ანტიდემოკრატიული რეაქციის სოციალური საყრდენები საქართველოს პირველ და მეორე რესპუბლიკებში

შესავალი
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მიღებიდან 104 წლის შემდეგაც, ქართული კონსტიტუციური პროექტი, რომლისთვის საძირკვლის ჩაყრაც ამ დოკუმენტმა სცადა, კვლავ დაუსრულებელია. საქართველო დემოკრატიულ კონსტიტუციურ სახელმწიფოდ ვერ შედგა. საძირკვლის ფუნქცია ვერც 1995 წლის კონსტიტუციამ შეასრულა. ამ კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ხელისუფლების ყველა ინსტიტუტი უზურპირებულია. უზურპატორის პერსონალური ძალმომრეობა (და არა ძალაუფლება) აქტიურად ესწრაფვის, მასობრივი რეპრესიით დაძლიოს დემოკრატიული საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და პერსონალისტური დიქტატურის სტაბილურად დამკვიდრებას მიაღწიოს.
ამ მდგომარეობაში, თავისუფალი, დემოკრატიული, კონსტიტუციური სახელმწიფოს პროექტი არა მხოლოდ ჩამოშლილია, არამედ მისი განხორციელებისთვის აუცილებელი პირობის -სახელმწიფო სუვერენიტეტის - დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას.
გადაჭარბების გარეშე, საფრთხე ისეთივე ეგზისტენციურია, როგორც 1921 წელს. ამის მიუხედავად, საქართველოს საზოგადოების აზრის ბოლო პერიოდის გამოკითხვები მიუთითებს არსებული რეაქციული ავტორიტარული რეჟიმის პლებისციტური მოწონების ანგარიშგასაწევ დონეზე (30% -ის ფარგლებში).
„ქართული ოცნების“ მოქმედი რეჟიმის პროექტი, თავისი არსით, რეაქციულია. რეჟიმმა უკვე შეძლო ანტიდემოკრატიული რეაქციის ცენტრალური მიზნების მიღწევა - დემოკრატიული ინსტიტუციური ფუნდამენტისა და ინფრასტრუქტურის მოშლა და საბოლოო ეტაპზე - საქართველოს სუვერენიტეტის მოსპობის სტადიაზე იმყოფება.
რა განაპირობებს ამ რეაქციული პროექტისადმი პლებისციტური მოწონების არსებობას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება საუკუნის წინ დაბრუნება და პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციური დისკურსის გაანალიზება.
პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ მამებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის - თავისი არსით, რევოლუციური პროექტის - მიმართ არსებული რეაქციული საფრთხეები. მათ განსაკუთრებით აღელვებდათ ის მოცემულობა, რომ რეაქციას დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, საქართველოს მაშინდელ საზოგადოებაში ანგარიშგასაწევი დასაყრდენი ჰქონდა.
ერთი საუკუნის შემდეგაც, უკვე მეორე რესპუბლიკის მწუხრის ჟამს, ანტიდემოკრატიული რეაქცია კვლავ პოულობს თავის საზოგადოებრივ დასაყრდენს. რით ემსგავსება და რით განსხვავდება ეს დასაყრდენი პირველი რესპუბლიკის პერიოდისგან? ამის გასაგებად, პირველ რიგში, იმ პერიოდის კონსტიტუციურ-პოლიტიკურ დისკურსს უნდა ჩავხედოთ.
პირველი რესპუბლიკის სოციალური სტრუქტურა და სოციალ-დემოკრატებისა და „წვრილი ბურჟუაზიის“ პარტიების „არაწმინდა ალიანსი“
როგორც ისტორიიდან ვიცით, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრთის ქართული ფრაქცია, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, საქართველოში დომინანტი პოლიტიკური ძალა გახლდათ. სწორედ მას მოუწია, პირველი მსოფლიო ომის დასრულების პერიპეტიებში, საქართველოს სუვერენიტეტის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.
სუვერენული ერი - სახელმწიფოს დაფუძნება მარქსისტული იდეოლოგიის პარტიისთვის, ერთი შეხედვით, დაუძლეველ შინაგან წინააღმდეგობას ქმნიდა. თუმცა ქართველი მენშევიკების ლიდერი და პირველი რესპუბლიკის მთავარი დამფუძნებელი მამა ნოე ჟორდანია ამ შინაგანი წინააღმდეგობიდან გამოსავალს, მის ახსნას, თავად მარქსიზმის ფილოსოფიაში, კონკრეტულად კი, ისტორიის ფილოსოფიაში ხედავს.
კერძოდ, ჟორდანია კრიტიკითვე პასუხობს ბოლშევიკთა თავდასხმას, რომ ერი - სახელმწიფოს პროექტის წამოწყებით, ქართველმა მენშევიკებმა მარქსიზმს უღალატეს. ჟორდანიას მტკიცებით, „ბურჟუა“ ერი - სახელმწიფოს ისტორიის აუცილებელი საფეხურია, რომელიც, გლობალურ რევოლუციაში თანამონაწილეობამდე, ყველა ერმა უნდა გაიაროს.
ჟორდანიას აზრით, ბოლშევიკებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ იძულებით „გადაახტნენ“ ისტორიის კანონზომიერ მსვლელობას. მისი აზრით, სწორედ ისტორიული კანონებისადმი ისეთი უდიერი დამოკიდებულება, როგორსაც ბოლშევიკები ავლენენ ისტორიის მსვლელობაზე იძულებით „გადახტომების“ განზრახვით, არის სწორედ „მარქსის ჭეშმარიტი სწავლების“ დავიწყება და უარყოფა.
მარქსის ისტორიის ფილოსოფიის ასეთი „მკაცრი“ გაგება, ასევე, ავლენს მარქსიზმის ჟორდანიასეულ, არატოტალიტარულ გაგებას. ბოლშევიკებთან ამ პოლემიკაში, ცხადად ჩანს მისი პრინციპული წინააღმდეგობა ტოტალიტარული სოციალური ინჟინერიის მიმართ. ეს ცენტრალური შინაარსობრივი წინააღმდეგობა, რომელიც ტოტალიტარიზმის უარყოფაზე გადის, ხდება ფუნდამენტური წყალგამყოფი არა მხოლოდ ქართველ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს შორის, არამედ გადაიზრდება საბოლოო განხეთქილებაში ბოლშევიკებსა და გლობალურ დემოკრატიულ სოციალისტურ მოძრაობას შორის, როგორც ამას აღწერს ერიკ ლი, თავის მნიშვნელოვან გამოკვლევაში.
რამდენადაც ქართველი სოციალ-დემოკრატებისთვის ისტორიაზე „გადახტომა“ ტოტალიტარული სოციალური ინჟინერიის გზით მიუღებელია, მათ ისტორიული აუცილებლობით უწევთ, მონაწილეობა მიიღონ „ბურჟუა“ ერი - სახელმწიფოს მშენებლობაში. სწორედ აქ ხედავს ჟორდანია იმ დროის საქართველოში ჩანასახოვანი ფორმით არსებული, „წვრილი“ ბურჟუაზიის დროებითი მოკავშირეობის საჭიროებას. ჟორდანიას აზრით, როგორც ბურჟუაზია, ისე ძველი არისტოკრატიის პროგრესული ნაწილი, პოლიტიკურად ძალზე სუსტია („ისინი პოლიტიკური მკვდრები არიან“,- წერს ჟორდანია) იმისათვის, რომ დამოუკდებლად შეძლოს „ბურჟუა“ ერი - სახელმწიფოს დაფუძნება.
ჟორდანია ფიქრობს, რომ ეს სოციალ-დემოკრატებისა და მათი სოციალური დასაყრდენისთვის - ურბანული მუშათა კლასისთვის - კარგიცაა, რადგან ძლიერი ბურჟუაზია ნიშნავს ძლიერ „ბურჟუა“ სახელმწიფოს და მარქსისტული რევოლუციის დაყოვნებას. თუმცა, იმ ისტორიულ მომენტში, ჟორდანიას აზრით, სოციალ-დემოკრატებსა და მათ დასაყრდენ მუშათა კლასს, საკუთარი პოლიტიკური ძალა შესაძლებლობას აძლევს, ბურჟუაზიას უკარნახონ ერი - სახელმწიფოს შექმნის პირობები.
ამ პირობებში, ჟორდანიას აზრით, მთავარია, რომ „ბურჟუა“ პოლიტიკური ფორმები, როგორიცაა საპარლამენტო მმართველობა, უკუაგდონ, უფრო რადიკალურად დემოკრატიული, რესპუბლიკური ფორმის სასარგებლოდ. ბურჟუაზია ვერ მიიღებს „ბურჟუა დემოკრატიას“ პარლამენტარიზმის სახით, თუმცა შეეძლება თანამონაწილეობა უფრო „რადიკალურ დემოკრატიულ“ პროექტში, რომელშიც საკუთარი კლასობრივი ინტერესების წარმომადგენლობისა და პოლიტიკური დაცვის შესაძლებლობა ექნება. მისი თქმით: „საქართველოშიაც ხომ განვითარდება ძლიერი ბურჟუაზია, მაგრამ ის დაინახავს უკვე დამკვიდრებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომლის ფარგლებში ის ვითარდებოდა და რომელსაც ის შეესისხლხორცა.“
უნდა ითქვას, რომ მაშინდელმა დემოკრატიულმა „წვრილმა ბურჟუაზიამ“ და ყოფილმა არისტოკრატიამ ქართველი სოციალ-დემოკრატების ეს შეთავაზება, ერი - სახელმწიფოს შექმნაში თანამონაწილეობაზე, დიდწილად გაიზიარა. ამის გამოხატულებაა ამ სოციალური ჯგუფების პოლიტიკური წარმომადგენლების, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, მონაწილეობა დამფუძნებელი კრების მუშაობაში და მათი, როგორც დემოკრატიული ოპოზიციის, კონსტრუქციული თანამშრომლობა სახელმწიფოს მშენებლობაში.
შესაბამისად, პირველი ქართული დემოკრატიული, კონსტიტუციური ერი - სახელმწიფო დაეფუძნა ურბანული მუშების, დემოკრატიულად განწყობილი გლეხების, დემოკრატიული „წვრილი ბურჟუაზიისა“ და ყოფილი არისტოკრატიის სოციალურ საყრდენებს. ამ საკმაოდ ფართო სოციალური ბაზისის მიუხედავად, ამ კონსტიტუციურმა პროექტმა მაინც ვერ მოახერხა თავის დაცვა და გადარჩენა.
პირველი რესპუბლიკის მარცხის გააზრებისას, მთავარ მიზეზად ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესია და ოკუპაცია სახელდება. თავისთავად, ეს მართლაც ცენტრალური მიზეზია, თუმცა ბოლშევიკური აგრესია და საქართველოს იძულებითი ჩართვა ტოტალიტარულ იმპერიალისტურ პროექტში, იმ პერიოდის საქართველოს საზოგადოებაში, დასაყრდენის ნაკლებობას არ განიცდიდა.
მეტიც, ამ დასაყრდენის შესახებ, კარგად უწყოდნენ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა მამებმა. სწორედ ამ სოციალური დასაყრდენის - ურბანული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრები ღარიბი გლეხობის - ფარდობითი სიძლიერე იყო მთავარი მიზეზი, რომელიც აიძულებდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს, მოკავშირეები ეძებნათ დემოკრატიულად განწყობილ გლეხობაში, „წვრილ ბურჟუაზიასა“ და არისტოკრატიაში. ისინი ამ პოლიტიკური სტრატეგიით იმედოვნებდნენ ახალი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვას ბოლშევიკური რეაქციისაგან, რომლის მთავარ სოციალურ დასაყრდენადაც „არაემანსიპირებულ“ მცირემიწიან გლეხობას ხედავდნენ.
ანტიდემოკრატიული რეაქციის სოციალური საფუძვლის ტრანსფორმაცია პირველი რესპუბლიკიდან მეორე რესპუბლიკამდე, საბჭოთა ტოტალიტარიზმის გავლით
პირველი რესპუბლიკის პერიოდში, რესპუბლიკის წინააღმდეგ ბოლშევიკური პროვოკაციების მთავარი მამოძრავებელი იყო „არაემანსიპირებული“ გლეხობა, რომელიც, საბჭოთა აგრესიის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის მნიშვნელოვან სოციალურ დასაყრდენად იქცა. ამ სოციალურმა კლასმა ყველაზე ბოლოს განიცადა ბოლშევიკური სოციალური ინჟინერიის ექსპერიმენტები, თუმცა ტოტალიტარულ ტერორს, მათი ჩათვლით, ვერც ერთი სოციალური ჯგუფი ვერ გადაურჩა.
მნიშვნელოვანია, რომ ჟორდანია სრულად მარქსისტული კლასობრივი პრიზმიდან ხსნის „არაემანსიპირებული“ გლეხობის მიდრეკილებას ანტიდემოკრატიული რეაქციის მხარდაჭერისადმი. ის ციტირებს მარქსს, რომლის თანახმადაც: „ისინი [გლეხები] თავის თავს ვერ წარმოადგენენ, ისინი სხვამ, გარეშე ძალამ უნდა წარმოადგინოს. მათი წარმომადგენელი, იმავე დროს, უნდა იყოს მათი ბატონი, ავტორიტეტი, რომელიც აღჭურვილ იქნება უსაზღვრო ძალა უფლებით... პოლიტიკური გავლენა მცირე მიწის პატრონ გლეხებისა პოულობს თავის უაღრეს გამოხატულებას იმაში, რომ აღმასრულებელი ძალა იმორჩილებს საზოგადოებას.“ ჟორდანია ასკვნის: „... წარმოების საშუალება, გლეხური მიწათმფლობელობა და მიწის დამუშავება ქმნიან ისეთ პირობებს, რომელშიაც გლეხობის გაერთიანება და პოლიტიკური ბატონობა შეუძლებელია.“
ჟორდანიასეული მარქსისტული პრიზმა, მისი ტოტალიტარული სტალინისტური ვერსიისგან განსხვავებით, ცალსახად არ გულისხმობს რეაქციის მხარდამჭერი სოციალური კლასების მორალისტურ დემონიზაციას, საიდანაც, მათი ფიზიკური განადგურების განზრახვამდე, ერთი ნაბიჯი რჩება. ჟორდანიას ხედვაა, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს უნდა მიაღწიოს არსებულ საზოგადოებრივ მოცემულობაში.
ჟორდანია ვრცლად ციტირებს მე-19 საუკუნის ისტორიის მარქსისეულ ანალიზს, სადაც „არაემანსიპირებული“ გლეხობა რეაქციის მთავარ საყრდენად არის წარმოჩენილი. მისი დასკვნით: „...ის რაც ჩვენში სოფლათ ხდება ახალი არ არის, ესევე მეორდება სხვადასხვა რევოლიუციის დროს დასავლეთ ევროპაში, სუყველგან ფართე მასსა გლეხობისა გამოდიოდა რევოლუციონური დემოკრატიის წინააღმდეგ და უკანასკნელს უხდებოდა ბრძოლა მასთან, როგორც რეაქციონერებთან.“
ჟორდანია სახელობით არ ახსენებს ალექსის დე ტოკვილს, თუმცა იცავს მის საწინააღმდეგო მარქსისტულ პოზიციას, ღარიბი გლეხობის ემანსიპაციის ჩავრდნის შესახებ, მათთვის მიწის საკუთრებაში გადაცემის გზით. ის მოიხმობს მარქსისეულ ანალიზს, რომ ვერც მიწაზე საკუთრებამ აქცია ფრანგი გლეხობა რესპუბლიკის ერთგულ ძალად.
ეს უკანასკნელი მარქსისეული ანალიზი შემდგომში, დიდწილად, უარყვეს. როგორც ევროპულ ერ-სახელმწიფოებზე მსჯელობისას ჰანა არენდტი აღნიშნავს, მეცხრამეტე საუკუნეში მათი წარმატებისა და პოლიტიკური სიძლიერის მთავარი განმაპირობებელი იყო ეკონომიკურად და პოლიტიკურად თავისუფალი გლეხობის მიერ შექმნილი სოციალური დასაყრდენი. არენდტის თქმით, სწორედ თავისუფალმა გლეხობამ შექმნა ერი-სახელმწიფოების მუდმივი არმიების მთავარი ბირთვი, რომელმაც მათ ეფექტური თავდაცვისა და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობები მისცა.
თუმცა, ფართო გაგებით, ამ დასკვნას შეესაბამება ჟორდანიას მსჯელობის ხაზიც, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი უპირველესი სოციალური ამოცანა სწორედ ღარიბი გლეხობის „ემანსიპაცია“, მათი დემოკრატიული რესპუბლიკის პროექტში ჩართვა და რეაქციის სოციალური დასაყრდენის მოშლა იყო.
ჟორდანიას კარგად ესმოდა, რომ ამ ამოცანის სწრაფი შესრულება შეუძლებელი იყო. ამიტომ ის ცდილობდა, ახალგაზრდა ქართული დემოკრატიული ერი-სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული რეაქციისგან წარმატებული დაცვის მიზნისთვის, სხვა პოლიტიკური გზებით მიეღწია. საუბედუროდ, პირველმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო ამ ამოცანის შესრულება.
ბოლშევიკურმა ტოტალიტარულმა სოციალურმა ინჟინერიამ და ტერორმა ფიზიკურად გაანადგურა ძველი და შექმნა ახალი ელიტები, თუმცა საქართველოში არსებითად შეინარჩუნა ურბანიზაციის დაბალი მაჩვენებელი, რითაც ასობით ათასი ადამიანი გასწირა სიღარიბისთვის და ძალაუფლების მოწყალებაზე დამოკიდებულებისთვის.
ეს პოლიტიკა არც პოსტსაბჭოთა საქართველოში არ დაძლეულა. „ქართული მიწისა“ და „ქართული სოფლის“ გადარჩენის სადღეგრძელო-ლოზუნგებს მიღმა, ყოველთვის იყო ბინძური სიმართლე: შიში მცირე მიწაზე მიჯაჭვული ღარიბი გლეხობის ეკონომიკური და პოლიტიკური გათავისუფლებისა, რაც ყველა რეაქციულ, ავტორიტარულ პოლიტიკურ პროექტს შეუქცევადად გამოაცლიდა მნიშვნელოვან სოციალურ დასაყრდენს.
თუმცა არაზუსტი იქნება, თუ ახლანდელი რეაქციული ავტორიტარული რეჟიმის სოციალურ საყრენად მხოლოდ ცენტრალიზებულ ძალაუფლებაზე დამოკიდებულ მცირემიწიან სოფლის მოსახლეობას მივიჩნევთ. ჩვენთვის სამწუხაროდ, არსებული რეაქციული რეჟიმის სოციალური საყრდენების ჩამონათვალი კიდევ უფრო ფართოა.
კერძოდ, ერთი საუკუნის შემდეგ, ურბანული „მუშათა კლასი“, რომელიც სტრუქტურულად ტრანსფორმირდა და ახლა, თითქმის სრულად, მომსახურების სფეროში დასაქმებულებს მოიცავს, ნაცვლად ადრინდელი ინდუსტრიული მუშაკებისა, ქმნის დიდ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც კულტურულ მარქსიზმზე დაფუძნებული თანამედროვე კრიტიკული თეორია „პრეკარიატს“ უწოდებს. „პრეკარიატი“, მიუხედავად ურბანული განსახლებისა, დიდწილად, პოლიტიკური წარმომადგენლობის მიღმაა და როგორც სოციალური ჯგუფი, რეაქციულ ავტორიტარულ რეჟიმს ვერ ეწინააღმდეგება.
ახლა არსებული ფართო გაგებით, ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები ასევე სრულად ვერ წარმოადგენენ დემოკრატიისთვის ქუჩებში მებრძოლ ფარდობით უმრავლესობასაც, რომელიც ურბანული პრეკარიატის - „ცოდნის მუშაკებისა“ და ბიზნესის ნაწილის და სოფლის მოსახლეობის დემოკრატიულად განწყობილი ნაწილის - ჯერ-ჯერობით ეკლექტური კოალიციაა.
ავტორიტარული, რეაქციული სტატუს-კვოსადმი ერთგული არიან ოლიგარქიული ეკონომიკური ელიტები („მსხვილი ბურჟუაზიის“ დიდი ნაწილი) და საჯარო სამსახურში დასაქმებული რეჟიმის კლიენტების არსებითი ნაწილი. „პრეკარიატის“ მნიშვნელოვანი ნაწილი როგორც ურბანულ ცენტრებში, ისე მის მიღმა, კვლავ პოლიტიკის გარეთ რჩება. მისი რეჟიმზე დამოკიდებულების ხარისხი მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების ცხოვრებისეული გაჭირვების ცენტრალური მიზეზი მოქმედი ავტორიტარული რეჟიმია, მათი რეჟიმის წინააღმდეგ მობილიზაცია ვერ ხერხდება.
შემაჯამებელი მოსაზრებები
ერთი საუკუნის განმავლობაში, უკვე მეორედ, საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციური პროექტი, ანტიდემოკრატიული რეაქციის მხრიდან, სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგას.
საქართველოს საზოგადოებაში, კონსტიტუციური დემოკრატიისთვის მებრძოლ ძალებს გადაუდებლად სჭირდებათ პირველი და მეორე რესპუბლიკის გაკვეთილების გააზრება. თუ ისინი შეძლებენ მესამე რესპუბლიკის დაფუძნებას, ამ რესპუბლიკის ანტიდემოკრატიული რეაქციისგან დასაცავად, საკმარისი ვერ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ტრანსფორმაცია, თუ მას სათანადო სოციალური ტრანსფორმაციაც არ დაემატება.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.