ღონისძიებები

Gnomon Wise -ის პოლიტიკის დოკუმენტის "ახალი კორონავირუსი - ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა" ონლაინ პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის Facebook გვერდზე გაიმართა კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise -ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია.

დოკუმენტი წარადგინეს Gnomon Wise -ის მკვლევარებმა (ალექსანდრე რაქვიაშვილი, ირინა გურგენაშვილი, დავით ქუტიძე, თამარ ქეცბაია). პრეზენტაციის შემდეგ, მაყურებლებს მიეცათ ონლაინ რეჟიმში შეკითხვების დასმის საშუალება და  დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Gnomon Wise -ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობილი სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი პრობლემების ანალიზი და ამ გამოწვევების დაძლევის შესაძლო მეთოდებია წარმოდგენილი. დოკუმენტში შვიდი ქვეყნის (ჩინეთი, იტალია, შვედეთი, ტაივანი, გერმანია, სამხრეთ კორეა, იაპონია) მთავრობების ვირუსზე რეაგირების მეთოდებია აღწერილი.  ნაშრომში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ეპიდემიის დროს ინფორმაციის გამჭვირვალობასა და თანამედროვე მეცნიერული ნაშრომების კრიტიკული აღქმის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემებზეა გაკეთებული. ნაჩვენებია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, რაც შესაძლოა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენდეს. ხოლო, ამ ქმედებების ნეგატიური ეფექტი არა მხოლოდ უშუალოდ ეკონომიკის შემცირებას გულისხმობს, არამედ იმ ადამიანების სიცოცხლეზეც აისახება, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლი გახდებიან. აქვე, ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის ნეგატიურ შედეგებს შეამცირებს.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე.