პუბლიკაციები

საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA) - შედეგები და მიზეზები

2019 წლის 3 დეკემბერს ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ერთ-ერთი კვლევის - მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ანგარიში გამოქვეყნდა. მასში მონაწილეობა მსოფლიოს 79 ქვეყანამ მიიღო, მათ შორის საქართველომაც. PISA-ს პროგრამაში საქართველოს მოსწავლეებმა პროგრამის საშუალო ქულასთან შედარებით, დაბალი შედეგები აჩვენეს. ამასთან, საქართველოს მდგომარეობა წინა ანგარიშის შედეგებთან შედარებითაც მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.

საქართველოდან კვლევაში მონაწილეობა 326 სკოლის 5 572-მა მოსწავლემ მიიღო. თითოეულ კომპონენტში, 2015 წელთან შედარებით, საქართველომ პოზიციები გაიუარესა. წიგნიერებაში საქართველოს მოსწავლეების მაჩვენებელი 380-ია, PISA-ს საშუალო კი - 487 ქულა. მათემატიკურ ნაწილში საქართველოს საშუალო 398 ქულაა, ხოლო PISA-ს საშუალო - 489. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველომ 383 ქულა აჩვენა, საერთაშორისო საშუალო აქაც 489 ქულაა.

განსხვავებით სხვა კვლევებისგან, შეიძლება ითქვას, რომ PISA-ს კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, რადგან იგი კონცენტრირდება განათლების ზოგად პოლიტიკაზე და ადგენს სწავლა სწავლების პროცესის განმსაზღვრელ სხვადასხვა ფაქტორებს. PISA აჩვენებს მოსწავლეთა სიტუაციურ უნარებს და მათ ხელთ არსებული ცოდნის საფუძველზე ინფორმაციის ანალიზის, მსჯელობისა და ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობებს წარმოაჩენს. პროგრამის რეგულარული ჩატარება კი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული სიტუაციის დროში გაანალიზების საშუალებას იძლევა.

PISA-ს შედეგების გაანალიზება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ განათლების სამინისტროს არ გააჩნია სხვა უფრო რეალური ინსტრუმენტი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. 2019 წელს საატესტატო გამოცდების გაუქმებით, სამინისტრომ საკუთარ თავს წაართვა ის ერთადერთი რაოდენობრივი მაჩვენებელიც კი, რომელიც, ასე თუ ისე, მშრალ მონაცემებს მაინც გვაძლევდა მოსწავლეთა ზოგადი კომპეტენციების შესახებ. რთული სათქმელია, ამ ვითარებაში როგორ უნდა გაუმჯობესდეს მოსწავლეთა ზოგადი შესაძლებლობები. მით უმეტეს, რომ განათლების სამინისტროს მდგომარეობის გამოსწორების ერთიანი ხედვა არ წარმოუდგენია. თითქმის ყოველ წელს ვისმენთ სტატიკურ ინფორმაციას სხვადასხვა რეფორმის დაანონსების შესახებ, თუმცა საქართველოს რეალობაში ხშირად ეს რეფორმები ვერ ხორციელდება - მიზეზი მარტივია, როგორც წესი, მკაცრად ცენტრალიზებულ სისტემაში ეს რეფორმები ცალკეულ მინისტრსა და მის გუნდზეა მიბმული, სტატისტიკის თანახმად კი, როგორც წესი, საქართველოში ყველაზე ხშირად, განათლების მინისტრი იცვლება.

შედეგების და მიზეზების დეტალურად გასაცნობად იხილეთ მიმაგრებული ფაილი, სადაც წარმოდგენილია Gnomon Wise -ის მკვლევარის, ირინა გურგენაშვილის ანალიზი.

მიმაგრებული ფაილი


ავტორ(ებ)ი

ირინა გურგენაშვილი