რეპრესიები ჟურნალისტების წინააღმდეგ - პროპაგანდის სამიზნიდან ფიზიკურ სამიზნემდე
2024 წლის გაზაფხულიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ დააინიციირა კანონპროექტი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, იგი მაინც მიიღო, საქართველოში რეპრესიების ტალღა დაიწყო. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ სწორედ ამ პერიოდში გადავიდა მოჩვენებითი დემოკრატიიდან ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ავტორიტარული მმართველობის ფორმაში. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა (რომლის ლეგიტიმურობაც ამ ეტაპზე საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული არ არის) და ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, რეპრესიები ახალი ძალით განახლდა. გარდა საპროტესტო აქციების მონაწილეების სამაგალითოდ დასჯისა, რაც ათობით მოქალაქის სასტიკად ცემასა და უკანონო დაკავებაში გამოიხატა, რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტები იქცნენ. არაერთი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმისა და „ოცნების“ მიერ წახალისებული მოძალადე ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ან ჩამოართვეს მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მისწრაფებების ზრდასთან ერთად, კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ რეპრესიული მეთოდები წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და თანდათანობით უფრო ხისტი ხდებოდა. ეს ტენდენცია ჯერ პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებით დაიწყო, რომლის მიზანიც ყველა კრიტიკული მედიასაშუალებისა თუ გამოცემის დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მათდამი უნდობლობისა და სიძულვილის გაღვივება იყო. ამ მიზნის მისაღწევად, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა სხვადასხვა მეთოდს იყენებდა - იგი ცდილობდა ნებისმიერი კრიტიკული წყაროს ოპოზიციურ პარტიებთან აფილირებას და ამ გზით, მისდამი ნდობის შემცირებას; სპეკულირებდა საზოგადოებისა და ეკლესიის სახელით, თითქოსდა ჟურნალისტები ებრძვიან ყველაფერ ეროვნულს და აუდიტორიაზე „ფსიქოლოგიურად ძალადობენ“; მუდმივ რეჟიმში აკნინებდა მედიის როლსა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მნიშვნელობას; ჟურნალისტების მიმართ ისმოდა აბსურდული, თუმცა ძალიან მწვავე ბრალდებები, რომ ისინი ხელს უწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას, არიან „უცხოური გავლენის აგენტები“ და ა.შ. საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული მედიისგან შექმნა „მტრის ხატი,“ რომელიც „დამნაშავეა“ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებში.
მედიის დისკრედიტაციის ეს სახიფათო ტენდენცია, ბუნებრივია, ჟურნალისტებისა თუ ამ სფეროს მკვლევართათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამასთან, კრიტიკული აზრის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის მცდელობები, წლიდან წლამდე, ნათლად აისახა სხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგშიც. 2020 წლიდან, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი საგანგაშოდ მცირდებოდა და ბოლო წლებში უპრეცედენტოდ დაბალი იყო.
IREX-ის ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრის თანახმად, 2015 წლიდან საქართველოში საინფორმაციო გარემო ცალსახა რეგრესით ხასიათდება. 2023-2024 წლებში კი საქართველომ ისტორიულად ყველაზე დაბალი - 13 ქულა დაიმსახურა (ინდექსის მინიმალური ქულაა 0, ხოლო მაქსიმალური - 40).
გრაფიკი 1: საქართველოს მაჩვენებლები IREX-ის ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრში (2001-2024)
წყარო: საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭო (IREX)
IREX-ის ამ ეტაპისთვის ბოლო, 2024 წლის, ანგარიშის თანახმად (რომელიც 2023 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს), ქართული საინფორმაციო გარემო არამდგრადია (Slightly vibrant), რაც ნიშნავს, რომ ხარისხიანი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საკითხების შეზღუდულ რაოდენობაზე და რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროს მიუხედავად, საინფორმაციო სივრცეში კვლავაც ჭარბადაა მცდარი, მანიპულაციური და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაცია, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ამასთან, მოქალაქეთა უმრავლესობას არ გააჩნია დეზინფორმაციის ამოცნობისა და ფილტრაციის უნარი. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობაზე, 2023 წლის გაზაფხულზე მიეღო ე.წ. აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონი, რომლის ნეგატიური გავლენაც აუცილებლად აისახებოდა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ აქტიურად გამოიყენებოდა სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის საწინააღმდეგოდ (SLAPP), რაც გულისხმობს ოფიციალური პირების მიერ სასამართლოში წარმოებულ ათობით საქმეს კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, სადაც ისინი ჟურნალისტებს ცილისწამების გამო უჩიოდნენ, ითხოვდნენ მათთვის საკმაოდ დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმების დაწესებას და ამ გზით ცდილობდნენ მედიის საქმიანობის შეფერხებას. 2023 წლის მოვლენების ანალიზისას, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროსამთავრობო მედია ავრცელებდა პროპაგანდასა და მანიპულაციური შინაარსის მასალებს, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. გარდა ამისა, უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ „ქართული ოცნებისა“ და მისი პროპაგანდისტული საშუალებების რიტორიკა სულ უფრო ემსგავსებოდა აქამდე არსებული პრორუსული ჯგუფების ნარატივებს. ამ კონტექსტში, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად კი მისი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, უშუალოდ იყო ჩართული სოციალურ ქსელებში წარმოებულ მანიპულაციურ საინფორმაციო კამპანიებში.
IREX-ის მსგავსად, ბოლო წლებში საქართველოში, მედიის თავისუფლების მხრივ, გამოკვეთილ ნეგატიურ ტენდენციას ადასტურებს Freedom House-ის შეფასებაც. Freedom House ყოველწლიურად აქვეყნებს დემოკრატიის ინდექსს (Nations in Transit). იგი აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ტრანზიციის ეტაპზე მყოფ 29 ქვეყანაში, ცენტრალური ევროპიდან ცენტრალური აზიის ჩათვლით. ამ ინდექსში შედის მედიის თავისუფლების კომპონენტიც, სადაც 1 ქულა აჩვენებს ამა თუ იმ სფეროს (მაგ. მედიის) არასახარბიელო, ხოლო 7 - საუკეთესო მდგომარეობას.
გრაფიკი 2: საქართველო Freedom House-ის დემოკრატიის ინდექსში (მედიის დამოუკიდებლობის ქულა), 2015-2024 წლები
წყარო: Freedom House
Freedom House-ის 2024 წლის ანგარიშის, რომელიც 2023 წლის მოვლენებს აღწერს, თანახმად, ისეთ პრობლემურ საკითხებთან ერთად, როგორებიცაა ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობები, მათ მიმართ ზიზღის გაღვივება, მუქარა, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და ზოგადი მტრული გარემო, ყურადღება გამახვილებულია სადავო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების შინაარსში ჩარევისა და მათი ცენზურის საშუალებას აძლევს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებულია 2023 წლის მიწურულს.
საქართველოში მედიის წინაშე არსებულ და წლიდან წლამდე მზარდ გამოწვევებს ნათლად ასახავს საერთაშორისო ორგანიზაციის - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) - ყოველწლიური შეფასებები. ინდექსის ფარგლებში, კონკრეტული ქვეყნის მედიაგარემო ფასდება ქულებით 0-დან 100-მდე (სადაც 0 ყველაზე დაბალი მაჩვენებელია).
გრაფიკი 3: საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში (2013-2024 წლები)
წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)
უშუალოდ 2024 წლის შეფასებაში კი (რომელიც 2023 წლის მოვლენებს აღწერს), საქართველოში მედიის თავისუფლების ქულა და სხვა ქვეყნებთან მიმართებით რეიტინგი მკვეთრად გაუარესდა. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა 2024 წლის მოვლენების ამსახველი ანგარიში, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ საქართველოს პოზიციები, მედიის თავისუფლების კუთხით, კიდევ უფრო ნეგატიურად შეფასდება.
აღსანიშნავია, რომ RSF მონაწილეობდა ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში ორგანიზებულ მისიაში, რომლის მიზანსაც საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მედიის თავისუფლების კუთხით არსებული რეალობის კვლევა წარმოადგენდა. ანგარიშის თანახმად, მზარდი ავტორიტარული ტენდენციების კვალდაკვალ, საქართველოში მედიის თავისუფლების მრხივ არსებული მდგომარეობა გაუარესებულია და კრიტიკული, დამოუკიდებელი ჟურნალისტების შესაზღუდად ბევრი სხვადასხვა მეთოდია გამოყენებული. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს უწევთ განსაკუთრებით მტრულ გარემოში მუშაობა, რაც გულისხმობს მათზე ფიზიკურ ძალადობას, მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, დისკრედიტაციის კამპანიებსა და შეურაცხმყოფელ ეპითეტებს საჯარო მოხელეების მხრიდან. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კრიტიკული მაუწყებლების საქმიანობაში საქართველოს კომუნიკაციების კომისიის შერჩევითი და უხეში ჩარევების შესახებ. ბუნებრივია, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონს (ოფიციალური სახელწოდება - კანონი „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“). ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ ეს კანონი ვენეციის კომისიის მიერ ცალსახად შეფასდა, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, შიდა თუ საერთაშორისო დონეზე აღიარების გარეშე მყოფი „ქართული ოცნება“ უფრო მკაცრ და ღია სადამსჯელო მეთოდებს იყენებს როგორც პროევროპული აქციების მონაწილეების, ისე ჟურნალისტების მიმართ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ანგარიშის მიხედვით, 28 ნოემბრიდან 2024 წლის ბოლომდე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აღირიცხა მედიის წარმომადგენელთა უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის, „მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა“. აქციებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გაშუქების დროს, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული მოძალადეები პირდაპირ ეთერში გაუსწორდნენ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე, სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა გურამ როგავამ. აღსანიშნავია, რომ არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, არც ერთ ამ შემთხვევას არ მოჰყოლია პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დასჯა.
2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და რედაქტორი მზია ამაღლობელი. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით, რომელიც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14 იანვარს რეჟიმის სასამართლომ მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია „ბათუმელების“ კიდევ ერთი თანამშრომელი, ოპერატორი გიორგი მურვანიძე. იგი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. ჟურნალისტის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაკავება და მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვება კიდევ ერთი სახიფათო ზღვარია, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მორჩილმა საჯარო ინსტიტუტებმა ავტორიტარული რეჟიმის გამყარების გზაზე გადააბიჯეს.
***
წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების ფაქტობრივად ყველა შტოს მიტაცების პარალელურად, ნათლად იკვეთებოდა კრიტიკული ჟურნალისტების შეზღუდვის მცდელობები, რაც, ძირითადად, მათ წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდისტულ რიტორიკაში ვლინდებოდა. ამ პროპაგანდის მიზანი ყველა კრიტიკული მედიასაშუალების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მათდამი უნდობლობისა და სიძულვილის გაღვივება იყო. მედიის სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების (IREX, Freedom House, RSF) ანგარიშები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა, რაც მკაფიოდ ასახავს ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას. „ქართული ოცნება“ აქტიურად ცდილობდა კრიტიკული მედიასაშუალებების დისკრედიტაციას და მათ მტრებად წარმოჩენას. მედიის მიმართ ეს სიძულვილი, სახელმწიფოს უმოქმედობისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის განცხადებების წახალისებით, 2021 წლის ზაფხულში კონკრეტულ ქმედებებში გამოვლინდა, როდესაც მოძალადე ჯგუფები ათობით ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდენენ.
2024 წელს საქართველოში კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიული პოლიტიკა გამძაფრდა. ეს ნათლად გამოჩნდა ჯერ კიდევ გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე, ხოლო განსაკუთრებული სიმძაფრე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების კვალდაკვალ შეიძინა. ჟურნალისტები გახდნენ მიზანმიმართული თავდასხმების სამიზნე, რაც მოიცავს არა მხოლოდ პროპაგანდისტულ რიტორიკასა და დისკრედიტაციულ კამპანიებს, არამედ ფიზიკურ ძალადობას (მათ შორის, უშუალოდ საპოლიციო ძალების მიერ), ტექნიკური აღჭურვილობის განადგურებასა და უკანონო დაკავებებს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით ნიშანდობლივია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავება სისხლის სამართლის კოდექსით, რაც, ფაქტობრივად, ახალი საფეხურია „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის გამყარების გზაზე. ამ ყველაფერმა კი, მსგავსი ინერციით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა მიგვიყვანოს იმ კონდიციამდე, სადაც თავისუფალი მედიის ფუნქციონირება და კრიტიკული აზრის გამოხატვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.