ავტორიტარული რეჟიმები საერთაშორისო სანქციების პირისპირ: ადაპტაციის სტრატეგიები და სანქციების შედეგიანობის პირობები
ავტორიტარული რეჟიმების გლობალურ ნორმალიზაციას მათი დემოკრატიულ ძალებთან კონფრონტაცია არ დაუსრულებია. მიუხედავად იმისა, დავეთანხმებით, თუ - არა მტკიცებას, რომ დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირება ახლა მსოფლიო პოლიტიკის გააზრების საუკეთესო პარადიგმაა, თავად ამ კონფლიქტის არსებობის უარყოფა შეუძლებელია. სანქციებისა და სხვა შემზღუდავი ზომების გამოყენება დემოკრატიის მოთხოვნით და დემოკრატიული ქცევის უზრუნველსაყოფად კვლავ აქტუალური რჩება. ამ ზომების როგორც გამართლებულობა, ისე შედეგიანობა ხშირად დებატების საგანია.
წინამდებარე სტატიაში შევეცდებით, ამ უკანასკნელ პერსპექტივაზე შევჩერდეთ და ვიმსჯელოთ ავტორიტარული რეჟიმების მიმართ დემოკრატიული ქცევის მოთხოვნით დაწესებული სანქციების შედეგიანობის საკითხზე.
საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ევოლუცია
წინა საუკუნეში, საერთაშორისო ნორმების დარღვევის გამო, სახელმწიფოთა მიმართ სანქციების გამოყენება ჩამოყალიბდა საერთაშორისო პოლიტიკისა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის წარმოების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
თავდაპირველად, სანქციები მოქმედებდა სახელმწიფოთა მიმართ ზოგადი ეკონომიკური/სავაჭრო ემბარგოს სახით. თუმცა, დროთა განმავლობაში, დაიხვეწა და განვითარდა როგორც დამიზნებული სექტორული სანქციების, ისე დამიზნებული ინდივიდუალიზებული სანქციების სახით. ამ უკანასკნელმა კატეგორიამ მოიცვა როგორც ფინანსური და კაპიტალის შეზღუდვები მიზანში ამოღებულ პირთა მიმართ, ისე თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა პერსონალური შეზღუდვები.
მრავალმხრივი სანქციების მთავარი სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მე-6 თავით. გაეროს სამართლებრივ ჩარჩოში, სანქციების გამოყენების პიკი 1990-იან წლებს დაემთხვა, როდესაც ცივ ომში დასავლური ქვეყნების გამარჯვებით, მათი გლობალური დომინანტობა მნიშვნელოვანი კონკურენციის გარეშე იყო აღიარებული.
21-ე საუკუნის მესამე დეკადაში, ეს მოცემულობა არსებითად შეცვლილია. გაეროს სანქციების დამწესებელი მთავარი ორგანო - უშიშროების საბჭო, ფაქტობრივად პარალიზებულია, მუდმივ წევრთა შორის არსებითი უთანხმოების გამო. მეტიც, მუდმივი წევრი, როგორიცაა რუსეთი, გვევლინება აგრესორად და მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრალურ საფრთხედ მსოფლიოში.
ამ პირობებში, გაეროს ჩარჩოში მრავალმხრივი სანქციების დაწესებას მნიშვნელოვანი პრაქტიკული ბარიერები აქვს. შესაბამისად, გაეროს მრავალმხრივი სანქციების რეჟიმს ანაცვლებს წამყვანი დასავლური სახელმწიფოების/ორგანიზაციების მიერ დაწესებული კოორდინირებული სანქციები. კოორდინირებული მრავალმხრივი სანქციების მთავარი დამწესებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელთან კოორდინირებასაც ახორციელებენ ევროპის კავშირი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და იაპონია.
გლობალურ ეკონომიკაში ამ სახელმწიფოთა ადგილის გათვალისწინებით, მათ მიერ სანქციების კოორდინირებული დაწესება უახლოვდება სანქციების უნივერსალურ ეფექტს, თუმცა ის მაინც სრულყოფილად ვერ ანაცვლებს უნივერსალურ სანქციებს.
სანქციები დემოკრატიის დაწინაურების სამსახურში
გლობალურად, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული სანქციების 75%-ზე მეტის ადრესატები ავტორიტარული რეჟიმები არიან. ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მიზანი დემოკრატიული ქცევის მიღწევა არ არის, თუმცა, ამ სტატისტიკურ მონაცემში, ყველაზე დიდ კატეგორიას მაინც „დემოკრატიის უზრუნველმყოფი სანქციები“ ქმნის.
ავტორიტარულ რეჟიმებზე სანქციების გზით გარე ზეწოლა, უმეტეს შემთხვევებში, სწორედ დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნების მიღწევას ემსახურება. თუმცა სანქციების შედეგიანობაზე ერთგვაროვანი მონაცემები არ არსებობს.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, თუ რა იქნება სანქციის წარმატების საზომად აღებული. შედარებით ძველი კვლევები, რომლებიც მაქსიმალისტურ საზომებს ეყრდნობა (მიაღწია, თუ - არა სანქციებმა ყველა წინასწარ გაცხადებულ მიზანს), სანქციების შედეგიანობის მცირე მაჩვენებელს იძლევა (5%). თუმცა შემდგომმა კვლევამ, რომელიც უფრო დინამიკურ და მოქნილ შეფასების კრიტერიუმებს იყენებდა, სანქციების წარმატების უფრო მაღალი მაჩვენებელი დაადგინა: ყველა დაწესებული სანქციის 1/3 იყო წარმატებული.
სანქციების შესახებ არსებული მონაცემების ანალიზი შედარებითი და საერთაშორისო პოლიტიკის პერსპექტივებიდან, საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ სანქციების ეფექტი ავტორიტარული რეჟიმის მედეგობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. ამ მხრივ, კვლევებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ავტორიტარული რეჟიმის ტიპს აქვს, კერძოდ კი - მისი ინსტიტუციონალიზაციის ხარისხს.
რამდენადაც მდგრადი დემოკრატიზაციის აუცილებელი (თუმცა, არა - საკმარისი) პირობა არსებული ავტორიტარული რეჟიმის მოშლაა, ჩვენი ძირითადი ყურადღება სწორედ სანქციების შედეგიანობის შეფასებას მიემართება, ავტორიტარული რეჟიმის დესტაბლიზაციისა და მისი მოშლის მხრივ.
კერძოდ, განვიხილავთ არსებულ ცოდნას იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს სანქციების ეფექტიანობის გაზრდას ავტორიტარული რეჟიმების რღვევის მიღწევაში. ამასთან კავშირში, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორები და სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება ავტორიტარულ რეჟიმებს, გამოიმუშაონ სანქციების მიმართ მედეგობა და თავიდან აირიდონ რეჟიმის კოლაფსი.
პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმის სისუსტეები
არსებული კვლევები აჩვენებს ძლიერ კორელაციებს პოლიტიკური რეჟიმის ტიპსა და სახეობას და მათ მიმართ დაწესებული სანქციების შედეგიანობას შორის. პირველ რიგში, სანქციები, ავტორიტარულ რეჟიმებთან შედარებით, დემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით უფრო შედეგიანია. დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემებში სანქციებით წარმოქმნილი გარე ზეწოლა ხშირად ქმნის სინერგიას დემოკრატიული ანგარიშვალდებულების შიდა მექანიზმებთან, აძლიერებს მათ მოქმედებას და აკომპენსირებს მათ ჩავარდნებს. შესაბამისად, დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმები უფრო ხშირად პასუხობს სანქციების ზეწოლას და ცვლის იმ სადავო პოლიტიკებს, რომლებიც სანქციების დაწესების საფუძველი გახდა.
სანქციების, როგორც დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გარე გამაძლიერებლის ახსნა, არ გამოდგება ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევაში, სადაც დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმები არ არსებობს.
ავტორიტარული რეჟიმების მიმართ სანქციების ზემოქმედების შეფასებისას, მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ რა გავლენა აქვს მათ ავტორიტარული რეჟიმის სტაბილურობის განმსაზღვრელ ორ მთავარ ფაქტორზე: ავტორიტარული ძალაუფლების გაზიარებასა და ავტორიტარულ კონტროლზე.
ავტორიტარული ძალაუფლების გაზიარება გულისხმობს ავტორიტარულ ელიტებს შორის ძალაუფლების განაწილებასა და ოპტიმალურ ეკვილიბრიუმს, რაც ელიტების მდგრადობასა და რეჟიმის მედეგობას განაპირობებს. ავტორიტარიზმის აკადემიურ კვლევებში დამკვიდრებული მიგნებაა, რომ ავტორიტარული ძალაუფლების გაზიარების პრობლემა ყველაზე უკეთ ინსტიტუციონალიზაციით გადაწყდება. ინსტიტუციონალიზაცია წარმატებულია, თუ ის უზრუნველყოფს ელიტებს შორის ძალაუფლების განაწილებაზე მიღწეული შეთანხმებების აღსრულებას და ასევე, მეტ-ნაკლებად გადაჭრის ლიდერის მემკვიდრეობითობის პრობლემას.
ავტორიტარული რეჟიმების კლასიფიკაციაში, ინსტიტუციონალიზაციის ორი წარმატებული გზაა გამოკვეთილი, რომლებიც გვაძლევს ინსტიტუციონალიზებული ავტორიტარული რეჟიმის ორ სახეობას: პარტიულ და სამხედრო ავტორიტარულ რეჟიმებს. ამათგან პირველში, ცენტრალური ავტორიტარული ინსტიტუტი, რომელიც წყვეტს ძალაუფლების გაზიარების პრობლემას, მმართველი პარტიაა, ხოლო მეორე შემთხვევაში, იმავე როლს არმიის ინსტიტუტი ასრულებს.
შესაბამისად, არ არის მოულოდნელი, რომ ინსტიტუციონალიზებული ავტორიტარული რეჟიმები, სანქციების მიმართ, ყველაზე უფრო მედეგები არიან. ეს შეეხება სანქციების ყველა ტიპს - როგორც ზოგადი სანქციების რეჟიმებს, ისე პერსონალიზებულ, დამიზნებულ, ე.წ. „ჭკვიანი“ სანქციების რეჟიმებს.
ინსტიტუციონალიზებული ავტორიტარული რეჟიმები უკეთ ახერხებენ, გაუმკლავდნენ სანქციებით წარმოქმნილ გარე ზეწოლას. განსხვავებით პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმებისგან, რომლებშიც ელიტების მდგრადობის მთავარი წყარო პატრონალიზმია, ინსტიტუციონალიზებულ რეჟიმებს მძლავრი იდეოლოგიური საფუძვლებიც აქვთ, ელიტებს ახასიათებთ უფრო მყარი ბმა რეჟიმთან და მეტი თვითინტერესიც - რეჟიმის გადასარჩენად.
პერსონალისტური რეჟიმები ყველაზე მოწყვლადები არიან სანქციების მიმართ, განსაკუთრებით, პერსონალიზებული, დამიზნებული სანქციების მიმართ. ასეთ რეჟიმებში ელიტების მდგრადობის მთავარი გარანტორი პატრონალიზმია, კერძოდ, პერსონალისტური დიქტატორის უნარი, უზრუნველყოს ერთგულთა დაჯილდოება და ურჩთა დასჯა.
პერსონალისტური მმართველის ამ შესაძლებლობას უზრუნველყოფს წვდომა რესურსებზე. ეს რესურსები, თავის მხრივ, შეზღუდულია და ხშირად არის დამოკიდებული გარე წყაროებზე (ვაჭრობაზე ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით, ნავთობითა და გაზით შეუზღუდავ ვაჭრობაზე, ასევე, გარე ფინანსური დახმარების სტაბილურ მიღებაზე).
სანქციების რეჟიმები სწორედ ამ ეკონომიკურ და ფინანსურ წყაროებს ურტყამს და პერსონალისტ დიქტატორს ავტორიტარული ელიტების ერთგულების ყიდვას ურთულებს. ეროზიას ავტორიტარულ ელიტებში აქვს დომინოს ეფექტი ავტორიტარული ძალაუფლების მთელ სტრუქტურაზე და და შეუძლია მოშალოს მოსახლეობის ფართო მასების ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტებიც (როგორც კოოპტაციის, ისე რეპრესიის).
კერძოდ, სანქციები მიზანში იღებს პერსონალისტი დიქტატორის შესაძლებლობებს, შეინარჩუნოს უსაფრთხოების აპარატისა და არმიის ერთგულება, შეაკავოს მათი ქმედითუნარიანობა და ჩაახშოს მასობრივი პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ. პერსონალისტურ რეჟიმებში უსაფრთხოების აპარატი, ისევე, როგორც მთლიანად რეჟიმი, არ არის ინსტიტუციონალიზებული და მატერიალურ ნაცვალგებაზე დაფუძნებული პატრონალისტური ლოგიკით მუშაობს.
აღნიშნული მახასიათებელი განაპირობებს დამიზნებული სანქციებით უსაფრთხოების აპარატის ჩამოშლის ფარდობითად უფრო მაღალ შანსს პერსონალისტურ რეჟიმებში, ვიდრე ინსტიტუციონალიზებულ რეჟიმებში, განსაკუთრებით კი - სამხედრო დიქტატურებში, სადაც სანქციებით არმიისა და უსაფრთხოების აპარატის მოშლის შანსი თითქმის არ არსებობს.
შესაბამისად, რაც უფრო ღარიბია პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმი და რაც უფრო დამოკიდებულია გარე ეკონომიკურ წყაროებზე, რომლებზეც სანქციის დამწესებლებს აქვთ გადამწყვეტი ზემოქმედების უნარი, მით უფრო შედეგიანია სანქციები მის მიმართ. ასეთ დროს, სანქციები პერსონალისტურ რეჟიმებს არა მხოლოდ პოლიტიკას აცვლევინებს, არამედ მათ სწრაფ დესტაბილიზაციასა და მოშლასაც უწყობს ხელს.
პერსონალისტურ ავტორიტარულ რეჟიმებში, სანქციებისადმი მედეგობის მხრივ, გამონაკლისია მხოლოდ ბუნებრივი რესურსით მდიდარი სახელმწიფოები, რომელთაც, სანქციების მიუხედავად, შენარჩუნებული აქვს ამ რესურსების გასაღების ძირითადი ბაზრები და მათგან გარანტირებული შემოსავალი.
ეს უკანასკნელი შესაძლებლობა, ძირითადად, მრავალმხრივი სანქციების რეჟიმების დეფექტებითაა განპირობებული. გაეროს ჩარჩოში, უნივერსალური სანქციების (რომელთა შემორჩენილი ნაწილის აღსრულებაც უკვე მნიშვნელოვანი პრობლემებით გამოირჩევა) მიღების მზარდმა შეუძლებლობამ, მრავალმხრივი სანქციების რეჟიმი, ძირითადად, გლობალური დასავლეთის (აშშ-ის ლიდერობით) ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმად აქცია. აშშ-ის მიერ კოორდინირებული სანქციები დღემდე რჩება გლობალურად ხელმისწავდომი სანქციების ყველაზე ძლიერ სისტემად, თუმცა ის უკვე შორსაა უნივერსალური ხასიათისგან.
მაგალითისთვის, მსოფლიოში ორი ყველაზე უფრო მეტად დასანქცირებული რეჟიმია რუსეთის ფედერაცია და ირანის ისლამური რესპუბლიკა. ორივე ეს რეჟიმი, მიუხედავად სანქციების მიერ მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანისა, ახერხებს თავიდან აირიდოს რეჟიმის დესტაბილიზაცია და კოლაფსი. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ რეჟიმების უწყვეტი სავაჭრო კავშირები გლობალური ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ისეთ სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა ჩინეთი. ასევე, სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სავაჭრო აქტორებთან, როგორიცაა, მაგალითად, ინდოეთი.
ეს სახელმწიფოები ხშირად არ უერთდებიან დასავლური სანქციების რეჟიმებს, რჩებიან სანქციების ადრესატების სავაჭრო პარტნიორებად და შესაბამისად, ეხმარებიან მათ, მოერგონ, თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს და აანაზღაურონ მათი უარყოფითი შედეგები.
შიდა სტრუქტურული სისუსტეების გათვალისწინებით, რომელთა შეცვლაც პერსონალისტურ ავტორიტარულ რეჟიმებს ხშირად არ სურთ, ისინი ცდილობენ, რომ შესაძლო სანქციების ეფექტები წინასწარ დააზღვიონ, სანქციის დამწესებელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ისეთი სავაჭრო და პოლიტიკური პარტნიორების მოძიების გზით, რომელთა მეშვეობითაც მაქსიმალურად შეამსუბუქებენ სანქციების ეფექტებს.
სწორედ ეს შესაძლებლობა განაპირობებს იმას, რომ პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმები არა მხოლოდ ეწინააღმდეგებიან დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებას სანქციების მოსახსნელად, არამედ უარს ამბობენ რეჟიმის მახასიათებლების ცვლილებაზე ავტორიტარიზმის ფარგლებში.
კერძოდ, იმისათვის, რომ სანქციების პირისპირ, თავი დაიცვან შინაგანი სტრუქტურული სისუსტისგან, პერსონალისტურ ავტორიტარულ რეჟიმებს თითქოს უნდა ჰქონდეთ რაციონალური მოტივაცია, რათა ინსტიტუციონალიზაცია განიცადონ. თუმცა პერსონალისტური რეჟიმები ამ გზას არ ირჩევენ, რამდენადაც მათ სანქციებისგან რეჟიმის გადარჩენის გარე ალტერნატივებიც აქვთ, რომლებიც მტკივნეულ სტრუქტურულ ცვლილებებს არ მოითხოვს და ელიტებს შორის მიღწეული მყიფე წონასწორობის აყირავების საფრთხეს ნაკლებად ქმნის.
შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ სწორედ ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგიებზე, მოერგონ და თავიდან აიცილონ მათ მიმართ დაწესებული სანქციების უარყოფითი ეფექტები, განსაკუთრებით კი ისეთი შედეგები, რომლებიც რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობას და გადარჩენას უქმნის საფრთხეს.
პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმის თვითგადარჩენის მექანიზმის სტრუქტურა
წინა ნაწილში უკვე ვისაუბრეთ პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმების სანქციებისგან გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ გზაზე: საგარეო დაზღვევაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ დემოკრატიის მოთხოვნით, სანქციების დამწესებელი აქტორები თითქმის ექსკლუზიურად დასავლეთის ქვეყნები არიან, აშშ-ის ლიდერობით, პერსონალისტურ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ასეთ სანქციებს მოელის, რამდენიმე ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, სანქციების შედეგების შესამსუბუქებლად.
გლობალურ ეკონომიკურ და საფინანსო სისტემაში, აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით, მათი სანქციების შედეგების სრულად განეიტრალება შეუძლებელია. ეს არც არის სანქციების მომლოდინე პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმების მიზანი. მათ სჭირდებათ, შეამსუბუქონ სანქციების ზეწოლა იმ დონემდე, რომელიც შესაძლებელს გახდის რეჟიმის დესტაბილიზაციის თუნდაც დროებით თავიდან აცილებას. კერძოდ, მათ სჭირდებათ შეინარჩუნონ საკმარისი მატერიალური რესურსი, პატრონალისტური სისტემის გამართულად მუშაობისთვის.
აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია რამდენიმე გზით, კერძოდ: სანქციის დამწესებულ სახელმწიფოებზე ეკონომიკური დამოკდებულებისა და მათთან სავაჭრო ურთიერთობების მინიმიზაცია და ძირითად სავაჭრო პარტნიორებად ისეთი სახელმწიფოების არჩევა, რომლებიც არ შეუერთდებიან სანქციებს.
ეს უკანასკნელი სახელმწიფოები ასევე უნდა იყვნენ პოლიტიკური და იდეოლოგიური მოკავშირეები. დღევანდელ საერთაშორისო სცენაზე გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური აქტორი, რომელიც თავად არის კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი, იდეოლოგიური საფუძვლებით ეწინააღმდეგება დემოკრატიის მოთხოვნით სანქციების დაწესებას და გლობალურად ხელს უწყობს ავტორიტარული მმართველობის გავრცელებასა და დაწინაურებას, ჩინეთია. შესაბამისად, ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა თვით ისეთი რესურსებით მდიდარი სანქცირებული რეჟიმებისთვის, როგორებიცაა რუსეთი და ირანი, არსებითად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ალტერნატიული სავაჭრო პარტნიორები, ცხადია, მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებენ სანქციების უარყოფით შედეგებს. პერსონალისტურ რეჟიმებს, დასავლური ფინანსური და ეკონომიკური სანქციებით, აუცილებლად ექმნებათ რესურსების დეფიციტი. შესაბამისად, სანქციების ქვეშ მოქცეული პერსონალისტური რეჟიმებისთვის ხშირად გარდაუვალი ნაბიჯია კიდევ უფრო მწირი რესურსების განაწილებაზე სრული კონტროლის მოპოვება, რასაც თან ახლავს ეკონომიკური თავისუფლების კიდევ უფრო მძიმე შეზღუდვები და ეკონომიკაზე რეჟიმის ტოტალური კონტროლის დამყარება.
ეს არის პერსონალისტურ რეჟიმებზე სანქციებით ყულფის მოჭერის ერთერთი მოკლევადიანი უარყოფითი გვერდითი ეფექტი: მოქალაქეების ეკონომიკური თავისუფლების კიდევ უფრო დრაკონული შეზღუდვა და მათი რეჟიმზე მატერიალური დამოკიდებულების დრამატული ზრდა.
ასეთივე მოკლევადიანი უარყოფითი გვერდითი ეფექტი, რომელსაც პერსონალისტურ ავტორიტარულ რეჟიმებზე სანქციების დაწესება წარმოშობს, რეპრესიების ზრდაა. თვით დამიზნებული პერსონალიზებული სანქციებიც რეჟიმის ლიდერების მიმართ, წარმოშობს უარყოფით ეკონომიკურ გვერდით ეფექტებს. რეჟიმს მატერიალური რესურსი არ ჰყოფნის, რომ ყველა უკმაყოფილო ჯგუფის კოოპტაციას მიმართოს. შესაბამისად, რეპრესიის მასობრივი გამოყენება ერთადერთ ალტერნატივად რჩება.
თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მასობრივ რეპრესიას მის განმახორციელებელ აპარატში მზარდი რესურსის ინვესტიცია სჭირდება. ოპტიმალურად, სანქციებით წარმოშობილ ზეწოლასა და რესურსების სიმწირეს რეჟიმი მიჰყავს დუღილის წერტილამდე, სადაც მას აღარ რჩება საკმარისი რესურსი, კოოპტაციისა და რეპრესიის საშუალებათა კომბინაციით შეინარჩუნოს ავტორიტარული ელიტების ერთგულება და უზრუნველყოს მოსახლეობის ფართო მასების კონფორმიზმი. სანქციების ქვეშ მყოფი პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმები ამგვარი ჩამოშლის მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ და მუშაობენ.
სწორედ ასეთ მოწყვლად გარემოში, დასანქცირებული პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმები ხდებიან იძულებული, იქცნენ მეტად იდეოლოგიზებულად. ისინი ხშირად მოძრაობენ უფრო შინაარსობრივად ფართო იდეოლოგიების გაზიარებისა და პროპაგანდის მანქანის მეშვეობით, მათი გავრცელების მიმართულებით. ამ მხრივ, როგორც დასანქცირებული პერსონალისტური რეჟიმების შესწავლა გვიჩვენებს, განსაკუთრებით გამოსადეგია ანტიიმპერიალისტური იდეოლოგიური ჩარჩოები.
დემოკრატიის მოთხოვნით დასანქცირებული პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმები ხშირად ირგებენ ანტიდასავლური ანტიიმპერიალიზმის თეორიულ ჩარჩოებს და თავს დასავლური იმპერიალიზმის მსხვერპლად წარმოაჩენენ. ეს პოზიციონირება არ არის მხოლოდ საგარეო მოხმარების და არ გამოდგება მხოლოდ პოტენციური საგარეო მოკავშირეების მოსაპოვებლად, არამედ, უმეტესად და უპირველესად, შიდა მოხმარებისაა და მოსახლეობის ფართო მასებში, რეჟიმისადმი მხარდაჭერისა და მისდამი შემგუებლობის გაზრდას ისახავს მიზნად.
საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პერსონალისტური ავტორიტარული რეჟიმი ყველაზე უფრო მოწყვლადია გრძელვადიანი მრავალმხრივი სანქციების მიმართ. ასეთი რეჟიმების თვითგადარჩენის სტრატეგიები, როგორებიცაა როგორც გარე დაზღვევის ზომები (ახალი პარტნიორების მოძიება, სანქციების თავიდან არიდების გზების გამონახვა), ისე შიდა ზომები (ეკონომიკაზე რეჟიმის კონტროლის გამკაცრება, რეპრესიის გამკაცრება, იდეოლოგიზაცია), მხოლოდ შედარებით მოკლევადიან პერსპექტივაში ახერხებს სანქციების დამანგრეველი შედეგების დროებით გადავადებას. ვერც ერთი ეს ზომა ვერ აღმოფხვრის და ვერც უსაფრთხო ხარისხამდე შეამცირებს იმ შინაგან, სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებიც დასანქცირებულ პერსონალისტურ ავტორიტარულ რეჟიმებს ჩამოშლისადმი მოწყვლადს ხდის.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.