ღონისძიებები

ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის: "ავტოკრატიზაცია დემოკრატიზაციის წინააღმდეგ - გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეფექტები"

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების:

ბაკალავრიატის ზედა საფეხურზე მყოფ (მე-3 და მე-4 კურსი) სტუდენტებს;

ბაკალავრებს, რომელთა სწავლის დასრულებიდან გასულია არაუმეტეს სამი წლისა;

მაგისტრანტებს.

ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ერთზე მეტი ავტორის მიერ. ასეთ შემთხვევაში, თითოეული ავტორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

 

საკითხის აქტუალურობა:

ბოლო ათწლეულში, გლობალურ აკადემიურ და უფრო ფართო საჯარო დისკურსში დამკვიდრდა შეფასება, რომ დემოკრატიზაციის მესამე ტალღას და მის მიღწევებს, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ავტოკრატიზაციის შემხვედრმა ტალღამ. ავტორიტარულმა რეჟიმებმა აჩვენეს შიდა რეფორმირებისა და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), ასევე დემოკრატიზაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ავტორიტარიზმისკენ სწრაფი ვარდნის (რუსეთის ფედერაცია) მაგალითები.

ამის პარალელურად, შეინიშნება დემოკრატიის ეროზია და უკუსვლა როგორც დამკვიდრებულ კონსტიტუციურ დემოკრატიებში, ისე დემოკრატიაზე ტრანზიციის წარმატებულ მაგალითებად აღიარებულ ქვეყნებში. უკრაინაში რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გაამკვეთრა გლობალური გამყოფი ხაზები კონსტიტუციურ დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის. ერთ -ერთი ხშირად გამოყენებადი პარადიგმა ამ აგრესიული ომისა და მისი ეფექტების გასაანალიზებლად სწორედ ავტოკრატიული რეჟიმების დემოკრატიებთან დაპირისპირებაა.

შესაძლებელია თუ არა საქართველოში ავტოკრატიზაციის მზარდი ტენდენციებისა და საქართველოს განვითარების ზოგადი ტრაექტორიის ანალიზი ამ გლობალური პროცესებისა და მოვლენების შუქზე? ეს კითხვა მეტწილად პასუხგაუცემელია და ამ საკითხებზე აქტიური საჯარო დისკუსია ნაკლებად მიმდინარეობს.      

კონკურსი მიზნად ისახავს ასეთი დისკუსიის ხელშეწყობას სტუდენტებში ცოდნისა და ცნობიერების გაზრდის გზით.

 

საკვლევი თემატიკა

ნაშრომები შესაძლოა მომზადდეს ერთ-ერთი ჩამოთვლილი თემის ფარგლებში ან მასთან დაკავშირებულ საკითხებზე:   

 

· ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესების გავლენა რეგიონულ და გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ავტოკრატიები და კონსტიტუციური დემოკრატიები როგორც გლობალური და რეგიონული აქტორები მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის პროცესში;

· ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესების გავლენა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე. ინდივიდუალური თავისუფლების მდგომარეობა ავტოკრატიებსა და კონსტიტუციურ დემოკრატიებში;

·  სამართლის უზენაესობის მიმართება ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესებთან; 

·  მედიის როლი ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესებში და მიმართება ამ პროცესებთან;

·  ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესების გავლენა ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე. ავტოკრატიული და კონსტიტუციური დემოკრატიის რეჟიმები და მათი ეკონომიკური მიღწევები;

· საჯარო პოლიტიკების (Public policy) შექმნა და განხორციელება ავტოკრატიებსა და კონსტიტუციურ დემოკრატიებში. ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესების გავლენა საჯარო პოლიტიკების შინაარსსა და პროცესებზე.

 

აღნიშნული თემატიკის მიხედვით,  მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ სტატიები სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერების, ეკონომიკის ასევე სხვა სოციალური მეცნიერების პერსპექტივიდან, ასევე, მულტიდისციპლინარული ან ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგიის საფუძველზე.

ნაშრომებს შესაძლოა ჰქონდეთ საქართველოზე, შედარებითი, რეგიონული ან/და გლობალური ფოკუსი.   

 

🏆კონკურსის პრიზები:

Gnomon Wise უზრუნველყოფს საპრიზო ადგილზე გასული ნაშრომების ინგლისურ ენაზე თარგმნას.

კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასული ყველა ნაშრომი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)  გამოქვეყნდება Gnomon Wise-ის ვებ-გვერდზე.

გარდა ამისა, საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:

           🥇 I ადგილი - 2 250 ლარი

           🥈II ადგილი - 1 125 ლარი

          🥉III ადგილი - 700 ლარი

 

კონკურსის ეტაპები, გამარჯვებულის გამოვლენის წესი და ვადები:

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 

 I ეტაპი:  მონაწილეები ქმნიან ანალიტიკურ ნაშრომს, რომელთაგან შეირჩევა 3 საუკეთესო.

ანალიტიკური ნაშრომების გამოგზავნის  ბოლო ვადა: 2023 წლის 14 თებერვალი, 18:00 საათი.

 II ეტაპი: კონკურსის I ეტაპზე 3 გამარჯვებული ავტორი/თანაავტორები ჟიურის წინაშე წარადგენენ ნაშრომის შესახებ მოხსენებებს.

ჟიური შეაფასებს როგორც მომხსენებლების მიერ წარდგენილ ნაშრომებს, ასევე, თემის წარდგენისა და გამოთქმული მოსაზრებებისა თუ მიგნებების დაცვის უნარებს და გამოავლენენ საპრიზო ადგილებს (1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეებს). საპრიზო ადგილის მისანიჭებლად, II ეტაპზე მონაწილეობა სავალდებულოა.

🗓ზეპირი მოხსენების (კონკურსის) თარიღი:  2023 წლის 30 მარტი, 14:00 საათი. 

კონკურსის მე-2 ეტაპზე გადასულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს, 2023 წლის 20 მარტისა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და გამოცხადება მოხდება ზეპირი მოხსენების (კონკურსის) დღეს.

ნაშრომის მოცულობა და ტექნიკური პარამეტრები:

მინიმალური მოცულობა - 2 000 სიტყვა (ბიბლიოგრაფიისა და დანართების გარეშე)

მაქსიმალური მოცულობა - 4 000 სიტყვა (ბიბლიოგრაფიისა და დანართების გარეშე)

ფონტი - Sylfaen

ფონტის ზომა - 11

მანძილი სტრიქონებს შორის - 1.15

ფორმატი - Microsoft Word

ნაშრომებისა და ოხსენების სამუშაო ენა - ქართული.

 

ციტირების წესი - APA (American Psychological Association), ან MLA (Modern Language Association), ან OSCOLA, ან Chicago/Turabian. 

 

ნაშრომის სტრუქტურა:

სათაური

თავფურცელი (სახელი/გვარი, უნივერისტეტი, აკადემიური საფეხური, მიმართულება, საკონტაქტო ინფორმაცია)

შესავალი

ძირითადი ნაწილი

დასკვნა

გამოყენებული ლიტერატურა

დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

ნაშრომის სტრუქტურა აუცილებელია მინიმუმ ჩამოთვლილ თავებს მოიცავდეს, მაგრამ კონკურსანტი შეზღუდული არ არის სხვა თავების და ქვეთავებისგან თუ ასეთს ნაშრომის თავისებურება მოითხოვს. 

 

დამატებითი დოკუმენტაცია:

ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ ან ბაკალავრის დიპლომი (დანართის გარეშე), იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის დასრულებიდან არაუმეტეს 3 წელია გასული.

პირადობის/პასპორტის მოწმობის ასლი.

 

გამოგზავნის დეტალები

ნაშრომი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gnomonwise2019@gmail.com, სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი. ნაშრომთან ერთად, გამოგვიგზავნეთ პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი და ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან დიპლომი (ბაკალავრის შემთხვევაში).

 

მნიშვნელოვანი დათქმები

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული და უნდა წარმოადგენდეს ორიგინალ ნამუშევარს.

სპეციალური პროგრამის ან/და რეცენზენტის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

Gnomon Wise იტოვებს უფლებას, გამოავლინოს 3-ზე მეტი საპრიზო ნამუშევარი ან საერთოდ არ შეარჩიოს არც ერთი მათგანი.

 

კონკურსთან დაკავშირებული შინაარსობრივი და ტექნიკური საკითხების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა Gnomon Wise-ის წარმომადგენლებთან, შედგება მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ზუმის პლატფორმით. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველები, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე (https://bit.ly/3WTBzpL) და შეხვედრის დღეს მიიღებთ შესაბამის ლინკს.

 

გისურვებთ წარმატებას!