პუბლიკაციები

ტრამპის ტარიფების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ფოტო: Reuters

ტრამპის მეორე საპრეზიდენტო პერიოდი სავაჭრო ომის გაჩაღებით დაიწყო. პირველ ეტაპზე, ეს იყო აშშ-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებისთვის - კანადა, მექსიკა და ჩინეთი - საიმპორტო საქონელზე ტარიფების დაწესება. მოგვიანებით, ასეთივე პოლიტიკა დანარჩენ მსოფლიოზეც, მათ შორის, საქართველოზეც გავრცელდა. ტრამპის სავაჭრო ომამდე, აშშ განსხვავებული ტარიფით ბეგრავდა საქართველოდან იმპორტირებულ საქონელს. ამიერიდან, დამატებითი ღირებულების 10%-ით დაიბეგრება.

საქართველოდან აშშ-ში ძირითადი საექსპორტო საქონელი ფეროსილიკომანგანუმია. 2024 წელს აშშ-ში 89.7 მლნ დოლარის ღირებულების ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი განხორციელდა, რაც ამერიკაში ექსპორტირებული საქონლის მთლიანი ღირებულების 63.6%-ია.

ცხრილი 1: საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი აშშ-ში და აშშ-ს საიმპორტო განაკვეთი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის კომისია

აქამდე ამერიკაში ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი მხოლოდ ღირებულების 3.9%-ით იბეგრებოდა. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რამდენად შეეხება 10%-იანი სატარიფო განაკვეთი საქართველოდან ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტს, რადგან, დეტალიზაციის გარეშე, რიგ მინერალებსა და მეტალებზე გამოცხადებულია სატარიფო შეღავათები. ამასთან, ფეროსილიკომანგანუმის საექსპორტო ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია (მაგალითად, თითქმის ორჯერ უფრო მეტი საქონელი გავიდა თურქეთში. ასევე, სილიკომანგანუმის ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში) და აშშ-ის წილი მთლიან ექსპორტში დაახლოებით 30%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის საექსპორტო ბაზრის სხვებით ჩანაცვლება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. ამრიგად, აშშ-ში, ძირითად საექსპორტო საქონელთან მიმართებით, მოსალოდნელია ტრამპის სატარიფო პოლიტიკის უმნიშვნელო პირდაპირი გავლენა.

გრაფიკი 1: საქართველოდან ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი აშშ-ში, ათასი ტონა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

რიგით მეორე საექსპორტო საქონელი შავი ლითონის მილებია, რომელიც შეიძლება მეტალების საგამონაკლისო სიაშიც მოხვდეს. 2024 წელს ამერიკაში ამ საქონლის ექსპორტის ღირებულება 8.4 მლნ დოლარია. მესამე საექსპორტო საქონელია საფრენი აპარატის ნაწილები. გასულ წელს აშშ-ში საფრენი აპარატის ნაწილების ექსპორტის ღირებულება 7.2 მლნ დოლარი იყო (თითქმის 40% რეექსპორტია). აქამდე ორივე ეს საქონელი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობდა.

გრაფიკი 2: საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი აშშ-ში, ათასი ტონა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ჩამოთვლილისა, ამერიკა საექსპორტო ბაზარია ქართული ღვინისთვისაც. თუმცა ეს ბაზარი ღვინის ექსპორტიორებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ღვინის მთლიან ექსპორტში მხოლოდ 2.6%-იან წილს იკავებს.

2024 წელს განხორციელდა 7 მლნ დოლარის ღირებულების, ძირითადად, მაღალი საფასო კატეგორიის ღვინის ექსპორტი. მიმდინარე პერიოდამდე, საქართველოდან აშშ-ში ღვინის შეტანა, ყოველ ლიტრზე, 19.8-ცენტიანი განაკვეთით იბეგრებოდა.  აღსანიშნავია, რომ სხვა საქონლისგან განსხვავებით, ბოლო წლებში ღვინის ექსპორტს მზარდი ტემპი ახასიათებს. ეს კი შესაძლებელია, 10%-იანი განაკვეთის დაწესების მიუხედავად, აჩქარდეს, რადგან ამერიკულ ბაზარზე ღვინის ექსპორტიორი ძირითადი ქვეყნები ორჯერ უფრო მეტი განაკვეთით დაიბეგრება (ამერიკაში ღვინის იმპორტის 2/3 -ზე მეტი საფრანგეთისა და იტალიის წილია).

მთლიანად, 2024 წელს საქართველოდან აშშ-ში 141 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. სწორედ ამ ექსპორტის ტარიფებით დაბეგვრა არის ის რისკი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას პირველ რიგში გაუჩნდა. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში პროდუქციის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 2.1%-ია, ტარიფების გავლენა ექსპორტის მაჩვენებელსა და ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი არ იქნება.

გრაფიკი 3: საქართველოდან აშშ-ში მთლიანი ექსპორტი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საერთაშორისო სავალუტო ფონდი

რაც შეეხება იმპორტს, ექსპორტთან შედარებით,  საიმპორტო საქონლის ღირებულება მეტია. 2024 წელს განხორციელდა 2 075.4 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომლის უდიდესი ნაწილი მსუბუქი ავტომობილებია. ამ პერიოდში ამერიკიდან იმპორტირებულია 1 907.2 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები, რომელთა ½ -ზე მეტი რეექსპორტზე გავიდა. რეექსპორტირებული ავტომობილების საბოლოო დანიშნულება კი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების (ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი) გავლით, რუსეთია.

გრაფიკი 4: საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აშშ-დან, ცალი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

ამერიკული ავტოინდუსტრია კი სწორედ ის მიმართულებაა, რომელზეც ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გავლენა მეტად თვალსაჩინოა. კერძოდ, ნავარაუდევია აშშ-ში წარმოებული ავტომობილის ფასის საშუალოდ 2.7 ათასი დოლარით მატება. თუმცა ეს ეხება ახალ ავტომობილებს, ხოლო საქართველოში, ძირითადად, მეორეული ავტომობილების იმპორტი ხორციელდება. მეორეული ავტომობილის ბაზარზე ცვლილებები შესაძლებელია, მაგრამ რაიმე კონკრეტული გავლენის პროგნოზირება ამ ეტაპისთვის რთულია.

გრაფიკი 5: აშშ-სთან  საქართველოს სავაჭრო ბრუნვის ფარდობა მშპ-სთან

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ამერიკასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა, ეკონომიკასთან შეფარდებით, მცირეა, ამიტომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის პირდაპირი გავლენა შეიძლება უმნიშვნელო იყოს.  უფრო მეტიც, ამერიკაში ექსპორტის სრული გაჩერების შემთხვევაშიც კი, დანაკარგი მცირე იქნება, რაც, მათ შორის, ექსპორტის კომპოზიციით არის განპირობებული. ამერიკასთან ძირითადი საექსპორტო საქონელი მეტალის კონცენტრატებია, რომლის ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. მეორე მხრივ, ევროკავშირისთვის დაწესებული მაღალი ტარიფების გამო, დასაშვებია, რომ ქართული ღვინისათვის ამერიკულ ბაზარზე ახალი შესაძლებლობაც გაჩნდეს.

ამრიგად, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო აშშ-ის ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული არ არის, მიტომ მნიშვნელოვან რისკებს არც ახალი სატარიფო პოლიტიკა გააჩენს. თუმცა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ეფექტის ზუსტი პროგნოზირება მაინც შეუძლებელ ამოცანად რჩება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია