შაქრის პროტექციონიზმის დანაკარგი
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლო კვირიდან, იმპორტირებული შაქარი გაძვირდება. ამის მიზეზი იმპორტირებული შაქრის რეალიზების მოსაკრებლის დაწესებაა. კერძოდ, ამ მოსაკრებლით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კილოგრამი 40 თეთრით დაიბეგრება. ამასთან, შაქარი იმ გამონაკლის საიმპორტო პროდუქციას შორის არის, რომელიც იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრება. ეს კი ნიშნავს, რომ უმეტესი სასურსათო პროდუქციის იმპორტზე არსებული საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში, შაქრის ფასი უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე ახლა.
მთავრობის ძველი და ახალი საგადასახადო და სატარიფო პოლიტიკა თვალსაჩინო მაგალითია პროტექციონიზმის, რომლის მიზანი ადგილობრივი მწარმოებლის დაცვაა. ადგილობრივი მწარმოებლის დაცვა გლობალური კონკურენციისგან იზოლირებას ნიშნავს. კონკურენციის შეზღუდვა პროდუქციის ხარისხსა და ფასებზე მოქმედებს. ასეთი პოლიტიკის დანახარჯი მომხმარებლის მდგომარეობის გაუარესებაა, რაც, როგორც წესი, აისახება ან პროდუქციაზე ფასების ზრდაში, ან - ხარისხის გაუარესებაში, ან - ორივეში ერთად.
ახალი პოლიტიკის მოსალოდნელ შედეგებზე სწორად მიუთითებს შაქრის ერთ-ერთი იმპორტიორი, რომელიც ამბობს: „ფასი უნდა გავზარდო საქონელზე. მე კი არაფერს ვიხდი და ისევ მყიდველი გადაიხდის, მაგრამ საქონელი გაძვირდება. თუ კილოგრამზე 40 თეთრი წესდება, ფასიც, მინიმუმ, ამ მოცულობით გაიზრდება. იმპორტიორი სახლიდან ხომ არ მოიტანს ამ ფულს? ამის გადამხდელი მარტო მყიდველია“.
ამ შემთხვევაში, მთავრობა გლობალური კონკურენციისგან შაქრის ერთადერთ კონკურენტუუნარო ადგილობრივ მწარმოებელს - „აგარის შაქარს“ - იცავს, რომლის დაცვისთვის არა მხოლოდ საბაჟო რეჟიმის ზომებია გამოყენებული, არამედ რესურსებიც სუბსიდირებულია. კერძოდ, შაქრის ქარხანას ენერგორესურსები და სატრანსპორტო მომსახურება შეღავათიანი პირობებით მიეწოდება.
გრაფიკი 1: საქართველოში შაქრის იმპორტი და საშუალო საიმპორტო ღირებულება, I-III კვარტალი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სუბსიდირებული „აგარის შაქარი“, დროთა განმავლობაში, მუშაობას აჩერებდა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველ წელს, მთავრობის დახმარებით, საწარმო მორიგ ჯერზე გაიხსნა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კი, სუბსიდიებთან ერთად, ადგილობრივი შაქრის წარმოების აღორძინების პირობაც გასცა, მაგრამ ქარხანამ მხოლოდ იმავე წლის ბოლომდე იმუშავა. კომპანიამ წარმოება მიმდინარე წლიდან განაახლა, რისი წინაპირობაც მთავრობის მიერ საშეღავათო ფასად მიწოდებული ენერგორესურსები და სატრანსპორტო გადაზიდვებია.
მიუხედავად მთელი რიგი სამთავრობო ღონისძიებებისა, შაქრის ადგილობრივი წარმოების კონკურენციისგან იზოლირებისთვის, ყველა ეს ნაბიჯი არასაკმარისი აღმოჩნდა. აღნიშნულის დასტურია მთავრობის მიერ ნოემბრის პირველ ნახევარში მიღებული გადაწყვეტილება - იმპორტირებულ შაქარზე მოსაკრებლის დაწესება.
მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების მორგ ჯერზე დახმარება და მთავრობის განზრახვა მარტივად ვლინდება იმპორტისა და ფასების დინამიკაში. მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში შაქრის საიმპორტო საშუალო ფასი შემცირდა (აშშ დოლარში გამოხატული). პანდემიის პირველ წელთან შედარებით, აშშ დოლარში გამოხატული საშუალო საიმპორტო შაქრის ფასი 47.2%-ით არის შემცირებული (ლარში გამოხატული კლება 40.8%-ია).
გრაფიკი 2: შაქრის სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება, ლარი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბუნებრივია, იმპორტის გაიაფება იმპორტირებული პროდუქციის მატებაზე აისახა. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში შაქრის იმპორტის მოცულობამ 113.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით კი იმპორტირებული შაქრის მოცულობა 103.7 ათასი ტონა იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 17.7%-ით აღემატებოდა.
ამდენად, შაქრის იმპორტის გაიაფების ფონზე, სუბსიდირებული და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი წარმოება უფრო და უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა, ხოლო შაქრის ადგილობრივ მოხმარებაში იმპორტის როლი გაიზარდა. შედეგად, მომხმარებლის მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდა. ამას კი ყველაზე კარგად ასახავს შაქრის სამომხმარებლო ფასების დინამიკა, რომელიც თვალსაჩინოდ შემცირებულია (ფასები ლარში). მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, მომხმარებლის მიერ გადახდილი შაქრის ფასი, საშუალოდ, 12.2%-ით იყო შემცირებული.
საბოლოოდ, მთავრობის გადაწყვეტილება, მინიმუმ, ხელს შეუშლის მომხმარებლისთვის შაქრის გაიაფებას. შაქრის ახალი საიმპორტო პოლიტიკით ყველა სხვა დანარჩენის მდგომარეობა გაუარესდება, გარდა შაქრის ადგილობრივი მწარმოებლისა, რადგან „აგარის შაქრის“ არაეფექტიან წარმოებას შაქრის ყველა დანარჩენი მომხმარებელი დაასუბსიდირებს.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.