რას და რატომ ვერ ვსწავლობთ ავტოკრატიებზე?
შესავალი
კაცობრიობა მთელი გლობალური ისტორიის უდიდესი ნაწილი ავტოკრატიებში ცხოვრობდა. დღესაც, მსოფლიოს ერების დაახლოებით 40 პროცენტს ავტორიტარული რეჟიმები მართავენ (Geddes, Wright, Frantz, 2018). ამის მიუხედავად, ლიბერალურ დემოკრატიული პარადიგმა იმდენად დომინანტურია, რომ ავტოკრატიების აკადემიური კვლევებიც განიცდიან მის აშკარა თუ შეფარულ გავლენას (Przeworski, 2022).
ლიბერალური დემოკრატია არა მხოლოდ ნორმატიულ-თეორიულ დონზე უპირისპირდება ავტოკრატიებს როგორც უკეთესი (საუკეთესო) პოლიტიკური რეჟიმი, არამედ იდეოლოგიური პოლემიკის დონეზეც. ამას გარდაუვლად მოსდევს გავლენა ცოდნის სისტემებზეც, იმდენად, რომ ის მიკერძოებაშიც კი გადაიზრდება. ავტოკრატიების შესახებ ცოდნა დიდი ხნის განმავლობაში იყო ნეგატიური ფორმის, თავად ავტორიტარული რეჟიმები კი ლიბერალურ დემოკრატიებთან პოლემიკურ შეპირისპირებაში და ამ უკანასკნელის ნორმატიულ მოთხოვნებთან კონფლიქტში იყვნენ დანახული (Dimitrijevic, 2021).
ბოლო ათწლეულებში მიდგომებისა და მეთოდების ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ცოდნა ავტოკრატიების შესახებ. დღეს ავტორიტარული რეჟიმები და პოლიტიკური პრაქტიკები მრავალი აკადემიური დისციპლინის ფოკუსში არიან მოქცეულები. ავტოკრატიებმა მოიპოვეს შესწავლის დამოუკიდებელი საგნის სტატუსი, თუმცა ჯერ კიდევ სრულად ვერ მიაღწიეს ლიბერალური დემოკრატიის პერსპექტივისგან დამოუკიდებელ ფოკუსს. ავტოკრატიებთან სერიოზული ინტელექტუალური შეჭიდების თანმდევი რიტუალი ხშირად ისევ მათი მორალურ-პოლიტიკური დაგმობა და ლიბერალურ დემოკრატიებთან მიმართებით, მათი ნორმატიული ქვემდგომობის ჩვენებაა.
ეს მიდგომა პრობლემურია არა აუცილებლად იმიტომ, რომ ნორმატიულად მცდარია. პირიქით, ჩვენ შეიძლება გვჯეროდეს ლიბერალური დემოკრატიის მორალურ-პოლიტიკური აღმატებულობის, თუმცა ავტოკრატიების ამ პერსპექტივიდან შეფასება, გვაკარგვინებს ცოდნას მათი უნიკალური მახასიათებლების შესახებ. წინასწარ გამზადებული ლიბერალურ დემოკრატიული ნორმატიული ჩარჩო მხოლოდ ნაწილობრივ გამოდგება ავტოკრატიების რეალობის დასაგმობად, თუმცა გამოუსადეგარია ამ რეალობის მრავალი ელემენტის ასახსნელად და გასააზრებლად.
მეტიც, ის რაც ამ ჩარჩოში აუხსნელია, უბრალოდ დაუნახავი რჩება ან როგორც უმნიშვნელო უგულებელყოფილია. შესაბამისად, ამ მიდგომით მიზანს ვერც ის აღწევს ვინც ავტოკრატიულ რეჟიმებს იმიტომ სწავლობს, რომ მათ უპირისპირდება. მხოლოდ დაგმობა ასეთ რეჟიმებს ვერაფერს აკლებს. თავის მხრივ, რაც ნაკლები იციან მათზე მოწინააღმდეგეებმა, მით უფრო მეტია ავტოკრატიების სიცოცხლისუნარიანობის შანსებიც.
მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სავსებით გასაგებია, როგორც ზოგადად ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებების მქონე, ისე ავტოკრატიაში მცხოვრები ადამიანის ეს ინტელექტუალური თვალსაზრისით ხშირად კონტრპროდუქტიული მიდგომა. ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით კი მათ თანამედროვე ნაირსახეობებთან ხანგძლივ და უშედეგო დაპირისპირებას ხშირად იმედგაცრუება და სასოწარკვეთა მოსდევს.
ემოციები, მათ შორის მორალურად საფუძვლიანიც, ცოდნისა და შემეცნების კარგ მეგზურობას ვერ სწევენ (Sajó, 2021). სოციალურ მეცნიერებებში კვლავ გვხვდება მიდგომა, რომ ავტოკრატიების სერიოზული შესწავლა, ამ რეჟიმების თვითაღქმების, პრაქტიკების, წესებისა თუ ინსტიტუტების მოცემულობად მიღება და ანალიზი ნორმატიული კრიტიკის გარეშე მიუღებელია. ცხადია, ასევე გასაგებია ამ მიდგომის საფუძველიც-ავტორიტარული რეჟიმების შესწავლა არ უნდა გადაიქცეს მათ აპოლოგიად ან მათი ნორმატიული გამართლების მცდელობად.
ამ რისკის არსებობის მიუხედავად, სამეცნიერო მეთოდების მკაცრი ნორმატიული ფილტრისათვის დაქვემდებარება მაინც უარყოფითი შედეგების მომტანია. ავტოკრატიებზე ცოდნის შემცირება და არასრულყოფილება არც ნორმატიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის ხელსაყრელი. ეს პოზიცია არ ნიშნავს, რომ ნორმატიულმა პოლიტიკურმა თეორიამ უარი უნდა თქვას ლიბერალური დემოკრატიის გამართლებისა და მისი უპირატესობის დემონსტრირებაზე. ნორმატიულ პოლიტიკურ თეორიას ამაში მხოლოდ დაეხმარება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებიდან მიღებული ცოდნა ავტოკრატიებზე.
შეიძლება ითქვას, რომ ავტოკრატიებზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დაგროვილი მზარდი ცოდნის ერთ-ერთი ხელშემწყობი სწორედ მიდგომის ასეთი ცვლილებებია. თუმცა, ნაგულისხმევი მეთოდოლოგიური დაშვებების დონეზე კვლავ რჩება ძლიერი ლიბერალურ დემოკრატიული ნორმატიული ფილტრი, რომელიც ართულებს ავტოკრატიული რეჟიმების შესწავლას.
ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე ასეთ პრობლემურ საკითხზე, რომელიც ერთი მხრივ საკვანძოა ავტოკრატიების გასაგებად, მეორე მხრივ კი მათზე ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივი ცოდნა არსებობს, სწორედ აქ აღწერილი მეთოდოლოგიური წინაღობების გამო. ესენია: ავტოკრატიების საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რეჟიმის მხარდაჭერის განმსაზღვრელი ფსიქოლოგიური მექანიზმები და ავტორიტარული რეჟიმების მოშლის შედეგები და გამომწვევი ფაქტორები.
რას გვეუბნება კონტროლირებადი/მანიპულირებული არჩევნები?
ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებითი პრიზმიდან განსაკუთრებით რთულია იმის აღიარება, რომ ავტორიტარული რეჟიმები შესაძლოა სახალხო მხარდაჭერით სარგებლობდნენ (Sajó,2021). ფუნდამენტური დაშვება ავტოკრატიების სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ეფუძნება რწმენას, რომ ასეთ რეჟიმებს ადამიანები რეპრესიისა და პროპაგანდით შექმნილი მცდარი წარმოდგენების გამო ეგუებიან. „თუ ‘ტვინგამორეცხილები’ და ‘ინდოქტრინირებულები’ არ არიან, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ხალხი ავტოკრატს უჭერს მხარს?“ (Przeworski, 2022).
ეს შეხედულება ასევე ასახულია ავტოკრატიის თანამედროვე ფორმალურ მოდელებში. ამ მოდელების თანახმად, ავტოკრატი (ინდივიდი ან კოლექტივი) იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს (რეპრესია, კოოპტაცია, პროპაგანდა და ა.შ.) იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. სტაკელბერგის ეკვილიბრიუმის თამაშთა თეორიული მოდელის მიხედვით, ავტოკრატი ირჩევს ამ ინსტრუმენტების ოპტიმალურ კომბინაციას გარკვეული შეზღუდვების პირობებში (Guriev and Treisman 2019).
ადამ პრზევორსკის კრიტიკული მოსაზრებით, თამაშთა თეორიის ამ მოდელში, ხარჯი და სარგებელი, რომლებსაც ავტოკრატი აფასებს ეგზოგენურადაა განსაზღვრული (Przeworski, 2022). ეს პრზევორსკის პერსპექტივიდან ასევე ხაზს უსვამს ავტოკრატიების ენდოგენური ფაქტორების ცოდნის ნაკლებობას მათ მიერ, ვინც ასეთ თეორიულ მოდელებს აგებენ და გამოიყენებენ.
პრზევორსკი კრიტიკისკან არც საკუთარ ადრინდელ პოზიციებს ზოგავს, რომლის მიხედვითაც, დიქტატორები იმიტომ არიან დიქტატორები, რომ მათ არჩევნების მოგება არ შეუძლიათ. ბოლო ათწლეულებში ეს მტკიცება ემპირიულად სრულად გამცდარებულია, მათ შორის თავად პრზევორსკისვე კვლევებით (Przeworski, 2015). ეს ნაშრომები აჩვენებენ, რომ ავტოკრატებს რომლებიც არჩევნებს ატარებენ, ნებისმიერი სახით, მათ შორის ერთპარტიულ არჩევნებს, ძალაუფლებაში უფრო ხანგრძლივად დარჩენის შანსები აქვთ, ვიდრე მათ ვინც არჩევნებს საერთოდ არ ატარებენ (Cox, 2008; Geddes, 2009).
აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა რომ ავტოკრატიების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგულარულ არჩევნებს ატარებს. პოლიტიკის მეცნიერებაში უკვე დამკვიდრებული რეჟიმის ტიპები „საარჩევნო ავტორიტარიზმი“ (Schedler, 2013) ან „კონკურენტული ავტორიტარიზმი“ (Levitsky and Way, 2010) ამ განვითარების კიდევ ერთი დადასტურებაა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიამ მოცემულობად მიიღო ავტოკრატიებში ჩატარებული არჩევნები, მას მაინც უჭირს მათი სრულად სერიოზულად მიღება, მით უფრო მათი ახსნა და ინტერპრეტაცია.
პირველი რეაქცია ავტოკრატიაში გამართულ არჩევნებზე ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებითი პრიზმიდან მათი მნიშვნელობის იგნორირებაა. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ თუნდაც დახურული ავტოკრატიის ერთპარტიული და არაკონკურენტული არჩევნები ზრდიდნენ ძალაუფლების ყურადღებას ადამიანთა საჩივრების მიმართ. ამ გზით, დახურული ავტოკრატიებიც ცდილობენ მოსახლეობისთვის საკუთარი კომპეტენციის დადასტურებას და მოსახლეობაში საკუთარი მხარდაჭერის გაზრდას (Lueders, 2022).
სურათი კიდევ უფრო რთულდება ისეთ საარჩევნო ავტოკრატიებში, რომლებიც ატარებენ მრავალპარტიულ და კონკურენტულ, თუმცა კონტროლირებად და მანიპულირებულ არჩევნებს. ის ავტორებიც კი რომლებიც ასეთ არჩევნებს სპექტაკლად მოიხსენიებენ (Schedler, 2013), აღიარებენ ამ არჩევნების არსებით მნიშვნელობას რეჟიმის შინაგანი „კონსტიტუციისა“ და სიცოცხლისუნარიანობისთვის.
თავის მხრივ, კონტროლირებადი/მანიპულირებადი არჩევნების ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით კი მათი შედეგების მიხედვით რეჟიმისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზომვა ძალზედ რთულია. თითქმის შეუძლებელია რეჟიმისადმი ავთენტიკური მხარდაჭერის გამიჯვნა ძალადობითა და მანიპულაციით მიღებული მხარდაჭერისგან. თუმცა ეს შეუძლებლობა ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ კონტროლირებადი/მანიპულირებადი არჩევნები საერთოდ არ გამოხატავს რეჟიმისადმი საზოგადოების მხარდაჭერას.
მაშინ როგორ უნდა წავიკითხოთ მანიპულირებული/კონტროლირებადი არჩევნები? ტიმოთი ფრაი, ცდილობს ამ კითხვას პასუხი გასცეს პარადიგმატული საარჩევნო ავტოკრატიის, პუტინის რუსეთის მაგალითზე. როგორც ფრაი აღნიშნავს:
- „ავტოკრატიული არჩევნები იმაზე მეტს მოიცავს ვიდრე ყოვლისშემძლე მმართველის მიერ საბოლოო შედეგის კარნახი ან პასიური საზოგადოების მიერ შედეგების მორჩილად მიღებაა. არჩევნები ხშირად ნაკლებადაა იმაზე თუ ვის ექნება ძალაუფლება (ისინი საკმარისად გაყალბებულია იმისთვის, რომ ამაზე პასუხი წინასწარ ვიცოდეთ) და უფრო მეტად ემსახურება ძალაუფლებაში მყოფებისა და მათი პარტიის პოპულარობის გაზომვას პოტენციურ მეტოქეებთან მიმართებით. ამომრჩეველთა აქტიურობის დონე, გამარჯვების პროცენტული ზღვარი და შედეგის მისაღებად აუცილებელი გაყალბების მასშტაბი ბევრ რამეს გვეუბნება ძალაუფლების მქონეებისა და მათი მოწინააღმდეგეების ფარდობით სიძლიერეზე.
- ... კრემლმა შეძლო გამკლავებოდა ავტოკრატიული არჩევნებისთვის დამახასიათებელ შინაგანად გადასახდელ ფასებს. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ კრემლი არჩევნების გაყალბებას იყენებს როგორც დიდი ისე მცირე მასშტაბებით, თუმცა ეს არ არის სრული ამბავი. კრემლი ასევე აღიარებს გადაჭარბებულ გაყალბებასთან დაკავშირებულ რისკებს, ცდილობს შექმნას „პატიოსანი მხარდაჭერა“ და ხაზი გაუსვას არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას.“ (Frye, 2021, 68-69)
„პატიოსან მხარდაჭერასა“ და „საჭირო გაყალბებას“ შორის ეკვილიბრიუმს რეჟიმი განსაზღვრავს. ფრაი არ გვთავაზობს ფორმალიზებულ თამაშთა თეორიის მოდელს, თუმცა სარგებლისა და დანახარჯის კალკულუსის ენდოგენური სურათი დამკვირვებლისთვის მაინც უცნობი რჩება. შესაბამისად, მიუხედავად სიმარტივისა, მანიპულირებადი არჩევნების მნიშვნელობის ეს ახსნაც ექვემდებარება პრზევორსკის ზემოთ განხილულ კრიტიკას. ფრაის თანახმად, 2012 წლის შემდეგ, პუტინის რეჟიმი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად მუდმივად ზრდიდა „საჭირო გაყალბების“ წილს. თუმცა ეს ასევე არ ნიშნავს ეკვილიბრიუმიდან „პატიოსანი მხარდაჭერის“ სრულად გაქრობას.
ავტოკრატიული არჩევნები არც რეჟიმისადმი მხარდაჭერის ნამდვილი საზომია და არც ერთადერთი გენერატორი, თუმცა რასაც არსებული ცოდნა გვიჩვენებს ის ამ მხარდაჭერის ნაწილობრივი მაჩვენებელი და ერთ-ერთი გენერატორი შეიძლება იყოს. თუმცა კონტროლირებადი/მანიპულირებადი არჩევნების სერიოზულ გამოკვლევას აფერხებს არა მხოლოდ ლიბერალურ დემოკრატიული წინასწარგანწყობა, არამედ ობიექტური მეთოდოლოგიური სირთულეებიც, რომელიც „ავთენტიკური“ მხარდაჭერის იძულებითი და მანიპულაციური შედეგებისგან გამიჯვნას ახლავს თან.
ავტოკრატიის მხარდაჭერის ფსიქოლოგიური საფუძვლები და მექანიზმები
მაინც, შესაძლებელია თუ არა ავტოკრატიას, განსაკუთრებით კი ავტოკრატიის მიერ წარმოებულ რეპრესიებს ავთენტიკური საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდეს? სოციალური მეცნიერებები გასცდნენ პროპაგანდით ტვინგამორეცხილი და ცენზურით სიმართლეს მოწყვეტილი მოსახლეობის მარტივ ხატს. ავტოკრატიისადმი ავთენტიკური მხარდაჭერის აღმოჩენა ან ემპირიულად დემონსტრირება უფრო ადვილია ვიდრე მისი გამომწვევი ფაქტორების ახსნა.
ავტოკრატიულ რეჟიმებს შეუძლიათ რეპრესიების მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია, როდესაც ისინი საზოგადოებაში ჯგუფებს შორის დაყოფებს იყენებენ და ერთი ჯგუფის ჩაგვრისას ამ ჯგუფისადმი მტრულად განწყობილი დაჯგუფებების მხარდაჭერის მობილიზაციას ახერხებენ (Przeworski, 2022; Gronfeldt, et al, 2021). თუმცა თანამედროვე ავტოკრატიები გამოყენებული ინსტრუმენტების ეკვილიბრიუმში სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობიან ღია ძალადობისა და რეპრესიის ფორმებს (Scheppele, 2018).
ავტოკრატიული რეჟიმები იყენებენ მათზე დამოკიდებულების შექმნის ისეთ მეთოდებს, რომელიც არ მოიცავს იძულებასა და რეპრესიას. მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულებას მზარდად ფსიქოლოგიური ხასიათი გააჩნია (Furedi, 2021) და მანიპულაციურ ტექნიკებს იყენებს (პროპაგანდისა და საინფორმაციო მანიპულაციების სხვა მეთოდებს მიღმაც) (Feldman, Mérola and Dollman, 2021). მანიპულაციის პრობლემა იმაშია, რომ განსაზღვრული დოზით ის ყოველთვისაა ინტერპერსონალური კომუნიკაციის ნაწილი. მაშინ რა განსხვავებაა მაგალითად პროპაგანდებს შორის დემოკრატიულ და ავტოკრატიულ საზოგადოებებში?
შეგვიძლია თუ არა ვამტკიცოთ, რომ პრზევორსკის კრიტიკა ზუსტია და წინასწარგანწყობის ბრალია, რომ ის რაც დემოკრატიულ რეჟიმებში „დარწმუნებად“ მიიჩნევა, ავტოკრატიებში „მანიპულაციად“ წარმოჩინდება? თავად პრზევორსკი არ უარყოფს პროპაგანდის, ცენზურისა და სხვა საინფორმაციო მანიპულაციების გავლენას რეჟიმის მდგრადობაზე, თანამედროვე „საინფორმაციო ავტოკრატიებში“ (Guriev, 2019). თუმცა ისევ ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა ავტოკრატიების მიღწევების, მათ შორის ეკონომიკური მიღწევების წამყვან როლს რეჟიმის მხარდაჭერასა და მდგრადობაში, მანიპულაციებთან შედარებით (Przeworski, 2022).
ემპირიულად დადასტურებულია, რომ თანამედროვე ავტოკრატიებს, მაგალითად ჩინეთს ან პუტინის რუსეთს აქვთ ეკონომიკური მიღწევები. შესაძლოა საკამათო იყოს ამ მიღწევებში თავად რეჟიმის როლი, მაგრამ ეს მიღწევები შესამჩნევია მოსახლეობის ფართო მასების მიერ, რამდენადაც კორუფციისა და მაღალი უთანასწორობის მიუხედავად, ამ რეჟიმების პირობებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
როდესაც ასეთი გაუმჯობესება შესამჩნევია და ემპირიული მოცემულობაა, მაშინ როგორც პრზევორსკი ამბობს, პროპაგანდა მოქმედებს როგორც „დამატკბობელი“. პროპაგანდის მიზანი ასეთ დროს ამ გაუმჯობესების ექსკლუზიურად რეჟიმზე მიწერაა. ეს კი მიიღწევა იმითაც, რომ ყველა უარყოფითი მოვლენა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს მიეწერებათ.
ფრაი ამ სტრატეგიას ზედმიწევნით ზუსტად აღწერს პუტინის რუსეთის მაგალითზე. 2000-იან წლებში ნავთობის ზრდადი ფასი იყო რუსეთის ეკონომიკური ბუმის მთავარი ძრავი. პროპაგანდამ მოახერხა რომ ეს ბუმი და მისი დადებითი შედეგები სრულად რეჟიმის დამსახურებად ყოფილიყო აღქმული. როგორც რუსული პროპაგანდის დამკვირვებლები აღწერენ, ცუდ ამბებს ცენზურა არ ეხებოდა, თუმცა მათი წარდგენა აუდიტორიისადმი იმგვარად ხდებოდა, რომ მათი უარყოფითი გავლენა დაეკნინებინათ და რაც მთავარია მათზე ბრალეულობა სრულად რეჟიმის შიდა და გარე მტრებისთვის დაეკისრებინათ (Frye, 2021).
შესაბამისად, პრზევორსკის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, რუს მოქალაქეს რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შეიძლება (პროპაგანდის მანიპულაციით) შეცდომით სწამს, რომ ეს სრულად პუტინისა და მისი რეჟიმის დამსახურებაა, მაგრამ თავად მისი გაუმჯობესებული მატერიალური სტატუსი არ არის პროპაგანდის მიერ მანიპულირებული და შესაბამისად ყალბი.
თუ ეს ასეა, მაშინ როდესაც ეს მოქალაქე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში პუტინს იწონებს ან მას არჩევნებში მხარს უჭერს, შეგვიძლია თუ არა რომ მისი მხარდაჭერა მანიპულირებულად მივიჩნიოთ? ამ კითხვაზე ნათელი პასუხის არარსებობაც, სწორედ ავტოკრატიების შესწავლის სირთულის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
მანიპულაციის მიღმაც, ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული კოგნიტური სტრატეგიები, როგორც რეჟიმის მხარდასაჭერი და რეჟიმთან ადაპტაციის (როგორც აქტიური, ისე პასიური) ქცევების გასამართლებლად. რეჟიმის მხარდამჭერს ან წარმომადგენელს არ არის აუცილებელი სწამდეს ამ რეჟიმის სიკეთის ან მისი იდეოლოგიის. მეტიც, ის შეიძლება აღიარებდეს კიდეც რეჟიმის ნაკლებს და თავის თანამონაწილეობას რეჟიმის „შიგნიდან გარდაქმნის“ აუცილებლობით ამართლებდეს.
კიდევ უფრო მარტივია რეჟიმთან ადაპტაციის გამართლება ე.წ. „მდუმარე მასების“ მიერ. ადამიანები თავს მანიპულირებულად ნაკლებად გრძნობენ როდესაც არჩევანის შესაძლებლობა ეძლევათ. შეგუება იმასთან რომ არჩევანის დიაპაზონი შეზღუდულია გაცილებით მარტივია, ვიდრე იმასთან შეგუება რომ არჩევანი არ გაქვს. პრზევორსკის მინიშნებით, თანამედროვე ავტოკრატიები სწორედ არჩევანის დიაპაზონის შეზღუდვის დონეზე მუშაობენ წარმატებით (Przeworski, 2022).
მთავარია, რომ ავტოკრატიებმა არჩევანის დიაპაზონის შეზღუდვაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება მოახერხონ. თუ ამას წარმატებით აღწევენ, მაშინ კოგნიტურად უფრო ადვილად შესაძლებელს ხდიან, რომ ადამიანებმა ავტოკრატიების მიერ შეთავაზებული სტატუს კვო აირჩიონ (თუნდაც პასიური ადაპტაციის გზით) და ეს არჩევანი თავსმოხვეულად არ იგრძნონ.
ავტოკრატიების დაცემა და დემოკრატიზაციის შემთხვევითობა
ავტოკრატიებს შეუძლიათ სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის მიღწევა. თუმცა, მათაც ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ რეჟიმებს ბევრი სისუსტე აქვთ, რომლებმაც მათი კოლაფსი შეიძლება გამოიწვიონ. ლიბერალურ დემოკრატიული პრიზმა მიდრეკილი იყო ამ კოლაფსის მთავარ გამომწვევად მასობრივი დემოკრატიული საპროტესტო მობილიზაცია დაენახა, ისევე როგორც რეჟიმის კოლაფსის შემდგომი დემოკრატიზაცია გარდაუვალ პროცესად.
არსებული ცოდნა ავტორიტარული რეჟიმების ტრაექტორიების შესახებ აღნიშნულ შეხედულებებს მნიშვნელოვნად ამცდარებს. მასობრივი საპროტესტო მობილიზაცია ყოველთვის არ არის რეჟიმის კოლაფსის გამომწვევი. ასევე, ავტორიტარული ელიტების მიერ რეჟიმის შიგნიდან მოშლაც არ არის ამ რეჟიმების კოლაფსის ექსკლუზიური წყარო. ზოგჯერ საპროტესტო მოძრაობები ძლიერდება ავტორიტარული ელიტების მოშლით, ან ეს ელიტები იშლება საპროტესტო მოძრაობების გავლენით, ამდენად შედეგი ამ ორი ფაქტორის ერთდროულად მოქმედებით დგება (Przeworski, 2022).
თავის მხრივ, არც ავტორიტარული რეჟიმების შემდგომი დემოკრატიზაციაა გარდაუვალი. მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმის შიდა რყევებს შესაძლოა მოსდევდეს ლიდერის ცვლილება, რომელიც რეჟიმს არ ცვლის. მაშინაც კი როდესაც ლიდერის ცვლილებას რეჟიმის ცვლილება მოყვება, ხშირად ეს ავტოკრატიის ერთი სახიდან მეორეში გადასვლაა და არა დემოკრატიზაციაა.
გედესი, ვრაითი და ფრანცი (Geddes, Wright, Frantz, 2014) აანალიზებენ 1946-2010 წლებში 280 ავტორიტარული რეჟიმის ტრაექტორიას მსოფლიოში. მათი მიგნებით, ავტოკრატიებში ლიდერის ცვლილების მხოლოდ ორმოცდახუთი პროცენტი დასრულდა რეჟიმის ცვლილებით. ავტორიტარული რეჟიმების კოლაფის შემთხვევების ორმოცდაათ პროცენტზე მეტი ავტოკრატიის ერთი ფორმიდან სხვა ფორმაში გადასვლით დასრულდა. საბოლოოდ, ავტორიტარულ რეჟიმებში ლიდერის ცვლილების მხოლოდ ოცდახუთ პროცენტზე ნაკლებ შემთხვევებში გვქონდა დემოკრატიზაციის შედეგი.
გედესი, ვრაითი და ფრანცი, ასევე გვაძლევენ ავტორიტარული რეჟიმების კლასიფიკაციას პერსონალისტურ და ინსტიტუციონალიზებულ (პარტიული და სამხედრო) ავტორიტარულ რეჟიმებად. ავტორიტარული რეჟიმის ქვეტიპი მნიშვნელოვანია დემოკრატიზაციის შანსის განსასაზღვრად. რეჟიმის კოლაფსის შემდეგ დემოკრატიზაციის შედარებით მაღალი შანსები აქვთ პარტიულ და სამხედრო ავტოკრატიებს, ყველაზე დაბალი შანსი კი პერსონალისტურ ავტოკრატიებს.
ამასთანვეა კავშირში ყოფილი ავტორიტარული ლიდერების ტრანზიციის შემდგომი ბედიც. სამხედრო და პარტიულ რეჟიმებში, მათი ინსტიტუციონალიზაციიდან გამომდინარე უფრო მაღალი შანსია, რომ ყოფილ ლიდერებს ცუდი ბედი არ ეწიოთ (სიკვდილი, პატიმრობა, გახიზვნა) მაშინაც კი, როდესაც ტრანზიცია სხვა ტიპის ავტოკრატიაში ხდება. ამისგან განსხვავებით, პერსონალისტურ ავტოკრატიებში ჩამოგდებულ ლიდერებს ცუდი ბედი პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ და მათი გადარჩენის მცირე ალბათობა არსებობს.
შესაბამისად, ავტოკრატიების ტრაექტორიების შესახებ ახალი ცოდნა გვიბიძგებს უფრო ფრთხილი ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით მოვეკიდოთ ავტოკრატიაში, განსაკუთრებით კი პერსონალისტურ ავტოკრატიაში, რეჟიმის ცვლილების, განსაკუთრებით კი დემოკრატიზაციის შესაძლებლობებს.
დასკვნა
მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, ავტოკრატიების შესახებ ჩვენი ცოდნა კვლავ მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ამის გამომწვევი ნაწილობრივ არის კოგნიტური და იდეოლოგიური მიკერძოებები, თუმცა ისინი გამყარებულია ობიექტური ფაქტორებითაც, რომლებიც ავტოკრატიების შესწავლას აფერხებენ.
ავტოკრატიების მიმართ სერიოზული აკადემიური მიდგომა აუცილებლობით არ გულისხმობს ავტოკრატიის, როგორც რეჟიმის ლეგიტიმაციას. სოციალური და პოლიტიკური მეცნიერი, რომელიც ავტოკრატიას სწავლობს, იმავდროულად არ ქმნის ავტოკრატიის ნორმატიულ თეორიას.
ამ სტატიაში აღწერილი სირთულეები ცხადია ამომწურავი ვერ იქნება, თუმცა გვაჩვენებს რამდენად შეზღუდულია ჩვენი არსებული ცოდნა ავტოკრატიის ცენტრალურ საკითხებზე, რაც თავის მხრივ, ართულებს როგორც ავტოკრატიის ნორმატიულ კრიტიკას, ისე ავტორიტარულ რეჟიმებთან პრაქტიკულ პოლიტიკურ დაპირისპირებას.
ბიბლიოგრაფია:
Cox, Gary W. “Authoritarian Elections and Leadership Succession, 1975-2004.” (2009).
Dimitrijevic, Nenad, Illiberal Regime Types, in Routledge Handbook of Illiberalism, edited by Sajó, András, et al. Routledge (2021).
Feldman, Stanley, Merola, Vittorio, Dollman Justin, The Psychology of Authoritarianism and Support for Illiberal Policies and Parties, in Routledge Handbook of Illiberalism, edited by Sajó, András, et al. Routledge (2021).
Frye, Timothy, Weak Strongman: The Limits of Power in Putin's Russia, Princeton University Press, 2021.
Furedi, Frank, Psychological Construction of the Illiberal Subject, in Routledge Handbook of Illiberalism, edited by Sajó, András, et al. Routledge (2021).
Geddes, Barbara, Joseph Wright, and Erica Frantz. How Dictatorships Work: Power, Personalization, and Collapse. Cambridge: Cambridge University Press, 2018. doi:10.1017/9781316336182.
Geddes, Barbara, Joseph Wright, and Erica Frantz. “Autocratic Breakdown and Regime Transitions: A New Data Set.” Perspectives on Politics 12, no. 2 (2014): 313–31. doi:10.1017/S1537592714000851.
Geddes, Barbara. “How Autocrats Defend Themselves Against Armed Rivals.” (2009).
Gronfeldt, Bjarki, Cichocka, Aleksandra, Marchlewska, Marta, Cislak, Aleksandra, Illiberal Politics and Group-Based Needs of Recognition and Dominance, in Routledge Handbook of Illiberalism, edited by Sajó, András, et al. Routledge (2021).
Guriev, Sergei, and Daniel Treisman. 2019. "Informational Autocrats." Journal of Economic Perspectives, 33 (4): 100-127.
Levitsky, Steven, and Lucan A. Way. Competitive Authoritarianism: Hybrid Regimes after the Cold War. Problems of International Politics. Cambridge: Cambridge University Press, 2010. doi:10.1017/CBO9780511781353.
LUEDERS, HANS. “Electoral Responsiveness in Closed Autocracies: Evidence from Petitions in the Former German Democratic Republic.” American Political Science Review 116, no. 3 (2022): 827–42. doi:10.1017/S0003055421001386.
Przeworski, Adam. "Acquiring the Habit of Changing Governments Through Elections." Comparative Political Studies, (2015). https://doi.org/10.1177/0010414014543614.
Przeworski, Adam. “Formal Models of Authoritarian Regimes: A Critique.” Perspectives on Politics, 2022, 1–10. doi:10.1017/S1537592722002067.
Sajó, András. Ruling by Cheating: Governance in Illiberal Democracy. Cambridge Studies in Constitutional Law. Cambridge: Cambridge University Press, 2021. doi:10.1017/9781108952996.
Schedler, Andreas, The Politics of Uncertainty: Sustaining and Subverting Electoral Authoritarianism, Oxford Studies in Democratization (Oxford, 2013; online edition, Oxford Academic, 26 Sept. 2013), https://doi.org/10.1093/acprof:oso/9780199680320.001.0001.
Scheppele, Kim L., Autocratic Legalism, University of Chicago Law Review: Vol. 85: Iss. 2, Article 2 (2018).