პუბლიკაციები

დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენა: ლიბერალური დემოკრატიის ეროზია თუ არალიბერალური პერსპექტივის ოპტიკური ეფექტი?

ფოტო: Getty Images

 

პრეზიდენტის ბრალდება - დემოკრატიული კულტურის დაუწერელი ნორმების ჩამოშლა თუ მათი გადარჩენის მცდელობა?

2023 წლის 4 აპრილს, მანჰეტენის სასამართლოში, ყველაზე ძველი კონსტიტუციური დემოკრატიის დაუწერელი კულტურული ნორმა პირველად დაირღვა - ყოფილ პრეზიდენტს და მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს ფორმალურად წარუდგინეს ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიურის მიერ დამტკიცებული ბრალდება. ტრამპის მხარდამჭერები, მათ შორის რესპუბლიკური პარტიიდან, ყოფილი პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი დევნის დაუწერელი წითელი ხაზის გადაკვეთას ამერიკული რესპუბლიკისთვის კატასტროფულ მოვლენად მოიაზრებენ. „ბანანის რესპუბლიკებთან“, იგივე ლათინური ამერიკის არალიბერალურ, პოპულისტურ რეჟიმებთან პარალელების გავლებაც კრიტიკის ამ ხაზის მთავარ ელემენტად იქცა.

პარტიული მიკერძოების მიღმა, ამ დაუწერელი ნორმის შეუსრულებლობით მოსალოდნელ შედეგებზე წუხილს ობიექტური საფუძვლებიც აქვს, თუმცა „ბანანის რესპუბლიკასთან“ შედარება მაინც აცდენილია ამერიკის თუნდაც ახლანდელ რეალობას. ასევე მრავლისმთქმელია მოქმედი არალიბერალური რეჟიმებიდან, მათ შორის საქართველოდან, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულება სისტემის დაუწერელი ნორმაა, ამ მოვლენების აღქმაც. 

ამ უკანასკნელი პერსპექტივიდან, ტრამპის საქმე პოლიტიკური მართლმსაჯულების პარადიგმაშია გამომწყვდეული. მაშინაც კი, როდესაც დამკვირვებელი არ იზიარებს ამ პარადიგმის შინაარსს, მის მოლოდინებს მაინც ის განსაზღვრავს - ტრამპის დროებითი დაკავება სასამართლოში ბრალის წარდგენის პროცესში, ქართულმა ლიბერალურად განწყობილმა და აქაური არალიბერალური რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილმა მედიამაც კი მაშინვე წინასწარ პატიმრობად და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან ტრამპის მოწყვეტად აღიქვა, ინტუიციურად დაუკავშირა იმ მიზნებსა და შედეგებს, რასაც ასეთ დროს პოლიტიკური მართლმსაჯულება ესწრაფვის ხოლმე. 

ამერიკულ დემოკრატიაში ყოფილი პრეზიდენტებისა თუ ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნისგან თავის შეკავების დაუწერელი ნორმაც სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების დამანგრეველი შედეგებისგან თავის დასაცავად ჩამოყალიბდა. კონსტიტუციური დემოკრატია მუშაობს კონსტიტუციის როგორც უზენაესი კანონის ჩარჩოში, თუმცა კონსტიტუციური კულტურის გარეშე, რომელიც პოლიტიკურ კლასსა და ფართო საზოგადოებაში განამტკიცებს კონსტიტუციის ლიბერალური და დემოკრატიული იდეალების ერთგულებას, ამ იდეალების გათავისებას მათ მიერ, ვინც კონსტიტუციის წესებით თავი უნდა შეიზღუდოს, კონსტიტუცია მხოლოდ ქაღალდის ბარიერად დარჩება. 

სამართლის უზენაესობის კონსტიტუციური იდეალი, რომელსაც ხშირად ბოროტად იყენებენ პოლიტიკური მართლმსაჯულების კონტექსტებში, თავისთავად ვერ გამორიცხავს პოლიტიკურ შურისძიებას მართლმსაჯულების საბურველით თუ მისი აღსრულება დაუწერელი კონსტიტუციური კულტურის ნორმების საფუძველზე არ განხორციელდა. მონტესკიესგან მომდინარე ტრადიციის მიხედვით, ამ კონსტიტუციური კულტურის შინაარსს კონსტიტუციონალიზმის სულისკვეთებადაც მოიხსენიებენ. 

იქ სადაც კონსტიტუციონალიზმის სულისკვეთება ქრება ან არც არასდროს ჩამოყალიბებულა, სამართლის უზენაესობა პოლიტიკურ შურისძიებას ვერ გააჩერებს. ასეთ პირობებში, დემოკრატიის გაგება მაჟორიტარიზმის პრინციპის ყველაზე უხეშ ვერსიებს ვერ სცდება. ამ დროს კომპრომისი შეუძლებლად და ნორმატიულად მიუღებლადაა მიჩნეული. სადაც ძალაუფლებაში მყოფი ლიდერი ხალხის ნების ექსკლუზიურ და პირდაპირ განსხეულებად მიიჩნევს თავს, ოპოზიცია დემონიზებულია და ხალხის მტრადაა მიჩნეული. ხალხის მტრებთან კი კომპრომისი დაუშვებელია. 

კონსტიტუციური დემოკრატია მუშაობს მხოლოდ მაშინ თუ პოლიტიკურ კლასს სრულად აქვს გათავისებული და სავალდებულოდ მიიჩნევს  დემოკრატიული კულტურის დაუწერელი ნორმების შესრულებას, რომლებიც მათ ოპონენტების თანასწორუფლებიანად აღიარებისკენ, მათი დემონიზებისა და განადგურების მიზნებისგან ხელის აღებისკენ, კომპრომისის ძიებსკენ, შუამავალი და ძალაუფლების შემაკავებელი ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი ასრულებდეს ამ კულტურულ ნორმებს, არამედ ფართო დემოკრატიული საზოგადოებრივი კულტურაც მოითხოვდეს მათგან ამ დაუწერელი წესების შესრულებას და ფასს აწესებდეს მათი შეუსრულებლობისთვის.

დონალდ ტრამპი ამერიკის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი პოპულისტი პრეზიდენტი არაა, შესაბამისად, ის პირველი არაა ვისაც ლიბერალური დემოკრატიის კულტურული ნორმები და კონსტიტუციური ინსტიტუტები სძულს. თუმცა მხოლოდ ტრამპმა გამოავლინა ძალაუფლებაში მოსვლამდე და ძალაუფლებაში ყოფნის დროს ამ ნორმებისა და ინსტიტუტების ტოტალური უპატივისმცემლობა, მათი ძირის გამოთხრისა და სრულად მოშლის ცხადი განზრახვა. 

მეტიც, ტრამპის ამომრჩეველთან კომუნიკაციის ღერძი სწორედ დემოკრატიული კულტურისადმი მტრულად განწყობილ ამომრჩეველთა ფარდობითი უმრავლესობის ფორმირებისკენ არის მიმართული. ტრამპის მიზანიც სწორედ ლიდერის უკრიტიკო, შეუწყნარებელი, მორჩილი მიმდევრების ბაზის  შექმნაზე და მათი საკუთარი ძალაუფლების დასაყრდენად ქცევაზე იყო მომართული. 

2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის მოვლენებმა აჩვენა, რომ ტრამპისთვის არც ძალაუფლების უზურპაცია იყო წითელი ხაზი. მას ამ ხაზის გადასაკვეთად ერთგული ჯარისკაცები არ ეყო. გადამწყვეტ მომენტში, ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა და სხვა თანამდებობის პირებმა კონსტიტუციის სულისკვეთებისადმი ერთგულება არჩიეს ტრამპისადმი მორჩილებას. საუკუნეებით გამჯდარ კონსტიტუციურ სულისკვეთებას ერთი თავზეხელაღებული მტერი არ ეყო მოსაშლელად, თუნდაც მას პრეზიდენტის თანამდებობა სჭეროდა. 

დემოკრატიული კონსტიტუციური კულტურის ცენტრში დგას ზომიერება, როგორც უმთავრესი ღირსება. ზომიერება გულისხმობს ნაცვალგებასაც. დემოკრატიული კონსტიტუციური კულტურის შესრულებაც დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისა და პირების მიერ ურთიერთსანაცვლოობას გულისხმობს. 

ტრამპი ასევე პირველი პრეზიდენტია, რომლის მიმართაც ერთ საპრეზიდენტო ვადაში იმპიჩმენტის ორი პროცედურა წამოიწყეს. ამ მხრივ მას ხშირად ადარებენ რიჩარდ ნიქსონს, მის ცნობილ პოპულისტ წინამორბედს. თუმცა ნიქსონთან მნიშვნელოვანი განსხვავება სწორედ დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისადმი დამოკიდებულებაზე გადის. ნიქსონმა მიიღო ულტიმატუმი, არ გარისკა იმპიჩმენტის პროცედურაში შეყოლა და გადადგა. გადადგომით, ნიქსონმა დაიცვა ისედაც დაზიანებული პრეზიდენტის ინსტიტუტი და გამოავლინა დემოკრატიული კონსტიტუციური კულტურის თუნდაც ერთი უკანასკნელი წითელი ხაზისადმი პატივისცემა. 

სწორედ ამ სულისკვეთებით და ურთიერთსანაცვლოობის საფუძველზე, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ნიქსონი არ გაუსამართლებიათ, მიუხედავად ამ საკითხზე მნიშვნელოვანი წინაღმდეგობებისა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ სფეროებში. ნიქსონმა საბოლოოდ მაინც აღიარა დემოკრატიული კონსტიტუციური კულტურის დაუწერელი წესები და ამ წესების სასარგებლო შედეგები თავადაც მიიღო. 

ნიქსონისგან განსხვავებით, ტრამპს არც რიტორიკითა და არც ქცევით არ გამოუვლენია დემოკრატიული კულტურის ნორმებისადმი ერთგულება, თუმცა მათი სიკეთეებით ბოროტად სარგებლობა სურს. მეტიც, მას სურს ამ სიკეთეებით ისარგებლოს იმ მიზნით, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს და იმავე დემოკრატიულ კონსტიტუციურ კულტურასა და მათ ინსტიტუციურ ჩარჩოს საფუძველი მოუშალოს.

 

არალიბერალური პერსპექტივის ოპტიკური ეფექტი?

ტრამპის მიმართ დემოკრატიული კონსტიტუციური კულტურის ნორმების დარღვევის  სისტემურ ჩამოშლად აღქმას ხელს არალიბერალური რეჟიმების პერსპექტივაც უწყობს. იქ სადაც კონსტიტუციური დემოკრატიის კულტურული პრაქტიკები არ არსებობს და მათი საპირისპირო კულტურული ნორმებია დამკვიდრებული, ნებისმიერი საეჭვო პრაქტიკა მაშინვე არალიბერალურ ქარგაში ეწერება. პრობლემა იმაშიცაა, რომ არალიბერალური რეჟიმები არალიბერალურ და ავტორიტარულ პრაქტიკებს მათ შორის კონსტიტუციური დემოკრატიებისგან სესხულობენ. 

აღნიშნული პრაქტიკების შედეგები კონსტიტუციურ დემოკრატიებსა და არალიბერალურ ან ავტორიტარულ რეჟიმებში განსხვავდება სწორედ კულტურული კონტექსტების ფუნდამენტური განსხვავებების გამო. მაგალითად, ტრამპის შემთხვევაშიც, მისი მსჯავრდება ვერ იქნება ისეთივე სისტემური შედეგების მომტანი, როგორიც მსგავსი მოვლენა იქნებოდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე დაფუძნებულ არალიბერალურ რეჟიმებში. 

არალიბერალური პერსპექტივა ყოველთვის უსარგებლო არ არის. არალიბერალური რეჟიმები ეყრდნობიან რა კონსტიტუციური დემოკრატიების პოტენციურად არალიბერალურ და ავტორიტარულ მექანიზმებსა და ნორმებს, გვიჩვენებენ ამ პოტენციალის განხორციელების ყველაზე საშიშ შესაძლებლობებს. კონსტიტუციურ დემოკრატიებს არ აწყენთ სიფხიზლე პოლიტიკური მართლმსაჯულების დამანგრეველი პოტენციალის მიმართ, თუმცა საეჭვოა რამდენად არის ტრამპისადმი ბრალის წარდგენა ამ პოტენციალის საგანგაშო განხორციელება.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი