დეზინფორმაციის წინმსწრებად მხილება (Prebunking) - ფსიქოლოგიური "ვაქცინა" კოლექტიური იმუნიტეტისთვის
21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ, ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ადამიანებს ინფორმაციის სწრაფად და მარტივად გავრცელების შესაძლებლობა მისცა. თუმცა, შესაძლებლობების გარდა, გაჩნდა გამოწვევებიც. პირველ რიგში, ესაა ინფორმაციის იარაღად გამოყენება სხვადასხვა მავნე გავლენის აქტორთა მიერ და ამ გზით რეალობის დამახინჯების მცდელობები. ბუნებრივია, დეზინფორმაცია და საზოგადოების აზრით მანიპულირების ფენომენი ყველა ეპოქაში არსებობდა. თუმცა თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის გავრცელების გამარტივებამ ეს პრობლემა ბევრად უფრო მწვავედ წარმოაჩინა. დღესდღეობით, მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ხშირად, ღია საომარი მოქმედებების ნაცვლად, ინფორმაციის საშუალებით მოქალაქეების შეხედულებებზე გავლენის მოხდენასა და სხვა სახელმწიფოს საქმეებში ამ ფორმით ინტერვენციას ცდილობენ. ამ კონტექსტში კი, პირველ რიგში, აღსანიშნავია რუსული საინფორმაციო ომი, რომელიც მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს. იგი ცდილობს, დათესოს შიში და დაბნეულობა სამიზნე საზოგადოებებს შორის და ამ გზით, გააქროს ფაქტებზე დაფუძნებული საგნობრივი დისკუსიები.
როცა ზემოაღნიშნულ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ადამიანების შეხედულებებსა თუ ქცევებზე გავლენის მოსახდენად, გამოყენებულია არა მხოლოდ გამოგონილი ისტორიები, არამედ, უმეტესწილად, სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთში აღრევა, კონტექსტის დამახინჯება და, შესაბამისად, ინფორმციით მანიპულირება. აქვე უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია ბევრად სახიფათოა, ვიდრე ე.წ. ყალბი ამბავი, რადგან, შეიცავს რა სიმართლის ელემენტებს, მისი სწორად გაანალიზება და რეალური მიზნების ამოცნობა ბევრად რთულია. Roozenbeek-ისა და van der Linden-ის (2021) თანახმად, ასეთ დროს, აუდიტორიის შეცდომაში შესაყვანად, გამოყენებულია რამდენიმე ძირითადი ტექნიკა. ესენია: ემოციურად მანიპულირებული სამეტყველო ენა, პოლარიზაციისკენ მიმართული კომუნიკაცია, კონსპირაციული მსჯელობები, ე.წ. ტროლინგი და მცდარ ლოგიკაზე დაფუძნებული მტკიცებები.
მანიპულაციური საინფორმაციო ჩარევების პრობლემა განსაკუთრებით აშფოთებს დემოკრატიულ საზოგადოებებს, სადაც სიტყვის თავისუფლება დაცულია და ამას ცალკეული მავნე გავლენის აქტორები, მათ შორის, მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნები, სათავისოდ იყენებენ. ამ კონტექსტში, შეიძლება ვახსენოთ არაერთი ანგარიში თუ გამოძიება, რომლებშიც საუბარია რუსეთის ფედერაციის მცდელობებზე, გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის, აშშ-ის) არჩევნებსა თუ სხვა შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. ეს პრობლემა დასავლურმა ქვეყნებმა განსაკუთრებით მწვავედ დაინახეს 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ დროს, ასევე, 2016 წელს - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. ამდენად, დემოკრატიულ ქვეყნებში, ასევე, შესაბამის აკადემიურ წრეებში, წლების განმავლობაში, არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მანიპულირებულ, დამაზიანებელ ინფორმაციას.
დეზინფორმაციის მოცულობის ზრდასთან ერთად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ე.წ. ფაქტების გადამმოწმებელი (Fact Checking) ორგანიზაციები. მათი მიზანია, ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტებით დაუპირისპირდნენ ისეთ მავნე კამპანიებსა თუ აქტორებს, რომლებიც საზოგადოების მანიპულირებას, პოლარიზაციასა და დაბნევას ისახავენ მიზნად. ბუნებრივია, მათი მცდელობები მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, თუმცა საკითხავია, არის, თუ - არა საკმარისი მავნე ინფორმაციაზე მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ყოფნა.
Roozenbeek-ი და van der Linden-ი (2021), სხვადასხვა აკადემიურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოყოფენ ოთხ ძირითად მიზეზს, რომელთა გამოც, მანიპულირებული ინფორმაცია გადამოწმებულ ფაქტებს ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს. 1. ხშირად ყალბი ამბები თუ ჭორები უფრო ფართოდ და სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, ვიდრე მათ შესახებ მოგვიანებით გავრცელებული გადამოწმებული ცნობები. ამასთან, ფაქტების გადამმოწმებლები ხშირად ვერ წვდებიან იმ აუდიტორიას, რომელზე გავლენაც თავდაპირველმა მანიპულირებულმა სიახლემ იქონია; 2. ადამიანებმა, რომლებიც იჯერებენ დეზინფორმაციას, შეიძლება განწყობები მისი გადამოწმებული ვერსიის აღმოჩენის შემდეგაც არ შეიცვალონ. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც „განგრძობადი გავლენის ეფექტი“. ამდენად, ნაკლებმოსალოდნელია, რომ გადამოწმებული ინფორმაცია სრულად აღმოფხვრის ადამიანის გონებისთვის მანიპულირებული სიახლით მიყენებულ ზიანს; 3. დეზინფორმაციის უწყვეტი ცირკულაცია საინფორმაციო სივრცეში ზრდის იმის ალბათობას, რომ საბოლოოდ, იგი აღიქმება, როგორც სიმართლე. ამ მოვლენას „ილუზორული სიმართლის ეფექტითაც“ მოიხსენიებენ; 4. არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათ „ამოწმებენ“. შესაბამისად, შეიძლება უარყოფითად უპასუხონ ფაქტების გადამოწმების მცდელობებს.
ზემოთ განხილული გამოწვევების გარდა, მანიპულირებული ინფორმაციის გამავრცელებლები სხვა უპირატესობებითაც სარგებლობენ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მითებისა თუ კონსპირაციის თეორიების შექმნა ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე მათზე რეაგირება, რადგან სანდო, ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას არაერთი წყაროს დაზუსტება და ანალიზი სჭირდება. დეზინფორმაციის განეიტრალების კუთხით კი, დრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან, რაც უფრო დიდი დრო გადის ყალბი ამბის გავრცელებიდან მის კორექტირებამდე, მით ნაკლებია შესაძლებლობა, რომ გადამოწმებული ინფორმაცია თავდაპირველი სიყალბის ეფექტს გაანეიტრალებს. გარდა ამისა, მითებისა თუ მანიპულაციის უფრო სწრაფად გავრცელებას ისიც უწყობს ხელს, რომ ე.წ. „მყვირალა,“ ემოციებზე მოთამაშე ამბავი, რომელსაც არ ზღუდავს არავითარი ჟურნალისტური თუ ეთიკური სტანდარტი, თითქოს „მეგობარივით გვეჭორავება,“ ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქტი კი უფრო მეტ დეტალს, მეტად ფორმალურ ენას შეიცავს, რაც ართულებს მის აღქმასა და ემოციურ კავშირს აუდიტორიასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიმართლის გამარჯვებისთვის, კონსპირაციის თეორიებსა თუ მანიპულირებულ ინფორმაციაზე მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ყოფნა საკმარისი არ არის. ამიტომაც მათ მიაგნეს გზას, რომელიც დეზინფორმაციის წინმსწრებად მხილებას (pre-emptively debunk – “prebunk”) გულისხმობს. თავის მხრივ, აღნიშნული მიდგომა ეფუძნება 1960-იან წლებში შემუშავებულ ინოკულაციის თეორიას (inoculation theory), რომლის თავდაპირველი კონცეპტუალიზაცია სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელმა William McGuire-მა შეძლო. Roozenbeek-ისა და van der Linden-ის (2021) თანახმად, ვიეტნამის ომის დროს, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებული იყო იმ პერსპექტივით, რომ უცხოური პროპაგანდა ამერიკელი ჯარისკაცების დარწმუნებას, მათთვის „ტვინის გამორეცხვას“ შეძლებდა. აქედან გამომდინარე, McGuire-მა შეისწავლა ე.წ. „ფსიქოლოგიური ვაქცინის“ იდეა „ტვინის გამორეცხვის“ საწინააღმდეგოდ. მისი ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანების სწორი ფაქტებით „დაბომბვის“ ნაცვლად, შეიძლება უფრო ეფექტური ყოფილიყო, მათთვის მანიპულაციური არგუმენტების გარკვეული დოზის წინმსწრებად მიწოდება, რითაც ისინი ახლოს გაეცნობოდნენ კონკრეტული საკითხის შესახებ გამოყენებულ მანიპულაციურ გზავნილებს და მომავალში მოსალოდნელ საინფორმაციო ოპერაციებს მეტი სიფრთხილით შეხვდებოდნენ. წლების განმავლობაში, აღნიშნული მიდგომის რელევანტურობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა.
ინოკულაციის თეორიის ეფექტურობის შესახებ მყარ მტკიცებულებას გვთავაზობს Banas და Rains-ის (2010) მიერ ორმოცდათოთხმეტი სხვადასხვა ნაშრომის შესწავლის საფუძველზე ჩატარებული მეტაანალიზიც. სწორედ მსგავს აკადემიურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, მკვლევრებმა დაიწყეს ინოკულაციის თეორიის გამოყენება თანამედროვე ონლაინ დეზინფორმაციის კონტექსტში. თავდაპირველად, წინმსწრებად მხილების (prebunking) მიდგომები გამოიყენეს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატის ცვლილების უარმყოფი კამპანიები. თუმცა, მოგვიანებით, მკვლევართა ფოკუსი კონკრეტული საკითხებიდან უშუალოდ მანიპულაციის ტექნიკებზე გადავიდა, რაც საშუალებას აძლევს აუდიტორიას, კრიტიკულად შეხედოს მისთვის მიწოდებულ ნებისმიერ მანიპულირებულ ინფორმაციას, მისი თემატიკის მიუხედავად.
ტექნიკაზე დაფუძნებული ინოკულაცია ავლენს და აუდიტორიისთვის უფრო ცხადს ხდის მანიპულაციის იმ ხერხებს, რომლებიც, როგორც წესი, თითქმის ყველა დეზინფორმაციული ტიპის ნარატივს ახასიათებს. ესენია: შეთქმულების თეორიები (ვიწრო, განყენებული ჯგუფისთვის საზოგადოების ყველა პრობლემის დაბრალება); ემოციურად მანიპულირებული სამეტყველო ენა, რომელიც ბრაზსა და შიშს იწვევს; პოლარიზაციისა და საზოგადოების დაყოფისკენ მიმართული კომუნიკაცია; ე.წ. ტროლებისა და ბოტების გამოყენება სოციალურ ქსელში და ა.შ. Roozenbeek-ი და van der Linden-ი (2021) მიიჩნევენ, რომ, თუ ადამიანებისთვის მსგავსი ხრიკები მეტ-ნაკლებად ნაცნობია, მათ შეუძლიათ უკეთ ამოიცნონ ისინი სხვადასხვა საკითხის შესახებ გავრცელებულ სიახლეებში.
ზემოაღნიშნული მიდგომის ვალიდურობის შესამოწმებლად, Roozenbeek-მა, van der Linden-მა და Nygren-მა (2020) შექმნეს ონლაინ თამაში Bad News, სადაც წარმოდგენილია გამოგონილი სოციალური მედიაგარემო. ამ გარემოში, მანიპულაციური ინფორმაციის შემქმნელის როლში, მოთამაშე გადის ექვს საფეხურს, საიდანაც თითოეული ფარავს თითო დეზინფორმაციულ ტექნიკას. თამაშის პარალელურად, ინდივიდი ეცნობა აღნიშნულ ტექნიკებს და საბოლოოდ, იძენს უნარს, ამოიცნოს ისინი სხვადასხვა სიტუაციაში. ეს ეფექტი ექსპერიმენტით დადასტურდა თამაშის ხუთ განსხვავებულ ენაზე (ინგლისური, გერმანული, ბერძნული, პოლონური, შვედური) მოსაუბრე მონაწილეთა შორის. კვლევამ აჩვენა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ, ინდივიდების (მიუხედავად მათი ასაკის, სქესის, განათლების დონისა თუ პოლიტიკური იდეოლოგიისა) უნარი, ამოეცნოთ მანიპულაციური ტექნიკები და, შესაბამისად, დეზინფორმაცია, შესამჩნევად გაიზარდა.
ანალოგიური ეფექტი დაადასტურა მოგვიანებით შექმნილმა კიდევ ერთმა ონლაინ თამაშმა - Harmony Square, რომლის მიზანია დეზინფორმაციისა და პოლარიზაციის შემცირება. თამაშზე დაფუძნებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იგი ამცირებს დეზინფორმაციის სანდოობას და ზრდის ინდივიდების უნარებს მის აღმოჩენაში. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებმაც ეს თამაში ითამაშეს, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად გამოხატავდნენ თავიანთ სოციალურ გვერდებზე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაზიარების სურვილს.
დეზინფორმაციის წინმსწრებად მხილების ეფექტურობა გამოავლინა მკვლევართა ჯგუფის მიერ (Basol et. al, 2021) კოვიდ-19-ის თემატიკაზე შექმნილმა თამაშმა Go Viral! ამ ხუთწუთიანი თამაშის შედეგად მიღებული ემპირიული მონაცემებით დასტურდება, რომ იგი, მულტიკულტურულ დონეზე, აუმჯობესებს კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის ამოცნობის უნარებს, ზრდის ინდივიდთა თავდაჯერებას მანიპულაციურ გზავნილებთან გამკლავების კუთხით და ამცირებს დეზინფორმაციის სხვა ადამიანებისთვის გაზიარების სურვილს. ამასთან, კვლევის თანახმად, პირველი ორი ეფექტი გრძელდება თამაშის დასრულებიდან, მინიმუმ, ერთი კვირის განმავლობაში.
ინოკულაციის თეორიაზე დაფუძნებული თამაშებიდან, ასევე, გამოსარჩევია თამაში Cranky Uncle. იგი ფარავს მანიპულაციის თოთხმეტ ტექნიკას, შექმნილია სასკოლო განათლების მიზნებისთვის და თან ახლავს გზამკვლევი მასწავლებელთათვის. თამაშების გარდა, აღსანიშნავია ანალოგიური მიზნებით შექმნილი ვიდეორგოლებიც, რომლებიც თამაშებზე ნაკლებ დროს მოითხოვს და ამავდროულად, აქვს შესამჩნევი ეფექტი მანიპულაციურ ტექნიკებთან გამკლავებისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ YouTube-ზე სარეკლამო კამპანიის გაშვება ინოკულაციის ვიდეოების გამოყენებით, საგრძნობლად აუმჯობესებს YouTube-ის მომხმარებელთა უნარს, სწორად ამოიცნონ მანიპულაციური კონტენტი. ამრიგად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს შეუძლიათ აწარმოონ მსგავსი კამპანიები სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე, ინოკულაციის ვიდეოების გამოყენებით.
დემოკრატიული მთავრობების, ასევე, სოციალური მედიის პლატფორმებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების მისამართით, ზემოაღნიშნულის მსგავს რეკომენდაციას გასცემენ Roozenbeek-ი, van der Linden-ი და Nygren-ი (2020). მათი თქმით, ინოკულაციის თეორიის მიხედვით შექმნილი მასშტაბური „ვაქცინაციის პროგრამები,“ ონლაინ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, შეიძლება ფაქტების გადამოწმების კლასიკურ მიდგომაზე ბევრად ეფექტური აღმოჩნდეს. ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა. კერძოდ, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ამ სფეროს მკვლევრებთან თუ პრაქტიკოსებთან და ცდილობენ შეიმუშაონ ოპტიმალური სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას, გადამოწმებისა და წინმსწრებად მხილების (ინოკულაციის თეორიის მიდგომა) საშუალებით. ინოკულაციის მიდგომა გამოიყენა სოციალურმა ქსელმა twitter-მაც (ამჟამად - X) 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავრცელებული მანიპულირებული ინფორმაციის წინააღმდეგ. თუმცა დეზინფორმაციის წინმსწრებად მხილების მიდგომა, მისი სიახლიდან გამომდინარე, კვლავაც განვითარების პროცესშია.
***
დოკუმენტში განხილული აკადემიური ლიტერატურის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, მავნე ინფორმაციის წინააღმდეგ მხოლოდ რეაგირების (გადამოწმების) რეჟიმში ყოფნა საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია „საზოგადოებრივი იმუნიტეტის“ გაძლიერება და დეზინფორმაციის წინმსწრებად მხილება. ამ პროცესში კი, შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ინოკულაციის თეორიაზე დაფუძნებულმა მიდგომამ, რომლის მიზანია, ინდივიდებს წინასწარ მცირე დოზით მიაწოდოს კონკრეტულ საკითხებზე გავრცელებული, შეცდომაში შემყვანი გზავნილები, ასევე, გააცნოს ინფორმაციის მანიპულირების ფართოდ გამოყენებული ტექნიკები და ამ გზით, დეზინფორმაციის მიმართ, უფრო იმუნური გახადოს. მსგავსი „ფსიქოლოგიური ვაქცინის“ ეფექტურობა არაერთმა კვლევამ გამოავლინა. ამასთან, თავად ინოკულაციის პროცესიც არ არის რთული და მოსაწყენი, რადგან ის, ძირითადად, სახალისო თამაშებსა თუ მოკლე ვიდეოებს ეყრდნობა. ასევე, დასტურდება, რომ მსგავსი ინტერვენციები ზრდის ინდივიდის თავდაჯერებას მანიპულირებული ინფორმაციის აღმოჩენასთან დაკავშირებით და ამცირებს დეზინფორმაციის სხვებისთვის გაზიარების სურვილს. აქვე უნდა ითქვას, რომ დეზინფორმაციის წინმსწრებად მხილების მიდგომა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ამ ეტაპზე პასუხგაუცემელი კითხვებიც არსებობს. ამ სფეროს მკვლევართა აზრით, მთავარი კითხვა ეხება დროს, კერძოდ, იმას, თუ რამდენად დიდხანს ძლებს ეს ე.წ. „ფსიქოლოგიური ვაქცინა“. გამოსავლენია ისიც, იმავე წარმატებით იმუშავებს, თუ - არა ეს მიდგომა აკადემიური კვლევის ფარგლებს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში; ან სად არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა თუ იმ საზოგადოებამ, მანიპულირებული ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ე.წ. „კოლექტიურ იმუნიტეტს“ მიაღწია.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.