პუბლიკაციები

სტატისტიკის სწორად წაკითხვის და გააზრების მნიშვნელობა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაგალითი

ფოტო: Corporate Finance Institute

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, ინვესტიციების შესახებ სტატისტიკა ყოველთვის განხილვის საგანია როგორც პოლიტიკურ, ისე აკადემიურ წრეებში. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ საინფორმაციო წყაროებიდან, ხშირად, სტატისტიკის მანიპულაციურად გადმოცემა ხდება, რაც შესაძლოა პოპულიზმით იყოს ნაკარნახევი და განზრახ ხდებოდეს ან უკავშირდებოდეს კომპეტენციის ნაკლებობას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია აკადემიური მსჯელობის განვრცობა და უფრო ცხადად ახსნა მოქალაქეებისთვის თუ როგორ უნდა წავიკითხოთ ინვესტიციების შესახებ სტატისტიკა.

2023 წლის 10 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში 2022 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა (წინასწარი) გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განცხორციელდა, რაც ერთი შეხედვით, რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, იმისათვის, რომ დასკვნები გაკეთდეს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელის სწორი შეფასება მოხდეს, აუცილებელია სხვა ცვლადების გათვალისწინებაც.

რა არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI), რა სარგებელი აქვს და როგორ უნდა წავიკითხოთ სტატისტიკა?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ფასიან ქაღალდებში, უძრავ ქონებასა და წარმოებაში, რომელსაც ახორციელებს არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. FDI სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს:

  1. სააქციო ან საწესდებო კაპიტალი;
  2. რეინვესტიცია;
  3. სავალო ვალდებულებები.

სამივე კომპონენტი თავის მხრივ შედგება: (1) ახალი კომპანიის დაფუძნებისგან; (2) მოქმედ კომპანიაში წილის შეძენისგან ან გასხვისებისგან; (3) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისგან; (4) საწარმოს საქმიანობის შედეგად მიღებულ მოგება-ზარალისგან; (5) დივიდენდის გაცემისგან; (6) სესხის აღებისგან, გაცემისგან ან გადახდისგან და (7) საქონლის და მომსახურების მიწოდებისგან.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მრავალი დადებითი ფაქტორი გააჩნია. მათ შორისაა დასაქმების ზრდა. ნებისმიერი ახალი ინვესტიცია ნიშნავს დამატებითი რესურსის შესვლას ქვეყანაში. რესურსს კი მართვა, დამუშავება, აღწერა ან სხვა ტიპის ადამიანური რესურსის გამოყენება ესაჭიროება, შესაბამისად, მეტი ინვესტიცია ნიშნავს მეტ დასაქმებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი უცხოური ვალუტის შემოდინებაა. ერთი მხრივ, საგადამხდელო ბალანსში დადებითი როლი უჭირავს, ხოლო მეორე მხრივ, მეტი უცხოური ფული ნიშნავს მეტ შემოსავალს და გამყარებულ ეროვნულ ვალუტას. ნებისმიერი ახალი ინვესტიცია ზრდის კონკურენციას. ეს კი გამოიხატება დაბალ ფასებში, პროდუქტის ან სერვისის გაზრდილ ხარისხში, ტექნოლოგიურ წინსვლასა და სექტორულ გაჯანსაღებაში. თითოეული დადებითი ეფექტი თავს იყრის ერთ - ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმში - ეკონომიკურ ზრდაში.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მსჯელობისას, ხაზგასასმელია ის ფაქტორები, რომლებიც დადებით ან/და უარყოფით გავლენას ახდენს მათ მოზიდვაზე. ფაქტორები ორ ძირითად ასპექტად შეიძლება წარმოჩინდეს:

  1. რამდენად დაცულია საკუთრება და საკუთრების უფლებები ქვეყანაში;
  2. რამდენად დიდია საკანონმდებლო ჩარევა კერძო საკუთრების განკარგვის პროცესში.

ნებისმიერი ქვეყანა, როგორი მოწყობისაც არ უნდა იყოს ის, ინვესტიციებს ვერ მიიზიდავს თუ საკუთრების უფლება დაცული არ არის. საკუთრების უფლების დაცულობა კი პირდაპირ კავშირშია ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა:

  • გეოპოლიტიკური მდგომარეობა - ინვესტიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა. რაც მეტია ფორს-მაჟორის ალბათობა (როგორიცაა ომი, სახელმწიფო გადატრიალება, კონფლიქტის ზონები და სხვა), მით ნაკლები სტიმული აქვს ინვესტორს საქმე წამოიწყოს ასეთ ქვეყანაში.
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა - საკუთრებასთან დაკავშირებული დავები იქნება ეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხშირია ნებისმიერ ქვეყანასა თუ საზოგადოებაში. ინვესტორი ირჩევს იმ ქვეყანას, სადაც სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არ მოხდება მისი საკუთრების უსამართლოდ ჩამორთმევა ან დაზიანება. ასევე, სასამართლო ეფექტიანად უნდა აგვარებდეს დავებს და გათვალისწინებული უნდა იყოს ე.წ. სასამართლოს გადატვირთულობის საკითხიც. ვინაიდან დრო ფულია, რაც მეტად დროში იწელება დავა, მით ხარჯიანია ორივე მხარისთვის.
  • კრიმინალის მაჩვენებლები - საბაზრო ეკონომიკის პირობებში, იმისათვის, რომ ბიზნესმა შექმნას სიმდიდრე, აუცილებელია სამართლიანი წესები, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული მისი ქონება და საქმიანობა რეკეტისგან, ყაჩაღობისგან, ძარცვისგან, ფინანსური მაქინაციებისგან და სხვა ტიპის კრიმინალური აქტივობებისგან.
  • კორუფციის დონე - ინვესტორი გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, თუ რა ხარჯები და სარგებელი ექნება ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტიციის განსახორციელებლად და საქმიანობის დასაწყებად. რაც მეტად კორუმპირებულია ქვეყანა, მით მეტია ხარჯი ინვესტორისთვის.

საკუთრების დაცულობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტიციების მოსაზიდად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორი საკანონმდებლო სივრცეა ქვეყანაში შექმნილი. შესაძლებელია ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობდეს, მაგრამ ინვესტიციისთვის მაინც ნაკლებად მიმზიდველი იყოს. ასეთი ფაქტორებია:

  • საგადასახადო წნეხი - რაც მეტია გადასახადები, მით ნაკლები სტიმულია ინვესტორისთვის განახორციელოს ინვესტიციები. მნიშვნელოვანია როგორც გადასახადების რაოდენობა, ისე განაკვეთები. მაგალითად, საქართველოში 6 ტიპის გადასახადია, ხოლო საგადასახადო წნეხი დაახლოებით 25%, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ყოველი 100 ლარიდან, გადასახადების სახით ხელისუფლებას 25 ლარი მიაქვს. რაც ნაკლებია საგადასახადო წნეხი, მით მეტი სტიმული აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნესს გააკეთოს ინვესტიციები.
  • მთავრობის ეფექტიანობა და გამჭვირვალობა - გადასახადების რაოდენობასა და ზომასთან ერთად, აუცილებელია ხელისუფლებას შეეძლოს მათი ეფექტიანად აკრეფა ისე, რომ საგადასახადო ორგანოები მუშაობდნენ გამჭვირვალედ და პროცესი იყოს მაქსიმალურად ავტომატიზებული. მეტი ბარიერი მეტი ხარჯია ინვესტორისთვის.
  • ფინანსური მდგრადობა - ნებისმიერი ინვესტორი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან ერთად, უყურებს წარსულს და ქვეყნის პოტენციალს, რადგან საინვესტიციო პროექტების უმრავლესობა გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე. რაც ნაკლებია საბიუჯეტო დეფიციტი, სახელმწიფო ვალი და სხვა მაკროეკონომიკური მონაცემები, მით მეტია ფისკალური სიჯანსაღე და დადებითი გზავნილია ნებისმიერი ინვესტორისთვის.
  • რეგულაციური მდგომარეობა - ნებისმიერი სამთავრობო რეგულაცია დაკავშირებულია კონკრეტულ ხარჯთან, რომელიც ბიზნესმა უნდა გასწიოს. რაც მეტია ეკონომიკური რეგულაცია ქვეყანაში, მით მაღალია პოტენციური ინვესტორისთვის საქმის წამოწყების და წარმოების ხარჯები ქვეყანაში. ნებისმიერი რეგულაცია საჭიროებს რეგულაციურ ანალიზს და გათვალისწინებას თუ რამდენი ლარით (ან/და სხვა ვალუტის ერთეულით) იზრდება ხარჯი ინვესტორისთვის.

ქვეყანა, რომელიც ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმიდან მაქსიმალურად ბევრს დააკმაყოფილებს, მოიზიდავს სხვებთან შედარებით მეტ ინვესტიციასაც.

 

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1996-2022 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

გრაფიკი 1 ნათლად აჩვენებს, რომ ინვესტიციების შემოდინება საქართველოში სტაბილურობით არ გამოირჩევა. ნომინალში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  2007, 2017 და 2022 წლებში იყო, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლები - 1999-2002 წლებში. წლებთან  ერთად, იზრდება ქვეყნის ეკონომიკაც. იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ეკონომიკის მოცულობას გაზრდილი ინვესტიციების მოცულობა ესაჭიროება. ამის გამო, ინვესტიციების ნომინალური მაჩვენებლების შედარება წლების მიხედვით ნაკლებად გამართლებულია. უკეთესი სურათი ჩანს თუ წლიდან წლამდე ზრდის ტემპების შედარება ხორციელდება, რასაც გრაფიკი 2 გვაჩვენებს.

 

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპი (1998-2022)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

გარდა წლების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპების შედარებისა, ეკონომიკურად ყველაზე გამართული მიდგომა სტატისტიკის ანალიზისას ესაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან. ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მას მეტი ინვესტიცია ესაჭიროება ყოველ მომდევნო წელს. მაგალითისთვის ავიღოთ ორი ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო. საქართველოს ეკონომიკის ზომა 2022 წელს დაახლოებით 24.7 მლრდ აშშ დოლარია, ხოლო აშშ-ის ეკონომიკის ზომა დაახლოებით 23.3 ტრილიონი დოლარი - თითქმის 950-ჯერ მეტი. მაგალითად, 25 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოსთვის ეკონომიკის თითქმის გაორმაგებას ნიშნავს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ის ეკონომიკის 0.08% იქნებოდა, რაც ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანდა  ქვეყანას. შესაბამისად, ინვესტიციების ანალიზისას, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობაა.

 

გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მისი ფართობა მშპ-სთან (1997-2022)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

 

გრაფიკი 3 ნათლად აჩვენებს, რომ ამა თუ იმ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნომინალური მაჩვენებელი შეიძლება მაღალი ან თუნდაც რეკორდული იყოს, მაგრამ მშპ-სთან შეფარდებით, სრულებით სხვა სურათი მივიღოთ. მაგალითად, 2022 წელს რეკორდული 2 მილიარდი დოლარი ეკონომიკასთან მიმართებით 8.1%-ია მაშინ, როცა მაგალითად, 2003 წელს იგივე მაჩვენებელი 335 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო მშპ-სთან მიმართებით 8.4%. აღსანიშნავია, რომ ყველაზე წარმატებული წლები 2006 და 2007 იყო, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 15% და 17% იყო.

 

***

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ განვთარებაში. მას უკავშირდება ქვეყანაში დასაქმებისა და საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი, ფასების დონე, ტექნოლოგიური პროგრესი და სხვა მრავალი დადებითი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ცხოვრების დონის განსაზღვრასთან. ინვესტიციების მოზიდვა კი, თავის მხრივ, მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება, როგორიცაა საკუთრების დაცულობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, კორუფციის დონე, კრიმინალი, გადასახადების და რეგულაციების რაოდენობა, ინფლაციის ტემპი და სხვა. სწორედ ამიტომ, ხშირად ნაცვლად იმისა, რომ  მსჯელობა წარიმართოს ინვესტიციების მასშტაბის სიმცირის გამომწვევ მიზეზებზე, ხდება მისი მაჩვენებლებით მანიპულირება და  ეკონომიკურად არასახარბიელო მდგომარეობა შეიძლება წარმატებად გასაღდეს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია სტატისტიკის სწორად წაკითხვა როგორც სამოქალაქო სექტორისთვის და მედიისთვის, ისე ეკონომიკური თემებით დაინტერესებული ნებისმიერი მოქალაქისთვის. ხშირად, ნომინალური მაჩვენებელი არაფრისმთქმელია. საჭიროა მისი შედარება და ანალიზი წლების მიხედვით და ქვეყნის განვითარების მაჩვენებლების შესაბამისად. ამისათვის კი, ყველაზე მრავლისმთქმელი კრიტერიუმი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობაა მთლიან შიდა პროდუქტთან.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ზვიად ხორგუაშვილი