პუბლიკაციები

სიძულვილის ანატომია: პროპაგანდა და მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაცია ავტორიტარულ რეჟიმებში

ილუსტრაცია: GEOpolitics

დეჰუმანიზაცია, როგორც ფსიქოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური პროცესი, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დესტრუქციულ ფენომენს წარმოადგენს.  იგი გულისხმობს ინდივიდების ან სოციალური ჯგუფების იმ თვისებების უარყოფას, რომლებიც მათ ადამიანურ არსებად განსაზღვრავს, რითაც ხდება მათი მორალური სტატუსის დევალვაცია და მათ მიმართ ძალადობისა და სისასტიკის ლეგიტიმაცია. ეს ფენომენი განსაკუთრებით სახიფათო ფორმებით ვლინდება ავტორიტარული რეჟიმების ხელში. მსგავსი რეჟიმებისთვის, ხშირად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დეჰუმანიზაცია მთავარ სამოქმედო სტრატეგიადაც იქცევა ხოლმე, ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა ძალაუფლების კონსოლიდაცია, საზოგადოების კონტროლი და პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზაცია. შეიძლება ითქვას, ამ კომპლექსურ პროცესში მთავარ როლს ასრულებს პროპაგანდა, რომელიც უწყვეტად და მიზანმიმართულად ავრცელებს ზიზღს, სტერეოტიპებსა და მანიპულაციურ ნარატივებს, რათა სამიზნე ჯგუფებისგან შექმნას მტრის ხატები, წარმოაჩინოს ისინი, როგორც „არაადამიანები“, „მავნებლები“ და ეგზისტენციალური საფრთხე დანარჩენი საზოგადოებისთვის.

ადამიანთა მიზანმიმართული დეჰუმანიზაცია, ბუნებრივია, არ არის ახალი ფენომენი და შესაბამისად, მის შესახებ არაერთი ისტორიული თუ აკადემიური წყარო არსებობს. მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკ ჰასლემის, თანახმად, რომელიც დეჰუმანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ თეორიულ მოდელს გვთავაზობს, დეჰუმანიზაცია ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: ანიმალისტური და მექანისტური. ანიმალისტური დეჰუმანიზაცია გულისხმობს სამიზნე ჯგუფების ისე წარმოჩენას, თითქოს მათ არ აქვთ უნიკალური ადამიანური თვისებები, როგორებიცაა კულტურა, რაციონალურობა, მორალი, თვითკონტროლი და ცივილიზებულობა. როდესაც ჯგუფს ამ თვისებებს „ართმევენ“, მას ადარებენ ცხოველებს - „ვირთხებს“, „ტარაკნებს“, „მაიმუნებს“. ასეთი მეტაფორები მიზნად ისახავს ჯგუფის წარმოჩენას, როგორც პრიმიტიულის, ირაციონალურისა და საშიშის, რომელიც დანარჩენმა საზოგადოებამ თავიდან უნდა მოიშოროს. მეორე მხრივ, მექანისტური დეჰუმანიზაცია დაკავშირებულია ადამიანური ბუნების იმ ფუნდამენტური ასპექტების უარყოფასთან, როგორებიცაა, მაგალითად, ემოციები, ინდივიდუალურობა, ღიაობა და თანაგრძნობა. ამ შემთხვევაში, ადამიანები აღიქმებიან, როგორც უსულო საგნები, მანქანები ან რობოტები. პროპაგანდის თანახმად, მათ არ გააჩნიათ შინაგანი სამყარო, გრძნობები და დამოუკიდებელი აზროვნება. ამდენად, ჰასლემის მოდელი გვიჩვენებს, რომ დეჰუმანიზაცია არ არის ერთგვაროვანი პროცესი და მას შეუძლია სხვადასხვა ფორმის მიღება, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია კონტექსტსა და პოლიტიკურ მიზნებზე.

აღსანიშნავია, რომ დეჰუმანიზაციის პროცესი არა მხოლოდ თავის პირდაპირ მსხვერპლებზე ახდენს გავლენას, არამედ მათზე მოძალადეებზეც. კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც, პროპაგანდის ზემოქმედების შედეგად, სხვებზე ძალადობენ, ნაკლებად გრძნობენ პასუხისმგებლობას. მეტიც, მათ მსგავსი საქციელი სწორადაც მიაჩნიათ, რადგან სამიზნე ჯგუფების დეჰუმანიზაცია ათავისუფლებთ მორალური პასუხისმგებლობისა და დანაშაულის გრძნობისგან. ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ სტენლი მილგრამის ექსპერიმენტიც. მან, მიუხედავად მისი ეთიკური წინააღმდეგობებისა, კარგად წარმოაჩინა, რომ ადამიანები, დიდი ალბათობით, დაემორჩილებიან ავტორიტეტის ბრძანებას, მაშინაც კი, თუ ეს მათ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სიტუაციურ ფაქტორებს (როგორიცაა ავტორიტეტული ფიგურის არსებობა) შეუძლია გადაწონოს პიროვნული მახასიათებლები და მორალური ღირებულებები. ჰერბერტ კელმანი, თავის ნაშრომში „ძალადობა მორალური შეზღუდვების გარეშე“, დეჰუმანიზაციას განიხილავს, როგორც პროცესს, რომელიც ხელს უწყობს „მორალისგან გათავისუფლებას“ (moral disengagement). კელმანის თანახმად, ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების შემაკავებელი შინაგანი მორალური ბარიერები. დეჰუმანიზაცია ამ ბარიერების მოხსნის საშუალებას იძლევა. როდესაც სამიზნე ჯგუფი აღარ აღიქმება ადამიანურ საზოგადოებაში შემავალ ნაწილად, რომლის მიმართაც მორალური ვალდებულებები მოქმედებს, მათზე ძალადობა გამართლებული და მისაღები ხდება. კელმანი გამოყოფს სამ ძირითად მექანიზმს, რომლებიც ამ პროცესს განაპირობებს: ავტორიზაცია - როდესაც ინდივიდი თავს აიგივებს ავტორიტეტულ სტრუქტურასთან (სახელმწიფო, პარტია, ლიდერი) და თვლის, რომ მისი ქმედებები ლეგიტიმურია, რადგან ის ბრძანებას ასრულებს; რუტინიზაცია - როდესაც ძალადობრივი ქმედებები გადაიქცევა მექანიკურ, ბიუროკრატიულ რუტინად, რაც ამცირებს პერსონალურ პასუხისმგებლობას; დეჰუმანიზაცია - როდესაც მსხვერპლს ართმევენ იდენტობას (სახელს, ინდივიდუალობას) და ადამიანურ სტატუსს, რითაც მას აქცევენ უბრალო ობიექტად ან სტატისტიკურ ერთეულად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეჰუმანიზაციისა და პროპაგანდის მეშვეობით საზოგადოების მართვა ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებაა. ისინი ხშირად ქმნიან შიდა და გარე მტრების ხატებს, რათა გაამართლონ საკუთარი რეპრესიული პოლიტიკა და მოახდინონ საზოგადოების მობილიზება. დეჰუმანიზაცია კი ამ პროცესის ბირთვს წარმოადგენს. „მტერი“ წარმოჩენილია არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი - განსხვავებული შეხედულებებით, არამედ როგორც ეგზისტენციალური საფრთხე ერის, ტრადიციული ღირებულებების ან სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. პოლიტიკური ოპონენტები, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა უმცირესობები, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო აქტივისტები ხშირად ხდებიან დეჰუმანიზაციის სამიზნე. მათ მოიხსენიებენ, როგორც „ხალხის მტრებს“, „უცხო ქვეყნის აგენტებს“, „პარაზიტებს“ და ა.შ. მსგავსი ტერმინების გამოყენება მიზნად ისახავს სამიზნე ჯგუფის გამოყოფას „ჩვენი“ საზოგადოებისგან და მის წარმოჩენას უცხო სხეულად, რომელიც უნდა განადგურდეს. ეს სტრატეგია კი რეჟიმს საშუალებას აძლევს, გაამართლოს პოლიტიკური რეპრესიები, მასობრივი დაპატიმრებები და ადამიანის უფლებების დარღვევა, რადგან ეს ქმედებები აღიქმება არა როგორც მოქალაქეების დევნა, არამედ როგორც სახელმწიფოს „გაწმენდა“ საშიში ელემენტებისგან.

სამიზნე ჯგუფების დეჰუმანიზაციისთვის გამოყენებულ პროპაგანდას და მის ძირითად ინსტრუმენტებს, როგორებიცაა კონკრეტული სიტყვების შერჩევა, მეტაფორებისა თუ ნეგატიური იარლიყების მიკვრა, შეუძლია რადიკალურად შეცვალოს რეალობის აღქმა. დეჰუმანიზაციის პროცესში, პროპაგანდა აქტიურად იყენებს:

  • ანიმალისტურ მეტაფორებს: როგორც ზემოთ აღინიშნა, სამიზნე ჯგუფების შედარება ცხოველებთან (ვირთხები, ტარაკნები, ღორები) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტიანი ტექნიკაა. ეს მეტაფორები იწვევს ზიზღის, შიშისა და საფრთხის განცდას.
  • დაავადებასთან დაკავშირებულ მეტაფორებს: სამიზნე ჯგუფების წარმოჩენა  „სიმსივნედ“, „ვირუსად“ ან „ინფექციად“, რომელიც ემუქრება ერის ჯანმრთელ სხეულს. ეს ქმნის ასოციაციას, რომ „განკურნებისთვის“ აუცილებელია ამ „დაავადების“ წყაროს აღმოფხვრა.
  • დემონიზაციას: „მტრის“, როგორც აბსოლუტური ბოროტების განსახიერების, წარმოჩენა. ისინი არიან არა უბრალოდ ოპონენტები, არამედ „სატანისტები“, „ტერორისტები“, „ფაშისტები“, რომლებსაც არ გააჩნიათ მორალი და ადამიანური გრძნობები, რაც ამარტივებს სამყაროს შავ-თეთრ აღქმას.
  • მორალური საფრთხის ნარატივის შექმნა: სამიზნე ჯგუფის წარმოჩენა, როგორც ეგზისტენციალური საფრთხისა ერისთვის, რასისთვის ან კლასისთვის.
  • დანაშაულის გადაბრალება (Scapegoating): ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების სამიზნე ჯგუფისთვის დაბრალება.

დეჰუმანიზაციის სტრატეგიის გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო, სასტიკ და შესაბამისად, კარგად შესწავლილ მაგალითებს წარმოადგენს ფაშიტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის რეჟიმები. ფაშისტური გერმანიის შემთხვევაში, პროპაგანდის მთავარი სამიზნე ებრაელი მოსახლეობა იყო. ნაცისტური რეჟიმი, იოზეფ გებელსის პროპაგანდის სამინისტროს ხელმძღვანელობით, იყენებდა მედიის ყველა ფორმას - პრესას, რადიოს, კინოსა და ვიზუალურ ხელოვნებას - ებრაელების სისტემატური დეჰუმანიზაციისთვის. ისტორიკოსი დევიდ უელჩი თავის ნაშრომში „მესამე რაიხი: პოლიტიკა და პროპაგანდა“ აღნიშნავს, რომ ნაცისტური პროპაგანდა ემყარებოდა გამარტივებულ, ემოციურ და განმეორებად გზავნილებს. ებრაელები წარმოდგენილნი იყვნენ არა როგორც რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფი, არამედ - როგორც ბიოლოგიური საფრთხე („რასობრივი პარაზიტები“, „ვირთხები“, „ბაცილები“), რომელიც აბინძურებდა არიულ რასას. ლინგვისტი ვიქტორ კლემპერერი თავის ნაშრომში „მესამე რაიხის ენა“ დეტალურად აანალიზებს, თუ როგორ შეცვალა ნაცისტურმა რეჟიმმა გერმანული ენა, დაამკვიდრა რა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „Untermensch“ (ქვეადამიანი), რითაც ენობრივ დონეზე უარყო სამიზნე ჯგუფის ადამიანური სტატუსი. საბოლოოდ, ფაშიტური რეჟიმის შესახებ დაგროვებული ცოდნა აჩვენებს, რომ დეჰუმანიზაცია გახდა გენოციდის ლეგიტიმაციის მთავარი ინსტრუმენტი.

ჰიტლერის რეჟიმისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირი პროპაგანდას იყენებდა არა რასობრივი, არამედ კლასობრივი ნიშნით დეჰუმანიზაციისთვის. ბოლშევიკურმა რეჟიმმა შექმნა „ხალხის მტრების“ კონცეფცია, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ჯგუფს: „ბურჟუაზიას“, „კულაკებს“ (მსხვილ გლეხებს), სასულიერო პირებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს. პროპაგანდა ამ ჯგუფებს წარმოაჩენდა, როგორც „სოციალურ პარაზიტებს“, „ექსპლუატატორებს“, „მავნებლებსა“ და „კონტრრევოლუციონერებს“, რომლებიც ხელს უშლიდნენ სოციალისტური მომავლის მშენებლობას. განსაკუთრებით სასტიკი იყო კამპანია „კულაკების, როგორც კლასის, ლიკვიდაციის“ შესახებ 1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანი წლების დასაწყისში. საბჭოთა პლაკატებზე კულაკები ხშირად გამოსახულნი იყვნენ, როგორც მსუქანი, ხარბი ობობები ან ღორები, რომლებიც მშრომელ ხალხს სისხლს სწოვდნენ.

ჰანა არენდტი, თავის კლასიკურ ნაშრომ „ტოტალიტარიზმის სათავეებში“ აანალიზებს, რომ ტოტალიტარული რეჟიმები მიზნად ისახავს არა უბრალოდ პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, არამედ ადამიანური პიროვნების, მისი ინდივიდუალობისა და მორალური პასუხისმგებლობის სრულ მოსპობას. პროპაგანდისტული დეჰუმანიზაცია ამ პროცესის პირველი და აუცილებელი ეტაპია. იგი ქმნის იდეოლოგიურ ჩარჩოს, რომელშიც მასობრივი მკვლელობა აღიქმება არა როგორც დანაშაული, არამედ როგორც „სოციალური ჰიგიენა“ (ნაცისტურ გერმანიაში) ან „ისტორიული აუცილებლობა“ (საბჭოთა კავშირში).

 

დეჰუმანიზაციის საგანგაშო ნიშნები თანამედროვე ქართულ რეალობაში

ადამიანთა დეჰუმანიზაციის შედეგად გამოწვეული ძალადობის კონტექსტში, შეგვიძლია გავიხსენოთ 2013 წლის 17 მაისი, როცა ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეფასებით, „უპრეცედენტო“ ძალადობის აქტი შედგა. ანალოგიური მიზეზით, მასშტაბური დარბევა განმეორდა 2021 წლის ივლისში, როდესაც ე.წ. „ანტილგბტ“ აქციის მონაწილეებმა ფიზიკურად იძალადეს ათობით ჟურნალისტზე. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის მიერ აგორებული სიძულვილის კამპანია სხვადასხვა საინფორმაციო არხით, რომლებზეც ჟურნალისტებს, სხვა ეპითეტებთან ერთად, „მიკროფონიან მაკაკებად“ მოიხსენიებდნენ. უშუალოდ 5 ივლისს, ჟურნალისტების ცემის შემდეგ, ადგილზე შეკრებილ ადამიანებს სასულიერო პირმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“. ხელისუფლებამ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ამ ძალადობას ხელი ვერ ან არ შეუშალა (ცალსახად ამის თქმა შეუძლებელია), მისი ორგანიზატორები კი დაუსჯელი დარჩნენ. მეტიც, ამ მოვლენის გამო, ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები, თავიანთ მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას, სიძულვილის ენითა და ჟურნალისტების დამამცირებელი სხვადასხვა ეპითეტით პასუხობდნენ. კერძოდ, ისინი ამბობდნენ, რომ ჟურნალისტები თავად არიან მოძალადეები და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ, ასევე ავრცელებენ „ანტიეკლესიურ და ანტისახელმწიფოებრივ გზავნილებს“. გარდა ამისა, ჟურნალისტები მოიხსენიეს ისეთი ეპითეტებით, როგორებიცაა: „რადიკალები“, „ბინძური პროვოკაციის გამავრცელებლები“, „ნაგვები“, „გარყვნილები“, რომლებიც „ყარან სიბილწით და უნამუსობით“.

ბოლო წლებში, საქართველოში დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლასთან და „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გაძლიერებასთან ერთად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დეჰუმანიზაციის ნიშნები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. 2022 წლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული ანტიდასავლური, ავტორიტარიზმის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის პარალელურად, პროპაგანდა და ოპონენტთა დეჰუმანიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, „ქართულმა ოცნებამ“ გააცოცხლა და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა რუსული კონსპირაცია „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელიც, თითქოს, დასავლეთში არსებობს და რომლის მიზანსაც საქართველოს ომში ჩათრევა წარმოადგენს. ბუნებრივია, ამ შეთქმულების თეორიის გამავრცელებლები ვერ ასახელებდნენ, კონკრეტულად რა ჯგუფია „გლობალური ომის პარტია“ და რატომ სჭირდებოდათ მაინცდამაინც საქართველოს ომში ჩართვა. ამის მიუხედავად, ისინი „ომის პარტიის“ „აგენტად“ და „მოღალატედ“ მოიხსენიებდნენ ყველა იმ ადამიანს (ოპოზიცია, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა მოქალაქეები), რომელიც „ქართული ოცნების“ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებდა. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თანახმად, „ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც [ბიძინა ივანიშვილს] უწოდებს ოლიგარქს, ომის პარტიის აგენტია“. გასული წლის ბოლოდან, ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ „დიფ სტეიტით“ ჩანაცვლდა, თუმცა პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია - სამიზნე ჯგუფების მიმართ სიძულვილის გაღვივება - არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, როცა ე.წ. „უცხო ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონი საქართველოს პარლამენტში პირველად დარეგისტრირდა, პროპაგანდის ძირითად სამიზნედ არასამთავრობო სექტორი იქცა. მათ უწყვეტ რეჟიმში ადანაშაულებდნენ საქართველოს ინტერესების საბოტაჟში და ამკობდნენ ისეთი ეპითეტებით, როგორებიცაა: „მდიდარი ენჯეოები“, „უცხო ძალის აგენტები“, „ექსტრემისტები“, „ქვეყნის მოღალატეები“ და სხვა. ამ ეპითეტების უწყვეტი ტირაჟირებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ წარმოჩენით, შეიქმნა სახიფათო გარემო, სადაც ამ ადამინების წინააღმდეგ ძალადობა წახალისებულია, რაც რეალურადაც გამოვლინდა ზოგიერთ მათგანზე ფიზიკური თავდასხმებით. არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიები საქართველოში ამჟამადაც აქტუალურია.

ცალკე მსჯელობის საკითხია ქვეყანაში პროტესტის მონაწილეთა დეჰუმანიზაციის მცდელობები. ამის მაგალითია 2023 წლის გაზაფხულზე გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოხსენიება „სატანისტებად“, მათ შორის, მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ: „რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვა რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს. არ მინდა, მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა - რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“. შეიძლება ითქვას, პროტესტის მონაწილეთა დეჰუმანიზაციის მცდელობები უფრო მეტად კოორდინირებული გახდა 2024 წლიდან. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამთავრობო ტელევიზიები და სხვადასხვა სოციალური ქსელის ანგარიშები. სამთავრობო არხები „რადიკალებად“ მოიხსენიებენ მომიტინგეებს, ასევე, ხშირად ავრცელებენ მანიპულირებულ ფოტო/ვიდეომასალას აუდიტორიის იმაში დასარწმუნებლად, რომ აქციაზე „მოძალადეები“, „ნარკომანები“, „გარყვნილები“ და „ლიბერალური ფაშისტები“ დგანან. ასევე, პროპაგანდა პროტესტის მონაწილეებს მოიხსენიებს „აკაცუკებად“ და ამ გზით, ერთი მხრივ, მათ დაცინვას ცდილობს, ხოლო, მეორე მხრივ, მათ უცხოდ, ქართული საზოგადოებისთვის გაურკვეველ ჯგუფად წარმოაჩენს.

დეჰუმანიზაციის კლასიკურ განმარტებაში ჯდება თბილისის მერის, კახა კალაძის, ბოლოდროინდელი განცხადებაც. კერძოდ, 8 სექტემბერს თბილისში, საკუთარ საარჩენო შტაბთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს (რომელშიც ჩანს, თუ როგორ ურტყამს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პროტესტის მონაწილე ქალს) კომენტირებისას, კალაძემ განაცხადა: „არცერთი არაა ქალი, ქალი არაა აქ არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის აქ, სად არის ქალი? აბა, მითხარით ერთი, მაჩვენეთ, რომელია ქალი“. რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა იქვე დაამატა მომიტინგეთა დეჰუმანიზაციისთვის გამიზნული რამდენიმე საგანგაშო გზავნილი: „კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალი შეუფერებლად იქცევა, ძალადობს და ბილწსიტყვაობს. მესმის, რომ ძალიან რთულია, მოთმინებით უპასუხო ისეთ ადამიანებს - ქალებს და კაცებს, რომლებიც გუშინ და გუშინწინ საარჩევნო შტაბს დაესხნენ თავს. ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს. აღარაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული ჯგუფი. ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციებში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფერში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა“.

 

***

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ დეჰუმანიზაცია, როგორც მოწინააღმდეგის არაადამიანურ არსებად წარმოჩენის პროცესი, ავტორიტარული რეჟიმების ხელში ძალაუფლების შენარჩუნებისა და საზოგადოების კონტროლის მძლავრ იარაღს წარმოადგენს. პროპაგანდის საშუალებით, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს სიძულვილს, სტერეოტიპებსა და მანიპულაციურ ინფორმაციას, სამიზნე ჯგუფებისგან იქმნება მტრის ხატი. ისინი წარმოჩინდებიან, როგორც „მავნებლები“, „მოღალატეები“ და ეგზისტენციალური საფრთხე სახელმწიფოსთვის, რაც მათ მიმართ ძალადობისა და სისასტიკის ლეგიტიმაციას ემსახურება. ეს პროცესი, პირველ რიგში, ხელს უწყობს ინდივიდებში მორალური ბარიერების რღვევასა და დანაშაულის გრძნობის გაქრობას, რადგან მსხვერპლი მათ მიერ აღარ აღიქმება ადამიანურ არსებად. ისტორიული მაგალითები კი ნათლად აჩვენებს, თუ რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება მსგავსმა პროპაგანდამ.

დეჰუმანიზაციის საგანგაშო ნიშნები თანამედროვე საქართველოშიც იკვეთება. „ქართული ოცნება“ და მისი საინფორმაციო არხები სულ უფრო ხშირად იყენებენ ამ სტრატეგიას - პოლიტიკური ოპონენტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროტესტში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ. ისეთი იარლიყების გამოყენება, როგორებიცაა „უცხო ქვეყნის აგენტები“, „მოღალატეები“, „სატანისტები“, „რაღაც სხვა ჯიში“, „უსამშობლო მასა“ და სხვა, მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, მათ მიმართ წარმოებული უსამართლო მოპყრობის გამართლებას, ხოლო მეორე მხრივ, სიძულვილის გაღვივებასა და ქვეყნის წინაშე არსებული არაერთი გამოწვევის გადაჭრის გზებზე საუბრის ნაცვლად, ე.წ. „განტევების ვაცების“ ძიებას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ შინაგანი ბარიერის აღმართვა პროპაგანდისა და სიძულვილის წინააღმდეგ და არ აჰყვნენ დეჰუმანიზაციის ამ  სახიფათო ტალღას, რომელიც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ყოფს და სახელმწიფოს მომავალს ანადგურებს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე