პუბლიკაციები

ტრამპის სატარიფო პოლიტიკა - საფრთხეები და პოტენციური შედეგები

ფოტო: Bonaventura | Alamy Stock 

ამერიკის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, ბენჟამინ ფრანკლინს, ეკუთვნის ფრაზა: „არც ერთი ერი არ დაზიანებულა ვაჭრობით, თუნდაც ის, ერთი შეხედვით, ყველაზე არახელსაყრელი ჩანდეს“. თითქმის სამი საუკუნის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საპრეზიდენტო საქმიანობის მეორე კვირა დაიწყო სამი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან საქონლის იმპორტზე ტარიფების დაწესებით: ჩინეთიდან ყველა სახის საქონელზე დამატებით 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა, ხოლო მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე 25%-იანი ტარიფები იმოქმედებს (გამონაკლისია კანადიდან ენერგორესურსები, რომლებზეც 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდება). ამჟამად, თავისუფალი ვაჭრობის საერთო შეთანხმების გამო, ამ ორი ქვეყნიდან უმეტეს საქონელზე საიმპორტო გადასახადი არ არსებობს, ან ზოგიერთ პროდუქციაზე ძალიან მცირეა.

ტარიფების შემოღების გაცხადებული მიზეზია ამ ქვეყნებზე „პასუხიმგებლობის დაკისრება, მათი დაპირებების დაყოვნების გამო, არალეგალური მიგრანტებისა და მომაკვდინებელი ფენტანილისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების აშშ-ში შემოტანის შეჩერებაზე“.

საპასუხოდ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ პროდუქციაზე 25%-იანი გადასახადის დაწესება გამოაცხადა, ხოლო მექსიკის პრეზიდენტმა მსგავსი ზომები, განაკვეთის დასახელების გარეშე, დაანონსა. ჩინეთმა თქვა, რომ „აუცილებელ კონტრზომებს“ მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული მიზნები ეკონომიკურ ხასიათს ნაკლებად ატარებს, აშშ-ის მიერ სავაჭრო ომის დაწყება, ისევე, როგორც საპასუხო პროტექციონისტული ზომების მიღება, ეკონომიკური თვალსაზრისით, გაუმართლებელია. 

გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, ვაჭრობა არ ჰგავს სპორტულ შეჯიბრებას, სადაც ერთი მხარე იგებს და მეორე აგებს. ვაჭრობა ყველას მდგომარეობას აუმჯობესებს, რადგან ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, სპეციალიზდნენ იმ საქმეში, რომელშიც ისინი შედარებით უპირატესობას ფლობენ. ესე იგი, აწარმოონ ის საქონელი, რომლის დამზადება შედარებით ნაკლები დანახარჯით შეუძლიათ. როცა ინდივიდების შრომა ასეა დანაწილებული, წარმოებული დოვლათის საერთო რაოდენობა იზრდება და თითოეული ინდივიდის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება. თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში, სპეციალიზაცია და შრომის დანაწილება მსოფლიო მასშტაბის ხდება, რაც ცალკეული ადამიანის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად აფართოებს. 

ის ფაქტი, რომ კანადიდან აშშ-ის ძირითადი საიმპორტო საქონელი ენერგორესურსებია, ნიშნავს, რომ, ზოგადად, კანადელ მწარმოებლებს შედარებით დაბალი დანახარჯებით შეუძლიათ ასეთი საქონლის წარმოება. და პირიქით, კანადაში აშშ-ის ძირითადი საექსპორტო საქონელია სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები, რაც აჩვენებს ამერიკელი მწარმოებლების შედარებით უპირატესობას. შესაბამისად, სატარიფო ბარიერები ამერიკელი მომხმარებლისთვის გააძვირებს კანადურ ენერგორესურსებს, მექსიკაში აწყობილ ავტომობილებსა და ჩინეთში დამზადებულ ელექტროტექნიკას. მათი მწარმოებლისთვის კი ამ პროდუქტების გაყიდვა შემცირდება. საერთო ჯამში, ორივეს - უცხოელი მწარმოებლებისა და ამერიკელი მომხმარებლის - მდგომარეობა გაუარესდება.

ტარიფები არა მხოლოდ - ამერიკელ მოხმარებელს, არამედ სხვადასხვა ინდუსტრიაში ადგილობრივ მწარმოებლებსაც დააზიანებს. ამის საჩვენებლად კარგი მაგალითია ავტოინდუსტრია.

ავტომობილები და ავტონაწილები აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის უმსხვილესი სავაჭრო საქონელია. არსებულმა თავისუფალმა ვაჭრობამ არსებითად გაზარდა კომპანიების სპეციალიზაცია და შედეგად, ისეთი წარმოების და მიწოდების ჯაჭვები შეიქმნა, რომლებიც სამივე ქვეყნის საზღვარს მრავალჯერ კვეთს. შეერთებულ შტატებში გაყიდული ყოველი ხუთი ავტომობილიდან, ერთზე მეტი მექსიკაში ან კანადაშია აწყობილი, თუმცა,  სანამ ავტომობილი ამ ორ ქვეყანაში საბოლოოდ აეწყობა, მისი ცალკეული კომპონენტები შეიძლება საზღვარს 6-8-ჯერ კვეთდეს. მექსიკაში ან კანადაში ავტომობილის ასაწყობად საჭირო არაერთი კომპონენტი ამერიკაშია წარმოებული, ან აშშ-ში ავტომობილის აწყობისას, ამ ორ ქვეყანაში წარმოებული ნაწილები გამოიყენება. ამდენად, ტარიფების პირობებში, მექსიკაში აწყობილი ავტომობილების ფასიც გაიზრდება და ამერიკაში მანქანის ამწყობის ხარჯებიც. არაერთი გათვლით, ტარიფების ამოქმედების შედეგად, აშშ-ში წარმოებული მანქანის ფასი საშუალოდ 2.7 ათასი დოლარით მოიმატებს, რაც დააზიანებს არა მხოლოდ ამერიკელ მომხმარებელს, არამედ - ადგილობრივ მწარმოებელსაც. 

გრაფიკი 1: აშშ-ში საქონელის იმპორტი, მლრდ დოლარი

წყარო: სტატისტიკური აღწერის ბიურო

ამრიგად, დონალდ ტრამპის პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკა, ვნებს ამერიკელ მომხმარებლებს და აზიანებს არაერთი ინდუსტრიის მწარმოებლებს. თუმცა, უცხოური კონკურენტების შეზღუდვით, ცალკეული მწარმოებლებისთვის სარგებლის მომტანია. ასევე, რადგან სატარიფო პოლიტიკა გადასახადების დაწესებაა, იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები. მიუხედავად ამისა, სატარიფო პოლიტიკის პირობებში, საერთო კეთილდღეობა უარესდება, რადგან მცირე ჯგუფის მიერ მიღებული სარგებელი ვერ აკომპენსირებს მომხმარებელთა დიდი ნაწილისა და მწარმოებლების დანაკარგს. ეს კი ეკონომისტების მიერ დიდი ხნის წინ შესწავლილი საკითხია და ემპირიული მხარდაჭერით სარგებლობს.

თუმცა, ჯერჯერობით, სავაჭრო ომი სრულმასშტაბიანი არ გამხდარა, რადგან ტარიფები მხოლოდ ჩინეთიდან იმპორტზე ამოქმედდა, ხოლო კანადისა და მექსიკის შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე, ერთი თვით გადაიდო. შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატების საზღვრებთან 10-10 ათას ჯარისკაცს განალაგებენ და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ მექსიკასთან მსგავსი შეთანხმება ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს არსებობდა. ეს ფაქტი და ამოქმედების დაყოვნება, შესაძლოა მიუთითებდეს, რომ აშშ-ის ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესებისგან თავის შეკავებით, პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას, მიზნის მიღწევის ილუზიის შექმნით, სახის შენარჩუნება სურთ, მას შემდეგ, რაც გამოცხადებული ტარიფების ზიანის მასშტაბზე აქტიური დისკუსია დაიწყო.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია