯონსონის იძულებითი გადაყენება სწორედ ვესტმინსტერის პოლიტიკური კონსტიტუციონალიზმია მოქმედებაში. პარლამენტარიზმის ეს უძველესი სისტემა ითვალისწინებს რა, პრემიერ-მინისტრების კეისარისტულ მისწრაფებებს, მათ მოსათოკად აბამს გრძელ ანგარიშვალდებულებისა და ნდობის ჯაჭვს. ეს ჯაჭვი არ არის გაბმული პირდაპირ ელექტორატსა და პრემიერ-მინისტრს შორის და მრავალრგოლიანია.

მისი პირველი რგოლი არის წარმომადგენელი, რომელსაც ამომრჩეველი პარლამენტში ირჩევს თავისი ოლქიდან. მეორე მნიშვნელოვანი რგოლი არის უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში იქმნება, ხოლო მესამე რგოლი, რომელიც სახალხო ნდობის ჯაჭვის ამომრჩევლიდან პრემიერ-მინისტრამდე მიტანასა და შეკვრას უზრუნველყოფს, მინისტრთა კაბინეტია. 

მრავალსაფეხურიანი ნდობის ჯაჭვი  გულისხმობს, რომ პრემიერ-მინისტრად მუშაობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ამომრჩეველთა მანდატი და პოპულარობა. ნდობა არ უნდა გაწყდეს არც პარლამენტის უმრავლესობასთან და არც კაბინეტთან. სწორედ ეს აიძულებთ ვესტმინსტერის პრემიერ-მინისტრებს, რომ მართონ საპარლამენტო უმრავლესობებთან და კაბინეტებთან ერთად, მათთან გაიზიარონ ძალაუფლებაც და პასუხისმგებლობაც. 

ვესტმინსტერის სისტემაში ყველაზე უფრო დიდი სახალხო პოპულარობის მქონე პრემიერ-მინისტრიც კი, ვერ გადარჩება, თუ საკუთარი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობაში და კაბინეტში მეგობრები არ ეგულება.    

ლორდი მაიკლ დობსი, პოლიტიკური დრამის „ბანქოს სახლის“ ავტორი და მარგარეტ ტეტჩერის ყოფილი ახლო მრჩეველი იხსენებს, რომ ტეტჩერის დაცემა გარდაუვალად მოჩანდა ჯერ კიდევ 1987 წელს, ზედიზედ მესამე არჩევნების დამაჯერებლად მოგების შემდეგ. ტეტჩერმა გაიმარჯვა, მაგრამ იმაზე მეტი მტერი გაიჩინა, მათ შორის საკუთარი პარტიის შიგნით, ვიდრე შესაძლებელია, რომ გყავდეს საპარლამენტო დემოკრატიაში  ძალაუფლებაში ყოფნისას. 

ტეტჩერი და ჯონსონი შინაარსობრივად შედარებადი არ არიან, თუმცა ორივე მათგანის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას საკუთარი პარტიის შიდა ჯანყის გზით ერთი სტრუქტურული მიზეზი აქვს- ისინი მეგობრების გარეშე დარჩნენ. დემოკრატიული ძალაუფლება კი, როგორც ეს არისტოტელესგან ვიცით, მეგობრებს შორის აღმოცენდება, თანასწორთა შორის, რომლის დუღაბიც არის ნდობა. 

ნდობის დაკარგვა საკვანძო სიტყვაა დემოკრატიული ძალაუფლების დაკარგვის აღსანიშნავად. თანამედროვე მასობრივ დემოკრატიებში, სადაც ათობით მილიონი ამომრჩეველია, დემოკრატიული ლიდერები ხშირად ბრმავდებიან ილუზორული პირდაპირი ნდობის ჯაჭვით მათსა და ამომრჩევლებს შორის. დემოკრატიული სისტემები საკუთარ მდგრადობას სწორედ აქ ავლენენ, როდესაც ასეთ ლიდერებს საკუთარი ილუზიებიდან ძალაუფლების დაკარგვით გამოიყვანენ ხოლმე. 

მასობრივ დემოკრატიებში ლიდერის ქარიზმა და მილიონობით ამომრჩეველთან კომუნიკაციის უნარები მნიშვნელოვანია ნდობის ზემოთაღწერილი გრძელი ჯაჭვის შესაქმნელად. თუმცა ლიდერი არ ანაცვლებს თავად ამ ჯაჭვის ელემენტებს. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კეისარისტული მისწრაფებები აღკვეთოს. ამ აღკვეთის შემსრულებელი ელექტორატი ვერ იქნება, რადგან ის ნდობის ჯაჭვში ყველაზე შორს დგას პრემიერმინისტრისგან. 

სწორედ ამიტომ, კეისარისტული მისწრაფებების ლიდერებს საპარლამენტო დემოკრატიებში ყოველთვის ურჩევნიათ, რომ წინ წამოიწიონ საკუთარი პირადი მანდატი და ანგარიშვალდებულება ხალხისადმი და დააკნინონ ისეთი შუამავალი რგოლები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობა და მინისტრთა კაბინეტი. საქმე ისაა, რომ თუ კეისარისტული მისწრაფებები ამ რგოლებმა არ აღკვეთეს, მაშინ ხალხს თავისი ვერდიქტი ხშირად ვეღარ გამოაქვს, მორიგ არჩევნებზე კი მიდის, მაგრამ უკვე კეისრად ქცეული ლიდერისთვის სრული ძალაუფლების შემდეგ ჯერზე გადასაცემად და არა მისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.   

