პუბლიკაციები

საქართველოს დემოკრატიზაცია ავტორიტარიზმის ჩიხში

შესავალი

2024 წლის 26 ოქტომბრის მანიპულირებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებლის პერსპექტივით, ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიის მინიმალისტურ მოთხოვნებს, გამკაცრდა საქართველოს  გლობალური დემოკრატიული პარტნიორებისგან გაკეთებული შეფასებები, საქართველოს მიერ დემოკრატიზაციის გზიდან გადახვევის შესახებ.. ამ პოლიტიკურ დასკვნას, ჩვეულებრივ, მოსდევს მოწოდება, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიზაციის კურსს.

თუმცა ეს მოწოდება უკვე მხედველობაში სათანადოდ აღარ იღებს შექმნილ რეალობას და საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის დინამიკას, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ავტოკრატიზაციის შეუქცევად ტრაექტორიას მიუყვება.

შევეცდებით, ამ სტატიაში  განვიხილოთ ის სტრუქტურული და კონტექსტური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს საქართველოში საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციის აღმავალ მიმართულებას და ხელს უშლის/ნაკლებად შესაძლებელს ხდის დემოკრატიზაციისკენ შემობრუნებას. შედეგად, საქართველო აცდენილია დემოკრატიზაციის გზას და მოქცეულია ჩიხში.

სტატიაში ასევე შევეცდებით, არსებული აკადემიური ცოდნის საფუძველზე, ვიმსჯელოთ ამ ჩიხიდან თავის დაღწევისა და დემოკრატიზაციის გაგრძელების პერსპექტივებზე.

 

არჩევნების ტრანსფორმაცია საარჩევნო ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის კვალდაკვალ

თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ინსტრუმენტად იყენებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის, არჩევნებს. მეტიც, ასეთი რეჟიმებისთვის არჩევნები იმდენად მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა, რომ 1990-იანი წლებიდან საგრძნობლად შემცირდა დახურული ავტოკრატიების (სადაც არჩევნები საერთოდ არ ტარდება) გლობალური გავრცელება. საარჩევნო ავტორიტარიზმი იქცა ავტოკრატიის ყველაზე გავრცელებულ პოლიტიკურ ფორმად.

საარჩევნო ავტორიტარიზმში არჩევნები ერთ-ერთი მთავარი იარაღია ავტორიტარული რეალობისა და რეჟიმის ლეგიტიმაციის მწვავე ნაკლებობის შესანიღბად. თუ დემოკრატიაში (თუნდაც მისი მინიმალისტური გაგებით) არჩევნები ხალხის ინსტრუმენტია ძალაუფლების ინსტიტუტების ლეგიტიმაციისა და მათი თანამდებობის პირების პერიოდული ცვლისთვის, საარჩევნო ავტორიტარიზმში არჩევნები უკვე რეჟიმის ინსტრუმენტია, საკუთარი ძალაუფლების პერფორმაციული ლეგიტიმაციისა და განგრძობადობის უზრუნველსაყოფად.

საარჩევნო ავტორიტარიზმში რეჟიმის მიერ არჩევნების მანიპულაციის ხარისხი იმდენად ღრმაა, ხოლო გამოყენებული მანიპულაციების მენიუ - იმდენად მრავალფეროვანი, რომ ისინი ვეღარ აკმაყოფილებს დემოკრატიის მოთხოვნებს, მინიმალისტური გაგებითაც კი.

დემოკრატიის მინიმალისტური გაგების ქვაკუთხედი არის არჩევნების გზით ლიდერების ცვლილების რეალისტური შესაძლებლობა. შესაძლებლობის რეალისტურობა ფასდება მისი ცხოვრებაში რამდენიმეჯერ, თანმიმდევრულობითა და რეგულარულობით განხორციელების საფუძველზე.

იმავდროულად, დემოკრატიულ რეჟიმში ამ შესაძლებლობის რეალისტურობა, მინიმალისტური გაგებით, გულისხმობს არჩევნების შედეგების განუსაზღვრელობის მაღალ ხარისხს. ამ მხრივ, განუსაზღვრელობა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელია.

საარჩევნო ავტორიტარიზმის ინსტიტუციონალიზაცია მოიაზრებს განუსაზღვრელობის შემცირებას პრაქტიკულად შესაძლებელ მინიმუმამდე. რამდენადაც საზოგადოებრივ და ადამიანთა საქმეებში განუსაზღვრელობის სრული აღმოფხვრა  შეუძლებელია, საარჩევნო ავტორიტარიზმის მიზანია მისი იმ ნიშნულამდე შემცირება, რომელიც რეჟიმის სტაბილურობისთვის არსებით საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ამ მიზნის მიღწევას შედეგად მოაქვს ლიდერის არჩევნების გზით გადარჩევის რეალისტური შესაძლებლობის გაქრობა. არჩევნების შედეგები დიდწილად წინასწარ განსაზღვრულია და რეჟიმის „გამარჯვება“ - სტრუქტურულად გარანტირებული. იმის მიხედვით, თუ როგორი ტრაექტორიით ჩამოყალიბდა საარჩევნო ავტორიტარიზმი, შესაძლებელია არსებობდეს განსხვავებები მისი ძირითადი სახეობების დროში მონაცვლეობას შორის.

შესაბამის აკადემიურ ლიტერატურაში გამოარჩევენ ერთპარტიულ და მრავალპარტიულ საარჩევნო ავტორიტარულ რეჟიმებს. ერთპარტიული ავტორიტარული რეჟიმების მდგრადობის მაჩვენებელი, კერძოდ კი, მათი „დემოკრატიზაციის საფრთხე“ დაახლოებულია დახურული ავტორიტარული რეჟიმების მაჩვენებელთან. აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლებიდან, მნიშვნელოვნად იკლო ერთპარტიული ავტორიტარული რეჟიმების რაოდენობამ.

კვლევები აჩვენებს, რომ ერთპარტიული საარჩევნო ავტორიტარიზმის არჩევა რეჟიმის ელიტებისთვის რაციონალურია. მიმდევრობით ჩატარებული ერთპარტიული არჩევნები ამყარებს რეჟიმის ლეგიტიმაციას, ამცირებს დემოკრატიზაციის საფრთხეებს და ზრდის რეჟიმის გრძელვადიანი გადარჩენის შანსს.

პოლიტიკური მეცნიერებისთვის შედარებით სადავო საკითხია ავტორიტარული ლიდერებისა და ელიტების მიერ მრავალპარტიული საარჩევნო ავტორიტარიზმის რეჟიმის არჩევის მოტივაცია. ავტოკრატიაში მრავალპარტიული არჩევნების აღსაწერად მეცნიერები იყენებენ ორლესური მახვილის მეტაფორას - მრავალპარტიულ არჩევნებს აქვს როგორც ლეგიტიმაციისა და სტაბილიზაციის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე რეჟიმის დემოკრატიზაციის საფრთხე მოკლევადიან პერსპექტივაში.

როგორ წყვეტენ მრავალპარტიული ავტორიტარული რეჟიმები არჩევნების, როგორც ორლესული მახვილის, დილემას? როგორ ახერხებენ, რომ გადაურჩნენ დემოკრატიზაციის რისკებს მოკლევადიან პერსპექტივაში და მოიმკან მრავალპარტიული არჩევნებიდან მიღებული ლეგიტიმაციისა და ინსტიტუციონალიზაციის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში? 

სანამ ამ კითხვებზე პოლიტიკური მეცნიერების მიერ გაცემულ პასუხებს ავხსნიდეთ, კიდევ ერთი კლასიფიკაციის განმარტება დაგვჭირდება. მრავალპარტიული საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმები, თავის მხრივ, იყოფიან ჰეგემონურ და კონკურენტულ სახეობებად.

კონკურენტულ საარჩევნო ავტორიტარულ რეჟიმად კლასიფიცირდება ისეთი რეჟიმი, რომელშიც ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 25 პროცენტს გარანტირებული ჰქონდა საარჩევნო უფლება და რომელშიც საარჩევნო მანიპულაციას, მიუხედავად მნიშვნელოვანი ხარისხისა, არჩევნების შედეგებზე პირდაპირი და გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია.

ჰეგემონურია საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმი, რომელშიც ზრდასრული მოსახლეობის 25 პროცენტზე ნაკლებს აქვს საარჩევნო ხმის უფლება, ან მნიშვნელოვანი ხარისხის საარჩევნო მანიპულაციამ პირდაპირი და გადამწყვეტი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, რეჟიმის სასარგებლოდ.

ბერნარდის, ეჯელისა და ლინდბერგის ანალიზით, რომელიც ეფუძნება 1946-2010 წლებში 282 ავტორიტარული რეჟიმის შესახებ მონაცემთა ბაზებს, დასტურდება როგორც ორლესური მახვილის ჰიპოთეზა, ისე ავტორიტარული რეჟიმების შესაძლებლობა, დაძლიონ ამ ჰიპოთეზიდან მომდინარე გადარჩენის საფრთხეები. ამ ავტორთა ანალიტიკური მოდელების შედეგების თანახმად (იხილეთ პირველი გრაფიკი), საარჩევნო ავტორიტარულ რეჟიმში:

„... პირველი ორი მრავალპარტიული არჩევნების დროს, [რეჟიმი] გადარჩენის შანსი დემოკრატიზაციასთან მიმართებით, იკლებს. დამატებით, თანმიმდევრობით ჩატარებული სამი მრავალპარტიული არჩევნების ციკლში, [რეჟიმის] გადარჩენის ნავარაუდევი შანსები იკლებს, დახურულ ავტორიტარულ რეჟიმებთან შედარებით. პირველი სამი მიმდევრობითი არჩევნებისას, რეჟიმის მოშლის გაზრდილი შანსი აიხსნება დემოკრატიზაციისკენ გაზრდილი მიდრეკილებით. ეს მიანიშნებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ავტოკრატებისთვის მართლაც სარისკოა მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება.

თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ გადარჩენის შანსების მრუდის აღმასვლას და დემოკრატიული ტრანზიციის შანსების მრუდის დაღმასვლას. დაახლოებით სამი თანმიმდევრული მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ, ჩანს, რომ საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმები აღწევენ ინსტიტუციონალიზაციას და იღებენ ლეგიტიმაციის სარგებელს ყოველი შემდგომი არჩევნებისგან.“

რაც შეეხება ჰეგემონური და კონკურენტული არჩევნების შედეგების გავლენას საარჩევნო ავტორიტარიზმის გრძელვადიან გადარჩენაზე, მოდელის შედეგები (იხილეთ მეორე გრაფიკი) აჩვენებს, რომ:

„...თანმიმდევრულად ჩატარებულ ჰეგემონურ და კონკურენტულ არჩევნებს განსხვავებული შედეგები მოაქვს რეჟიმებისთვის. არჩევნების პირველ ორ კონკურენტულ ციკლს მოაქვს ავტორიტარული რეჟიმის გადარჩენის შემცირებული და დემოკრატიული ტრანზიციის გაზრდილი შანსები. თუმცა იმ რეჟიმებისთვის, რომლებიც ახერხებენ კონკურენტულობის ინსტიტუციონალიზაციას, დემოკრატიული ტრანზიციის შანსები შემცირებას იწყებს დაახლოებით მესამე ან მეოთხე კონკურენტული არჩევნების ციკლიდან. იმავდროულად, კონკურენტული საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმებისთვის გადარჩენის ალბათობა ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმების მაჩვენებულს უახლოვდება მხოლოდ ხუთი ან ექვსი თანმიმდევრული არჩევნების შემდეგ.

ჰეგემონური მრავალპარტიული არჩევნების ინსტიტუციონალიზაციას ერთპარტიული არჩევნების მსგავსი სარგებელი მოაქვს. ყოველ მორიგ, განმეორებით მრავალპარტიულ არჩევნებთან ერთად, ზოგადად, ვხედავთ რეჟიმის გადარჩენის ზრდად, ხოლო დემოკრატიული ტრანზიციისა და ავტორიტარული ჩანაცვლების კლებად შანსებს. ეს შედეგები მიანიშნებს, რომ ძალაუფლების მქონე ლიდერები, რომლებიც წარმატებით ახერხებენ ჰეგემონური მრავალპარტიული არჩევნების ინსტიტუციონალიზაციას, ისეთივე სარგებელს იღებენ, როგორსაც ერთპარტიული არჩევნებისგან მიიღებდნენ, თან ისე, რომ მოჩვენებითად, მრავალპარტიულის იმიჯიც შეიქმნან. [ამ მიგნებას] ჰეგემონურ საარჩევნო ავტორიტარულ რეჟიმებში მნიშვნელოვანი შედეგები აქვს დემოკრატიის  მომხრეებისათვის. ყოველ მომდევნო თანმიმდევრულად ჩატარებულ არჩევნებთან ერთად, რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობა უფრო და უფრო იკლებს.“

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჰეგემონურ რეჟიმებთან მიმართებით, აქ განხილული შედეგები მხოლოდ სარწმუნოობის 90%-იან დონეს აკმაყოფილებს, რამდენადაც სრულად ვერ უძლებს მოდელის სიმტკიცის შემოწმებას (robustness check), ალტერნატიულ სპეციფიკაციებთან მიმართებით.

თუმცა, იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ სანდოობის ეს დონე მაინც საკმაოდ ძლიერია და ავტორიტარული ლიდერებისა და ელიტებისთვის ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარიზმის მიმზიდველობაც ახსნას ექვემდებარება. როგორც აქ განხილული მოდელიდან ჩანს, კონკურენტული არჩევნების რისკი იმდენად მაღალია, რომ ავტორიტარული რეჟიმები ჩვეულებრივ ვერ ძლებენ სამ თანმიმდევრულ კონკურენტულ საარჩევნო ციკლზე მეტს. ამის შემდეგ, ისინი ან დემოკრატიული ტრანზიციისკენ მიდიან, ან ჰეგემონურ ავტორიტარულ რეჟიმად ტრანსფორმირდებიან.

პირველი გრაფიკი: ერთპარტიული და მრავალპარტიული თანმიმდევრული არჩევნების გავლენა საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმების გადარჩენისა და დემოკრატიზაციის შანსებზე

წყარო: Bernhard, M., B. EDGELL, A.M.A.N.D.A. and Lindberg, S.I., 2020. Institutionalising electoral uncertainty and authoritarian regime survival. European Journal of Political Research, 59(2), pp.465-487.

 

მეორე გრაფიკი: კონკურენტული და ჰეგემონური მრავალპარტიული თანმიმდევრული არჩევნების გავლენა საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმების გადარჩენისა და დემოკრატიზაციის შანსებზე 

წყარო: Bernhard, M., B. EDGELL, A.M.A.N.D.A. and Lindberg, S.I., 2020. Institutionalising electoral uncertainty and authoritarian regime survival. European Journal of Political Research, 59(2), pp.465-487.

ბერნარდის, ეჯელისა და ლინდბერგის მიგნებები სრულად მიესადაგება საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის ტრაექტორიას. 2012 წელს, კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი შეუდგა საარჩევნო ავტორიტარიზმის ინსტიტუციონალიზაციას. 2018-2020 წლების საარჩევნო ციკლიდან იწყება რეჟიმის ტრაექტორიის ცვლილება კონკურენტულიდან ჰეგემონური სახეობისკენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ივანიშვილის რეჟიმსკენ მესამე და ბოლო კონკურენტული საარჩევნო ციკლი, რომელიც მის ტრაექტორიაში გახდა ერთგვარი გარდამავალი რგოლიც, რადგან უკვე მოიცავდა ჰეგემონური მრავალპარტიული არჩევნებისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიშნებს.

2024 წლის არჩევნებისთვის რეჟიმმა, დემოკრატიზაციის წნეხის საპასუხოდ, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა ჰეგემონურ საარჩევნო ავტორიტარიზმად ტრანსფორმაციისკენ, ჩაატარა რა ისეთი არჩევნები, რომლის შედეგიც პირდაპირ და გადამწყვეტად გამომდინარეობდა საარჩევნო მანიპულაციისგან.

როგორც ვხედავთ, ჩვენ მიერ განხილული მოდელის თანახმად, ოთხი თანმიმდევრული მრავალპარტიული არჩევნების ციკლის შემდეგ (სამი კონკურენტული და ერთი ჰეგემონური), რეჟიმმა მიაღწია სტაბილიზაციისა და ინსტიტუციონალიზაციის ისეთ ხარისხს, რომლითაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული დემოკრატიზაციის შანსი და დრამატულად გაზრდილია რეჟიმის გადარჩენის შანსი.

იმავე მოდელის თანახმად, რეჟიმს დასჭირდება კიდევ 1-2 თანმიმდევრული  ჰეგემონური არჩევნები, რათა დემოკრატიზაციის შანსი არარეალისტურ ნიშნულამდე შეამციროს და თვითგადარჩენის შანსი ერთპარტიული ავტორიტარული რეჟიმის დონემდე გაზარდოს.

ნათელია, რომ არჩევნებისთვის, სულ მცირე, კონკურენტულობის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ რეჟიმის იძულებით, რაც ბრძოლით მიიღწევა. ამის გარეშე, სტაბილიზაციის ტრაექტორიიდან ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოცილების შანსი სულ უფრო იკლებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის ჰეგემონურ არჩევნებში მონაწილეობა და ასეთი არჩევნების შედეგად შექმნილ ინსტიტუტებში მუშაობა, კონკურენტული არჩევნებისთვის ბრძოლის გარეშე, ნიშნავს,  რომ ჰეგემონური რეჟიმის დემოკრატიზაციის პერსპექტივა განჭვრეტად მომავალში  სრულად იხურება.

შემდეგ ნაწილში განვიხილავთ ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიებსა და ხერხებს, რომლებიც, პოტენციურად, გამოდგება მათი იძულებისთვის, დაუბრუნონ მრავალპარტიულ არჩევნებს კონკურენტულობა და გააცოცხლონ დემოკრატიზაციის ხელშესახები შანსები.

 

უკან, კონკურენტული არჩევნებისკენ

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ფაქტორი, რომელიც განაპირობებს და ხელს უწყობს ჰეგემონური არჩევნებისკენ მიდრეკილებასა და კონკურენტულობის შეზღუდვას არის სახელმწიფოს შესაძლებლობები (state capacity). რაც უფრო ძლიერია სახელმწიფოს შესაძლებლობები, მით უფრო მაღალია როგორც არჩევნების მანიპულაციის, ისე მანიპულირებული არჩევნების საწინააღმდეგო პროტესტის რეპრესიით ჩახშობის რესურსი. შესაბამისად, სახელმწიფოს ძლიერი შესაძლებლობები (strong state capacity), ერთი მხრივ, განაპირობებს ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ართულებს ასეთი რეჟიმის კონკურენტულად გარდაქმნას.

ეს მიგნებები მიესადაგება საქართველოსაც. 2003 წელს ჰეგემონურ არჩევნებზე გადასვლის მცდელობა დამარცხდა, პირველ რიგში, სწორედ სუსტი სახელმწიფო შესაძლებლობების გამო. 2004-2012 წლების ინსტიტუციურმა რეფორმებმა დრამტულად გაზარდა სახელმწიფოს შესაძლებლობები, თუმცა ჰეგემონიზაცია ვერ შედგა ეგზოგენური ფაქტორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთიდან იმ ოდენობის კაპიტალის მიგრაციის გამო, რომელსაც სახელმწიფოს შესაძლებლობებისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო.

ივანიშვილის მიერ ძალაუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს (მისი სრული შესაძლებლობებით) მიტაცების შემდეგ, რეჟიმის ჰეგემონიზაციისკენ სვლა გარდაუვალი იყო. სახელმწიფოს ძლიერი შესაძლებლობები შეერწყა მის პირად კაპიტალს, რამაც ჰეგემონური რეჟიმისკენ სვლა სტრუქტურულად გარდაუვალი გახადა.

საარჩევნო ავტორიტარიზმის ჰეგემონური სახის რეჟიმის ტრაექტორიის მოცემულ მონაკვეთზე,  ოპოზიციას სტრუქტურულად შეზღუდული აქვს კონკურენტულობის მიღწევის შანსი. ასეთ დროს, რეპრესიის ფართო შესაძლებლობები რეჟიმს ასევე მედეგს ხდის ვერტიკალური საფრთხეების მიმართ, რომლებიც მასობრივი პროტესტიდან მომდინარეობს.

თუმცა, როგორც საარჩევნო ავტორიტარიზმის ცნების ავტორი და ამ ტიპის რეჟიმის პირველ მკვლევართაგანი ანდრეას შედლერი წერს, მაშინაც კი, როდესაც რეჟიმს მაქსიმალურად შემცირებული აქვს ვერტიკალური საფრთხეებისგან მომავალი რისკები, პროტესტს მაინც არ გააჩნია ალტერნატივა:

„მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეთა პროტესტი ვერ აღწევს რეჟიმის ჩამოშლას ან რეჟიმისგან კონკრეტულ დათმობას, ის უნაყოფო არაა. პროტესტის მიზანია უთანხმოების კომუნიკაცია და ავტორიტარული ლეგიტიმაციის ოფიციალური ამბის შერყევა. პროტესტის მთავარი ფუნქცია საინფორმაციოა. 

საპროტესტო დემონსტრაციები აკეთებს იმას, რასაც მათგან მოელიან: ისინი დემონსტრირებენ. ისინი ასაჯაროებენ სახალხო უკმაყოფილებას და აჩვენებენ, რომ მოქალაქეთა ზედაპირული კმაყოფილება შეცდომაში შემყვანია. ჩამოხევენ რა „პრეფერენციების ფალსიფიკაციის“ ზოგად საბურველს, პროტესტის მონაწილეებმა შესაძლოა რევოლუციის აგიზგიზება ვერ გამოიწვიონ. თუმცა ისინი არც დიქტატორის თამაშს თამაშობენ. ეს პროტესტები არც რეჟიმის დამაფრთხობელია და არც მისი მორჩილი, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ, ააყირაონ ავტორიტარიზმის სტანდარტული სცენარი, სოციალური ჰარმონიისა და რეჟიმისადმი სახალხო მადლიერების შესახებ. ისინი არყევენ რეჟიმის დრამატურგიულად დადგმულ თვითგანდიდებას.“

მათგან მოკლევადიანი, მყისიერი საფრთხეების სიმცირის მიუხედავად, ჰეგემონური ავტორიტარული რეჟიმები მაინც ესწრაფვიან სახალხო პროტესტის დემობილიზაციას, გრძელვადიანი რისკების თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის დემობილიზაციის არც ერთადერთი და არც მთავარი ინსტრუმენტი რეპრესია არ არის.

ოპოზიციის კოოპტაცია, განსაკუთრებით კი ავტორიტარულ ინსტიტუტებში, როგორიცააა საკანონმდებლო ორგანოები, პროტესტის დემობილიზაციის ნაცადი და ეფექტური გზაა. ავტორიტარულ ინსტიტუტებში მუშაობა ოპოზიციას შესაძლოა გარდარჩენის გზად წარმოუდგენია, თუმცა, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება სრულად სხვა შინაარსის სიგნალებს გზავნის ქვეყნის შიდა და გარე აუდიტორიებისთვის.

ჰეგემონური არჩევნების შემდეგ, ავტორიტარულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის გადაწყვეტილება არა მხოლოდ რეჟიმის მიერ კოოპტაციის სიგნალს გზავნის, არამედ რეჟიმისადმი შიდა წინააღმდეგობისა და ამ წინააღმდეგობისადმი გარე მხარდაჭერის მნიშვნელოვან დემობილიზაციას იწვევს. ეს გარდაუვალია იმდენად, რამდენადაც ქმნის გონივრულ აღქმას, რომ რეჟიმის ოპოზიცია ეთანხმება ჰეგემონური არჩევნების ახალ წესრიგს და უარს ამბობს კონკურენტული არჩევნებისთვის რეალურ ბრძოლაზე.

თუმცა ოპოზიციის ეს არჩევანი მოცემულ მომენტში უფრო მეტად პერსონალურია, ვიდრე სტრუქტურული ეფექტის მქონე. ჰეგემონური რეჟიმის ინსტიტუციონალიზაციას აუცილებლად სჭირდება ე.წ. რეჟიმის მიერ სანქცირებული ოპოზიცია, რომელსაც რეჟიმი აუცილებლად შექმნის. 

შედარებისთვის, რუსეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ჰეგემონურ საარჩევნო ავტორიტარულ რეჟიმებში არსებობს ორი, კოოპტირებული, რეჟიმის მიერ სანქცირებული ოპოზიციის გზა და არასისტემური, არასანქცირებული და შესაბამისად, რეპრესირებული ოპოზიციის გზა.

პირველი არჩევანი ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის პირველივე ვადაში გააკეთა რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ (ლიდერი: გენადი ზიუგანოვი), რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (ლიდერი: ვლადიმირ ჟირინოვსკი) და „სამშობლომ“ (ლიდერი: დმიტრი როგოზინი), ხოლო მეორე არჩევანი გააკეთეს ბორის ნემცოვმა (მოკლეს კრემლის წინ), ალექსეი ნავალნიმ (მოწამლეს ნერვული აგენტით, დააპატიმრეს და მოკვდა გულაგში), ვლადიმირ კარა-მურზამ (მოწამლეს, გულაგიდან გაათავისუფლეს გაცვლის გზით და ქვეყნიდან გააძევეს) და სხვა პოლიტიკოსებმა, რომელთაგან ყველა ახლა რუსეთიდან გაძევებულია.

დღეს საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ამ არჩევანის წინაშე დგანან. ივანიშვილის რეჟიმი იმდენად მყარად არის ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზაზე, რომ ის აუცილებლად, ადრე თუ გვიან, მაინც შექმნის კოოპტირებულ საპარლამენტო ოპოზიციას.

თუმცა, მეორე მხრივ, რეჟიმთან კონკურენტული არჩევნებისთვის ბრძოლისა და დემოკრატიზაციისკენ შემობრუნების რესურსი გრძელვადიანად აქვს მხოლოდ უწყვეტ და მზარდ სამოქალაქო წინააღმდეგობასა და არასისტემურ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც რეჟიმის მიერ არ არის კოოპტირებული და ჰეგემონური არჩევნების ჩარჩოს ლეგიტიმაციას არ აღიარებს.

რეჟიმის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სჭირდებათ ეს ცოდნა არჩევანის გასაკეთებლად და სტრატეგიების განსასაზღვრად.

 

ბოლოთქმა

2024 წლის 26 ოქტომბრის ჰეგემონური არჩევნების შემდეგ, საქართველო დემოკრატიზაციის გზას საბოლოოდ ასცდა და ჩიხში შევიდა. დემოკრატიზაციის შანსები სტრუქტურულად და შეუქცევადად არის შემცირებული. არსებული დინამიკის პირობებში, თუ მოქმედმა რეჟიმმა მოახერხა კიდევ 1-2 ჰეგემონური არჩევნების ჩატარება, მისი მდგრადობის ნიშნული მიუახლოვდება ერთპარტიული ავტორიტარული რეჟიმის მდგრადობის ნიშნულს და სრულად მოისპობა დემოკრატიზაციის რეალისტური და არსებითი პერსპექტივა.

საქართველოს საზოგადოება გულუბრყვილოდ მიეჩვია რწმენას, რომ ის დემოკრატიზაციის გზაზე შეუქცევადად დგას და შეფერხებებისა და დროებითი უკუსვლების მიუხედავად, ამ გზას აგრძელებს. ეს რწმენა უკვე მცირედითაც აღარ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოში შედგა ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც უფრო ღრმა და გრძელვადიან სტაბილიზაციას ესწრაფვის.

თუ არსებული რეალობა არ შეიცვალა და ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმი არ მოიშალა, საქართველო დარჩება ავტორიტარიზმის ჩიხში. ამ ჩიხიდან გამოსვლა შეუძლებელია ბრძოლისა და ამ ბრძოლაში წარმატების გარეშე. ბრძოლისა, რომელიც პირველ რიგში, კონკურენტულ არჩევნებს დააბრუნებს და დემოკრატიზაციის ფანჯარას ხელახლა გახსნის.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე საარჩევნო ციკლის შემდეგ, საქართველოს ჰეგემონური საარჩევნო ავტორიტარიზმი იმდენად მყარი იქნება, რომ დემოკრატიზაციის შესაძლებლობა არათუ ჩიხში იქნება გამოკეტილი, არამედ პროგნოზირებადი მომავლისთვის საერთოდ გაქრება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი