პუბლიკაციები

მთავრობის ზომის შეფასება

შესავალი

საქართველოში მთავრობის ზომის საკითხი ადრეული პერიოდიდან აქტუალურია. ორი ათწლეულის წინ, ხელისუფლებაში ყოფილი პოლიტიკური ძალის გაცხადებული მიმართულებას მთავრობის ზომის შემცირება წარმოადგენდა, რამაც მომდევნო წლებში, ახალი ხელისუფლების პირობებშიც აქტუალობა შეინარჩუნა. ამჟამინდელი ხელისუფლების შემთხვევაში, მთავრობის ზომის შემცირების პოლიტიკური ნება მკაფიოდ IX მოწვევის პარლამენტის მიერ განხილულ, 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში გამოვლინდა. სამთავრობო პროგრამის ცალკეული თავი მცირე მთავრობას ეთმობოდა. პროგრამის მიხედვით, მცირე მთავრობის ხედვა სტრუქტურულ ოპტიმიზაციას და ფისკალური პარამეტრების ცვლილებას (მმართველობითი ხარჯების რეალური კლება) გულისხმობდა.

ამავე პერიოდში რიგი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, მთავრობის სტრუქტურული ცვლილება, რომლის შედეგადაც რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდა. პარლამენტის მიერ განხილულ დოკუმენტში ფისკალური პარამეტრების ცვლილება კი არა მყისიერი, არამედ ეტაპობრივი პროცესი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია გავაანალიზოთ მთავრობის ზომის დინამიკა  ფისკალური მაჩვენებლების საშუალებით. აღნიშნული  მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებაზე. კერძოდ, ჩვენი ამოცანაა განვიხილოთ ემპირიული ლიტერატურა მთავრობის ზომის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და კორუფციაზე.

 

მთავრობის ზომა და ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკურ ზრდასა და მთავრობის ზომას შორის კავშირის ემპირიული შესწავლა ადრეულ პერიოდს უკავშირდება, სადაც ნაჩვენებია მთავრობის ზომის უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე (Landau, 1983; Landau, 1985; Grier & Tullock, 1989).  ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ მთავრობის ზომას და ეკონომიკურ ზრდას შორის არაწრფივი კავშირია (Barro, 1990;  Karras, 1997; Asimakopoulos& Karavias, 2016). ადრეული წლების ემპირიული ლიტერატურა Nijkamp და Poot (2004) მეტა-ანალიზის ტექნიკის გამოყენებით შეაჯამეს. მოგვიანებით ჩატარებულმა მეტა-ანალიზმა, 87 ემპირიულ ლიტერატურაზე დაყრდნობით აჩვენა, რომ მთავრობა ზომას უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, რაც მკვეთრად გამოხატულია განვითარებულ ეკონომიკებში. ამგვარი გავლენა მეტად მძლავრია მაშინ, როდესაც მთავრობის ზომის საზომად სამთავრობო მოხმარებაა გამოყენებული (Churchill et al., 2016).

მომდევნო წლებში განხორციელებული მეტა-ანალიზები ეკონომიკურ ზრდაზე მთავრობის ცალკეულ ხარჯებსა და გადასახადების გავლენას უკავშირდება. Churchill და Yew (2017)-მა 23 ემპირიულ კვლევის მეტა-ანალიზით დაადგინეს, რომ მთავრობის სოციალურ ტრანსფერებს უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.  მთავრობის გადასახდელების კიდევ ერთი კომპონენტის - სამხედრო ხარჯებისა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირზე ოთხი ძირითადი ჰიპოთეზა არსებობს: H1 - სამხედრო დანახარჯები ამცირებს ეკონომიკურ ზრდას;  H2 - სამხედრო ხარჯები საზიანოა განვითარებადი ეკონომიკების ზრდისთვის; H3 - სამხედრო დანახარჯებს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა გააჩნია;  H4 - სამხედრო დანახარჯების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე არაწრფივია.  ამ კუთხით, 32 ემპირიულ ლიტერატურაზე დაფუძნებულმა მეტა-ანალიზმა  H1 და H2  უარყო, ხოლო H3 და H4-ს მხარდაჭერა მოუპოვა (Alptekin & Levine, 2012). Churchill et al. (2017) მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ განვითარებულ ქვეყნებში  განათლებაზე მთავრობის დანახარჯს ეკონომიკურ ზრდაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია, ხოლო ასეთი რამ განვითარებადი ეკონომიკების შემთხვევაში ნაპოვნი არ არის. გარდა ამისა, განვითარებული ქვეყნების ემპირიული ლიტერატურის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ გადასახადებს უარყოფითი გავლენა გააჩნია ეკონომიკურ ზრდაზე (Alinaghi & Reed, 2020).

 

მთავრობის ზომა და კორუფცია

კორუფციას უარყოფითი გავლენა გააჩნია ეკონომიკური ზრდაზე, რომლის პირველი ემპირიული შესწავლა Mauro (1995)-ს ეკუთვნის. მან აჩვენა, რომ კორუფცია ამცირებს ინვესტიციებს, რაც ეკონომიკური ზრდის კლებაში აისახება. კორუფცია ხელს უწყობს გაურკვევლობას, რომელიც ეკონომიკურ აგენტებს უფრო ფრთხილებს ხდის და აიძულებს გადადონ ან შეამცირონ ინვესტიციები. ეს ეფექტი ვრცელდება სხვადასხვა სექტორებში, რომლის შედეგი ეკონომიკური აქტივობის შემცირებაა (Bernanke, 1983; Baker et al., 2016). თავად  კორუფცია, ფართო გაგებით, პირადი სარგებლისთვის საჯარო უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა. შესაბამისად, კორუფცია არსებობს იქ, სადაც საჯარო პირებს (პოლიტიკური პოზიცია იქნება ეს თუ ბიუროკრატიული) აქვთ პირდაპირი პასუხისმგებლობა საჯარო სერვისების მიწოდების ან გააჩნიათ ინდივიდების და ფირმების რეგულირების ძალაუფლება (Rose-Ackerman, 1997). აქედან გამომდინარე, კორუფციის დეტერმინანტი პოლიტიკური სტრუქტურა, მთავრობის ჩარევის მოცულობა, საჯარო სექტორის ზომა, საგადასახადო სისტემა და სხვა ფაქტორებია.  ჩამოთვლილთაგან ფართოდ შესწავლილი მთავრობის ზომასა და კორუფციას შორის დამოკიდებულებაა. ემპირიული ლიტერატურა მიუთითებს, რომ მთავრობის ზომის ზრდა კორუფციის ზრდასთან ასოცირდება (Goel and Nelson, 1998; La Porta et al., 1999; Montinola and Jackman, 2002; Arvate et al., 2010; Afonso and de Sá Fortes Leitão Rodrigues, 2021), ხოლო თუკი დემოკრატიის დაბალი დონეა, მაშინ ეს გავლენა უფრო მაღალია (Kotera et al., 2012).

 

მთავრობის ზომის შეფასება

მთავრობის ზომის შესაფასებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული ინდიკატორი ბიუჯეტის გადასახდელების ფარდობაა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) (Cameron, 1978; Mann, 1980; Berry & Lowery, 1984; Rodrik, 1998; Adserà & Boix, 2002; Dreher et al., 2007; Eterovic & Eterovic, 2012). გადასახდელები მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებს მოიცავს. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების მშპ-სთან მიმართებით საშუალოდ 27.2%-ია, რაც ბოლო წლებში გაზრდილია. 2018 წელს გადასახდელები მშპ-სთან მიმართებით 27.2% იყო.  ეს მაჩვენებელი მომდევნო წელს 29.0%-მდე გაიზარდა, ხოლო უკვე 2021 წელს აღნიშნულმა 31.4% შეადგინა (იხ. გრაფიკი 1). თუმცა, ამ ინდიკატორით საქართველოში მთავრობის ზომა უფრო დაბალია, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების. ამ ქვეყნებში გადასახდელების წილი მშპ-სთან, საშუალოდ, 39.9%-ია (იხ. გრაფიკი 2), შედარებით დაბალი და მათ შორის, საქართველოს მაჩვენებელზე,  26.5% ირლანდიაშია (OECD, 2022). 2002-21 წლებში დანახარჯების ზრდა მიმდინარე ხარჯებს უკავშირდება, რომელიც მთლიანი ხარჯების, საშუალოდ, 83.1% იყო. 2021 წელის მიმდინარე ხარჯების მოცულობამ 14 767.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე წლის მშპ-ს 24.5%-ია, ხოლო ბოლო ოცი წლის მანძილზე, საშუალოდ, 22.5%-ს შეადგენს. ამ პერიოდში წმინდა კაპიტალური ხარჯები მშპ-ს, საშუალოდ, 4.7%-ს აღწევს (იხ. გრაფიკი 1).

მთავრობის ზომის კიდევ ერთი საზომი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების ფარდობაა მშპ-სთან (Kourtellos et al., 2019). ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურებას და საქონელი და მომსახურების ნაწილს მოიცავს.   2002-21 წლებში ადმინისტრაციული ხარჯების საშუალო ფარდობითი მაჩვენებელი 8.9%-ია, რაც 2021 წელს 7.0%-მდეა  შემცირებული (იხ. გრაფიკი 3).

თავის მხრივ, მთავრობის ხარჯების ზრდა დიდწილად სოციალური დაცვის ნაწილს უკავშირდება, რომელიც 2007-21 წლებში მშპ-ს, საშუალოდ, 6.2%-ია.  აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წლიდან მკვეთრად გაზრდილია.  2021 წელს სოციალური დაცვის ხარჯები 4 696.0 მლნ ლარი იყო, რაც მთლიანი გადასახდელების 24.3%, ხოლო მშპ-ს 7.8% იყო. ამ პერიოდში მკვეთრი კლება თავდაცვის ხარჯებს ახასიათებს. 2007-21 წლებში თავდაცვის დანახარჯები მშპ-სთან მიმართებით, საშუალოდ, 3.1%-ია. 2007 წელს თავდაცვისუნარიანობის ხარჯები მშპ-ს 8.4% იყო. ამ წლის შემდეგ აღნიშნული ხარჯების ფარდობითი მაჩვენებელი კლებადია. 2021 წელს თავდაცვის ხარჯებმა მშპ-ს 1.7% შეადგინა. ასეთი კლების ტენდენციაა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების დანახარჯებშიც. 2007-21 წლებში, საშუალოდ, 3.3%-ია, რაც 2021 წელს 2.3%-მდეა შემცირებული (იხ. გრაფიკი 6).

ემპირიულ ლიტერატურაში მთავრობის ზომის შეფასებისთვის გადასახადების მოცულობაც ხშირად გამოიყენება (Easterly & Rebelo, 1993; Bleaney et al., 2001; Angelopoulos et al., 2007; Arnold et al., 2011; Afonso & Jalles, 2013; Jaimovich & Rebelo, 2017). კერძოდ, გადასახადებიდან შემოსავლების მშპ-სთან ფარდობა.  აღნიშნული ასახავს მიმდინარე პერიოდში მთავრობის მიერ ფისკალური ინსტრუმენტებით ეკონომიკიდან ამოღებული რესურსების მოცულობას. ბოლო ორ ათწლეულში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს, საშუალოდ, 21.9%-ია, რაც 2021 წელს 22.2%-ს შეადგენდა. ამ კუთხით, 2007-17 წლებთან შედარებით, შემოსავლები გადასახადების ფარდობითი დონე შემცირებულია (იხ. გრაფიკი 4). თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს საქართველოში მოქმედი საკონსტიტუციო შეზღუდვა, რაც გადასახადებს უკავშირდება. კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით, გადასახადების ზრდა ან ახლის შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით არის შესაძლებელი. გამონაკლისი მხოლოდ აქციზის გადასახადია.

შედარებით ნაკლებად, მაგრამ ემპირიულ ლიტერატურაში მთავრობის ზომის შესაფასებლად გამოყენებულია ეროვნული ანგარიშებიდან სამთავრობო მოხმარება (Landau, 1983; Alesina & Wacziarg, 1998), რაც დანახარჯების მიხედვით, რეალური მშპ-ს კომპოზიციაა.  2010-21 წლების რეალურ ეკონომიკაში სამთავრობო მოხმარების წილი, საშუალოდ, 14.7%-ია, რაც 2021 წელს 16.3%-მდეა გაზრდილი. ამ პერიოდში, მთლიანი ეკონომიკა, საშუალოდ, 4.2%-ით იზრდებოდა, ხოლო სამთავრობო მოხმარება, საშუალოდ, 4.7%-ით (იხ. გრაფიკი 5).

მთავრობის ზომის შესაფასებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი შრომის ბაზარია. კერძოდ, საჯარო სექტორის დასაქმების მაჩვენებელი. ეს უკანასკნელი საქართველოს შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სერვისების მიწოდებას არამხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიებიც ახორციელებენ.  ამგვარ აქტივობების ხარჯებს ნაერთი ბიუჯეტი არ ფარავს.  2010-21 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 248.9 ათასი პირია, რომელიც მთლიანი დასაქმების, საშუალოდ, 22.9%-ია. 2021 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 301.5 ათასი პირი იყო, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 24.8%-ია (იხ. გრაფიკი 7).

 

დასკვნითი შენიშვნები

განხილული ემპირიული ლიტერატურა ცალსახა შედეგებს არ ასახავს. თუმცა, უმეტესწილად ეკონომიკურ ზრდაზე მთავრობის ზომის უარყოფით გავლენას აჩვენებს. კორუფციის შემთხვევაში კი პირიქით,  მთავრობის ზრდა კორუფციის ზრდასთან ასოცირდება.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მთავრობის ზომა არ მცირდება. ფართოდ გამოყენებული ინდიკატორებით, გრძელვადიან პერიოდში, მთავრობის ზომა უცვლელი ტენდენციით ხასიათდება, რომლის მიზეზი მოქმედი და გაუქმებული ფისკალური დისციპლინაა. 2019 წლამდე ფისკალური წესები მოიცავდა გადასახდელების 30.0%-იან ზედა ზღვარს, რომლის გაუქმების შემდეგ, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები გაიზარდა. თუმცა, ამ უკანასკნელის კომპონენტში - ადმინისტრაციულ ხარჯებში კლების ტენდენციაა. მიმდინარე ხარჯების ზრდა კი სოციალური ტრანსფერებს უკავშირდება, რომელიც 2010 წლიდან მკვეთრად გაზრდილია.

მართალია ფისკალური ინდიკატორებით შეფასებული მთავრობის ზომა არ გაფართოებულა, მაგრამ საპირისპირო ტენდენციაა სხვა მაჩვენებლებით. მთავრობის როლი მთლიან შიდა პროდუქტსა და დასაქმებაში გაზრდილია.  2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 16.3% სამთავრობო მოხმარების წილი იყო, ხოლო დასაქმებულთა 24.8% კი - საჯარო სექტორში დასაქმებული.  2021 წელს საჯარო სექტორი  301.5 ათას ადამიანს ასაქმებდა.

ამდენად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების თუ პოლიტიკურ დოკუმენტებში გამოვლენილი მთავრობის ზომის შემცირების მიმართულება, ფისკალურ და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში არ ასახულა. პირიქით, რიგ შემთხვევაში, საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა.

 

ბიბლიოგრაფია:

Adserà, A., & Boix, C. (2002). Trade, Democracy, and the Size of the Public Sector: The Political Underpinnings of Openness. International Organization, 56(2), 229–262. https://doi.org/10.1162/002081802320005478 

Afonso, A., & de Sá Fortes Leitão Rodrigues, E. (2021). Corruption and economic growth: does the size of the government matter? Economic Change and Restructuring, 55(2), 543–576. https://doi.org/10.1007/s10644-021-09338-4 

Afonso, A., & Jalles, J. T. (2013). Fiscal composition and long-term growth. Applied Economics, 46(3), 349–358. https://doi.org/10.1080/00036846.2013.848030 

Alesina, A., & Wacziarg, R. (1998). Openness, country size and government. Journal of Public Economics, 69(3), 305–321. https://doi.org/10.1016/s0047-2727(98)00010-3 

Alinaghi, N., & Reed, W. R. (2020). Taxes and Economic Growth in OECD Countries: A Meta-analysis. Public Finance Review, 49(1), 3–40. https://doi.org/10.1177/1091142120961775 

Alptekin, A., & Levine, P. (2012). Military expenditure and economic growth: A meta-analysis. European Journal of Political Economy, 28(4), 636–650. https://doi.org/10.1016/j.ejpoleco.2012.07.002 

Angelopoulos, K., Economides, G., & Kammas, P. (2007). Tax-spending policies and economic growth: Theoretical predictions and evidence from the OECD. European Journal of Political Economy, 23(4), 885–902. https://doi.org/10.1016/j.ejpoleco.2006.10.001 

Arnold, J. M., Brys, B., Heady, C., Johansson, S., Schwellnus, C., & Vartia, L. (2011). Tax Policy for Economic Recovery and Growth. The Economic Journal, 121(550), F59–F80. https://doi.org/10.1111/j.1468-0297.2010.02415.x 

Arvate, P. R., Curi, A. Z., Rocha, F., & Miessi Sanches, F. A. (2010). Corruption and the size of government: causality tests for OECD and Latin American countries. Applied Economics Letters, 17(10), 1013–1017. https://doi.org/10.1080/13504850802676207 

Asimakopoulos, S., & Karavias, Y. (2016). The impact of government size on economic growth: A threshold analysis. Economics Letters, 139, 65–68. https://doi.org/10.1016/j.econlet.2015.12.010 

Awaworyi Churchill, S., & Yew, S. (2017). Are government transfers harmful to economic growth? A meta-analysis. Economic Modelling, 64, 270–287. https://doi.org/10.1016/j.econmod.2017.03.030 

Awaworyi Churchill, S., Ugur, M., & Yew, S. L. (2016). Does Government Size Affect Per-Capita Income Growth? A Hierarchical Meta-Regression Analysis. Economic Record, 93(300), 142–171. https://doi.org/10.1111/1475-4932.12307 

Awaworyi Churchill, S., Ugur, M., & Yew, S. L. (2017). Government education expenditures and economic growth: a meta-analysis. The B.E. Journal of Macroeconomics, 17(2). https://doi.org/10.1515/bejm-2016-0109 

Baker, S. R., Bloom, N., & Davis, S. J. (2016). Measuring Economic Policy Uncertainty*. The Quarterly Journal of Economics, 131(4), 1593–1636. https://doi.org/10.1093/qje/qjw024 

Barro, R. J. (1990). Government Spending in a Simple Model of Endogenous Growth. Journal of Political Economy, 98(5, Part 2), S103–S125. https://doi.org/10.1086/261726 

Bernanke, B. S. (1983). Irreversibility, Uncertainty, and Cyclical Investment. The Quarterly Journal of Economics, 98(1), 85. https://doi.org/10.2307/1885568 

Berry, W. D., & Lowery, D. (1984). The Measurement of Government Size: Implications for the Study of Government Growth. The Journal of Politics, 46(4), 1193–1206. https://doi.org/10.2307/2131249 

Bleaney, M., Gemmell, N., & Kneller, R. (2001). Testing the endogenous growth model: public expenditure, taxation, and growth over the long run. Canadian Journal of Economics/Revue Canadienne D’économique, 34(1), 36–57. https://doi.org/10.1111/0008-4085.00061 

Cameron, D. R. (1978). The Expansion of the Public Economy: A Comparative Analysis. American Political Science Review, 72(4), 1243–1261. https://doi.org/10.2307/1954537 

Dreher, A., Sturm, J. E., & Ursprung, H. W. (2007). The impact of globalisation on the composition of government expenditures: Evidence from panel data. Public Choice, 134(3–4), 263–292. https://doi.org/10.1007/s11127-007-9223-4 

Easterly, W., & Rebelo, S. (1993). Fiscal policy and economic growth. Journal of Monetary Economics, 32(3), 417–458. https://doi.org/10.1016/0304-3932(93)90025-b 

Eterovic, D. S., & Eterovic, N. A. (2012). Political competition versus electoral participation: effects on government’s size. Economics of Governance, 13(4), 333–363. https://doi.org/10.1007/s10101-012-0114-x 

Goel, R. K., & Nelson, M. A. (1998). Corruption and government size: A disaggregated analysis. Public Choice, 97(1/2), 107–120. https://doi.org/10.1023/a:1004900603583 

Grier, K. B., & Tullock, G. (1989). An empirical analysis of cross-national economic growth, 1951–1980. Journal of Monetary Economics, 24(2), 259–276. https://doi.org/10.1016/0304-3932(89)90006-8 

Jaimovich, N., & Rebelo, S. (2017). Nonlinear Effects of Taxation on Growth. Journal of Political Economy, 125(1), 265–291. https://doi.org/10.1086/689607 

Karras, G. (1997). On the Optimal Government Size in Europe: Theory and Empirical Evidence. The Manchester School, 65(3), 280–294. https://doi.org/10.1111/1467-9957.00057 

Kotera, G., Okada, K., & Samreth, S. (2012). Government size, democracy, and corruption: An empirical investigation. Economic Modelling, 29(6), 2340–2348. https://doi.org/10.1016/j.econmod.2012.06.022 

La Porta, R. (1999). The quality of government. Journal of Law, Economics, and Organization, 15(1), 222–279. https://doi.org/10.1093/jleo/15.1.222 

Landau, D. (1983). Government Expenditure and Economic Growth: A Cross-Country Study. Southern Economic Journal, 49(3), 783. https://doi.org/10.2307/1058716 

Landau, D. (1985). Government expenditure and economic growth in the developed countries: 1952?76. Public Choice, 47(3). https://doi.org/10.1007/bf00182148 

MANN, A. J. (1980). WAGNER’S LAW: AN ECONOMETRIC TEST FOR MEXICO, 1925-1976. National Tax Journal, 33(2), 189–201. https://doi.org/10.1086/ntj41862301 

Mauro, P. (1995). Corruption and Growth. The Quarterly Journal of Economics, 110(3), 681–712. https://doi.org/10.2307/2946696 

MONTINOLA, G. R., & JACKMAN, R. W. (2001). Sources of Corruption: A Cross-Country Study. British Journal of Political Science, 32(01). https://doi.org/10.1017/s0007123402000066 

Nijkamp, P., & Poot, J. (2004). Meta-analysis of the effect of fiscal policies on long-run growth. European Journal of Political Economy, 20(1), 91–124. https://doi.org/10.1016/j.ejpoleco.2003.10.001 

OECD (2022), General government spending (indicator). doi: 10.1787/a31cbf4d-en 

Rodrik, D. (1998). Why do More Open Economies Have Bigger Governments? Journal of Political Economy, 106(5), 997–1032. https://doi.org/10.1086/250038 

Rose-Ackerman, S. (1997). The political economy of corruption. Corruption and the global economy, 31(60), 54.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი გრაფიკებით და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია