პუბლიკაციები

რა ხდება სომხეთში? - დაპირისპირება ფაშინიანის მთავრობასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის

ილუსტრაცია: GEOpolitics

„ეჩმიაძინი, სომხური სამოციქულო ეკლესიის კერა, ხელში ჩაიგდო ანტიქრისტიანულმა, ამორალურმა, ანტიეროვნულმა და ანტისახელმწიფოებრივმა ჯგუფმა - მისი გათავისუფლების ოპერაციას თავად გავუძღვები“, - ეს ფრაზა 8 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც, 25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციითა და განცხადებით, გალსტანიანმა, მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სხვა წევრებთან წინასწარი ფარული შეთანხმებით, ტერორისტული აქტების მოწყობისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, სხვადასხვა საშუალება შეიძინა. მოგვიანებით, 27 ივნისს, იმავე მიზეზით, შირაქის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანიც დააკავეს. აჯანყების ორგანიზების ბრალდებით, ჯამში 15-მდე პირი დააპატიმრეს, მათ შორის, სომხეთში მთავარი ენერგოკომპანიის მფლობელი და რუსეთის მოქალაქე, ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი. ფაშინიანის მთავრობამ დააკავა ვაჰაგნ ჩახალიანიც, რომელიც ოპოზიციური მოძრაობა „ნების“ ლიდერია.

2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, რომელმაც სომხეთი ავტორიტარული მმართველობიდან თავისუფალ არჩევნებზე დაფუძნებულ სისტემაზე გადაიყვანა, სომხეთის ხელისუფლებასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობები თანდათან დაიძაბა. ტავუშის ეპარქიის წინამძღოლობიდან ოპოზიციური მოძრაობის „ტავუში სამშობლოსთვის“ ლიდერად ბაგრატ გალსტანიანის გადაქცევა კი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული დაპირისპირების ახალი საწყისი წერტილია. 

 

როგორ იქცა ეკლესია მთავარ ოპოზიციურ ძალად?

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ მესამე რესპუბლიკაში განსაკუთრებული სტატუსი სწრაფად მოიპოვა. სომხეთის  კონსტიტუციის მეთვრამეტე მუხლის თანახმად: „სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის, როგორც ეროვნული ეკლესიის, განსაკუთრებულ ისტორიულ მისიას სომხეთის ხალხის სულიერ ცხოვრებაში, ეროვნული კულტურის განვითარებასა და იდენტობის დაცვაში.“ ეს მუხლი ასახავს იმ როლს, რომელიც ეკლესიამ მე-20 საუკუნეში იტვირთა, თუმცა, ამავდროულად, ამძაფრებს კითხვებს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ის ეკლესიისა და სახელმწიფოს ფორმალურად განსაზღვრულ გამიჯვნას, რაც სომხეთის კანონმდებლობით არის დადგენილი.

ეს კითხვები არახალია, ისინი არაერთხელ დასმულა როგორც რობერტ ქოჩარიანის, ისე სერჟ სარქისიანის პრეზიდენტობის პერიოდში. მათი მმართველობის მთავარ მახასიათებლად კორუფცია და ქვეყნის ოლიგარქიულ სისტემად ჩამოყალიბება ითვლება. აღნიშნული სისტემა ორი ძირითადი საყრდენით არსებობდა: ერთი მხრივ, რუსეთისგან მიღებული პოლიტიკური და სამხედრო ლეგიტიმაციით, ხოლო, მეორე მხრივ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიისგან მიღებული რელიგიური ლეგიტიმაციით. შესაბამისად, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები სიმბიოზური ხასიათის იყო, ვინაიდან მათი მიზნები და ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. ხავერდოვანმა რევოლუციამ და ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობამ კი საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ რუსეთის წამყვან პოზიციას სომხეთში, არამედ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სტატუსსაც, ახალი მთავრობის მკაცრად სეკულარული განწყობებიდან გამომდინარე.

2018 წლის შემოდგომაზე, ხავერდოვანი რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, ფაშინიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა: „ეკლესია არასოდეს ყოფილა ისეთი დისკრედიტირებული, როგორიც რესპუბლიკური პარტიის მმართველობის დროს. სერჟ სარქისიანმა და მისმა გუნდმა სცადეს, ეკლესია მთავრობის გაგრძელებად ექციათ, ზოგ შემთხვევაში ეს გამოუვიდათ კიდეც. მათ სასულიერო პირებიც კი ჩართეს კორუფციულ საქმიანობაში.“

მიმდინარე წლის მაისიდან კი ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა არაერთი პოსტი, რომლებშიც ის გარეგინ მეორეს უქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ფაშინიანი არ ყოფილა პირველი, ვინც კათოლიკოს გარეგინ II უქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა. 2018 წლის მაისში მღვდელმა კორიუნ არაქელიანმა ღიად გააკრიტიკა კათოლიკოსი გარეგინ II და წამოიწყო მოძრაობა, სახელწოდებით „ახალი სომხეთი, ახალი კათოლიკოსი“. არაქელიანის თქმით, ის ფაშინიანის მთავრობისგან მხარდაჭერას ელოდებოდა, თუმცა ვერ მიიღო. BBC-ის წყაროების ცნობით, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს მითითებაც კი ჰქონდათ, რომ ეკლესიის საჯაროდ კრიტიკა თავიდან აერიდებინათ.

ეს მოსალოდნელიც იყო: ფაშინიანი უკვე ღიად უპირისპირდებოდა ქვეყნის ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ელიტას, ამ პროცესში კი ეკლესიასთან პირდაპირი კონფლიქტი მის მთავრობას დამატებით სირთულედ მიაჩნდა. 2018 წელს ფაშინიანის მთავარი პრიორიტეტი იყო ვადამდელი არჩევნების ჩატარება; 2019 წელს ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, წინააღმდეგ საქმის აღძვრა; 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაპირისპირება. შემდეგ კი - ომი მთიან ყარაბაღში.

მთავრობასა და ეკლესიას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ, როდესაც პატრიარქმა გარეგინ II-მ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდა, გარეგინ II ამტკიცებდა, რომ ეკლესია მხოლოდ „ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებით“ მოქმედებს და მისი პოზიციები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რადგან „ეკლესია პოლიტიკაზე მაღლა დგას“. ამავდროულად, სასულიერო პირები ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. 2024 წელს კი, მას შემდეგ, რაც არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა, რომ ეთერში, როგორც ყოველთვის, პრემიერ-მინისტრის წინ გასულიყო, კათოლიკოსმა ტრადიციული საახალწლო მიმართვის ტრანსლაციაზე უარი თქვა. 

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაღრმავებული დაძაბულობა უკავშირდება ომის შემდგომ ვითარებასაც. მოლაპარაკებების პროცესში, ფაშინიანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, მშვიდობის მიღწევის მიზნით, აზერბაიჯანთან დათმობებზე წასვლას გულისხმობს, მათ შორის, ბაქოსთვის სოფლების დაბრუნებითა და კონსტიტუციური ცვლილებით. ეს პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა ეკლესიისთვის, რომელმაც მაშინვე გააკრიტიკა ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის ცვლილების განზრახვა და ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის „ექსპანსიონისტური ამბიციებისადმი“ დამორჩილებად შეაფასა.

 

არქიეპისკოპოსიდან - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობამდე 

მას შემდეგ, რაც სომხეთი 2020 წლის ომში დამარცხდა, ფაშინიანის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო ტალღა აღმოცენდა, თუმცა რეალურ პოლიტიკურ ცვლილებაში არც ერთი მათგანი არ გადაზრდილა. 2021 წლის ივნისის რიგგარეშე არჩევნებში ფაშინიანმა მანდატი ხელახლა მოიპოვა, რის შემდეგაც ოპოზიციამ პროტესტის ტალღის ხელახლა წამოწყება სცადა, თუმცა, იმ დროისთვის მთიან ყარაბაღში შექმნილი დაძაბულობის ფონზეც კი, საპროტესტო მუხტის შენარჩუნება ვერ შეძლო. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო პროტესტებში რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ  სარქისიანის ჩართულობა - ისინი, დაბალი რეიტინგის გამო, საპროტესტო მოძრაობებს, გაძლიერების ნაცვლად, ასუსტებდნენ. გამონაკლისი აღმოჩნდა 2024 წლის პროტესტი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყო ტავუშის რეგიონში, საზღვრის დემარკაციის ფონზე. ამჯერად აქციების ლიდერი იყო არა პოლიტიკოსი, არამედ სასულიერო პირი, ტავუშის ეპარქიის წინამძღოლი, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. აღსანიშნავია, რომ აქციების დროს პატრიარქმა გალსტანიანი საეპარქიო მოვალეობებისგან გაათავისუფლა და საეკლესიო წოდებაც შეუნარჩუნა.

გალსტანიანის ქმედებებს, მათ შორის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და მაგისტრალების გადაკეტვისკენ მოწოდებებს, შესაძლოა დაუყოვნებლივ მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგები,  თუმცა 2024 წელს მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. ამის გამო, დღეს ფაშინიანის არაერთი კრიტიკოსი ირწმუნება, რომ ახლა პრემიერ-მინისტრი გალსტანიანის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით მოქმედებს, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ოპოზიცია ძალისმიერი გზებით დაასუსტოს. 

2024 წლის მაისში ფაშინიანმა ღიად განაცხადა, რომ მთავრობა ეკლესიასთან ურთიერთობების გადახედვასა და სპეციალური პოლიტიკის შემუშავებას გეგმავდა. მან სომხეთის სამოციქულო ეკლესიას „უცხოური გავლენის აგენტიც“ უწოდა. მანამდე, 2023 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს, „ღირსების ორდენი“ მიანიჭა, „რუსეთსა და სომხეთს შორის კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის“. ამასთან, გარეგინ II-ის ძმა ეზრასი რუსეთში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლია.

კრემლისთვის, სომხეთზე  გავლენის შენარჩუნების კონტექსტში, ბაგრატ გალსტანიანი საიმედო საყრდენია. არქიეპისკოპოსი მხარს უჭერს სომხეთსა და რუსეთს შორის ახლო ურთიერთობებს, მათ შორის, რუსეთის წარმოჩენას სომხეთის უსაფრთხოების გარანტად. სომხეთის ოპოზიციურმა ძალებმა, რომელთა ლიდერებიც, ძირითადად, პრორუსები არიან და ომამდე თანამდებობებს მთიან ყარაბაღში იკავებდნენ, გალსტანიანს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც არქიეპისკოპოსმა დააანონსა, რომ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებდა. 

 

გეოპოლიტიკური ვითარება

მაკინდერის ტერმინოლოგიით, ევრაზია გეოპოლიტიკური „შუაგული მიწაა“ (heartland) ხოლო სამხრეთ კავკასია მის მთავარ წერტილს წარმოადგენს. სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობის, პლუს, რუსეთთან და ირანთან საზღვრის გამო, სამხრეთ კავკასიაზე კონტროლი არის მთელი ევრაზიის კონტინენტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლის ტოლფასი. სწორედ ამიტომ აქვს რეგიონის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას უდიდესი მნიშვნელობა, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის, ასევე, ირანსა და ისრაელს შორის ე.წ. 12-დღიანი ომის შედეგად შეცვლილი ვითარების ფონზე.

ფაშინიანის შიდა პოლიტიკა არ უნდა განვიხილოთ მისი საგარეო პოლიტიკისგან დამოუკიდებლად. მან, არაერთი ნაბიჯით, ცხადი გახადა, რომ სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება, რადგან წარსულში მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულებამ, სომხეთს ვერ მოუტანა ვერც პოლიტიკური სტაბილურობა, ვერც ეკონომიკური აღმავლობა, ვერც მშვიდობა და ტერიტორიული უსაფრთხოება. საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით, რუსეთს ქვეყნის ყველაზე დიდ მეგობრად თვლის სომხეთის მოსახლეობის მხოლოდ 14%, როდესაც ეს მაჩვენებლი 2019 წელს 57% იყო. აღნიშნული, დიდწილად, განპირობებულია 2020 წელს მთიან ყარაბაღში რუსეთის დისტანცირებითა და ორაზროვანი განცხადებებით, ომის პარალელურად, აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებითა და კონფლიქტის სათავისოდ გამოყენებით, მათ შორის, ე.წ. სამშვიდობო ძალების ჩაყენებით. ფაშინიანი როგორც ევროკავშირთან, ისე ევროპის ქვეყნებთან ინდივიდუალურად, ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს. ამის მიღმა, სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხოლო ინდოეთთან გაზარდა ვაჭრობა უსაფრთხოების სფეროში. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადი ხდება, რომ სომხეთის მიზანია, რაც შეიძლება, ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე.

ამას ემატება ისიც, რომ სომხეთი აქტიურად ცდილობს თურქეთთან ურთიერთობების გადატვირთვას, მათ შორის, მათი პოზიციით სომეხთა გენოციდის აღიარების პოლიტიკაზე დროებით უარის თქმითაც. 10 ივლისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის, სხვა მხარეების ჩართულობის გარეშე, ისტორიული შეხვედრა შედგა. ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე პროგრესი გააუმჯობესებს სომხეთის ურთიერთობებს თურქეთთან. ამ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების შედარებით ნორმალიზება კი აჩენს სატრანსპორტო დერეფნების გახსნისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შემცირების პერსპექტივას. 

საგარეო ფრონტზე ფაშინიანის პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჰიბრიდული ომის ტაქტიკების ამოქმედება და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციისა და არეულობის გაღრმავება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებია. სავარაუდოა, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის დაპირისპირებაც ამ მოზაიკის ნაწილია.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თინათინ ნიკოლეიშვილი