უმუშევრობის დაზღვევა
საქართველოში შრომის ბაზართან დაკავშირებული საკითხები მუდამ აქტუალურია, რისი მიზეზი, დიდწილად, ამ კუთხით არსებული არასახარბიელო მდგომარეობაა. მაგალითად, კავკასიის ბარომეტრის უახლესი მონაცემებით, სრულწლოვანი მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ მას სამსახური არ აქვს, ხოლო ასეთი ადამიანების 33% ამბობს, რომ ხუთ წელზე მეტია, რაც უმუშევარია და 34%-ის თქმით, არასდროს ყოფილან დასაქმებულნი.
შრომის ბაზართან დაკავშირებულ საკითხებს შორის, ერთ-ერთი არის უმუშევრობის დაზღვევა, რომლის შესახებაც სხვადასხვა ინტერესჯგუფი ხშირად საუბრობს. საარჩევნო პერიოდში კი ამ საკითხზე საუბარს პოლიტიკოსები იწყებენ. უმუშევრობის დაზღვევის პროგრამა საქართველოში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ევროპის თითქმის ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში არსებობს და მას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
უმუშევრობის დაზღვევა სამსახურის არანებაყოფლობით დაკარგვით გაღარიბების რისკების დაზღვევაა, რომელიც სამუშაოს ძებნის დროს მუშახელის მოხმარების დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და დაზღვეულს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი დრო დაუთმოს მისთვის შესაფერისი საქმის პოვნას. უმუშევრობის დაზღვევის გარეშე, ადამიანებმა შეიძლება მიიღონ ნებისმიერი ხელმისაწვდომი სამუშაო, თუნდაც დაბალი ანაზღაურებით და მათთვის შეუსაბამო პირობებით.
დღეს არსებული უმუშევრობის სავალდებულო საჯარო დაზღვევა, რომლის წინამორბედი იყო პროფკავშირების მიერ კერძოდ და ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული სქემები, წინა საუკუნის პირველი ათწლეულებიდან ჩამოყალიბდა და სამთავრობო ფუნქცია გახდა. პირველი ასეთი პროგრამა XIX საუკუნის პირველ ნახევარში დიდ ბრიტანეთში შეიქმნა, ხოლო ამავე საუკუნის მიწურულს - შვედეთში. მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევაში მოწინავე დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა. უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევა პირველად 1911 წელს სწორედ ბრიტანეთში შემოიღეს. მანამდე არსებობდა გენტის ნებაყოფლობითი სისტემა, რომლის არსებობის პერიოდი საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა, რადგან ამ პერიოდში პოლიტიკური მხარდაჭერა სავალდებულო დაზღვევის სქემებს ჰქონდა.
უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევაც მთავრობის მიერ ადმინისტრირებული სოციალური დაცვის სისტემის ნაწილია. შესაბამისად, ისიც, როგორც სოციალური დაცვის სხვა პროგრამები, რესურსტევადი და მაღალი ფისკალური რისკების მატარებელია, რაც ასეთი სქემების შრომის ბაზარზე სტიმულების დამახინჯებას უკავშირდება. დროით შეზღუდულ ადამიანს მუშაობასა და დასვენებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. თუკი უმუშევრობა ანაზღაურებადი იქნება, სამსახურის ძიების ნაკლები სტიმული იარსებებს. ამით, ერთი მხრივ, იზრდება ასეთი პროგრამების დანახარჯები და მეორე მხრივ, მცირდება მათი დაფინანსების რესურსები, რადგან შემოსავლების წყარო სწორედ შრომის დაბეგვრით მიღებული ფინანსური ნაკადებია. ამასთან, ნაკლები შრომა ნაკლები გამოშვებაა, რაც უფრო ნაკლებ მთლიან კეთილდღეობას ნიშნავს.
უმუშევრობის დაზღვევის ხანგრძლივმა არსებობამ და შრომის ბაზარზე მისი გავლენის მიმართ შრომის ეკონომიკის მკვლევართა ინტერესმა, უხვი ემპირიული ლიტერატურა შემოგვთავაზა. ასეთი ლიტერატურა, ძირითადად, ცდილობს, აღწეროს და გაზომოს უმუშევრობის დაზღვევის არახელსაყრელი გავლენა შრომის მიწოდებასა და დასაქმებაზე. უმუშევრობის დაზღვევით მოსარგებლე, ძირითადად, ბოლო ანაზღაურების გარკვეული პროცენტის ოდენობით, იღებს დროში შეზღუდულ დახმარებას. შესაბამისად, არსებული ემპირიული ლიტერატურა ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი, ესაა უმუშევრობის დახმარების ხანგრძლივობის გავლენა და მეორე - დახმარების დონის ეფექტი.
ადრეული პერიოდის ემპირიული კვლევები აჩვენებს, რომ უმუშევრობის დაზღვევის პერიოდს და სარგებლის დონესა და უმუშევრობას შორის კავშირი დადებითია. კერძოდ, სარგებლის ან ხანგრძლივობის ზრდა ამცირებს სამუშაოს პოვნის ალბათობას და შესაბამისად, დასაქმებას.
ბოლო ორი ათწლეულის ემპირიული ლიტერატურა, დიდწილად, იზიარებს ადრეულ ტენდენციებს და დამატებით მტკიცებულებებს პოულობს უმუშევრობის დახმარების ხანგრძლივობის გავლენაზე. კერძოდ, რაც უფრო ხანგრძლივია უმუშევრობის დახმარება, მით უფრო ნაკლებია შრომის მიწოდება. სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის პროგრამების ხანგრძლივობის ცვლილებამ აჩვენა ამ უკანასკნელის მძლავრი გავლენა შრომის მიწოდებაზე. ეფექტის ზომა კვლევებსა და ქვეყნებს შორის განსხავებულია. ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ დახმარების მიღების ერთთვიანი გახანგრძლივება 2-20 დღით ახანგრძლივებს უმუშევრად ყოფნას. აშშ-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 9-14 დღეა. სარგებლის დონეს უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დახმარების მიღების ხანგრძლივობას. შრომის მიწოდების ელასტიკურობა სარგებლის მიმართ, დაახლოებით, 30%-ით მეტია, ვიდრე ხანგრძლივობის შემთხვევაში. ამასთან, შრომის მიწოდებაზე უმუშევრობის დახმარების გავლენა ევროპის ქვეყნებში უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკის შემთხვევაში.
ამრიგად, უმუშევრობის დაზღვევის სავალდებულო პროგრამები, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად ეფექტიანი გზაა უმუშევრობით გამოწვეული სიღარიბის რისკების დასაზღვევად, რადგან ასეთი პროგრამების არსებობა ფისკალურად ხარჯიანია და ამცირებს შრომის მიწოდებას. უკეთესი ალტერნატივაა კერძო ინიციატივა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მუშაობის პერიოდში დაზოგვას ასეთი შემთხვევებისთვის. თუმცა, როგორც სხვა სოციალური დაცვის პროგრამებს, უმუშევრობის დაზღვევასაც ახასიათებს გამოდევნის ეფექტი, კერძოდ, რაც უფრო გულუხვია უმუშევრობის დახმარება, მით უფრო ნაკლებია კერძო დანაზოგები. შესაბამისად, უფრო ნაკლები სოციალური დაცვის სავალდებულო სქემები, უფრო მეტ კერძო ინიციატივას ნიშნავს.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.