რუსული კანონი: რეჟიმის დინამიკის გარდაუვალი შედეგი
რეჟიმის მიერ ამოყირავებული თამაში და ურწმუნო თომები
ირლანდიელი მწერლის, პოლ ლინჩის, 2023 წლის ბუკერის პრიზის მფლობელ რომანში „წინასწარმეტყველის სიმღერა“, მთავარ გმირს, მიკრობიოლოგ აილიშ სტაკს, არ სურს შეეგუოს ავტორიტარული რეჟიმის რეალობას. აილიში სასოწარკვეთით და უდრეკად ებღაუჭება იმ სასიცოცხლო სამყაროს ყველა საყრდენს, რომელშიც მისი და მისი ოჯახის ცხოვრება მიდიოდა.
ყველა ასეთი საყრდენის გამოცლას აილიში ხვდება იმედით, რომ ის სხვა ბურჯს მოეჭიდება. როდესაც რეჟიმის ახლად შექმნილი პოლიტიკური პოლიცია აილიშის ქმარს, მასწავლებელთა პროფკავშირების ლიდერს, სახლში აკითხავს, როდესაც მას დაკითხვაზე იბარებენ და ემუქრებიან, როდესაც, მასწავლებელთა მარშის დარბევის შემდეგ, მარშის ორგანიზატორს პოლიტიკური პოლიცია გაიტაცებს და იძულებით გაუჩინარდება, აილიში არ კარგავს რწმენას, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი არა - ქვეყნიდან გაქცევა და თავისა და სამი შვილის ფიზიკური გადარჩენა, არამედ ქმრის დაბრუნებამდე ოჯახის ადგილზე შენარჩუნებაა.
აილიშს იმედს ვერ ართმევს ვერც მისი უფროსი ვაჟის გაწვევა რეჟიმის არმიაში, ვერც ამ ვაჟის გაქცევა და სამოქალაქო ომში ჩართვა რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მხარეს. აილიშისთვის სამყაროს ბოლო საყრდენი მხოლოდ მაშინ გამოეცლება, როდესაც რეჟიმის სამხედრო ჰოსპიტალში საკუთარი ზურგით მიყვანილ მის მოზარდ ვაჟს გაიტაცებენ და მორგში ნაწამებს და დასახიჩრებულს მიაგნებს. გარდაცვალების მოწმობაში რეჟიმი ცინიკურად ჩაწერს გულის გაჩერებას, როგორც მას ეტყვიან, ასეთი შემთხვევებისთვის გამოსაყენებელ სტანდარტულ, შაბლონურ მიზეზს.
როდესაც მისი იძულებითი გაუჩინარების შემდეგ, აილიში ქმრის კოლეგას, პროფკავშირების დაშინებულ ლიდერს ელაპარაკება, მწერალი ამ უკანასკნელის შესახებ შენიშნავს, რომ ეს ადამიანი „გაწრთვნეს თამაშის წესებზე. ახლა კი, როცა თამაში შეიცვალა, რაღა დარჩა ამ ადამიანისგან?!“
თავისუფალი საზოგადოებრივი წესრიგი, მისი წესები, ჩვენი ადამიანობის, ჩვენი საზოგადოებრივი თანაცხოვრების აუცილებელი ნაწილია. მათი ჩამოშლა ჩვენს ადამიანობას, ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებას სასიკვდილოდ ემუქრება. ამიტომაც, ადამიანები მიდრეკილი არიან, არ ირწმუნონ ამ თამაშის წესების ჩამოშლის გარდაუვალი საფრთხე, ეს მათი მორალური ფსიქოლოგიის ნაწილია.
თავისუფლების მტერი რეჟიმები ამ მორალურ ფსიქოლოგიას ადამიანებისვე წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. თვალთმაქცობითა და სისტემური თაღლითობით, ისინი ადამიანებს აჯერებენ, რომ სამართლის უზენაესობა ისევ თამაშის ჩარჩოს შემქმნელია, მაშინ, როდესაც ამ ჩარჩოს შინაარსი და ძალა, დიდი ხანია, გამოეცალა.
რეჟიმმა იცის, რომ ადამიანი მიდრეკილია, არ ირწმუნოს უტყუარი ნიშნები, რომლებიც საზოგადოებრივი თამაშის წესების ამოყირავებას გარდაუვლად მოასწავებს. გადაბრუნებული ურმის ქვეშ მოყოლილი ურწმუნო თომებისთვის კი ურმის ქვეშ ადგილი გარანტირებული აქვს.
არალიბერალური რეჟიმის ტოტალიტარული მისწრაფებები
ბელადის დემოკრატიაში, პლებისციტით ბელადის მოწონების განგრძობადი და პერიოდული რიტუალი, შემდგომი დემოკრატიზაციის ფუჭ იმედებს კვებავს. არალიბერალური, პლებისციტური რეჟიმები შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში, მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს, თუმცა მათი განვითარების დინამიკას უფრო ხშირად გადასძლევს დესპოტიზმისა და ტოტალიტარული კონტროლისკენ მიდრეკილება.
რეჟიმის მიერ საჯარო ძალაუფლების სრულად მიტაცება, მისი ყოვლისმომცველი პერსონალიზაცია ბელადის პიროვნების გარშემო, ინსტიტუტების გამოშიგვნა და სამართლით მუდმივი თაღლითობა, პასიურ, ერთმანეთისგან ატომიზებულ და პოლარიზებულ, რეჟიმზე დამოკიდებულ ადამიანებს მოითხოვს.
არალიბერალური რეჟიმის ტოტალიტარული ბუნება მტრობს ადამიანების მრავალფეროვნებას. პლურალიზმი, ნებისმიერი გამოვლინებით, მისი სასიკვდილო მტერია და რეჟიმი მის ყველა ფორმას ებრძვის.
არალიბერალური რეჟიმისთვის იდეალური სუბიექტი მასზე ემოციურად, მატერიალურად, ტოტალურად დამოკიდებული ადამიანია. რეჟიმი მუდმივად მიისწრაფვის ადამიანთა ჰომოგენიზაციისკენ, მათი გაერთგვაროვნებისკენ, რეჟიმზე დამოკიდებულების მხრივ. ამ მისწრაფების ლოგიკური დასასრული საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლია, რეჟიმის თვითნებური ძალის მიერ ადამიანთა სასიცოცხლო სამყაროების სრულად შთანთქმაა.
შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ რუსული კანონის შემობრუნება და მისთვის კიდევ ერთი, რუსული კონსტიტუციური შესწორების დამატება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს ფორმალური თვალსაზრისითაც კი უთხრის ძირს, არალიბერალური რეჟიმის ბუნებრივი დინამიკის ნაწილია.
ამის საწინააღმდეგო რწმენა აიხსნება ადამიანის მორალური ფსიქოლოგიით, თუმცა თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული. რა თქმა უნდა, მორალური ფსიქოლოგიის მიდრეკილებებს რეჟიმი საკუთარი თვალთმაქცობითაც ახალისებს. სწორედ რეჟიმის თაღლითური ბუნება და მოქმედების მოდუსია წყარო იმ საბედისწერო თვითდაჯერებისა, რომელიც 2023 წელს რუსული კანონის გახმობის ტაქტიკური უკანდახევით შეიქმნა.
შარშან რუსულ კანონზე ტაქტიკური უკუსვლა და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება რეჟიმს დაეხმარა, გაემყარებინა რამდენიმე მცდარი აღქმა, მის ბუნებასთან და სამომავალო დინამიკასთან მიმართებით.
კერძოდ, შეიქმნა მცდარი აღქმა იმისა, რომ სახალხო პროტესტის ზეწოლის ქვეშ, შესაძლებელია პლებისციტური რეჟიმის მიერ დღის წესრიგის თუნდაც ნაწილობრივი შეცვლა.
ასევე, გაჩნდა მცდარი აღქმა, რომ რეჟიმისთვის ევროპულ ინტეგრაციას მეტი ღირებულება და დანიშნულება აქვს, ვიდრე მის გამოყენებას პირადი ძალაუფლების განუსაზღვრელი დროით შენარჩუნების ინსტრუმენტად. ამან კი, თავის მხრივ, წარმოშვა გულუბრყვილო რწმენა, რომ რეჟიმი ევროპის კავშირთან ინტეგრაციის პროცესს კონსტრუქციულ ფორმებში წარმართავს.
თუმცა ყველაზე ღრმად მცდარი აღქმა, რომელიც დანარჩენებს კვებავს, რეჟიმის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხის დაუნახაობაა. ევროპის კავშირთან მოჩვენებითი ფლირტით, რეჟიმმა შეძლო, საპირისპირო ფაქტების აღმავალი ტალღის მიუხედავად, შეენარჩუნებინა მოჩვენებითობა, რომ რუსეთის გავლენა მასზე არ აღემატება დასავლეთის მხრიდან გავლენას, ხოლო თავად რეჟიმი ოსტატურად მანევრირებს მასზე თანასწორი გავლენის მქონე, დიდ გლობალურ თუ რეგიონულ ძალებს შორის (რუსეთი, ევროპის კავშირი, შეერთებული შტატები და ბოლო წლებში - ჩინეთიც).
ყველა ეს აღქმა ყალბია. ისინი აძლიერებდნენ ადამიანთა თვითიმედოვნებას, რომ ტაქტიკური უკანდახევის შემდეგ, რეჟიმი აღარ შეეცდებოდა რუსული კანონის ჩარჩოს ჩაბეტონებას და მისი მეშვეობით, საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას.
პოლიტიკურ დღის წესრიგზე პროტესტით ზემოქმედების ილუზია
2023 წლის მარტში, სახალხო პროტესტის შედეგად, რეჟიმმა ტაქტიკურად უკან დაიხია, რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდეს და განხილვიდან მოხსნეს. რეჟიმმა ცალყბა პირობა დადო, რომ საკითხს აღარ დაუბრუნდებოდა. თუმცა, მისი თაღლითური ბუნებიდან გამომდინარე, საპირისპირო ქცევა მაშინვე მოსალოდნელი იყო.
სამწუხაროდ, ამის დანახვას რამდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს. პირველ რიგში, რეჟიმის პასუხმა პროტესტზე, მისმა უკანდახევამ, გამოკვება ილუზია, რომ მიუხედავად ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების მოშლისა, საპროტესტო ანგარიშვალდებულების ფართო გაგებით, დემოკრატიული მექანიზმი კვლავ ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისათვის.
სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის გაკვეთილად ვერ გამოდგა რეჟიმის წინა ტაქტიკური უკანდახევები, თუნდაც ყველაზე ახლო წარსულის, 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემით ჩატარების თაღლითური დაპირების ისტორია.
ტაქტიკური უკანდახევა საპროტესტო ზეწოლის გასანეიტრალებლად, არ ნიშნავს, რომ რეჟიმი საპროტესტო დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მოდუსს ექვემდებარება და რეჟიმის შენარჩუნების ცენტრალურ ინსტრუმენტს, პოლიტიკურ დღის წესრიგზე მონოპოლიას თმობს.
თუ რეჟიმი, პროტესტის შედეგად, დღის წესრიგის განსაზღვრის არხს გახსნის, თუნდაც ამგვარი არაინსტიტუციური გზით, დაუშვებს დღის წესრიგის დემოკრატიულად განსაზღვრის შესაძლებლობას, მაშინ საკუთარ ბუნებაზე უარი უნდა თქვას და თვითდაშლა გამოაცხადოს.
ბელადის დემოკრატიაში პოლიტიკურ დღის წესრიგს რეჟიმი ადგენს და არჩევნებად წოდებულ პლებისციტში მონაწილე მასებისთვის, მხოლოდ ერთი საკითხია დღის წესრიგში: მოიწონონ ბელადი. პოლიტიკას, მისი არსებითი გაგებით, ბელადი მიხედავს და წარმართავს.
ვაჭრობა კონსტიტუციური მნიშვნელობის ფუნდამენტურ საკითხებზე: რუსეთის კლიენტი ევროპული რეჟიმები და ევროპის კავშირი
მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში რეჟიმმა ბრიუსელისგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, მისგან სიტუაციის ესკალაციის მოლოდინი თითქოს შემცირდა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ მიზანს მიაღწია რუსულ კანონზე ტაქტიკური უკანდახევის, გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის დროებით შენელებისა და პოლიტიკური პატიმრების ნაწილობრივ გათავისუფლების ფასად, ევროპის კავშირის მიერ მოთხოვნილი არსებითი რეფორმების განხორციელების გარეშე, ცხადია, დამკვირვებელთა უმრავლესობა მოელოდა რეჟიმის მიერ საარჩევნო მანიპულაციის მანქანის დაქოქვას, 2024 წლის არჩევნების მორიგ ჯერზე გადაქცევას ბელადის დასამტკიცებელ პლებისციტად. თუმცა ყველას როდი სჯეროდა, რომ რეჟიმი ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნების ინსტრუმენტად კვლავ ევროპულ ინტეგრაციას შემოდებდა სასწორზე, ევროპის კავშირთან ურთიერთობაში ახალ საბოტაჟს წამოიწყებდა.
თუმცა რეჟიმმა რუსული კანონების ინიცირებით სწორედ ესკალაციისა და კრიზისის გზა აირჩია. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამკვირვებლები, რომლებიც მიჩვეული არიან რეჟიმის ქცევის ინსტრუმენტალისტურ შეფასებასა და მისი ქმედებების ახსნას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნის ჩარჩოში, ამ ნაბიჯმა შესაძლოა, ერთი შეხედვით, დააბნია.
თუმცა, თუ დავაკვირდებით, არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის, არამედ მისი მეგობარი და რუსეთის კლიენტი სხვა ევროპული რეჟიმების, კერძოდ, უნგრეთისა და სერბეთის ევროპის კავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობის პარადიგმას, მაშინ დავინახავთ, რომ ესკალაცია და კრიზისი ამ რეჟიმებისთვის სარგებლის მომტანია.
ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროპის კავშირის წევრი ილიბერალური რეჟიმის პლებისციტური ბელადია 2010 წლიდან, ამ სტრატეგიის ოსტატია. წლების განმავლობაში, უნგრეთის დემოკრატიის უკუსვლით გამოწვეულ კრიზისებში, ორბანი სწორედ ესკალაციის სტრატეგიით გადიოდა ფონს.
თამაშის წესები ასეთია: რეჟიმი მიდის მაქსიმალურ ესკალაციაზე დემოკრატიისა და ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებების ხელყოფის მხრივ, იქმნება კრიზისი ევროპის კავშირის ინსტიტუტებთან. ამის შემდეგ, კავშირის ინსტიტუტები იწყებენ დიალოგს. დიალოგის პროცესში რეჟიმი, როგორც წესი, „კომპრომისზე“ მიდის, თუმცა, საბოლოოდ, მაინც სარგებელს ის იღებს.
კრიზისით რეჟიმი ორ რამეს აღწევს: მაქსიმალური ესკალაციის ზრდის ფსონს, რის შემდეგაც, თუნდაც მნიშვნელოვანი კომპრომისის მიუხედავად, არ თმობს რეჟიმის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს და ევროპის კავშირის ინსტიტუტებს აიძულებს, მოლაპარაკება აწარმოონ და კომპრომისზე წავიდნენ კავშირის კონსტიტუციურად ფუნდამენტურ ღირებულებებზე (დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა), რომლებიც, წესით, მიმდინარე პოლიტიკური კომპრომისებისა და ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს.
ეს განპირობებულია ევროპის კავშირის შიდა სტრუქტურული სისუსტეებით, რომლებიც ილიბერალურმა რეჟიმებმა იციან და ოსტატურად იყენებენ. ორბანის რეჟიმმა ამ გზით გაართვა თავი ევროპის კავშირთან სამართლის უზენაესობის საკითხზე განგრძობად კრიზისს, ასევე, მიგრანტების საკითხზე კრიზისს.
საქართველოსთან უფრო შესადარია ალექსანდარ ვუჩიჩის რეჟიმი სერბეთში. რამდენადაც ჯერ ევროპის კავშირის წევრი არ არის. სერბეთმა ვუჩიჩის ძალაუფლებაში მოსვლის პირველ წლებში, 2013 წლიდან, გახსნა ევროპის კავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები, თუმცა, უკვე ათ წელზე მეტია, არსებითად წინ ვერ წაიწია. მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ვუჩიჩის რეჟიმი არათუ ჩქარობს ევროპის კავშირის მიერ მოლაპარაკებების აღსადგენად წაყენებული პირობების შესრულებას, არამედ კოსოვოსთან დამატებითი ესკალაციით იმუქრება.
ბალკანეთში კონფლიქტის არიდებით დაინტერესებული ევროპის კავშირი ცდილობს, ვუჩიჩთან კომპრომისი გამონახოს. ამის შედეგად, ვუჩიჩის რეჟიმი ნაკლებ ზეწოლას იღებს მანიპულირებულ და ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულ არჩევნებზე, რომლითაც კიდევ ერთი ციკლის ვადით შეინარჩუნა მთავრობაზე კონტროლი. სტრატეგია ნათელია, ევროპის კავშირთან კრიზისის ესკალაცია შედეგს იძლევა: ინტეგრაციის პროცესი ზიანდება, თუმცა რეჟიმი თვითგადარჩენას ახერხებს, ანუ მისთვის მთავარ მიზანს აღწევს.
მოქმედების მსგავსი ქარგა ევროპის კავშირთან ურთიერთობაში ქართული ოცნების რეჟიმსაც ახასიათებს: ივანიშვილმა სწორედ ესკალაციისა და კომპრომისების მონაცვლეობით გამოიარა 2020 წლის მანიპულირებული არჩევნების კრიზისი, შარლ მიშელის მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის შეთანხმების ჩაგდება, პოლიტიკური პატიმრების კრიზისი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსის არმიღებისა და მისი წელიწად-ნახევრის შემდეგ მიღების პროცესები.
ყველა ამ კრიზისში ივანიშვილის რეჟიმი მაქსიმალურ ესკალაციაზე მიდიოდა ევროპის კავშირთან, ასე შედიოდა დიალოგში კავშირის ინსტიტუტებთან, მიდიოდა კომპრომისებზე, თუმცა არ თმობდა რეჟიმის სიცოცხლისუნარინობისთვის არსებით საკითხებს.
ახლაც, როდესაც ევროპის კავშირი ინტეგრაციის გასაგრძელებლად ითხოვს არსებით რეფორმებს, რომელთა განხორციელებას შეუძლია, რეჟიმი მოშალოს, ივანიშვილისთვის ევროპის კავშირთან ესკალაცია, რუსული კანონების სახით, კვლავ გამოსადეგი ინსტრუმენტი ხდება.
გარდა იმისა, რომ რუსულ კანონს პირდაპირი და არსებითი ინსტრუმენტული დანიშნულება აქვს ქვეყნის შიგნით, რეჟიმის ძალაუფლების განსამტკიცებლად, საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის მექანიზმის შექმნის გზით, ის რეჟიმს შეიძლება საგარეო წნეხის შესამცირებლადაც გამოადგეს.
კერძოდ, რეჟიმს შეეძლება, რომ ევროპის კავშირს ევაჭროს დღის წესრიგიდან ისეთი არსებითი საკითხების მოხსნაზე ან პრიორიტეტის ცვლილებაზე, როგორებიცაა მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სასამართლოს ელიტის წესიერების შემოწმება. აქ მაინცდამაინც არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ რეჟიმმა შეიძლება რუსული კანონების ჩარჩო სრულად დათმოს. ის ბოლომდე შეეცდება მათი არსებითი ელემენტების დაცვას, შენარჩუნებასა და იმპლემენტაციას.
ამ მხრივ, ქართული ოცნებისა და მისი მეგობარი რეჟიმების წარმატებული გამოცდილება კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებას მატებს ფორმალურ თანამდებობაზე მყოფ ივანიშვილსა და მის ხელქვეითებს, რუსული კანონებით შექმნან სრულმასშტაბიანი კრიზისი ევროპის კავშირთან, ცენტრალური კონსტიტუციური ღირებულებების გარშემო.
ცხადია, რეჟიმს გათვლილი აქვს, თუმცა შედარებით ნაკლები ალბათობით, ევროპის კავშირის ინსტიტუტებისგან შესაძლო მკაცრი და უკომპრომისო რეაქცია. ასეთი ქცევა ევროპის კავშირის მხრიდან, თეორიულად, შესაძლებელია, თუმცა მას რეჟიმი ნაკლებად ვარაუდობს და შესაბამისად, გარისკვად უღირს.
კრემლის ჩრდილქვეშ: „ქართული ოცნების“ რეჟიმის ასიმეტრიული საგარეო შეზღუდვები
ქართული ოცნების რეჟიმთან მიმართებით, კიდევ ერთი მცდარი აღქმა მასზე ევროპის კავშირისა და დასავლეთის ქვეყნების შემზღუდავი გავლენის გადაჭარბებულად ძლიერად აღქმაა. თავად ივანიშვილი ხელისუფლებაში საარჩევნო გზით მოვიდა, მათ შორის, იმის დამსახურებით, რომ საქართველო მაშინ დასავლურ ქვეყნებზე ძლიერად იყო დამოკიდებული და არადემოკრატიული ქცევის შეწყნარების მოლოდინი ნაკლებად არსებობდა.
ძალაუფლებაში ყოფნის პირველ წლებში, ივანიშვილის რეჟიმის საგარეო პოლიტიკას ხშირად ახასიათებდნენ, როგორც ბალანსის მცდელობას დასავლეთსა და რუსეთს შორის. თუმცა რეჟიმმა მანევრირების ტრაექტორია იქით მიმართა, რომ სისტემურად გამოშიგნა დასავლური ინფრასტრუქტურა როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. შესაბამისად, თუ ივანიშვილის მმართველობის დასაწყისში საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის გარე შეზღუდვები ასიმეტრიული იყო დასავლეთის სასარგებლოდ, რეჟიმის ძალაუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე, ეს ასიმეტრია მკაფიოდ რუსეთის სასარგებლოდ არის შეცვლილი.
დასავლეთს რჩება საქართველოს რეჟიმზე ზემოქმედების ძლიერი ინსტრუმენტები, თუმცა რეჟიმის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი მნიშვნელოვნად აღემატება მასზე დასავლეთის ქვეყნებისა და ინსტიტუტების გავლენას.
ეს ფაქტორი კიდევ ერთი არსებითი ელემენტია ქართული ოცნების დინამიკის არსებით მსაზღვრელებში, რაც განაპირობებს, რომ რეჟიმის არსებულ ტრაექტორიაში რუსული კანონების ინიცირება და მიღება გარდაუვალი მოვლენაა.
ამრიგად, ამ დინამიკის შეჩერება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე დაყენება შესაძლებელია მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეჟიმის მოშლითა და მისი კონსტიტუციურ დემოკრატიად არსებითი ტრანსფორმაციით.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.