რუსეთისგან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეები და ევროკავშირის საპასუხო თავდაცვის სტრატეგია
ილუსტრაცია: GEOpolitics
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პარალელურად, მოსკოვმა ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მნიშვნელოვნად გააძლიერა. წინამდებარე სტატია განიხილავს მიმდინარე ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს და მათ მსგავსებას რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წლამდე წარმოებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებთან. ნაშრომი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოსკოვი ევროპის წინააღმდეგ, წლების განმავლობაში, ერთი და იმავე სახის ტექნიკებს იყენებდა, რასაც ევროპის მხრიდან სათანადო ყურადღება არ მოჰყოლია. სტატიის მეორე ნაწილი ფოკუსირებულია ევროკავშირის, ამჟამად განხილვის პროცესში მყოფ, საპასუხო თავდაცვის სტრატეგიაზე. განხილულია მისი შეცვლილი დამოკიდებულება უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია „დრონების კედლის“ იდეის განვითარებასა და მის საბოლოო სახეზე. ნაშრომი ასკვნის, რომ, მიუხედავად თავდაცვის ახალი პოლიტიკისადმი ევროკავშირის გააქტიურებული მიდგომისა, რაც ცალსახად პოზიტიურ განვითარებად უნდა ჩაითვალოს, სახელმწიფოებს შორის არსებული ფრაგმენტაცია თავდაცვის ერთიანი და ძლიერი პოლიტიკის ჩამოყალიბების მთავარი გამოწვევაა.
რუსეთის ჰიბრიდული ომი ევროპის წინააღმდეგ და პარალელები საქართველოში დატესტილ ტექნიკებთან
2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მოსკოვმა ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი კიდევ უფრო გააძლიერა. რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები მოიცავს და არ შემოიფარგლება კიბერთავდასხმებით, NATO-ს წევრი ქვეყნების საზღვრების სიახლოვეს საჰაერო სივრცის სამხედრო ავიაციით დარღვევით, ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით, ევროპის საზღვრებთან საინფორმაციო ომითა თუ სამხედრო სწავლებებით.
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საგრძნობლად გაიზარდა რუსეთის კიბერთავდასხმები ევროპის, განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (როგორებიცაა გაზსადენები, ელექტროსადგურები, საკომუნიკაციო კაბელები და ა.შ.) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, პოლონეთი ყველაზე ხშირად გახდა რუსეთთან დაკავშირებული კიბერთავდასხმების სამიზნე. ამასთან, ერთ-ერთმა პრორუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა 2022 წლიდან პასუხისმგებლობა აიღო 6 600 თავდასხმაზე, რომელთა 96% ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული. თავდასხმები ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ ტექნიკური ზიანის მიყენებაზე, არამედ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაზე, დესტაბილიზაციასა და ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტებაზე.
რაც შეეხება ვანდალიზმისა და საბოტაჟის ფაქტებს, GLOBSEC-სა და International Centre for Counter-Terrorism-ის საერთო ანგარიშის თანახმად, მოსკოვის ეს ჰიბრიდული ოპერაციები არა - დამატებითი ტაქტიკა, არამედ მისი სტრატეგიის ცენტრალური საყრდენია. რუსეთი სოციალურად მარგინალიზებულ პირებს, ხშირად რუსულენოვან მამაკაცებს, რომლებსაც წარსულში ნასამართლეობა აქვთ, ევროპის ტერიტორიაზე დივერსიებისა და სხვადასხვა თავდასხმის მოსაწყობად იყენებს. კვლევის თანახმად, 2022 წლიდან დღემდე, რუსეთთან დაკავშირებულია 110 ინციდენტი (მათ შორის, ცეცხლის წაკიდება და ვანდალიზმი), რომელთაგანაც უმეტესობა პოლონეთსა და საფრანგეთში დაფიქსირდა.
აღწერილი ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 12-16 სექტემბერს ბელარუსში რუსეთ-ბელარუსის საერთო სამხედრო სწავლებები "Zapad 2025" (დასავლეთი 2025) გაიმართა. აღნიშნული სწავლება, 2009 წლიდან, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. წვრთნები განსაკუთრებულია იმით, რომ ის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პირველად გაიმართა. უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების შესახებ გამოცემის, Defence 24-ის, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იაცეკ მარცინ რაუბოს, თანახმად, "Zapad 2025" რუსეთისთვის იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი და ძალის დემონსტრირების საშუალება, რომელიც თანხვედრილია იმასთან, თუ როგორ იყენებს ისტორიულად მოსკოვი სამხედრო სწავლებებს - NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ქმნის საფრთხის განცდას. მისივე შეფასებით, "Zapad 2025"-ის მთავარი ამოცანა იყო რუსული პროპაგანდის გავრცელება, შიშის დანერგვა და რუსეთის მისწრაფების დემონსტრირება, პოზიციონირდეს, როგორც მთავარი ფართო რეგიონული ძალა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ინსტრუმენტებთან კომბინაციაში, "Zapad 2025" შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც მზადება სამხედრო აგრესიისთვის, რომელიც ომის ზღვარზეა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის - The Royal United Services Institute - ექსპერტების შეფასებით, სწავლებები შემცირებული მასშტაბით ჩატარდა, რაც უკრაინაში ომის უზარმაზარ ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული. მათი თქით, “Zapad 2021” დიდი მასშტაბით გამოირჩეოდა და 2022 წლის ომის შემამზადებელი სწავლებები იყო. “Zapad 2025” კი, მართალია, შემცირებული მასშტაბით ჩატარდა, მაგრამ ორიენტირებული იყო მიმდინარე ომის სცენარების დახვეწასა და შემოწმებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწავლებების სამხედრო ფორმატი დავიწროვდა და აქცენტი გაკეთდა ისეთ მაღალეფექტიან შესაძლებლობებზე, როგორებიცაა ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, შორ მანძილზე ზუსტი სროლები და ელექტრონული ბრძოლა. რუსულ-ბელარუსული სამხედროები იწვრთნებოდნენ დრონებისა და რობოტული სისტემების გამოყენებაშიც. აღნიშნული მიზნად ისახავდა უკრაინაში მიმდინარე ომში გამოვლენილი სისტემური სისუსტის აღმოფხვრას. თუმცა, ექსპერტთა შეფასების თანახმად, წვრთნების დავიწროებულმა ფოკუსმა NATO-ს არასწორი აღქმა არ უნდა გაუჩინოს. სწავლებებმა აჩვენა, რომ, მართალია, ომმა რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენა, მაგრამ ის მზადაა, ახალ ტექნიკასთან ადაპტირდეს და ალიანსს გრძელვადიანი საფრთხე შეუქმნას.
2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფიქსირდა რუსეთთან დაკავშირებული დრონების შეჭრის არაერთი ფაქტი. აღნიშნულმა ფაქტებმა კიდევ უფრო გაააქტიურა დიალოგი ევროპის უსაფრთხოების შესახებ. 10 და 28 ივლისს ლიეტუვამ განაცხადა, რომ მათ საჰაერო სივრცეში რუსეთიდან გაშვებული დრონი შევიდა. თავდაცვის მინისტრის, დოვილ საკალიენის, თანახმად, დრონი, სავარაუდოდ, რუსეთიდან უკრაინის მიმართულებით იყო გაშვებული, თუმცა მათ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მომდევნო ინციდენტები მოხდა 8 სექტემბერს, როდესაც რუსულმა დრონებმა ჯერ - რუმინეთის, შემდეგ კი ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. 13 სექტემბერს რუმინეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი რუსული დრონი დაფიქსირდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 9 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19-მდე რუსული დრონის გადაფრენამ, რაც ქვეყანამ „აგრესიის აქტად“ შეაფასა. ეს ინციდენტი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს დრონები, რომლებიც განმეორებით არღვევდნენ საჰაერო სივრცეს. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყანა რუსულ შეიარაღებასთან პირდაპირ დაპირისპირებაში ჩაერთო. პოლონეთის საჰაერო სივრცეში ინციდენტი განმეორდა 15 სექტემბერს, როდესაც დრონმა ვარშავის ტერიტორიაზე, საპრეზიდენტო სასახლის თავზე გადაიფრინა. აღნიშნული დრონი პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა კვლავ გაანეიტრალა. ასევე, დაუდასტურებელი წარმომავლობის დრონების შეჭრა დაფიქსირდა დანიისა და ნორვეგიის საჰაერო სივრცეში. ამ შემთხვევაშიც, დანიისა და NATO-ს ოფიციალურმა პირებმა რუსეთის ჩართულობა არ გამორიცხეს. არაიდენტიფიცირებული დრონები დაფიქსირდა კიდევ ორ ქვეყანაში - გერმანიასა და საფრანგეთში. 22 სექტემბერს - საფრანგეთის მურმელონ-ლე-გრანდის სამხედრო ბაზის თავზე, 26 სექტემბერს კი ჩრდილოეთ გერმანიაში, დანიის საზღვართან ახლოს, არაიდენტიფიცირებადი დრონები გამოჩნდა. ამ შემთხვევაშიც, ოფიციალურმა პირებმა ეჭვი რუსეთზე მიიტანეს.
მოსკოვის მხრიდან ჰიბრიდული ომის ეს მეთოდები ახალი არაა. აღნიშნულ ტექნიკებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გაცილებით ადრე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ტესტავდა, რასაც დასავლეთისგან შესაბამისი ყურადღება არ დაეთმო. ჯერ კიდევ 2004 წლის 6 აგვისტოს რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონში შეფრინდა სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს 20 წუთის განმავლობაში არღვევდა და შემდეგ რუსეთის მიმართულებით გაფრინდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2006 წლის ივნისშიც, როდესაც მცირეგაბარიტიანი სამგზავრო თვითმფრინავი, ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეფრინდა და სოხუმის მახლობლად დაეშვა. იმ დროისთვის აღნიშნული შემთხვევა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოს საჰარო სივრცის დარღვევის მეოთხე ფაქტი იყო. საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები, რომლებმაც უფრო სერიოზული სახე მიიღო, 2007 წელსაც გაგრძელდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2007 წლის 10 მაისს ორი რუსული თვითმფრინავი სტეფანწმინდის სიახლოვეს, საზღვრის მონაკვეთზე, საქართველოს სივრცეში უკანონოდ შეიჭრა. ამავე წლის 6 აგვისტოს ორმა რუსულმა SU-24 ტიპის თვითმფრინავმა საქართველოს საზღვრის შიგნით 75 კილომეტრის გადაკვეთის შემდეგ, სოფელ წითელუბნის მახლობლად გაუშვა რაკეტა, რომელიც არ აფეთქებულა. ქართულმა მხარემ აღნიშნული ქმედებები იმთავითვე შეაფასა, როგორც ძალის გამოყენების აკრძალვის შესახებ გაეროს ქარტიის დარღვევა, ხოლო გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 3314-ის მიხედვით - როგორც აგრესიის აქტი. საქართველომ ასევე მოუწოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, გამოეძიებინა ორი რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოს ტერიტორიის დარღვევის საკითხი და მოიწვია ევროკავშირი და სხვა პარტნიორები, რათა არაპროვოცირებადი ძალის გამოყენების ფაქტი დაედასტურებინათ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფთდა და აცხადებდა, რომ შესაძლოა საქართველომ, რეგიონში დაძაბულობის გამოწვევის მიზნით, საკუთარ ტერიტორიაზე რაკეტა თვითონ გაუშვა.
მაშინ საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტთა პირველმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და აშშ, ასევე მეორე ჯგუფმა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრიტანული, ესტონური და პოლონური მხარე, დაადგინეს, რომ 2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე სამჯერ დაარღვია რუსეთის საჰაერო სივრციდან შეფრენილმა თვითმფრინავმა. რაკეტა იყო რუსული წარმოების ანტირადარული, ჰაერი-მიწა ტიპის Kh-58U-ი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ვერ დაადგინა თვითმფრინავის ტიპი ან წარმოშობის ქვეყანა, დადასტურდა, რომ საქართველოს ამგვარი რაკეტის ოპერირების შესაძლებლობა არ გააჩნდა.
მიუხედავად ამისა, ეუთომ თავის ანგარიშში განაცხადა, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები კონფლიქტურია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ზუსტი სურათის წარმოდგენა ძალიან რთულია“. ევროკავშირს, საქართველოს თხოვნის მიუხედავად, ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე არ გაუგზავნია. საბოლოოდ, ეუთომაც და ევროკავშირმაც თავი შეიკავეს, პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაეკისრებინათ და საქართველოსა და რუსეთს დაძაბულობის შემსუბუქებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დეზინფორმაციის კამპანიები, კიბერთავდასხმები და საბოტაჟის ფაქტებიც საქართველოში 2008 წლის ომამდე და ომის მიმდინარეობისას დაიტესტა, რამაც ასევე ვერ მიიპყრო დასავლეთის სათანადო ყურადღება. მაგალითად, 2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენი აფეთქდა, რის გამოც საქართველოს რუსეთიდან გაზის მიწოდება შეუწყდა. საქართველომ რუსეთი საბოტაჟში დაადანაშაულა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ისტერიული“ რეაქცია უწოდა. 2008 წლის ომის მიმდინარეობისას კი რუსეთმა პირველად დატესტა შეიარაღებულ კონფლიქტში კიბერშეტევების გამოყენება.
მიუხედავად აღნიშნული მაგალითებისა, ევროპას სწორად არ შეუფასებია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის საფრთხე. სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია არც 2008 წლის აგვისტოს ომს. კონკრეტულად, (1) ევროპაში არ არსებობდა საფრთხის ერთიანი აღქმა - აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები რუსეთს რეალურ და მყისიერ საფრთხედ აფასებდნენ, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები კი, მათსა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური კავშირების გათვალისწინებით, მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევად არ აღიქვამდნენ. აღნიშნულმა ფრაგმენტირებულმა დამოკიდებულებამ შეაფერხა ევროპის ერთიანი უსაფრთხოების სტრატეგიის ჩამოყალიბება. ამასთან, (2) ევროპამ, თავდაცვის ხარჯებისა და შესაძლებლობების გაზრდის ნაცვლად, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის საპასუხოდ, ხარჯების შემცირება გააგრძელა, რამაც კავშირის სამხედრო მზადყოფნა შეასუსტა. რუსეთის თვალსაჩინო აგრესიის შემდეგ, (3) ევროკავშირს არ გადაუხედავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისათვის (CSDP), (4) არ დაუწესებია სანქციები და არ შეუმცირებია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, 2014 წელს ევროპა მოსკოვის მომდევნო სამხედრო აგრესიას მოუმზადებელი შეხვდა. 2008 წლისგან განსხვავებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას დასავლეთმა სანქციებით უპასუხა. თუმცა მყისიერი ცვლილებები უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში არ განხორციელებულა.
ევროკავშირის პასუხი რუსეთის ჰიბრიდულ ომზე
როგორც უკვე აღინიშნა, დასავლეთმა, ნეგატიური გამოცდილების მიუხედავად, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შესაბამისი რეაქცია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გამოიჩინა. ომმა საგრძნობლად შეცვალა რუსეთის მიმართ ევროპელი ლიდერების რიტორიკა და ქმედებები, ასევე, მათი დამოკიდებულება ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის მაშინდელმა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ომის საწყის ეტაპზე, აღნიშნულ პერიოდს უწოდა „მომენტი, როდესაც გეოპოლიტიკური ევროპა იბადება“. აღსანიშნავია 2022 წლის 11 მარტს გამართულ სამიტზე მიღებული ვერსალის დეკლარაცია, რომლითაც ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებდა და უფრო ავტონომიურად მოქმედების მიზნით, შესაძლებლობებს გაზრდიდა. 2022 წლის 21 მარტს ევროპულმა საბჭომ მიიღო „სტრატეგიული კომპასი“, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის 2030 წლამდე გაძლიერებისთვის. კომპასი მიზნად ისახავს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირი უფრო ძლიერ აქტორად პოზიციონირდეს, თუმცა, ამავდროულად, იყოს NATO-ს შემავსებელი აქტორი.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორედ მოსვლის შემდეგ, დისკუსიები ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ კიდევ უფრო გახშირდა. ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე კვირაში, ევროპამ მკაფიო გზავნილები მიიღო იმის შესახებ, რომ ამერიკა კონტინენტის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ამცირებდა, შესაბამისად, ევროპის არსებული პოლიტიკა საფუძვლიან გადახედვას საჭიროებდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2025 წლის 4 მარტს განაცხადა, რომ ევროპას, რომელიც კრიტიკულ და საშიშ პერიოდში იმყოფებოდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, წარადგინა ევროპის გადაიარაღების (ReArm Europe) გეგმა, რომელიც მოიცავს:
1. ეროვნული თავდაცვის ხარჯების ზრდის შესაძლებლობას საბიუჯეტო წესების შემსუბუქებით;
2. 150 მილიარდი ევროს მოცულობის ევროკავშირის სესხების გამოყოფას საერთო თავდაცვის ინვესტიციებისთვის;
3. ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის;
4. კერძო კაპიტალის მობილიზებას ფინანსური მექანიზმებით;
5. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობას თავდაცვის პროექტების დაფინანსებაში.
ფონ დერ ლაიენის გეგმის თანახმად, რომელზეც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, შესაძლებელი უნდა იყოს დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზება. აქვე აღსანიშნავია, რომ, მართალია, კომისიის პრეზიდენტი უფრო მეტად ფოკუსირდა უსაფრთხოებასა და თავდაცვაში ევროკავშირის როლის წინ წამოწევაზე, თუმცა უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც NATO-ს წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა.
მიუხედავად აღნიშნული მცდელობებისა, საინტერესოა, რომ ომის დაწყებიდან თითქმის 3 წლის თავზე, 2025 წლის 3 თებერვალს, ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა, რომელიც, პირველად ისტორიაში, სრულად შეეხებოდა თავდაცვის საკითხებს. შეხვედრის მიზანი იყო ევროპის თავდაცვის შენების დისკუსიებში გარკვეული პროგრესის მიღწევა. ძირითად განსახილველ თემებს წარმოადგენდა: I) თავდაცვის შესაძლებლობები, II) ევროკავშირის თავდაცვის პრიორიტეტების დაფინანსება და III) ევროკავშირის თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერება, განსაკუთრებული ფოკუსით NATO-ზე, ტრანსატლანტიკურ პარტნიორობასა და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობაზე. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო არა ფორმალური დასკვნების მიღება, არამედ ის ორიენტირებული იყო ევროკომისიის პრეზიდენტისა და უმაღლესი წარმომადგენლისთვის ე.წ. თავდაცვის „თეთრი ფურცლის“ (ევროკომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს წინადადებებს კონკრეტულ სფეროებში ევროკავშირის სამოქმედო გეგმის შესახებ. „თეთრი ფურცლის“ მიზანია საზოგადოებასთან, დაინტერესებულ მხარეებთან, ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან დებატების წარმოება, პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად) მომზადებისთვის საჭირო პოლიტიკური მიმართულებების მისაცემად.
აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე თვეში, გააქტიურდა რუსეთის ზემოაღნიშნული შეჭრები ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცეში, რამაც ევროპის დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიის გადახედვა.
პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, მათ NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედება მოითხოვეს, რაც წევრი სახელმწიფოების მიერ კონსულტაციების გამართვას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ მათი აზრით, რომელიმე წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
რაც შეეხება ევროკავშირის რეაქციას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დროა „დრონების კედელი“ აშენდეს, რათა დაცული იყოს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგი. „დრონების კედელი“ გულისხმობდა სენსორების, ელექტრონული სისტემებისა და შეიარაღების ქსელის ერთობლიობას ბალტიის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე. განცხადებიდან მალევე, ევროპის სხვა ქვეყნებში დაფიქსირებულმა დრონების ინციდენტებმა ევროპელი ლიდერები კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ აღნიშნული საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია. აქვე უნდა ითქვას, რომ ესტონეთის სასაზღვრო დაცვის თანახმად, „დრონების კედლის“ იდეა ევროკომისიას გასულ წელს პოლონეთმა და ფინეთმა შესთავაზეს, თუმცა მაშინ საკითხი ევროკავშირის დონეზე არ განხილულა და იდეაც განუხორციელებელი დარჩა. აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირს, 2022 წლის თებერვლის შემდეგაც კი, როდესაც უკრაინაზე დრონებით თავდასხმები რუსეთის მთავარი ტექნიკა იყო, დრონებისგან თავდაცვის სტრატეგიაზე სათანადო ყურადღება არ გაუმახვილებია. ევროკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, რასაც Reuters-ი აქვეყნებს, იდეა კვლავ განხილვის საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის აპრილში უკრაინის ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფედეროვმა ევროკომისიის პრეზიდენტს პრეზენტაცია წარუდგინა იმაზე, თუ როგორ იგერიებს უკრაინა რუსული დრონების შეტევებს.
თუმცა საკუთრივ „დრონების კედლის“ წინადადება ევროკავშირის ლიდერებს შორის სადავო რჩებოდა. სამხრეთ და დასავლეთ ევროპის მთავრობები აღნიშნულ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ, რამდენადაც, მათი აზრით, ის უფრო მეტად ფოკუსირებული იყო კავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე, მაშინ, როცა დრონებს შეუძლიათ, საფრთხე მთელ კონტინენტს შეუქმნან. Reuters-თან საუბარში ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტერმინი „დრონების კედელი“, რადგან ის ქმნის უსაფრთხოების მცდარ წარმოდგენებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დრონის მოგერიება არცერთ სისტემას არ შეუძლია. იმისათვის, რომ ევროკომისიას აღნიშნული იდეისთვის უფრო მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინა, ორიგინალი კონცეპტი უფრო გააფართოვა - აღმოსავლეთ საზღვრების დაცვიდან კონტინენტური მასშტაბის ანტიდრონების სისტემის ქსელზე გადავიდა. დრონების თავდაცვის სისტემის ინიციატივის მთავარ მოწინააღმდეგეებად საფრანგეთი და გერმანია რჩებიან, რადგან ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, მისი ზედამხედველი და კოორდინატორი ევროკომისია იქნება, რაც მათი მოქმედების არეალს შეზღუდავს. მეტიც, მაკრონმა განაცხადა, რომ დრონების საფრთხე არის უფრო კომპლექსური, ვიდრე შემოთავაზებული „დრონების კედლის“ იდეა.
საბოლოოდ, 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „მშვიდობის შენარჩუნება - თავდაცვის მზადყოფნის გზამკვლევი 2030“ - კომისიისა და უმაღლესი წარმომადგენლის მიერ შეთავაზებულია ევროპული მზადყოფნის ინიციატივა - European Readiness Flagships, რომელიც თავისი შინაარსით ფოკუსირებულია არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაზე, არამედ მთლიანად ევროპულ კონტინენტზე. მასში ასევე არ გვხვდება ტერმინი „დრონების კედელი“. დოკუმენტში პირდაპირ საფრთხედაა მოხსენიებული რუსეთი და ბელარუსი. მათგან თავის დასაცავად კი შემოთავაზებულია ოთხი მთავარი მიმართულება: I) ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივა („დრონების კედლის“ შეცვლილი სახელწოდება), II) აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობა, III) ევროპული საჰაერო ფარი და IV) ევროპული კოსმოსის ფარი.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპული დრონებისგან თავდაცვის ინიციატივა იქნება სრულყოფილი, ყოვლისმომცველი, მრავალშრიანი თავდაცვის სისტემა, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებით აღმოაჩენს, უთვალთვალებს და გაანეიტრალებს დრონებს. მას ასევე შეეძლება სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების განხორციელება. ანტიდრონული სისტემა უნდა იყოს წევრ სახელმწიფოებსა და NATO-სთან სრულად თავსებადი. აღნიშნული სისტემა, დოკუმენტის თანახმად, წარმოადგენს აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობის ძირითად კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ საზღვარზე მყოფი ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას, რათა დაუპირისპირდნენ ფართო სპექტრის საფრთხეებს, მათ შორის, ჰიბრიდულ ოპერაციებს, რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს და შეიარაღებული აგრესიის რისკს. მისი მიზანია ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრების გამაგრება ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად კავშირის უსაფრთხოებას. აღმოსავლეთის ფლანგის მეთვალყურეობა სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრს, NATO-ს ინტეგრირებული სარდლობისა და კონტროლის სტრუქტურას და უნდა იყოს ოპერაცია აღმოსავლეთის გუშაგის, ბალტიის საჰაერო პატრულირებისა და წინა ხაზზე განთავსებული ძალების შემავსებელი.
ევროკავშირში მიმდინარე განვითარებები პოზიტიურ ცვლილებად უნდა ჩაითვალოს, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ევროპას გაცილებით დიდი ხნის წინ შეეძლო რუსეთის მიერ საქართველოში დატესტილი ჰიბრიდული ომის მეთოდებისგან გაკვეთილების გამოტანა და რუსეთის საფრთხის სათანადოდ შეფასება. ამასთან, დღემდე გამოწვევად რჩება ევროკავშირის სახელმწიფოების ფრაგმენტაცია, რაც ართულებს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას. ფრაგმენტციის გამოხატულებაა ესპანეთის კატეგორიული წინააღმდეგობა, დახარჯოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5% (NATO-ს ახალი სამიზნე) თავდაცვაზე. წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი საშინაო პოლიტიკაა - მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ესპანეთმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს უსაფრთხოების ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მიგრაცია და არასტაბილურობა საჰელის რეგიონში. ამჟამად ესპანეთი თავდაცვაზე მხოლოდ 1.3%-ს ხარჯავს.
შეჯამება
რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომი არა მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის გაგრძელებაა, არამედ წლების განმავლობაში დაგეგმილი და ტესტირებული სტრატეგიის ნაწილია. მოსკოვის ქმედებები - კიბერთავდასხმები, დეზინფორმაციის კამპანიები, ვანდალიზმი, საბოტაჟი და დრონების შეჭრის ფაქტები - მიზნად ისახავს ევროპის შიგნით უნდობლობის გაღრმავებასა და უსაფრთხოების შეგრძნების გაქრობას. ის, რომ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები 2008 წლის ომამდე გამოყენებოდა, აჩვენებს, რომ რუსეთის აგრესიული ტაქტიკები დიდი ხნით ადრე იყო პროგნოზირებადი, თუმცა დასავლეთის რეაქცია დაგვიანებული და არასაკმარისი აღმოჩნდა.
რუსეთის, როგორც საფრთხის, მიმართ ერთიანი აღქმის ნაკლებობა, ევროკავშირში თავდაცვის ხარჯების შემცირება და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გაგრძელება იყო მიზეზთა ერთობლიობა, რის გამოც ევროპა 2014 წლის ყირიმის ანექსიას მოუმზადებელი შეხვდა. მიუხედავად რუსეთის მორიგი აგრესიისა, ევროპის თავდაცვის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არც 2014 წლის შემდეგ დაწყებულა. ევროპის პასუხი მოსკოვის აგრესიაზე საგრძნობლად მხოლოდ 2022 წლის შემდეგ შეიცვალა — თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები ევროპული პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილად იქცა. ევროკავშირმა გააძლიერა ერთობლივი თავდაცვის გეგმები, მიიღო სტრატეგიული კომპასი და წამოაყენა ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა „ევროპის გადაიარაღება“ და „ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივა“. მიუხედავად ამ პოზიტიური ნაბიჯებისა, აშკარაა, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა და წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებული პრიორიტეტები კვლავაც აფერხებს ერთიანი და ეფექტიანი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.