მოჩვენებითი ბალანსიდან მანიპულაციამდე - სამთავრობო მედიასაშუალების წყაროები და ქცევა სოციალურ ქსელში

ილუსტრაცია: GEOpolitics
მიმდინარე წლის 9 ივლისს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ეს იყო ევროპარლამენტის პირველი ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის, შესახებ. საკითხზე მომხსენებელი იყო ლიეტუველი ევროპარლამენტარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი რასა იუკნევიჩიენე.
რეზოლუციში, რომელიც 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ, მიიღეს, მკაცრადაა დაგმობილი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა და რეპრესიები. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს და მას გაყალბებულად მოიხსენიებს. ასევე, ნეგატიურად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების თაობაზე, რამაც მთელს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროევროპული დემონსტრაციები გამოიწვია. ანგარიშში დაგმობილია მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა, რაც გამოიხატა საპოლიციო ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაში, წამებასა და დაპატიმრებებში. ის ასევე ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების სისტემურ დევნას, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ძალის ლეგიტიმურობას - მას „არალეგიტიმურად“ და „რეჟიმად“ მოიხსენიებს.
ამ ფონზე, ანგარიში ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოებისგან სხვადასხვა ქმედების განხორციელებას ითხოვს. ეს ზომები მოიცავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის სტატუსის გადახედვას, თანამდებობის პირების, ასევე, ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ პირადი სანქციების დაწესებას და საქართველოს ამჟამინდელ მმართველ ადმინისტრაციასთან ევროკავშირის ურთიერთობების გადახედვას. ამასთან, ანგარიში მხარს უჭერს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების გაზრდას. საბოლოოდ, დოკუმენტის თანახმად, საჭიროა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რათა გადაიჭრას მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი და საქართველოს მიეცეს საშუალება, დაუბრუნდეს თავის პროევროპულ კურსს.
როგორც აღვნიშნეთ, ეს რეზოლუცია 9 ივლისს მიიღეს, ხოლო მანამდე, ევროპარლამენტში რეზოლუციის ტექსტისა და ზოგადად, საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, დებატები მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ამ პროცესს დიდი ყურადღება დაუთმეს ქართულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურმა მედიასაშუალებებმაც. ამ კონტექსტში, საინტერესოა ტელეკომპანია „იმედის,“ განსაკუთრებით კი, მისი „ფეისბუქის“ გვერდის აქტივობა. გვერდს საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს (1.1 მილიონი გამომწერი). მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმ ვებგვერდზე დაკვირვებაც, საიდანაც „ფეისბუქზე“ „იმედის“ სიახლეები ზიარდება (imedinews.ge). Top.ge-ს სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ ვებგვერდს თვეში, საშუალოდ, 275 ათასამდე უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს. ინტერნეტში „იმედის“ ქცევის შესწავლა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ, ერთი მხრივ, მას წვდომა აქვს ძალიან ფართო აუდიტორიასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ეს მედიასაშუალება ყველაზე მეტად პროსახელისუფლებოა. აღნიშნულს ადასტურებენ დაკვირვება, არაერთი კვლევა და თავად ამ ტელევიზიის მესვეურებიც კი. ამ მედიასაშუალების მაგალითზე, თვალსაჩინოდ იკვეთება, როგორ იქმნება მოჩვენებითი ბალანსის ილუზია, ირჩევა მანიპულაციური წყაროები, იფილტრება ინფორმაცია და კოორდინირებულად ვრცელდება გზავნილები, რომლებიც შეესაბამება ხელისუფლების ანტიდასავლურ ნარატივს. შესაბამისად, „იმედი“ წარმოადგენს ერთგვარ მოდელს იმისა, თუ როგორ შეიძლება სამთავრობო მედიასაშუალება გამოიყენებოდეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების გაშუქებისას, imedinews.ge-მ წარმოადგინა, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული განცხადებები, ხოლო, მეორე მხრივ, პარლამენტართა უმცირესობის პოზიციები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, რაც „ქართული ოცნების“ მთავარი სტრატეგიული გზავნილია.
„ქართული ოცნების“ მიმართ ნეგატიური განცხადებები imedinews.ge-ზე:
- რასა იუკნევიჩიენე: საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო, 2025 წლის არჩევნები არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს.
- მარტა კოსი: ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. კანონებში შეტანილი ცვლილებები ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს.
- ევროპარლამენტარი მალგოჟეტა გოშიევსკა: ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში უკანონოდ ზის. ჩვენ გვჭირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იზოლაცია.
- რასა იუკნევიჩიენე მზია ამაღლობელზე: დააპატიმრეს, სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის მხედველობას კარგავს. მას არ აქვს სათანადო სამედიცინო დახმარება.
ევროკავშირის მიმართ ნეგატიური განცხადებები imedinews.ge-ზე:
- ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა - თქვენ არ უყურებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს, თქვენ საქართველოს კოლონიად განიხილავთ.
- ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს - როგორც ჩანს, ალბათ, ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრით.
- ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი: ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა.
- ევროპარლამენტარი ონდჟეი დოსტალი: ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგ - საქართველოს მთავრობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს.
რეზოლუციის შესახებ სხვა სიახლეები ევროპარლამენტიდან imedinews.ge-ზე
- საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს.
- 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუცია ევროპარლამენტარების ნაწილმა დაიწუნა. მათ კოლეგებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე მიუთითეს.
ზოგადი სიახლეები (რეზოლუციის განხილვის პარალელურად) ევროკავშირის შესახებ imedinews.ge-ზე
- ანდრაშ ლასლო ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატებს აბსურდის შოუს უწოდებს.
- ვიქტორ ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომას უჭერს მხარს.
- ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტუ ფონ დერ ლაიენის გადადგომას ემხრობა.
- ევროპარლამენტარი პეტრ ბისტრონი: ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირი აფინანსებდა, ოთხი წლის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ისეთ საქმიანობას ეწეოდნენ, რაც იმას ეწინააღმდეგება, რასაც ევროკავშირი უნდა იცავდეს.
- ევროპარლამენტარი პეტრ ბისტრონი: ზუსტად იმის გამო, რომ ბევრი კითხვაა, შედგა ისტორიული დებატები ურსულა ფონ დერ ლაიენზე. მან არ მოიხადა ბოდიში, დღემდე წინააღმდეგია, რომ გვაჩვენოს, რა მისწერა „ფაიზერის“ ხელმძღვანელს.
თუ ევროპარლამენტში გამართული დებატების გაშუქებასთან დაკავშირებით, Imedinews.ge-ს ქცევას შევაჯამებთ, ერთი შეხედვით, ჩანს რაოდენობრივი ბალანსი „ქართული ოცნების“ შესახებ გაკეთებულ ნეგატიურ და პოზიტიურ განცხადებებს შორის. თუმცა, ამავდროულად, აქტიურად გვხდება სიახლეები, რომლებიც მკითხველში წარმოშობს აღქმას ევროკავშირში არსებული წინააღმდეგობების თაობაზე. ასეთ სიახლეებს შეუძლია, გადაფაროს ნეგატივი საქართველოს შესახებ, თუ მათი წაკითხვისას მკითხველი იფიქრებს: „ევროკავშირში თავად აქვთ კრიზისი, კონფლიქტი და კორუფციის პრობლემა, ამის პარალელურად კი, საქართველოს საკითხს ცარიელ დარბაზში განიხილავენ. შესაბამისად, რეზოლუციას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს“. მეორე მხრივ, მსგავს დაშვებას „ქართული ოცნების“ გაძლიერებული რიტორიკა ამყარებს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და თბილისის მერის, კახა კალაძის, განცხადება: „რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, გაჯერებულია ტყუილებით - ამის დაწერაში ჩვეულებრივად ფულს იხდიან - თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა“.
როგორც აღვნიშნეთ, საინტერესოა „იმედის“ ქცევა „ფეისბუქის“ გვერდზე იმ მხრივ, თუ რა ინფორმაცია ზიარდება ვებგვერდიდან 1.1 მილიონიანი აუდიტორიისთვის. თავდაპირველად, უნდა გამოვყოთ ის საკითხები, რომლებიც აღნიშნულ პლატფორმაზე ვერ მოხვდა: 1. რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები - რამდენმა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი მას და რამდენი იყო წინააღმდეგი; 2. ზემოთ მოცემული კრიტიკული განცხადებების უმრავლესობა რეპრესიული კანონების, ოპოზიციის ლიდერთა დაპატიმრებებისა და „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაციის შესახებ.
„ფეისბუქის“ გვერდზე მოხვდა „ქართული ოცნებისადმი“ ერთი კრტიკული განცხადება მზია ამაღლობელის საქმეზე, თუმცა იგი „იმედმა“ დაასათაურა, როგორც - ტყუილი.
გარდა ამისა, რეზოლუციის მიღების შემდგომ, „იმედის“ „ფეისბუქის“ გვერდმა რეზოლუციის შინაარსის მხოლოდ ის პუნქტები გამოიტანა, რომლებშიც საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოხსენიებაზე. აღნიშნული გვერდის მომხმარებელი ვერ ნახავს ინფორმაციას რეზოლუციის ისეთ პუნქტებზე, როგორებიცაა პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, აქტივისტების დაპატიმრება-წამება, რეპრესიული კანონები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის შევიწროება, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურად მოხსენიება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადახედვა, პერსონალური სანქციების მოთხოვნა და ა.შ.
სამაგიეროდ, imedinews.ge-დან „ფეისბუქის“ გვერდზე გაზიარებულია და ე.წ. ქარდებისა თუ ვიდეოების სახით წარმოდგენილია ყველა ის განცხადება, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით უსამართლო ქცევაში, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს და მეორე მხრივ, ზემოთ ნახსენები ის ციტატები, რომლებიც ევროკავშირის მიმართ ირიბად ნეგატიურია.
ვინ არიან ევროპარლამენტარები, რომლებსაც „იმედი“ რეზოლუციის თემის გაშუქებისას ყველაზე ხშირად ციტირებდა?
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო - უნგრელი პოლიტიკოსი, ვიქტორ ორბანის პარტიის, „ფიდეშის“, წევრი. 2024 წელს იგი ევროპარლამენტის წევრად აირჩიეს. ლასლო საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ აქტიურია და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა. ის ერთ-ერთია იმ ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელთაგან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. ატლანტიკური საბჭოს დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციის, Digital Forensic Research Lab (DFRLab)-ის, კვლევის თანახმად, რომელიც ამხელს მიკერძოებული საერთაშორისო დამკვირვებლების გამოყენებას 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, იდენტიფიცირებულია 23 „ყალბი დამკვირვებელი“, მათ შორის, ანდრაშ ლასლო, რომლის პოზიტიური, თუმცა შეცდომაში შემყვანი, განცხადებები არჩევნების თავისუფალ და იდეალურ გარემოში ჩატარების შესახებ, „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. მოგვიანებით, ეს და მსგავსი განცხადებები კოორდინირებულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, არჩევნების მიმართ პოზიტიური აღქმების მხარდასაჭერად.
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მსჯელობისას, „იმედის“ გარდა, ანდრაშ ლასლოს ციტირებდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. ასევე „ფეისბუქის“ გვერდი Грузия и соседи (საქართველო და მეზობლები), რომელიც ხშირად ციტირებს რუს პოლიტიკოსებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. აღნიშნული გვერდი ასევე იძებნება „ინსტაგრამის“, „იუთუბის“ და „ოდნოკლასნიკის“ პლატფორმებზე.
ევროპარლამენტარი დანილო დე ლა ვალე - იტალიელი პოლიტიკოსი, პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ (Movimento 5 Stelle) წევრი. 2024 წლიდან არის ევროპარლამენტის წევრი. „მოძრაობა ხუთი ვარსკვლავი“ პოპულისტური პარტიაა, რომელიც დიდწილად იზიარებდა კრემლის იდეოლოგიას, აქებდა რუსეთს, როგორც სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მაგალითს. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამ პარტიის საინფორმაციო ქსელი დაკავშირებული იყო კრემლის მედიასაშუალებებთან და ხშირ შემთხვევაში, ავრცელებდა რუსული პროპაგანდის გზავნილებს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაში“ წინააღმდეგობები გაჩნდა, რადგან მისი ერთი ნაწილი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერდა. ამასთან, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, პარტიის დაყოფის მიზეზი იყო არა მხოლოდ უკრაინის საკითხი, არამედ - შიდა უთანხმოებებიც. საბოლოოდ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მომხრე ლუიჯი დი მაიოს ფრთამ პარტია დატოვა. ამჟამად „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ აქტიურად ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ინიცირებულ ევროპის გადაიარაღების გეგმას რუსეთიდან წამოსული საფრთხეების საპასუხოდ და არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. ევროპარლამენტში მსგავს იდეებს აქტიურად ლობირებს „იმედის“ მიერ ციტირებული პარლამენტარი დანილო დელა ვალე და ევროპელ ლიდერებს სამხედრო ესკალაციაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვისას, დელა ვალეს, „იმედთან“ ერთად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც ციტირებდა.
ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი - გერმანელი პოლიტიკოსი, წარმოადგენს ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (Alternative für Deutschland - AfD), 2024 წლიდან არის ევროპარლამენტის წევრი. ამასთან, ნოიჰოფი არის ევროპარლამენტის ყველაზე მცირე და რადიკალური ჯგუფის, „სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN)-ის, წევრი. ამ ჯგუფის გაცხადებული პოზიციაა: „რუსეთს მტრად არ მივიჩნევთ“. ამასთან, ისინი, დაარსების დღიდან, მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. ამავე ჯგუფმა დაარეგისტრირა ევროპარლამენტში რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. გასულ წელს ჰანს ნოიჰოფის თანაპარტიელებმა გერმანიის ბუნდესტაგში წარადგინეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოითხოვდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დამოუკიდებლობისკენ გზის გაკვალვას და საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას. ამასთან, ეს პარტია გამოირჩევა მანიპულაციური რიტორიკით და ემხრობა რუსეთისთვის სანქციების მოხსნას, მასთან ურთიერთობების აღდგენას. თავის მხრივ, რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ AfD ერთადერთი ანტიფაშისტური პარტიაა გერმანიაში, რომელიც მხარს უჭერს „კიევის ნაცისტური რეჟიმისთვის“ დახმარების შეწყვეტას. რაც შეეხება ნოიჰოფის ბოლო გამოსვლას საქართველოსთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ მას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, თითქმის იმავე სტილში ციტირებდა, როგორც „იმედი“.
ევროპარლამენტარი ონდჟეი დოსტალი - ჩეხი პოლიტიკოსი, წარმოადგენს მემარცხენე პოლიტიკურ კოალიცია „კმარას“ (STAČILO). 2024 წლიდან არის ევროპარლამენტის წევრი. პოპულისტური კოალიცია „კმარა“ ჩეხეთში 2023 წელს ჩამოყალიბდა, ის აერთიანებს ე.წ. ანტი-მეინსტრიმ წევრებს, მათ შორის, ჩეხეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს. აღნიშნული მოძრაობის წევრები აქტიურად გამოდიან ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ და მოითხოვენ, ჩეხეთში ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც გადაწყვეტს, დატოვებს, თუ - არა ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ს. რაც შეეხება ონდჟეი დოსტალს, იგი, ოთხ სხვა ევროპარლამენტართან ერთად, მიმდინარე წლის 9 მაისს დაესწრო მოსკოვში გამართულ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ, აღლუმს.
***
როგორც წინამდებარე ანალიზი აჩვენებს, სამთავრობო მედიასაშუალების, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის გაშუქება წარმოადგენდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მიზანმიმართულ სტრატეგიას. პირველ ეტაპზე, ვებგვერდ imedinews.ge-ზე, სადაც „ქართული ოცნების“ კრიტიკასთან ერთად, თანაბრად შუქდებოდა ევროპარლამენტართა მცირე, პოპულისტური და რუსეთთან კავშირებში შემჩნეული ჯგუფის პოზიციები, ბალანსის ილუზია იქმნებოდა. ეს ჯგუფი ავრცელებდა ნარატივს, თითქოს ევროკავშირი უხეშად ერეოდა საქართველოს სუვერენიტეტში და ქვეყანას „კოლონიად“ განიხილავდა. ამას ემატებოდა ევროკავშირის შიდა წინააღმდეგობების აქტიური გაშუქება, რაც მიზნად ისახავდა ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას და, შესაბამისად, მკითხველის თვალში საქართველოს შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობის დაკნინებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტართა ამ ჯგუფის განცხადებები აქტიურად ვრცელდებოდა იმ ქართულენოვან ონლაინ გამოცემებსა და „ფეისბუქის“ გვერდებზე, რომლებიც, წლებია, ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებით გამოირჩევა.
სტრატეგიის მეორე და მთავარი ეტაპი ხორციელდებოდა „იმედის“ „ფეისბუქის“ 1.1-მილიონიან გვერდზე, სადაც ინფორმაცია იფილტრებოდა. კერძოდ, აუდიტორიას სრულად დაუმალეს რეზოლუციის ყველაზე მწვავე ასპექტები: კენჭისყრის შედეგები (490 მომხრე, 147 წინააღმდეგი), პოლიციის ძალადობის, აქტივისტების წამების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის შევიწროების დაგმობა, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურად მოხსენიება და პერსონალური სანქციებისა თუ უვიზო მიმოსვლის გადახედვის მოთხოვნა. ამის საპირისპიროდ, მთელი რესურსი მიმართული იყო იმ ევროპარლამენტართა ციტატების ტირაჟირებაზე, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და სუვერენიტეტის დარღვევაზე საუბრობდნენ. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ამ გზავნილების წყაროების ვინაობა. „იმედის“ მიერ ციტირებული ევროპარლამენტარები წარმოადგენენ ფიგურებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პოპულისტურ და კრემლის იდეოლოგიის მხარდამჭერ ძალებთან. მათ შორის არიან ვიქტორ ორბანის პარტიის წევრი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში მიკერძოებულ დამკვირვებლად გვევლინებოდა და აქტიურად ცდილობდა, მანიპულირებული არჩევნები იდეალურად წარმოეჩინა; იტალიური პოპულისტური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც კრემლის პროპაგანდის გავრცელებასთან ასოცირდება; გერმანული AfD-ის წევრი, რომელიც ღიად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და ჩეხი პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრო. საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტის დაცვის მოგონილი ნარატივი, რომელსაც ეს ჯგუფი აძლიერებდა, ხოლო „იმედი“ სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებდა, წარმოადგენს რუსული პროპაგანდისტული ხაზის ანარეკლს. ეს არის „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციაზე დაფუძნებული კლასიკური ტაქტიკა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე მითითებას მტრულ ჩარევად აღიქვამს რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამართლებას ემსახურება.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.