პუბლიკაციები

გერმანიის არჩევნები - მიგრაცია და რეცესია

გერმანიაში გასული წლის ბოლოს კანცლერს უნდობლობა გამოუცხადეს, რასაც მმართველი კოალიციის დაშლა და საბოლოოდ, ვადამდელი არჩევნების 23 თებერვალს დანიშვნა მოჰყვა. “შუქნიშნის კოალიციად“ წოდებული ერთობის ჩამოშლას წინ უძღოდა კანცლერ ოლაფ შლოცის მიერ ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის, დათხოვნა, რომელიც კოალიციაში შემავალი მემარჯვენე „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელია. კონფლიქტის მიზეზი 2025 წლის ბიუჯეტისა და ზოგადად, ეკონომიკური საკითხებისადმი კოალიციაში არსებული უთანხმოება იყო. კერძოდ, კოალიციის წევრ მემარცხენე პარტიებს - „სოციალ დემოკრატებსა“ და „მწვანეებს“ - სამთავრობო ვალის ზრდით, საბიუჯეტო ხარჯების გაფართოება სურდათ, რასაც კრისტიან ლინდნერი ეწინააღმდეგებოდა.

ეკონომიკურ საკითხებზე უთანხმოების გამო, იმ ფონზე, როცა ზედიზედ, უკვე მეორე წელია, გერმანიის ეკონომიკა მცირდება და მიმდინარე წლის პროგნოზებიც დიდად სახარბიელო არაა (0.2 - 0.3% ზრდა), კოალიცია დაიშალა.

გრაფიკი 1: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება, %

წყარო: გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახური

თებერვალში გასამართ არჩევნებში, არსებული კვლევებითა და მოლოდინებით, 5%-იან საპარლამენტო ბარიერს ოთხი პოლიტიკური ძალა გადალახავს: „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „მწვანეები“. პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატების ძირითადი თემა, მათ შორის, როგორც არსებული სოციოეკონომიკური პრობლემების გამომწვევი მიზეზი, მიგრაციაა. 

გრაფიკი 2: პოლიტიკური პარტიების საარჩევნო და გამოკითხვის შედეგებით მხარდაჭერა, %

წყარო: ფედერალური საარჩევნო კომისია; The Guardian Poll Tracker

ამ კუთხით გამორჩეული პარტიაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და მისი ლიდერი ალისა ვეიდელი. პარტიის ძირითადი დაპირება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაა - საზღვრების კონტროლი, თავშესაფრის მიღების გამკაცრება, დეპორტაციის გამარტივება. პარტიისთვის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ასეთი რიტორიკა სარგებლიანი აღმოჩნდა. გერმანულ პოლიტიკაში შედარებით ახალმა პარტიამ 2021 წლის არჩევნებზე 10.2% აიღო, ხოლო მისი დღევანდელი მხარდაჭერა გაორმაგებულია. ალისა ვეიდელის პარტიის მხარდაჭერის მკვეთრი გაფართოების კვალდაკვალ, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ მოწინავე პოზიციებზე გადმოინაცვლა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და მისი ლიდერის, ფრიდრიხ მერცის  საარჩევნო დაპირებებში. 

პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ლოგიკურია საემიგრაციო პოლიტიკის წინ წამოწევა, რადგან გერმანიის მოსახლეობის 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ზუსტად რომ მიგრაციაა. ეს კი განპირობებულია ფართომასშტაბიანი იმიგრაციით, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო. საწყის პერიოდში, მიგრანტების დიდი ნაკადი სიირიდან და ავღანეთიდან იყო, ხოლო ბოლო წლებში, ომის გამო, უკრაინიდან.

გრაფიკი 3: გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი, ათასი ადამიანი

წყარო: მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური

მიგრანტთა რაოდენობის ზრდა პოპულაციის კომპოზიციაზეც აისახა.  ბოლო ათწლიან პერიოდში, ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს, ლტოლვილის სტატუსით, გერმანიაში 2.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაც გერმანიის მთლიანი მოსახლეობის 3.2%-ია.

თავშესაფრის მაძიებელთათვის განსაკუთრებულად მიმზიდველია განვითარებული და გულუხვი სოციალური დახმარების სისტემის მქონე ქვეყნები. ასეთი ქვეყნების რიგებში გამორჩეულია სწორედ გერმანია, რომელიც მასშტაბური სუბსიდიებით გამორჩევა. გერმანიაში, ბოლო ათწლიან პერიოდში, სოციალური დანახარჯები მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 25.8%-ია. ეს კი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს 5.2 პროცენტული პუნქტით აღემატება.

გრაფიკი 4: საჯარო სოციალური დანახარჯების ფარდობა მშპ-სთან, %

წყარო: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია

მაგალითად, 2023 წელს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ფედერალური ხარჯები 29.7 მლრდ ევროს აღწევდა (ფედერალურის გარდა, სუბსიდიები გაიცემა სუბნაციონალური ბიუჯეტებიდანაც), რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი - 6.2% იყო. ამ პერიოდში ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ფედერალური ხარჯები ბიუჯეტის დეფიციტის 34%-მდეა. 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 87.4 მლრდ ევრო იყო. დეფიციტი ის ძირითადი საკითხია, რომელსაც კოალიციის დაშლა მოჰყვა.

ზოგადად, ადამიანები ღია საზღვრების პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ მიგრანტებს, ინდივიდუალურად, უარყოფითი გავლენა ექნებათ მათი ან მათი ჯგუფის მატერიალურ კეთილდღეობაზე.  გაზრდილი სოციალური დანახარჯები კი ასეთი შიშის ხელშემწყობია. მეორე მხრივ, ადამიანები ეწინააღმდეგებიან იმიგრაციას, რადგან შიშობენ, რომ ეს მათი კულტურული ტრადიციების, რელიგიის, ენის და სხვა ღირებულებების ცვლილებას გამოიწევს და გაზრდის სოციალური კონფლიქტების რისკს. ასეთი რისკების ზრდის კარგი ილუსტრაციაა კრიმინალი.

დანაშაულსა და იმიგრაციას შორის კავშირის შესახებ დებატები გერმანიაში ჯერ კიდევ 2015 წლიდან, მიგრანტთა ნაკადის ზრდასთან ერთად, გააქტიურდა. 2015-16 წლების იმიგრაციის ტალღის ემპირიული შესწავლის რამდენიმე უახლესი ნაშრომი ცხადყოფს, რომ ამ პერიოდში, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადების მატება დანაშაულის დონის ზრდაზე აისახა. ასეთი დებატები ახლაც გრძელდება, რადგან დანაშაულის დონე ისევ იზრდება და 2023 წელს ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელმა ბოლო თხუთმეტწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან, გაზრდილია დაკავებულთა რაოდენობა. ამ პერიოდში დაკავებული 2.3 მლნ ადამიანიდან, 41.3% გერმანის მოქალაქეობის არმქონე იყო, ხოლო 0.4 მლნ დაკავებული, 17.9%  ლტოლვილის სტატუსის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი ან უკანონოდ შემოსული ადამიანი იყო.

ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ წინასაარჩევნო გარემოში გაზრდილია იმ პოლიტიკოსების მხარდაჭერა, რომელთა პოზიცია საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაა, თუმცა მოგვარდება, თუ - არა გერმანიის ყველა პრობლემა საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებით, ეს სადისკუსიო საკითხია.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია