"ქართული ოცნების" დამაზიანებელი პოლიტიკა - საფრთხე დეოკუპაციის სტრატეგიისთვის

შესავალი
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ინტერესია, რაც, პირველ რიგში, კონსტიტუციასა და შემდგომ, ყველა სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტშია გამოხატული. მაგალითად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ქვეყნის რიგით პირველი ეროვნული ინტერესი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა, უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებაში კი პირველ ადგილს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იკავებს. ანალოგიურად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, ქვეყნის უმთავრესი გაცხადებული მიზანია სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
2008 წლიდან საქართველომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკა ჩამოაყალიბა. 2010 წლიდან კი, არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, მთავარ მიდგომას წარმოადგენს „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“. 2018 წელს ჩართულობის სტრატეგიას დაემატა ახალი იურიდიული და საკანონმდებლო პაკეტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
„ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, პარტიის ერთ-ერთი ამოცანაა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუმცა მათ მიერ გატარებული პოლიტიკა არათუ ხელს უწყობს ამ მიზნის შესრულებას, არამედ, პირიქით, ეწინააღმდეგება მას. კერძოდ, (1) აგვისტოს ომთან დაკავშირებული დისკუსია და ომის მიზეზების გადახედვა „დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ფარგლებში, რაც, ერთმნიშვნელოვნად, ისტორიის გადაწერის მცდელობად უნდა შეფასდეს; (2) ანტიდასავლური პოლიტიკა და ევროკავშირისკენ აღებული კურსის შეჩერება; (3) რუსეთის ნარატივებთან თანხვედრა და მისი ორბიტისკენ შებრუნება აზიანებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, ამცირებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ალბათობას და საბოლოოდ, აფერხებს საქართველოს გაცხადებული მიზნის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - განხორციელებას.
წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას „ქართული ოცნების“ რიტორიკამ, პოლიტიკურმა ნაბიჯებმა და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპაციის საკითხის ირგვლივ არსებული ყველა პროექტი თუ ინიციატივა, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საჯარო არ არის, მოცემულ სტატიაში გამოთქმული დასკვნები და ვარაუდები ეყრდნობა იმ დოკუმენტებს, სახელმწიფო ანგარიშებს, ოფიციალური პირების განცხადებებსა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია.
რუსეთის მზარდი გავლენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
2008 წლის აგვისტოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა ამ რეგიონებში თავისი გავლენა სისტემატურად გააძლიერა, რითაც, ფაქტობრივად, აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის სამართლებრივ, ფინანსურ, პოლიტიკურ და სხვა სივრცეებში ინტეგრირდა. 2008 წლის 17 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთმა გააფორმეს ხელშეკრულება „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულებით, რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ბაზების განლაგების უფლება მიეცა. გარდა უსაფრთხოების პუნქტისა, ხელშეკრულებაში ასევე საუბარია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და რუსეთის მიერ ფინანსური დახმარების შესახებ.
2009 წლის 30 აპრილს რუსეთმა და აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა გააფორმეს „აფხაზეთის სახელმწიფოს საზღვრის ერთობლივი ძალებით დაცვის შესახებ ხელშეკრულება“, რომლის თანახმადაც, აფხაზური მხარის საზღვრის დაცვის ორგანოების ჩამოყალიბებამდე, ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრის კონტროლი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა. 2010 წლის 16 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის „საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულება გაფორმდა. 2014 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის შეთავაზებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდა. ტექსტის თანახმად, რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის მიზნით, უნდა განხორციელებულიყო საკანონმდებლო ცვლილებები საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. დოკუმენტში საუბარი იყო საერთო ეკონომიკური და საბაჟო სივრცის შექმნის შესახებაც. აღნიშნული დოკუმენტით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტი.
2020 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციამ და ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 2014 წლის პროექტის საფუძველზე, დაამტკიცეს პროგრამა „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან. აღნიშნული ქმედება შეიძლება პირდაპირ ჩაითვალოს აფხაზეთის ფაქტობრივ ანექსიად.
2014 წლის პროექტის მსგავსი შეთანხმება გაფორმდა 2015 წელს რუსეთსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის - „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმება გულისხმობდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების ცალკეული შენაერთების შესვლას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების შემადგენლობაში.“ პროექტი ასევე ითვალისწინებდა სეპარატისტული რეგიონის საბაჟო სტრუქტურის „ინტეგრაციას“ რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურთან, სეპარატისტული რეჟიმის საჯარო მოხელეების ხელფასის ანაზღაურებას რუსეთის ბიუჯეტიდან და საკანონმდებლო ჩარჩოების დაახლოებას.
რუსეთთან ინტეგრაციის ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკაა „პასპორტიზაცია,“ რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესს უმარტივებს. რუსეთთან ინტეგრაციის ბოლოდროინდელი მაგალითებია რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმება, ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ ხელშეკრულება, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა და სოხუმის იმ აეროპორტის ამოქმედება, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დახურულია, პარალელურად, რუსეთი საქართველოსთან, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას ატარებს, აღმართავს ღობეებსა და მავთულხლართებს, რომელთა მეშვეობითაც, დე ფაქტო საზღვარი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის შიგნით შეაქვს. ამით რუსეთი ე.წ. სასაზღვრო რეგიონებში თავის პოზიციებს ამყარებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, როგორიცაა EUMM, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას უზღუდავს.
ცალსახაა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის გავლენის ამგვარი გაზრდა საფრთხის ქვეშ აყენებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. თუმცა „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი პოლიტიკა არათუ ანეიტრალებს აღნიშნულ საფრთხეებს, არამედ, პირიქით, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. პრაქტიკულად, რუსეთმა უკვე მოახდინა საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსია და ისინი თავისი სივრცის ნაწილად აქცია.
არაღიარების პოლიტიკა და „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“
2008 წლიდან დღემდე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია. არაღიარების პოლიტიკა ეფუძნება ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობებისა და პარტნიორობის გაღრმავებას, თანამშრომლობის პრინციპს კი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან. ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, რუსეთის გარდა, მხოლოდ ოთხი სახელმწიფო აღიარებს: სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ვანუატუმ, 2014 წელს კი ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღეს. ამასთან, „დომინოს საერთაშორისო ფედერაცია“ ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას ცნობს, სხვა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ინსტიტუტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს. 2025 წლის ივნისში გაერომ კვლავ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების შინ დაბრუნების უფლება. აღნიშნული კენჭისყრა საინტერესო იყო იმით, რომ რეზოლუციის (რომელსაც საქართველო გაეროში 2008 წლიდან წარადგენს) მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია, მოწინააღმდეგეებს კი გამოაკლდა სირია, რომელმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
2010 წლიდან საქართველოში მოქმედებს „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა თანამშრომლობის გზით.“ 2018 წელს ჩართულობის სტრატეგიას ახალი იურიდიული და საკანონმდებლო პაკეტი - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - დაემატა.
პაკეტის პირველი მიმართულებაა ვაჭრობის წამახალისებელი ინიციატივა. სტრატეგიის თანახმად, ის მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რომელთა შორისაა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისი ეკონომიკური სივრცის არსებობა, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესება, გამარტივებული სავაჭრო ოპერაციები და ფინანსური და საკანონმდებლო ინსტრუმენტების შემუშავება. 2018 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის,“ რომელიც გულისხმობს სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას გამყოფი ხაზის გასწვრივ. როგორც ჩანს, აღნიშნული კონკურსი მხოლოდ 2019 წელს გაიმართა, რადგან მინისტრის აპარატის მიერ მომდევნო წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებში ის ნახსენები არაა. 2019 წელს შეიქმნა მეორე ფინანსური ინსტრუმენტი - „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, ფონდს გერმანიის, შვეიცარიის და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფოები აფინანსებდნენ, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონებიდან გამომდინარე, ფონდის დაფინანსება შეფერხებულია.
სტრატეგიის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მეორე სამშვიდობო ინიციატივაა „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარება.“ სამშვიდობო ინიციატივის საგანმანათლებლო მიმართულების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ამოქმედდა სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა. 2020-იდან 2024 წლამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან უგამოცდოდ, ყოველწლიურად, საშუალოდ 200 სტუდენტი ირიცხება. ამასთან, გრძელდება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ე.წ. „1+4“ პროგრამა. ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა მეტწილად წარმატებით სრულდება.
სტრატეგიის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მესამე ინიციატივაა სხვადასხვა სახელმწიფო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის. 2019 წელს დასრულდა ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომლებიც საჭირო იყო სტრატეგიის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განსახორციელებლად. ცვლილებების შედეგად, ამოქმედდა სამშვიდობო ინიციატივის ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა პირადი ნომრით სტატუსნეიტრალური რეგისტრაცია, სპეციალური საწარმოს სტატუსით სარგებლობა, საგადასახადო შეღავათებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მიღება. სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, სოფელ რუხში შეიქმნა ბაზრობა, იუსტიციის სახლი და საავადმყოფო. ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსულ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ჩაერთოს ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაში და მიიღოს სერვისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ხუთ ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, იმ შემთხვევაშიც, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მომსახურება უსასყიდლოა და მოიცავს გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს, ტრანსპორტირების სერვისის კოორდინაციასაც. ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ გამოიწვია.
საერთაშორისო სამშვიდობო პროცესები
2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით, საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო წარმომადგენლობები. შეხვედრებში ჩართულია აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. ამ ფორმატში ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსითაა წარმოდგენილი. მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს. ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, როგორებიცაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა რუსეთსა და საქართველოს შორის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა; მეორე ჯგუფი კი მუშაობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და სხვა ჰუმანიტარულ პრობლემებზე, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორებიცაა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და ა.შ.
ჟენევის მოლაპარაკებები თავდაპირველად შედარებით უფრო შედეგიანი იყო, ვიდრე ბოლო რამდენიმე წელს. მაგალითად, 2009 წლის თებერვალში, მეოთხე რაუნდზე, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ. IPRM-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები. IPRM-ის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი. ცხინვალში IPRM შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი, 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ, IPRM-ის შეხვედრები დროებით შეწყვეტილია. 27 ივნისს რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა მოლაპარაკებები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო დატოვეს.
2025 წლის 25–26 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი, რომელიც, წინა წლებში გამართული რამდენიმე შეხვედრის მსგავსად, ხელშესახები შედეგით არ დასრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს, ჩვეულებრივ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების საკითხის განხილვამდე ტოვებენ. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი აქვს, ეს არ არის სამშვიდობო ფორმატი - მოლაპარაკებები არ ეხება ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს ან კონფლიქტის მოგვარების საკითხებს.
ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც 2008 წლის 15 სექტემბრიდან მოქმედებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა (EUMM). მისია 24-საათიან პატრულირებას ახორციელებს. მისი მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც ხელს უწყობს რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას. მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები დღემდე უარს ამბობენ, რომ თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლების შესვლის შესაძლებლობა უზრუნველყონ.
როგორ აყენებს საფრთხეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა
არაღიარების პოლიტიკის შემუშავების დღიდან, მისი მთავარი ინსტრუმენტები იყო: (1) საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი პოზიცია, რომლის თანახმადაც, რუსეთი - აგრესორი, საქართველო კი ოკუპაციის მსხვერპლია, (2) ორმხრივი დიპლომატია და ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ემყარება და (3) ძლიერი, ანგარიშგასაწევი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაში. „ქართული ოცნების“ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის პირობებში, სამივე ინსტრუმენტი ქრება, რაც, თავის მხრივ, აზიანებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, ამცირებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ალბათობას და საბოლოო ჯამში, აფერხებს საქართველოს გაცხადებული მიზნის განხორციელებას - აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.
„ქართულ ოცნებას“ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დღის წესრიგში სერიოზულ საკითხად და პრიორიტეტად არასდროს დაუყენებია
საინტერესოა, თუ როგორ გამოიყურება საზოგადოების აღქმა ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ და რა აკავშირებს მასთან „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის პრიორიტეტებს.
ბუნებრივია, რომ 2008 წელს, ქართველი მოსახლეობის უმეტესობისთვის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევებში მოწინავე ადგილს იკავებდა. თუმცა აღნიშნული ტენდენცია თანდათანობით მცირდებოდა და ბოლო მონაცემებით, გამოწვევებში უკანა ფონზე გადაინაცვლა.
პირველ რიგში, იმ ადამიანთა რაოდენობის შემცირება, რომლებიც, გამოწვევებს შორის, ოკუპაციის საკითხს ნაკლებად ასახელებენ, შეიძლება განპირობებული იყოს დროის ფაქტორით. ე.წ. გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გაჩნდა თაობები, რომლებიც არათუ 1992-1993 წლების ომს, არამედ 2008 წლის ომსაც არ მოსწრებიან. სავარაუდოა, რომ საკითხი მნიშვნელოვნად აღარ აღიქმება, რადგან ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა პრობლემები უფრო მწვავედ დადგა. საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ რესპონდენტები სამ მთავარ პრობლემად ყველაზე ხშირად ასახელებენ ფასების ზრდას, სიღარიბესა და სამუშაო ადგილების სიმცირეს, რაც, ბუნებრივია, ოკუპაციის თემას უკანა ფონზე სწევს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი არის საკითხის მიმართ პოლიტიკოსთა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ინდიფერენტული დამოკიდებულება. საკითხის აქტუალიზაცია და მისთვის მნიშვნელობის მინიჭება ან ქვემოდან ზემოთ - საზოგადოებრივი ნარატივებიდან პოლიტიკურ ნარატივებში უნდა „გადაიღვაროს,“ ან ზემოდან ქვემოთ - საზოგადოებისთვის ნარატივი პოლიტიკოსებმა/გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა შექმნან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დღის წესრიგიდან, დიდი ხანია, ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წესდებასა და საარჩევნო პროგრამებში გვხვდება პუნქტები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, პრაქტიკაში მისი პრიორიტეტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები არასოდეს ყოფილა. დეოკუპაციის საკითხს, ძირითადად, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის და ოპონენტების „გასაშავებლად“ იყენებდა. მაგალითისთვის, 2024 წლის 14 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილმა გორში, წინასაარჩევნო კამპანიისას, განაცხადა:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
აღნიშნულ განცხადებას დადებითად შეხვდნენ ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის ლიდერები. ისინი მიესალმნენ ქართული მხარის ბოდიშს და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმასაც ელოდებოდნენ. შემრიგებლურ განცხადებებზე, რომლებიც საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა გააკეთეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა ჟენევის 63-ე მოლაპარაკებებზეც.
შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებში ოკუპირებული ტერიტორიების თემა მანიპულაციის საშუალებად გამოიყენებოდა. მათი მტკიცებით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არსებობდა დიდი მოლოდინი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების შესახებ, რასაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები დასჭირდებოდა. „ქართული ოცნების“ გზავნილს ოკუპანტებმა უმალვე უპასუხეს, რომ „ბოდიშს“ სიამოვნებით დაელოდებიან, თუმცა კატეგორიულად გამორიცხეს 2008 წლის გადაწყვეტილებების გადახედვა. მმართველი გუნდი ოკუპანტების განცხადებას უგულებელყოფდა და ამტკიცებდა, რომ ეს პროცესი რეალურია და თუ ვინმეს განზრახული აქვს მისი შეფერხება, ეს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობაა.“ აღწერილი მაგალითები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო პოლიტიკა ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკასა და ჩართულობის სტრატეგიებს.
„ქართული ოცნება“ საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობას აფუჭებს
გამომდინარე იქიდან, რომ არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო პარტნიორებთან ჯანსაღ ურთიერთობაზე დგას, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის მის სწორად განხორციელებას. ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოხსენიება გლობალური ომის პარტიად, საქართველოს მტრებად და დესტაბილიზაციის კამპანიის აგენტებად, თანხვედრილია კრემლის ნარატივებთან და სარგებლის მომტანია მხოლოდ ოკუპანტი ძალისათვის. ანტიდასავლურ რიტორიკასთან ერთად, საგანგაშოა „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონები და მათი გავლენა საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობაზე. 2024 წელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია ოპონენტების კომენტარმა იმის შესახებ, წარმოადგენს, თუ - არა „აგენტების კანონით“ გამოწვეული საერთაშორისო იზოლაცია საფრთხეს არაღიარების პოლიტიკისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
„როდესაც ჩვენ არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი. აქ არავისგან არაფერი არც დასამადლებელი და არც დასაშანტაჟებელი არ გვაქვს ... თურმე რაღაცაზეა დამოკიდებული, რომ ქვეყნებმა საერთაშორისო სამართალს პატივი სცენ… [თურმე] უპირატესობა და პრიმატი საერთაშორისო სამართალს კი არ აქვს და ვიღაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმიტომ კი არ უჭერს მხარს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, არამედ შეიძლება იმიტომ უჭერდეს, ან არ უჭერდეს, რამდენად ეკომფორტულება მას ესა თუ ის მთავრობა და ამა თუ იმ მთავრობის პოლიტიკა“.
ის, რომ არაღიარება ნამდვილად პოლიტიკაა, საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტებშიც დასტურდება. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები არაღიარების პოლიტიკის შესახებ. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე 2024 წლის 2 თებერვალს აცხადებდა: „საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება.“ სამხარაძემ ისიც ახსენა, რომ არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა ევროკავშირთან ერთად „ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირის დახმარების მიმღები ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პრევენციას.“ 2025 წლის აპრილში კი სამხარაძემ განაცხადა, რომ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეასაც, დიდწილად, არაღიარების პოლიტიკის გამტკიცებისთვის იყენებენ და აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს აღნიშნული პოლიტიკის გასამტკიცებლად ხვდებიან.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან აშშ-ის ასიგნებების აქტები ხაზგასმით კრძალავს შეერთებული შტატების მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. საქართველოს მთავრობა მაშინ ამ გადაწყვეტილებას აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ დიდ მიღწევად აფასებდა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ არაღიარება არა - პოლიტიკა, არამედ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საკითხია, მათსავე პოზიციას ეწინააღმდეგება.
ამასთან, დიმიტრი ცქიტიშვილმა, რომელიც 2016-იდან 2019 წლამდე პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის აღიარების კამპანიასთან დაპირისპირება იყო ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დიპლომატიური სამსახურების, გაეროში საქართველოს წარმომადგენლობისა და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევით ხორციელდებოდა, რათა „ცალკეულ ქვეყნებთან ვითარება სადავეებიდან არ გაგვქცეოდა.“ ცქიტიშვილმა ასევე გაიხსენა კონკრეტული მაგალითი, როდესაც, საფრანგეთისა და გერმანიის ჩართულობით, ბურკინა-ფასომ სოხუმთან „ოფიციალური“ ურთიერთობის დამყარებაზე უარი თქვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურად აღარ მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში. 2025 წლის 29 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღების პასუხად, PACE-ში მონაწილეობაზე უარი თქვა. ევროსაბჭოს დღის წესრიგში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არაერთხელ დაუყენებიათ. ამის შანსი კი, PACE-ს დატოვების შემდეგ, გაცილებით შემცირდა.
ასევე საინტერესოა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები,“ რომელშიც საქართველოს შესახებ რამდენიმე პუნქტია წარმოდგენილი. ეუთო დოკუმენტში აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთან, მოუწოდებს სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციას, მის შესახებ კრიტიკული ჩანაწერებისა და ახალი არჩევნების მოწოდების გამო, მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნების“ ეს ქმედება არის პარტიული ინტერესების ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დაყენების აშკარა გამოხატულება, რაც არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას ხელს უშლის.
ამასთან, აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ სირიის ახალ მთავრობასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევის საკითხზე აქტიურად არ მუშაობს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციით გამოწვეულ კრიზისს, რის შემდეგად, არაერთმა გამოცდილმა თანამშრომელმა თუ დიპლომატმა თანამდებობა ან დატოვა, ან გაათავისუფლეს. აღნიშნული „რეორგანიზაცია“ ამცირებს შანსებს, რომ საქართველომ ორმხრივი ურთიერთობების დამყარებაში წარმატებას მიაღწიოს, რაც, თავის მხრივ, არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.
„ქართული ოცნება“ ასუსტებს საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი პოზიციებს აგვისტოს ომის შესახებ
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას ყოველთვის მყარი პოზიცია ჰქონდა - რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, რომლებიც რუსეთს დღემდე უკანონოდ აქვს ოკუპირებული. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის თანახმად, საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, „ქართული ოცნება“ ისტორიის გადაწერას ცდილობს - შიდაპოლიტიკური მიზნების გამო, ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და როგორც უკვე აღინიშნა, აგვისტოს ომის წამოწყებისთვის, ბოდიშის მოხდის სურვილსაც გამოთქვამს.
2023 წელს ირაკლი კობახიძემ ომის დაწყებაში ქართული მხარე პირდაპირ დაადანაშაულა: „ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილმა დაიწყო ომი და ამას პასუხად მოჰყვა 8 აგვისტოს რუსეთის რეაქცია“. რეალურად, ევროსაბჭოს რეზოლუციაში საერთოდ არაა საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. მიუხედავად ამისა, რეზოლუცია არაერთხელ გამხდარა მანიპულაციისა და დეზინფორმაციის საფუძველი. 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ დაპირებად აქცია „ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის“ გასამართლება. მისი თქმით „ამ ადამიანებმა 2008 წელს გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს.“
2025 წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამ“ ომთან დაკავშირებული რიტორიკა პრაქტიკულ საქმიანობად აქცია და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა. კომისიის ერთ-ერთ მთავარ მანდატად განისაზღვრა „2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარების“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების“ გამოძიება. თეა წულუკიანმა, აღნიშნული თემის განხილვისას, არაერთხელ გააჟღერა მტკიცება, რომ ომი რუსეთს არ დაუწყია. მაგალითისთვის, მისი თქმით, „თუკი ომს იწყებ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი ნაბიჯი არ უნდა გადადგა ისეთი, რაც დანაკარგს მოიტანს გაუმართლებელს და ჯარისკაცსაც გაწირავს და მოქალაქესაც.“ „ქართული ოცნება“ თავის პოზიციას იმით ამართლებს, რომ ომის დაწყებაში არა საქართველოს და ქართულ სამხედროებს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. თუმცა საკითხის ასე დასმა, როდესაც საქმე ორ ქვეყანას შორის ომს ეხება, ცალსახად არასწორია. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ომის დაწყებაში ქართველ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს, ავტომატურად არიდებს რუსეთს პასუხისმგებლობას.
ამრიგად, „ქართული ოცნების“ რიტორიკა და აგვისტოს ომის დაწყების გამოსაძიებლად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, პირდაპირ ეწინააღმდეგება არაღიარების პოლიტიკას და ძირს უთხრის იმ სამართლებრივ და სამართლიან არგუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აგვისტოს ომი რუსეთის სამხედრო აგრესიას მოჰყვა.
„ქართული ოცნება“ ჩართულობის სტრატეგიას ფინანსურ რესურსებს უქრობს
ჩართულობის სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების ირგვლივ განვითარებულ პროექტებს, უპირატესად, ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აფინანსებდნენ. თუმცა ევროკავშირთან დაშორება, ანტიდასავლური პოლიტიკა და რეპრესიული კანონები პირდაპირ აისახება ისეთ დაფინანსებასა და იმ ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებს შორის მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობენ.
უცხოური აგენტების გამჭვირვალობისა და გრანტების შესახებ მიღებული ახალი კანონები ორგანიზაციებს არა მხოლოდ ურთულებს მუშაობას, არამედ ზოგიერთ მათგანს დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს. მაგალითისთვის, 2024 წლის აპრილში სამოქალაქო პლატფორმამ „მშვიდობისთვის,“ რომელიც მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ექსპერტებს აერთიანებს, გამოაქვეყნა განცხადება, რომელითაც ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირება დაგმო. პლატფორმის თანახმად, „მის წევრ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენაში. ასევე, გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების საქმეში, რაც არა - უცხო ძალის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხისა და სამშვიდობო პოლიტიკის ინტერესებს ემსახურება.“ 2024 წლის ნოემბერში პლატფორმამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დააყენებდა. პლატფორმამ კიდევ ერთხელ შეახსენა „ქართულ ოცნებას,“ რომ საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებული პროცესი წარმოადგენდა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მთავარ ღერძს - 2018 წელს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ თანახმად, „საქართველოს მთავრობის მიზანია, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი, მათ შორის, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთ გაუზიაროს.“
ამრიგად, უკანასკნელ პერიოდში, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს გამყოფი ხაზებით დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივას. მეტიც, რეპრესიული კანონები ორგანიზაციებს ავალდებულებს, გასცენ ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ, რაც, ერთი მხრივ, არღვევს მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლებას, მეორე მხრივ კი, საფრთხის წინაშე აყენებს მათ მიერ გამოხატულ ნდობასა და პირად უსაფრთხოებას. ასეთ პირობებში, მოქალაქეები, პრაქტიკულად ვეღარ შეძლებენ, ისარგებლონ ორგანიზაციების მიერ აქამდე შეთავაზებული მომსახურებით.
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები პრიორიტეტად აცხადებს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობიანი დეოკუპაციის უზრუნველყოფას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მმართველი პარტიის ქმედებები ამ მიზნებს ეწინააღმდეგება.
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, საჭიროა რამდენიმე ელემენტის ერთობლივად არსებობა. პირველ რიგში, აუცილებელია ძლიერი სახელმწიფო, როგორც სოციო-ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების კუთხით. ამის მიღწევა ევროკავშირის წევრობის გარეშე, მოცემულ გეოპოლიტიკურ პირობებში, შეუძლებელია. საქართველომ უნდა შეძლოს და აფხაზებსა და ოსებს შეუქმნას სტიმული, გადახედონ თავიანთ მიდგომებს და მოინდომონ საქართველოსთან დაახლოება, მეტი სარგებლის მიღების მიზნით. „ქართული ოცნების“ არსებული პოლიტიკა კი ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას აღნიშნულ სტიმულებს ვერ სთავაზობს და ამ მიმართულებით, რუსეთს კონკურენციას არ უწევს. მეტიც, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა იწვევს ევროკავშირის დისკრედიტაციას აფხაზებისა და ოსების თვალში. იზრდება ე.წ. საზღვრის მიღმა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უნდობლობა ქართული მხარისადმი. „ქართული ოცნების“ მიერ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება მეორე ფრონტის გახსნაში, რეალურად, აფხაზებსა და ოსებში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შიშს აჩენს.
„ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მსჯელობა, ანტიდასავლური პოზიცია და რუსულ ნარატივებთან თანხვედრა, ძირს უთხრის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ეს მიდგომა ამცირებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ალბათობას და საბოლოოდ აფერხებს საქართველოს მთავარ მიზანს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
რუსეთის გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა 2008 წლის შემდეგ, რაც გამოიხატა სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციით, „პასპორტიზაციის“ პოლიტიკით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას რუსულ სისტემასთან აკავშირებს, „ბორდერიზაციის“ მცდელობებით, რაც აფართოებს დე ფაქტო საზღვრებს და ზღუდავს საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM), წვდომას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი პოლიტიკა არათუ ვერ აკონტროლებს ამ საფრთხეებს, არამედ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს.
არაღიარების პოლიტიკისადმი ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედაავად, „ქართული ოცნების“ რიტორიკა და ქმედებები ხელს უშლის მის წარმატებულ განხორციელებას. ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას საერთაშორისო ორგანიზაციები არ ცნობენ და რუსეთის გარდა, მხოლოდ ოთხი სახელმწიფო (სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ) აღიარებს, მაგრამ იზოლაციონისტური პოლიტიკა ამ საერთაშორისო დიპლომატიურ წარმატებას ასუსტებს.
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ჩართულობის სტრატეგიას, რომელიც 2018 წელს დაიწყო, მეტწილად წარმატებული შედეგები აქვს. ამ სტრატეგიით, შესამჩნევი პროგრესია (1) საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებაში - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ასობით აბიტურიენტი ყოველწლიურად ირიცხება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე (2) გაუმჯობესებულია სახელმწიფო სერვისებზე წვდომა, მათ შორის, ჯანდაცვისა და მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურების კუთხით. თუმცა გამყოფ ხაზებზე მცხოვრებ მოსახლეობას უკვე დაბრკოლებები შეექმნა, რადგან „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ და ჩართულობის სხვა ინიციატივები, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონების გამო, დაფინანსების შეფერხებებს განიცდის.
გარდა ამისა, საერთაშორისო სამშვიდობო პროცესებმა, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რეალური შედეგები, უკვე რამდენიმე წელია, ვერ აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მოლაპარაკებები ხშირად სრულდება ხელშესახები შედეგების გარეშე, განსაკუთრებით ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით არის განლაგებული, კვლავ აწყდება შეზღუდვებს დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლასთან დაკავშირებით.
დასასრულს, „ქართული ოცნების“ ქმედებები და რიტორიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესებსა და არსებულ სტრატეგიებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ, ერთადერთი მიზეზით არ იზრდება - ბოლო პერიოდში რუსეთის პოლიტიკა გადართულია ანექსიის მცდელობებზე. მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ აჩენს ილუზიას, რომ რუსეთთან ურთიერთობების „დალაგება“ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას გაამარტივებს. აღნიშნული შესაძლებლობა გამორიცხულია. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მოსაგვარებლად, რუსეთთან დაახლოებას გადაწყვეტს, ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება - გაიზრდება შანსი, რომ დასავლეთისგან იზოლირებული საქართველო, მთლიანად რუსეთის გავლენის სფეროში მოექცევა და სრულად დაკარგავს დამოუკიდებლობას, რომელიც, თითქმის ორი საუკუნე, იმავე რუსეთს ჰქონდა წართმეული.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.