დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოება ავტოკრატიაში - გადარჩენა, ადაპტაცია, გამძლეობა

ილუსტრაცია: GEOpolitics
შესავალი - გლობალური წნეხი სამოქალაქო საზოგადოებაზე და ეგზისტენციური საფრთხე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის
2025 წლის პირველ კვარტალში მსოფლიო საზოგადოებაზე შოკური გავლენა იქონია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვამ და დემოკრატიის გავრცელების პროგრამული დაფინანსების არსებითი ნაწილის შეწყვეტამ. ახალმა რეალობამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ამ რესურსების ადგილობრივი ბენეფიციარების არსებობას,არამედ ისეთ დამკვიდრებულ, ავტორიტეტულ და გლობალური დაფარვის მქონე ორგანიზაციებსაც, როგორიცაა Freedom House.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის გავრცელების პრიორიტეტების გადასინჯვა სახელმწიფო დონორებს არ დაუწყიათ. 2023 წელს, რეორგანიზაციისა და პრიორიტეტების განახლების შესახებ, ასევე გამოაცხადა უდიდესმა გლობალურმა კერძო დონორმა, ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებულმა „ღია საზოგადოების ფონდმა“, რის შედეგადაც, ბევრ რეგიონში ფონდის ოპერაციები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიის უკუსვლის აღმავალი ტალღების განმსაზღვრელი გახდა სისტემური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა „უცხოელი აგენტების“ შესახებ რუსული კანონმდებლობის ფართოდ გავრცელება ევრაზიასა და ნაწილობრივ - აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში.
„უცხოელი აგენტების“ კანონები მიზანმიმართულად მორგებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის იმ მოდელის მოსაშლელად, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, დემოკრატიის გავრცელების გლობალური პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული სამოქალაქო ორგანიზაციები შექმნილია იურიდიული პირის ფორმით, აქვს ფორმალური მართვის ორგანოები, სტრუქტურა და ექვემდებარება ფინანსური ანგარიშვალდებულების სტანდარტულ პროცედურებს (საგადასახადო, ანტიკორუფციული, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და სხვა კანონმდებლობის ფარგლებში).
ფორმალური ინსტიტუციონალიზაცია მისაღები იყო როგორც ამ ორგანიზაციების, ისე სახელმწიფოებისა და უცხოელი (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო) დონორებისთვის. ინსტიტუციონალიზაცია და ბიუროკრატიზაცია ზრდიდა ორგანიზაციის შიდა ავტონომიასა და საქმიანობის ეფექტიანობას, უზრუნველყოფდა ორგანიზაციის ფინანსურ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას (ამ ტერმინების რაციონალური და სამართლის უზენაესობის შესაბამისი გაგებით და არა - მათი დამახინჯებული, ავტოკრატიული ანუ ბოროტი მიზნით გამოყენებით) როგორც სახელმწიფოსთვის, ისე დონორებისთვის.
თუმცა, თავის მხრივ, ეს მოდელი ეფუძნებოდა რამდენიმე კონტექსტურ მოცემულობას, რომელიც 2010-იანი წლებიდან არსებითად შეიცვალა. კერძოდ, ეს კონტექსტური მოცემულობები იყო: დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი სოციალურ-პოლიტიკური სისტემა, ნაწილობრივ ან სრულად ინსტიტუციონალიზებული საარჩევნო დემოკრატიით, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ინსტიტუციონალიზებული საზოგადოების მნიშვნელობის აღიარება, მისი მუშაობისთვის მინიმალური სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა და უკეთეს შემთხვევაში, მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა.
2010-იან წლებში ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიის უკუსვლის ტალღები იმდენად ძლიერდება, რომ ეს კონტექსტური მოცემულობები არსებითად იცვლება და იშლება. ავტოკრატიზაციის ან დემოკრატიის უკუსვლის პირობებში, ახალი პოლიტიკური მმართველებისთვის შეუწყნარებელია ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, რამდენადაც მისი არსებობა დემოკრატიზაციის რისკებს ზრდის.
შესაბამისად, არალიბერალური და ავტოკრატიზაციის პროცესში მყოფი რეჟიმებისთვის ცენტრალური ამოცანა ხდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალიზებული ინფრასტრუქტურის მოშლა. ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების მოშლამ, მათი გათვლით, უნდა შეამციროს სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ქსელების ეფექტიანობა და მათი შიდა ავტონომია.
ირონიულია, რომ ეს რეჟიმები, ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების „უცხოელი აგენტების“ კანონების მეშვეობით დასაშლელად, ერთ-ერთ საბაბად იყენებენ ფინანსური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზანს. იმას, რასაც ინსტიტუციონალიზაცია და ბიუროკრატიზაცია ყველაზე უკეთ უზრუნველყოფდა.
ფინანსური წყაროების დახშობასთან, თვითნებური და არაგონივრული ანგარიშგების მოთხოვნასა და „უცხოელ აგენტებად“ სტიგმატიზაციასთან ერთად, რასაც უმეტესად მოჰყვება დრაკონული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც, ეს რეჟიმები ასევე ქმნიან ფორმალურ და არაფორმალურ წინაღობებს ახალი ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის იმისათვის, რომ შინაარსობრივად აკონტროლონ ახალი ორგანიზაციების შექმნა.
2024 წლის შემდეგ, ბოლო ერთ წელიწადში, ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში მიიღო კანონმდებლობა, რომელიც შეუძლებელს ხდის ინსტიტუციური ავტონომიის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციული ქსელის არსებობას. მეტიც, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესაძლებლობას იძლევა, გაკონტროლდეს და რეპრესიებს დაექვემდებაროს ის კერძო ინდივიდებიც, რომლებიც, საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად, ორგანიზაციული ფორმის გარეშე მოქმედებენ და ფინანსური წყაროები უცხოეთში აქვთ.
თუ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ თავად სამოქალაქო საზოგადოების აქტორების კონტროლისა და რეპრესიის ინსტრუმენტია, „გრანტების შესახებ კანონი“ უკვე პოტენციური უცხოური დონორების კონტროლისა და მათი დაბლოკვის საშუალებაა. ეს კანონი საქართველოს მთავრობისგან ნებართვის მიღების ვალდებულებას სწორედ დონორ სახელმწიფოსა და ორგანიზაციას უწესებს. ამ კანონის პირველი გამოყენების პრაქტიკული მაგალითი დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან მიმართებით, გვიჩვენებს, რომ, მისი მიზანი სწორედ შემორჩენილი უცხოური სახელმწიფო დონორების განდევნაა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის ქცევა ივანიშვილის რეჟიმის შემზღუდველი კანონმდებლობის საპასუხოდ, მკვეთრად განსხვავდება ასეთ შემთხვევებში დონორების გლობალურად დაკვირვებადი ქცევისგან. როგორც კვლევები აჩვენებს, შემზღუდავი კანონმდებლობის პასუხად, დონორები, ჩვეულებრივ, წყვეტენ, ან არსებითად ამცირებენ დაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ახალისებს ავტორიტარულ რეჟიმებს,დააწესონ ამგვარი რეპრესიული კანონმდებლობა.
„ქართული ოცნების“ რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ინსტიტუციური და ავტონომიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, არამედ ორგანიზაციული ფორმების გარეშე მოქმედი სამოქალაქო ჯგუფების რეჟიმის კონტროლისგან ავტონომიურად არსებობასაც.
შემდეგ ნაწილში მიმოვიხილავთ ავტორიტარულ რეჟიმებში სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენისა და გამძლეობის სტრატეგიებს, ხოლო დასკვნით ნაწილში შევაფასებთ ამ სტრატეგიების გამოსადეგობასა და შესაძლო ეფექტიანობას, საქართველოს დღევანდელ კონტექსტში.
სტატიის ფარგლებში, ყურადღებას გავამახვილებთ სტრატეგიებზე, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების აქტორები მიმართავენ ქვეყნის შიგნით და არ შევეხებით სამოქალაქო საზოგადოებას - უცხო სახელმწიფოში დევნილობის პირობებში და ემიგრაციას, როგორც პერსონალური და ორგანიზაციული თვითგადარჩენისა და მედეგობის სტრატეგიას. ემიგრაციაში დიასპორის, ასევე, დევნილი აქტივისტებისა და ორგანიზაციების მობილიზაცია მათი წარმოშობის ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ, მოიცავს მიმღები სახელმწიფოების კონტექსტური ფაქტორების ანალიზსაც და მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ სტატიის ფარგლებში ვერ დაიფარება.
სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენისა და გამძლეობის სტრატეგიები ავტორიტარულ რეჟიმებში
თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის არ ირჩევენ ლეგალისტური რეპრესიის იმგვარ გზას, როგორიც საქართველოს შემთხვევაში აღვწერეთ. თავის მხრივ, ლეგალისტური რეპრესიაც არ გამოიყენება, როგორც ერთადერთი საშუალება. მას ასევე ემატება ავტორიტარული კონტროლის სხვა ფორმებიც, როგორებიცაა კოოპტაცია და იდეოლოგიური მიტაცება/დომინაცია.
სწორედ კოოპტაციისა და იდეოლოგიური კონტროლის ინსტრუმენტების გაძლიერების პოლიტიკის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ივანიშვილის რეჟიმის მიერ გრანტების სახელმწიფო სააგენტოს შექმნაც.
ამრიგად, ივანიშვილის რეჟიმი აჩქარებულად ქმნის პირობებს იმისათვის, რომ ორგანიზებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ აირჩიოს ინდივიდუალური გადარჩენის ყველაზე დამამცირებელი გზა: რეჟიმის კონტროლს დაქვემდებარება და სრული კოოპტაცია. როგორც კვლევები აჩვენებს, ავტორიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ კოოპტირებული სამოქალაქო საზოგადოებისგან და ისინი არათუ საფრთხეს ვერ უქმნიან რეჟიმის სტაბილურობას, არამედ, პირიქით, აძლიერებენ კიდეც მას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაგებია ივანიშვილის რეჟიმის მოტივაცია, ავტორიტარიზმის სტაბილიზაციის გზაზე, უპირატესობა მიანიჭოს სამოქალაქო საზოგადოების სრულ კოოპტაციას. ამის ალტერნატივად, რეპრესიული კანონმდებლობა მხოლოდ ორგანიზაციულ ლიკვიდაციასა და სამართლებრივ რეპრესიას ითვალისწინებს.
არსებული რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო არ იძლევა ადაპტაციის სივრცეს. ადაპტაციური ქცევა განსხვავდება რეჟიმის მიერ სრული კოოპტაციისგან, თუმცა შეიძლება მოიცავდეს ნაწილობრივი კოოპტაციის ელემენტებს.
ადაპტაციის სტრატეგიები მოიცავს თვითცენზურასა და თვითშეზღუდვის სხვა ფორმებს, პირველ რიგში კი, რეჟიმთან ფრონტალურ დაპირისპირებაზე უარის თქმას და არა - კონფრონტაციული მიდგომებისა და საჯარო კომუნიკაციის გზების არჩევას. ადაპტაციის ეს ფორმები გულისხმობს რეჟიმის თამაშის წესებზე თანხმობას და მასთან ნაწილობრივ თანამშრომლობას, იმ იმედით, რომ მათი ორგანიზაციული დღის წესრიგის განხორციელება შესაძლებელია ნაწილობრივ ან ირიბად მაინც.
ამ დინამიკაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეჟიმთან მუდმივი გარიგებისა და მორგების პროცესში არიან, ეძებენ რეპრესიულ კანონმდებლობაში „ხვრელებს“ და რეჟიმის პირდაპირ და ირიბ თანხმობას, მოერგონ და გამოიყენონ ამ „ხვრელებით“ შექმნილი შესაძლებლობები.
ადაპტაციის ეს ტექნიკები განსაკუთრებით დაკვირვებადია სწრაფი ავტოკრატიზაციის პირობებში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უეცარი ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგებიან. ასეთ შემთხვევად ჰონგ კონგის მაგალითი მოჰყავთ, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავტოკრატიზაციასთან სწრაფი ადაპტაცია მოუწიათ და გადარჩენის, გამძლეობისა და წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი მაგალითები აჩვენეს.
თუმცა ჰონგ კონგის მაგალითი ასევე ხაზს უსვამს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ავტორიტარიზმის კონტექსტურ სპეციფიკას. კერძოდ, მათ არჩევანს, არ დაუპირისპირდნენ სამოქალაქო საზოგადოებას სამართლებრივი რეპრესიებით, დაკმაყოფილდნენ ნაწილობრივი კოოპტაციითა და ადაპტაციური ქცევით და გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობით, ძირითადად, სერვისების მიწოდებისა და რეჟიმისთვის არასენსიტიური საჯარო პოლისების განხორციელების მიმართულებებით.
ამის საპირისპიროა სამოქალაქო საზოგადოების სრული დამორჩილება ლეგალისტური რეპრესიების გზით, კოოპტაციის რუსული მიდგომით, რომელიც ასევე გვხვდება უნგრეთშიც და ახასიათებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ არჩეულ პოლიტიკასაც. ამ მიდგომის ძირითადი პარამეტრები იმდენად ხისტია, რომ გამორიცხავს ადაპტაციისა და ნაწილობრივი კოოპტაციის შესაძლებლობებს.
იმ დროს, როდესაც თავად რეჟიმი ნაწილობრივი კოოპტაციისა და ადაპტაციის სივრცეს არ იძლევა, ადაპტაციური სტრატეგიების არჩევა სარისკოა, რამდენადაც ის მოიცავს სრული კოოპტაციისა და რეჟიმის კონტროლისადმი დაქვემდებარების გაზრდილ საფრთხეებს. თუმცა, ზოგჯერ ორგანიზაციებს სურთ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ფორმალური ინსტიტუციური სტრუქტურა. ისინი ხშირად მოქმედებენ იმ გათვლით, რომ გარკვეული დროის შემდეგ (საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში), სრული კოოპტაციიდან ეტაპობრივი თავის დაღწევა და ავტონომიის მოპოვება შესაძლებელია.
ადაპტაციის იმედით, შესაძლოა ორგანიზაციებმა შეინარჩუნონ ინსტიტუციური ფორმა, დათანხმდენენ „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაციას ან/და მიიღონ სახელმწიფოს დაფინანსება. ასეთ დროს, ბუნებრივად ხდება შინაარსობრივი ცენზურაც, იცვლება ორგანიზაციის პრიორიტეტები, კერძოდ, ნაწილობრივ ან სრულად კოოპტირებული ორგანიზაციები უარს ამბობენ რეჟიმისთვის სენსიტიური პოლიტიკური საკითხებისა და საჯარო პოლისების ადვოკატირებაზე.
ხშირად რეჟიმისთვის ყველაზე მისაღებია სერვისების მიწოდება სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ. თუმცა ცალკეული სერვისები, მაგალითად, დისიდენტებისთვისა და პროტესტის მონაწილეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, ასევე ექცევა რეჟიმის მიერ დადგენილ წითელ ხაზებში.
საგნობრივი პრიორიტეტების ცვლილებასთან, თვალსაზრისობრივ თვითცენზურასა და კომუნიკაციის არაკონფრონტაციული ფორმების არჩევასთან ერთად, ადაპტაციის სტრატეგიების მნიშვნელოვანი ელემენტია ინსტიტუციური ფორმის საკითხის გადაჭრა. რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში, როგორიც საქართველოშია, იურიდიული პირის სტატუსის შენარჩუნება, ისევე, როგორც ბიუროკრატიზაცია და პროფესიონალიზაცია, თითქმის აუცილებლად გულისხმობს რეჟიმის ეფექტური კონტროლის ქვეშ გადასვლას.
სრული კოოპტაციის პირობებში, არსებობს რეჟიმზე ირიბი გავლენის კიდევ ერთი შეზღუდული გზა. კერძოდ, კოოპტირებულმა ბიუროკრატიულმა ორგანიზაციებმა შესაძლოა აქცენტი გააკეთონ საკუთარ საექსპერტო და პროფესიულ ცოდნაზე და დაიწყონ პოზიციონირება, როგორც რეჟიმისთვის ამ ცოდნის მიმწოდებლებმა. ავტორიტარულ რეჟიმებს ეს ექსპერტიზა სჭირდებათ და ხშირად ხდებიან მისი მომხმარებლები. ასეთ დროს, რჩება რეჟიმზე ირიბი გავლენის მოხდენის შეზღუდული შესაძლებლობა.
ცხადია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ კოოპტირებული „ენჯეო ექსპერტები“ რეჟიმს შიგნიდან მოარყევენ, ან გააკეთილშობილებენ. თუმცა მათ შეუძლიათ, რეჟიმს შესთავაზონ უკეთესი პოლისები, რეჟიმის მიზნების მისაღწევად და ამით საზოგადოებას თავიდან აარიდონ უარესი პოლისების უარყოფითი შედეგები. თავის მხრივ, ამ დადებითი ირიბი გავლენის ეფექტი ისაა, რომ წარმატებას რეჟიმი მიიწერს და საკუთარ ლეგიტიმაციას აძლიერებს.
სრული კოოპტაციის არჩევანის საპირისპიროდ, არსებობს დეინსტიტუციონალიზაციის ან ორგანიზაციული იდენტობის შენიღბვის გზები. დეინსტიტუციონალიზაცია გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ტრანსფორმაციას არაფორმალურ, პიროვნულ და ჯგუფურ კავშირებზე დაფუძნებულ ქსელებად, რომლებსაც არ გააჩნია სამართლებრივი ფორმა და შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ გვერდი აუაროს ავტორიტარული კონტროლის სამართლებრივ ჩარჩოს.
იდენტობის შენიღბვა გულისხმობს სხვა მიზნების (რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო) ორგანიზაციად ტრანსფორმაციას და საჯარო პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას ამ ორგანიზაციულ საფარქვეშ.
იდენტობის შენიღბვა ნაკლებად ხელმისაწვდომია ძლიერი ლეგალისტური რეპრესიის პირობებში. ამის კარგი ილუსტრაციაა პუტინის რუსეთი, სადაც, „უცხოელი აგენტების“ ჩარჩოს მიღმა, არსებობს ექსტრემიზმისა და რელიგიური ორგანიზაციების რეპრესიული კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც, ყველა არასასურველი რელიგიური, კულტურული თუ საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათი წევრების ინდივიდუალური რეპრესირების შესაძლებლობაა.
იდენტობის შენიღბვის სტრატეგიის სიმყიფის ასევე კარგი მაგალითია ერდოღანის თურქეთის, პუტინის რუსეთთან შედარებით, ნაკლებად რეპრესიული რეჟიმის, მოპყრობა ფეტულა გიულენის ქსელის მიმართ, რომელიც, საგანმანათლებლო ორგანიზაციების საფარქვეშ, პოლიტიკურ მიზნებსაც ახორციელებდა.
როგორც ადაპტაციური ქცევის ნაირსახეობა, ორგანიზაციული იდენტობის შენიღბვაც შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ რეჟიმის ჩუმი თანხმობის, მის მიერ რეპრესიაზე უარით შექმნილ ნაცრისფერ ზონაში.
თავის მხრივ, მასობრივი სამართლებრივი რეპრესიის პირობებში, არც დეინსტიტუციონალიზაცია და არაფორმალურ ქსელებად ფორმირება არის რეპრესიისა და კონტროლისგან თავდაცვის გარანტირებული საშუალება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „უცხოელი აგენტების“ კანონმდებლობა ფართოდ ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც, ხოლო იმ პირების მიმართ დევნის დაწყება და შევიწროება, რომელთა ფინანსური წყაროები უცხოეთში არ არის, შესაძლებელია „ექსტრემიზმის“ შესახებ კანონმდებლობით ან სხვა სამართლებრივი საბაბით.
არაფორმალური ქსელის სახით მუშაობა ზრდის საოპერაციო ხარჯებს, ამცირებს ეფექტიანობასა და ავტონომიურობას და ზრდის ინდივიდუალურ რისკებს, ასეთ საქმიანობაში ჩართული პირებისათვის. ასეთ პირობებში, იცვლება სამოქალაქო საზოგადოების ადამიანური კაპიტალიც - არაფორმალურ და სარისკო სამუშაოს ვერ შეასრულებენ პროფესიონალურ, ბიუროკრატიზებულ გარემოს მიჩვეული „თეთრსაყელოიანი“ კადრები.
ამიტომაც, სწრაფი ავტოკრატიზაციის პირობებში, როდესაც რეჟიმი ასევე არ იძლევა ნაწილობრივი კოოპტაციისა და ადაპტაციის შანსებს, პროფესიონალური, ინსტიტუციონალიზებული და ბიუროკრატიული სამოქალაქო საზოგადოებისთვის (როგორიც საქართველოს ამჟამინდელი სამოქალაქო ორგანიზაციების ქსელია), არც დეინსტიტუციონალიზაციისა და იდენტობის შენიღბვის გზებია ხელმისაწვდომი.
როგორც აღვნიშნეთ, ახლანდელ დინამიკაში, ივანიშვილის რეჟიმმა ინსტიტუციონალიზებულ სამოქალაქო საზოგადოებას ორი არჩევანი დაუტოვა: სრული კოოპტაცია და კონტროლი ან ლიკვიდაცია. დეინსტიტუციონალიზაციას არსებული „თეთრსაყელოიანი“ კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აირჩევს, რადგან, ობიექტურად, არაფორმალურ პირობებში მუშაობისთვის აუცილებელი უნარები არ გააჩნია.
თუმცა არაფორმალურ ქსელებად ტრანსფორმაცია სრულებით არ ნიშნავს იატაკქვეშა საქმიანობის კლასიკური ფორმების არჩევას. თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ციფრული ტექნოლოგიები ამ მხრივ ფართო შესაძლებლობებს ქმნის. თავის მხრივ, ტექნოლოგიები ინსტრუმენტია, რომელიც ყველამ, მათ შორის, ავტორიტარულმა რეჟიმებმაც შეიძლება გამოიყენონ.
ავტოკრატიები სწრაფად ადაპტირდებიან ტექნოლოგიებთან და მათ აქტიურად იყენებენ რეპრესიისა და კონტროლისთვის. ციფრული ავტორიტარიზმი გამოსადეგია არა მხოლოდ საინფორმაციო სივრცის კონტროლისთვის. ციფრული და სხვა ტექნოლოგიური საშუალებებით ავტორიტარული რეჟიმები ახორციელებენ რეპრესიისა და კონტროლის ამოცანების ფართო სპექტრს, მათ შორის, ჩართული არიან ტრანსნაციონალურ რეპრესიებში, საკუთარ საზღვრებს მიღმა.
ამრიგად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება არაფორმალურ ქსელებად ტრანსფორმირებული ორგანიზაციებისათვის არის როგორც შესაძლებლობა, ისე გამოწვევა. ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ, ისე გააკონტროლონ ციფრული სივრცე, რომ არ შექმნან თავიანთი კონტროლისგან თავისუფალი მობილიზაციისა და ორგანიზაციისთვის გამოსადეგი სივრცეები. მეორე მხრივ, ციფრულ სფეროში უკეთესი შესაძლებლობებია, ავტორიტარული კონტროლისგან გვერდის ასავლელად და არაფორმალური ქსელების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კომუნიკაციისა და დაფინანსების ინფრასტრუქტურის ასაწყობად.
შედარებით რთულადაა საქმე ციფრულ საინფორმაციო სივრცეში. სოციალური მედიაპლატფორმები მისაწვდომია არაფორმალური სამოქალაქო ქსელებისთვის, თუმცა საჯაროობა მათ აქცევს რეჟიმის ღია სამიზნედ, მკაცრ შიდა დისციპლინაზე აწყობილი საკომუნიკაციო ჯგუფების - signal-ისა და ანონიმურ კრიპტოსაფულეებად დაშლილი დაფინანსების არხებისგან განსხვავებით, რომელთა ზუსტი აგებულება და კონფიგურაცია მხოლოდ მკაცრად დისციპლინირებულმა ვიწრო ჯუგფმა იცის.
რაც უფრო ინტენსიურია რეპრესიები, მით უფრო გასაიდუმლოებული და მკაცრ შიდა დისციპლინაზე აგებული არაფორმალური სტრუქტურების შექმნა ხდება საჭირო. თავისი ბუნებით, ასეთი ჯგუფები მიდრეკილია, გარდაიქმნას ნახევრად სამხედრო ყაიდის იერარქიულ, არაფორმალურ ორგანიზაციებად. ალტერნატიულად, თუ ასეთად არ გარდაიქმნა, დარჩება გაფანტულ, არადისციპლინირებულ და სუსტად კოორდინირებულ ქსელებად.
აღსანიშნავია, რომ მასობრივი რეპრესიების პირობებში, რეჟიმის ცვლილებისა და გარდაქმნის მიზნით, ავტორიტარულ რეჟიმთან პირდაპირი წინააღმდეგობის შესაძლებლობად, მეტწილად მხოლოდ ასეთი ქსელების არსებობა რჩება.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მომავალი
სტაბილიზაციის მიმდინარე პროცესში, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი საკუთარი სტაბილურობისთვის მძიმე საფრთხედ აღიქვამს დემოკრატიის დაწინაურების დასავლური პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბებულ, ინსტიტუციონალიზებულ, პროფესიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ამ საფრთხის მოსასპობად, რეპრესიებს მიმართავს.
როგორც ვთქვით, ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო საზოგადოებისთვის რეჟიმი ორ არჩევანს ტოვებს: სრულ კოოპტაციას ან ლიკვიდაციას. როგორც მოსალოდნელი იყო, კოოპტაციის პროცესი უკვე დაწყებულია სერვისის პროვაიდერ ორგანიზაციებში, რომელთა ნაწილიც „უცხოელ აგენტად“ 2024 წელსვე დარეგისტრირდა.
რეჟიმს წინააღმდეგობას უწევენ ზოგადი პროფილის, პოლიტიკის შემუშავებასა და ადვოკატირებაზე ფოკუსირებული ორგანიზაციები. რეჟიმის სტაბილიზაციის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მათი დიდი ნაწილი უარს იტყვის კოოპტაციაზე და მათი ლიკვიდაცია მოხდება.
ივანიშვილის რეჟიმი ამ ორგანიზაციების ჩანაცვლებას ეცდება სახელმწიფო საგრანტო სააგენტოს მიერ დაფინანსებული GONGO-ებით. თუმცა, დროთა განმავლობაში, რეჟიმს დაუდგება ექსპერტიზის მწვავე საჭიროება, რომლის მისთვის მიწოდებასაც არსებული GONGO-ები ვერ შეძლებენ. ასეთ შემთხვევაში, რეჟიმს ორი გზა ექნება: სცადოს ლიკვიდირებული პროფესიული სამოქალაქო ორგანიზაციებიდან ქვეყანაში დარჩენილი კადრების კოოპტაცია GONGO-ებში, ან შეარბილოს რეპრესიული კანონმდებლობა, გააჩინოს ოპერაციული ნაცრისფერი ხვრელები და შექმნას ადაპტაციის გარემო. ეს უკანასკნელი გზა რეჟიმმა შეიძლება ასევე გარე და შიდა წნეხის პასუხადაც აირჩიოს.
თუ ივანიშვილის რეჟიმმა სტაბილიზაცია მოახერხა, არსებული ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო საზოგადოება მოსპო და სრულად კოოპტირებულით ჩაანაცვლა, მაშინ რეჟიმისადმი წინააღმდეგობა გადაინაცვლებს არაფორმალურ ქსელებში. არაფორმალური ქსელების განვითარების ლოგიკა და დინამიკა უკიდურესად არაპროგნოზირებადია და ამ მხრივ, შეუძლებელია თუნდაც სპეკულაციური მოსაზრებების გამოთქმა.
ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით, მწირია ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო საზოგადოების (თუნდაც ნაწილობრივი ავტონომიურობის შენარჩუნებით) გადარჩენის შიდა შესაძლებლობები. თუმცა გარე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ რეჟიმმა გააჩინოს ნაწილობრივი ადაპტაციის სივრცე. კერძოდ, მათ შორის, პირველ ეტაპზე მოხსნას „უცხოელი აგენტებისა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული შეზღუდვები, ევროპის კავშირისა და მისი წევრი ქვეყნების/მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიმართ.
ამ კომპრომისზეც ივანიშვილის რეჟიმი შეიძლება წავიდეს მხოლოდ ადეკვატური სიმძიმის გარე ზეწოლის ფონზე. ასეთი ზეწოლის ქვეშ კი რეჟიმი ჯერჯერობით არ არის. თუმცა უახლოეს კვირებში ევროპის კავშირს მოუწევს, დაფიქრდეს, ეცდება საქართველოში ინსტიტუციონალიზებული დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოებისთვის მაშველი რგოლის გადაგდებას, თუ შორიდან დააკვირდება ივანიშვილის მიერ მათი ლიკვიდაცია-კოოპტაციის პროცესს, ანუ იმოქმედებს ისე, როგორც ასეთ შემთხვევაში დონორთა უმეტესობა მოქმედებს და მორიგ ავტორიტარულ რეჟიმს ჩააბარებს იოლ გამარჯვებას.
საქართველოს დემოკრატიზაციის გულშემატკივარი გარე აქტორები უნდა დაფიქრდნენ და ჯერ კიდევ შემორჩენილ ქართულ ორგანიზაციებთან ერთად, განსაზღვრონ გზები, თუ როგორ აიძულონ რეჟიმი, სრულად არ გაანადგუროს ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო საზოგადოება, სულ მცირე, ადაპტაციის შესაძლებლობების გაჩენის გზით.
ევროპის კავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის მძიმე გამოცდილება, რომელიც აქვთ ემიგრაციაში რუსულ და ბელარუსულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს და არ უნდა ჩათვალოს, რომ კატასტროფულ სიტუაციაში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარების ერთადერთი გზა დევნილობაში მხარდაჭერაა.
ცხადია, ივანიშვილის რეჟიმის სტაბილიზაციის შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ლიკვიდაცია აუცილებლად გამოიწვევს ემიგრაციის ტალღას. თუმცა მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთ დროსაც პრიორიტეტი მიენიჭოს ადგილზე არსებული ფორმალური თუ არაფორმალური ქსელების გადარჩენას, რა დროსაც მნიშვნელოვანია დიასპორის ორგანიზაციების შუამავლად გამოყენება, რეჟიმის დრაკონული შეზღუდვების გვერდის ავლისა და ადგილობრივი ფორმალური და არაფორმალური ქსელებისთვის ფინანსური და სხვა ტიპის მხარდაჭერის მიწოდების მიზნით.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.