პუბლიკაციები

საქართველო სამართლის უზენაესობის ინდექსში

წინამდებარე სტატიის მიზანია, დაგვანახვოს, თუ რამდენად ვალიდურია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ სამართლის უზენაესობის ინდექსისა და მისი გათვალისწინებით, გლობალურ თუ რეგიონულ რეიტინგებში დაკავებული ადგილის მიხედვით, საქართველოს სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა თუ ეფექტიანობის შესახებ დასკვნების გამოტანა. შესაბამისად, სტატიის ამოცანაა გამოარკვიოს, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული მაჩვენებლები მყარ არგუმენტს, სასამართლო სისტემაში გასატარებელი დაუყოვნებელი და რადიკალური რეფორმების შესახებ ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის უგულებელსაყოფად.

ჩვენს კითხვაზე პასუხს თავად WJP-ი სცემს, როდესაც, მაჩვენებლების ინტერპრეტაციის დროს, განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. ყოველ ანგარიშში მითითებულია, რომ ვერც ერთი ინდექსი, რამდენად გამართული მეთოდოლოგიის საფუძველზეც უნდა იყოს ის შედგენილი, სრულყოფილად ვერ გადმოსცემს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. სამართლის უზენაესობის ანალიზი მოითხოვს ბევრი განზომილების ფრთხილ გათვალისწინებას. ამ გზაზე სამართლის უზენაესობის ინდექსი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც სხვა, როგორც რაოდენობრივ, ისე თვისობრივ ინსტრუმენტებთან კომბინაციაში უნდა გამოიყენებოდეს.

სტატიაში მიმოხილულია ზოგადად სამართლის უზენაესობის ინდექსი, მისი შემადგენელი კომპონენტები, გამოთვლის მეთოდოლოგია. ასევე, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, წლების მიხედვითაა ჩაშლილი თითოეული მაჩვენებელი. სწორედ ამ გზის გავლაა აუცილებელი, რათა კარგად დავინახოთ, რა დგას ამ მაჩვენებლების უკან. თუკი ამგვარ კვლევას ჩავატარებთ და არ დავკმაყოფილდებით არაფრისმთქმელი ინფორმაციით, რომელიც ეხება მხოლოდ ზოგად მაჩვენებლებსა და ამ მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანათა გადაჯგუფებისას დაკავებულ პოზიციებს, ვნახავთ, რომ ეს კონკრეტული ინდექსი გამოუსადეგარია საქართველოს სასამართლო სისტემაში პრობლემების არარსებობის დასამტკიცებლად.

სამართლის უზენაესობის ინდექსის ქვეფაქტორთა დეტალური განხილვის შედეგად, მიღებულია სურათი, რომლის მიხედვითაც, მართლმსაჯულების სისტემაში, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი თუ სამოქალაქო მართლმსაჯულების განხორციელება, თვალსაჩინოა ხელისუფლების გავლენების შესახებ წუხილი. თავის მხრივ, მონაცემთა ანალიზით იკვეთება სასამართლო ხელისუფლებისგან მთავრობის კონტროლის შესაძლებლობის დეფიციტი. ეს მიგნებები არათუ აბათილებს ევროპული კომისიის მიერ დასახელებულ გამოწვევებს, არამედ ადასტურებს სასამართლო სისტემაში და ზოგადად, მართლმსაჯულებაზე ხელისუფლების გავლენების არსებობას,  კეთილსინდისიერების დეფიციტს სასამართლო სისტემაში და შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის მოშლას.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია