პუბლიკაციები

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ტოტალიტარული იმპერიალიზმი და ნაციონალიზმი

შესავალი

იმპერია დღეს ხშირად გამოიყენება პეიორატიული მნიშვნელობით, თუმცა მის მიმართ პოლიტიკური და აკადემიური ინტერესი არ განელებულა. იმპერიის თანამედროვე მკვლევარები მის განსაზღვრებაში საკვანძოდ მიიჩნევენ შემდეგ ელემენტებს: ა) ერთი პოლიტიკური საზოგადოების მიერ სხვა პოლიტიკური საზოგადოებების კონტროლი ამ უკანასკნელთა სუვერენიტეტის შეზღუდვის/წართმევის გზით; ბ) მმართველ პოლიტიკურ საზოგადოებასა და დაქვემდებარებულ საზოგადოებებს შორის მეტროპოლიისა და პერიფერიის იერარქიული ურთიერთობის ჩამოყალიბება; გ) მეტროპოლიის საზოგადოების ტრანსნაციონალიზაცია, მეტროპოლიის საზოგადოებისა და მისი ელიტების გაფართოება პერიფერიებზე.

იმდენად რამდენადაც სუვერენიტეტი თანამედროვეობაში მჭიდროდ უკავშირდება ტერიტორიულად შემოსაზღვრულ ერ-სახელმწიფოს, იმპერიის შესწავლა მოითხოვს იმპერიის ერ-სახელმწიფოსთან მიმართების დაზუსტებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ გამიჯვნისთვის, იმპერიასა და ერ-სახელმწიფოს შორის მხოლოდ იმპერიის მრავალეთნიკურობა და უნივერსალური მისია არ გამოგვადგება, ერი სახელმწიფოს პარტიკულარიზმთან კონტრასტში.

იმპერიასა და ნაციონალიზმს შორის უფრო კომპლექსური მიმართება არსებობს, რომელიც დამატებით განხილვას საჭიროებს. ასევე, მეტროპოლიად და პერიფერიად დაყოფის გეოგრაფიული ლოგიკა მხოლოდ ემპირიული მნიშვნელობის არ არის. საზღვაო (ოკეანისმიღმა) და მიწის (კონტინენტის) იმპერიებს შორის გამიჯვნა მხოლოდ აღწერითი ხასიათის არ არის და მას შინაარსობრივი დატვირთვაც გააჩნია.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ საწყის წერტილად ავიღებთ იმპერიალიზმის უახლეს გამოვლინებას - რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ექსპანსიის მიზნებით წარმოებულ აგრესიულ ომს მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ და გავაანალიზებთ რუსეთის მიმდინარე იმპერიულ პროექტს ტოტალიტარული იმპერიალიზმის პარადიგმის მეშვეობით, რომელიც მათ შორის, დაგვეხმარება ნათელი მოვფინოთ იმპერიასა და ნაციონალიზმს შორის პრობლემურ ურთიერთმიმართებებს.

 

იმპერიის დაბრუნება

უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მსჯელობისას, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა კრემლის პოლიტიკა „იმპერიალიზმის დაბრუნებად“ შეაფასა. შოლცის ეს შეფასება მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ევროპის კავშირის ლიდერი სახელმწიფოს „აღმოსავლეთის პოლიტიკის“ მკვეთრი შემობრუნების თვალსაზრისით, რუსული იმპერიალიზმის გაკიცხვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნის მთავრობის მეთაურისგან, რომელიც თავად ატარებს დამარცხებული იმპერიალისტური პროექტის მძიმე მემკვიდრეობას.

ეს მნიშვნელობა განსაკუთრებით ძლიერდება თუ დავაზუსტებთ, რომ რუსული იმპერიალიზმი და უკვე ისტორიის კუთვნილებად ქცეული გერმანული იმპერიალიზმი, პოლიტიკურ თეორიაში მსგავს ფენომენებად ხასიათდებიან. ამგვარი კლასიფიკაცია ეკუთვნის ჰანა არენდტს, ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ აშშ-ში განდევნილ ებრაული წარმოშობის გერმანელ ფილოსოფოსსა და პოლიტიკის თეორეტიკოსს.

არენდტი XIX-XX საუკუნეების რუსულ და გერმანულ იმპერიალიზმებს მიაკუთვნებს კონტინენტური იმპერიალიზმის ნაირსახეობებს, რომელთა იდეოლოგიური საფუძველი პანსლავიზმისა და პანგერმანიზმის იდეოლოგიებში უნდა ვეძებოთ. მისი მტკიცებით, როგორც პანსლავიზმმა, ისე პანგერმანიზმმა, საფუძველი მისცა არა მხოლოდ კონტინენტურ იმპერიულ პროექტებს რუსეთსა და გერმანიაში, არამედ ტოტალიტარულ მოძრაობებსაც, რომლებმაც თავის მხრივ, სტალინისტურ-ბოლშევიკური ტოტალიტარული რეჟიმი შექმნეს საბჭოთა რუსეთში, ხოლო ჰიტლერულ-ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმი გერმანიაში.

პანეთნიკური მოძრაობები არენდტის კლასიფიკაციით მიეკუთვნებიან ე.წ. „ტრაიბალისტური“ (ტომობრივი) ნაციონალიზმის გამოვლინებებს, რასაც არენდტი ტომობრივ ნაციონალიზმად მოიხსენიებს, უფრო ფართო აკადემიურ ლიტერატურაში კი ეთნიკურ ნაციონალიზმადაა ცნობილი. ტომობრივი ნაციონალიზმის არენდტისეული განსაზღვრება ორიგინალურია, თუმცა მისი ძირითადი შინაარსი ეთნიკური ნაციონალიზმის მსგავსია.

კერძოდ, ტომობრივი ნაციონალიზმი განისაზღვრება სამოქალაქო ნაციონალიზმთან დაპირისპირებაში. სამოქალაქო ნაციონალიზმის ინსტიტუციური ჩარჩო ერი-სახელმწიფოა, მაშინ, როდესაც ეთნიკური ნაციონალიზმი ვერ ახერხებს ერი სახელმწიფოს დაფუძნებას. არენდტი ამ მხრივ კიდევ უფრო მკვეთრია საკუთარ განსაზღვრებაში, მისი მტკიცებით, ერი-სახელმწიფო სამოქალაქო ერის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდება - სახელმწიფოს საკუთარ ინსტრუმენტად ქცევაა.  სამოქალაქო ნაციონალიზმში ერი ხდება საკუთარი თავისა და სახელმწიფოს ბატონ-პატრონი, ეთნიკურ ნაციონალიზმს კი ამისი მიღწევა არ შეუძლია. არენდტისთვის ამგვარი ინსტრუმენტული მიმართებაც „პერვერსიულია“ და ის კრიტიკას არ ინანებს ერი-სახელმწიფოს მიმართ. თუმცა, ტომობრივ ნაციონალიზმთან შედარებით, არენდტს ერი-სახელმწიფოსთვის და სამოქალაქო ნაციონალიზმისთვის მეტი საქებარი სიტყვა მოეძებნება.

სწორედ ერსა და სახელმწიფოს შორის ამგვარი მიმართება არის საკვანძო ტომობრივ (ეთნიკურ) ნაციონალიზმსა და სამოქალაქო ნაციონალიზმს შორის განსხვავებაში. სამოქალაქო და ეთნიკურ ნაციონალიზმს შორის მთავარი სხვაობა გულისხმობს, რომ ეთნიკური ნაციონალიზმის საფუძვლებზე განსაზღვრული ერი სუვერენიტეტს ვერ იკუთვნებს, მათ შორის, პირველ რიგში იმ სახელმწიფოში, სადაც ამ ეთნოსის ადამიანები უმეტესად ცხოვრობენ.

ეთნიკური ნაციონალიზმი არ არის ზოგადად სახელმწიფოს მიღმა ფენომენი, მეტიც, პანეთნიკური მოძრაობების მაგალითი აჩვენებს, რომ ისინი სწორედ სახელმწიფოების შიგნით ყალიბდება, თუმცა ეს სახელმწიფოები ერი სახელმწიფოები არ არიან. ეთნიკური ნაციონალიზმის ბუნებრივი აკვანი მრავალეთნიკური იმპერიაა. ეს სპეციფიკა, კერძოდ ეთნიკური ნაციონალიზმის სათავეების დაკავშირება მრავალეთნიკურ იმპერიასთან, აყალიბებს სახელმწიფოსთან ეთნიკური ნაციონალიზმის ისეთ მიმართებას, რომელიც სამოქალაქო ნაციონალიზმში ერსა და სახელმწიფოს შორის არენდტისეული მიმართების საპირისპიროა - თუ სამოქალაქო ნაციონალიზმში სახელმწიფო ხდება სამოქალაქო ერის ინსტრუმენტი, სამოქალაქო ერი იკუთვნებს სახელმწიფო სუვერენიტეტს და გვევლინება საჯარო ძალაუფლების ექსკლუზიურ და უმაღლეს წყაროდ, ეთნიკური ნაციონალიზმი თავად იქცევა იარაღად სახელმწიფოს, კერძოდ კი, მრავალეთნიკური იმპერიის ხელში.

ეს უკანასკნელი დაკვირვება არენდტის მიერ პანსლავიზმისა და პანგერმანიზმის ტომობრივი ნაციონალიზმების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგალითად, პანსლავიზმი რუსეთის იმპერიისთვის მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ქმნიდა ნაციონალისტურ პროექტს, რომელიც იმპერიის მიერ საკუთარი ექსპანსიის გასამართლებელ კომფორტულ იდეოლოგიურ საფუძვლად იქცა. რუსეთი ვერ შედგა ერ-სახელმწიფოდ იმიტომ, რომ ვერ შედგა სამოქალაქო ერად. რუსმა ერმა თავისი ისტორიის მანძილზე ვერასდროს შეძლო სახელმწიფოზე კონტროლის მოპოვება, სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიკუთვნება.

სამაგიეროდ, რუსეთის იმპერიის თვითმპყრობლური ძალაუფლებისთვის პანსლავიზმის რომანტიზებული ეთნონაციონალიზმი ინსტრუმენტულ იდეოლოგიად იქცა  საკუთარი ექსპანსიონისტური და იმპერიალისტური პოლიტიკების გასამართლებლად. პანსლავიზმის თარგზე მოჭრილი რომანტიზებული ეთნონაციონალიზმი ასევე ძლიერ ინსტრუმენტად დარჩა საბჭოთა იმპერიისთვისაც, რომელმაც არსებითად გააგრძელა კონტინენტური იმპერიალიზმის რუსული ტრადიცია და ამ უკანასკნელის ტოტალიტარული ტენდენციები ტოტალიტარული დომინაციის სრულმასშტაბიან პროექტად გარდაქმნა და განახორციელა.

საბჭოთა იმპერიისთვის ეთნონაციონალიზმი გარდაიქმნა ე.წ. „ნაციონალური პოლიტიკის“ ქვაკუთხედად. ეთნონაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა კომფორტული იყო მრავალეროვან იმპერიაში ნაციონალისტური მისწრაფებების სამართავად ისე, რომ ეს მისწრაფებები სამოქალაქო ნაციონალიზმის პროექტად არ გადაქცეულიყო, მით უფრო არ განხორციელებულიყო სუვერენული ერი-სახელმწიფოს სახით. ეთნონაციონალისტური პარადიგმა კარგად თავსდებოდა საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილი ერებისთვის შეზღუდული სუვერენიტეტის ფასადურ გარანტიასთან ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

იმპერიასა და ერ-სახელმწიფოს შორის მტრული დიქოტომია კარგად ვლინდება სამოქალაქო ნაციონალიზმსა და ტომობრივ ნაციონალიზმს შორის არენდტისეულ განსხვავებაში. თუმცა, არენდტის ანალიზი ასევე შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ როგორც იმპერიალიზმის უნარი გამკლავებოდა სამოქალაქო ნაციონალიზმის გამოწვევებს ეთნიკური ნაციონალიზმის ინსტრუმენტალიზაციის გზით, ისე თავად ერი-სახელმწიფოს შინაგანი წინააღმდეგობებიც, რომელიც არენდტისთვის ევროპული ფაშიზმის პრეკურსორ ერთ-ერთ სტრუქტურულ ფაქტორად გვევლინება.

იმპერიალიზმის ეროვნულ სუვერენიტეტთან ფუნდამენტური შეუთავსებლობის მიუხედავად, რუსული ტოტალიტარული იმპერიალიზმი საკმარისად მოქნილი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არა მხოლოდ დაპყრობილი ხალხების შეზღუდულ სუვერენიტეტს შეგუებოდა, არამედ ცალკეულ შემთხვევებში, ფასადური ფორმით, მაგრამ მაინც ეღიარებინა დომინაციის ქვეშ მყოფი ერების სრული სუვერენიტეტი. საბჭოთა იმპერია იძულებული გახდა ფორმალურად მაინც ეღიარებინა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების სრული სახელმწიფო სუვერენიტეტი და საერთაშორისო სამართალსუბიექტობა.

რეალობაში ამ სახელმწიფოებს არ გააჩნდათ სრული სუვერენიტეტი და საბჭოთა იმპერიის სატელიტები იყვნენ. სატელიტების მცდელობა სუვერენიტეტის მიღწევისა აწყდებოდა საბჭოთა იმპერიის სამხედრო წინააღმდეგობას და კრახით სრულდებოდა იქ, სადაც საბჭოთა სამხედრო წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი იყო ოკუპაციის შედეგად (უნგრეთი 1956, ჩეხოსლოვაკია 1968).

არენდტის მოსაზრებით, სატელიტი სახელმწიფოების სისტემის შექმნა, სადაც საბჭოთა იმპერია ფორმალურად აღიარებდა მისი დომინაციის ქვეშ მყოფი სუბიექტის სუვერენიტეტს, ცივ ომში მთავარი მტრის აშშ-ს მიდგომამ აიძულა. ნატო-ს ფარგლებში და მის მიღმა, აშშ ანტიკომუნისტური ბანაკის წევრებს თანასწორობის საფუძველზე ექცეოდა, მათ სუვერენიტეტს აღიარებდა და მოკავშირეებად მოიხსენიებდა.

სატელიტი სახელმწიფოების სისტემის შექმნა აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში, უფრო იდეოლოგიური ომის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარეობდა, ვიდრე საბჭოთა რუსული იმპერიალიზმის სტრუქტურიდან ან ბუნებიდან. როგორც ტოტალიტარული იმპერიალიზმის ცნების განხილვისას გამოჩნდება, სატელიტური სახელმწიფოების სისტემაში ეროვნული სუვერენიტეტის აღიარება და ტოტალიტარული იმპერიული ძალაუფლების დიქოტომია შეუთავსებელი იყო და შიდა წინააღმდეგობებს ქმნიდა საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიის მუშაობაში. ამ შიდა წინააღმდეგობებმა საბოლოოდ პირველი დიდი ბზარი შექმნა საბჭოთა იმპერიაში - საბჭოთა იმპერიის რღვევა შეუქცევად ფაზაში სწორედ 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპულ სატელიტებზე კონტროლის დაკარგვით დაიწყო.

ტოტალიტარული იმპერიალიზმის შინაგანი ლოგიკის ანალიზი აფართოებს პერსპექტივას უკრაინაში რუსეთის მიმდინარე იმპერიალისტური ომის სისტემურ მიზეზებზე. კერძოდ, რაც უფრო ცხადი ხდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული ომის მიზანი - უკრაინის სუვერენიტეტის მოსპობა, მით უფრო რელევანტური ხდება საბჭოთა (რუსული) ტოტალიტარული იმპერიალიზმის არენდტისეული პერსპექტივა.

პანეთნიკურ მოძრაობებზე აღმოცენებულ კონტინენტურ იმპერიალიზმსა ტოტალიტარიზმს შორის არსებითი კავშირის შესახებ მითითება ჯერ კიდევ 1950 წელს გამოცემულ არენდტის კლასიკურ ტექსტში „ტოტალიტარიზმის წარმოშობა“ ჩნდება. თუმცა ამ ცნებების ტოტალიტარული იმპერიალიზმის ცნებაში ინტეგრაციას ჰანა არენდტი სრულად მხოლოდ  უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის შესახებ დაწერილ ტექსტში ახდენს.

ეს ტექსტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ საბჭოთა რუსეთის ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპაში და სატელიტ კომუნისტურ რეჟიმებზე კრემლის კონტროლის კონსოლიდაცია, უნგრეთის რევოლუციის მარცხის კვალდაკვალ უბიძგებს არენდტს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი დაახასიათოს როგორც ტოტალიტარული იმპერია და მის მაგალითზე განავითაროს ტოტალიტარული იმპერიალიზმის ცნებაც.

ტოტალიტარული იმპერიალიზმის ცნება განსაკუთრებით გამოსადეგია დღეს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის ქცევისა და მისი დინამიკის გააზრებისთვის, ასევე, ტოტალიტარული იმპერიალიზმის ამ განსაკუთრებით ბოროტ პროექტთან მიმდინარე გლობალურ წინააღმდეგობაში სწორი სტრატეგიული და ტაქტიკური პოზიციების დასაკავებლად.

შემდეგ ნაწილებში განვიხილავთ როგორც კონტინენტური იმპერიალიზმის ცნებას, ისე მის ტრანსფორმაციას ტოტალიტარულ იმპერიალიზმად, განსაკუთრებით საბჭოთა რუსული ტოტალიტარული იმპერიალიზმის მაგალითზე. ამ მხრივ, საგულისხმო პარალელები იკვეთება საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიის პოლიტიკას მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების დასამორჩილებლად - საკუთარი გავლენის სფეროში დასატოვებლად და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომი რუსეთის პოლიტიკას შორის, რომელიც დაკარგული გავლენის სფეროების აღდგენისკენ არის მიმართული.

ორივე ამ შემთხვევაში ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდეგ პოსტსაბჭოთა რუსულ იმპერიას უწევდა ფორმალურად მაინც შეგუებოდა იმ ქვეყნების სუვერენიტეტს, რომლებსაც საკუთარ გავლენის სფეროში მოიაზრებდა და მეტ-ნაკლები წარმატებით მოაქცევდა კიდეც.

სუვერენიტეტი, განსაკუთრებით კი ერი სახელმწიფოს პროექტში, არსობრივად შეუთავსებელია ტოტალიტარული იმპერიალიზმის ექსპანსიონიზმთან. რადიკალური წინააღმდეგობა, რომელიც ტოტალიტარულ იმპერიას ეროვნულ სუვერენიტეტთან გააჩნია ღია ომში/რევოლუციაში იჩენს თავს, რომელიც თავის მხრივ, კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს ტოტალიტარული იმპერიალიზმის ბოროტებას და მასთან წინააღმდეგობის განსაკუთრებულ სირთულეებს.

ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სცადა სატელიტების ნაცადი პროექტი განხორციელება ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ. სატელიტების ახალი პროექტის კრიზისი თავად რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის ცხადი გახდა უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შეუძლებლობით. შესაბამისად, უკრაინაზე ღია აგრესია მისი სუვერენიტეტის მოსპობის მიზნით, აჩვენებს რუსეთის ხელმძღვანელობის აზროვნებაში, მიდგომებში და პოლიტიკაში ტოტალიტარული იმპერიალიზმის ლოგიკის გამარჯვებას.

სტატიის მომდევნო ნაწილებში, განვიხილავთ როგორც ტოტალიტარული იმპერიალიზმის ცნებას, ისე მის ევოლუციას კონტინენტური იმპერიალიზმისგან და მის გამოვლინებებს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსულ იმპერიებში. ამავდროულად, ყურადღებას გავამახვილებთ სამოქალაქო ნაციონალიზმის არსებით შეუთავსებლობაზე როგორც კონტინენტურ, ისე ტოტალიტარულ იმპერიალიზმებთან და ამავე დროს, ეთნიკური (ტომობრივი) ნაციონალიზმის ინსტრუმენტულ როლზე როგორც კონტინენტური, ისე ტოტალიტარული იმპერიალიზმისთვის.

 

იმპერიალიზმი და მისი ფორმები

ოკეანისმიღმა იმპერიალიზმი და მისი შიგნიდან ჩამოშლა  -  დიქოტომია სამართლის უზენაესობასა და კოლონიურ ჩაგვრას შორის

არენდტის თანახმად, იმპერიალიზმი თანამედროვე გაგებით უცნობი იყო მოდერნული პერიოდის იმ ეტაპამდე, როდესაც მუდმივად მზარდი ინდუსტრიული წარმოება ერი სახელმწიფოს ტერიტორიულ საზღვრებში ვეღარ დაეტია. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების მიზნით, ტერიტორიული ექსპანსიის თვითმიზნად ჩამოყალიბება იმპერიალიზმის შინაარსის განმსაზღვრელი გახდა.

იმპერიალიზმის დასავლეთევროპული ფორმა ე.წ. „ოკეანისმიღმა იმპერიალიზმი“ (“overseas imperialism”) ძირითადად საზღვაო სახელმწიფოებმა შექმნეს (დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები), ახალი კონტინენტების აღმოჩენისა და კოლონიზაციის კვალდაკვალ. იმპერიალიზმის ეს ფორმა გულისხმობდა ტერიტორიულ ექსპანსიას იმპერიული სახელმწიფოს კონტინენტს მიღმა. ოკეანისმიღმა იმპერიალიზმი უმთავრესად ეკონომიკური მოტივებით იყო განპირობებული და მისი მთელი დინამიკა ეკონომიკურ ლოგიკას მიჰყვებოდა.

თავის მხრივ, ოკეანისმიღმა იმპერიალიზმის შიდა ლოგიკა დაუძლეველ პოლიტიკურ წინააღმდეგობებს წარმოქმნიდა, რომელმაც, საბოლოოდ, იმპერიალიზმის ეს ფორმა სრულ მარცხამდე მიიყვანა და მეოცე საუკუნეში დეკოლონიზაციით დასრულდა. ამ წინააღმდეგობის მთავარი ელემენტი გახლდათ დიქოტომია, კერძოდ: ოკეანისმიღმა იმპერიალიზმი შინ, საკუთარ მეტროპოლიაში ინარჩუნებდა ერ-სახელმწიფოს თავისი კონსტიტუციური ინსტიტუტებით  მაშინ, როდესაც კოლონიებში წინააღმდეგობის ყველა გამოვლინებას სასტიკი რეპრესიებით ებრძოდა კოლონიური ადმინისტრაციების ბიუროკრატიის მეშვეობით.

არენდტის თქმით, ამ შინაგანი წინააღმდეგობის დასაძლევად ოკეანისმიღმა იმპერიალიზმს მოუწია „ეროვნული ცნობიერების“ ჩანაცვლება „რასობრივი ცნობიერებით“. რასიზმი ამართლებდა როგორც სამართლებრივი სისტემის დიქოტომიურობას და განსხვავებულ სამართლებრივ და უფლებრივ რეჟიმებს მეტროპოლიასა და კოლონიებში, ასევე აქედან გამომდინარე, კოლონიურ ჩაგვრასაც. რასიზმის უკუეფექტი არენდტის აზრით იყო კოლონიზებულ ხალხებში საკუთარი კანის ფერის შესახებ ცნობიერების გაღვიძება, რომელმაც    ნაციონალისტური წინააღმდეგობები სრულად მაინც ვერ ჩაახშო. საბოლოოდ, არენდტის შეფასებით, ოკეანისმიღმა იმპერიალიზმის სიცოცხლისუნარიანობას არა იმდენად რასობრივი ცნობიერებით მანიპულაცია, არამედ მეტროპოლიის კონსტიტუციური ინსტიტუტები განაპირობებდა.

არენდტის თანახმად, სწორედ ამ ინსტიტუტების დამსახურება იყო, რომ კოლონიური ადმინისტრაციების მიერ ადგილზე ჩატარებული რეპრესიები უკონტროლო ვერ ხდებოდა და ყველაზე უარეს ფორმებს არ იღებდა. არენდტი აქ გამოყოფს „ბუმერანგის ეფექტის“ მოქმედებას, კერძოდ, ამ ეფექტში ის გულისხმობს მეტროპოლიის კონსტიტუციური ინსტიტუტების შიშს, რომ თუ კოლონიური ადმინისტრაციის ბიუროკრატიები ადგილობრივების ჩაგვრას კანონგარეშე და შეუზღუდავად შეძლებდნენ, ეს მეტროპოლიის ინსტიტუტებს უკან დაუბრუნდებოდათ და ძირს გამოუთხრიდა.

სწორედ ბუმერანგის ეფექტის შიში ქმნიდა ერთგვარ პარადოქსს, სადაც იმპერიული პარლამენტები ადგილობრივების კოლონიური ბიუროკრატების ძალმომრეობისგან დამცველისა და სამართლიანობის ბასტიონებად გვევლინებოდნენ. ერი სახელმწიფოს კონსტიტუციური ინსტიტუტები მეტროპოლიაში (პარლამენტები, სასამართლოები) კოლონიური ბიუროკრატიის თვითნებობის მოთოკვით, პირველ რიგში, საკუთარ თავს იცავდნენ განადგურებისგან. მათ ესმოდათ, რომ მოუთოკავ ტირანიას კოლონიებში, დასჭირდებოდა და შექმნიდა ტირანიას მეტროპოლიაშიც. არენდტის თანახმად:

  • „[ოკეანისმიღმა] იმპერიალიზმი ერთიანობაში დამარცხდა ერი სახელმწიფოს სამართლებრივ პრინციპებსა და იმ მეთოდებს შორის  დიქოტომიის გამო, რომლებიც საჭირო იყო სხვა ხალხების მუდმივი ჩაგვრისათვის. ეს მარცხი არც აუცილებლობით არ იყო გამოწვეული და არც უმეცრებითა და არაკომპეტენტურობით. ბრიტანელმა იმპერიალისტებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ‘ადმინისტრაციულ რეპრესიებს’ ინდოეთის მონობაში დატოვება შეეძლო, თუმცა მათ ასევე იცოდნენ რომ შინ საზოგადოებრივი აზრი ასეთ ზომებს ვერ შეეგუებოდა. იმპერიალიზმს შეიძლეობდა წარმატებისთვის მიეღწია თუ ერი სახელმწიფო მზად იქნებოდა გადაეხადა საამისო ფასი, ჩაედინა თვითმკვლელობა და თავი ტირანიად გარდაექმნა. ევროპის, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთის ერთ-ერთი დიდებულება იმაშია, რომ [ტირანიად გარდაქმნას]  იმპერიის ლიკვიდაცია არჩია.“

    არენდტის მოსაზრებით, იმპერიის ლიკვიდაცია, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის იმპერიის შემთხვევაში, მნიშვნელოვანწილად სწორედ, სამართლის უზენაესობის გამარჯვებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიალიზმის პერიოდის დუალურმა რეჟიმმა თავისი ლაქა დატოვა სამართლის უზენაესობაზეც, თვით ბრიტანული იმპერიალიზმისა და მისი სამართლის უკომპრომისო „მარქსისტული ტრადიციის“ კრიტიკოსებიც კი აღიარებდნენ სამართლის უზენაესობას, როგორც „უპირობო ადამიანურ სიკეთედ.“

 

კონტინენტური იმპერიალიზმის ცნება - რეპრესია იწყება შინ და ფართოვდება საზღვრების გარეშე

ოკეანისმიღმა იმპერიალიზმთან შედარებით, კონტინენტური იმპერიალიზმის პირველი გამოვლინებები ნაკლებად წარმატებული პროექტები იყვნენ. ხელშესახებ მიღწევებს კონტინენტური იმპერიალიზმი მხოლოდ ტოტალიტარულ მოძრაობად გარდაქმნის, ტოტალიტარული რეჟიმების დაფუძნებისა და მათი ექსპანსიის შედეგად შესწვდა. სწორედ ამ თავდაპირველი ჩრდილში დგომისა და შემდგომში ტოტალიტარულ რეჟიმებთან შერწყმის გამო, თავად კონტინენტური იმპერიალიზმის ფენომენს, ისევე როგორც მის იდეოლოგიურ საყრდენებს - ეთნონაციონალისტურ მოძრაობებს შედარებით ნაკლები აკადემიური ყურადღება ეთმობოდა.

კონტინენტური იმპერიალიზმი ოკეანისმიღმა იმპერიალიზმისგან განსხვავებით არ ეფუძნება მკაფიო სივრცით გამიჯვნას მეტროპოლიასა და კოლონიას შორის. თუ ოკეანისმიღმა იმპერიალიზმში მეტროპოლიას და კოლონიას შორის ბუნებრივი ბარიერი-ოკეანეაა აღმართული, კონტინენტური იმპერიალიზმი მხოლოდ კონტინენტის მიწის მასაზე ფართოვდება, გეოგრაფიული განგრძობადობის პრინციპით - იმპერიის საკუთარი სახმელეთო საზღვრების გასწვრივ. კონტინენტური იმპერიალიზმი იცნობს ცენტრის ან ე.წ. „გულის“ (heartland) და პერიფერიის ცნებას. პერიფერია მუდმივად „ცენტრისკენ“ განიცდის ცენტრისკენულ გრავიტაციას, თუმცა ცენტრსა და პერიფერიას შორის მიჯნის შენარჩუნება სივრცით-ტერიტორიული ბარიერის არარსებობის გამო არაპრაქტიკულია.

კონტინენტური იმპერიალიზმის ლოგიკა არ აღიარებს ტერიტორიულ საზღვრებს და გეოგრაფიულ მანძილს ცენტრსა და პერიფერიას შორის. კონტინენტური იმპერიალიზმი პოტენციურად ფართოვდება იქამდე, სადამდეც კონტინენტის მიწის მასა ამის შესაძლებლობას იძლევა. ამ მხრივ, კონტინენტურ იმპერიას არ შეუძლია შექმნას დიქოტომიური სამართლის სისტემა და ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი ცენტრსა და პერიფერიაში, მართოს ცენტრი სხვა წესებითა და მეთოდებით და პერიფერია სხვით. როგორც არენდტი შენიშნავს: „კონტინენტური იმპერიალიზმი იწყება ჭეშმარიტად შინ.“

ტერიტორიული საზღვრების არცნობა კონტინენტურ იმპერიას განსაზღვრავს ერ-სახელმწიფოსთან მტრულ წინააღმდეგობაში. ამავე დროს, ტერიტორიული შემოსაზღვრა ერი-სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რაც ერი-სახელმწიფოს სამართლით შებოჭვას, სამართლის უზენაესობის იდეალის საფუძველზე მისი მოწყობის განმსაზღვრელია.

კონტინენტური იმპერია ისეთივე მტრულ დამოკიდებულებაშია სამართლის უზენაესობის იდეალთან, როგორც ერ-სახელმწიფოსთან. ამრიგად, კონტინენტური იმპერია შეუთავსებელია სამართლის უზენაესობის იდეალის განხორციელებასთან. მეტიც, როგორც ნაცისტური გერმანიის მაგალითი გვიჩვენებს, კონტინენტური იმპერიალიზმის პროექტის განხორციელება - ჰიტლერის მიერ ევროპის კონტინენტის უდიდესი ნაწილის ოკუპაცია - გერმანული სამართლებრივი სახელმწიფოს განადგურებისა და დუალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების კვალდაკვალ მოხდა.

მეორე პარადიგმატული კონტინენტური იმპერია - რუსეთის იმპერია, ერ-სახელმწიფოსთან ერთად არასდროს ყოფილა სამართლებრივი სახელმწიფოც. რუსეთის იმპერიის ლეგალიზმი, არასდროს გასცდენია დუალური სახელმწიფოს ჩარჩოს და დღესაც ყველაზე ოპტიმისტური შეფასებებით ასეთად ხასიათდება.

კონტინენტური იმპერიის შეუთავსებლობა ტერიტორიულ და სამართლებრივ შებოჭვასთან, მისი შინაგანად დამახასიათებელი ავტოკრატიული ბუნება მოიცავს ტოტალიტარულ ტენდენციებს, თუმცა ტოტალიტარული დომინაციის სრულმასშტაბიან პროექტად - ტოტალიტარულ იმპერიად ტრანსფორმაციისთვის დამატებითი იდეოლოგიური ტურბინაა საჭირო.

შემდეგ ნაწილში მიმოვიხილავთ ტომობრივი ნაციონალისტური მოძრაობების როლს კონტინენტური იმპერიალიზმის პროექტებში და მათ ტოტალიტარულ პროექტებად ტრანსფორმაციაში.

 

რუსული კონტინენტური იმპერიალიზმი და პანსლავიზმი - „რუსული სული“, „რუსული სამყარო“ და „რუსეთის წმინდა იმპერია“

არენდტი შეცდომად მიიჩნევს ევროპული კონტინენტური იმპერიალიზმისა და მისი იდეოლოგიური საფუძვლების, პანგერმანიზმისა და პანსლავიზმის მოძრაობების არასათანადო ყურადღებით შესწავლას. რამდენადაც მათზე ტოტალიტარული მოძრაობების დაშენება შემთხვევითი ისტორიული მოვლენა არ ყოფილა და ამ მოძრაობების შინაგანი ტოტალიტარული ტენდენციებით იყო განპირობებული.

„პანეთნიკური“ ტომობრივ ნაციონალისტური მოძრაობების ტოტალიტარული მისწრაფებები როგორც მათი იდეოლოგიური შინაარსით, ისე მათი წარმოშობის სპეციფიკური კონტექსტითაა ნაწარმოები. ფორმატის შეზღუდვები შესაძლებლობას არ იძლევა სრულფასოვნად გადმოიცეს არენდტისეული ანალიზის მთელი სიღრმე, შესაბამისად, წინამდებარე მოკლე ექსპოზიცია ძირითადად პანსლავიზმის იდეოლოგიაზე იქნება კონცენტრირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ პანსლავიზმი და პანგერმანიზმი მნიშვნელოვნად ემსგავსება ერთმანეთს, როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად.

„პანეთნიკური“ მოძრაობების სამშობლოდ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაა მიჩნეული, თუმცა ცარისტულ რუსეთის იმპერიაშიც ფართოდ გავრცელდა და ამ უკანასკნელში საზოგადოების ელიტაში უფრო ღრმად შეაღწია, ვიდრე ავსტრია უნგრეთის შემთხვევაში. პანგერმანული და პანსლავური მოძრაობები წარმოქმნა ე.წ. ტომობრივმა ნაციონალიზმმა, რომელიც დასავლური ერი სახელმწიფოს ნაციონალიზმის გაუკუღმართებული ვერსია გახლდათ.

არენდტის მოსაზრებით, ტომობრივი ნაციონალიზმი აღმოცენდა იმ ეთნოსებში, რომლებმაც საკუთარი ერი სახელმწიფო ვერ შექმნეს. ტომობრივი ნაციონალიზმის მატარებელმა ერმა ვერ შეძლო პოლიტიკური ემანსიპაცია და სახელმწიფოს საკუთარ ინსტრუმენტად გადაქცევა. ამ ერებმა ასევე ვერ შეიძინეს დასავლური გაგებით ერისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები, მაგალითად, მათი ენა ვერ გასცდა დიალექტების დონეს და სრულად ვერ ჩამოყალიბდა სალიტერატურო ენად ან გლეხობამ ვერ მოახერხა პოლიტიკური და უფლებრივი ემანსიპაცია და ერის საყრდენ სოციალურ კლასად ვერ ჩამოყალიბდა.

 ხალხებში სადაც ტომობრივი ნაციონალიზმი განვითარდა ავსტრია-უნგრეთისა და ცარისტული რუსეთის ფართო კონტინენტურ იმპერიებში იყვნენ დასახლებულნი, სადაც საზღვრები საუკუნეების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა და მოსახლეობის მიგრაციაც დაუსრულებლად მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ ხალხებს დასვლეთის ერებთან შედარებით, ეროვნული სიამაყისთვის არაფერი ჰქონდათ ხელშესახები. „მათ არ გააჩნდათ არც ქვეყანა, არც სახელმწიფო, არც ისტორიული მიღწევა საჩვენებლად. მათ მხოლოდ საკუთარი თავის ჩვენება შეეძლოთ, რომელიც უკეთეს შემთხვევაში, მათი ენა იყო, თითქოს თავისთავად რამე მიღწევა ყოფილიყო ენის ქონა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი მათი სლავური, გერმანული ან ღმერთმა უწყის რომელი სული.“

არენდტის თქმით, „ესენი იყვნენ მასები, რომლებსაც უმცირესი წარმოდგენაც კი არ გააჩნდათ თუ რა იყო patria [„მამული“] და პატრიოტიზმი და უბუნდოვანესი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რა იყო პასუხისმგებლობა საერთო, შემოსაზღვრული საზოგადოების მიმართ.“  ფესვებმოწყვეტილობა (“rootlessness”) ამ მეტაფორით ახასიათებს არენდტი ამ ხალხთა მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ სწორედ ავსტრია-უნგრეთისა და ცარისტული რუსეთის ფესვებმოწყვეტილ ხალხებში მონახა ტომობრივმა ნაციონალიზმმა ნოყიერი ნიადაგი.

ტომობრივმა ნაციონალიზმმა, რამდენადაც არ გააჩნდა ერის გარეგნულად გამოხატული ატრიბუტები და ინსტიტუტები, ამ უკანასკნელთა ძიება არა საჯარო, არამედ კერძო, პირად, მეტიც, შინაგან სულიერ სფეროში დაიწყო. სწორედ აქ შეიქმნა ერის „სულის“ ფსევდომითოსური დოქტრინები, რომელიც რუსული იმპერიალიზმის შემთხვევაში, „რუსული სულისა“ და „რუსული სამყაროს“ ფსევდომითოლოგიური მეტაფორების სახით დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობასა და გავლენას.

„რუსული სულის“ გამორჩეულობა და „რუსული სამყაროსადმი“ კუთვნილება არ განისაზღვრება არც რუსეთის თვითმპყრობლური იმპერიული ინსტიტუტებით, რომელიც ხალხს ისედაც არ ეკუთვნის და არც თუნდაც რუსული კულტურის მატერიალური ნიმუშებითა და არტეფაქტებით. რუსული სამყარო ეზოთერულია, „რუსულობისა“ და „სლავურობის“ ექსკლუზიურად შინაგანი მახასიათებლებით განისაზღვრება. მახასიათებლები, რომლებიც სრულად გამოგონილია, მითოლოგიზებულია, რაციონალურ შემეცნებას მიღმაა ( “Умом-Россию не понять”… ).

არენდტის თქმით, ტრაიბალიზმი კიდევ შორს მიდის ვიდრე შოვინიზმი. შოვინიზმი მის ყველაზე უარეს გამოვლინებებშიც კი წარსულის რეალურ მოვლენებსა და ფაქტებს ეყრდნობა, მაშინ, როდესაც ტრაიბალიზმი სრულად ფსევდომითოსურ ელემენტებზეა დაშენებული.

„... ტრაიბალიზმი სათავეს იღებს არარსებული, ფსევდომითოსური ნაწილებისგან, რომელთა განხორციელების დაპირებასაც მომავლისთვის იძლევა. ის [ტრაიბალიზმი] შეიძლება ამოვიცნოთ უზარმაზარი თავმომწონეობით, რომელიც შინაგანად ახასიათებს საკუთარ თავზე კონცენტრაციის გამო, რომელიც ბედავს და ხალხს, მის წარსულს და აწმყოს, ზომავს ეგზალტირებული შინაგანი მახასიათებლების საფუძველზე და გარდაუვლად უარყოფს მათ ხილულ ყოფას, ტრადიციებს, ინსტიტუტებსა და კულტურას. პოლიტიკური მნიშვნელობით, ტომობრივი ნაციონალიზმი ყოველთვის დაჟინებით ამტკიცებს, რომ მისი ხალხი გარშემორტყმულია „მტრული მსოფლიოთი“ , „ყველა ერთის წინააღმდეგ“, რომ ამ ხალხსა და ყველა სხვას შორის ფუნდამენტური განსხვავება არსებობს. [ტრაიბალიზმი] ამტკიცებს, რომ მისი ხალხი უნიკალურია, ინდივიდუალური და ყველა სხვასთან შეუთავსებელია და  თეორიულადაც უარყოფს  საერთო ადამიანურობის შესაძლებლობას, იქამდე დიდი ხნით ადრე ვიდრე მას კაცის ადამიანობის გასანადგურებლად გამოიყენებს.“

ტომობრივი ნაციონალიზმი ადვილად გადაიქცა  მამოძრავებელ იდეოლოგიად კონტინენტური იმპერიალიზმისთვის. ტომობრივმა ნაციონალიზმმა შემოიტანა მასობრივი ორგანიზაციის შესაძლებლობები, რამდენადაც მასში ბრბო ყოველთვის დომინანტური ძალა გახლდათ. სწორედ ბრბოს დომინანტურმა ადგილმა გახადა ტომობრივი ნაციონალიზმი ტოტალიტარული პოლიტიკური პროექტებისთვის საწყისი წერტილი.

იმ ხალხებში, ვისაც იმპერიული სახელმწიფო ჰქონდათ „სამშობლოდ“, ხოლო მონათესავე ეთნოსები კი მეზობლად ჰყავდათ მიმობნეული, ტომობრივი ნაციონალიზმი ადვილად იქცა კონტინენტური იმპერიალიზმის მამოძრავებელ იდეოლოგიად. ცარისტული რუსეთის იმპერია ამის ცხადი მაგალითია. არენდტის თქმით, ეს შესაძლებელი გახადა ტომობრივი ნაციონალიზმისთვის დამახასიათებელმა „გაფართოებულმა ტომობრივმა ცნობიერებამ“.

„გაფართოებული ტომობრივი ცნობიერება“ თავის მხრივ, ეფუძნებოდა „ფესვმოწყვეტილობას“, რამაც თავად ტომობრივი ნაციონალიზმი წარმოშვა. ტომობრივი ნაციონალიზმით განსაზღვრულ ხალხებს „... არ ჰქონდათ კონკრეტული სახლი, თუმცა თავი სახლში შეეძლოთ ეგრძნოთ ყველგან, სადაც მათი ტომი ეგულებოდათ.“  გაფართოებული ტომობრივი ცნობიერება კარგად შეერწყა კონტინენტური იმპერიალიზმისთვის დამახასიათებელ თანმიმდევრულ ექსპანსიას მიმდებარე ტერიტორიული მასის გასწვრივ. მოსკოვისა და ნოვგოროდის სამთავროებში მცხოვრები რუსისთვის შესაძლოა სწრაფად მზარდ იმპერიას თავი სახლში ეგრძნობინებინა, როგორც უკრაინელი კაზაკების ტერიტორიაზე (საერთო სლავური ტომელობა) ისე ურალის მთემს მიღმა თვალუწვდენელ სტეპებსა თუ ტაიგებში.

ტომზე მითითება მისი განმსაზღვრელი ნიშნების წმინდად გამოგონილი და ფსევდომითოსური ბუნების გამო, ტომობრივ ნაციონალიზმს მცდარად წარმოაჩენდა როგორც განსაზღვრულ, შეზღუდულ ნაციონალისტურ პროექტად. როდესაც პანსლავები საუბრობდნენ სლავურ აღმოსავლეთ ან სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაზე ან პანგერმანელები გერმანულ ცენტრალურ ევროპაზე, მათით შთაგონებული კონტინენტური იმპერიები სრულებით არ იყვნენ შემოზღუდული ამ გეოგრაფიული ბარიერებით.

საბჭოთა და ნაცისტურმა ტოტალიტარიზმებმა საწყის წერტილად აიღეს ეს, თითქოსდა შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში ექსპანსიის პროგრამები და საფუძვლად დაუდეს გლობალური ტოტალიტარული დომინაციისა და ექსპანსიის პროგრამებს. ტომობრივი ნაციონალიზმის აქცენტი ეთნოსზე/ტომზე და კონტინენტური იმპერიალიზმის თანმიმდევრული ექსპანსიის მოთხოვნილება მიმდებარე მიწებზე, ტოტალიტარულ იმპერიულ რეჟიმებს საშუალებას აძლევთ საკუთარი მიზნები ეროვნული ემანსიპაციის ვიწრო მიზნებად შეფუთონ. როდესაც ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიას ესხმოდა თავს იქ მცხოვრები გერმანელების „დასაცავად“, ხოლო პუტინი უკრაინას ესხმის თავს იქ მცხოვრები რუსების „ხსნისთვის“, ამ მოვლენების ზოგი შემსწრე ტყუვდება იმპერიული აგრესორის მიერ დასახელებული ამ შეზღუდული, თითქოსდა ნაციონალისტური მიზნების ნამდვილობაში და იმპერიალისტურ პროგრამებს არ/ვერ ხედავს.

ტომობრივი ნაციონალიზმისა და კონტინენტური იმპერიალიზმის ქორწინებამ შვა ტოტალიტარული იმპერიალიზმი კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორის გამო. ტოტალიტარულმა მოძრაობებმა ტომობრივი ნაციონალიზმისგან მიიღეს საკრალიზებული იმპერიული ძალაუფლება. ეს კარგად ჩანს რუსული იმპერიალიზმის შემთხვევაში. „წმინდა რუსეთის“ იმპერიის, როგორც „მესამე რომის“ დოქტრინაში.

როგორც არენდტი შენიშნავს, ტომობრივი ნაციონალიზმები კიდევ უფრო ღრმად ეფუძნება და იყენებს რასისა და რასიზმის ცნებებს, ვიდრე ოკეანისმიღმა იმპერიალიზმი. თუ ოკეანისმიღმა იმპერიალიზმი ეფუძნება თეთრი ადამიანის ფარდობით აღმატებულობას და მისი „ტვირთი“ ქვემდგომი რასების „ცივილიზების“ ფუნქციად წარმოუდგენია, ტომობრივი ნაციონალიზმი ამოდის ერთი ეთნოსის აბსოლუტური რჩეულობისა და განსაკუთრებულობის თეზისიდან, რომელიც ამ ტომს სხვების ბუნებრივ ბატონად წარმოაჩენს.

არენდტისვე მოსაზრებით, თუ სამოქალაქო ნაციონალიზმს ხშირად რელიგიის სუროგატად მიიჩნევენ, ტომობრივი ნაციონალიზმი კიდევ უფრო შორს მიდის და სრულფასოვან რელიგიად ფორმირდება, რომელიც რჩეული ეთნოსის საკრალური მისიის განსახორციელებლად იმპერიის ძალაუფლების საკრალიზაციას ახდენს. „წმინდა რუსეთისა“ და რუსეთის იმპერიის როგორც „მესამე რომის“ დოქტრინები სწორედ ამგვარი რელიგიური პროექტია.

ტომობრივი ნაციონალიზმი „რჩეული ხალხის“ დოქტრინის მეშვეობით, ქრისტიანობასაც ეწინააღმდეგება, მიუხედავად ქრისტიანობისადმი მისი გარეგნული ერთგულებისა. თუ ქრისტიანული დოქტრინის მიხედვით ადამიანი თავისი ადამიანობითაა ღვთის ხატი, პანეთნიკური მოძრაობის იდეოლოგების მიხედვით, ადამიანი ღვთის ხატობას მხოლოდ ცალკეული „რჩეული“ ერისადმი კუთვნილებით აღწევს. ეს მიდგომა გულისხმობს რომ „რჩეული“ ერის წევრობის დათმობით, ადამიანი საკუთარ „ღვთიურობასაც“ თმობს.

როგორც არენდტი აღნიშნავს, ტომის საკრალიზაცია პანეთნიკური მოძრაობებისთვის ორმაგად მომგებიანი გახლდათ. პირველ რიგში, ამ დოქტრინამ „...ეროვნება მუდმივ თვისებად გადააქცია, რომელსაც ისტორია ვეღარ შეეხებოდა, იმის მიუხედავად თუ რა შეემთხვევოდა კონკრეტულ ხალხს - ემიგრაცია, დაპყრობა, გაფანტვა. თუმცა, უფრო ახლო შედეგი გახლდათ, რომ საკუთარი ხალხის ღვთიურ წარმოშობასა და ყველა სხვა არაღვთიურ ხალხებს შორის აბსოლუტურ კონტრასტში ჩაიკარგა ყველა განსხვავება ხალხის ინდივიდუალურ წევრებს შორის, იქნებოდა ეს სოციალური ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური. ღვთიურმა წარმოშობამ ხალხი თავმომწონე რობოტების ერთფეროვან რჩეულ მასად გადააქცია.“

რუსების როგორც „მსოფლიოს ხალხთა შორის უპირველესი ქრისტიანებისა“ და მათი ღვთიურობის საკრალური დოქტრინის საილუსტრაციოდ არენდტი ასევე ციტირებს თეოდორ დოსტოევსკის, რომლის თანახმადაც, რუსები „[მსოფლიოს] ერთა შორის ქრისტეფორეები“ იყვნენ. დოსტოევსკისვე მიაწერს არენდტი პანსლავიზმის ტოტალიტარული ტენდენციების გამომჟღავნებას „პანჰუმანიზმში“. დოსტოევსკი მართლაც შეგვიძლია მივიჩნიოთ „რჩეული რუსი ერისა“ და „საკრალური რუსული იმპერიის“ სისტემურ თეოლოგად, რომლის მიმართაც რუსულ ტოტალიტარულ  იმპერიალიზმს დღემდე გადაუხდელი ინტელექტუალური ვალი ადევს.

 

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსული ტოტალიტარული იმპერიალიზმები

საბჭოთა რუსული ტოტალიტარული იმპერიალიზმი განსაკუთრებული აღზევების ფაზაში შევიდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ექსპანსიის შემდეგ. თუმცა, საბჭოთა კავშირის იმპერიალისტური პროექტი შინ ცარისტული იმპერიის აღდგენით დაიწყო. როგორც არენდტი შენიშნავს, საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთ ევროპის სატელიტებს, არსებითად იგივე საშუალებებით მართავს, როგორითაც იმპერიას სახლში - კულტურის, ფოლკლორისა და ადგილობრივი ენის დონეებზე დათმობებს, აკომპენსირებს ცენტრალიზებული მართვით მოსკოვიდან წამოსული დირექტივების საფუძველზე და რუსულის ოფიციალურ ენად გამოცხადებით.

ტოტალიტარულმა დომინაციამ საბჭოთა რუსეთში ოფიციალურ იდეოლოგიად მარქსიზმ-ლენინიზმი გამოაცხადა, თუმცა რუსული ტომობრივი ნაციონალიზმის საჭიროებასაც ვერ გაექცა. როგორც არენდტი წერს „ტოტალიტარიზმის წარმოშობაში“, ბოლშევიკებმა ხელახლა აიტაცეს პანსლავისტური პროპაგანდა იმ ატომისტური და გამთიშავი ეფექტის გამო, რომელიც მას ჰქონდა და იმპერიის ახლად ურბანიზებულ სივრცეებში დასახლებულ ფესვმოწყვეტილ ადამიანთა მასებზე ტოტალიტარული დომინაციის დამყარებას უადვილებდათ.

საბჭოთა იმპერიალიზმი ასევე აგრძელებდა კონტინენტური იმპერიალიზმის ცარისტულ მემკვიდრეობას. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამ საბჭოთა ტოტალიტარიზმს შეუქმნა შესაძლებლობა უფრო დასავლეთით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისკენ გაფართოებულიყო. უცვლელი იყო კონტინენტური იმპერიალიზმისთვის დამახასიათებელი, თანმიმდევრული ექსპანსიის ლოგიკა მიმდებარე მიწებზე.

ამან საშუალება მისცა იოსებ სტალინს საკუთარი გრანდიოზული ტერიტორიული მოთხოვნები იალტის კონფერენციაზე ნაციონალისტური პროექტების საფარქვეშ შეეფუთა და მათი ნამდვილი იმპერიალისტური მიზნები ნაწილობრივ მაინც დაეფარა. საბჭოთა იმპერიის გაფართოებამ კონტინენტური იმპერიის ლოგიკით, გამორიცხა დაპყრობილ აღმოსავლეთ ევროპულ სატელიტებში ტოტალიტარული დომინაციის ტექნიკებზე უარის თქმა, განსხვავების შემოტანა იმპერიის შიდა სამართლებრივ რეჟიმსა და სატელიტების სამართლებრივ რეჟიმს შორის.

მეტიც, როგორც არენდტი აღნიშნავს, კონტინენტური იმპერიალიზმისგან მემკვიდრეობით მიღებული შეუძლებლობა შემოიტანოს დიქოტომია სამართლებრივ რეჟიმებში შინ და კოლონიაში ან გულსა და პერიფერიაში კონტინენტური იმპერიალიზმის ცნებებით თუ მოვიხსენიებთ, ბუმერანგის ეფექტს ოკეანისმიღმა იმპერიალიზმისგან საპირისპირო შინაარსს აძლევს ტოტალიტარულ იმპერიალიზმში.

კერძოდ, თუ ოკეანისმიღმა იმპერიალიზმის შემთხვევაში მეტროპოლიაში ეშინოდათ, კოლონიებში ჩაგვრისა და უსამართლობის მეტროპოლიაში ბუმერანგივით მობრუნება და გავრცელება, ტოტალიტარულ იმპერიალიზმში, რადგან ტოტალიტარული დომინაცია შინ, იმპერიის გულში იწყება, პერიფერიებში ტოტალიტარული დომინაციის მეთოდებისგან გადახვევა, რბილი მიდგომების დემონსტრირება, საფრთხეს უქმნის ტოტალიტარულ რეჟიმს შინ.

აქედან გამომდინარეობდა ერთგვარი პარადოქსი, რომ საბჭოთა კავშირი არსებით დათმობებზე ვერ მიდიოდა სატელიტებთან, რამდენადაც სატელიტებში ჩაგვრის შემცირებას, შესაძლოა, ბუმერანგის ეფექტით, ტოტალიტარული რეჟიმისთვის საფრთხე შეექმნა იმპერიის გულში. ამ შუქზე ხედავს სწორედ არენდტი უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის სამაგალითოდ სისხლში ჩახშობას. იგივე ახსნა შეგვიძლია გავავრცელოთ უფრო გვიანდელ, 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ მოვლენებზეც.

კონტინენტური იმპერიალიზმის ლოგიკა საბჭოთა ტოტალიტარულ იმპერიალიზმს კარნახობდა გამოეთანაბრებინა ტოტალიტარული დომინაციის მასშტაბი შინ და სატელიტ რეჟიმებში. თუმცა, ალბათ, მართებული არ იქნება ამ ტენდენციის მხოლოდ კონტინენტური იმპერიალიზმის ლოგიკისთვის მიწერა. თავად ტოტალიტარული დომინაციის ლოგიკაც არ ცნობს სამართლებრივ თუ სივრცით შემოსაზღვრას. ტოტალიტარული დომინაცია არ ცნობს არც შინაგან და არც გარეგან შეზღუდვებს.

ამრიგად, სატელიტების სისტემაში სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალური დაშვება შეუთავსებელი იყო ტოტალიტარული იმპერიალიზმის შინაგან ლოგიკასთან. ამ ლოგიკის მიხედვით, არსებობდა ორი შესაძლებლობა - ან ტოტალიტარული დომინაცია იმპერიის გულში სრულად გავრცელდებოდა სატელიტებზეც, რაც მათი ფორმალური სუვერენიტეტის მოსპობით უნდა დასრულებულიყო, ან იმპერიას ეტაპობრივად უნდა დაეკარგა კონტროლი სატელიტებზე, სატელიტებს რეალური სუვერენიტეტი მოეპოვებინათ, რასაც იმპერიის დეზინტეგრაცია უნდა მოჰყოლოდა.

1989 წლისთვის სწორედ ეს მეორე შესაძლებლობა განხორციელდა და საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია უკვე შინ გაგრძელდა. 1991 წლიდან, საბჭოთა იმპერიის სრული ჩამოშლის კვალდაკვალ, რუსეთის ფედერაციამ სცადა ყოფილი შიდა იმპერიისგან (მოკავშირე რესპუბლიკები, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით) ახალი სატელიტების სისტემა აეშენებინა, ამ რესპუბლიკების ფორმალური სუვერენიტეტის აღიარებით.

სატელიტების ეს ახალი სისტემა მნიშვნელობას ინარჩუნებდა მანამ, სანამ თავად რუსეთის ფედერაცია იყო სუსტი კოლაფსის შემდგომი შოკისგან, ხოლო სატელიტებად მოაზრებული ახალი რეჟიმები ვერ ახერხებდნენ სამოქალაქო ნაციონალიზმის პროექტების სრულფასოვან რეალიზაციას.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ორივე ფაზა (2014 და 2022 წლები, ისევე როგორც მანამდე საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგრესია) შეიძლება მივიჩნით ტოტალიტარული რუსული იმპერიის მიერ იმის ეტაპობრივ გაცნობიერებად, რომ ამ ორი, სატელიტად მოაზრებული სახელმწიფოს, ნაციონალისტური პროექტების წარმატების პერსპექტივა ევროპული ინტეგრაციის ქოლგის ქვეშ, არა მხოლოდ სატელიტების სისტემისთვის სასიკვდილო საფრთხეა, არამედ ისიც, რომ თავად სატელიტების სისტემის პოლიტიკა ქმნის სატელიტად მოაზრებული სახელმწიფოების მხრიდან იმპერიისთვის თავის დაღწევისა და სრულფასოვანი სუვერენიტეტის მოპოვების საფრთხეს.

უკრაინაში ფართომასშტაბიანმა ომმა პრაქტიკულად დაასრულა ტოტალიტარული რეჟიმის კონსოლიდაცია იმპერიის ცენტრში. ამის შემდეგ, იმპერიის ყველა შემდგომი ნაბიჯი მიმართული იქნება შინაური ტოტალიტარული დომინაცია ტერიტორიული ექსპანსიის კვალდაკვალ, ახლადმიერთებულ პერიფერიებზეც თანაბრად გაავრცელოს. უკრაინაში აგრესიის თანადროულად, რუსეთმა გააცოცხლა როგორც ტოტალიტარული დომინაციის, ისე კონტინენტური იმპერიალიზმის მემკვიდრეობა, რომელიც ხელახლა აღჭურვა პანსლავისტური ტომობრივი ნაციონალიზმისგან მორჩენილი იდეოლოგიური ძრავით.

ამრიგად, 2022 წლის რუსული აგრესია უკრაინაში შეგვიძლია მივიჩნიოთ ტოტალიტარული იმპერიალიზმის პროექტის სრულად განხორციელების გეგმის საწყის ნაწილად, რომლის პირველი მიზანიც უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, გაუქმება და მის ტერიტორიაზე იმპერიის თანმიმდევრული ექსპანსიაა. თუმცა, კონტინენტური იმპერიალიზმის ლოგიკა გვასწავლის, რომ რუსეთის იმპერიული ექსპანსიის მიზნები უკრაინის საზღვრებთან არ სრულდება და უკრაინაში წარმატებული ექსპანსიის შემთხვევაში, მის მიმდებარედ ექსპანსიის ამბიცია წამოიწევს წინ.

 

დასკვნა

რუსული ტოტალიტარული იმპერიალიზმის ჰანა არენდტისეული ანატომია და გენაოლოგია, რომელიც ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილეთ, მრავალმხრივ საგულისხმოა დღეს რუსული ტოტალიტარული იმპერიის მორიგი ექსპანსიური, აგრესიული ომის ფონზე.

საგულისხმოა, რომ არენდტის მიერ შემოთავაზებული ჩარჩო გვაძლევს არა მხოლოდ რუსეთის მოქმედების ადეკვატური შეფასების, არამედ, გარკვეულწილად, პროგნოზირების შესაძლებლობასაც.

ცალსახად უნდა გამოვყოთ, რომ ფუნდამენტური შეცდომა იქნებოდა რუსეთის აგრესიული ომის დანახვა ნაციონალისტური პროექტის პრიზმაში. უკრაინაში რუსეთის მოქმედება ამყარებს დასკვნას, რომ მისი მიზანი ტოტალიტარული იმპერიის პროექტის სრული და თანმიმდევრული რეალიზაციაა. ეს დასკვნა მოიცავს რამდენიმე აუცილებლად დაკავშირებულ შედეგსაც, კერძოდ: ა) რუსეთის პირველადი მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის მოსპობა და მის სრულ ტერიტორიაზე ექსპანსიაა; ბ) ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, რუსეთის ტოტალიტარული იმპერიის ტერიტორიული ექსპანსია თანმიმდევრულად გაგრძელდება სხვა მომიჯნავე მიწებზეც. ექსპანსიის ამბიცია ევრაზიის კონტინენტზე არ დაექვემდებარება არავითარ გეოგრაფიულ ან სხვა შინაგან ბარიერს; გ) რუსეთის იმპერიის რეჟიმისთვის მიუღებელი იქნება სატელიტების ახალი სისტემის ფორმირება; დ) შესაბამისად, ყველა ის ხალხი რომელის ტერიტორიაზეც რუსეთის ტოტალიტარული იმპერია შეძლებს გაფართოებას, დაკარგავს სუვერენიტეტს და დაექვემდებარება ტოტალიტარული დომინაციის ისეთივე რეჟიმს, როგორიც მოქმედებს იმპერიის გულში; ე) ყველა ის ხალხი რომელიც დგას ტოტალიტარული იმპერიის მიერ სუვერენიტეტის წართმევის წინაშე, არ უნდა ელოდოს იმპერიის მხრიდან სუვერენიტეტის ნაწილობრივ შენარჩუნებას ან სხვა დათმობებს, მათ შორის, უარს ტოტალიტარული დომინაციის ინსტრუმენტების გამოყენებაზე მათ მიმართ და დომინაციის უფრო „რბილ“ მიდგომებს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი