პუბლიკაციები

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია და მართლმსაჯულების ადგილი მის საარჩევნო პროგრამაში

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, გარდა მისი ისტორიული მნიშვნელობისა, განსაკუთრებით საინტერესოა წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით. მმართველი ძალა ისე პოზიციონირებს, თითქოს უმრავლესობის დაკარგვის შესაძლებლობას თეორიულადაც კი არ განიხილავს. შესაბამისად, არ პასუხობს კითხვას, როგორ მოიქცევა იმ შემთხვევაში, თუ მას ხელისუფლების გადაბარება მოუწევს და „ქუდზე კაცის“ კამპანიას ატარებს. პარტიის ლიდერების განმარტებით, შესაძლოა მათ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ერთი ან რამდენიმე ხმა დააკლდათ, რისი პრევენციისთვისაც საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება სჭირდებათ.

არჩევნების მიმართ პარტია „ქართული ოცნების“ სერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს სხვადასხვა რეგიონში მათ მიერ ჩატარებული გასვლითი შეხვედრები, რომლებშიც, მართალია, შუშის ბარიერით, თუმცა მაინც მონაწილეობს პარტიის საპატიო თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ „ერის მამად“ და „მშვიდობის მთავარ გარანტად“ წოდებული  ბიძინა ივანიშვილი. ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურის  შეწუხება, მისი სიცოცხლის მიმართ არსებული იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებზეც თავად აპელირებენ, სიფრთხილის უმკაცრესი ზომების მიღების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვაბანკზე წასვლად აღიქმება.

მმართველი გუნდის ყველა წამყვანი სახე, მათ შორის, მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც, ერთ დროს, პრეტენზია ჰქონდა მის მიერ გადაწერილი კონსტიტუციის უნაკლობაზე, ამომრჩეველს, კონსტიტუციაში ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის ცვლილებების გატარების მიზნით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭებას სთხოვს. ამგვარი თხოვნა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ „ქართულ ოცნებას“, 2016 წლის არჩევნების შედეგად, ერთხელ უკვე ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამასთან, 12 წელია, ხელისუფლებაშია. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რატომ მივიდა საქმე იმ აპოკალიფსურ სურათამდე, რომელსაც ახლა თავიანთ ამომრჩეველს უხატავენ.

 

რატომ ითხოვს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას?

 

„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა

ქართული ოცნება ასახელებს საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროების ოთხ მთავარ მიზეზს. როგორც ჩანს, პირველ რიგში, ამ სახის უმრავლესობა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის უნდა. სწორედ ამ გზით ჰპირდება მმართველი გუნდი ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას და ამ პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისად“ მოიხსენიებს, რაც, დაპირების თანახმად, 12 წლის წინ უნდა დაეწყო.

აქვე უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის  დანანებით ნათქვამი ფრაზა, რომელიც პოლიტსაბჭოს განცხადებაშიც გვხვდება: „როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა სამზე მეტი ვადით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს დემოკრატიულ პროცესს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში, გარკვეული პერიოდულობით, ერთმანეთს ხელისუფლებაში ერთმანეთზე უკეთესი პოლიტიკური ძალები უნდა ანაცვლებდნენ, რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ რიტორიკით, დემოკრატიაზე მოფიქრალი ქართული ოცნება, რომელსაც ხელისუფლებაში, მინიმუმ, 2030 წლამდე დარჩენის გეგმა არასდროს დაუმალავს, გვარწმუნებს, რომ თავადაც ხვდება საკუთარი ხელისუფლების შეცვლის საჭიროებას. თუმცა, რადგან უკეთეს ძალას ვერ ხედავს, ღირსეული შემცვლელის არსებობაზე ახალი მოწვევის პარლამენტში იზრუნებს და ამ  მიზნით, პირველ რიგში, ოპოზიციას გააუქმებს. ყველას, ვინც „ქართული ოცნების“ საქმიანობას ყურადღებით აკვირდება, აღნიშნული გეგმის მოსმენისას გაახსენდება ბიძინა ივანიშვილის დაპირება, „დემოკრატიით ევროპის გაოცების“ შესახებ.

 

ტრადიციული ფასეულობების, ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა

საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ასევე ტრადიციული ფასეულობების, ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნისთვისაც სჭირდება. ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრა, 12-წლიან პერიოდში, უკვე მეორედ წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელს და შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს დაცდილი.

კერძოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისში, რომელსაც, როგორც ვიცით, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლა მოჰყვა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უარის შედეგად, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახის კამპანია, რაც ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციურად დავიწროებას გულისხმობდა, ჯერ კიდევ 2014 წელს, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვების პარალელურად, დაიწყო იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამას, როგორც ერის უფლებას, ისე მოიხსენიებდა.

საბოლოოდ, მისი დიდი სურვილი შეასრულა იმ დროისთვის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ამჟამად - მოქმედმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ. მმართველი გუნდის ამ პოპულისტური ნაბიჯის შედეგად, 2017 წლის კონსტიტუციით განისაზღვრა ქორწინება, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა. კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიზეზი გახდა ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვა. „ქორწინების დეფინიციის გაფართოება, ხშირად ხდება სპეკულაციისა და მანიპულაციის საგანი, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას. ამგვარი სპეკულაციისა და მანიპულაციის პრევენციისათვის, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ქორწინების ცნების კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა“, - ვკითხულობთ ცვლილების საჭიროების დასაბუთებაში. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ განმარტებით, როგორც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში,  ამ ცვლილების შემთხვევაშიც, კონსტიტუციით უფლების შეზღუდვის აუცილებლობა ამავე უფლებებისა და ზოგადად, დემოკრატიის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

თუმცა, ამ მხრივ, ვითარება შეცვლილია 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ახლა მმართველი ძალა აღარ ცდილობს თავისი რეალური მიზნის აბსურდულად შეფუთვას. დაპირება, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსა და მისი ლიდერების განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების საშიში ტენდენციის შესაჩერებლად. „კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა, სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა“, - ვისმენთ მმართველი გუნდისგან.

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

„ქართული ოცნება“ ასევე მანიპულირებს ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემით - დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივით და აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობით. მათი მტკიცებით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, დიდია მოლოდინი იმისა, რომ საქართველომ მშვიდობით დაიბრუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რასაც კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები დასჭირდება.

„ქართული ოცნების“ ამ გზავნილს უკვე გასცეს შესაბამისი პასუხი ოკუპანტებმა, რომლებიც „ბოდიშს“ სიამოვნებით დაელოდებიან, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავენ 2008 წლის გადაწყვეტილებების გადახედვას. მმართველი გუნდი, ამ განცხადებების უგულებელყოფით, ამტკიცებს, რომ ეს პროცესი რეალურია და თუ ვინმემ შეიძლება მისი შეფერხება განიზრახოს, ეს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობაა“. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს არწმუნებს, რომ არ არის გარანტია იმისა, რომ ოპოზიცია ასეთ მნიშვნელოვან საკითხში წინააღმდეგობას არ გამოიჩენს, რამდენადაც ისინი იმართებიან „გლობალური ომის პარტიის“ მიერ, რომლის ინტერესებშიც, მისი  მტკიცებით, არ შედის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნება. 

 

მართლმადიდებლური რელიგიის განსაკუთრებული როლის აღიარება

საქართველოს არჩევნების ისტორია ნათლად წარმოაჩენს  არჩევნებზე მართლმადიდებლური რელიგიისა და საპატრიარქოსთან ურთიერთობის მნიშვნელოვან გავლენას. შესაბამისად, უსაფუძვლოა იმის მოლოდინი, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია დაცლილი იქნება მასთან ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული დაპირებებისგან.

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროებისა და მართლმადიდებლური რელიგიის საკითხის დაკავშირება ელექტორალურად მომგებიანი იქნებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ ოთხპუნქტიან სიაში მისი შეყვანა განიზრახა. საზოგადოებაში დაიწყო საუბრები მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. თუმცა ეს საპატრიარქოსთვის ნაკლებად მიმზიდველი წინადადება აღმოჩნდა, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მომხიბვლელი სიტყვების უკან, შესაბამისი გარანტიები დაენახა.

მხოლოდ 31 აგვისტოს ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომ შეთანხმება მიღწეულია - მართლმადიდებლური ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდება და მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, მისია საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ აისახება. ივანიშვილმა ასევე დასძინა, რომ ამით ჩრდილი არ მიადგება და კონსტიტუციით სრულად განმტკიცდება მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა, რაც, სავარაუდოდ, გაჭიანურებული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის იმპიჩმენტი Vol. 2

დამაჯერებელი უმრავლესობის მისაღებად, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი საფუძვლის შექმნა სცადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს უკავშირდება. მმართველი გუნდი თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ „მოღალატე“ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის სათავეში მათივე კამპანიის მხარდაჭერით მოვიდა და რომელსაც უფლებამოსილების ვადა ისედაც ეწურება, ქართველი ამომრჩევლის სახელით, სახლში გაუშვებს.

თუმცა, ვინაიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო, ეს დაპირება მეორე ფლანგზეა გადაწეული, რადგან სამიზნე საკონსტიტუციო უმრავლესობაა (რაც 113 მანდატს გულისხმობს), რომლის გარანტირების შემთხვევაშიც, ასეთ „მარტივ საკითხებს“ დაუბრკოლებლად გაუმკლავდებიან. 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გასამართლება 2008 წლის ომისთვის

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - „ქართული ოცნება“ 113 მანდატს ითხოვს, რათა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები 2008 წლის ომის წამოწყებისა და მისი შედეგების გამო გაასამართლოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეთანხმება მის ამომრჩეველთან და დაპირება, რომელიც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ საყრდენს აძლიერებს.

კერძოდ, „ქართული ოცნების“ კამპანია არაფერია, თუ არა აქცენტირება ომსა და მშვიდობაზე, რომელშიც ქართული ოცნების დამარცხება უდრის ომს. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენენ, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთ ლიდერს, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა და არც იქნება; ლიდერს, რომელმაც 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოგვიტანა; ლიდერს, რომელიც 2008 წელსაც შეძლებდა ომის არიდებას. ამის საპირწონედ კი „ქართული ოცნების“ რიტორიკაში არის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, მმართველი ძალის მტკიცებით, 2022 წელს, ძალაუფლების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანას უთუოდ ომში გახვევდა.

ამ კამპანიის ნაწილია ბილბორდები - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“, რომლებზეც ერთ მხარეს წარმოდგენილია უკრაინა,  ომის შედეგად დანგრეული და გადამწვარი შენობებით, მეორე მხარეს კი - საქართველო, „ქართული ხელისუფლების“ პირობებში აშენებული თუ რესტავრირებული ობიექტებით. თავად მმართველი გუნდის განცხადებით, ეს ბანერები საჭირო გახდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს უმალავს სიმართლეს, თუ რა ხდება უკრაინაში.

მეტიც, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა  ორგანიზაციამ  - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების გასამართლებაც კი მოითხოვა. „შესაძლებელია მოხდეს აღწერა კრიმინალური პარტიების თითოეული ამომრჩევლის, ვინც უნდა გააცნობიეროს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია! თითოეულ ამ ადამიანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მტრობისა და დაუსრულებელი რყევის გამო“, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.

ამ სახის განცხადება სხვა დროსა და კონტექსტში შესაძლოა ღიმილის ღირსადაც არ ჩაეთვალა ამომრჩეველს, თუმცა იმ დაპირებების გათვალისწინებით, რომლებსაც მმართველი პარტია გასცემს, არც თუ ისე სასაცილოდ ჟღერს. მისი მიზანიც სწორედ ეს არის - დანერგოს შიში და განცდა, რომ ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არა მხოლოდ მის დაკარგვას გამოიწვევს, არამედ შეიძლება, უფრო მძიმე სამართლებრივი შედეგებიც კი მოჰყვეს. მართალია, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას გამორიცხა ამომრჩეველთა სამართლებრივი დასჯა, თუმცა ზოგადად პასუხისმგებლობის ნაწილზე ყურადღება გაამახვილა, რაც ერთგვარი გზავნილია, რომ უმრავლესობით მეოთხედ მოსვლის შემთხვევაში, ის მხოლოდ „მისი ხალხის“ პრემიერი იქნება.

 

წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია და  მართლმსაჯულებაზე დუმილი

 

სწორედ კამპანიის „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ გაგრძელებაა რეგიონებში გასვლით შეხვედრებზე გაჟღერებული განცხადებები. მმართველი გუნდი, ეკონომიკურ და სხვა დანარჩენ მაჩვენებლებზე საუბრისას, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მშვიდობასა და ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, თავისი პოლიტიკის როლზე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავსი შედეგები მიუღწეველი იქნებოდა დღევანდელი ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის ანუ ომიანობის შემთხვევაში. ამდენად, მაჩვენებლების გაუმჯობესების დაპირებასთან ერთად, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს მუდმივად შეახსენებს, რომ ყველა მიღწევა წარსულში დარჩება, თუკი არჩევნებში ოპოზიციის დამარცხება, შესაბამისად, მშვიდობა გარანტირებული არ იქნება.

2024 წლის 7 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. მისი განცხადებით, დროის სიმცირის გამო, დოკუმენტის სრულად წარმოდგენა რთული იქნებოდა, ამიტომ ის იძულებული გახდა, ყურადღება მხოლოდ ძირითად საკითხებზე გაემახვილებინა.

სამოცდაათწუთიან პრეზენტაციაში, დროის სიმცირის გამო, ვერ მოხვდა მართლმსაჯულების საკითხი, თუმცა დრო მოიძებნა, მათ შორის, ჰაერის დაბინძურების თემასა და სპორტულ მიღწევებზე სასაუბროდ. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ გაქრა „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსიდან როგორც მართლმსაჯულების მხრივ არსებული გაუმჯობესება, ისე ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები. 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძირითადი საკითხებიდან მართლმსაჯულების გამორიცხვით,  მმართველი გუნდი ამომრჩეველს უქმნის ილუზიას, თითქოს ამ მიმართულებით უმაღლეს სტანდარტს მიაღწია და შემდგომი გაუმჯობესება შეუძლებელია. თუმცა, თუკი ამის თავად სწამთ, კიდევ უფრო უცნაურია, რატომ გამოტოვეს მთავარი მიღწევებიდან, როდესაც შეეძლოთ, ამით თავიანთი პოლიტიკური ქულა გაეზარდათ. ამის ნაცვლად, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გასვლით ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე შემთხვევაში (რუსთავსა და თელავში), მხოლოდ ზედაპირულად ახსენა, რომ მისმა მთავრობამ გააჯანსაღა სასამართლო და პროკურატურა.

ასეთი ზოგადი ფორმულირება მით უფრო უცნაურია, როცა მმართველი გუნდი, 2012 წლიდან მოყოლებული, გამოირჩევა მართლმსაჯულების მხრივ არსებულ მიღწევებზე საუბრითა და ისეთ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გამუდმებული აპელირებით, როგორებიცაა დანაშაულის მაჩვენებლის შემცირება, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდა, ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებლის, პატიმრობის შეფარდებისა თუ ჯარიმებისა და გირაოს შეფარდების მაჩვენებლის კლება და სხვა. ამ სახის განცხადებებს აკეთებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ რიგითი წარმომადგენლები, ისე თავად ბიძინა ივანიშვილი, სამთავრობო მედია „TV იმედი“ და მოსამართლეებიც კი. მეტიც, გვახსოვს  ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ფაქტიც.

მეორე დაშვებით, შესაძლებელია, რომ მართლმსაჯულებაზე ნაკლები აქცენტირება გამოწვეული იყოს ბოლო წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისი პოლიტიზების მიმართ გაზრდილი წუხილი, რომლის გასაფანტად მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების დაპირისპირება (რომლებიც, ზოგიერთი მიმართულებით, უარესდებოდა) შესაძლოა არასაკმარისი იყოს.  ამ დაშვებას შეიძლება ამტკიცებდეს ისიც, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მართლმსაჯულებაზე დუმილი დაარღვია IPSOS FRANCE-ის კვლევამ, რომელიც მოსახლეობის აღქმებს ზომავს და რომლის შედეგებიც ბიძინა ივანიშვილმა 15 ოქტომბერს, ზუგდიდში გამართული შეხვედრისას, სიამაყით გააჟღერა.

„TV იმედის” სიუჟეტის თანახმად, 2024 წლის ზაფხულში ჩატარებული IPSOS-ის კვლევა აჩვენებს, რომ „გამოკითხულთა 61%-ის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, არის ძალიან ან მეტწილად კარგი“. შემდეგ ჟურნალისტი, მეტი დეტალის გასაცნობად, კითხვას თავად კვლევის ავტორს, პროფესორ იან ვან დაიკს უსვამს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს დიაგრამებს, რომლებიც დასათაურებულია შემდეგნაირად: „სასამართლოებისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა“. სამწუხაროდ, მის მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან არ ჩანს, თუ რა სახის კითხვა დაუსვეს გამოკითხულებს. დიაგრამებიდან მხოლოდ იმის გაგება არის შესაძლებელი, რომ გამოკითხულთა 10%-მა მონიშნა პასუხი „ძალიან კარგი“, 51%-მა - „მეტწილად კარგი“, 18%-მა - „მეტწილად ცუდი“, 10%-მა - „ძალიან ცუდი", ხოლო 11%-მა არ იცოდა დასმულ კითხვაზე პასუხი.

როგორც ამ დიაგრამის საფუძველზე თავად ავტორი განმარტავს, „საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან“. ის ასევე აზუსტებს, რომ მათ მიერ 2018 წელს პირველად ჩატარებული კვლევის შემდეგ, ეს მონაცემები გაზრდილია,  რასაც დადებითად აფასებს და ამ გაუმჯობესებას მთავრობის მიერ 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ რეფორმებს უკავშირებს.

ავტორი, სავარაუდოდ, მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, “IPSOS France”-ის, “Amicus Curiae”-ს, პროფესორ ვან დაიკისა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესკვლევების საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ 2018 წლის ბოლოსთვის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე. ამ კვლევის მიხედვით, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგვიძლია იმის იდენტიფიცირებაც, სავარაუდოდ, რა კითხვა დაუსვეს გამოკითხულებს. „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ფლობთ, როგორ შეაფასებდით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას სასამართლოებისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით? იტყოდით, რომ ის არის ძალიან კარგი, მეტწილად კარგი, მეტწილად ცუდი თუ ძალიან ცუდი?“ (იხ. სურათი 1).

სურათი 1:

წყარო: იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევა - საქართველოს სასამართლო სისტემის აღქმა მოსახლეობის მიერ, 2018, გვ. 13. 

როგორც წარმოდგენილი დიაგრამებიდან ირკვევა, 2018 წლის კვლევის თანახმად, სასამართლოსა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მართლმსაჯულების სისტემა, ჯამში, გამოკითხულთა 51%-ის მოსაზრებით, არის ძალიან კარგი ან მეტწილად კარგი. რაც 10 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება 2024 წლის კვლევის მიხედვით დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

თუმცა ამ კითხვაში არ არის ნახსენები მთავრობისგან დამოუკიდებლობის ხარისხი, რაზეც თავის ანალიზში კვლევის ავტორი საუბრობს და ასევე, ყურადღებას ამახვილებს ბიძინა ივანიშვილიც. სინამდვილეში, აღნიშნული კვლევა ცალ-ცალკე ზომავს როგორც უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ისე პოლიტიკური ძალებისგან სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ აღქმებს. მაგალითისთვის, 2018 წლის კვლევაშივე ცალკე იყო კითხვა დასმული იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის სასამართლო საქართველოში დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, სადაც გამოკითხულთა 12%-მა მიიჩნია, რომ ის დამოუკიდებელია მსგავსი გავლენებისგან, ხოლო 33% ნაწილობრივ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, რაც, ჯამში, 45%-ს შეადგენს. ამასთან, აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ, 22%-მა სრულებით გამორიცხა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს პასუხები კი არ არის თანხვედრილი წინა დიაგრამაში არსებულ პასუხებთან. ამასთან, 2018 წლის კვლევა ცალკე ზომავდა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების გავლენებს მოსახლეობის აღქმებზე.

ასეთ პირობებში, მხოლოდ ერთი მონაცემის აღება და საზოგადოებისთვის ძირითად მიგნებად გამოტანა, მით უფრო, იმის მტკიცება, რომ გამოკითხულებმა მასში მართლაც მთავრობისგან დამოუკიდებლობა იგულისხმეს და რომ ეს 12-წლიანი მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების შედეგია, ამ მონაცემის მანიპულაციურ გამოყენებაზე მიგვანიშნებს. მსგავსი ფორმით კვლევის პრეზენტაცია კი აცდენილია იმ მიზანს, რომელსაც, წესით, ამ სახის კვლევის ჩატარება და მისგან მიღებული ინფორმაცია უნდა ატარებდეს.

საინტერესოა, რომ 10 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში გამართულ გასვლით ღონისძიებაზე, შემდეგ კი 15 ოქტომბერს  ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ახსენა, რომ „სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია“. ის განცხადებაში არ უთითებს, თუ რომელ კვლევაზე დაყრდნობით ასახელებს ამ მონაცემებს, შესაბამისად, რთულია მისი გადამოწმება. თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ (WJP) სამართლის უზენაესობის ინდექსი, რომლის 2023 წლის ბოლო ანგარიშზე დაყრდნობით, სრულიად სხვა დასკვნა იკითხება.

კერძოდ, 2023 წლის ინდექსის „ქვეფაქტორთა დეტალური განხილვის შედეგად, მიღებულია სურათი, რომლის მიხედვითაც, მართლმსაჯულების სისტემაში, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი თუ სამოქალაქო მართლმსაჯულების განხორციელება, თვალსაჩინოა ხელისუფლების გავლენების შესახებ წუხილი. თავის მხრივ, მონაცემთა ანალიზით იკვეთება სასამართლო ხელისუფლებისგან მთავრობის კონტროლის შესაძლებლობის დეფიციტი“.

ამასთან, მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურადღებას  ამახვილებს  მხოლოდ სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულისთვის ჩაბარებაზე, პატიმართა რაოდენობის 2.5-ჯერ და პენიტენციურ დაწესებულებებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის 10-ჯერ შემცირებაზე. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მმართველმა გუნდმა სწორედ ამ საკითხებზე აქცენტირება აირჩია. ეს სწორედ ის სენსიტიური თემებია, რომლებმაც, დიდწილად, 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა. ციხეები და პატიმრები იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებია, რომ ამ მაჩვენებლებით თავის მოსაწონებლად, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მეორედ გამოაცხადა ამნისტია, რომელიც ათასობით ადამიანს შეეხო.

საინტერესოა, რომ ივლისის თვეში ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი საჭიროება დასაბუთებული იყო პატიმართა რიცხოვნობასთან დაკავშირებული გამოწვევით, რომელიც ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. „საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში პატიმართა უფრო მეტ რიცხოვნობასთან დაკავშირებული გამოწვევის დასაძლევად, მიზანშეწონილია, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით...საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, აგრეთვე დანიშნული სასჯელი შეუმცირდეთ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდეთ პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები, პრეზიდენტზე იერიშის დროს, გულისტკივილს გამოხატავდნენ თითოეულ იმ პატიმარზე, რომელთა თავისუფლების გადავადებას პრეზიდენტი, თავისი უმოქმედობით, ხელს უწყობდა. „ქართული ოცნება“ ამნისტიას ჰუმანურ აქტად მოიხსენიებდა, თუმცა, როგორც ვნახეთ, დასაბუთების თანახმად, ის, უმთავრესად, იმ მაჩვენებლების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, რომლებითაც მმართველი პოლიტიკური ძალა განსაკუთრებით ამაყობს და ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს.

ეს მაჩვენებლები კი, როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ციხესა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე აპელირებით, „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას შეახსენებს და მასთან დაკავშირებულ შიშს უღვივებს.

 

***

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია, შეიძლება ითქვას, ფორსმაჟორულ რეჟიმში მიმდინარეობს. მმართველი გუნდი, რომელიც ირწმუნება, რომ თეორიულადაც არ განიხილავს უმრავლესობის დაკარგვას, თავის ისე წარმოჩენას ცდილობს, თითქოს მთელი მათი მრავალთვიანი უპრეცედენტო მობილიზება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების უზრუნველყოფას ემსახურება. მათი გზავნილები და ქმედებები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

მმართველი გუნდი ამომრჩეველთან მხოლოდ ზედაპირულად აჯამებს თავისი მოღვაწეობის 12 წელიწადს და ისე პოზიციონირებს, თითქოს ახლა მიღწევებზე საუბრის დრო არაა, რადგან არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გაკეთდეს. ასეთ რეალობაში კი სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. შესაბამისად, ასეთ პირობებში გასაკვირი არაა, რომ დღის წესრიგიდან მართლმსაჯულების საკითხი წაშლილია და ერთადერთი დაპირება, რომელიც სამართლიანობის აღდგენის სახელით არის შეფუთული, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ დასჯა და მისი საბოლოოდ აკრძალვაა.

თავის მხრივ, როგორ არარეალისტურადაც უნდა ჟღერდეს საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გათვლები, ამ სახის დაპირებების უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან ისინი სცდება მხოლოდ იაფფასიან პოპულიზმს. სინამდვილეში, გულუბრყვილო იმედია, თითქოს ეს ემსახურება მხოლოდ წინასაარჩევნოდ სენსიტიური თემებით ამომრჩევლების გულის მოგებას და შეიძლება 12 წლის წინ გაცემული დაპირებების უმრავლესობის ბედი გაიზიაროს - არ შესრულდეს, ან უხარისხოდ შესრულდეს. ის საკითხები, რომელთა მოსაგვარებლადაც მმართველი გუნდი ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობას ევაჭრება, იმ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლო წლებში თანმიმდევრულად მიჰყვება. შესაბამისად, ამ საკითხების პრიორიტეტიზაციით, მმართველი გუნდი ცდილობს, ავტორიტარიზმის გასაფორმებლად სახალხო ლეგიტიმაცია მოიპოვოს, რის შემდეგაც, მართლმსაჯულებაც და სხვა საკითხებიც მხოლოდ ფორმალობად დარჩება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია