კავკასიის ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა (1-ლი კვარტალი, 2026 წელი)
სამხრეთ კავკასიაში პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის ეკონომიკა 3.4%-ით გაფართოვდა. შედარებისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.6% იყო. ამ პერიოდში რეგიონის ეკონომიკის გაფართოების ტემპის შენელება დიდწილად უკავშირდება აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპს, რაც კავკასიის ეკონომიკის ½ -ზე მეტია. ამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, მეტწილად, ნავთობის წარმოების ვარდნაა, რაც, თავის მხრივ, აზერბაჯანის ეკონომიკის მესამედს შეადგენს.

საგარეო ვაჭრობა ზრდის მამოძრავებელი ფაქტორია. რეგიონის ეკონომიკები ღიაა, რაც ეკონომიკურ განვითარებაში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან როლს განაპირობებს. 2026 წლის პირველ კვარტალში კავკასიის სავაჭრო ბრუნვამ 20 849.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6%- ით ჩამორჩება. ამ კუთხით, მიმდინარე წლის დასაწყისში ვაჭრობის დინამიკა გაუარესდა. ამ პერიოდში ზრდის დინამიკა საქონლის ექსპორტს ახასიათებს. 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 2.7%- ით გაიზარდა. თუმცა, ამავდროულად, იმპორტი 13.4%- ით შემცირდა, რაც, ნავთობის ინდუსტრიის გამო, აზერბაიჯანიდან ექსპორტის ღირებულების შეკუმშვას უკავშირდება.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები მნიშვნელოვანი წყაროა კავკასიაში (განსაკუთრებით - საქართველოში) ადგილობრივი მოხმარებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. 2026 წლის პირველ კვარტლის ბოლოს რეგიონის კომერციული ბანკების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა 68 134.2 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 17.9%-ით გაზრდილია. სესხების მოცულობის წლიური ზრდის დინამიკა ამ პერიოდში შედარებით გაუარესებულია, რადგან გასული წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 19.4%-ს შეადგენდა.

ინფლაცია რეგიონის ცენტრალური ბანკების გამოწვევად რჩებოდა, რადგან 2026 წლის პირველ კვარტალში ფასების საერთო დონის ზრდა მეტწილად სამიზნე მაჩვენებელს აღემატებოდა. სამომხმარებლო ფასების ზრდის კუთხით, შედარებით პოზიტიური მდგომარეობა სომხეთში იყო, ხოლო ნეგატიური - აზერბაიჯანში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კავკასიის წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.8%-ია, რაც წინა პერიოდებთან შედარებით, აჩქარებულია. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უმეტესად უცვლელი რჩებოდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.