ქართული მედიის გამოწვევები - შეუქცევადი პროგრესის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა
ფოტო: www.unsplash.com
2012 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არჩევნების გზით პირველად შეიცვალა, საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისა და განმტკიცების მოლოდინი გაჩნდა. პროგრესი, სხვა სფეროებთან ერთად, უნდა ასახულიყო მედიის თავისუფლების ხარისხზეც, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია. 2012 წლისთვის მედიის თავისუფლების კუთხით, საკმაოდ ბევრი პრობლემა და გამოწვევა იყო დაგროვილი, ახალ ხელისუფლებას კი ჰქონდა შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შეეცვალა არსებული ვითარება. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში ეს ასეც მოხდა, თუმცა შემდგომ, განსაკუთრებით აღნიშნული პარტიის მეორე ვადით (საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში) არჩევის შემდეგ, პროგრესი შეჩერდა. დღეს კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ნახსენები შესაძლებლობა (ამ ეტაპზე მაინც) ხელიდან არის გაშვებული.
გამოთქმულ მოსაზრებას საფუძვლად უდევს საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის მაჩვენებლები სხვადასხვა მსოფლიო რეიტინგის მიხედვით. გლობალური მასშტაბით ცნობილი და სანდო ორგანიზაციების რეიტინგებში, როგორიცაა Reporters Without Borders, Freedom House და IREX, უკანასკნელ წლებში, იკვეთება თითქმის იდენტური რეგრესის ტენდენცია ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ. ქვემოთ განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მედიის თავისუფლების დასადგენად Reporters Without Borders შვიდ კრიტერიუმს იყენებს. ესენია: პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა, ზოგადი მედია გარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ჩარჩო, ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესზე გავლენის მქონე ინსტიტუტების გამჭვირვალობა, ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესში გამოყენებული ინფრასტრუქტურა და ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ჟურნალისტების მიმართ. მონაცემები გროვდება ქვეყნებში მედიის სფეროში დასაქმებულთა, ადვოკატების და სოციოლოგების გამოკითხვების საფუძველზე, აგრეთვე, მხედველობაში მიიღება საანგარიშო პერიოდში ამა თუ იმ ქვეყანაში ჟურნალისტებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა რაოდენობა. აღნიშნული შვიდი ინდიკატორის გამოთვლით, მედიის თავისუფლების საერთო ინდექსი დგება, შკალაზე 0-დან 100-მდე, სადაც 0 საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 100 - ყველაზე უარესი.
შენიშვნა: 2008 წელს, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუარესებული ინდექსი და პოზიცია გამოიწვია რუსეთ-საქართველოს ომმა, რომელსაც რამდენიმე ჟურნალისტი ემსხვერპლა. 2008 წელს საქართველოს პოზიციების გაუარესება მედიის შესახებ სხვა ინდექსებშიც ფიქსირდება, რაც, გარკვეულწილად, ასევე საომარ მოქმედებებს უკავშირდება.
გრაფიკიდან ჩანს, თუ როგორ უმჯობესდებოდა მედიის თავისუფლების ინდექსი 2013-2015 წლებში და როგორ შენელდა ეს პროგრესი შემდეგ წლებში, ხოლო 2019 წელს, წინა ოთხ წელთან მიმართებით, გაუარესდა კიდეც.
რაც შეეხება Freedom House -ის მედიის თავისუფლების გლობალურ რეიტინგს, აქ ქვეყნები შეფასებულნი არიან შკალაზე 0-დან 100-მდე, სადაც 0 საუკეთესოს, ხოლო 100 ყველაზე ცუდი შედეგის მაჩვენებელია. 2017 წლის მონაცემებით, Freedom House იკვლევდა 199 ქვეყნის/ტერიტორიული ერთეულის მედიის თავისუფლებას. ეს ინდექსიც გამოკითხვას ეფუძნება და წარმოდგენილია ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: მედია გარემოზე (პრესა, სამაუწყებლო და ონლაინ მედია) მოქმედი სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები. შედეგების მიხედვით, ქვეყნები იყოფიან შემდეგ კატეგორიებად: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი, არათავისუფალი. საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია.
ისევე როგორც წინა განხილულ ინდექსში, ტენდენცია Freedom House -ის შემთხვევაშიც თითქმის იგივეა - გაუმჯობესება 2013-14 წლებში, ხოლო შემდეგ ისევ რეგრესი.
საერთაშორისო ორგანიზაცია IREX (International Research & Exchanges Board) ითვლის მედიის მდგრადობის ინდექსს. ამისთვის ორგანიზაცია ხუთ ინდიკატორს იყენებს: სიტყვის თავისუფლება, პროფესიული ჟურნალისტიკა, ახალი ამბების პლურალიზმი, ბიზნესის მენეჯმენტი და ინსტიტუტების მხარდაჭერა. ქვეყნები იზომებიან შკალაზე 0-დან 4-მდე. 0-1 ნიშნავს არათავისუფალ პრესას, 1-2 - არამდგრადი, შერეული სისტემა, 2-3 - თითქმის მდგრადი და 3-4 - მდგრადი.
ეს ინდექსიც, ფაქტობრივად, იმეორებს ზემოთ განხილული ორგანიზაციების მიერ ნაჩვენებ ტენდენციას - „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში - პროგრესი, შემდგომ - გაუარესებული მაჩვენებელი. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, ჰგავს ყოფილი ხელისუფლების დროინდელ ვითარებასაც.
ქართული მედიაგარემოს გამოწვევებზე საუბრისას, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები და აგრეთვე Human Righs Watch, ბოლო წლების განმავლობაში, ძირითადად, შემდეგ საკითხებზე მიუთითებდნენ: გაუმართავი ინფრასტრუქტურა, თვითცენზურა, პოლარიზებული გარემო, მედიასაშუალებათა მფლობელების მიერ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა, სამი პროსახელისუფლებო ტელევიზიის („იმედი“, „მაესტრო“, GDS) გაერთიანება, მთავრობის სავარაუდო მცდელობები, რათა შეეცვალათ საზოგადოებრივი და კერძო მაუწყებლების ხელმძღვანელები თუ მფლობელები და ამ გზით მათი სარედაქციო პოლიტიკა, მცდელობები და ინიციატივები ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან, რომ შემოეღოთ კანონები, რომლებიც შეასუსტებდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ასევე, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე დავა, ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვა და ბრალდებები მისი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ მთავრობა მათ ფინანსურ წყაროებს უკეტავდა, „მთავარი არხის“ დირექტორის და ტვ „პირველის“ მფლობელის მამის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საკითხი - აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში გატაცების საქმე, რომელიც საბოლოოდ აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მიმოხილულ ინდექსებში სრულად ჯერ კიდევ არ ასახულა 2019 წლის ივნისის მოვლენები, როცა საპროტესტო აქციის დაშლისას 32 ჟურნალისტი დაშავდა. ეს ფაქტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო შეასუსტებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ როგორც მიმოხილულ პრობლემათა არასრული ჩამონათვალი გვიჩვენებს, ქართულ მედიას აქვს ობიექტური პრობლემებიც (პატარა სარეკლამო ბაზარი, მცირე შემოსავლები და არცთუ განვითარებული ინფრასტრუქტურა), თუმცა მრავლად არის ისეთი საკითხები რომელთა მოგვარება უფრო ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას უკავშირდება, ვიდრე სხვა განსაკუთრებულ ძალისხმევას. ალბათ, სწორედ ამ უკანასკნელში უნდა ვეძიოთ შეუქცევადი პროგრესის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის მიზეზები.