რას დაეყრდნო სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილება? - შრომის ბაზრის კვლევის შეფასება
ილუსტრაცია: GEOpolitics
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დააანონსა უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელიც, მისვე განმარტებით, ამ სფეროში არსებული შვიდი ძირითადი გამოწვევის პასუხად წარადგინა. ამ გამოწვევებს შორისაა შეუსაბამობა უმაღლესი განათლების მიწოდებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების - სახელმწიფო უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების კვოტების - ცენტრალიზებულად განსაზღვრის მთავარი არგუმენტია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით, შრომის ბაზარი გამოიკვლია. აღნიშნული კვლევა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის თებერვალში საჯაროდ წარადგინა. კობახიძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველწლიურად, ჩარიცხული სტუდენტების ოპტიმალური რაოდენობა 14 400-ია, 2025 წელს კი უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით 32 000 სტუდენტი ჩაირიცხა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არაერთ სექტორში უმაღლესი განათლების მქონე პირები ჭარბობენ, როდესაც ბაზარზე, ჩვეულებრივ, პროფესიული ან ზოგადი განათლება უნდა იყოს დომინანტი. კვლევის შედეგებში აღინიშნა ისიც, რომ სამართალში, ეკონომიკაში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კადრების სიჭარბეა, ხოლო საექთნო, მშენებლობის, პედაგოგიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით - დეფიციტი. მთავრობის ცნობით, კვოტები შესაბამისად გადანაწილდა.
იმის შესახებ, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას უმააღლესი განათლების რეფორმამ ინსტიტუციურ ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, Gnomon Wise-მა გასულ თვეებში რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა. მათში გაანალიზებულია, თუ როგორ შეიძლება რეფორმამ ეს პრინციპები დააზიანოს. ამის მიღმა, საინტერესოა თავად იმ დოკუმენტის ანალიზი, რომელზე დაყრდნობითაც მთავრობამ საკუთარი უფლებამოსილების ამგვარი გაფართოება გადაწყვიტა. კერძოდ, რამდენად უჭერს მხარს შრომის ბაზრის კვლევა მთავრობის დასკვნებს და ამართლებს, თუ - არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების ცენტრალიზებულად განსაზღვრას.
წარმოდგენილი ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიური შეზღუდვები
კვლევის ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორში არსებული მოთხოვნის გამოსავლენად გამოიკითხა სახელმწიფო სექტორი სრულად და 12 500 კერძო საწარმო. ასევე, გამოყენებულია Cambridge Econometrics-ის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელი. ავტორების ცნობით, კვლევა ასევე ითვალისწინებს ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტებს, როგორებიცაა ანაკლიის პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვა. ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ კვლევა „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის" შესაბამასია, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციების, როგორებიცაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის განათლების ფონდი (ETF) და პროფესიული სწავლების განვითარების ევროპული ცენტრი (CEDEFOP), თუმცა, წარმოდგენილი პრეზენტაციით, საბაზისო რაოდენობრივი მონაცემების, ტექნიკური პარამეტრების გარეშე, კვლევის სრულფასოვანი შეფასება რთულია. ამასთან, კითხვებს აჩენს ისიც, რომ კვლევა უნივერსიტეტებში კვოტების დადგენის შემდეგ გამოქვეყნდა, რამაც კვლევის ვალიდურობის შემოწმებისა და მასზე დაფუძნებული მსჯელობის სივრცე შეზღუდა მაშინ, როდესაც თავად CEDEFOP-ის მეთოდოლოგიის შეზღუდვების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მხოლოდ ამ ეკონომიკურ პროგნოზებს არ უნდა დაეყრდნოს და აღნიშნული მეთოდი ერთ-ერთი მონაცემია ფართო პოლიტიკური განხილვისთვის.
კვლევის მიხედვით, მომავალ 5 წელიწადში კერძო და საჯარო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე კადრებზე მოთხოვნა 64 095 იქნება. ვინაიდან გამოქვეყნებული კვლევის დოკუმენტი, ისევე, როგორც ირაკლი კობახიძის პრეზენტაცია, არ მოიცავდა კვლევის ტექნიკურ ანგარიშს იმაზე, თუ როგორ წარიმართა ზუსტად კვლევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერ, მაკროეკონომიკური მოდელის გამოყენებით, განისაზღვრა დასაქმების ზრდის საერთო პროგნოზი, ხოლო შემდეგ უმაღლესი განათლების მქონე პირებზე მოთხოვნა გადანაწილდა კერძო და საჯარო სექტორების გამოკითხვის მიხედვით. ეს გამოკითხვები ასახავს ამჟამინდელ მოთხოვნას სამუშაო ძალაზე, რაც, თავის მხრივ, სუსტი მონაცემია შრომის ბაზრის გრძელვადიანი პროგნოზირებისთვის, რადგან სატვირთო კომპანიის მენეჯერი, რომელიც ამბობს, რომ ორი სატრანსპორტო ინჟინერი სჭირდება, საუბრობს დღევანდელ ოპერაციულ ხარვეზზე და არა იმაზე, თუ რა დასჭირდება სექტორს მომავალ 5 წელში.
კვლევის პრეზენტაციის თანახმად, ავტორებმა მაკროეკონომიკური მოდელის შედეგები „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორს“ დაუკავშირეს. ამ პროცესში გამოიყენეს დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO), რათა დადგენილიყო კონკრეტული პროფესიების შესაბამისობა საგანმანათლებლო სფეროებთან. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ინსტრუმენტი მხოლოდ ზოგად მოდელს ქმნის და ვერ ასახავს რეალურ, კომპლექსურ სურათს. მაგალითად, სამართლის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების კურსდამთავრებულთა ნაწილი შესაძლოა დასაქმებულია პოზიციებზე, რომელთა დასაკავებლადაც, კვლევის მიხედვით, პირს სამართალმცოდნეობა, ეკონომისტობა თუ სოციალური მეცნიერებების დიპლომი არ მოეთხოვება. რისკების ანალიტიკოსი ან პოლიტიკის მკვლევარი, რომელსაც სამართლის დიპლომი აქვს, კვლევის არცერთ კატეგორიაში არ ხვდება. შესაბამისად, შედეგი, რომ სამართლის კურსზე ჩარიცხული 3 598 ადამიანიდან, წლიური მოთხოვნა მხოლოდ 678 კურსდამთავრებულზეა, არასრულ სურათს აჩვენებს.
ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად, შესაძლოა გამოიყენებოდეს პროცესის მიყოლის მეთოდი (Process Tracing Method). თვისებრივი კვლევის ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, დროში დავაკვირდეთ კურსდამთავრებულის პროფესიულ ტრაექტორიას და დავადგინოთ, სად და რა პოზიციაზე დასაქმდა იგი სწავლის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია კონკრეტული მიზეზშედეგობრივი ჯაჭვის აგება, რომელიც აკადემიურ მომზადებასა და პროფესიულ გამოცდილებას აკავშირებს. მაგალითად, ფილოსოფიის პროგრამის კურსდამთავრებული, რომელიც მონაცემთა ანალიტიკოსად ან პოლიტიკის მკვლევრად მუშაობს, მთავრობის მიერ წარმოდგენილ მოდელში შეიძლება შეცდომით მიიჩნიონ ადამიანად, რომელმაც „ვერ გამოიყენა დიპლომი", თუმცა სწორედ ამ დისციპლინისთვის დამახასიათებელი კვლევითი და ანალიტიკური უნარები იყო მისი დასაქმების მიზეზი. ასეთი მონაცემების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, მაგალითად, სოციოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულთა სიჭარბე რეალურია, თუ მხოლოდ ვარაუდი. ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ კურსდამთავრებულები „განწირულნი არიან, რათა ვერასდროს გამოიყენონ დიპლომი პროფესიულ საქმიანობაში” ის დასკვნაა, რომლისთვისაც ბაზრის კვლევის არსებული მონაცემები არ კმარა.
ამასთან, პრეზენტაციაში ბაზრის მოთხოვნა მოცემულია დეტალური პროფესიული ჯგუფების მიხედვით. მეთოდოლოგიურად, რაც უფრო ვიწროა საპროგნოზო ჯგუფი, მით უფრო იზრდება ცდომილების ალბათობა. მაგალითად, თუ მაკროეკონომიკური დაშვებით შესაძლებელია ზოგადად ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში ზრდის პროგნოზირება, გაცილებით რთულია იმის მტკიცება, რომ ბაზარს დასჭირდება მონაცემთა ბაზის ზუსტად 125 ადმინისტრატორი, ნაცვლად, ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტისა.
ეს საკითხი კიდევ უფრო პრობლემური ხდება, თუ გავითვალისწინებთ დროით ფაქტორს: რეფორმის შემდეგ, 2026 წელს ჩარიცხული სტუდენტი ბაზარზე 4-6 წლის შემდეგ გამოვა, როცა ეკონომიკური სურათი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად იქნება შეცვლილი. გარდა ამისა, 2030 ან 2035 წელს განვითარებული ეკონომიკური სექტორები დღეს შესაძლოა საერთოდ არ იყოს მოთხოვნადი, ან არც არსებობდეს და შესაბამისად, კვლევაში არ ჩანდეს. მაგალითისთვის, 1970-80-იან წლებში სამხრეთ კორეის მთავრობამ ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით განათლებაში მაშინ დაიწყო ინვესტირება, როდესაც ნახევარგამტარი მოწყობილობები ქვეყანაში თითქმის არ იწარმოებოდა. იმ პერიოდის ნებისმიერი კვლევა ამ სფეროში სპეციალისტებზე მოთხოვნას ვერ გამოავლენდა. მთავრობამ ადამიანური კაპიტალი ბაზრის განვითარებამდე მოამზადა და ინდუსტრიამ ეს პოტენციალი აითვისა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ბაზრის სიგნალები უნდა უგულებელვყოთ, თუმცა ეს აჩვენებს, რომ მხოლოდ დღევანდელ მოთხოვნაზე დაფუძნებული პოლიტიკა, სავარაუდოდ, ხვალინდელ შესაძლებლობებს გამოტოვებს, ვინაიდან არარსებული ან ნაკლებად განვითარებული სექტორისთვის ადამიანური რესურსების მენეჯერი სპეციალისტს ვერ მოითხოვს.
ამავე კანონზომიერებას კარგად წარმოაჩენს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი. კვლევა მას ერთ-ერთ სწრაფად მზარდ სფეროდ ასახელებს, 51 018 დასაქმებულითა და 8%-იანი წლიური ზრდის ტემპით. აღნიშნული კვლევა რომ 10 წლის წინ ჩატარებულიყო, როდესაც ეს ბაზარი ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული, აჩვენებდა, რომ მოთხოვნა დაბალია. შესაბამისად, კვლევის საფუძველზე, სახელმწიფო კვოტებს შეზღუდავდა და სექტორი ვერ განვითარდებოდა. ამის ნაცვლად, სტუდენტების ნაწილმა, სხვადასხვა სტიმულით, კომპიუტერული მეცნიერებები ისწავლა და ამ ადამიანური კაპიტალის გარშემო ინდუსტრია ბუნებრივად ჩამოყალიბდა და განვითარდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ დროითი ლოგიკა განათლებაში განსხვავებულად მუშაობს: პროგრამაზე მიღება ან მისი დახურვა, ფაკულტეტის ჩამოყალიბება ან კვლევითი პოტენციალის დაგროვება წლებს, ზოგჯერ ათწლეულებს მოიცავს. ამიტომ პროგრამაზე ადგილების შემცირების გადაწყვეტილება მრავალი კომპონენტისგან შედგება და ძირითად შემთხვევებში, უნივერსიტეტების ავტონომიის ნაწილია. თუმცა, იმ გამონაკლის შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს პროცესში ჩარევას, აუცილებლად უნივერსიტეტთან ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მომავალ წლებში საბაზრო მოთხოვნა ამ მიმართულებით არ გაიზრდება და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, შეუქცევადი შეცდომა არ აღმოჩნდება.
მოთხოვნა და მიწოდება შრომის ბაზარზე
რეფორმის, ისევე, როგორც შრომის ბაზრის, კვლევის ავტორები ბაზარსა და უმაღლეს განათლებას შორის შეუსაბამობას წარმოაჩენენ არა მოთხოვნის, არამედ მიწოდების პრობლემად. ეს მიდგომა განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ კონტექსტში, რომ თავად ბაზრის კვლევაც რეალურად მხოლოდ მოთხოვნის მხარეს სწავლობს, როდესაც მენეჯერებს ეკითხება, რომელი კადრების საჭიროება უდგათ. თუმცა, აკადემიური კვლევები აჩვენებს, რომ თუ უმაღლესი განათლების მქონე პირები ისეთ სექტორებში საქმდებიან, სადაც მოთხოვნა პროფესიულ ან ზოგად განათლებაზეა, ეს, მათ შორის, მიუთითებს, რომ ეკონომიკას არ აქვს მაღალკვალიფიციური კადრების ათვისების რესურსი. ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ წაახალისოს ინვესტიციები მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციაზე ორიენტირებულ დარგებში, უმაღლესი განათლების კვოტირება არსებულ, ნაკლებად პროდუქტიულ ბაზარს ერგება.
ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა ამჟამად უმეტესწილად საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის კადრებს მოითხოვს, მსგავსი კვლევა შესაძლოა სასარგებლო იყოს პროფესიული განათლების პოლიტიკისთვის, თუმცა ის ნაკლებად გამოდგება უმაღლესი განათლების გრძელვადიანი განვითარებისთვის. უნივერსიტეტების ხელოვნურად მორგება დღევანდელ შრომის ბაზარზე ნიშნავს არსებული ეკონომიკის უცვლელად შენარჩუნებასა და გაყინვას. თუ მიზანი მაღალპროდუქტიული ეკონომიკის განვითარება და ახალი სექტორების წახალისებაა, განათლების მიწოდების შეზღუდვა ქვეყნის პოტენციალს, რომელიც უფრო რთული და განვითარებული ეკონომიკის მშენებლობისთვისაა საჭირო, მხოლოდ შეამცირებს. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ტვირთის მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემაზე გადატანა უგულებელყოფს ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო პოლიტიკის როლს მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში.
შეჯამება
2026 წლის თებერვალში წარდგენილი შრომის ბაზრის კვლევა შესაძლოა აღწერდეს, თუ რა სჭირდებათ კომპანიებს დღეს და რომელ მიმართულებებზეა მოთხოვნა, თუმცა მისი შეზღუდვები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კვოტების ცენტრალიზებული დაწესების მართებულობას. კვლევა დიდწილად ეყრდნობა მენეჯერების სუბიექტურ მოლოდინებსა და დღევანდელ ხარვეზებს, რაც ვერ ასახავს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან პროცესს. გარდა ამისა, არსებული კლასიფიკატორების გამოყენება შეზღუდულად ადგენს კონკრეტულ დიპლომსა და კონკრეტულ სამუშაო ადგილს შორის კავშირს. ეს მიდგომა უგულებელყოფს უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინურობას და იმას, რომ კონკრეტული პროგრამის კურსდამთავრებულს მიღებული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
ამასთან, კვლევა შრომის ბაზართან შეუსაბამობას მხოლოდ მიწოდების (საგანმანათლებლო სისტემის) პრობლემად განიხილავს. სინამდვილეში, თუ მაღალკვალიფიციური კადრები ნაკლებად პროდუქტიულ სექტორებში საქმდებიან, ეს შესაძლოა, ეკონომიკის მიერ ცოდნის აუთვისებლობაზე მიუთითებდეს და არა - კადრების სიჭარბეზე. უმაღლესი განათლების ხელოვნური შეზღუდვა არსებულ ბაზარზე მორგების მიზნით, აჩენს რისკს, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს დღევანდელ ეკონომიკურ სტრუქტურას და დაკარგავს ახალი სექტორების განვითარების პოტენციალს.
შეჯამებისთვის: საქართველოში უმაღლეს განათლებაში რეფორმის საჭიროება რეალურია, მაგრამ ამ კვლევაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები გრძელვადიანი ინტელექტუალური კაპიტალისთვის შესაძლოა დამაზიანებელი იყოს და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას არ წარმოადგენდეს. სავარაუდოა, რომ განათლების მიწოდების შეზღუდვა დღევანდელი მოთხოვნის შესაბამისად, ვერც უმუშევრობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაჭრის. პირიქით, მან შესაძლოა შეაფერხოს ქვეყნის შესაძლებლობა, შექმნას მაღალპროდუქტიული ეკონომიკა, რომლისთვისაც უნივერსიტეტებში დაგროვებული ცოდნა განვითარების მამოძრავებელი ძალა იქნება.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.