კითხვები აკადემიურ ხარისხთან - პლაგიატის პრობლემა საქართველოში
ფოტო: www.freepik.com
უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში აქტიურად განიხილება პლაგიატის, იგივე ე.წ. „აკადემიური სიყალბის“ საკითხი. თემა საყოველთაო განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი გიორგი შარვაშიძე პლაგიატში დაადანაშაულეს და მისი აკადემიური კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. „თავისუფლების მონიტორის“ რეპორტაჟის თანახმად, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში, წყაროს მითითების გარეშე, სრულად კოპირებულია „ღია საზოგადოება - საქართველოს“ 2002 წლის პუბლიკაცია: „საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები“. აღნიშნული პუბლიკაციის მომზადებაში ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 15 (მათ შორის ქართველი) ექსპერტი, ჯგუფს თავად გიორგი შარვაშიძე ხელმძღვანელობდა. დოკუმენტის ბაზაზე, საქართველოს პარლამენტმა 2002 წელს დადგენილებაც მიიღო: „საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. გიორგი შარვაშიძემ წაყენებული ბრალდებები უარყო და თსუ-ს სადისერტაციო ჯგუფს პლაგიატის გამოსავლენი პროგრამით “Turnitin”-ით ნაშრომის შემოწმებისთვის მიმართა. როგორც მოგვიანებით უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროგრამამ მხოლოდ 8%-იანი პლაგიატი დაადგინა და აღნიშნულიც, მხოლოდ, საკანონმდებლო დადგენილება იყო, შესაბამისად, უნივერსიტეტმა რექტორის დისერტაცია პლაგიატად არ მიიჩნია. მოგვიანებით, თსუ-ს პროფესორმა, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს“ მიმართა და გიორგი შარვაშიძის ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება ითხოვა. ილიას უნივერსიტეტის დასკვნით, იმავე “Turnitin”-ის პროგრამით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება „ღია საზოგადოების“ დოკუმენტის ტექსტი და ის სადისერტაციო ნაშრომის 34%-ს შეადგენს. ილიას უნივერსიტეტის დასკვნითვე, გამოვლენილი გარემოება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას.
თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელის ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, მისთვის ბუნდოვანია თუ რატომ განსხვავდება თსუ-ს და ილიას უნივერსიტეტის შედეგები ერთმანეთისგან. ის რაც თსუ-ს სადისერტაციო კომისიისთვის ბუნდოვანია, ნათელია საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, განსხვავებით ილიას უნივერსიტეტისგან, თსუ-ს შემოწმებისას ბაზაში არ შეუტანია „ღია საზოგადოების“ ის დოკუმენტი, რომლის პლაგიატშიც ადანაშაულებენ რექტორს.
“Turnitin“ პლაგიატის აღმოჩენის ელექტრონული სისტემაა, რომელიც მითითებული ნაშრომის შემოწმებას უნივერსიტეტების ბაზებსა და ღია რესურსებზე წვდომით ახორციელებს და პლაგიატის პროცენტულ ზომას ადგენს, ამის შემდგომ უკვე თემის ხელმძღვანელი ან/და შესაბამისი კომისია ადგენს აღმოჩენილი დამთხვევა არის თუ-არა შესაბამისი აკადემიური წესით დამოწმებული, საბოლოოდ, დგება დასკვნა კონკრეტული ნაშრომის უნიკალურობა/პლაგიატობასთან დაკავშირებით. როდესაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტში შარვაშიძის ნაშრომს პროგრამულად ამოწმებდნენ, სავარაუდოდ, არ მომხდარა ბაზაში იმ ბროშურის ატვირთვა, რომელიც, შესაძლოა, კოპირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სადისერტაციო ნაშრომში. მიუხედავად აღმოჩენილი გარემოებისა და ილიას უნივერსიტეტის დასკვნასთან მკვეთრი შეუსაბამობისა, თსუ-ს სადისერტაციო ჯგუფი აღარ აპირებს ნაშრომის გადამოწმებას. როგორც ჩანს, უნივერსიტეტისათვის ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ სახელმწიფო უნივერსიტეტი დაადგენდა/დაადგენს, რომ გიორგი შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატია და შესაბამისად, მას ჩამოერთმეოდა/ჩამოერთმევა დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაშინ ის, კანონის თანახმად, ვეღარ დაიკავებს რექტორის თანამდებობას. თსუ-ს წესდების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: „რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს“.
სახელმწიფო აკადემიური სივრცის ხელმძღვანელი არ არის, თუმცა დიდი გამოხმაურება მოჰყვა „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით. როგორც ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, ივანიშვილის სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც მან 1987 წელს მოსკოვში, „შრომის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში“ დაიცვა, არც შინაარსობრივად, არც სტრუქტურულად არ შეესაბამება მინიმალურ აკადემიურ სტანდარტებს. გარდა ამისა, მათი მოსაზრებით, ნაწერი შეიცავს პლაგიატის ნიშნებს, კერძოდ, ის საეჭვოდ ემთხვევა ევგენი ნოვოჟილოვის ორი წლით ადრე დაცულ დისერტაციას იმავე თემაზე. 2020 წლის 24 იანვარს ინსტიტუტმა „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ მიმართა, ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შემოწმება და კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევა სთხოვა. მსგავსი შემთხვევები და საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა გამოხმაურებები აჩვენებს, რომ ძალიან ნელა, თუმცა მაინც, პლაგიატის და აკადემიური არაკეთილსინდისიერების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერება და უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება.
Merriam Webster-ის ლექსიკონი პლაგიატიზმს განმარტავს, როგორც სიტყვების, აზრებისა და იდეების ქურდობას, სხვისი ნაშრომის მითვისებას და წყაროს მითითების გარეშე გამოყენებას. ქართული უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, პლაგიატი (იგივე მოტაცება), ლიტერატურული ან სხვა ნაწარმოების მითვისებაა, ნაშრომში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ავტორის დაუსახელებლად. როგორც არ უნდა განვმარტოთ პლაგიატი და მის რომელ სახესთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, საბოლოო ჯამში, პლაგიატი მაინც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აკადემიური დანაშაულია და აკადემიური არაკეთილსინდისიერების კლასიკურ სახეს წარმოადგენს. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების უმრავლესობაში, პლაგიატიზმის შემთხვევების გამოვლენის დროს, სტუდენტის ნაშრომი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, ხოლო უმეტეს შემთხვევაში, აკადემიური დანაშაულის სიმწვავიდან გამომდინარე, პლაგიატის ავტორი ირიცხება უნივერსიტეტიდან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პლაგიატის პრევენციის, მისი აღმოჩენის და მასზე რეაგირების ერთიანი საერთაშორისო მიდგომა არ არსებობს. ცალკეული ქვეყნები და უნივერსიტეტები თავად წყვეტენ რა შემთხვევაში ითვლება კონკრეტული შრომა პლაგიატად და როგორი უნდა იყოს მასზე რეაგირების ფორმები. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, რეაგირება უკვე მოპოვებული აკადემიური ხარისხის ჩამორთმევაა, ზოგჯერ აკადემიური კურსით უკან დახევა, ჯარიმა, უნივერსიტეტიდან გარიცხვა, 2012 წელს ინდოეთში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც დელის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის მიერ განხორციელებული პლაგიატი სისხლისსამართლებრივ დანაშაულად კვალიფიცირდა და სამ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. 2013 წელს პლაგიატთან დაკავშირებული პრობლემის გამო ჰარვარდის უნივერსიტეტი დაატოვებინეს 70-მდე სტუდენტს და ა.შ. პლაგიატი გაცნობიერებული დანაშაულია, ალბათ, სწორედ ამიტომ არიან უნივერსიტეტები ამდენად მკაცრი აკადემიურ კანონდამრღვევთან მიმართებით. რაც შეეხება სკანდალში გახვეულ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, თითქმის ყველა გახმაურებული შემთხვევა პლაგიატთან დაკავშირებით, ევროპაში ხარისხის ჩამორთმევით დასრულდა, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მაღალჩიონოსანი გადადგა თანამდებობიდან. თუმცა, იშვიათად, თითქმის ვერ აღმოაჩენთ შემთხვევას უნივერსიტეტების რექტორები ეხვეოდნენ მსგავს სკანდალებში.
საქართველოში პლაგიატი კანონით არ რეგულირდება, სახელმწიფო აღნიშნული საკითხის დელეგირებას თავად უნივერსიტეტებზე ახდენს, რომლებიც, თავის მხრივ, წესდების შესაბამისად არეგულირებენ პლაგიატის საკითხს. ზემოთ გამოთქმულ აზრს, უნივერსიტეტების მკაცრ მიდგომასთან დაკავშირებით, ფორმალურად საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი დაგიდასტურებთ, თუმცა, რეალურად, პრაქტიკაში განსხვავებული შედეგებიც დგება. პლაგიატის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ჩატარებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა, „ღია საზოგადოება-საქართველოს“ 2016 წლის კვლევამ: „პლაგიატის პრობლემა და მისი აღქმა საქართველოში“ - აჩვენა, რომ პლაგიატის შესახებ ინფორმირებულობის პრობლემა მწვავედ დგას საქართველოს უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით სტუდენტებში, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა ხშირად არ იციან მათ უნივერსიტეტებში რაიმე სახით რეგულირდება თუ-არა აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხები, უმეტეს შემთხვევაში, როგორც უნივერსიტეტებს შორის, ისე ინდივიდუალურად უნივერსიტეტში საქმე გვაქვს არაერთგვაროვან მიდგომასა და პრაქტიკასთან, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში - შერჩევით სამართალთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგი აგებს პასუხს პლაგიატზე, ზოგი კი - არა. პლაგიატის საკითხზე, რომ ნაკლებად ფიქრობს ქართული აკადემიური სივრცე, ეს მის ფენომენზე ნაშრომების სიმწირითაც ადვილად შეიმჩნევა, რთულად თუ მოიძებნება აკადემიურ ბაზებში პლაგიატის შესახებ ნაშრომი ან/და საინფორმაციო ბროშურა მაინც.
პლაგიატის მიმართ არასაკმარისი ცოდნა და დაბალი მგრძნობელობა საზოგადოებაში, რაც თავის მხრივ, ითარგმნება ამ საზოგადოებით დაკომპლექტებულ უნივერსიტეტებში, საბოლოო ჯამში, ბევრ აკადემიურ თაღლითს ახალისებს. განათლების სფეროს ერთ-ერთი ექსპერტის აზრი, რომ დავისესხოთ, უნივერისტეტებში „ყველა ნაშრომი, რომ შევამოწმოთ პროფესორების გარეშე დავრჩებით“. ძნელია აღნიშნულ აზრს არ გაუსწორო თვალი, მაგრამ აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ აკადემიურად გამართული და კეთილსინდისიერი პროფესორებიც მრავლადაა უნივერსიტეტებში.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ თავად უნივერსიტეტებს აქვთ კანონისმიერიც და მორალური ვალდებულებაც იყვნენ ამ საკითხის პოპულარიზაციის და აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის ფლაგმანები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ აკადემიურ ქურდსა და შრომის ბაზრისთვის შეუსაბამო კადრს მივიღებთ მომავალში.