პოლიტიკური კომენტატორები აღნიშნავენ, რომ ჯონსონის დაცემის გაკვეთილი არის იმაში, რომ ვესტმინსტერული პარლამენტარიზმი საპრეზიდენტო სისტემად ვერ ამუშავეს მორიგი მცდელობის მიუხედავად. ამ მოსაზრებაში დევს ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ ის საპრეზიდენტო სისტემებს მათი გაუკუღმართებული ფორმით წარმოგვიდგენს, სადაც სისტემა ისეა მოწყობილი, რომ პრეზიდენტი თავისი პარტიის მეშვეობით საკანონმდებლო ორგანოსაც აკონტროლებს, შესაბამისად, სრული პოლიტიკური და მეტიც, სისტემური ძალაუფლება აქვს - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლათინური ამერიკისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საპრეზიდენტო რეჟიმების სამყაროში! 

თუმცა, ამ უკანასკნელი სამყაროსგან განსხვავებით, ორიგინალური ამერიკული საპრეზიდენტო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დღემდე იცავს თავს კეისარი პრეზიდენტების დამანგრეველი გავლენისგან, რაც არ უნდა არყიონ მათ სისტემა შიგნიდან. 

ამერიკული სამართლებრივი კონსტიტუციონალიზმის, ისევე როგორც ბრიტანული პოლიტიკური კონსტიტუციონალიზმის მედეგობის გასაღები დევს იმ შუამავალი ინსტიტუტების განგრძობად ძალაში, რომლებიც ხალხსა და კეისრობის მოსურნე ლიდერებს შორის სალ კლდედ აღიმართებიან ხოლმე. 

ამ უკანასკნელი ინსტიტუტებით მანიპულირება შესაძლებელია, თუმცა ისინი მომართულები არიან იმისთვის, რომ თვითგანადგურების რეჟიმში არ იმუშავონ. მაკიაველიზმი კონვენციური გაგებით ამ ინსტიტუტებს შიგნით წარმატებულია მანამ, სანამ თავად ამ ინსტიტუტების არსებობა არ დგება ხოლმე ეჭვქვეშ. ისინი წინააღმდეგობას უწევენ შიგნიდან განადგურების მცდელობებს, რაც ცხადია, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის იმარჯვებენ. დემოკრატიები შიგნიდანაც იშლებიან ხოლმე, თუმცა, ბრიტანული დემოკრატიის შემთხვევაში ამ მოვლენასთან არ გვაქვს საქმე. 

უფლებამოსილების დასაწყისში ბორის ჯონსონმა საკუთარი ახლო მრჩევლის დომინიკ კამინგსის მეშვეობით სცადა, შეექმნა ბრძანებით-მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც გაანეიტრალებდა როგორც მინისტრთა კაბინეტის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებასა და მართვაში. კამინგსის ძალაუფლება საბოლოოდ იმსხვერპლა ილუზიამ საკუთარი ძალის მასშტაბებზე - მან თავი მარიონეტების ბატონად მოიაზრა, ხოლო თავად ჯონსონი - რიგით მარიონეტად. 

კამინგსის წასვლამ მოშალა ბრძანებით-მაკონტროლებელი სისტემა, თუმცა, იმ გადაწყვეტილებების შედეგები, რომლებიც ამ სისტემის გზით და კაბინეტისა და პარლამენტის მარგინალიზებით მიიღეს, დადგა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ალგორითმი აამოქმედა. მაგალითისთვის, დადგა პანდემიის მკაცრი ლოკდაუნებით მართვის შედეგები, ხოლო პარლამენტმა და კაბინეტმა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებების მიღებიდან ეფექტურად ჩამოცილებულები იყვნენ, პასუხისმგებლობა არ აიღეს. 

ნდობის ჯაჭვი, რომელიც დასაწყისში მოიშალა, ვეღარ აღდგა. ჯონსონს არც სურვილი ჰქონდა მისი აღდგენის და ვერც მისი ალტერნატივის შექმნა შეძლო. ქმედითი ალტერნატივის შექმნა მისი მხრიდან ვესტმინსტერის საუკუნოვანი სისტემის მოშლის, ანუ შიდა რევოლუციის ტოლფასი იქნებოდა. მისი მანდატი კი ამისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა. 

ჯონსონი დარჩა მეგობრების და საბოლოოდ ძალაუფლების გარეშე, რადგან ძალაუფლების მისეული ხედვა არ აღმოჩნდა დემოკრატიული. კერძოდ, დასაწყისში ნახსენები არისტოტელესეული გაგებით, სადაც ის თანასწორთა მიერ ნდობის საფუძველზე წარმოიშობა და ამ ნდობის ფარგლებში მოქმედებს. ეს რადიკალურად საპირისპიროა ძალაუფლების იერარქიული გაგებისა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჯონსონისთვის უფრო მისაღები იყო. ის საკუთარი პარტიის პარლამენტის წევრებსა და ამათგან გამორჩეულ მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის არ ხედავდა თანასწორ მეგობრებს, რომლებმაც ის გამოარჩიეს და ხალხის მიერ მონიჭებული ძალაუფლება და პასუხისმგებლობა გაუზიარეს. 

როდესაც გაუცხოებულმა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა თავი ჩაიხსნეს დემოკრატიული ნდობისა და ანგარიშვალდებულების ჯაჭვიდან, ჯონსონის წარმოსახვა ამომრჩეველთან პირდაპირ ბმაზე ჩამოიშალა და მისი ძალაუფლება ნანგრევებში ჩაიყოლა.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი