პუბლიკაციები

მწვავე პოლარიზაცია - არადემოკრატიული ხელისუფლებების საყრდენი

ილუსტრაცია: Elia Barbieri

2011 წლის მიწურულს, პოლიტიკაში ახლადმოსული ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა: „ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე. შუა უნდა გაიკრიფოს... ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს, თუ - სააკაშვილს... ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება. ისეთი პოლარიზება კი არა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს - ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან - არამედ ის, რომ ხალხს ჰქონდეს შავის და თეთრის გარჩევის საშუალება“.

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და ახალი პოლიტიკური რეალობის დადგომის შემდეგ, წლების განმავლობაში, სწორედ პოლარიზაცია სახელდებოდა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ეს ტერმინი, საქართველოსთან მიმართებით, ხშირადაა ნახსენები საერთაშორისო შეფასებებსა თუ ანგარიშებში. ამასთან, აქცენტი კეთდება მედიის პოლარიზაციაზეც. მიუხედავად ტერმინის აქტუალობისა, შეიძლება ითქვას, ფართო საზოგადოებისთვის კვლავ გაუგებარია, კონკრეტულად რას ნიშნავს პოლარიზაცია და რა ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.

უნდა ითქვას, რომ პოლარიზაცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და იგი მზარდი მსოფლიო ტენდენციაა. ამდენად, ეს ფენომენი პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების მკვლევრების დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. მაკქოი და სომერი (2019) აღნიშნავენ, რომ პოლარიზაცია, გარკვეული დოზით, სასარგებლოა დემოკრატიისთვის, რადგან იგი საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, ნათლად დაინახონ გასხვავებები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის, იყვნენ უფრო მობილიზებული მათთვის მისაღები იდეოლოგიის ირგვლივ და მარტივად შეძლონ არჩევანის გაკეთება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ გაძლიერებას.

მეორე მხრივ, როცა პოლიტიკური აქტორები არ თამაშობენ დემოკრატიული თამაშის წესების თანახმად და საზოგადოების ჩართულობის ნაცვლად, მტრის ხატების შექმნას იწყებენ, პოლარიზაცია საშიშ ფორმებს იძენს. ასეთ პროცესს ზემოთ ხსენებული ავტორები „მავნე პოლარიზაციად“ მოიხსენიებენ და იმ ძირითად თვისებებს გამოარჩევენ, რომლებიც მას ჯანსაღი პლურალიზმისგან განასხვავებს. ესენია: ამომრჩევლის დაყოფა ორ მტრულ ბანაკად, სადაც საკამათო საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ერთ დიდ, დომინანტურ გამყოფ ხაზად იქცევა; ორი ბანაკის პოლიტიკური იდენტობა ხდება სოციალური იდენტობა, რომლის წევრები გრძნობენ, რომ ეკუთვნიან კონკრეტულ „გუნდს“ და ავლენენ ძლიერ ლოიალობას მის მიმართ; ამ იდენტობების გარშემო ყალიბდება პოლიტიკური მოთხოვნები და ინტერესები; ორი ბანაკი დაპირისპირებულია მორალურ ჭრილში - როგორც „კარგი“ და „ცუდი“; ორი ბანაკის იდენტობა და ინტერესები განიხილება, როგორც ურთიერთგამომრიცხავი და ანტაგონისტური, რაც უარყოფს საერთო ინტერესების შესაძლებლობას; ორ მტრულ ჯგუფს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და დიალოგის ნაკლებობის გამო, ჩნდება სტერეოტიპები და ცრურწმენები ერთმანეთის მიმართ, რაც კიდევ უფრო აშორებს მათ შეხედულებებს; აღარ არსებობს ე.წ. ცენტრი და პოლარიზებული ბანაკები ცდილობენ, საზოგადოების ყველა ინდივიდსა და ჯგუფს მიაკრან ერთი ან მეორე დაჯგუფების წევრის იარლიყი; ინსტიტუტები, მათ შორის, მედია, ექცევა ერთი ან მეორე ბანაკის გავლენის ქვეშ, მფლობელების, მენეჯმენტის, თანამშრომლებისა და დისკურსის თანდათანობითი ცვლილებების შედეგად, რაც ასუსტებს შუალედურ პოზიციებს. საბოლოოდ, საზოგადოებისთვის მავნე, ტოქსიკური პოლარიზაცია იწვევს „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“ დაყოფის სახიფათო ტენდენციას, როცა ერთ დომინანტ განსხვავებაზე დაფუძნებული ბანაკები უგულებელყოფენ ყველა სხვა საერთო ინტერესს, რასაც მძიმე შედეგები მოაქვს დემოკრატიისთვის.

ზემოაღნიშნულის გარდა, პოლარიზაცია ადამიანებს უბიძგებს, კომპლექსური საკითხები მხოლოდ „შავ-თეთრ“ ფერებში განიხილონ, რაც, თავის მხრივ, მხარეთა შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას მწვავე დაპირისპირებად აქცევს. პოლარიზაციის შესახებ არსებული კვლევები ადასტურებს, რომ იგი განსხვავებულ საზოგადოებებში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ის შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ელიტების, დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკური კლასის დონეზე, რომლებიც ამ პროცესში ითრევს სხვადასხვა ინსტიტუტს, როგორიცაა, მაგალითად, მედია. მეორე მხრივ, არსებობს მაგალითები, როცა პოლარიზაცია არა მხოლოდ ელიტურ, არამედ მასობრივ დონეზე ვლინდება და მთელ საზოგადოებას მოიცავს. ამასთან, პოლარიზაცია განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა საზოგადოებაში. ამ მხრივ, საინტერესოა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება. მილაჩიჩის (2021) თანახმად, თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნების თანამედროვე საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესში მთავარი როლი ლიბერალურ, დემოკრატიულ ღირებულებებს მიენიჭა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სხვა ტენდენციები იკვეთება. კერძოდ, მათ მიერ დომინანტური ძალის გავლენისგან თავის დასაღწევად წარმოებულმა ბრძოლამ, რომელიც ეთნიკური და ნაციონალისტური საფუძვლებით საზრდოობდა, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებში ეთნიკური ნაციონალიზმის იდეოლოგია საფუძვლიანად გაამყარა. დღეს კი ეს მემკვიდრეობა ხშირად გამოყენებულია დემოკრატიის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური აქტორები, უმეტესად, ლეგიტიმაციის ნაკლებობას სწორედ მსგავსი საკითხების წინ წამოწევითა და რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაფარვით აბალანსებენ. საზოგადოების პოლარიზაცია ისეთი თემების ირგვლივ, როგორებიცაა რელიგია, ენა და ეთნიკური კუთვნილება, ხშირად არადემოკრატიული მმართველების მაშველი რგოლია. მილაჩიჩის თქმით, ბოლო წლებში ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა აღმოაჩინა, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა, პოლიტკორექტულობა, „გენდერული იდეოლოგია“ თუ სხვა და მათი დასავლურ მანკიერებად, ეროვნული იდენტობისთვის გარდაუვალ საფრთხედ წარმოჩენა, მათთვის პოლიტიკურად მომგებიანია.

ზემოთ აღწერილ მცდელობებს კი, რომლებიც უხვადაა გაჯერებული პოპულიზმის უარგუმენტო, ემოციებზე მოთამაშე რიტორიკით, კონკრეტული ჯგუფების (სხვადასხვა ტიპის უმცირესობები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უბრალოდ, განსხვავებული აზრის მქონენი) გარიყვამდე, დემონიზაციამდე მივყავართ. შედეგად, წარმოიშვება ე.წ. ტოქსიკური პოლარიზაცია, რომელიც საზრდოობს ლოგიკით - „ყველაფერი გამარჯვებულს“, განუწყვეტლივ ქმნის მტრის ხატებს და კვებავს არალიბერალურ მიდრეკილებებს, რაც, საბოლოოდ, დემოკრატიის უკუსვლას იწვევს. სწორედ ამიტომაც, ტოქსიკური პოლარიზაცია ავტორიტარიზმის მკვებავად განიხილება, რასაც დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებული ტენდენციებიც ადასტურებს.

როცა ელიტურ (პოლიტიკურ კლასს შორის არსებულ) და მასობრივ პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ჩნდება მესამე აქტორი - მედია. სწორედ მედიაა ის გამტარი, რომელსაც პოლიტიკური ელიტის გზავნილები საზოგადოების ფართო მასებამდე მიაქვს. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერ მედიასაშუალებებზე, რომლებიც მეტწილად პარტიული დღის წესრიგით მოქმედებენ და მიმდინარე მოვლენებს მისთვის სასურველი ინტერპრეტაციით აშუქებენ. ამდენად, ჩნდება კითხვა, რა როლი აქვს მედიას ამ პროცესში და არის, თუ - არა იგი ტოქსიკური პოლარიზაციის ხელშემწყობი. ლევენდუსკის (2013) კვლევის თანახმად, პარტიულ მედიას ნამდვილად შეაქვს თავისი წვლილი პოლარიზაციაში, თუმცა მისი ეფექტი შესამჩნევია არა პოლიტიკურად ნეიტრალურ, არამედ უკვე მეტ-ნაკლებად პოლარიზებულ მომხმარებელზე, რომელიც ირჩევს თავის შეხედულებებთან თანხვედრილ მედიასაშუალებებს და მათი გავლენის შედეგად, უფრო მეტად ექსტრემალურ პოზიციებს ავლენს. მედიის პოლარიზაციაზე ჩატარებული კვლევების ანალიზის შედეგად, მსგავს ჰიპოთეზას ავითარებენ ბიორნსგარდი და დუკიჩიც (2023). მათი თქმით, მცირე მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მედია იწვევს პოლარიზაციას ე.წ. ნეიტრალურ მომხმარებელთა შორის. თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ მედია აძლიერებს პოლარიზებულ იდეოლოგიებს უკვე გამოკვეთილ მხარეებს შორის. ამავე ავტორების თანახმად, თანამედროვე საზოგადოების პოლარიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ე.წ. ალტერნატიული მედია. კერძოდ, პოპულისტური იდეოლოგიის მიმდევარი მედიასაშუალებები, რომლებიც უპირისპირდებიან მეინსტრიმულ მედიას, ცდილობენ მის დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში. მსგავსი გამოცემები მოურიდებლად ავრცელებენ კონსპირაციის თეორიებს, რომლებიც ახალისებს „ჩვენ“ vs „სხვების“ მიდგომას, ქმნის მტრის ხატებს (მაგ. ეროვნული თუ სხვა ტიპის უმცირესობები) და მათ საზოგადოების წინაშე არსებული ყველა პრობლემის სათავედ წარმოაჩენს. ეს მიდგომა კი ძალადობის რეალურ საფრთხეს წარმოშობს.

პოპულისტი პოლიტიკოსებისა და მათი მიმდევარი მედიის ეფექტებზე საუბრობს პომერანცევიც (2019). მისი თქმით, პოპულისტი პოლიტიკოსები განზრახ იყენებენ გამაღიზიანებელ ენას და ავრცელებენ შემაშფოთებელ იდეებს ყურადღების მისაპყრობად. ამასთან, ამომრჩევლებს ყოფენ „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“. ამაში მათ მხარს უჭერს როგორც სოციალური მედიის ცალკეული გვერდები, ისე მკაფიოდ მიკერძოებული გამოცემები, ჟურნალისტური ეთიკის დაბალი სტანდარტებით. ტრადიციული, ხარისხიანი მედია კი, რომელიც მიისწრაფვის სიზუსტისა და ბალანსისკენ, ერთგვარ ხაფანგშია - ამ პოლიტიკოსების გამონათქვამების გაუვრცელებლობა გამოიწვევს ცენზურის ბრალდებას, ხოლო თუ მათ შეეწინააღმდეგები, ისინი „ყალბი ამბების“ გამავრცელებლად მოგიხსენიებენ. შედეგად, ე.წ. „ხარისხიანი“ მედიაც იწყებს ამგვარი პოლიტიკოსების გაშუქებას, რითაც სწორედ მათ დღის წესრიგსა და პოლიტიკურ ენას უწევს პოპულარიზაციას.

ტოქსიკური პოლარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ განიხილება სოციალური მედიაც. უილსონი და სხვ. (2020) წერდნენ, რომ, როგორც ონლაინ კონტენტის აქტიურ მომხმარებლებსა და მწარმოებლებს, ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი სოციალური და ინფორმაციული ეკოსისტემების შექმნა უფრო მარტივად, ვიდრე ოდესმე. თუმცა მათ შეიძლება ონლაინ სივრცეში რეალობისგან განსხვავებული სიტუაცია დაიჯერონ, რაც ხშირად ექსტრემალური პოზიციებით ვლინდება. სოციალური მედიის ალგორითმები კი, რომლებიც ხელს უწყობს სწორედ წინააღმდეგობრივი, ემოციური კონტენტის გავრცელებას, კარგ საფუძველს ქმნის პოლარიზაციის გაძლიერებისთვის. იმავე მოსაზრებას ავითარებს პომერანცევიც, რომლის თანახმადაც, თანამედროვე სარეკლამო ტექნოლოგიების ბაზარი იკვებება ინტერნეტისა და სოციალური მედიის ალგორითმული არქიტექტურით, რომელიც მიდრეკილია უაღრესად ემოციური, ჰიპერპარტიული, წინააღმდეგობრივი მასალების მიმართ. ასეთი მასალები კი, რომლებიც განამტკიცებს მომხმარებლების უკვე არსებულ ცრურწმენებს, სოციალურ მედიაში უფრო მეტ „მოწონებასა“ და „გაზიარებას“ აგროვებს, ვიდრე ხარისხიანი პუბლიკაციები.

ზემოაღნიშნულის გარდა, პოლარიზაციის პროცესში დამატებითი წვლილი შეაქვთ სოციალურ ქსელებში არსებულ უამრავ ყალბ ამბავს, ე.წ. ტროლებსა და ბოტებს. ამ მხრივ, დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა სახელმწიფოს პროპაგანდისტული კამპანიები სამიზნე აუდიტორიების ერთიანობის დასარღვევად. ამის თვალსაჩინო მაგალითია რუსული პროპაგანდა, რომლის ძირითადი მიზანია საზოგადოების დაყოფა და დეზორიენტაცია სწორედ კონსპირაციის თეორიების გავრცელებით.

ზემოთ განხილული ფაქტორების ერთობლიობა, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი, მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, ერთგვარ მანკიერ წრეს კრავს, რომელშიც პოლიტიკური პოლარიზაცია, პარტიული თუ პოპულისტური მედიასაშუალებების დღის წესრიგი, იწვევს მედიაგარემოს პოლარიზაციას, რასაც, შედეგად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ერთიანობის რღვევა და ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა შეიძლება მოჰყვეს. საბოლოოდ, ამ ყველაფრის ერთობლიობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარული მმართველობის დასამყარებლად.

 

პოლარიზაცია საქართველოში

წლების განმავლობაში, მწვავე დაპირისპირება და ტოქსიკური პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისებაა. პოლიტიკოსები, პარტიული მედია და ხშირად, უბრალო მოქალაქეებიც, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად მოიხსენიებენ, ან - „ნაციონალური მოძრაობის“. როგორც აკადემიური კვლევების მიმოხილვამ აჩვენა, მსგავსი დაყოფა შემთხვევითი არაა და მისი მიზანი, არგუმენტირებული დებატების ნაცვლად, ემოციებით მანიპულირება და შუალედური პოზიციების გაქრობაა. ეს კი, პირველ რიგში, წყალს ასხამს მოქმედი ხელისუფლების წისქვილზე, რადგან ის, 2013 წლიდან მოყოლებული, აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულებულია და მისი, როგორც ოპოზიცური პარტიის გავლენა მინიმალურია. თუმცა, ყოველი ახალი არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად სრული კამპანია აგებულია იმაზე, თუ როგორი საშიშია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება. აღნიშნული კამპანია ხასიათდება მძიმე, ნეგატიური ტერმინებით, როგორებიცაა „მკვლელები“, „მოღალატეები“ და ა.შ. შედეგად, იქმნება ნარატივი, რომ მოახლოებულ არჩევნებში მნიშვნელოვანია არა სამომავლო იდეები და განვითარების პერსპექტივები, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულება“. აქვე აღსანიშნავია, რომ „დასასრულებელთა“ სიას აუცილებლად ემატება სხვა ოპოზიციური პარტიები, ასევე, კრიტიკული მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს. სახელისუფლებო პროპაგანდა მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებას ცდილობს. საბოლოო მიზანი კი ოპოზიციისა და ზოგადად, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მოქალაქეების დელეგიტიმიზაციაა. ფრანგი ჟურნალისტის, რეჟის ჟანტეს, თქმით (რომელიც ოცი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოსა და რეგიონის ამბებს საერთაშორისო მედიაში აშუქებს), როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლებების მთავარი მიზანი სწორედ ოპოზიციის არალეგიტიმურად წარმოჩენა იყო.

პოლიტიკური ელიტის მცდელობა, მიაღწიოს საინფორმაციო სივრცის მაქსიმალურ პოლარიზაციას და ამ გზით გადაფაროს რეალური პრობლემები, ავტომატურად გარდაიქმნება ე.წ. პარტიული მედიის დღის წესრიგად. დღევანდელ ქართულ მედიაგარემოში კი არაერთი მსგავსი მედიასაშუალებაა. ეს განსაკუთრებით ეხება ტელევიზიებს, რომლებზეც გავლენის მოპოვებას, მათი პოპულარობიდან გამომდინარე, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს. სწორედ სატელევიზიო სივრცეში ვლინდება მედიის პოლარიზაცია ყველაზე მწვავედ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიის მონიტორინგის ფაქტობრივად ყველა ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი ტელევიზიების დიდი ნაწილის დღის წესრიგი პოლარიზებულია. მეორე მხრივ, პოლარიზაცია უფრო ნაკლებად ვლინდება ონლაინ მედიაში, სადაც შედარებით ნაკლებად გვხვდება პოლიტიკური გავლენები და არსებობს დასავლური ფონდების დახმარებით მოქმედი, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მქონე გამოცემები. ტელევიზიით კი ხშირად ისმის ტოქსიკური პოლარიზაციის წამახალისებელი ფრაზები არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ, უშუალოდ, ჟურნალისტების მხრიდან. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოსარჩევია სამთავრობო მედიის ლექსიკა, რომელიც მანიპულირებს ფაქტებით და არ ერიდება მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ადამიანებისა თუ ჯგუფების „რადიკალებად“, „მოღალატეებად“ და „ქვეყნის მტრებად“ გამოცხადებას.

ტოქსიკური პოლარიზაციისკენ მიმართული ქმედებები უხვადაა სოციალურ ქსელებში. როგორც აღვნიშნეთ, მათი ალგორითმების მუშაობა ისედაც უწყობს ხელს პოლარიზაციას, თუმცა ამას ემატება საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშები, რომლებიც აქტიურად უწყობს ხელს სიძულვილის გავრცელებასა და განსხვავებული აზრის ადამიანების დისკრედიტაციას. ამას ადასტურებს სოციალური პლატფორმა Meta-ს ანგარიშიც, რომელმაც გამოავლინა და წაშალა საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ათობით ყალბი პროფილი, ჯგუფი თუ გვერდი, რომლებიც არღვევდა კომპანიის პოლიტიკას კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევის შესახებ.

ზემოაღნიშნულის გარდა, სოციალურ ქსელებში არსებულ პოლარიზაციაში თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში წლების განმავლობაში ორკესტრირებულ რუსულ პროპაგანდას. იგი საზოგადოებას კვებავს სხვადსხვა სახის დეზინფორმაციითა თუ შეთქმულების თეორიებით და ცდილობს, შეცვალოს ქართველი ხალხის არჩევანი - დასავლურ საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაცია. გარდა ამისა, კრემლის პროპაგანდა თესავს შუღლს, შიშსა და დაბნეულობას, რითაც ცდილობს, არ დატოვოს თუნდაც ერთი საკითხი, რომლის გარშემოც შეიძლება შედგეს საზოგადოების კონსოლიდაცია. ეს კი, ბუნებრივია, ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლარიზაციის გასაძლიერებლად.

ისევე, როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც ფუნქციონირებს თითქოსდა „ტრადიციული ღირებულებების“ დამცველი, პოპულისტური, ძალადობისა და სიძულვილის წამახალისებელი საინფორმაციო წყაროები. მათი ერთ-ერთი მიზანი ე.წ. მეინსტრიმული მედიისა და ზოგადად, ხარისხიანი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციაა. ისინი აცხადებენ, რომ ავრცელებენ ე.წ. ალტერნატიულ, „ნამდვილ“ ინფორმაციას, რომელსაც „ლიბერალური მედია მალავს“. ამ მხრივ, გამოსარჩევია ტელევიზია „ალტ-ინფო“, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველოში რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი წყაროა. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს სიძულვილის გაღვივებასა და უკიდურეს პოლარიზაციას. აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 5-6 ივლისს მათი საქმიანობა ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზარდა. სწორედ „ალტ-ინფოს“ ლიდერების ორგანიზებით შეკრებილმა მოქალაქეებმა ფიზიკურად იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, მათ შორის, სცემეს „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ზემოთ აღწერილი რეალობის გათვალისწინებით, როცა არგუმენტირებული დებატებისა და ხარისხიანი ჟურნალისტიკისთვის სულ უფრო მცირე სივრცე რჩება, საზოგადოებაში ჩნდება მედიის მიმართ ნდობის პრობლემაც. მით უმეტეს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული რუსული სტილის კანონის (ოფიციალური სახელწოდება - „უცხო ძალის გამჭვირვალობის შესახებ“) ძალაში შესვლის შემდეგ, გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ ყველაზე დაბალანსებული მედიასაშუალებები, რომლებიც, ძირითადად, უცხოური დახმარებებით ფუნქციონირებენ და შესაბამისად, არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენებს, საერთოდ გაქრება.

ზემოთ განხილული გამოწვევები უწყვეტად კვებავს ე.წ. ტოქსიკურ პოლარიზაციას, რომელიც, ფაქტობრივად, სრულად გამორიცხავს ფაქტებსა და არგუმენტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დისკუსიებს. ამდენად, აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ შეძლოს იმ საშიში წრის გარღვევა, რომელიც დღითიდღე აძლიერებს ავტორიტარიზმს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე