კომუნიკაციების კომისია ევროკომისიის რეკომენდაციებში - კითხვები მისი დამოუკიდებლობის შესახებ
მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კი დეკემბერში უნდა მიიღონ. დადებით რეკომენდაციასთან ერთად, ევროკომისიამ საქართველოს განუსაზღვრა რიგი დათქმები, რომელთა შეუსრულებლობის პირობებში, ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება გაუჭირდება, რაც, თავის მხრივ, ევროპული კავშირის წევრობის პერსპექტივას ავადებს და რიგ შემთხვევებში, შეუძლებელს ხდის. დათქმებიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას და მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს, უზრუნველყოს თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო, განსაკუთრებული სიფრთხილითა და მაღალი სამართლებრივი სტანდარტებით მიუდგეს მედიამფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებს. ასევე, დროულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად გამოიძიოს საქმეები, რომლებიც ჟურნალისტებისა თუ მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოების ხელყოფას ეხება. გარდა ამისა, დასკვნაში ხაზგასმულია მედიის მარეგულირებელი ინსტიტუტის, კომუნიკაციების კომისიის (ComCom) დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ამ გზით, კომისიისადმი მედიის სფეროს წარმომადგენელთა ნდობის გაძლიერება.
კომუნიკაციების კომისიის (რომელიც, კანონის თანახმად, დამოუკიდებელი ორგანოა და ფორმალურად, არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას) საქმიანობა, განსაკუთრებით, სამაუწყებლო მედიის რეგულირების თვალსაზრისით, მისი დამოუკიდებლობის შესახებ არაერთ კითხვას აჩენს. ეს იმ ფონზე, როდესაც, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციებით, კომისიის ძალაუფლება წლიდან წლამდე იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომისიის რეგულირებაში მოქცეულია ელექტრონული კომუნიკაციების, სამაუწყებლო მედიის და ვიდეოგაზიარების პლატფორმების მომსახურების ის სფეროები, რომლებშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა, კანონმდებლობის თანახმად, ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას. კომუნიკაციების კომისია ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების მიმწოდებელთათვის, კერძო კომპანიებისთვის, ადგენს სალიცენზიო პირობებს, სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურს; გასცემს, აჩერებს და აუქმებს ლიცენზიებს; ზედამხედველობს ლიცენზიის პირობების შესრულებას და მათი დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილია, გამოიყენოს სანქციებიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომისიის რეგულირების სფერო მოიცავს ტელე და რადიომაუწყებლებს, გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებას, ვიდეოგაზიარების პლატფორმების მომსახურებასა და ელექტრონულ კომუნიკაციებს (ინტერნეტი და მობილური კომუნიკაცია).
როგორც ვხედავთ, კომუნიკაციების კომისიის რეგულირებაში შედის თანამედროვე ინფორმაციული საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროები და შესაბამისად, აუცილებელია, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისდამი ნდობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კითხვები არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს შორის. არსებული გამოწვევების უკეთ დასანახად, ამ სტატიის მიზანს წარმოადგენს იმ საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვა, რომლებმაც კომისიის ძალაუფლება გაზარდეს, ამის პარალელურად კი, ანალიზი - რამდენად არის უზრუნველყოფილი კომისიის ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე. საკითხის მასშტაბურობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე, ძირითადად, მედიის კონტექსტში საუბრობს, ეს სტატიაც კონკრეტულად მედიის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემების ანალიზზეა ფოკუსირებული.
2014 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას მიეცა სამაუწყებლო მედიაში გასული სოციალური რეკლამის შინაარსში ჩარევის შესაძლებლობა. კერძოდ, კომისიას მიენიჭა უფლება, იმსჯელოს კონკრეტული რეკლამის შინაარსზე, დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებს იგი სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს და კერძო მაუწყებელს დაავალოს, ან აუკრძალოს მისი ეთერში გაშვება. ეს კი იმ ფონზე, როცა სოციალური რეკლამის განმარტება კვლავ საკმაოდ ბუნდოვანია. 2015 წელს კომუნიკაციების კომისიის უფლებები გაფართოვდა კომერციული რეკლამის კუთხითაც. მაგალითად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს დაემატა 691 მუხლი - პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების შესახებ, რომელშიც გაწერილია არაერთი ბუნდოვანი, წინასწარ განუჭვრეტადი დათქმა. კერძოდ, როგორიცაა აკრძალვა, რომ მაუწყებელმა, სარეკლამო „პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს“. სხვადასხვა დროს, ამ მუხლის დარღვევისთვის, მარეგულირებელმა არაერთი მაუწყებელი დაასანქცირა.
2020 წლიდან, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ძალაში შესვლის კვალდაკვალ, კომუნიკაციების კომისიას, „არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან“ დაცვის მოტივით, მიეცა მაუწყებლების შინაარსში ჩარევის კიდევ ერთი ბერკეტი ისეთ ბუნდოვან დათქმებზე დაყრდნობით, როგორიცაა, მაგალითად, შემდეგი: მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა; მაუწყებელს, შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და სათანადო საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე, ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა, ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას (მუხლები 561, 562).
2022 წლის დეკემბერში, კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ვიდეოგაზიარების პლატფორმების მომსახურების სფერო კომუნიკაციების კომისიის რეგულირების ქვეშ მოექცა. კერძოდ, კომისიას აქვს უფლება, მოითხოვოს, მაგალითად, MyVideo-ზე გავრცელებული ვიდეოს ამოღება, თუ ჩათვლის, რომ იგი ავრცელებს სიძულვილის ენას ან/და დააკისროს პლატფორმას შესაბამისი სანქციები. 2023 წლის ოქტომბერში, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, კომისიას მაუწყებლებში სიძულვილის ენის შესახებ მსჯელობისა და შესაბამისად, ამ კუთხით სამაუწყებლო მედიის შინაარსში ჩარევის უფლებაც მიეცა. ადრე ამ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ სამაუწყებლო მედიის თვითრეგულირების ორგანოებს შეეძლოთ. ახლა კი მათი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. ამასთან, ცვლილების თანახმად, თუ კომუნიკაციების კომისია ჩათვლის, რომ კონკრეტულმა მაუწყებელმა სიძულვილის ენა გაავრცელა, იგი უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის საჩივრის გარეშე, საკუთარი ინიციატივით მოახდინოს რეაგირება. აქვე უნდა ითქვას, რომ „მედიაში სიძულვილის ენის რეგულირებაზე მსჯელობისას, არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი. მათ შორის, ის, რომ სიძულვილის ენის ინტერპრეტაცია შესაძლებელია საკმაოდ ფართოდ, რაც, თავის მხრივ, შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის. ამავე პერსპექტივიდან გამომდინარე, მედიის შინაარსში კომუნიკაციების კომისიის ჩარევა საკმაოდ დიდი რისკის შემცველია, რადგან, ნაცვლად კეთილი მიზნებისა (მომხმარებლების უფლებების დაცვა), შესაძლოა, მივიღოთ გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული დათრგუნვა. ამ უკანასკნელს კი, როგორც წესი, მინიმუმ - ჟურნალისტების/მედიის თვითცენზურამდე, ხოლო, უარეს შემთხვევაში, მარეგულირებლის მიერ კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვამდე მივყავართ“.
2023 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებებით, მედიის თვითრეგულირებიდან კომუნიკაციების კომისიის რეგულირებაში გადავიდა მაუწყებლის მიერ „უხამსობის გავრცელებაც“. სიძულვილის ენის მსგავსად, ან შეიძლება, უფრო მეტადაც, უხამსობის ცნება ფართოდ ინტერპრეტირებადი და ბუნებრივად სიცხადის პრობლემის მქონეა. ამდენად, მისი მოქცევა კომისიის რეგულირების სფეროში ქმნის რისკს, რომ მას, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მიზნით, სახელმწიფო ბოროტად გამოიყენებს. მით უმეტეს, რომ მსგავსი მცდელობა კომუნიკაციების კომისიას ჯერ კიდევ მანამდე ჰქონდა, ვიდრე უხამსობის საკითხი კანონით გადავიდოდა მისი რეგულირების ქვეშ. კერძოდ, საუბარია 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე და კომისიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით, მაუწყებლის სამართალდამრღვევად ცნობაზე.
კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლებაზე მეტყველებს მისი შესაძლებლობები მაუწყებლების დასანქცირების მხრივაც. კერძოდ, მას აქვს შესაძლებლობა, არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები დააკისროს რეგულირების სფეროში მოქცეულ კერძო კომპანიებს და შეაჩეროს კიდეც მათი საქმიანობა. მაუწყებლებისთვის მაღალი ჯარიმების დაწესება ან/და მათი მომსახურების შეჩერება კი, შეიძლება, დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისთვის.
ზემოთ განხილული საკანონმდებლო რეგულაციები და კომუნიკაციების კომისიის უფლებების ზრდა მეტად შემაშფოთებელი ხდება მაშინ, თუ ცალკეულ მაუწყებლებთან მიმართებით, კომისიის პრაქტიკულ მიდგომებს გადავხედავთ. კერძოდ, კომისია, კანონის თავისებური და არცთუ სწორი ინტერპრეტაციით, არაერთგზის ჩაერია მაუწყებლების მიერ მომზადებული პროდუქციის შინაარსში, რეკლამის შინაარსში, ფაქტობრივად, აკრძალა პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მაუწყებელს დააკისრა არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები და ა.შ. ზემოაღნიშნული ფაქტები, შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებით, მიუთითებს იმაზე, რომ კომუნიკაციების კომისია არ არის დამოუკიდებელი სახელისუფლებო გავლენებისგან (უფრო ვრცლად, იხ. Gnomon Wise-ის პოლიტიკის დოკუმენტი).
კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლების ზრდისა და მისი საკამათო პრაქტიკული მიდგომების ფონზე, კომისიის დამოუკიდებლობის საკითხი პრობლემურია საკანონმდებლო დონეზეც. ამას ადასტურებს როგორც ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს შესახებ, ისე 2023 წლის თებერვალში, ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა და რეკომენდაციები საქართველოს კანონზე „მაუწყებლობის შესახებ“. ექსპერტების თანახმად, „ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, კომუნიკაციების კომისია (ComCom), დამოუკიდებელია ასეთი ორგანოსთვის AVMSD-ის კრიტერიუმებითა და ევროპის საბჭოს სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნათა მიხედვით... ამ დასკვნის მხარდასაჭერად, შეიძლება მივუთითოთ კანონში არსებულ მთელ რიგ ხარვეზებზე, მათ შორის, იმაზეც, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას მთავრობა არ ადგენს გამჭვირვალე პროცედურებით, შემდეგ კი მათ პარლამენტი ირჩევს ხმათა [უბრალო] უმრავლესობით. როდესაც მმართველი პარტია უმრავლესობაშია (როგორც ამჟამად), ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრი, რეალურად, წარდგენილი და შერჩეულია მმართველი პარტიის მიერ, ევროპის საბჭოს სტანდარტთა საწინააღმდეგოდ (გვ. 11)“.
მართლაც, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არაა გაწერილი, თუ რა კრიტერიუმებით არჩევს მთავრობა კომისიის წევრობის კანდიდატებს, რომლებსაც შემდგომ პარლამენტს წარუდგენს ასარჩევად. ბუნებრივია, მსგავსი მიდგომა ვერ ჩაითვლება გამჭვირვალედ. ამასთან, პარლამენტის მიერ კომისიის წევრთა მხოლოდ უბრალო უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა, თანაც მაშინ, როცა ეს უმრავლესობა მხოლოდ ერთ, სახელისუფლებო პარტიას ეკუთვნის, ასუსტებს კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობას. ამ ხარვეზის გამოსწორების გზად, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მივიჩნიოთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრების არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 ან 3/4 დასჭირდება.
კომუნიკაციის კომისიის წევრების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ახლახან პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის შესაბამისი ხელმოწერის შემდგომ შევა ძალაში. ცვლილების თანახმად, მთავრობის მიერ კომუნიკაციების კომისიაში წარსადგენი კანდიდატების შესარჩევად, შეიქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც „დაკომპლექტდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით“. ეს კომისია გადაარჩევს განაცხადებებს და გასაუბრებას მართავს ყველა იმ კანდიდატთან, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკონკურსო კომისია, განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ იგი განპირობებულია ევროკომისიის რეკომენდაციით, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის გაზრდას ითვალისწინებს. თუმცა, რამდენად გაზრდიან კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობას კვლავ მთავრობის დაკომპლექტებული შესარჩევი კომისია და მათ მიერ არჩეული კომისიის წევრობის კანდიდატები, ეს ცალკე საკითხია. ასევე, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებაც არ ადგენს, რამდენად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი.
ზემოაღნიშნულის გარდა, ევროპის საბჭოს ექსპერტთა დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი, ხოლო ერთი და იგივე პირი ამ პოზიციაზე შეიძლება ორჯერ აირჩეს. ამდენად, მათ შეუძლიათ კომისიის წევრად 12-წლიანი ვადით მსახურება. „ეს არის ევროპაში თანამდებობაზე ყოფნის ყველაზე ხანგრძლივი ვადა. ერთადერთი სხვა მარეგულირებელი ორგანო ევროკავშირის ფარგლებში, სადაც წევრს შეუძლია 12 წელი მსახურება (ავსტრია, ბელგია-ფლანდრია, კვიპროსი, კატალონია და სლოვაკეთი), არის არა კონვერგირებული მარეგულირებელი ორგანო, არამედ მხოლოდ აუდიოვიზუალური მედიის მარეგულირებელი. აქედან გამომდინარე, საქართველოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული მდგომარეობა აქვს, რადგან მარეგულირებლებს ამ თანამდებობაზე ყოფნის უფლებას აძლევს 12 წლამდე“ - აღნიშნულია ევროპის საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
თანამდებობაზე ყოფნის ვადების კონტექსტში, აღსანიშნავია კანონმდებლობაში 2019 წლის შემოდგომაზე შესული ცვლილებაც. კერძოდ, თუ მანამდე კომისიის თავმჯდომარეს (რომელიც შეიძლება გახდეს კომისიის 5-კაციანი შემადგენლობიდან ერთ-ერთი და მას კომისიის წევრები ირჩევენ) 3 წლის ვადით, მხოლოდ ერთხელ ირჩევდნენ, კანონის ახალი რედაქციით, ეს შეზღუდვა მოიხსნა. შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ პირი ორჯერ ან მეტჯერაც აირჩიონ. ამდენად, ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება კომისიის თავმჯდომარე იყოს 12 წლის განმავლობაში. ამ ცვლილებამ გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ კანონი მოარგეს კონკრეტულად კომისიის მოქმედ წევრსა და თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, რომელიც მეორე ვადით კომისიის წევრად 2019 წლის დეკემბერში აირჩიეს, 2020 წლის თებერვალში იგი მეორედ გახდა კომისიის თავმჯდომარე. ხოლო, 2023 წლის იანვარში მესამედ იქნა არჩეული თავმჯდომარის პოზიციაზე.
ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ პრობლემურად არის დასახელებული კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობის სიმცირე. მოქმედი კანონით, „კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით“ (მუხლი 7.7). კომისიის შემადგენლობაში ამჟამად, თავმჯდომარის ჩათვლით, ხუთი წევრია. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. მოქმედი ნორმა, ფაქტობრივად, იძლევა საშუალებას, რომ კომისიის გადაწყვეტილებები მიღებული იქნას მხოლოდ მისი ორი წევრის მიერ. კერძოდ, თუ კომისიის სხდომას ესწრება ხუთიდან სამი წევრი ანუ სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, კვორუმი შემდგარია და ასეთ დროს, კონკრეტულ საკითხზე ორი წევრის თანხმობაც კი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად. ექსპერტთა შეფასებით, ეს ძალიან დაბალი სტანდარტია და სასურველია როგორც კომისიის წევრთა რაოდენობის, ისე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობის გაზრდა.
***
როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება. ამის კიდევ ერთი დადასტურება ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული შეფასებაა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაიზარდოს მედია სექტორს ნდობა კომუნიკაციების კომისიის მიმართ. შეგვიძლია ვთქვათ, ამ ეტაპზე, კომისიის არაერთი საკამათო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ეს ნდობა ძალიან დაბალია. ამდენად, ზოგადი საჭიროებისა თუ ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში, კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ძირეული და არა ფასადური საკანონმდებლო ცვლილებები, პირველ რიგში სწორედ იმ აქტორების ჩართულობით, რომლებზეც კომისიის რეგულირება ვრცელდება. მართალია, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ კომისია სრულად დამოუკიდებელი გახდება, რადგან გვინახავს კარგად დაწერილი კანონები, რომლებიც პრაქტიკაში არ სრულდება, თუმცა, დასაწყისისთვის ესეც მნიშვნელოვანია.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.