ადმინისტრაციული პატიმრობის პრაქტიკა საქართველოში და მისი საბჭოთა საფუძვლები
შესავალი
სიმბოლურია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული საბჭოთა სტილის რეპრესიებისთვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს და მთავარ დასაყრდენს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წარმოადგენს.
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა თუ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ პრეტენზიების სხვადასხვა ფორმით გამოხატვის გამო, ასეულობით პირი, ძირითადად, სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი ყველაზე „მოქნილი“ მუხლის საფუძველზე დააკავეს. საუბარია წვრილმან ხულიგნობასა (166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე (173-ე მუხლი), რომელთაც მოქნილობას სწორედ მათი ბუნდოვანება ანიჭებს. ამავდროულად, შესაბამისი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, სასამართლოს შესაძლებლობა აქვს, აღნიშნული მუხლები მარტივად და სწრაფად (თუნდაც მხოლოდ პოლიციელის გაგონილსა თუ ტელევიზორში ნანახზე დაყრდნობით) მოარგოს ყველა სიტუაციას.
ორივე სამართალდარღვევა, სხვა ათეულობით სამართალდარღვევის მსგავსად, სახდელის სახედ როგორც ჯარიმის დაკისრებას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს, როგორც სასჯელის ალტერნატიულ ფორმას. მართალია, ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში სასამართლო, ძირითადად, ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლა, თუმცა სადამსჯელო მექანიზმად პატიმრობის დაკისრების შესაძლებლობა, სამართალდარღვევების ხასიათის გათვალისწინებით, მათ სისხლის სამართლებრივ ბუნებას ანიჭებს. შესაბამისად, ასეთი ძლიერი რეპრესიული მექანიზმის გამოყენების ზრდის ტენდენცია და პრაქტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
წინამდებარე ანალიზი, იმის შეხსენებით, რომ ეს მექანიზმი არა - ნოვაციას, არამედ საბჭოთა მემკვიდრეობას წარმოადგენს, ამ სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განსაკუთრებული ბუნებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სისტემური პრობლემების განხილვას ემსახურება, რომლებიც მათ ინსტრუმენტალიზაციას უზრუნველყოფს.
საბჭოთა საფუძვლები
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისგან, მათ შორის, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს ფორმალურადაც არ გაუუქმებია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. დღემდე კოდექსში შეტანილია 544 ცვლილება, რომლებმაც ამ საკანონმდებლო აქტს ძირითადად ქაოტურობა და კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შესძინა, საბჭოთა ფუნდამენტი, მისი ლოგიკა და მთავარი ღერძი კი მოურღვეველი დარჩა, რაც კოდექსის ინსტრუმენტალიზაციას განაპირობებს.
ცალკეული სამართალდარღვევებისთვის ყველაზე მძიმე ადმინისტრაციულ სახდელს (გამონაკლის შემთხვევებში), თხუთმეტ დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას, 1984 წლის კოდექსის თავდაპირველი ვერსიაც იცნობდა. თუმცა, დასაწყისისთვის, პატიმრობის შეფარდება შესაძალებელი იყო მხოლოდ ორი სამართალდარღვევის შემთხვევაში - წვრილმანი ხულიგნობისა (მუხლი 166) და მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობისთვის (მუხლი 173). მოგვიანებით, დამოუკიდებლობის აღდგენამდე პერიოდში, მოქმედ კოდექსს ამ სახის კიდევ სამი მუხლი დაემატა. კერძოდ, ეტაპობრივად დაემატა შემდეგი სამართალდარღვევები: სპირტიანი სასმელის სმის ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი ამ სამართალდარღვევისთვის (მუხლი 171), ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენის ან შენახვისთვის ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე (მუხლი 45). და ბოლოს, 1988 წლის 22 მარტის ცვლილებით, დაემატა კრების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობისა და დემონსტრაციების ორგანიზაციის ან ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა მისი ორგანიზატორის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელსაც ამ სამართალდარღვევისთვის წლის განმავლობაში დაედო ადმინისტრაციული სახდელი (მუხლი 1741).
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული მუხლი, გარდა ბოლოს დამატებული 1741-ე მუხლისა, მკაცრად უთითებდა, რომ ამ ზომის გამოყენება კანონით ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, სხვა უფრო მსუბუქი ზომების გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლებოდა. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხის გადაწყვეტა კი მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, სათანადო პროცედურული გარანტიების არარსებობისა და თავად ნორმების ბუნდოვანების და მათი ფართოდ განმარტების შესაძლებლობის პირობებში, როდესაც სასამართლო არა -დამოუკიდებელ მართლმსაჯულების განმახორციელებელ, არამედ მორჩილ ინსტიტუტს, პარტიის ე.წ. „ნოტარიუსს“ წარმოადგენდა, საბჭოთა კავშირში ადმინისტრაციული პატიმრობა ხშირად გამოიყენებოდა ბოროტად, როგორც ინსტრუმენტი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ და მოწინააღმდეგე პირთა დასჯისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის.
საბჭოთა ორიგინალზე რეპრესიული ინსტრუმენტის შექმნა
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ფუნდამენტურად არ შეცვლილა. მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით, იზრდებოდა იმ სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომლებიც ამ საგამონაკლისო სახდელის დაკისრების შესაძლებლობას ითვალისწინებდა. დღევანდელი მდგომარეობით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ კონსოლიდირებული ვერსია, კოდექსის მოქმედების ორმოცწლიან პერიოდში, ადმინისტრაციულ პატიმრობას ყველაზე მეტი სამართალდარღვევისთვის ითვალისწინებს. კერძოდ, თუკი საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქმედი ვერსია მაქსიმუმ ოთხ შემთხვევაში იძლეოდა ამის საშუალებას, დღეს მისი რაოდენობა გაზრდილია 43-მდე.
ხსენებული ადმინისტრაციული სამართლადარღვევების უმრავლესობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განეკუთვნება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების უფლებამოსილება მხოლოდ რაიონის (ქალაქის) სასამართლოს აქვს.
როგორც აღინიშნა, თავდაპირველად კოდექსი მკაფიოდ მიუთითებდა ამ სახდელის მხოლოდ საგამონაკლისო წესით გამოყენებაზე. კერძოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლეოდა მისი გამოყენების უფლებამოსილებას, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, სხვა უფრო მსუბუქი ზომების გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლებოდა. დღეს მოქმედი კოდექსი, ყველა მუხლთან მიმართებით, მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებს, თუმცა ზოგადი მითითება ადმინისტრაციული პატიმრობის მხოლოდ გამონაკლის შემთვევაში გამოყენების შესახებ სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ის უკიდურეს ღონისძიებას უნდა წარმოადგენდეს და შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან, ამ სახდელის დაკისრებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტაცია, მისი აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.
ამასთან, ისევე, როგორც კოდექსის პირველად (საბჭოთადროინდელ) ვერსიაში, მოქმედი რედაქციითაც, პატიმრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც, სასამართლოს პასუხისმგებლობაა, შემოგვთავაზოს არგუმენტირებული მსჯელობა, მის მიერ პატიმრობის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში, კოდექსი თავად უთითებს, თუ რა არის პატიმრობის მინიმალური ხანგრძლივობა. მაგალითად, 10-დან 15 დღემდე, რაც მოსამართლის თავისუფლებას შედარებით ზღუდავს, თუკი სახდელის სახედ პატიმრობის შეფარდებას გადაწყვეტს. ასევე, არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც კანონი, მაქსიმალური ოდენობის 15 დღედ განსაზღვრისა და მოსამართლის შეხედულებისამებრ მოქმედების თავისუფლების დადგენის ნაცვლად, პირდაპირ განსაზღვრავს 10 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ალტერნატივას, ან ადგენს იმაზე უფრო მცირე ზედა ჭერს, ვიდრე 15-დღიანი პატიმრობაა. მაგალითად, მაქსიმუმ 5 ან 7 დღემდე პატიმრობის დაკისრების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტით, პატიმრობის 15-დღიანი ვადა 30 დღემდე გაიზარდა. მოგვიანებით კი, 2009 წლის ცვლილებებით, ეს ვადა გასამმაგდა და მაქსიამლურ ვადად 90 დღე განისაზღვრა. იმ პერიოდში, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საგანგაშო ნიშნულის გათვალისწინებით (იხ. გრაფიკი 1), სასამართლოსთვის ასეთი მკაცრი სახდელის დაკისრების უფლებამოსილების მიცემა, კოდექსის სისტემური ხარვეზების გათვალისწინებით, რომლებიც ქვევით იქნება განხილული, სამართლიანად იმსახურებდა უმწვავეს კრიტიკას.
პატიმრობის მაქსიმალური ვადა მხოლოდ 2014 წლის აგვისტოს განხორციელებული ცვლილებებით შემცირდა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, თუმცა კოდექსში არსებული სისტემური ხარვეზების ფონზე, პატიმრობის ვადის შემცირება, ან ზოგადი მითითება პატიმრობის საგამონკლისო წესად გამოყენებასთან დაკავშირებით, არსებითად არ ცვლის სურათს. ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ გამოწვევის პირობებში, რომელსაც კოდექსი იმ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ქმნის, რომლებიც სახდელის სახედ პატიმრობას ითვალისწინებს და თავისი შინაარსით, სისხლისსამართლებრივი ბუნებისაა.
ევროპული სასამართლოს მიერ ენგელის საქმეზე დადგენილი კრიტერიუმების (ე.წ. ენგელის კრიტერიუმების) გათვალისწინებით და შემდეგ არაერთგზის განმტკიცებული და დაზუსტებული პრაქტიკით, დანაშაულის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადმოტანა არ ცვლის მის სისხლის სამართლებრივ ბუნებას, ევროპული კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე (მე-6 მუხლის გაგებით). კერძოდ, დანაშაულის სისხლის სამართლებრივი ბუნება შეიძლება გამომდინარეობდეს მისი სისხლის სამართლებრივი ხასიათიდან (ვრცელდება ყველაზე და არა - პირთა შეზღუდულ ჯგუფზე და სანქცია, მათ შორის, სადამსჯელო მიზნებს ემსახურება), ან ამ კონკრეტული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის სფეროსთვის მიკუთვნებული ბუნებისა და სიმკაცრის სასჯელის დაკისრების შესაძლებლობიდან, როგორიც არის, მაგალითად, პატიმრობა (გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომლებიც თავიანთი ბუნებით, ხანგრძლივობით ან აღსრულების ხერხით, არ იწვევს არსებით ზიანს).
აქედან გამომდინარე, პატიმრობის შედარებით ხანმოკლე ვადა ან თუნდაც ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება და არა - სისხლის სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, შესაძლოა არ გამორიცხავდეს მის სისხლისსამართლებრივ ბუნებას და შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი გარანტიებით პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას.
კითხვაზე, ითვალისწინებს, თუ - არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მსგავს გარანტიებს იმ ათეულობით სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, ადმინისტრაციულ სახდელად პატიმრობის გათვალისწინებით, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი ბუნებისად მიიჩნეოდეს, უყოყმანოდ შეგვიძლია უარყოფითი პასუხის გაცემა. ათწლეულზე მეტია, რაც საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მომუშავე ორგანიზაციები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს აკრიტიკებენ, მის სისტემურ ხარვეზიანობაზე მიუთითებენ და ამ პრობლემის გადაჭრის გზას მხოლოდ მოქმედი კოდექსის სრულად გაუქმებაში და ახალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კოდექსის მიღებაში ხედავენ.
კერძოდ, სახალხო დამცველს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ კოდექსი შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერებს და საჭიროებს სისტემატიზაციას, ის სრულყოფილად არ არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების პროცედურულ საკითხებს, სათანადოდ არ უზრუნველყოფს პირს სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ელემენტებით, არ განსაზღვრავს მტკიცებულებათა მოპოვების, გამოკვლევისა და შეფასების წესს. ეს კი განსაკუთრებით პრობლემურია იმ სამარღთალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც სახდელის სახედ ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. სახალხო დამცველის დაკვირვებით, ჩამოთვლილი სისტემური ხარვეზები უარყოფითად აისახება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პროცესზე და მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის პრაქტიკაში.
კერძოდ, საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ანალიზით დგინდება, რომ უცვლელ გამოწვევას წარმოადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებში, წლების განმავლობაში, იკვეთება, რომ ძირითადად, ყველა მტკიცებულება ერთი ორგანოს/პირის მიერ არის მოპოვებული და მტკიცებულებათა ერთობლიობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს. შესაბამისად, მოსამართლის დადგენილებაც ხშირად მხოლოდ სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმების მონაცემებსა და სასამართლო სხდომის ოქმის შემდგენი სამართალდამცავის განმარტებას ეყრდნობა. ასევე, სახალხო დამცველის აპარატის დაკვირვებით, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ დარღვევათა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია და შაბლონური ხასიათი აქვს - იცვლება მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნობილი პირის მონაცემები და გადაწყევტილება იმეორებს სამართალდარღვევის ოქმის ზოგად ფორმულირებას.
ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიშებიდან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს ხარვეზები სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების წინააღმდეგ ბოროტად და თვითნებურად გამოყენების პრაქტიკას ახალისებს და ხელისუფლების ხელში სადამსჯელო მექანიზმად გვევლინება. პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ მხრივ, განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე) და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლები. ეს სამართალდარღვევები, როგორც ზევით უკვე აღინიშნა, საბჭოთა კავშირის პერიოდისაა და კარგად აპრობირებული ინსტრუმენტებია, რომლებიც, მათი აშკარად სისხლის სამართლებრივი ბუნების მიუხედავად, უცვლელად შემორჩა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. შესაბამისად, კოდექსის სისტემური ხარვეზიანობის გათვალისწინებით, ხელისუფლება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სტანდარტის გვერდის ავლით, მარტივად ახერხებს ამ სადამსჯელო ინსტრუმენტის გამოყენებას და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
საინტერესოა, რომ ზუსტად ამ ორ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საქმის განხილვა გახდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2019 წლის 30 ოქტომბრის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველი. კერძოდ, მოსარჩელე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლებიც სისხლისსამართლებრივი ბუნების/შინაარსის მქონე სამართალდარღვევების სათანადო საპროცესო გარანტიების გარეშე განხილვა/გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.
ამ საქმზე, თავად სარჩელის ყოვლისმომცველობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეასუსტებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საბჭოთა საფუძველს და ხელისუფლებას მისი გაუქმების ბიძგს მისცემდა. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთ მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე, გარკვეულწილად, უარი თქვა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2019 წლის 17 დეკემბერს, მართალია, სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილთან მიმართებით) და არსებითი განხილვაც შედგა, თუმცა, სარჩელიდან თითქმის 5 წლის თავზე, გადაწყვეტილება ჯერაც არ გამოუცხადებია.
ადმინისტრაციული პატიმრობის დინამიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილის პარალელურად, როგორც უკვე აღინიშნა, გაზრდილია იმ სამართალდარღვევათა რიცხვი, რომელიც სახდელის სახედ პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებს და ასევე, ბოლო წლებში, ადმინისტრაციული სახდელის სახედ პატიმრობის შეფარდების მაჩვენებლის ზრდის ტენდენციაც შეინიშნება (იხ. გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ 2003-2023 წლებში ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირთა რაოდენობა და პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი (%)
წყარო: გრაფიკი შედგენილია ავტორის მიერ, უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით
გარფიკიდან კარგად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირველ წლებში ადმინისტრაციულ პატიმრობათა რიცხვი და მისი გამოყენების მაჩვენებელი, მომდევნო პერიოდთან შედარებით, დაბალია. 2006-2011 წლებში ორივე მონაცემი მაღალ ნიშნულზეა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ამ პერიოდის რეპრესიულ პოლიტიკასთან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ მაჩვენებლის არა - მყისიერი, თუმცა საგრძნობი გაუმჯობესება შეინიშნება, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას და შემცირებულ რაოდენობას მათი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად წარმოაჩენდნენ, როგორც დასტურს მართლმსაჯულების გაჯანსაღებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტისა.
საყურადღებოა, რომ ამ სახის რიტორიკას, ძირითადად, 2019 წლამდე ვისმენდით. ამ პერიოდის განცხადებები კი მეტწილად 2017-18 წლების მდგომარეობით არსებულ ვითარებას აღწერდა. თუკი გრაფიკს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ კლების ტენდენცია სწორედ 2017 წლის ჩათვლით არის შესამჩნევი. 2018 წელს მკვეთრი მატება შეინიშნება, 2020-2021 წლებში, როდესაც ქვეყანა კოვიდპანდემიას ებრძოდა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ისედაც შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების თავისუფლება, მცირედი კლება ფიქსირდება. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირთა მკვეთრი ზრდა 2022-2023 წლებშია შესამჩნევი, რაც ხელისუფლების მიერ კრიტიკული აზრის მიუღებლობისა და მისი შეუწყნარებლობის ზრდის ლოგიკური შედეგია. ხელისუფლების თანმიმდევრული და შეუქცევადი სვლა ავტორიტარიზმისკენ 2024 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებშიც (521) ლოგიკურად აისახება. კერძოდ, სამთვიან პერიოდში, შეფარდებულ პატიმრობათა რაოდენობა თითქმის 2017 წლის მონაცემებს უტოლდება და ახლოს არის 2020-2021 წლის მონაცემებთან. ასევე გასათვალისწინებელია სტატიის დასაწყისში ნახსენები რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან შეინიშნება და სავარაუდოდ, მომავალში რიცხვებში შესაბამისად აისახება.
ამდენად, ამ სახის სამართალდარღვევების გამოყენების დინამიკის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსში სულ უფრო იზრდება იმ სამართალდარღვევათა რიცხვი, რომლებიც სახდელის სახედ პატიმრობას ითვალისწინებს, საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილი ხელს უწყობს ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკის გაგრძელებასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
შეჯამება
საქართველოში დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კრიტიკისთვის ხშირად მისი საბჭოთა ფესვების ხსენებაც კი საკმარისად მიიჩნევა, თუმცა წინამდებარე ანალიზი მხოლოდ ამით არ კმაყოფილდება. როგორც გამოჩნდა, კოდექსში შესულმა ასეულობით ცვლილებამ, რომლებიც ორმოცი წლის წინ მიღებული სამართლებრივი აქტის გაკეთილშობილებას ემსახურებოდა, შედეგად, გარკვეულწილად, ორიგინალზე უარესი ვერსიაც კი მოგვცა, რომელიც, ბუნდოვანებისა და შესაბამისი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, მისი ბოროტად გამოყენების რისკებს ზრდის.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პერიოდულად, სულ უფრო იზრდებოდა იმ სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომლებიც, სახდელის სახით, ისეთი მკაცრი სასჯელის გამოყენებას ითვალისწინებს, როგორიც ადმინისტრაციული პატიმრობაა. პოტენციური სასჯელის სიმკაცრის, რომელიც ხშირად სადამსჯელო ხასიათს ატარებს, ასევე, სამართალდარღვევების არა მხოლოდ შეზღუდულ წრეზე, არამედ ყველაზე გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კოდექსი სათანადო საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე, სისხლის სამართლებრივი ბუნების მქონე სამართალდარღვევების სიმრავლით გამოირჩევა. სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რამდენი ასეული ცვლილებაც უნდა შევიდეს კოდექსში, მისი არსებითი გაჯანსაღება გამორიცხულია. ერთადერთი გამოსავალი მისი გაუქმება და ახალი, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კოდექსის მიღებაა.
სამწუხაროდ, სამი ათწლეულის განმავლობაში, არც ერთ ხელისუფალს არ ეყო პოლიტიკური ნება იმისა, რომ უარი ეთქვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, როგორც კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებულ ინსტრუმენტზე და „საჭირო დროს“ მისი ეფექტურად გამოყენების პრაქტიკაზე.
ადმინისტრაციულ პატიმრობათა გამოყენების მაჩვენებლის დინამიკის შესწავლა ასევე კარგი დასტურია იმისა, თუ როდის დგებოდა ხელისუფლებებისთვის ამ მექანიზმის გამოყენების „საჭირო დრო“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მხრივ, მომავალ წლებში კვლავ კლების ტენდენციის დაფიქსირება ვერ იქნება ვითარების არსებითი გაუმჯობესების საზომი. სანამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ განხორციელდება სისტემური ცვლილებები და არ იქნება უზრუნველყოფილი სისხლისსამართლებრივი ბუნების დანაშაულებისთვის ის სტანდარტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულებზე უნდა ვრცელდებოდეს, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების თითოეული შემთხვევის კონსტიტუციურობა მხოლოდ ინდივიდუალურ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და განსაკუთრებული მონდომების იმედად იქნება დარჩენილი.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.