პუბლიკაციები

ნეოფეოდალიზმი და ძალადობის განკერძოების პარადოქსი

შესავალი

მაქს ვებერმა, თანამედროვე სოციალური მეცნიერების მამამთავარმა, მოდერნული სუვერენული სახელმწიფო განმარტა როგორც განსაზღვრულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურ იძულებაზე მონოპოლიის მქონე ორგანიზაცია. აღნიშნული პერსპექტივა ჩვეულებრივ დომინანტურია სახელმწიფოსა და მისი მოქმედების შეფასებისას. ლეგიტიმურ იძულებაზე მონოპოლია იმდენად არსებითია სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის, რომ მისი ნებისმიერი ფორმით დათმობა ან გაყოფა თავად სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრიობაზე თანამედროვე გაგებით, უარის თქმის ტოლფასია.

შესაბამისად, თვით ავტორიტარული ან არალიბერალური პოლიტიკური რეჟიმის შემთხვევაშიც, რომელიც რეპრესიებს ან არალეგიტიმური ძალადობის სხვა ფორმებს მიმართავს, არსებობს მოლოდინი, რომ ეს ზომები საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციური არხებით ხორციელდება, მიუხედავად მათი არალეგიტიმურობისა ან საერთოდ უკანონობისა. ამ მოლოდინის პრაგმატული ახსნა იმაშია, რომ სხვა შემთხვევაში ავტორიტარული ან არალიბერალური რეჟიმი სისუსტეს გამოავლენს იმის ჩვენებით, რომ მას იძულების გამოყენებაზე მონოპოლია აღარ აქვს, რაც საბოლოოდ შეიძლება ძალაუფლების სრულად დაკარგვით დასრულდეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი შეხედვით პარადოქსულია სახელმწიფოს მიერ კერძო პირთა ძალადობის ინსტრუმენტალიზაცია საკუთარი მიზნებისთვის, ასეთი ძალადობის დე-ფაქტო შეწყნარება და მისი სახელმწიფო სუვერენიტეტთან თავსებადად წარმოჩენა საჯარო ქცევასა და კომუნიკაციაში.

საქართველოში, ბოლო დეკადაში, პოლიტიკური რეჟიმის ლიდერების მიერ კერძო ძალადობის ინსტრუმენტალიზაცია არასასურველი პირებისა და ჯგუფების მიმართ, ამ გარეგნულ პარადოქსს ასეთი ძალადობის ყოველი მორიგი შემთხვევის შემდეგ ახლიდან წამოჭრის.

იმ დაშვებით, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიზანი სახელმწიფო ძალაუფლების განუსაზღვრელი დროით შენარჩუნებაა, ერთი შეხედვით კონტრპროდუქტიულია ისეთი ტაქტიკის არჩევა, რომელიც იძულებაზე სახელმწიფოს მონოპოლიას ასუსტებს. აღნიშნული მსჯელობის საფუძველია სახელმწიფოს დომინანტური მოდერნული ხედვა, რომელიც ასევე წარმოშობს დაშვებას, რომ რეჟიმის მიერ საკუთარი ძალაუფლების მუდმივობის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება ძლიერი სახელმწიფოსა და შესაბამისად, ლეგიტიმურ იძულებაზე ეფექტური მონოპოლიის შენარჩუნება და ინსტრუმენტალიზაციაა.

თუმცა, საქართველოს და მისი მსგავსი პოლიტიკური რეჟიმების კვლევა, მათი ბუნებისა და აგებულების ანალიზი, მოითხოვს ამ კონვენციური სიბრძნის გადახედვას და ეჭვქვეშ დაყენებას. იქნებ რეჟიმის ბუნება სწორედაც რომ მოითხოვს იძულებაზე სახელმწიფო მონოპოლიის შესუსტებას მისი განკერძოების გზით?

წინამდებარე დოკუმენტში ჩვენ ვიმსჯელებთ იმ თეორიული ჩარჩოს ძირითად ელემენტებზე, რომელიც შესაძლებელს ხდის ამ საკვლევ კითხვაზე პასუხის გაცემას. კერძოდ, თუ რატომ შეიძლება იყოს სახელმწიფოს იძულებაზე მონოპოლიის შესუსტება სტრატეგია პოლიტიკური რეჟიმის მშენებლობისას, რომლის მიზანიც ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებაა.

 

სუვერენული სახელმწიფო და საჯარო ძალაუფლების დეპერსონალიზაცია

ადრეულ მოდერნულ ევროპაში სუვერენული სახელმწიფო შეიქმნა ფეოდალური ძალაუფლების მილევის კვალდაკვალ. ფეოდალური ძალაუფლება არსებითად კერძო ხასიათის და პლურალისტული ბუნების იყო. სუვერენული სახელმწიფოს უნიტარული ძალაუფლებისგან განსხვავებით, ფეოდალური ძალაუფლება გაბნეული იყო მონარქისა და ფეოდალების ნაცვალგებაზე დაფუძნებული ურთიერთობების ქსელში.

მონარქსა და ფეოდალებს შორის ნაცვალგების ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი სწორედ ფეოდალის მხრიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება იყო. რაც უფრო კარგად ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფები ჰყავდა ფეოდალს, მით უფრო იზრდებოდა მისი გამოსადეგობა მონარქისთვის და ის მატერიალური ფასი რასაც ფეოდალი მონარქისგან სამსახურის სანაცვლოდ მიიღებდა.

პირველი სუვერენული სახელმწიფოები ევროპაში აბსოლუტისტური მონარქიები იყვნენ, სადაც ძალის გამოყენება მხოლოდ სამეფო ხელისუფლების მონოპოლია გახდა. თუმცა აბსოლუტისტურმა მონარქიამ იძულებაზე მონოპოლიის შესაქმნელად ფასი გადაიხადა: მონარქის ძალაუფლების დეპერსონალიზაციის სახით. იძულებაზე მონოპოლია არ იყო მონარქის კერძო პრივილეგია, არამედ საჯარო ხელისუფლების ფუნქცია, რომელიც იმპერსონალური, აბსტრაქტული, ზოგადი სამართლებრივი წესებისგან შემდგარი სამართლის სისტემის საშუალებით უნდა განეხორციელებინა.

საჯარო ძალაუფლების დეპერსონალიზაცია და მისი ცხადი და განჭვრეტადი შედეგების მქონე კანონებისადმი დაქვემდებარება გახდა თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს საკვანძო ელემენტი. სუვერენული სახელმწიფოს დეპერსონალიზებული ძალაუფლების დაპირება რელიგიური სამოქალაქო ომებისგან დაღლილ ევროპაში სწორედ იძულების კანონით შეზღუდვა, მისი გამოყენების განჭვრეტადობა და კანონის წინაშე თანასწორობა იყო.

ამ პერიოდში სუვერენული სახელმწიფოს ცენტრალურ ფუნქციად და იძულების მონოპოლიის გამართლებად საზოგადოებრივი მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნა იყო აღიარებული. სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციონალიზაციისა და დემოკრატიზაციის კვალდაკვალ სახელმწიფოს ფუნქციებიც გაფართოვდა, რამაც სახელმწიფო ძალაუფლების დეპერსონალიზებული, საჯარო ძალაუფლების ფორმით შენარჩუნების ახალი გამოწვევები გააჩინა.

 

კონსტიტუციური დემოკრატია - საჯარო სიკეთეებზე საჯარო და კოლექტიური ვაჭრობა

სახელმწიფო სუვერენიტეტის სახალხო სუვერენიტეტად ტრანსფორმაციამ და საჯარო ხელისუფლების დემოკრატიზაციამ სახელმწიფოს ტრადიციული ფუნქციების მნიშვნელოვანი გაფართოება მოიტანა. საჯარო ხელისუფლება აღარ აღიქმებოდა როგორც ძირითადად უსაფრთხოების გარანტი და მის მიზნებს კეთილდღეობის შექმნაც დაემატა.

მეოცე საუკუნეში კონსტიტუციური დემოკრატიები ერთი მხრივ, გახდნენ მასობრივი დემოკრატიები, საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლების დამკვიდრებით, მეორე მხრივ კი, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოები. სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფომ მოითხოვა სახელმწიფოს ხელში დიდი რაოდენობით საჯარო სიმდიდრის აკუმულაცია და მისი რედისტრიბუცია. როგორც საზოგადოებიდან ამოსაღები საჯარო სიმდიდრის წილის, ისე მისი რედისტრიბუციის წესის განსაზღვრა და განხორციელება დემოკრატიულ გადაწყვეტილებას დაექვემდებარა.

პოლიტიკური ეკონომიის პერსპექტივიდან, კონსტიტუციურ დემოკრატიაში კეთილდღეობის სახელმწიფოს მუშაობა მოითხოვს საჯარო სიკეთეებზე საჯარო ვაჭრობას, რომელიც იმავე დროს დეპერსონალიზებულია და ჰორიზონტალური (მხარეები, როგორც პოლიტიკოსები ისე ამომრჩევლები ავტონომიურები არიან). ვაჭრობის ინსტიტუციური მექანიზმებია არჩევნები და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტები. არჩევნებზე ძალაუფლების პრეტენდენტები ამომრჩეველთან საჯაროდ ვაჭრობენ თუ როგორ განაწილდება საჯარო სიკეთეები. არჩევნებში გამარჯვებული იღებს ძალაუფლებას შეზღდული დროით და ახორციელებს საჯარო სიკეეთების განაწილების იმ პროგრამას რომელმაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა.

საჯარო სიკეთეებზე ვაჭრობა საჯაროა, დეპერსონალიზებული და კოლექტიური. პარტიები და პოლიტიკოსები ამომრჩეველს კოლექტიურად სთავაზობენ სიკეთეების განაწილების ზოგად პრინციპებს, წესებს და სქემებს. ამომრჩეველთან პერსონალური/ინდივიდუალიზებული ვაჭრობა საჯარო სიკეთეებით კორუფციად კატეგორიზდება და სამართლებრივად აკრძალულია.

პოლიტიკური ეკონომისტები გამოყოფენ ასეთი მოდელის ცენტრალურ პრობლემას. საჯარო სიკეთეებზე არჩევნებზე მიღწეული შეთანხმების აღსრულების პრობლემა. იგივე დემოკრატიული თეორიის ენაზე რომ ვთარგმნოთ, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სირთულეა წარმომადგენლობით დემოკრატიაში. მხოლოდ შემდეგ არჩევნებზე მარცხის რეალური შესაძლებლობა ვერ მუშაობს როგორც ანგარიშვალდებულების ადეკვატური მექანიზმი. საჯარო სიკეთეების განკარგვაზე მთავრობასა და ამომრჩეველს შორის არჩევნებზე მიღწეული შეთანხმებები აღუსრულებლობის მაღალი რისკით გამოირჩევიან.

ამ სისტემის დეგრადაციისკენ მიდრეკილება გამოიხატება კორუფციისკენ და კლიენტელიზმისკენ მაღალ მიდრეკილებაში. კერძოდ, მთავრობებს აქვთ სტიმული, რომ ამომრჩეველთან კოლექტიური შეთანხმების დარღვევის გამო არჩევნებზე მათი პასუხისმგებლობა არ დადგეს. ამისთვის კი მათ ინდივიდუალიზებულად ივაჭრონ ამომრჩეველთან კოლექტიური შეთანხმების დარღვევის მიუხედავად, მხარდაჭერის მისაღებად.

თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლებაში მყოფები საჯაროდან კერძო, კოლექტიურიდან ინდივიდუალიზებულ ვაჭრობაზე მხოლოდ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სიკეთეებთან მიმართებით არ გადადიან. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ არჩევნებში გამარჯვებულს არა მხოლოდ ბიუჯეტის განკარგვაზე, არამედ სახელმწიფოს ტრადიციული ფუნქციის, იძულების მონოპოლიის განხორციელებაზეც მიუწვდება ხელი.

 

ნეოფეოდალიზმი და რეფეოდალიზაცია - პერსონალისტური ძალაუფლება კონსტიტუციური დემოკრატიის ჩარჩოში

პოლიტიკის მეცნიერებისა და პოლიტიკური ეკონომიის პერსპექტივებიდან თანამედროვე ილიბერალურ, პლებისციტარულ დემოკრატიებსა და საარჩევნო ავტორიტარულ რეჟიმებს ნეოფეოდალიზმის ან რეფეოდალიზაციის შემთხვევებად ასახელებენ. ამ შეფასებას საფუძვლად უდევს დაკვირვება, რომ ასეთ რეჟიმებში ლიდერის პერსონალისტურ ძალაუფლებას ამყარებს პლებისციტარული ლეგიტიმაცია, რომელსაც არჩევნებიდან იღებს.

პლებისციტარული ლეგიტიმაციის წყარო კი ფართო კლიენტელისტული სოციალური სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს  რომ საჯარო სიკეთეებზე გარიგების სრული განკერძოება და ინდივიდუალიზაცია ხდება, კონსტიტუციური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი კოლექტიური და საჯარო გარიგების სისტემის ნაცვლად (თუმცა გარეგნულად, ასეთი რეჟიმები უმეტეს შემთხვევაში, მაინც ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციური დემოკრატიის ჩარჩოში რჩებიან). არჩევნები მხოლოდ საჯარო სანახაობაა, რომელიც სხვა მხრივ კერძოდ და ინდივიდუალიზებული ვაჭრობის შედეგებს აფორმებს.

თუმცა აღნიშნული უფრო დიდი პრობლემის სიმპტომია. უფრო ზუსტად, თავად საჯარო ხელისუფლების ხელახალი პერსონალიზაციის, მისი პერსონალისტურ ძალაუფლებად გარდაქმნის. პერსონალიზაციის ლოგიკა არა მხოლოდ საჯარო სიკეთეებით კერძო ვაჭრობაზე ვრცელდება, არამედ იძულებაზე სახელმწიფოს მონოპოლიაზეც.

ეს უკანასკნელი აღარ ემსახურება მხოლოდ ისეთ საჯარო და იმპერსონალურ მიზანს, როგორიცაა საზოგადოებრივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა, არამედ ინსტრუმენტია პერსონალისტური ძალაუფლების ხელში, რომლის მთავარი მიზანიც ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებაა.

სუვერენულ სახელმწიფოში საჯარო ძალაუფლება თავმოყრილია საჯარო ინსტიტუტებში. ნეოფეოდალურ ილიბერალურ დემოკრატიაში/საარჩევნო ავტორიტარიზმში, საჯარო ინსტიტუტები მიტაცებული აქვს კერძო პირებს. საჯარო ინსტიტუტები კერძო ძალაუფლების განხორციელების ინსტრუმენტებია.

ასეთ პირობებში, იძულებაზე მონოპოლია საჯარო ინსტიტუტებს ვერ ექნებათ. ეს შეუძლებელია, როგორც პერსონალისტური ძალაუფლების ლოგიკიდან გამომდინარე, ისე პრაქტიკულადაც, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პირობებში. იძულებაზე სახელმწიფო მონოპოლიის შესუსტება, მისი დაქვემდებარება პერსონალისტური ძალაუფლებისთვის, ახალი ფეოდალიზმის ცენტრალური ატრიბუტია.

 

დასკვნა

ამრიგად, პერსონალისტური ძალაუფლების ნეოფეოდალური თეორიული ჩარჩო, ერთი შეხედვითვე საკმაოდ ამხსნელობით ძალას ფლობს ამ დოკუმენტის დასაწყისში მოყვანილი გარეგნული პარადოქსის გასანეიტრალებლად. პერსონალისტური პოლიტიკური რეჟიმის მიერ რეპრესიული ფუნქციის გადაცემა კერძო პირებისთვის იძულებაზე სახელმწიფო მონოპოლიის მოშლის სიმპტომია. თუმცა, ეს იმავდროულად არ ნიშნავს, რომ სუვერენული სახელმწიფოს მოდერნული პერსპექტივიდან სუსტად დანახული სახელმწიფო ასეთივე სუსტი ინსტრუმენტია ნეოფეოდალური პერსონალისტური ძალაუფლების ხელში.

ცხადია, იძულებაზე მონოპოლიის ინსტრუმენტების განკერძოება და პერსონალისტური ძალაუფლების სამსახურში ჩაყენება უარყოფითად აისახება იმ შედეგების მიღწევაზე რაც სუვერენულ სახელმწიფოს უნდა მიეღწია - საზოგადოებრივი მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნა, თვითნებობის კანონით აღკვეთა, კანონის წინაშე თანასწორობის აღსრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიტაცებული და ინსტრუმენტალიზებული მონოპოლია იძულებაზე ვერ აღწევს მისთვის დასახულ სხვა მიზანს - მიმტაცებელთა ძალაუფლებაში განუსაზღვრელად დატოვებას.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი