ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი არაკონსტიტუციური და რეპრესიული ინსტრუმენტები
ფოტო: Guram Muradov/Civil.ge
შესავალი
2024 წლის 28 ნოემბერს, პროტესტების დაღმავალი ტალღის ფონზე, რომელიც მანიპულირებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობდა, რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დიალოგის შეჩერების შესახებ გამოაცხადა.
განცხადებას წინ უძღოდა 26 ნოემბერს, რეჟიმის მიერ პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით და ცხადი კონსტიტუციური უფლებამოსილების გარეშე (საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნები გაყალბებულად და მიტაცებულად გამოაცხადა და მისი კონსტიტუციურობა სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მან უარი თქვა პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე), ე.წ. პარლამენტის თვითნებურად შეკრება და სრული უფლებამოსილების ცნობა.
თვითლეგიტიმაციის ამ ერთპიროვნული აქტის შემდეგ, ერთპარტიულმა პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ე.წ. მთავრობას. ევროპული ინტეგრაციის წყვეტა ამ უზურპირებული ორგანოს მიერ მიღებული პირველი გადაწყვეტილება გახლდათ.
რეჟიმის პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ განცხადებას მყისიერად მოჰყვა მოქალაქეთა მასობრივი შეკრება საქართველოს პარლამენტის წინ, ქართული საზოგადოებრივი პროტესტისთვის ლამის საკრალურად ქცეულ ადგილას.
მასობრივი პროტესტის ახალი ძალით აფეთქებაზე ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია სწრაფი და უკიდურესად რეპრესიული იყო. 29 ნოემბერს, გამთენიისას, მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივად დაიშალა და რეჟიმს უკვე დაკავებული ჰყავდა 43 პოლიტიკური ტუსაღი.
აღსანიშნავია, რომ სპონტანური პროტესტი სრულად არაძალადობრივი გახლდათ. ამრიგად, მცირედი საფუძველიც არ არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ ძალადობრივი რეპრესიის ის მასშტაბი, რომელიც მას რეჟიმმა დაუპირისპირა, თუნდაც ნაწილობრივ, დემონსტრანტების მიერ იყო პროვოცირებული.
როგორც თავად რეპრესიების ორგანიზების მასშტაბი, ისე მისი განხორციელების დინამიკა მიუთითებს მასობრივი რეპრესიის წინასწარ დაგეგმილი და სისტემურად განხორციელებული კამპანიის ნიშნებზე. ამ დასკვნას კიდევ უფრო ამყარებს რეჟიმის მიერ მიღებული ე.წ. „საკანონმდებლო აქტები“, რომლებიც მასობრივი რეპრესიის ამ კამპანიისას გამოყენებულ ტაქტიკებს ამართლებს და სამომავლო რეპრესიული ტალღების გამართლების ჩარჩოს ქმნის.
ასეთია რეჟიმის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მასობრივი პროტესტის მართვას კიდევ უფრო რეპრესიულს, თვითნებურს და ძალადობრივს ხდის.
თავის მხრივ, ეს „კანონები“ მხოლოდ აქამდე განხორციელებული ძალადობრივი რეპრესიის უკუძალით ლეგალიზაციასა და გამართლებას კი არ ახდენს, არამედ სამომავლოდ მსგავსი კამპანიების ჩატარებისა და გამართლების სისტემურ ჩარჩოს ამყარებს.
რეპრესიის მუქარიდან რეპრესიულ რეალობამდე
მიუხედავად ერთი შეხედვით უეცარი ესკალაციისა, მასობრივი რეპრესიის ეს კამპანია წინასწარ განჭვრეტადი და მოსალოდნელი იყო. მეტიც, რეჟიმი სისტემური რეპრესიის შესახებ თავადაც ღიად იმუქრებოდა. რეჟიმის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, 2024 წლის 29 აპრილის საპროგრამო გამოსვლაში, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციასა და საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის გამოცხადებასთან ერთად, მასობრივი რეპრესიების მუქარა ცხადად გაახმოვნა.
2024 წლის მაისში, „უცხოეთის „აგენტების“ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის გასანეიტრალებლად, ეს მუქარა შედარებით ხანმოკლე, თუმცა ინტენსიური რეპრესიებით განხორციელდა. ამ კამპანიისას, რეჟიმმა ფართომასშტაბიანად გამოიყენა რეპრესიის განკერძოების, დაქირავებული კრიმინალური აქტორების მეშვეობით მისი განხორციელების ინსტრუმენტი. დაქირავებული კრიმინალები ფიზიკურად თავს ესხმოდნენ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს, ჩართული იყვნენ მასობრივ სატელეფონო მუქარაში პროტესტის მონაწილეების მიმართ, ტოვებდნენ მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებთან შეურაცხმყოფელ გრაფიტსა და წარწერებს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების რეპრესირებისას, ძალადობრივი ქმედებების ტვირთი უმეტესად დაქირავებულ კრიმინალებზე იყო გადანაწილებული. 2024 წლის აპრილ-მაისში ადმინისტრაციულად დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი, თუმცა მათ მიმართ მასობრივი წამება და არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რეჟიმის ფორმალური საპოლიციო და უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლების მხრიდან, არ დაფიქსირებულა. შედარებით ლმობიერი იყო თავად შეკრებების დაშლის დროს გამოყენებული ძალაც.
მასობრივი რეპრესიის ეს შედარებით ხანმოკლე ტალღა ე.წ. გამჭვირვალობის - რუსული კანონის - მიღებასა და პროტესტის ჩაქრობასთან ერთად, შეჩერდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რამდენადაც ახლოვდებოდა საპარლამენტო არჩევნები და არსებული ცოდნა მაღალი დამაჯერებლობით გვეუბნება, რომ ავტორიტარული რეჟიმები არჩევნებამდე თავს იკავებენ რეპრესიისგან, ხოლო არჩევნების შემდეგ, რეპრესიის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან ერთად, რეჟიმის ზოგადი დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ, რუსული კანონის მიღებისთანავე, ვწერდით, არჩევნების მანიპულაციასა და მასობრივი რეპრესიის საფრთხეებზე, რომელსაც რეჟიმი ამ მანიპულირებული შედეგის საწინააღმდეგო პროტესტის ჩასახშობად გამოიყენებდა.
29 ნოემბრის დილიდან მასობრივი რეპრესიის გაზაფხულზე გახმოვანებული მუქარა ზედმიწევნით ასრულდა. მასობრივი ძალადობრივი რეპრესია ახალ რეალობად იქცა.
სამართლებრივი შავი ხვრელი თვითნებური დაკავების, ფართომასშტაბიანი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის
პროტესტის მონაწილეების მასობრივი თვითნებური დაკავება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფორმით განხორციელებული ძალადობრივი რეპრესიის უზრუნველმყოფი მთავარი სამართლებრივი ინსტრუმენტია. რეჟიმის რეპრესიულ და პროპაგანდისტულ აპარატს, ასეთი რეპრესიის გამართლებისა და მასზე პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ თავიდან არიდების მიზნებისთვის, ორი ძირითადი საჭიროება აქვს.
პირველ რიგში, უნდა არსებობდეს თვითნებური დაკავების სამართლებრივი შავი ხვრელი. ეს შავი ხვრელი უნდა იძლეოდეს დაკავების დროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ყველა პროცედურული მექანიზმის გვერდის ავლის შესაძლებლობას. ამ სქემის მუშაობის საბოლოო გარანტორია მიტაცებული სასამართლო, რომელიც უარს ამბობს სასამართლო კონტროლის უფლებამოსილების რეალურ განხორციელებასა და თანამონაწილეობაზე სისტემური წამების კამპანიაში.
რეჟიმის მიერ განხორციელებულ რეპრესიის კამპანიაში გამოიკვეთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგი საოპერაციო ქარგები:
ა) საჩვენებელი დასჯა (ეგზეკუცია) - ხორციელდება პროტესტის დაშლის ადგილზე, საჯაროდ, კამერების თანდასწრებით და ზოგჯერ პირდაპირ ეთერში (თავდასხმა ჟურნალისტ გურამ როგავასა და მაკა ჩიხლაძეზე). ეს ქარგა მოქმედებს, ძირითადად, მედიის ან ცნობადი აქტივისტების/პოლიტიკოსების მიმართ, რომელთა საჩვენებელი რეპრესია არის რეჟიმის მიერ საზოგადოებისთვის წითელი ხაზების დადგენის კამპანიის ნაწილი.
ბ) წამება და არაადამიანური მოპყრობა დაკავების მომენტიდან დაკავების ოქმის შედგენამდე პერიოდში - ეს უფრო გავრცელებული ქარგაა, რომელიც მსხვერპლთა ჩვენებების საფუძველზე აღწერეს სამოქალაქო ორგანიზაციებმა. დაკავების შემდეგ, ადამიანს ატარებენ სადამსჯელო დერეფანში, სადაც კოლექტიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ექცევა. ამის შემდეგ, დაკავებულები გადაჰყავთ სპეციალურად მოწყობილ წამების მობილურ საკნებში (ფურგონები). ფურგონებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე ინტენსიურია. ნაწამებ ადამიანებს საათობით აჩერებენ ფურგონში ან სხვა ადგილას ისე, რომ არ აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას. ნაწამები ადამიანების დაკავების ოქმებს ადგენენ დაგვიანებით და სისტემურად აყალბებენ.
კერძოდ, წამების ფიზიკური კვალი არასდროს სათანადოდ არ დოკუმენტირდება და პოლიციის განყოფილებაში ან დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე, წამებასა და არასათანადო მოპყობას ერთი მიზანი აქვს - წამების ფიზიკური კვალი სრულად გაამართლონ დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის დასაძლევად გამოყენებული ძალის ზემოქმედებით.
სამოსამართლო კლანის მიერ დაკავებულთა საქმეების კონვეიერული წესით განხილვის დროს, ასეთი საქმეებისთვის სპეციალურად განსაზღვრული მოსამართლეები საერთოდ არ მსჯელობენ დაკავებულთა შესაძლო წამების შემთხვევებზე, მაშინაც კი, როდესაც წამების ფიზიკური კვალი აშკარაა და თავად დაკავებული სასამართლო სხდომაზე საუბრობს მისი წამების დეტალებზე.
ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლების ისეთი გაფართოება, როგორიც უკონტროლო თვითნებობის შავ ხვრელს ქმნის, პროტესტის რეპრესიული მართვის ახალი წესების მთავარი ელემენტია. ამ ცვლილებების მიზანია, რაც შეიძლება ფართო და თვითნებურად განმარტებადი იყოს დაკავების საფუძვლები. ამით იხსნება სამართლებრივი შავი ხვრელი, სადაც დაკავებულ ადამიანს აწამებენ მის პოლიციაში ან იზოლატორში მიყვანამდე და ეს გამართლდება დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის დაძლევის საბაბით.
ვინც წამებას არ დაექვემდებარება, უფრო ნაკლებად ძალადობრივი სამართლებრივი რეპრესიის მსხვერპლი გახდება. სულ მცირე, 48 საათს გაატარებს დაკავების იზოლატორში, დაექვემდებარება ფსიქოლოგიურ იძულებას და მაღალი ალბათობით, შეეფარდება გაზრდილი ჯარიმა რომელიმე სამართალდარღვევისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა სასამართლო პოლიციელის ცრუ ჩვენების საფუძველზე დაადგენს, რომ ჩაიდინა.
ახალი წესებით, პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის საფუძვლები დამატებითი თვითნებური საფუძვლებით ივსება: მაგალითად, „სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენის“ ან „საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების“ მიზნით პირის დაკავება გულისხმობს, რომ დამკავებელს აქვს, სულ მცირე, გონივრული საფუძველი, რომ პირი თავად არ გამოცხადდება სასამართლოში, ასევე აქვს სასამართლოს დატვირთულობისა და მის მიერ საქმეთა განხილვის გრაფიკის გონივრული ცოდნა.
ცხადია, რომ დამკავებელ პირებს ასეთი ცოდნა არ აქვთ და სასამართლოების მიერ არ მოწმდება არც მათი გადაწყვეტილებების მინიმალური გონივრულობა. სამოსამართლო კლანის წარგზავნილი მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ადგენენ დაკავების საფუძვლის არსებობას.
„ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების აღკვეთის“ საფუძვლით დაკავებისას, სულ მცირე, თავის არიდების რეალისტური საფრთხის დემონსტრირება უნდა ხდებოდეს. თუმცა აქაც სტანდარტთან შესაბამისობის ადგილს იკავებს პოლიციელის ჩვენება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დაკავების შემოტანამ, ყველაზე ფართო დაგმობა დამსახურებულად გამოიწვია. რამდენადაც ამ საკანონმდებლო ნორმაში არ არის მოცემული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი დაცვის გარანტიები.
კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, განმეორებითი სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით დაკავება არ შეიძლება, რომ მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით იყოს დასაბუთებული, ან იმ პირთა/პირთა წრის მიმართ გამოიყენებოდეს, „რომლებიც ძალაუფლების მიერ მიჩნეული არიან საზოგადოებრივად საშიშად და სამართალდარღვევის ჩადენისკენ მიდრეკილად.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე დადგენილი აქვს, რომ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ პოლიტიკის განსაზღვრისას, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე დაყრდნობა არღვევს ადამიანის ღირსების კონსტიტუციურ უფლებას და ადამიანის სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტად ქცევას იწვევს.
რეპრესიის არსებული პრაქტიკა და დინამიკა გვიჩვენებს, რომ რეჟიმის ინტერესია, პრევენციული დაკავება სწორედ აღნიშნული დაუშვებელი მიზნებით გამოიყენოს. მისი სადამსჯელო აპარატის წარმომადგენლების მიერ ამ საფუძვლების მკაფიო, განჭვრეტადი და გონივრული გამოყენების გარანტიები თავად ამ ე.წ. „კანონის“ ტექსტში არ მოიპოვება (მაგალითად, იმ პირობების ცხადად განსაზღვრა, რომლებიც იძლევა გონივრულ საფუძველს იმის დასადგენად, რომ პირი ჩაიდენს განმეორებით სამართალდარღვევას, თუ მას არ დააკავებენ და არ არსებობს განმეორებითი სამართალდარღვევის პრევენციის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, ვიდრე დაკავებაა).
შესაბამისად, არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ მიტაცებული სასამართლო ინსტიტუტების მიერ პრევენციული დაკავების კონტროლი ამ სტანდარტით განხორციელდება, ან საერთოდ განხორციელდება.
ამრიგად, ეს საკანონმდებლო შავი ხვრელი რეჟიმსა და მის პროპაგანდის მანქანას აძლევს პროტესტის ადგილებს მიღმა, ქუჩებში, ავტომანქანებში, სადარბაზოებსა და სახლებში ადამიანების მასობრივი დაკავების, მათი წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის უკვე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის სამართლებრივი გამართლებისა და თვითნებობაზე პასუხისმგებლობის მოხსნის ჩარჩოს.
მშობლის დასჯა - პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის უარყოფა
პროტესტში არასრულწლოვანთა მასობრივი მონაწილეობა რეჟიმის მიერ მნიშვნელოვან პრობლემად აღიქმება. არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობრივი რეპრესიის გამართლება რთული და ხარჯიანია. შესაბამისად, რეჟიმი ცდილობს, რომ არასრულწლოვანთა პროტესტიდან ჩამოცილებას მშობელთა დასჯით მიაღწიოს.
რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობის ელემენტად განისაზღვრა ბავშვის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ჩადენა.
ეს არა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის კონსტიტუციური პრინციპის საწინააღმდეგოა, არამედ ოჯახური ცხოვრების ტოტალიტარული კონტროლის ინსტრუმენტადაც გვევლინება.
დამძიმებული სანქციები - თანაზომიერების სისტემური უარყოფა
კონვეიერული წესით განხორციელებული „მართლმსაჯულება“ მასში მოხვედრილ ყველა ადამიანს სამართალდამრღვევად ცნობს და სჯის. რეპრესიების აქ განხილული ტალღის დროს ნაწამები და არაადამიანურ მოპყრობაგამოვლილი დაკავებულები, გამონაკლისის გარეშე, სამართალდამრღვევებად მიიჩნიეს და ვინც საპატიმრო სასჯელს გადაურჩა, არათანაზომიერად მაღალი ჯარიმები შეუფარდეს.
კონვეიერის წესით ჩატარებულ „პროცესში“, ცხადია, სანქციის ინდივიდუალიზაციისთვის მოსამართლეს ადგილი არ აქვს. ამისთვის სივრცეს უკვე აღარ ითვალისწინებს არც გამკაცრებული ე.წ. „კანონმდებლობა“, რომლის მიხედვითაც, როგორც ახლად დადგენილ „სამართალდარღვევებზე“, ისე არსებულ სამართალდარღვევებზე ჯარიმები რამდენჯერმე იზრდება.
გადაჭარბებული ადმინისტრაციული ჯარიმის შეფარდება სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაუცველად, ადამიანის რეპრესიების ინსტრუმენტად, მისი სხვათა დაშინების სამიზნედ გამოყენების პირდაპირი ნიშანია. თავისი არსით ეს ლახავს როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის, ისე ადამიანის ღირსების ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს.
რეპრესიისგან თავდაცვის აკრძალვა „კანონით“
მასობრივი ძალადობრივი რეპრესიებისგან თავდაცვისთვის მოქალაქეების მიერ გამონახულ საშუალებებს რეჟიმი დამატებითი დასჯით ებრძვის. აქტიური მოქალაქეების მიზანში ამოღებას ართულებს სახის ნიღბით დაფარვა, ისევე, როგორც აირწინაღის მასობრივად გამოყენება მოქალაქეებს მედეგს ხდის სპეციალური ქიმიური საშუალებების მიმართ.
ამ პრობლემის გადაჭრას რეჟიმი ცდილობს ახალი სამართალდარღვევით, რომელიც შეკრებისას კრძალავს „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვას“. ასევე იზღუდება პიროტექნიკური საშუალების გამოყენება და ამ საშუალებების ბრუნვა.
პროტესტის დროს სადამსჯელო ღონისძიებებს ართულებდა ლაზერისა და ძლიერი ნათების საშუალებების გამოყენება. ასეთი საშუალებების ქონა პროტესტის დროს ახალი „სამართალდარღვევაა“.
ეს ე.წ. ახალი სამართალდარღვევები დამატებით აფართოებს უკანონო დაკავების სამართლებრივ შავ ხვრელს და რეჟიმს მასობრივი რეპრესიის გამართლების კიდევ უფრო უხვ საფუძველს უქმნის.
ბოლოსიტყვაობა
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმის მიერ მასობრივი რეპრესიის განახლებული კამპანია იყო წინასწარ დაგეგმილი, სისტემურად ორგანიზებული და განხორციელებული. 2024 წლის დეკემბერში პროტესტის რეპრესიული მართვის საკანონმდებლო ჩარჩოს კიდევ უფრო დრაკონული ტრანსფორმაცია არა მხოლოდ ადასტურებს წინასწარ დაგეგმილი, სისტემური და ორგანიზებული რეპრესიის განხორციელებას, არამედ, მაღალი სარწმუნოობით, მიანიშნებს, რომ რეჟიმი მზადაა, ასეთი კამპანიები კვლავ განახორციელოს.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.