Trump 2.0-ის იდეოლოგიური ჰორიზონტი: პოსტლიბერალური მომენტი?

ილუსტრაცია: Financial Times
შესავალი
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებამ უმალ გააქტიურა ძველი შიშები ამერიკის დემოკრატიის მდგომარეობისა და მომავალი ბედის შესახებ. ამ შიშებს კიდევ უფრო აძლიერებს ტრამპის ადმინისტრაციის ენერგიული და გეგმაზომიერი ნაბიჯები არსებული წესრიგის მთელი რიგი ელემენტების, განსაკუთრებით კი ფედერალური ადმინისტრაციული სახელმწიფოს (ბიუროკრატიის) წინააღმდეგ.
ამ პოლიტიკის გეგმარებითი ნაწილის ყველაზე ფართოდ ცნობილი ვერსიაა კონსერვატორული ტინკტანკის, Heritage Foundation-ის ქოლგის ქვეშ განხორციელებული „პროექტი 2025“. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა საჯარო პოლიტიკის დარგობრივად და სექტორულად ჩაშლილი რეფორმა, რომელიც ავტორთა აზრით უნდა იყოს გზამკვლევი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრაციული სახელმწიფოს (ფედერალური ბიუროკრატიის) მოთვინიერების გზაზე. ავტორთა განზრახვით, ეს გზამკვლევი ასევე უნდა ემსახურებოდეს კონსერვატორული პოზიციების მქონე საჯარო მოხელეების „არმიის“ აღზრდას, რომლებიც დაიკავებენ იდეოლოგიურად მემარცხენე ლიბერალების მიერ გამოთავისუფლებულ ადგილებს საჯარო სამსახურში.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა რამდენჯერმე დააკნინა მისი პროექტ 2025-თან კავშირი, აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მენეჯმენტის ოფისის უფროსად ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რუს ვოუგტი დანიშნა. აღნიშნული ოფისი ფედერალური ბიუროკრატიის მართვის პროცესში პრეზიდენტის დამხმარე საკვანძო სტრუქტურული ერთეულია.
ერთი შეხედვით, პროექტი 2025 აშშ-ს კონსერვატორულ მოძრაობაში აქამდე გავრცელებულ კონსტიტუციურ იდეებს ეფუძნება. კერძოდ, ადმინისტრაციული სახელმწიფოს ლეგიტიმაციის პრობლემის, მისი პრეზიდენტისადმი უფრო მჭიდრო დაქვემდებარებისა და ამით ბიუროკრატიაზე დემოკრატიული კონტროლის აღდგენის იდეები ახალი არაა და ისინი კონსერვტორულ კონსტიტუციურ თეორეტიკოსთა და პოლიტიკოსთა შორის დიდი ხანია პოპულარულია. არც ბიუროკრატიაზე ძლიერი საპრეზიდენტო კონტროლის იდეა არის უცხო. შედარებით ახალია, ბიუროკრატიის იდეოლოგიური ნიშნით გადანიშვნის იდეა, რომელსაც მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ ტრამპის ოპონენტები და კრიტიკოსები, რომლებიც ამ განზრახვას ბიუროკრატიის ლოიალისტებით გადავსების ავტორიტარული მიზნებით ხსნიან.
მათ განგაშს ამძაფრებს ისიც, რომ ტრამპის გარშემო მისი პირველი პრეზიდენტობისგან განსხვავებით, უკვე არის მკაფიოდ იდეოლოგიზებული გარემოცვა, რომელთა შორისაც მოიძებნება მჭიდრო კავშირები ავტორიტარულ იდეოლოგიურ მიმდინარეობებთან ამერიკის საზოგადოებაში.
ამ მორალური პანიკის ზღვარზე მყოფი განგაშის საპირისპიროდ, არსებობს პოზიცია, რომელიც არაფრად აგდებს ტრამპიზმის გავლენას ამერიკულ კონსერვატიზმზე და მის ახლანდელ ადმინისტრაციასაც ტრამპამდელი ამერიკული კონსერვატიზმის შუქზე ხედავს. ეს ორივე პერსპექტივა პრობლემურია და არსებულ რთულ რეალობას სრულყოფილად ვერ გადმოსცემს.
ტრამპამდელი ამერიკული კონსერვატიზმი და მისი ინსტიტუციური პოლიტიკური ფრთა- რესპუბლიკური პარტია, იდეოლოგიურად აგრძელებდა ცივი ომის პერიოდის კოალიციას, რომელშიც შედიოდნენ თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერტარიანელები, ქრისტიანი სოციალური კონსერვატორები და „საგარეო პოლიტიკის ქორებად“ მონათლული ნეოკონსერვატორები.
ამ კოალიციას ცივი ომის დროს ერთმანეთთან ადუღაბებდა ანტიკომუნიზმი და საერთო მტრის ხატი. ცივი ომის შემდგომ დეკადებში, კიდევ უფრო გართულდა ამ შენაკადებს შორის წინააღმდეგობის დაძლევა. „ფუჟენიზმი“, ანუ ამ იდეოლოგიური ელემენტების შერწყმის გამმართლებელი მიდგომა დიდწილად წარსულს ჩაბარდა და დამარცხდა.
ტრამპიზმის პოპულისტურმა ზვირთმა მოანგრია კაშხლის ბეტონის კედელი, რომლითაც ფუჟენიზმის იდეოლოგები კონსერვატიზმის „სიწმინდეს“ იცავდნენ სხვადასხვა „არაწმინდა“ (მაგ. ღიად რასისტული, ან „ნეიტივისტური“ ) შენაკადებისგან.
ამერიკული კონსერვატიზმის ქართველ მომხრეებში ჯერ კიდევ გავრცელებულია ამ უკანასკნელის „ფუჟენისტური“ ხედვა. თუმცა ეს უკვე რეალობას აღარ შეესაბამება. ისევე როგორც რეალობის სულ მცირე გაზვიადებული ხედვაა პანიკა ამერიკული დემოკრატიის შეუქცევადი ჩამოშლისა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შესახებ.
ამ სტატიის მიზანია, მცირედი სინათლე შეიტანოს ამ უკიდურეს პოზიციებს შორის. მიმოიხილოს ამერიკულ კონსერვატიზმზე ტრამპიზმის ფენომენის გავლენა და შეაფასოს, რამდენად დგას ამერიკული დემოკრატია სრულფასოვანი ავტორიტარული იდეოლოგიური ალტერნატივის მიერ მოშლის მყისიერი საფრთხის წინაშე, როგორც ამას მორალური პანიკის გამზიარებელი ხმებისგან ვისმენთ.
ტრამპიზმის ევოლუცია ტრამპის პირველ და მეორე საპრეზიდენტო ვადებს შორის: პოპულისტური მოძრაობიდან იდეოლოგიებამდე
დონალდ ტრამპის მეორე არათანმიმდევრული ვადით არჩევა აშშ-ს პრეზიდენტად, მისი „მეორედ მოსვლა“, სავსე იყო სიმბოლიზმითა და ძლიერი ხატებით - იქნებოდა ეს შეურიგებელი ბრძოლისუნარიანობის სიმბოლოდ, მკვლელობის მცდელობას გადარჩენის მომენტიდან ლამის წამიერად აღმართული მუშტი თუ ნაგვის მანქანაზე ამხედრებული ჩავლა მას შემდეგ, რაც მისი ამომრჩეველი ნაგავს შეადარეს.
ტრამპი, ერთი შეხედვით, პოლიტიკის მოუსავლეთიდან დაბრუნდა ძალაუფლების კვარცხლბეკზე, არა უბრალოდ როგორც გარედან შემოჭრილი ამრევი, როგორიც ის პირველად არჩევის დროს იყო, არამედ როგორც იმ მოძრაობის სიმბოლო, რომელმაც მისგან დამოუკიდებელი სიცოცხლე და შინაარსი შეიძინა და რომელმაც იგი პოლიტიკური სიკვდილის კლინიკური სტადიიდან გამარჯვებული გამოიხსნა.
თუ 2015 წელს საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი მოხერხებულად დახტოდა სისტემური სოციალური უკმაყოფილების ერთი ტალღიდან მეორეზე, 2024 წლის დასაწყისში მას ამ ტალღებისგან დახვდა დიდი ზვირთი, რომელიც მას უხმობდა, რათა ძალაუფლების სიმაღლეზე კიდევ ერთხელ აეტყორცნა. პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდის ტრამპი იყო მეტ-ნაკლებად კლასიკური პოპულისტი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც კარგად გამოსდიოდა ღრმა სოციალური პოლარიზაციის მეორე, გარიყულ ნაპირამდე ხმის მიწვდენა და იმავდროულად, იქაური ხმების შეკრება, გახმოვანება, გაძლიერება.
მისი რიგით მესამე საპრეზიდენტო კამპანიისას, ტრამპიზმი უკვე იყო ფართო სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის შინაარსობრივად ჩამოყალიბებაც დიდწილად სცდება პოპულისტური პოლიტიკური კომუნიკაციის ტრამპისეულ ოსტატობასაც კი. ტრამპიზმი როგორც მოძრაობა არის რეაქციაც, თუმცა რეაქციულობა ამ მოძრაობის მხოლოდ ერთი ასპექტია. ტრამპიზმის ექსკლუზიურად რეაქციის ჭრილში დანახვა ავიწროებს ანალიტიკურ თვალსაწიერს და შეუძლებელს ხდის მის სრულყოფილ აღწერასა და ობიექტურ ანალიზს.
უნდა ითქვას, რომ ეს პერსპექტივა მხოლოდ ტრამპიზმის კრიტიკოსებს არ ეკუთვნით. თავად მოძრაობასთან იდენტიფიცირებულიც ხშირად მეტ ყურადღებას ამახვილებენ სწორედ ლიბერალიზმთან, კერძოდ კი ბოლო დეკადების ამერიკაში ამ იდეოლოგიის დომინანტურ ფორმებთან (პროგრესისტული და იდენტიტარული ლიბერალიზმი, ე.წ. „ვოუქიზმი“) დაპირისპირებაზე.
თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ტრამპიზმის მოძრაობის ქოლგის ქვეშ ასევე გვხვდება ისეთი იდეოლოგიური შენაკადები, რომლებიც ეწინააღმდეგება ეკონომიკური ლიბერალიზმის იმ ფორმებსაც, რომლებიც ტრადიციულად იყო დაკავშირებული ამერიკულ კონსერვატიზმთან რესპუბლიკური პარტიის შიგნით (აქედან მოდის ტრამპის მიერ ტარიფების პოლიტიკის დაბრუნება თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის საპირისპიროდ).
ლიბერალიზმთან გაცხადებული მტრობა ტრამპიზმის სავიზიტო ბარათია. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ტრამპის მეორედ არჩევა არა მხოლოდ მისი მომხრეებისთვის, არამედ მრავალი გარე დამკვირვებლისთვის, ლიბერალიზმის ცივი ომის შემდგომი დომინანტური ვერსი(ებ)ის შეუქცევადი დასასრულის სიმპტომი გახდა.
მაინც, რომელი „ლიბერალიზმის“ თუ „ლიბერალიზმების“ დასრულების სიმპტომი და შემოქმედია ტრამპიზმი? არის თუ არა ტრამპიზმი მხოლოდ პოლემიკური ანტილიბერალიზმი, უფრო ფართო არალიბერალიზმი თუ ამ უკანასკნელის ამერიკული ნაირსახეობა პოსტლიბერალიზმი?
ტრამპის უკანასკნელი კამპანიის საკვანძო მომენტი იყო ვიცე პრეზიდენტად ჯეი დი ვანსის დასახელება. ვანსი თავს სწორედ „პოსტლიბერალად“ წარმოადგენს და ღრმა პიროვნული და საქმიანი კავშირები აქვს იმ იდეოლოგიური შენაკადების ცენტრალურ ფიგურებთან, რომლებიც ამერიკულ პოსტლიბერალიზმს ქმნიან.
თუ ვანსის აღზევებას ტრამპის კარზე სტრუქტურულად ავხსნით როგორც ტრამპიზმის მოძრაობის პოპულისტური „თხელტანიანი“ იდეოლოგიიდან სრულფასოვან „სქელტანიან“ იდეოლოგიად ტრანსფორმაციის მცდელობას, მაშინ ისიც უნდა დავამატოთ, რომ ტრამპიზმს და პოსტლიბერალიზმს სრულფასოვან იდეოლოგიად ჩამოყალიბების გზა ერთად აქვთ გასავლელი.
კერძოდ, პოსტლიბერალიზმი არ არის მკაფიოდ განსაზღვრული იდეოლოგია, რომელსაც შინაგანი თანმიმდევრულობის მეტ-ნაკლები ნიშნულისთვის მაინც აქვს მიღწეული. მისი შენაკადების მთავარი გამაერთიანებელი არის რეაქცია ლიბერალიზმის წინააღმდეგ, თუმცა ამ შენაკადებს შორის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არსებობს და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები აქვთ.
ამერიკული პოსტლიბერალიზმი, როგორც ილიბერალიზმის ნაირსახეობა დიალოგშია მსოფლიოს გარშემო არსებულ სხვა ილიბერალურ იდეოლოგიებთან და პოლიტიკურ მოძრაობებთან, მაგალითად ევროპაში (ორბანი და სხვა ევროპელი არალიბერალები). თუმცა, მათ შორის მთავარი გამაერთიანებელი მაინც რეაქციულობაა. უფრო კონკრეტული შინაარსის დონეზე მათ შორის არსებითი განსხვავებებია, რადგან ისინი რეაქციებია ლიბერალიზმის სხვადასხვა კონტექსტური გამოვლინებების წინააღმდეგ. ორბანის ილიბერალიზმი და ვანსის პოსტლიბერალიზმი ერთსა და იმავე ლიბერალიზმებს არ მტრობს, რაც არ უნდა ეცადონ მათ სტრატეგიული მიზნებისთვის ამ განსხვავებების დაკნინება.
ამერიკული პოსტლიბერალიზმის შიდა წყალგამყოფებს რომ დავუბრუნდეთ - ამის მკაფიო მაგალითია გამყოფი ხაზი, რომელიც შეგვიძლია გავავლოთ პოსტლიბერალიზმის ღიად ავტორიტარულ და დემოკრატიისადმი კრიტიკულ/სკეპტიკურ შენაკადებს შორის. მათ შორის სხვაობა არსებითია. მაგალითად, პოსტლიბერალური პოლიტიკური თეორიის აკადემიური ჩამოყალიბების მცდელობა ეკუთვნის პატრიკ დენენს. ის კრიტიკულია როგორც ლიბერალიზმის ისე დემოკრატიის მიმართ, თუმცა ის არ არის ფართო გაგებით ანტიდემოკრატიული თეორეტიკოსი. მისი მთავარი სამიზნე არსებული რეჟიმის ელიტები არიან, რომელთა ახალი ელიტებით ჩანაცვლება, მისი აზრით შესაძლებელს გახდის დემოკრატიული სისტემის რეფორმასაც.
დენენისგან განსხვავებით, ვანსის მეგობარი კურტის იარვინი გამოკვეთილად ავტორიტარიზმის თეორეტიკოსია. იარვინის თეორია შორსაა მკაფიოდ არტიკულაციისგან ან შინაგანი თანმიმდევრულობსგან, თუმცა მისი მთავარი მტკიცება და მიზანი ცხადია. მისი პოლიტიკური თეორიის ცენტრშია „მონარქი CEO”, რომელიც კლასიკური მონარქისა და თანამედროვე Tech CEO-ს ეკლეკტური ჰიბრიდია. იარვინს სწორედ „მონარქი CEO“-ს ნორმატიული გამართლების, მისი სხვა პოლიტიკურ ფორმებზე აღმატებულად წარმოჩენის მცდელობა აქცევს ავტორიტარულ თეორეტიკოსად.
ეს ორი წარმომადგენლობითი მაგალითი არ ამოწურავს ამერიკული პოსტლიბერალიზმის სრულ ლანდშაფტს. ამ უკანასკნელის ბინადრებს შორის მნიშვნელოვანი და საკმაოდ მწვავე კონკურენციაა იმაზე თუ რომელი მათგანი შეძლებს დომინანტური პოზიციის მოპოვებას ჯერ ტრამპიზმის მოძრაობაში, ხოლო შემდეგ საზოგადოებაში. ამ კონკურენციის შედეგი ასევე განსაზღვრავს ამერიკული იდეოლოგიური დებატის ცენტრის ავტორიტარული იდეებისადმი გადახრის საკითხს, რაც ბევრი გარე დამკვირვებლისა თუ შიდა აქტორისთვის დიდი შეშფოთების საგანია.
ამერიკული პოსტლიბერალიზმის ლანდშაფტის დახასიათება: ტექფუტურისტები, დისიდენტი მემარჯვენეები, კათოლიკე ინტეგრალისტები
ტრამპის ახლო გარემოცვაში ელონ მასკის გამოჩენამ და მისმა დანიშვნამ „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ (DOGE) უფროსად დიდი გამოხმაურება გამოიწვია. 2022 წელს, სოციალური ქსელის ტვიტერის (ამჟამად X) შესყიდვის შემდეგ, მასკი აქტიურად ჩაერთო საჯარო დებატებში და ხშირად იკავებდა პოზიციებს, რომლებიც ფართო გაგებით პოსტლიბერალიზმს მიეკუთნებიან. მასკი ასევე იყენებდა თავის პოზიციას X- ზე მის მიერ მხარდაჭერილი იდეების გაძლიერებისა და უფრო ფართოდ გავრცელებისთვის.
მასკთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის გარშემო მოიყარეს თავი სხვა ტექნოლოგიური/სოციალური მედიის გიგანტების პატრონებმაც, რომლებიც საპატიო ადგილიდან ადევნებდნენ თვალს ტრამპის მეორედ ინაუგურაციას. მათ ინაუგურაციამდე ან შემდეგ გადადგეს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოების მკვეთრი ნაბიჯები: მარკ ზაკერბერგმა გააუქმა მეტა-ს ფაქტების შემოწმების პროგრამა და აღიარა, რომ წინა ადმინისტრაციის მხრიდან ცენზურის ზეწოლას განიცდიდა, რომელსაც ემორჩილებოდა ხოლმე, ჯეფ ბეზოსმა დაბლოკა ვაშინგტონ პოსტის რედაქციის მიერ კამალა ჰარისის მხარდაჭერა, ხოლო ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ეფლი 500 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს თავისი წარმოების ამერიკაში დასაბრუნებლად.
ტრამპის გარემოცვაში მასკისა და დანარჩენი ტექმილიარდერების გამოჩენამდე, ჯერ კიდევ მის პირველ ვადაში, ტრამპთან ახლოს იყოს სილიკონ ველის კიდევ ერთი ფიგურა - პიტერ თიელი. თიელი მნიშვნელოვანი აქტორია ტექ-ფუტურისტების იდეოლოგიურ შენაკადში, რომელიც მასკის ტრანსფორმაციამდე დიდი ხნით ადრე ავითარებდა პოსტლიბერალურ იდეებს. თიელს ასევე მჭიდრო ურთიერთობა აქვს ზემოთ ნახსენებ კურტის იარვინთანაც.
სილიკონ ველის კულტურა უკვე ათწლეულებია ამერიკული მეინსტრიმ კულტურისგან საპირისპიროდ ვითარდებოდა. თუ მეინსტრიმ კულტურაში ეგალიტარული, გათანასწორებისკენ მიდრეკილი იდეები მძლავრობდა, სილიკონ ველიზე იერარქიულობა იყო ცენტრალური. თიელი და სხვა ანტიმეინსტრიმული ენტერპრენერები თავდაპირველად მოხიბლულები იყვნენ აინ რანდის რომანების სამყაროთი და ენტერპრენერით, როგორც „დიდი“, საზოგადოებრივად აღმატებული ადამიანით.
რწმენა სხვათა მიმართ საკუთარ აღმატებულობაზე სილიკონ ველისა და ტექფუტურისტების კულტურის ცენტრალური ელემენტია, რომელმაც თავისი განვითარება და დასაყრდენები ჰპოვა მანამდე მარგინალურად მიიჩნეულ არალიბერალურ და ანტიდემოკრატიულ იდეებსა თუ იდეურ შენაკადებში.
ტექფუტურიზმი რადიკალურად მომავლისკენ მიმართული კულტურულ-იდეოლოგიური წარმონაქმნია. ეს მას განასხვავებს პოსტლიბერალიზმის უფრო „კონსერვატორული“ შენაკადებისგან, რომელთა ნაწილსაც წარსულის სოციალურ-კულტურულ ფორმებში დაბრუნება უნდა. ცხადია ეს მისწრაფება მათ რადიკალურად აპირისპირებს ტექფუტურისტებთან, ვინც თავის მხრივ, ახალი, ტექნოლოგიებზე გადაწყობილი და ტექნოლოგიებით მართული საზოგადოებისა და სოციალურ-პოლიტიკური წესრიგის შექმნას მიელტვიან.
ტექნოლოგიებით მართულ საზოგადოებაში, მმართველთა კლასს ტექნოლოგიების მესაკუთრეები და შემქმნელები შეადგენენ. ეს არის ტექნოლოგიური საზოგადოების ახალი „ბუნებითი იერარქია“, რომელიც სწრაფადვე აუმხედრდა დომინანტური დემოკრატიული კულტურის გამათანაბრებელ მისწრაფებებს. შესაბამისად, ანტიდემოკრატიული სენტიმენტი ტექფუტურიზმის ცენტრალური მამოძრავებელია - ტექნოლოგიური მომავალი დემოკრატიული არ არის.
ამ სოციალურ-პოლიტიკურ წარმოსახვაში, დემოკრატია თავისთავად ნაკლოვანი და ტექნოლოგიურ პროგრესთან შეუთავსებელი ფორმაა. სწორედ ასეთ სააზროვნო სივრცეში ჰპოვებს ბუნებრივ ადგილს იარვინის “CEO მონარქიც“. იარვინსა და ტექის კულტურულ და პოლიტიკურ ეკოსისტემას შორის პერსონალური კავშირიც არსებობს. „ღრმა ვების“ ბლოგოსფეროდან დისიდენტი მემარჯვენეების ინტელექტუალურ ლიდერად ჩამოყალიბებამდე იარვინი კომპიუტერული ინჟინერი იყო.
თუმცა, იარვინზე ასევე ჰქონდა გავლენა ამერიკული ლიბერტარიანიზმის მარგინალურ ფლანგს, კერძოდ ჰანს ჰერმან ჰოპეს და მის წიგნის „დემოკრატია-დამარცხებული ღმერთი“, სადაც ავტორი დემოკრატიის ჩამნაცვლებლად ძალაუფლების განკერძოების - მისი მონარქისთვის გადაცემის იდეას უჭერს მხარს.
არადემოკრატიულ, კორპორაციის მსგავს მმართველობაზე დაფუძნებული მცირე ქალაქ-საზოგადოებების იდეა, ბოლო ათწლეულებია პოპულარულია არა მხოლოდ მემარჯვენე ანარქო-ლიბერტარიანულ მოძრაობებში, არამედ სხვადასხვა ტექნოლოგიურ თუ აქტივისტურ სუბკულტურებში. ამგვარი კორპორაციული მართვის მოდელის შინაგან ავტორიტარულობაზე ხაზგასმა და მისი დემოკრატიის ღირებულ და აღმატებულ ალტერნატივად წარმოჩენა შედარებით ახალია და ამ მხრივ იარვინის წვლილი მნიშვნელოვანია.
არალიბერალურ ან ანტიდემოკრატიულ ტექ-ლიდერებსა და მოაზროვნეებს ხშირად მოიხსენებენ „ოლიგარქებად“ ან „ფეოდალებად“, თუმცა, ამ იდეურ „ეკოსისტემაში“ უფრო ბუნებრივად ძლიერი ლიდერის ფიგურაზე მოწყობილი პოლიტიკური იერარქია თავსდება, ვიდრე კოლექტიური მართვა, თუნდაც უმცირესობის ჯგუფის მიერ.
ამ მხრივ, თვით იარვინის მონარქიც სრულად არ არის დაცლილი დემოკრატიული ელემენტებისგან, რადგან ის პლებისციტური, სახალხო მოწონებით სარგებლობს. „კეისარიზმი“, „ბონაპარტიზმი“, „ბელადის დემოკრატია“ ის ისტორიულად ცნობილი პოლიტიკური ფორმებია, რომლებიც არალიბერალური პოპულიზმის ეპოქაში ახალ სიცოცხლესა და შინაარსს იძენენ.
იარვინისთვის, ისევე როგორც ამერიკელი პოსტლიბერალებისთვის, ამ მხრივ სამაგალითო სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელეა. ბუკელე თავის თავში აერთიანებს როგორც პლებისციტურ ბელადს, რომელიც ავტორიტარულად და ძლიერი მუშტით მართავს, ისე ზემოდან ქვემოთ, ავტორიტარულად განხორციელებულ ტექნოლოგიურ სოციალურ გარდაქმნას.
ავტორიტარული პროგრესიზმის ბუკელესეული ბრენდი არა მხოლოდ ტექფუტურისტებისთვისაა მიმზიდველი. ეფუძნება რა პლებისციტური ბელადის ფიგურას, ეს მოდელი თანაბრად მიმზიდველია როგორც იარვინის მსგავსი ავტორიტარიზმის მომხრეებისთვის (იარვინმა ბუკელეს „მეფეთა სარკის“ ჟანრში დაწერილი რჩევების წერილიც კი უძღვნა) არამედ ნომინალურად დემოკრატიის მომხრე პოსტლიბერალებისთვისაც, ვისთვისაც სახალხოდ არჩეული ბელადის იდეა ასევე მომხიბვლელია.
ტექფუტურისტებს კრიტიკოსები ასევე მოიხსენიებენ როგორც „ტექნოავტორიტარებს“ ან „ტექნოფაშისტებს“. მიუხედავად მათი პოლიტიკური იდეების ნაწილობრივ ავტორიტარულობისა, ჩვენ მაინც მოვერიდებით „ტექნოავტორიტარის“ გამოყენებას, რამდენადაც ეს ცნება უფრო ვიწროა და მხოლოდ ცხადად ავტორიტარული პოლიტიკური ფორმების მომხრეთა დასახასიათებლად გამოდგება.
კიდევ უფრო პრობლემურია ტერმინი „ტექნოფაშიზმი“. ფაშიზმი როგორც ტოტალიტარული პოლიტიკის ფენომენი ძალზედ სპეციფიკური და ადგილობრივ კონტექსტებზე დამოკიდებულია. აკადემიურად გამოკვეთილია ფაშიზმის დამახასიათებელი ნიშნების მთელი წყება, რომელთა ერთობლიობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შეგვიძლია ვისაუბროთ ფაშისტურ პოლიტიკურ რეჟიმზე ან მოძრაობაზე. ფაშიზმის იარლიყს ხშირად მხოლოდ რომელიმე ამ ნიშნის ზედაპირულად დაკვირვების საფუძველზე იყენებენ.
ასეა მოცემულ შემთხვევაშიც, როდესაც ფაშიზმს უწოდებენ ტექნოლოგიური ელიტებისა და სახელმწიფოს შერწყმას იერარქიული საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის შესაქმნელად. საჯარო სფეროში პოლემიკური მიზნებისთვის ამ შედარების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს ნაწილობრივი ახსნა მაინც, თუმცა აკადემიური თვალსაზრისით, ამ ტერმინის გამოყენებისთვის საკმარისი საფუძველი არ გვაქვს.
ტექნოფუტურისტებს კრიტიკოსები ასევე უწოდებენ „აქსელერაციონისტებს“ (მაგალითად, სტივ ბანონი ელონ მასკს „მთავარ აქსელერაციონისტად“ მოიხსენიებს). „აქსელერაციონიზმი“ მარქსიზმის გავლენით შექმნა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ნიკ ლენდმა, რომელმაც თავის დასახასიათებლად შექმნა ე.წ. „ბნელი განმანათლებლობის“ ცნება (Dark Enlightenment), რომელიც გავრცელდა დისიდენტი მემარჯვენეების წარმომადგენლებზეც.
აქსელერაციონიზმი შთაგონებას იღებს მარქსისტულ მტკიცებიდან, რომ თუ კაპიტალიზმის შინაგან წინააღმდეგობებს ხელოვნურად გაამწვავებდნენ, ეს პროლეტარიატის რევოლუციას დააჩქარებდა. ლენდის გავლენით, ტექფუტურისტებისთვის აქსელერაცია გულისხმობს ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარების გზით, არსებული სოციალურ-პოლიტიკური წესრიგის საბოლოოდ მოშლას და ახალი წესრიგის დაფუძნებას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი წესრიგის დაფუძნების რევოლუციური იდეა წინააღმდეგობაში მოდის პოსტლიბერალიზმის სხვა შენაკადებთან, რომელთაც წარსულის კულტურისა და სოციალურ-პოლიტიკური ფორმების დაბრუნება უნდათ და არა რადიკალურად ახლის დაფუძნება.
ამით აიხსნება სტივ ბანონის, დისიდენტი მემარჯვენეების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის წინააღმდეგობა ელონ მასკთან და ტრამპის კარზე ახლად აღზევებულ სხვა ტექმილიარდერებთან.
თავის მხრივ, დისიდენტი მემარჯვენეებიც ეკლექტური ფენომენია, რომელიც მრავალი სხვადასხვა ონლაინ ფიგურისგან შედგება, რომელთანაგან ბევრი ონლაინ ფსევდონიმითაა ცნობილი.
ამ ფიგურებს შორის არიან როგორც აქსელერაციონიზმის მიმდევარი ექსტრემისტები, ისე „თეთრკანიანთა აღმატებულობის“ მიმდევარი რასისტები, ყოფილი რადიკალი მემარცხენეები და იდენტიტარული აქტივისტები, რომლებმაც იდენტობის პოლიტიკის ცნებები და პოლიტიკური სტრატეგიები „მარცხნიდან მარჯვნივ“ შემოიტანეს, ასევე ფართო გაგებით „ქრისტიანი“ აქტორები. ყველა მათგანი საკმარისად გავლენიანი და მეტ-ნაკლებად სისტემურად არტიკულირებული არ არის, რომ იდეოლოგებად ჩაითვალონ.
თუმცა იარვინის გარდა, სულ მცირე ორი ფიგურა - ჩარლზ ჰეივუდი და პროვოკაციული პერფორმანს არტისტი „ბრინჯაოს ხანის პერვერტი“ (Bronze Age Pervert)- აღწევს არტიკულაციისა და სისტემურობის მეტ-ნაკლებ ნიშნულს, საიდანაც შესაძლებელია იდეოლოგიური შინაარსის მკაფიოდ გამოყოფა.
იარვინის მსგავსად, დისიდენტი მემარჯვენეების ეს აქტორები ავტორიტარული იდეების ღიად მხარდამჭერები არიან. ჰეივუდის იდეები განსაკუთრებით ღიად ეყრდნობა „კეისარიზმის“ იდეებს და უფრო ადვილად თავსდება დემოკრატიულ ფორმებთან ვიდრე იარვინის „მონარქიზმი“. „ბრინჯაოს ხანის პერვერტი“ ყველაზე არასისტემური და თეორიულად დაუხვეწავია. მისი ავტორიტარული იდეალები არავითარ განსაზღვრულ თეორიულ ჩარჩოს არ ეფუძნება.
დისიდენტური მემარჯვენეობის ექსკლუზიურად ონლაინ კულტურაში ხშირია შიდა ბრძოლები და სქიზმები. ერთ-ერთი ასეთი სქიზმის ცენტრში იყო სოჰრაბ ამარი, რომელიც უფრო „ქრისტიანულ“ პოზიციებს იცავდა დისიდენტი მემარჯვენეების უფრო სეკულარულ-ფილოსოფიურ შენაკადებთან. პერიოდულად ამავე კულტურის შიგნით ჩნდება მოწოდებები „ერთიანობის“ აუცილებლობის შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
დისიდენტი მემარჯვენეების „ქრისტიანული“ შენაკადისგან განსხვავდებიან კიდევ ერთი პოსტლიბერალური ტომი, რომლებსაც ღიად რელიგიური დღის წესრიგი აქვთ. ესენი არიან ძირითადად კათოლიკე ავტორები, მათგან ზოგი აღიარებული აკადემიკოსი მაგალითად ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორი ადრიან ვერმეულე, რომლებიც მიეკუთვნებიან კათოლიკე ინტეგრალისტების ჯგუფს.
ისინი ხელახლა აცოცხლებენ ინტეგრალიზმის პოლიტიკურ ტრადიციას კათოლიციზმში და ცდილობენ მის მორგებას ამერიკის პოლიტიკურ კულტურასა და კონსტიტუციურ სისტემაზე. ინტეგრალისტების მთავარი პოლიტიკური თეორიაა „საჯარო სიკეთეზე“ დაფუძნებული მმართველობა. მათი აზრით, ამერიკულ კონტექსტში ასეთი ტიპის მმართველობას ყველაზე უკეთესად სახალხო მანდატის მქონე ძლიერი პრეზიდენტი განახორციელებს, რომელსაც თავის მხრივ, მჭიდრო კონტროლი ექნება ფედერალურ ბიუროკრატიაზე. მკითხველი შეამჩნევდა ამ თეორიული ხაზის თანხვედრას პროექტ 2025-თან და ტრამპიზმის ბევრი აქტორის იდეოლოგიასა და პრაქტიკასთანაც.
სრულყოფილი ანტიდემოკრატიული/ავტორიტარული ალტერნატივა?
როგორც გამოვარკვიეთ, ტრამპის მეორე ადმინისტრაციის იდეოლოგიური შემადგენლობა გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე წინა ადმინისტრაციისა. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ცივი ომის პერიოდისა და მისი შემდგომი კონსერვატორული კოალიციებისგან. მასში წარმოდგენილია იდეოლოგიური შენაკადები, რომლებიც ცდილობენ სისტემურად აირეკლონ ტრამპიზმის მოძრაობის მთავარი სენტიმენტი-იმედგაცრუება არსებული ლიბერალურ-დემოკრატიული სოციალურ-პოლიტიკური წესრიგით და მისი დადანაშაულება თანამედროვე ამერიკული საზოგადოების მთავარი პრობლემების გამოწვევაში.
მიუხედავად პოსტლიბერალიზმად წოდებულ ამ იდეოლოგიურ კოქტეილში დემოკრატიისადმი სკეპტიკური და ღიად ავტორიტარიზმის მხარდამჭერი შენაკადების არსებობისა, ისინი ჯერჯერობით ურთიერთწინააღმდეგობრივი, არათანმიმდევრულად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პოზიციებია. ამ პოზიციების ცალკეული ელემენტები შესაძლოა გვხვდებოდეს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკებში, თუმცა პოსტლიბერალური რევოლუციით არსებული წესრიგის ავტორიტარული ალტერნატივით ჩანაცვლების მკაფიო და შინაგანად თანმიმდევრული იდეოლოგიური საფუძველი და პოლიტიკური პროგრამა ცხადად არსად იკვეთება.
ეს თავის მხრივ არ გამორიცხავს აშშ-ში დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესებას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივებში, თუმცა ავტორიტარული ამერიკის მკაფიო და შინაგანად თანმიმდევრული იდეოლოგიური და პოლიტიკური პროგრამა ამ მდგომარეობით მხოლოდ ჩამოყალიბების სტადიაზეა. ამ მხრივ, შეცდომაში შემყვანია ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიანი პირების სიახლოვე ავტორიტარულ იდეოლოგიურ აქტორებთან ამერიკული პოსტლიბერალიზმის ლანდშაფტში.
ამრიგად, ტრამპი 2.0. პოსტლიბერალური მომენტია მხოლოდ შეზღუდული გაგებით, კერძოდ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მანამდე მარგინალური იდეების ეს დაჯგუფებები საზოგადოებრივი და პოლიტიკური დებატების მეინსტრიმში შემოვიდა და დამკვიდრდა. პოსტლიბერალური მომენტი ამ იდეოლოგიის შეუქცევადი გამარჯვების მნიშვნელობით ჯერ კიდევ არ დამდგარა და მის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვები და ეჭვები რჩება.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.