პუბლიკაციები

ტირანი ხატზე: სტალინის ფუნქციები რუსეთის იმპერიალისტურ იდეოლოგიაში და მისი გამოყენება საქართველოში

შესავალი

სამების საკათედრო ტაძარში საბჭოთა ტირანის - იოსებ სტალინის - ხატზე გამოსახვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მჭიდრო გავლენა აქვს საქართველოზე რუსეთში იმპერიალისტური ავტოკრატიის (თვითმპყრობლობის) რესტავრაციის პოლიტიკურ პროექტს. სტალინის გამოსახულების შესვლა სამების საკათედრო ტაძარში ვერ აიხსნება რუსული რეჟიმის განვითარების დინამიკის გარეშე და ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ის, რომ სტალინის ეკლესიაში შეტანის ოპერაციის ადგილზე შემსრულებლები კრემლთან ღიად დაკავშირებული არიან.

სტალინის პერსონის ინსტრუმენტალიზაცია რუსული იმპერიალიზმის მიზნებს მიღმა და მათ გარეშე, მით უფრო, პუტინის რეჟიმთან დაკავშირებული პირების მიერ, არადამაჯერებელია და გონივრული საფუძველი არ გააჩნია. ამრიგად, ინტერპრეტაციის ყველაზე შესაფერისი ჩარჩო რუსეთის მოქმედი იმპერიალისტური ავტორიტარული რეჟიმი და მისი იდეოლოგიური საყრდენებია.

 

ჰიბრიდული ტოტალიტარიზმი - პუტინის ნეოსტალინისტური რეჟიმი

რუსეთი ვლადიმირ პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე კლასიფიცირდებოდა, როგორც ავტორიტარული რეჟიმი. თუმცა 2005 წლიდან დღემდე, პუტინის ავტორიტარიზმმა მნიშვნელოვანი დეგრადაცია გამოიარა. 2012 წელს პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების, 2014 წელს კი უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსულმა ავტორიტარულმა რეჟიმმა უწყვეტი ვარდნა განიცადა. ამ პერიოდში დაბრუნდა ტოტალიტარული პრაქტიკები, რომლებმაც 2022 წელს, უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგ, სისტემური ხასიათი შეიძინა.

შედეგად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდგომი კრემლის რეჟიმი ხასიათდება, როგორც  ჰიბრიდული ტოტალიტარიზმი, კერძოდ, კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც სისტემურად იყენებს ტოტალიტარულ პრაქტიკებს. თავის მხრივ, პუტინის რეჟიმის მიერ გამოყენებული ტოტალიტარული პრაქტიკები ახალი არ არის და ნასესხებია საბჭოთა იმპერიის სტალინური პერიოდიდან.

აზრის დანაშაულების დაბრუნება, მათ საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების ხანგრძლივად გამწესება გულაგში, სამარტოო საკანში გამოკეტვისა და კომუნიკაციის, პრაქტიკულად, სრული შეზღუდვით, ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო სტალინისტური ტოტალიტარული პრაქტიკაა. ვლადიმირ ყარა-მურზას სტალინისტური სასამართლო პროცესი და გულაგში 25 წლით გაგზავნა ნეოსტალინიზმის თვალსაჩინო ნიმუშია.

პუტინის რეჟიმის ნეოსტალინიზმი მხოლოდ სტალინიზმის ტოტალიტარული პრაქტიკების სისტემურ აღდგენაში არ გამოიხატება. ამ ტიპის ჰიბრიდულ ტოტალიტარიზმს იდეოლოგიური გამართლება სჭირდება. ამ მხრივ, პუტინის ნეოსტალინიზმი სტალინიზმის მემკვიდრეობას იდეოლოგიური გამართლების ელემენტადაც იყენებს.

 

სტალინი პუტინის ნაციონალისტური იმპერიალიზმის ისტორიული მოღვაწეების პანთეონში

უკრაინაში აგრესიის შემდეგ, პუტინის რეჟიმის იმპერიალისტურად კლასიფიკაცია კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. ტოტალიტარული იმპერიალიზმის ამ ჰიბრიდული ფორმის იდეოლოგიური გამართლებაც ჰიბრიდიულია და ეკლეკტური. პუტინის რეჟიმის იმპერიალიზმი ცალსახად ნაციონალისტურია და რუსეთის გამორჩეულობის მტკიცებაზე დგას.

პუტინის ნაციონალისტური იმპერიალიზმი ეყრდნობა და იყენებს როგორც მე-19 საუკუნის სლავოფილური და თვითმპყრობლური იდეოლოგიის ელემენტებს, ისე სტალინსტური ტოტალიტარული იმპერიალიზმისა და მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლების რუსი ნაციონალისტების იდეებს.

პუტინის ნაციონალისტური იმპერიალიზმიც იყენებს მე-19 საუკუნეში ნიკოლოზ პირველის მინისტრ უვაროვის მიერ შემუშავებულ ფორმულას: „მართლმადიდებლობა, ერი და ავტოკრატია (თვითმპყრობლობა).“

ამ კონსტრუქციაში „ერის“ განსაზღვრებისას, პუტინის რეჟიმიც დიდწილად ეყრდნობა მე-19 საუკუნის სლავოფილური/პანსლავისტური იდეოლოგიის ძირითად ელემენტებს. პანსლავიზმი და სლავოფილიზმი მართლმადიდებლურად იდენტიფიცირდება. ტრაიბალისტური ნაციონალიზმის ეს ვერსია ერის კოლექტივისტურ, კომუნიტარულ ფორმებს განადიდებს.

თავისი შინაარსით, მართლმადიდებლური პანსლავიზმი არსებითად არალიბერალური და ანტიმოდერნული იდეოლოგიაა, რომელიც უპირატესად წარმოაჩენს კომუნიტარულ თანაცხოვრებას (“Соборность“) მოდერნული ინდივიდუალიზმის საპირისპიროდ, ავტოკრატიულ მმართველობას - დემოკრატიული და შეზღუდული ხელისუფლების საპირისპიროდ.

მართლმადიდებლური პანსლავიზმიდან არის ამოზრდილი უკრაინული ნაციონალიზმის რადიკალური უარყოფის და უკრაინელებისა და რუსების, როგორც „ერთი ერის“, იდეაც, რომელიც იმპერიული დაპყრობითი ომის ერთ-ერთი ცენტრალური იდეოლოგიური გამართლებაა. თუმცა საერთო სლავური ტომელობის მითოლოგიზებულ იდეას დამატებით ესაჭიროება წარსულით მანიპულაცია, ისტორიის ფაბრიკაცია.

სტალინიზმი პუტინის ნეოსტალინიზმს ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის სპეციფიკურ ხელსაწყოებს აძლევს. კერძოდ, სტალინისტური ისტორია, როგორც იდეოლოგიის ინსტრუმენტი, იყენებს ისტორიულ მოღვაწეთა პანთეონს. სტალინის მიერ შექმნილი პანთეონის ფიგურებს, როგორებიც არიან პეტრე პირველი დიდი ან ალექსანდრე ნეველი, პუტინის რეჟიმიც განადიდებს იდეოლოგიური გამართლების პროექტში. თუმცა პუტინის ნეოსტალინიზმი ამ პანთეონს აფართოებს და პირველ რიგში, თავად სტალინს ათავსებს.

სტალინის ოფიციალური იდეოლოგიის პანთეონში დაბრუნებას წინ უძღოდა მისი რეაბილიტაციის  პროცესი, რომლის ავანგარდში იყო თავად პუტინის დისკურსი სტალინის შესახებ. ეს პროცესი დაგვირგვინდა სტალინისტურ სტილში, კრემლის მიერ შექმნილი ორი წიგნის - დამამთავრებელი კლასის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოსა და სავალდებულო საუნივერსიტეტო კურსის „რუსეთის სახელმწიფოებრიობის საფუძვლების“ სახელმძღვანელოს - სასწავლო პროცესში დამკვიდრებით. ორივე სახელმძღვანელო სტალინს მკაფიოდ დაამკვიდრებს ოფიციალური, ნაციონალისტურ-იმპერიალისტური იდეოლოგიის პანთეონის საკვანძო ისტორიულ ფიგურად.

შინაარსობრივი ეკლეკტიზმი, რომელიც პუტინის ნაციონალისტურ იმპერიალიზმს ახასიათებს, ასევე გულისხმობს, რომ ამ იდეოლოგიას შინაგანი თანმიმდევრულობის განსაკუთრებით მწვავე პრობლემები აქვს. მართლმადიდებლური პანსლავიზმი შესაძლოა სლავი ერების კოლონიზაციის გამართლებად გამოდგება, თუმცა არასლავი და არაქრისტიანი კოლონიზებული ხალხების მიმართ უსარგებლოა. ასევე, იქ, სადაც მართლმადიდებლურ პანსლავიზმს ისტორიული პერსონების პანთეონს უმატებენ, ამ პანთეონის ზოგი ფიგურა, რუსების გარდა, სხვა სლავ ერებს არანაირად არ უკავშირდება.

მაგალითად, მართლმადიდებლური პანსლავიზმი უსარგებლოა შუა აზიის ან ჩრდილოეთ კავკასიის ერთა მიმართ. ალექსანდრე ნეველს კი არავითარი კავშირი არ ჰქონდა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლთან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია კრემლისთვის, ამ ფიგურის ძეგლი ოკუპირებულ ქალაქში აღემართა.

შესაბამისად, ეკლექტური ოფიციალური იდეოლოგიის შეუთავსებელ ელემენტებს შორის თვითნებური კავშირების შექმნა კრემლის ნაციონალისტური იმპერიალიზმისთვის დამახასიათებელი მანევრია. შინაგანი არათანმიმდევრულობის თვითნებურად გადაწყვეტა ერთადერთი პრაქტიკული გამოსავალია იმპერიალისტი იდეოლოგებისთვის. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ნაციონალისტური იმპერიალიზმის იდეოლოგიის გაშუალება არა მხოლოდ ეთნიკურად რუსებისთვის, არამედ სხვა კოლონიზებული ხალხებისთვისაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ კოლონიზებული ხალხების მიმართ გამშუალებელი ელემენტების ძიება იმპერიალისტურ იდეოლოგიას კიდევ უფრო ეკლექტურს ხდის.

 

მართლმადიდებლური სტალინიზმი მართლმადიდებლური პანსლავიზმის ნაცვლად?

სტალინის პერსონას პუტინის რეჟიმის ოფიციალური ნაციონალისტურ-იმპერიალისტური იდეოლოგიის პანთეონში იმპერიული ცენტრის ავტოკრატიული ძალაუფლების იდეოლოგიური გამართლების ფუნქცია აქვს. იმპერიული ცენტრის ისტორიული პანთეონი ხშირად პირდაპირ არ ებმის პერიფერიულ კოლონიზებულ ერებს და დამატებით გაშუალებას საჭიროებს. ამგვარი თვითნებური გაშუალებები რუსული იმპერიალიზმისთვის დამახასიათებელი ფენომენია.

სტალინის შემთხვევაში, მისი დაბადების ადგილი და ეთნიკური წარმომავლობა იმპერიალისტური იდეოლოგიის ისტორიული ფიგურების პანთეონის საქართველოსთვის ადაპტაციის განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის. ეს შესაძლებლობა რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგებისთვის განსაკუთრებული ფუნქციის მატარებელია, რადგანაც, ქართველთა არასლავური ეთნიკურობის  გათვალისწინებით, მათი სრულყოფილი ინტეგრაცია მართლმადიდებლური პანსლავიზმის მატრიცაში შეუძლებელია.

საერთო მართლმადიდებლური რწმენის არგუმენტები რუსეთის იმპერიის მიერ, საქართველოს კოლონიზაციის პროცესში ყოველთვის წამყვანი იყო. თუმცა მხოლოდ ერთიან ქრისტიანულ რწმენაზე მითითება ქრისტიანული რელიგიის (თუნდაც იმპერიალისტური იდეოლოგიით დამახინჯებულის) უნივერსალური ხასიათიდან გამომდინარე, იმპერიის ძალაუფლებას დაქვემდებარებული, კოლექტიური, კომუნიტარული მასის გამოსაძერწად საკმარისი არასდროს იყო და ეს რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგებსაც ესმოდათ. სწორედ ამიტომ შეურწყეს რუსული იმპერიალიზმის სხვადასხვა პერიოდის იდეოლოგებმა მართლმდადიდებლობა  პანსლავიზმს და აღმოსავლეთ და სამხრეთ სლავებზე იმპერიული დომინაციის ინსტრუმენტად გამოიყენეს.

სტალინისა და მართლმადიდებლობის თვითნებურად დაკავშირება რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგიისთვის ახალი არ არის. თუმცა საქართველოს კონტექსტში, უფრო სავარაუდოა, რომ ამ კავშირს სხვაგვარი, რუსული ნაციონალისტურ-იმპერიალისტური იდეოლოგიის გამაშუალებელი ფუნქცია ჰქონდეს.

სტალინის, როგორც რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგიის პანთეონის ცენტრალური ფიგურის, საქართველოში მართლმადიდებლური რელიგიის მეშვეობით შემოტანის მცდელობა შესაძლოა აჩვენებდეს იმპერიის იდეოლოგების განზრახვას, რომ სტალინის ისტორიული პერსონა გახდეს ის პარტიკულარისტული კომპონენტი, რომელიც დაემატება საერთო მართლმადიდებლობის დოქტრინას და ქართველებისთვის რუსეთის ნაციონალისტურ იმპერიალიზმს გააშუალებს - მართლმადიდებლური პანსლავიზმის ნაცვლად, საქართველოს კოლონიზაციის გამართლებად მართლმადიდებლურ სტალინიზმს გამოიყენებს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი