პუბლიკაციები

რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დოკუმენტები და მსგავსება "ქართული ოცნების" რიტორიკასთან

ილუსტრაცია: გიორგი გოცირიძე

საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ავტორიტარული მისწრაფებების ზრდის პარალელურად (რაც არაერთი ინდიკატორით დასტურდება), რის შედეგადაც ქვეყანა სულ უფრო შორდება დასავლურ ცივილიზაციას და უახლოვდება რუსეთს, მმართველი პარტიის საჯარო კომუნიკაციის ფორმასა და შინაარსშიც ნათლად იკვეთება მსგავსება კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებთან. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2022 წლიდან, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. კრემლის პროპაგანდასა და საქართველოს მმართველი პარტიის რიტორიკის მსგავსება ვლინდება როგორც მანიპულირების იდენტურ ტექნიკებში (მაგ. ნეგატიური დღის წესრიგი, მტრის ხატების შექმნა, გამოგონილ პრობლემებთან ბრძოლა - რეალურის ნაცვლად, შეთქმულების თეორიებით შიშისა და დაბნეულობის დათესვა), ისე კონკრეტულ ეპითეტებში, როგორიცაა, მაგალითად, „გლობალური ომის პარტია“. გარდა ამისა, პარალელები ცალსახაა კონსპირაციის თეორიებზე დაფუძნებულ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებში, როგორებიცაა რუსეთში წლების წინ და საქართველოში 2024 წელს მიღებული კანონები ე.წ. „უცხოელი აგენტებისა“ და „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“.

როდესაც რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივსა და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რიტორიკის მსგავსებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დოკუმენტები, რომლებში გამოკვეთილი თემებითაც დღეს პარტია „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების შეშინებასა და დეზორიენტაციას ცდილობს. შესაბამისად, ეს სტატია, ერთი მხრივ, მიმოიხილავს რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ დოკუმენტებსა და მათში მოცემულ მანიპულაციურ მტკიცებებს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოში არსებულ რეალობას, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდგომ.

 

რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დოკუმენტები

რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის არაერთხელ დარღვევის შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, კრემლის ოფიციალური დოკუმენტები დასავლეთის მიმართ სულ უფრო მწვავე და ამავდროულად, პროპაგანდისტული რიტორიკით ხასიათდება. რუსეთის ფედერაცია თავისი ტრადიციული მიდგომით - საკუთარი დანაშაულების სხვებისთვის გადაბრალებით - ოფიციალურ დოკუმენტებში ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს „ახალი ტიპის ჰიბრიდული ომი“ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. შესაბამისად, კრემლის პოზიციით, იგი მსხვერპლია და იძულებულია, თავი დაიცვას. ამასთან, იგი ბრალს სდებს დასავლეთის ქვეყნებს რუსოფობიაში, რუსი ხალხის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში და მიზნად ისახავს ამ „რეალობის“ შეცვლას.

რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ დოკუმენტებში დასავლეთთან დაპირისპირების ტენდენცია 2014 წლიდან იკვეთება, როცა, უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის გამო, აშშ-მა და ევროკავშირმა მას სანქციები დაუწესეს. 2014 წლის დეკემბერში პრეზიდენტ პუტინის მიერ დამტკიცებული სამხედრო დოქტრინა ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მოიაზრებს აქტივობებს, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, „მიზნად ისახავს მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას ინფორმაციის საშუალებით, განსაკუთრებით, ქვეყნის ახალგაზრდობაზე, სამშობლოს დაცვასთან დაკავშირებული ისტორიული, სულიერი და პატრიოტული ტრადიციების შელახვის მიზნით“.

„რუსეთის ფედერაციის მრავალეთნიკური ხალხის კულტურული, ისტორიული, სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნება“ აქტუალურია 2016 წელს დამტკიცებულ საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინაშიც. დოქტრინა არაერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ „კონკრეტული სახელმწიფოები“ იყენებენ ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რათა გავლენა მოახდინონ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონზე, ძირს უთხრიან სუვერენიტეტს და არღვევენ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოურ მედიაში შეიმჩნევა იმ მასალების მზარდი რაოდენობით გამოქვეყნების ტედნდენცია, რომლებიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიკერძოებულ შეფასებებს. რუსული მასმედია ხშირად აწყდება აშკარა დისკრიმინაციას საზღვარგარეთ და რუს ჟურნალისტებს ეკრძალებათ თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულება. მზარდი ინფორმაციული ზეწოლა ხდება რუსეთის მოსახლეობაზე, უპირველეს ყოვლისა, რუს ახალგაზრდებზე, რუსული ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების მოსპობის მიზნით“.

წლების განმავლობაში, კრემლის ოფიციალურ დოკუმენტებში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება დასავლეთთან ღია კონფრონტაციის ტენდენცია და ახალ-ახალი შეთქმულების თეორიები. 2021 წელს მიღებული რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, „დასავლური ლიბერალური მოდელის კრიზისის ფონზე, რიგი სახელმწიფოები ცდილობენ მიზანმიმართულად გაანადგურონ ტრადიციული ღირებულებები, დაამახინჯონ მსოფლიო ისტორია, გადახედონ მასში რუსეთის როლსა და ადგილს, განაახლონ ფაშიზმი და გააჩინონ ეთნიკური და რელიგიათაშორისი კონფლიქტები. ტარდება საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას. იზღუდება რუსული ენის გამოყენება, აკრძალულია რუსული მასმედიის საქმიანობა და რუსული საინფორმაციო რესურსების გამოყენება, რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ წესდება სანქციები...“

სტრატეგიაში ნათქვამია, რომ არამეგობრული ქვეყნები იყენებენ რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს მისი ერთიანობის დასარღვევად, პროტესტის რადიკალიზაციისთვის, „ფერადი რევოლუციების“ ინსპირაციისა და არასტაბილურობის გამოწვევისთვის.

ზემოაღნიშნული სტრატეგია ასახავს რუსეთის ეროვნულ ინტერესებსა და პრიორიტეტებს, ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, ერთ-ერთი კრიტიკული მიზანია „უსაფრთხო საინფორმაციო სივრცის განვითარება“ და „რუსული საზოგადოების დაცვა დესტრუქციული ინფორმაციისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისგან“.

დოკუმენტის ცალკე თავი ეძღვნება „ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ფასეულობების, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების დაცვას,“ რომლის თანახმადაც, „რუსული ტრადიციული სულიერი, მორალური და კულტურულ-ისტორიული ღირებულებები არის აქტიური თავდასხმების სამიზნე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, ასევე, ტრანსნაციონალური კორპორაციების, უცხოური არაკომერციული, არასამთავრობო, რელიგიური, ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციებისთვის…”

კრემლის პროპაგანდისტული ნარატივებისა და კონსპირაციის თეორიების მხრივ, გამორჩეულია რუსეთის ფედერაციის 2023 წლის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან 2022 წელს, უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩენილი რუსეთი, ტრადიცულად, საკუთარი დანაშაულების სხვებისთვის გადაბრალებასა და აბსურდული ბრალდებებით რეალობის დამახინჯებას ცდილობს.

კონცეფციის თანახმად, „სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა დესტრუქციული ნეოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ქვაკუთხედი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების წინააღმდეგაა გამოყენებული“. აქვე აღნიშნულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სახელმწიფო გადატრიალების წახალისება და სამხედრო კონფლიქტები, მუქარა, შანტაჟი, ასევე, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისა და ერების ცნობიერებით მანიპულირება საინფორმაციო სივრცეში. გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი უნდა დაუპირისპირდეს მის წინააღმდეგ წარმოებულ სიძულვილის კამპანიას, ისტორიის გაყალბებასა და ნეონაციზმის იდეოლოგიის გავრცელებას. ამასთან, კრემლი ამერიკის შეერთებულ შტატებს აცხადებს კოლექტიური დასავლეთის აგრესიული ანტირუსული პოლიტიკის ორგანიზატორსა და შემსრულებელს, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობის, კაცობრიობის დაბალანსებული, სამართლიანი და პროგრესული განვითარების რისკების მთავარ წყაროდ. ისევე, როგორც წინა წლების დოკუმენტებში, აქაც საუბარია ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ საფრთხეზე სხვადასხვა ქვეყანაში და მათ თავიდან აცილებაზე.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კრემლის სტრატეგიულ დოკუმენტებში გაშლილი პროპაგანდისტული ნარატივი რუსეთს წარმოაჩენს, როგორც მსხვერპლს, რომელსაც დასავლური ქვეყნები ებრძვიან. ამასთან, მათში წარმოდგენილია სრულიად უარგუმენტო ბრალდებები რუსეთის შიდა საქმეებსა და სუვერენიტეტში „უცხო ძალების“ ჩარევის, დასავლეთში „რუსი ხალხის დისკრიმინაციის,“ „რუსულ ტრადიციულ სულიერ და მორალურ ღირებულებებზე“ შეტევისა და „ფაშიზმის რეაბილიტაციის მცდელობების“ შესახებ. ამასთან, არაერთგზის აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია „ნეოლიბერალური საინფორმაციო წნეხისგან რუსი „ახალგაზრდების დაცვა“.

 

„ქართული ოცნების“ რიტორიკა და წინასაარჩევნო დაპირებები

ავტორიტარიზმის გზაზე დამდგარი საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც, 2022 წლიდან მოყოლებული, ნაბიჯ-ნაბიჯ გააძლიერა ანტიდასავლური რიტორიკა და ერიდება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მთავარი საფრთხის - რუსეთის ხსენებას, სულ უფრო ხშირად სდებს ბრალს ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში. ევროკავშირის მიერ წამოყენებული პირობების შესრულების ნაცვლად, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას გულისხმობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დასავლეთს საქართველოსადმი „უსამართლო“ დამოკიდებულებას საყვედურობენ და რუსულ სტრატეგიულ დოკუმენტებში წარმოდგენილი ნარატვის მსგავსად, თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ. მსგავსი განცხადებები ხშირი იყო მაშინ, როცა, გასული წლის ზაფხულში, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. განცხადებები საქართველოს „უსამართლო“ ჩაგვრაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ისმის დასავლეთის მხრიდან ნებისმიერ ადეკვატურ რეაქციაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების  არადემოკრატიულ ქმედებებს მოჰყვება. მსგავსი რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოში ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ რუსული სტილის კანონის მიღების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო. ამ მოვლენას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: „უცხო ქვეყნებს ჰგონიათ, რომ მათ გავლენა უნდა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, უსამართლოა შინაარსი, არ ეფუძნება ვითარების სწორ შეფასებას. უსამართლოა საქართველოს მიმართ. იმედი მაქვს, საერთო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და შეცდომები არ იქნება დაშვებული“. იგივე გაიმეორა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმაც: „გარკვეულწილად, სახეზეა უსამართლობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ლომჯარიამ და გიგაურმა გადაწყვიტეს, საზოგადოებას ინფორმაცია არ წარუდგინონ, რა თანხას იღებენ და რა პროგრამებს აფინანსებენ. ამის გამო წვრთნები შეჩერდა“.

საქართველოს მიმართ „უსამართლო“ დამოკიდებულებაზე საუბრისას, ხელისუფლების რიტორიკაში ჩნდება ქვეყნის „სუვერენიტეტში უცხო ძალების“ ჩარევის ნარატივიც. მსგავსი რიტორიკა არ წარმოადგენს სიახლეს და წლების განმავლობაში, აპრობირებული და დამუშავებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც მის სტრატეგიულ დოკუმენტებშიც არაერთგზის აისახა. სწორედ ქვეყნის „სუვერენიტეტში ჩარევის“ ერთ-ერთ კონტრზომადაა მიჩნეული წლების წინ რუსეთში მიღებული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რისი მსგავსიც, როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამაც“ მიიღო. მეტიც, მოახლოებული არჩევნებისთვის, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის გააჟღერა, „უცხო ქვეყნებიდან ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელოებების სამუდამოდ დასრულებაა“.

ზემოთ მოცემულ აბსურდულ ბრალდებებს „უცხოური ძალადობრივი ჩარევის“ შესახებ, თან ახლავს „გლობალური ომის პარტიის“ კონსპირაციის თეორია, რომლის თანახმადაც, დასავლეთში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას აიძულებენ. „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული ჯგუფები ამ გზავნილს, უკვე დიდი ხანია, უწყვეტად ავრცელებენ, თუმცა ვერავინ ასახელებს, კონკრეტულად რას წარმოადგენს „გლობალური ომის პარტია“. ამ კონსპირაციის მსგავსად, „ქართული ოცნება“  ხშირად იმეორებს რუსულ ნარატივს იმის შესახებ, რომ საქართველოში რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იგეგმება.

რაც შეეხება კიდევ ერთ რუსულ გზავნილს - „ტრადიცული სულიერი და მორალური ღირებულებების დაცვას“ - საქართველოს ხელისუფლება ამასაც ინტენსიურად იმეორებს. კლასიკური პოპულისტური მიდგომით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ქართულ ტრადიციებსა და ღირებულებებს საფრთხე ემუქრება. ხოლო, რაც შეეხება საფრთხის წყაროს, ამაზე საუბრისას ისინი ირიბად დასავლურ ქვეყნებზე მიანიშნებენ. მაგალითისთვის „ოცნების“ ლიდერთა რამდენიმე განცხადებაც გამოდგება.

ბიძინა ივანიშვილი: „აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა. თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას – ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ“.

ირაკლი კობახიძე: „გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. ხედავთ, რამდენად სწრაფი ტემპით აფართოებს საკუთარ არეალს ლგბტ პროპაგანდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ადრე ამტკიცებდნენ, რომ ამ პროპაგანდას ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანების ქცევაზე, ცხოვრების წესზე, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. რეალურად, პროპაგანდის გავრცელების შემდეგ და კვალდაკვალ, 20 პროცენტს გადააჭარბა ლგბტ პირების რაოდენობამ შესაბამის ქვეყნებში“.

მამუკა მდინარაძე: „საუკუნეების განმავლობაში, ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ და არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა“.

მიმდინარე წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო შესაბამისი კანონიც, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ,“ რომელიც, შეიძლება ითქვას, რუსეთში წლების წინ მიღებული კანონის მსგავსია და ცენზურის მკაფიო რისკებს წარმოშობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, „ქართული ოცნება,“ კრემლის პროპაგანდის მსგავსად, იყენებს ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა „ლიბერალური ფაშიზმი“. პრემიერ-მინისტრი კობახიძე „ლიბერალური ფაშიზმის“ გავრცელებაში ადანაშაულებს ოპოზიციას, კრიტიკულ მედიასა და სხვადასხვა სამოქალაქო-აქტივისტურ ორგანიზაციას. მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ლიბერალური ფაშიზმის დამარცხებაა“.

 

***

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მმართველი პარტიის რიტორიკა და პოლიტიკა სულ უფრო ემსგავსება კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებსა და მიდგომებს, რაც აშკარად ვლინდება 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია წამოიწყო. ამის გამოხატულებაა ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება, კონსპირაციული თეორიების გავრცელება და კანონმდებლობაში მსგავსი შეზღუდვების მიღება, როგორებიცაა, მაგალითად, ე.წ. „უცხოელი აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონები.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული ნარატივი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობის დეზორიენტაციას, მტრის ხატის შექმნასა და ინფორმაციით მანიპულირებას, „ქართული ოცნების“ რიტორიკაში მკაფიოდ გამოიხატება. კრემლის სტრატეგიული დოკუმენტების მსგავსად, თუმცა შედარებით ნაკლები პირდაპირობით, აქაც ფიგურირებს ბრალდებები დასავლეთის მიმართ, რომელიც, თითქოს, საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. ასევე, ისმის ბრალდებები დასავლური ინსტიტუტების მიერ ქვეყნის მართვაში ჩარევის მცდელობებისა და ქვეყნის ტრადიციულ ღირებულებებზე შეტევის შესახებ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში მიზანმიმართულად ზრდის შიშსა და დაუცველობის განცდას, განსაკუთრებით, უცხოური გავლენების, „ლგბტ პროპაგანდის,“ „ლიბერალური ფაშიზმის“ და „გლობალური ომის პარტიის“ ირგვლივ შექმნილი კონსპირაციული ნარატივებით. ამის მიზანი კი, ისევე, როგორც რუსეთში, შიშის დათესვა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლების მსგავსი რიტორიკა და დემოკრატიული ქვეყნისთვის შეუსაბამო საკანონმდებლო ცვლილებები აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს და იზოლაციის რისკებს ზრდის.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე