პუბლიკაციები

სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება: დაბრკოლებები და პერსპექტივები - (ნაწილი II)

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ, ვაშინგტონში 2025 წლის აგვისტოში მიღწეული პარაფირებული  სამშვიდობო შეთანხმება ისტორიულ ეტაპად იქცა, თუმცა ორ მხარეს შორის სტაბილურობა კვლავ მყიფეა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმების ტექსტზე უკვე მოილაპარაკეს და აშშ-ის ადმინისტრაციის შუამავლობით, დამატებითი სატრანსპორტო ინიციატივაც ჩამოაყალიბეს, ერევანსა და ბაქოს შორის ნდობის ნაკლებობა და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური პოზიციები მნიშვნელოვან გამოწვევებად რჩება. გადაუწყვეტელი ტერიტორიული დავები, სომხეთის კონსტიტუციის შესაძლო ცვლილება, მესამე ძალის ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე და ახალი სატრანსპორტო პროექტი - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) - შეთანხმების განხორციელებას რთულ და მრავალმხრივ პროცესად აქცევს. ამავე დროს, ორი ქვეყნის განსხვავებული რიტორიკა მკვეთრად ასახავს მათ შორის არსებულ სიღრმისეულ უთანხმოებას, რაც მშვიდობის პერსპექტივას კვლავ გაურკვეველს ხდის.

 

სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა: (1) შეთანხმდა ტექსტი „აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ” - მხარეებს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ, თუმცა მოახდინეს მისი პარაფირება, რაც ნიშნავს იმას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ხელშეკრულების საბოლოო, ოფიციალურ ვერსიაზე ჩამოყალიბდნენ; (2) მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიციირებული სატრანსპორტო პროექტისათვის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.

„შეთანხმება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“ 17 მუხლისგან შედგება. ქვეყნები ერთმანეთის ტერიტორიის საზღვრებად აღიარებენ ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციით დადგენილ საზღვებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამჟამინდელი საზღვრები ემთხვევა საბჭოთა კავშირში სომხეთისა და აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკების მაშინდელ საზღვრებს. მხარეები ასევე დებენ პირობას, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები შესაბამის სასაზღვრო კომისიებთან, რათა მოხდეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. სომხეთი და აზერბაიჯანი, შეთანხმებით, უარს ამბობენ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე, ძალის გამოყენებასა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩარევაზე. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ორივე მხარის უარს, განათავსონ მესამე ქვეყნის ძალები თავიანთ ტერიტორიაზე. ისინი იღებენ ვალდებულებას, შეიარაღებულ კონფლიქტში დაკარგული და დაღუპული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მათი ნეშტების დაბრუნების შესახებ. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი  გაიწვევენ საერთაშორისო სასამართლოებში ერთმანეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს.

მიუხედავად სამშვიდობო ტექსტის მუხლებზე თანხმობისა, აზერბაიჯანი, შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, სომხეთისგან ორი პირობის შესრულებას ითხოვს: (1) შეიცვალოს სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი აქტები, რომლებიც აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეწინააღმდეგებოდა და (2) გაუქმდეს ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ომებისა და კონფლიქტების მედიაციაში იყო ჩართული. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის, თანახმად, ეუთოს მინსკის ჯგუფის, როგორც „წარსული კონფლიქტების ნაშთის,“ დაშლა მნიშვნელოვანი პირობაა. აღნიშნული პირობიდან, ერთი 8 აგვისტოს ვაშინგტონში ფაქტობრივად შეთანხმდა - ხელი მოეწერა ეუთოსადმი ერთობლივ მიმართვას, მინსკის ჯგუფისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის თაობაზე. რაც შეეხება კონსტიტუციის ცვლილებას, ფაშინიანმა აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააანონსა, რასაც ვრცლად განვიხილავთ სტატიის შემდეგ თავებში.

 

სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული გამოწვევები

ტერიტორიული დავები

სამშვიდობო პროცესების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას ტერიტორიული დავები წარმოადგენს. მიუხედავად ორი მხარის შეთანხმებისა, რომ ამ საკითხებს გადაწყვეტენ ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციით, ორივე ქვეყნის საზღვრებთან არის ისეთი დიდი თუ პატარა ტერიტორიები, რომლებსაც მეორე სახელმწიფო აკონტროლებს. შეთანხმებაში კი არ არის განსაზღვრული, თუ როგორ მოხდება ამ ტერიტორიებიდან გასვლა და ერთმანეთისთვის გადაცემა. კერძოდ, საუბარია 200 კვადრატულ კილომეტრ სომხურ მიწაზე, რომელსაც აზერბაიჯანი 2021-2022 წლების შეჭრის შემდეგ აკონტროლებს, მათ შორის, ჯერმუკის რაიონსა და სომხეთის ექსკლავ არცვაშენზე. მეორე მხრივ, სომხეთის კონტროლის ქვეშაა ნახიჩევანის საზღვართან მდებარე სოფლების, ჩივასა და არენის, მახლობლად 8.3 კვადრატული კილომეტრი. სომხეთი ასევე აკონტროლებს აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფლების, იერასხისა და ზანგაკატუნის, მცირე სექციას - 0.3 და 0.6 კვადრატულ კილომეტრს და ნახიჩევანის სიახლოეს არსებული მთების, ხაშინკისა და ხარხათის, დაახლოებით 4 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას. აღნიშნული სიტუაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეთანხმების იმ მუხლის ეფექტურობას, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება.

სომხეთის კონსტიტუციის ცვლილება

სომხეთის ამჟამინდელი კონსტიტუციის პრეამბულა ეყრდნობა 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციას (ამ დროს სომხეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის წევრი იყო), რომელიც მიუთითებს სომხეთის „გაერთიანებას“ ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. აღნიშნული ტერიტორია მაშინ საბჭოთა აზერბაიჯანის ნაწილი იყო. ბაქოსთვის ეს ფორმულირება განიხილება, როგორც მისი სუვერენული ტერიტორიისადმი წამოყენებული პრეტენზია. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამას „აშკარა ტერიტორიულ საფრთხედ“ მიიჩნევს და ღიად აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ ეს პუნქტი სომხეთის  კონსტიტუციაში რჩება.

როგორც უკვე ითქვა, ნიკოლ ფაშინიანმა, ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე, რეფერენდუმი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააანონსა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფაშინიანმა კონსტიტუციის ცვლილებაზე საუბარი ჯერ კიდევ მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომამდე დაიწყო და ეს თემა პერიოდულად ახლდებოდა. 2025 წლის თებერვალში, კონსტიტუციის ცვლილებაზე მორიგი საუბრისას, ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭირო იყო ახალი სომხური პატრიოტიზმისა და „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიის შექმნა, რისთვისაც სწორედ ახალი კონსტიტუციის წარმოდგენაა საჭირო. მოგვიანებით, მან ასევე ახსენა, რომ ახალ კონსტიტუციას შესაძლოა რეგიონული მნიშვნელობაც ჰქონდეს. აღნიშნული განცხადება შეიძლება იმის დასტურად მივიჩნიოთ, რომ ფაშინიანი, ახალი კონსტიტუციით, აზერბაიჯანის მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც აპირებს, თუმცა პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, რომ ცვლილება ბაქოს პირობების შესაბამისად განხორციელდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კონსტიტუციას მესამე მხარის ჩარევისა და ზეწოლის შედეგად არ შეცვლის და ახალი კონსტიტუციის მიღება მხოლოდ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია.

საერთაშორისო ასოციაცია Gallup-ის სომხური წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც 2025 წლის მარტში გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 59.6% მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია შეუცვლელი უნდა დარჩეს, 18.4% ფიქრობს, რომ კონსტიტუციის გარკვეული ნაწილი შესაცვლელია, 7.5% კი თვლის, რომ ქვეყანას სრულიად ახალი კონსტიტუცია სჭირდება. 2024 წლის ივლისში  სომხეთის მოქალაქეების ის რაოდენობა, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას არ ეთანხმებოდა, 80.3%-ს შეადგენდა. აღნიშნული რიცხვი ასე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ალიევმა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა მოითხოვა. 

საინტერესოა, თუ რამ გამოიწვია 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის მარტამდე მოწინააღმდეგეთა რიცხვის 80.3%-იდან 59.6%-მდე დაწევა. ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც, სავარაუდოა, რომ ასეთი ცვლილება გამოიწვია, ფაშინიანის არგუმენტია - სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რატიფიცირებულ შეთანხმებას უფრო დიდი იურიდიული ძალა ექნება, ვიდრე სომხეთის მოქმედ კანონებს, რაც, ფაქტობრივად, მოაგვარებს ტერიტორიული პრეტენზიების საკითხს. აღნიშნული არგუმენტი და სომხეთის მთავრობის მიერ ცვლილების აქტიური მხარდაჭერა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც საზოგადოებას, კონსტიტუციის განახლების შესახებ, აზრი შეუცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანისა და მისი მთავრობის რეიტინგი მცირდება, ის ოპონენტებს შორის, საზოგადოების მხარდაჭერით, კვლავ ლიდერობს. ამის მთავარ მიზეზად ალტერნატივის ნაკლებობა და დისკრედიტებული, არაპოპულარული ოპოზიცია სახელდება. ერევნის რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორის, რიჩარდ გირაგოსიანის, თანახმად, მეტად სავარაუდოა, რომ 2026 წლის არჩევნებში ფაშინიანის ხელისუფლებამ კვლავ გაიმარჯვოს, მაგრამ „არა იმიტომ, რომ საზოგადოება მხარს უჭერს მთავრობას, არამედ, უფრო მეტად, ოპოზიციის შიშისა და ზიზღის გამო“. ის ასევე აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ბოლო ომში რუსეთის მიერ სომხეთის მიმართ აღებული უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოსკოვის რეპუტაცია შელახულია, ამის გამო კი, პრორუსული კანდიდატი განწირულია არჩევნებში მარცხისთვის. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საზოგადოება კვლავ ფაშინიანს უჭერს მხარს და მისი დამოკიდებულება კონსტიტუციის ცვლილებისადმი, სომეხი მოსახლეობის პოზიციაზეც აისახება.

მეორე სავარაუდო მიზეზი, დიდი ალბათობით, არის საზოგადოების შიში აზერბაიჯანთან პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტებისადმი. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 2024 წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სომხეთის მოსახლეობის 70% ფიქრობს (39% - უფრო სავარაუდოა, 31% - მეტად სავარაუდოა), რომ ქვეყნის ომში ჩართვა ახლო მომავალში სავარაუდოა.„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 2025 წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევის შედგეები კი ადასტურებს, რომ სომხეთში ეროვნული უსაფრთხოება და სასაზღვრო საკითხები კვლავ მოწინავე პრობლემადაა აღქმული (გამოკითხულთა 35%). მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ოფიციალური პირები კონსტიტუციის ცვლილებას აზერბაიჯანის მოთხოვნებს არ უკავშირებენ, სომეხ მოსახლეობაში ფესვგადგმული შიში ომისადმი, შესაძლოა იყოს საფუძველი იმ დამოკიდებულებისა, რომ, კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისა და გარანტიების მიღება შეუძლებელი იქნება.

მართალია, 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის მარტამდე პერიოდში, ცვლილების მოწინააღმდეგეთა კლების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ აღნიშნული რიცხვი ჯერჯერობით მაინც მაღალია იმისთვის, რომ ფაშინიანის მიერ დაანონსებულ რეფერენდუმში კონსტიტუციის ცვლილების მხარდაჭერა ვივარაუდოთ.

აქვე საინტერესოა განხილვა, თუ რა პოზიცია აქვს აზერბაიჯანს სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი. ფაშინიანი აქტიურად ატარებს სამშვიდობო დღის წესრიგს. მართალია, მას პირდაპირ არ დაუდასტურებია, რომ კონსტიტუციაში აზერბაიჯანის მოთხოვნის გათვალისწინებით ცვლილებებს შეიტანს, თუმცა, განსხვავებით ფაშინიანის ოპოზიციისა, ის არის პოლიტიკოსი, რომელიც კონტიტუციის შეცვლას, ზოგადად, ეთანხმება და აინიციირებს. ეს აზერბაიჯანისთვის პოზიტიური გზავნილია. ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი გარკვეულ სომხურ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შესახებ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციურ ცვლილებებს, რევანშისტურ ძალად განიხილავს.  შეიძლება ითქვას, რომ ალიევი, ფაქტორბივად, აწესებს სომხეთის 2026 წლის არჩევნებისა და რეფერენდუმის პირობებს: ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს ფაშინიანის მიერ შეთავაზებული სტაბილურობა და მშვიდობა, ან - ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი, მაღალი რისკისა და კონფრონტაციისკენ მიდრეკილი, გზა. აღნიშნული დინამიკა კი აზერბაიჯანისთვის ფაშინიანს აქცევს სომხეთში ყველაზე ხელსაყრელ პოლიტიკურ ფიგურად. 

მესამე ძალის გაყვანა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან

დიდი ხნის განმავლობაში, ერთ-ერთი გადაუწყვეტელი საკითხი იყო შეთანხმების მე-7 მუხლი,  რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მესამე მხარის ძალის გაუქმებას შეეხებოდა. 2025 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა პრობლემურია აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში განთავსებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMA) საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ EUMA სამოქალაქო სამშვიდობო სადამკვირვებლო მისიაა და არა - სამხედრო წარმომადგენლობა, აზერბაიჯანი მაინც ითხოვს სომხეთის ტერიტორიიდან EUMA-ს გასვლას. ჯერჯერობით EUMA სომხეთში რჩება და მისი მანდატი 2027 წლამდეა გახანგრძლივებული. ვინაიდან შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება 2026 წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის, სომხეთის მთავრობამ დააანონსა, რომ შეეცდებიან, ევროკავშირის მისიის მანდატის მოდიფიკაციაზე მოილაპარაკონ და იდეალურ შემთხვევაში, EUMA-მ საქმიანობა გააგრძელოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მშენებლობის კუთხით. მანდატის სავარაუდო ცვლილებაზე აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა, რომლის თანახმად, მისია სომხეთში ოპერირებას გააგრძელებს მანდატში პოტენციური ცვლილებების ფონზე, რაც მხოლოდ სომხეთსა და ბრიუსელს შორის იქნება განხილული.

იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი EUMA-ს მანდატის მოდიფიკაციას არ დათანხმდა და ის კვლავ სამხედრო წარმომადგენლობის კლასიფიკაციაში განიხილა, ევროკავშირს, სავარაუდოდ, მოუწევს სომხეთის საზღვრებიდან სადამკვირვებლო მისიის გაყვანა. აღნიშნული ქმედებით, აზერბაიჯანი სომხეთს მოწყვლადს ხდის მოსალოდნელი სამხედრო შეტევისადმი და  უსაფრთხოების გარანტიებს არ უტოვებს. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის ეს მოქმედება  ემსახურება სამხრეთ კავკასიაში მისი ინტერესების გატარებას - არ სურს რეგიონში დასავლური ძალის აქტიურად შემოსვლა, რაც მხოლოდ ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის, როგორც რეგიონული ძალის, გავლენის ზრდას. 

 

„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ 

TRIPP-ის გაანალიზებამდე, მოკლედ განვიხილოთ, თუ რა ვერსია არსებობდა აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონების ნახიჩევანთან დასაკავშირებლად 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმებამდე.

ტერიტორიას, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან, აკავშირებს, აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფნად” მოიხსენიებს, სომხეთი კი სიტყვა „დერეფნის“ გამოყენების წინააღმდეგია. სომხეთის თქმით, ტერმინ „დერეფნის“ გამოყენება აღნიშნული ტერიტორიის მიმართ ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მაშინდელი ომი დაასრულა. დოკუმენტის მე-9 მუხლში ნათქვამია, რომ „რეგიონის ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი უნდა გაიხსნას. სომხეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების, ტრანსპორტისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილება ორივე მხრიდან. ტრანსპორტზე კონტროლი უნდა განახორციელოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარმა.“ აღნიშნული ჩანაწერი სადავო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. სომხეთი სატრანსპორტო კავშირის აღდგენას განიხილავდა თავისი მხრიდან სასაზღვრო კონტროლის დაწესების პირობით და ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი არ გულისხმობს ხალხისა და სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებას სომხური სასაზღვრო შემოწმების გარეშე. აზერბაიჯანი კი ამ არგუმენტს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენისთვის, სასაზღვრო კონტროლი აუცილებელი კომპონენტი არ იყო და სომხეთს ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები დაუყოვნებლივ უნდა შეესრულებინა.

8 აგვისტოს შეთანხმებული TRIPP-ის პროექტის ტექსტი ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა ცნობილია, რომ ის ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ ვერსიისგან განსხვავებულია. მართალია, TRIPP გეოგრაფიულად იმავე გზას მოიცავს სომხეთის სიუნიქის რეგიონში, რომელსაც ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ ვერსია გულისხმობდა, მაგრამ, ფაშინიანის თანახმად, ის სრულად  უზრუნველყოფს სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთი მზადაა, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ფარგლებში, გარკვეული პროცედურები გაამარტივოს, რადგან ამჟამინდელი კონტროლის მეთოდები 5-10 წელიწადში მოძველებული იქნება. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-სთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას, მოწინავე ამერიკულ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფით, რაც ყველა პროცედურის მაქსიმალურად გამარტივების საშუალებას მისცემს. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა შესაძლო პროცესი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის დამატებები, როგორებიცაა გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები და ინტერნეტკაბელები, განხორციელდება მკაცრად სომხეთის იურისდიქციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ტრანზიტი მომავალშიც მკაცრად კომერციულ სახეს შეინარჩუნებს და მას სამხედრო მიზნებისთვის ვერ გამოიყენებენ. აზერბაიჯანმა უარი განაცხადა სომხეთის საბაჟო ან სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურთან უშუალო ურთიერთობაზე. ამ ფუნქციას, კომპრომისის სახით, შეასრულებს აშშ-ის კომპანია, რომელიც, 99 წლით, იჯარით აიღებს სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე 44-კილომეტრიან მარშრუტს და მიიღებს მისი ექსკლუზიური განვითარების უფლებას.  ამრიგად, განსხვავებით ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტისა, TRIPP-ით, ნახიჩევანთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა სრულად სომხეთის იურისდიქციაში იქნება, თუმცა მართვა ამერიკის კომპანიის მეშვეობით განხორციელდება.

რაც შეეხება სხვა დაინტერესებული მხარეების პოზიციას, TRIPP-ის პროექტს განსაკუთრებით ირანი ეწინააღმდეგება. თეირანი „ზანგეზურის დერეფნის“ ვერსიასაც ეწინააღმდეგებოდა, იმის შიშით, რომ სომხეთი სამხრეთ საზღვრზე კონტროლს დაკარგავდა, რის შედეგადაც ირან-სომხეთის საზღვარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. ასევე ირანი მიიჩნევდა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება ირანს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის მიღმა დატოვებდა, რადგან აზერბაიჯანი დასავლეთთან დაკავშირებას ირანზე გავლის გარეშე მოახერხებდა. 2025 წლის 25 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, ერევანში ვიზიტისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ირანი ეწინააღმდეგება იმ დერეფნის გახსნას, რომელმაც შესაძლოა სომხეთთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი შეუწყვიტოს. თუმცა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების, რაც შეიძლება, სწრაფად ხელმოწერას, რაც რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი იქნება. 8 აგვისტოს შემდეგ კი, როდესაც ცნობილი გახდა რეგიონში აშშ-ის ჩართულობის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „საკომუნიკაციო ქსელების შექმნა მოემსახურება რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას, როდესაც ეს მოხდება საერთო ინტერესების ფარგლებში, რეგიონის ქვეყნების ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით და უცხო ჩარევის გარეშე.“ აბას მუსავიმ, ირანის ყოფილმა ელჩმა ბაქოში და პრეზიდენტის სპიკერის მოადგილემ, ტრამპის პირდაპირი ჩართულობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების საკითხში, „საინტერესოდ, შეურაცხმყოფლად და საშიშად“ შეაფასა.

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა არ შედის მოსკოვის ინტერესებში. მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნა და ურთიერთობის ნორმალიზება, რაც, ერთი მხრივ, ერევნისთვის ეკონომიკურ-ენერგეტიკული დივერსიფიკაციის საშუალება იქნება და შეამცირებს რუსეთზე  მის დამოკიდებულებას. მეორე  მხრივ კი, სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გავლენას გაზრდის, რაც რუსეთისთვის ძალთა ბალანსის მის საწინააღმდეგოდ გადანაწილებას ნიშნავს. TRIPP-ზე შეთანხმების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსეი ფადეევმა განაცხადა, რომ რუსეთი TRIPP-ზე პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც პროექტის დეტალებს შეისწავლიან. ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში  გარე ძალების ჩართულობა ხელს უნდა უწყობდეს სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლას და არ უნდა შექმნას ახალი პრობლემები და ახალი გამყოფი ხაზები. საინტერესოა ისიც, რომ ფადეევმა ისაუბრა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობაზეც და რუსი მესაზღვრეების სიუნიქის რეგიონში ყოფნაზეც, რაც დაასახელა მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ ფაქტორად, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების შემუშავებაში.

მიუხედავად იმისა, რომ TRIPP-ი ფართოდ წარმოჩინდა, როგორც სომხეთის სუვერენიტეტთან თანხვედრაში მყოფი პროექტი, კრიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ ის სრულად მაინც ვერ უზრუნველყოფს სომხეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. მაგალითად, ამერიკული კონსორციუმისთვის 99 წლით ექსკლუზიური განვითარების უფლების მინიჭება და გარკვეული ფუნქციების გადაცემა შეიძლება ძირს უთხრიდეს სომხეთის სუვერენტიეტს სამხრეთ სიუნიქის რეგიონზე. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ TRIPP-მა შეიძლება „ტროას ცხენის“ როლი შეასრულოს აზერბაიჯანის, ამერიკისა და ისრაელის გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის, ხოლო პრორუსული და ნაციონალისტური ჯგუფები სომხეთში ამტკიცებენ, რომ ის აზერბაიჯანსა და თურქეთს ირიბად გადასცემს მარშრუტის კონტროლს.

 

აზერბაიჯანისა და სომხეთის განსხვავებული რიტორიკა

2025 წლის 18 აგვისტოს ფაშინიანმა ვრცელი გამოსვლა მიუძღვნა ვაშინგტონში შეთანხმებულ მშვიდობის გეგმასა და მის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თანახმად, 8 აგვისტოს სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის მშვიდობა დამყარდა. მან ხაზი გაუსვა მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორივე ლიდერმა დაადასტურა შემდგომი ძალისხმევის საჭიროება, შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიცირებისათვის. ფაშინიანმა ასევე განაცხადა: „დღეს სომხეთი არის იმაზე სუვერენული და დამოუკიდებელი, ვიდრე ოდესმე ყოფილა...სომხეთი, ბოლო 500 წლის განმავლობაში, ყველაზე დამაიმედებელ პერიოდშია და ყველაზე თავდაჯერებულია თავის მომავალში.“ 20 ოქტომბერს მან გამოთქვა მზაობა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული განგრძობითი პრობლემები, მათ შორის, სომხეთის კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები, მოგვარდეს უკვე პარაფირებული შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის ეტაპზე.

სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი აგრძელებს კონფრონტაციულ პოლიტიკასა და რიტორიკას სომხეთის წინააღმდეგ. 21 აგვისტოს, შეთანხმების პარაფირებიდან რამდენიმე დღეში, ალიევმა სომეხ საზოგადოებას „დაავადებული“ („sick“) უწოდა, რადგან, მისი თქმით, ისინი, მთიანი ყარაბაღის პირველი ომიდან მოყოლებული, ჩართული არიან მასობრივ ნგრევაში, ძარცვასა და სავარაუდო ბარბაროსობის ფაქტებში. კიდევ ერთი განცხადება, რომელმაც  აზერბაიჯანის განზრახვა სომხეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებისადმი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ალიევმა ნოემბერში გააკეთა. მისი თქმით, ადრეული მეოცე საუკუნის რუსული იმპერიის რუკები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ტოპოგრაფიული დასახელება აზერბაიჯანული წარმომავლობისაა - „სევანის ტბა ისტორიულად არ არსებობდა და მას „გოგჩა“ ეწოდებოდა.“ ალიევის განცხადებით, სომხები ირანიდან და აღმოსავლეთ ანატოლიიდან ცარისტულმა რუსეთმა წამოიყვანა და ისინი ყარაბაღის რეგიონში დაასახლა. ამავე კონტექსტში ისაუბრა ალიევმა სომხეთის ამჟამინდელ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელების დაბრუნების შესახებ, რაც „არა ტანკებით, არამედ ავტომობილებით“ უნდა მოხდეს. თუმცა 2025 წლის 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კოორდინაციას უწევს და აფინანსებს „დასავლეთ აზერბაიჯანის“ ნარატივის წინ წამოწევას. „დასავლეთ აზერბაიჯანი“ მიემართება სომხეთის მთლიან ტერიტორიას. აღნიშნული კამპანია საჯაროდ ჰუმანიტარული მცდელობების სახელითაა ფორმულირებული, რაც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელების დაბრუნებას სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ კამპანიას აშკარა ირედენტისტული მახასიათებლები აქვს, რამაც შეიძლება საფუძველი შეუქმნას პოტენციურ ტერიტორიულ დავებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანის დომინანტურ პოზიციას ასევე კარგად გამოხატავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, ჰიქმეთ ჰაჯიევის, მიერ ვაშინგტონის სამიტის შემდეგ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, „პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოიგო ომი - ახლა ის იგებს მშვიდობას“. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პარაფირებული შეთანხმების ტექსტის ავტორი აზერბაიჯანია.“

აზერბაიჯანის ეს განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ის აგრძელებს ექსპანსიონისტურ რიტორიკას, რაც ხელს არ უწყობს ბაქოსა და ერევანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის ჩამოყალიბების მცდელობებს. შესაძლოა განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი, რომელთა გამოც აზერბაიჯანი ამგვარ პოლიტიკას ახორციელებს. პირველ რიგში, სავარაუდოა, რომ ალიევისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარ მოსახლეობაში აქტიურად გაავრცელოს აზერბაიჯანის სომხეთზე გამარჯვების ნარატივი, რასაც შეიძლება ემსახურებოდეს განცხადებები, რომ აზერბაიჯანია ის, ვინც მშვიდობის ტექსტი შეიმუშავა და შემდეგ მშვიდობა „მოიგო.“ აღნიშნული აძლიერებს მის პოპულარობას, მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას ქვეყნის შიგნით.

აზერბაიჯანის ამგვარი რიტორიკა შეიძლება აიხსნას ე.წ. მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკით. ერთი მხრივ, აზერბაიჯანი სომხეთს აგრესიული და ექსპანსიონისტური გზავნილებით აშინებს, რომ, თუ დათმობაზე არ წავა (მათ შორის, კონსტიტუციის ცვლილება), აზერბაიჯანისგან საფრთხე დაემუქრება. მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანისთვის არაა ხელსაყრელი სომხეთში რევანშისტული ძალების (ოპოზიცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ჩააბარა და მისი დაბრუნება აუცილებელია) ხელისუფლებაში მოსვლა. ამის გამო, აზერბაიჯანი ცდილობს, თავისი მოქმედებებით სომხეთს  აზერბაიჯანისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიაღებინოს, მაგრამ ამავდროულად, არ დაუშვას სომხეთის ხელისუფლებაში მეტად აგრესიული ძალების მოსვლა. ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანი ფაშინიანს „აძლევს საშუალებას“, საზოგადოებასთან გაამართლოს თავისი მშვიდობის პოლიტიკა. მაგალითისთვის, თუ ის შეცვლის კონსტიტუციას და დათმობს ტერიტორიებს, სანაცვლოდ მიიღებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ კავშირებს, მეზობელ ქვეყნებთან სატრანსპორტო ქსელების გახსნის ხარჯზე.

 

შეჯამება

ვაშინგტონში 2025 წლის აგვისტოში მიღწეული პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია, რომელიც ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციით აღიარებულ საზღვრებს ეფუძნება და ძალის გამოყენებაზე უარს ამბობს. მიუხედავად ამ პროგრესისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით ინიციირებული TRIPP-ის სატრანსპორტო პროექტისა, რომელიც სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნებას გულისხმობს, სტაბილურობა რეგიონში კვლავ მყიფეა. ძირითად გამოწვევებს შორისაა გადაუწყვეტელი ტერიტორიული დავები, სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულის ცვლილების საკითხი (რომელიც ბაქოს ტერიტორიულ პრეტენზიად მიაჩნია) და აზერბაიჯანის მოთხოვნა, სომხეთის ტერიტორიიდან მესამე ძალების გაყვანის შესახებ. ფაშინიანის მშვიდობის დღის წესრიგი და კონსტიტუციის შეცვლის დაანონსებული რეფერენდუმი აზერბაიჯანისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, კონფრონტაციული რიტორიკა ნდობის ნაკლებობას ამწვავებს. ალიევის ეს ქმედებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც "მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის დათანხმებას დათმობებზე, მშვიდობის გარანტიის სანაცვლოდ. საბოლოო ჯამში, სამშვიდობო შეთანხმების ბედი დამოკიდებულია მხარეების მზადყოფნაზე, გადალახონ უნდობლობა და იპოვონ კომპრომისული გადაწყვეტა ტერიტორიულ და კონსტიტუციურ საკითხებზე, ასევე მართონ რეგიონში გარე აქტორების გავლენა, რათა თავიდან აიცილონ ახალი კონფრონტაცია და უზრუნველყონ გრძელვადიანი სტაბილურობა.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ლიკა ხუციბერიძე