პუბლიკაციები

სიტყვის თავისუფლება პანდემიის დროს და ცენზურის როლი COVID-19 -ის გავრცელებაში

COVID-19-მა, იგივე ე.წ. ახალმა კორონავირუსმა, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანასა თუ ტერიტორიულ ერთეულზე გავრცელდა და პანდემიის სახე მიიღო, კაცობრიობის წინაშე არაერთი გამოწვევა დააყენა. ამჟამად, ნომერ პირველი პრიორიტეტი ვირუსის გავრცელების შეჩერება და ადამიანების სოცოცხლის გადარჩენაა. ასევე, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ფაქტობრივად გაჩერებული მსოფლიო და მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი. ზემოაღნიშნული მთავარი პრიორიტეტების გარდა, სხვა არაერთი გამოწვევაც გაჩნდა, რომლებიც ასევე იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას. ერთ-ერთი მათგანია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლების (რომელიც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა) შეზღუდვის არაერთი ფაქტი და მზარდი რისკი ამ მიმართულებით, რომელიც არსებული კრიზისისა და მთავრობების მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე, უფრო შესამჩნევია. ვიდრე უშუალოდ ამ რისკებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კორონავირუსთან მიმართებით, სიტყვის თავისუფლება უკვე ძალიან უხეშად შეილახა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ, როცა ეპიდემიის საწყის ეტაპზე ვირუსის შესახებ ცნობების გავრცელება შეიზღუდა. უფრო მეტიც, დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ თუ ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის შესახებ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას ხელს არ შეუშლიდა, შესაძლოა, პანდემია თავიდან აგვერიდებინა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, ჩინეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა არ გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, დამალა ვირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა და რაც მთავარია, გამორიცხა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ჭორების გავრცელების“ ბრალდებით დააკავეს ის მოქალაქეები, რომლებიც ვირუსის სახიფათო თვისებების შესახებ საუბრობდნენ, დააწესეს ცენზურა ვირუსთან დაკავშირებულ ონლაინ დისკუსიებზე და მედიას ამ თემის გაშუქება აუკრძალეს. ორგანიზაციის ცნობით, იანვრის დასაწყისში ჩინეთის პოლიციამ „ჭორების გავრცელების“ ბრალდებით დაკითხა ექიმი, რომელიც საზოგადოებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის მიწურულს აფრთხილებდა. პოლიციამ მას დააწერინა ხელწერილი, რომ მსგავს არაკანონიერ ქმედებებს აღარ ჩაიდენდა. 12 იანვარს აღნიშნული ექიმი პნევმონიის დიაგნოზით ჰოსპიტალში მოხვდა, თებერვლის დასაწყისში კი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა

ჩინეთის ხელისუფლების ცენზურაზე 24 მარტს ორგანიზაციამ Reporters Without Borders გამოაქვეყნა ანგარიში შემდეგი სათაურით: „ჩინეთში თავისუფალი პრესა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემია თავიდან აგვეცილებინა“. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ორგანიზაცია ქრონოლოგიურად აღწერს ვირუსის გავრცელების ეტაპებს, საიდანაც ჩანს, თუ რამდენად დააგვიანა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ბრძოლაში და არა მხოლოდ დააგვიანა, არამედ ხელსაც უშლიდა იმ აზრის გავრცელებას, რომ საფრთხე საერთოდ არსებობდა. ჯერ კიდევ 2019 წლის 20 დეკემბერს უჰანში იყო 60 პაციენტი, რომელთაც გამოუვლინდათ SARS -ის მსგავსი, აქამდე უცნობი დაავადების სიმპტომები, თუმცა აღნიშნული ფაქტის შესახებ მედიას არ შეატყობინეს. მეტიც, მხოლოდ 1-ელ იანვარს დაიხურა ის ბაზარი, რომელთანაც ზემოთხსენებულ პაციენტებს ჰქონდათ შეხება. გარდა ამისა, უკვე იანვრის პირველი რიცხვებიდან გაჩნდა ეჭვები ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ და ეს აუცილებლად ცნობილი გახდებოდა, რომ არა ხელისუფლების მკაცრი ცენზურა და მედიის წყაროების მასობრივი დაჯარიმება. ამდენად, ვირუსთან ბრძოლაში სამი კვირა დაიკარგა, რადგან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა ოფიციალურად მხოლოდ 20 იანვარს იქნა აღიარებული. მსგავსი მიდგომით ჩინეთის ოფიციოზმა კვლავ გაიმეორა 2002-2003 წლებში ჩადენილი დანაშაული. მაშინაც, ეპიდემიის არსებობა დაგვიანებით იქნა აღიარებული (როცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა). როგორც Reporters Without Borders -ის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ჩანს, ხელისუფლებამ ცენზურა დააწესა ფაქტობრივად ყველა სახის ინფორმაციის წყაროზე, დაწყებული ტრადიციული მედიიდან, დასრულებული სოციალურ ქსელ WeChat -ით, რომელსაც ერთი მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. გარდა ამისა, როგორც ცნობილი ხდება, ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა დამალეს და დაგვიანებით გამოაქვეყნეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გენომის შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, უკვე 13 იანვრისთვის, ცენზურის არ არსებობის პირობებში, საერთაშორისო მედიასა და საზოგადოებას შეიძლებოდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია ეპიდემიის შესახებ. 

გარდა ჩინეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებისა, კაცობრიობისთვის ამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დროულად არგავრცელებაში დადანაშაულებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (WHO). როგორც ტაივანის ხელისუფლება აცხადებს, მათ, ჯერ კიდევ 31 დეკემბერს, საერთაშორისო ორგანიზაციას ახალი ვირუსის საფრთხის შესახებ აცნობეს, თუმცა  (ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით) WHO -მ არაფერი მოიმოქმედა. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი არც თავად მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას უარყვია.

მსოფლიოში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ცალსახაა, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მიიღოს კაცობრიობამ თავისუფალი სიტყვისა და ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვით. თუმცა, არაერთი ისტორიული გაკვეთილისა თუ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზეც კი, მიმდინარე კრიზისულ ვითარებაშიც მოიძებნებიან ისეთი მთავრობები, რომლებიც კვლავ ცდილობენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. მეტიც, კორონავირუსის პანდემია და საგანგებო მდგომარეობა ზოგჯერ ძალიან ამორალურად არის გამოყენებული ვიწრო ინტერესებისა და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის.

Human Rights Watch -ის ანგარიშის მიხედვით, ირანში კორონავირუსის გავრცელებას წინ უძღოდა ანტისამთავრობო პროტესტის უმკაცრესი მეთოდებით ჩახშობა, რამაც, ბუნებრივია, საზოგადოებაში მთავრობის მიმართ უნდობლობა გამოიწვია და როდესაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის (უკვე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე) მართლაც საჭირო გახდა გარკვეული ზომების მიღება, ამაში ხალხის დარწმუნება ძალიან რთული აღმოჩნდა. ასევე, გაჩნდა ეჭვები, რომ ირანის ხელისუფლებამაც დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების რეალური რაოდენობის დამალვა ან სათანადოდ ვერ ხდებოდა შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი. 

მკაცრ ცენზურასა და დაშინებას მიმართა ტაილანდის ხელისუფლებამ იმ ჟურნალისტებისა თუ უბრალო მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც მთავრობა კორონავირუსის ეპიდემიაზე არაჯეროვანი რეაგირებისთვის გააკრიტიკეს. ტაილანდშიც გაჩნდა ეჭვები დაინფიცირებულთა რიცხვის განზრახ დაფარვის შესახებ. ასევე, გამოვლინდა სავარაუდო კორუფციის შემთხვევა - გაჩნდა ბრალდებები დიდი რაოდენობით სამედიცინო ნიღბების ჩინეთში გაყიდვის და ამ გარიგებაში მაღალჩინოსანთა მონაწილეობის შესახებ. ამის პარალელურად კი, სამედიცინო პერსონალს, რომელიც ჰოსპიტლებისთვის საჭირო აღჭურვილობის მწვავე დეფიციტის შესახებ საუბრობდა, სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ

საჭირო დროს გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტისთვის კორონავირუსის პანდემია, რადგან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთში ვირუსის მხოლოდ 20 შემთხვევა იყო გამოვლენილი, ხელისუფლებამ 10 აპრილამდე აკრძალა მასობრივი შეკრებები. ამ დროისთვის, მოსკოვში უკვე დაგეგმილი იყო დიდი საპროტესტო აქცია ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით დარჩენის წინააღმდეგ

კორონავირუსის გავრცელება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც. 19 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებულ მიმართვაში ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის იმ მტრებს, რომლებიც აზერბაიჯანელთა შორის არიან, „მეხუთე კოლონას“, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, აზერბაიჯანში პანიკისა და ქაოსის შეტანა სურთ და არავინ იცის, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი დღეს არსებული დაავადების პირობებში. ამიტომ, ეპიდემიის დროს განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული, რადგან „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენელთა იზოლაცია შესაძლოა ისტორიულ საჭიროებად იქცეს. აქვე აღსანიშნავია, რომ წინა გამოსვლების დროს, ე.წ. „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენელთა შორის ალიევი ოპოზიციის იმ ლიდერებს მოიაზრებდა, რომლებმაც ახლახანს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ალიევის ამ გამოსვლიდან ოთხ დღეში აზერბაიჯანში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მთავრობის მკაცრი კრიტიკოსი ტოფიგ იაგუბლუ ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ვიცით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წლის 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაშიც გამოცხადდა. საბედნიეროდ, საქართველოში არ დაფიქსირებულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში მთავრობის ჩარევის ისეთი უხეში მაგალითები, რაც ზემოთ განვიხილეთ და იმედია, ეს არც მოხდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის 23 მარტის დადგენილებით განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი დადგინდა ელექტრონულ საქმის წარმოებასთან, ადმინისტრაციულ წარმოებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით და დროებით შეიზღუდა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. საკითხავია, რამდენად პროპორციულია აღნიშნული შეზღუდვა და რა ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა ის. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ საჯარო სამსახურების მუშაობა არ შეზღუდულა და ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაც შეიძლება.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად მთავრობები, განსაკუთრებით ნაკლებ დემოკრატიული და ავტორიტარული ხელისუფლებები, მიდრეკილნი არიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ. საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი, როცა მთავრობებს ჩვეულებრივზე მეტი ბერკეტები და ნაკლები ხელისშემშლელი ბარიერები აქვთ, ამ თავისუფლების შეზღუდვის ცდუნება კიდევ უფრო იზრდება. მსგავსი შეზღუდვები შეიძლება ისეთი „კეთილი“ მიზნებით გამართლდეს როგორიცაა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლა. ამდენად, დღეს მსოფლიოში არსებული კრიზისი მოქალაქეებისგან არა მხოლოდ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის დაცვაზე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, არამედ ისეთ საკითხებზეც როგორიც, მაგალითად, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაა.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე