არჩევნები, პროტესტი და მასობრივი რეპრესია: მეგზური საარჩევნო ავტორიტარიზმში
ფოტო: Tbel Abuseridze
ძველი პოლიტიკური რეჟიმის ნოსტალგია
უცხოელი აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის მიღებით, ბიძინა ივანიშვილმა მოშალა სუვერენიტეტის აღდგენის შემდგომი საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი. ამ რეჟიმს ყველა თავისი გემოვნებით არქმევდა სახელს, იქნებოდა ეს ჰიბრიდული რეჟიმი, თუ - პლებისციტური ბელადის დემოკრატია. თუმცა, სახელებს მიღმა, ყველა შიდა და გარე აქტორი შეთანხმებულად, ამ პოლიტიკურ რეჟიმს, მისი არასრულყოფილი დემოკრატიული ბუნების მიუხედავად, ფართო გაგებით, დემოკრატიულ ოჯახს მიაკუთვნებდა.
ახლაც, ამ რეჟიმის არსებითი მოშლის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას არ ტოვებს ნოსტალგია ძველ პოლიტიკური რეჟიმის მიმართ. მეტიც, ისინი, მეტწილად, ჯიუტად არ აღიარებენ, რომ იმ პოლიტიკური სისტემის ცენტრალური საყრდენები და კოორდინატები, რომელშიც მათ ფეხი აიდგეს და დემოკრატიული პოლიტიკის ნათლობა მიიღეს, აღარ არსებობს. ამდენად, მასში დაბრუნებასაც კი (აღარ ვსაუბრობთ შემდგომ დემოკრატიზაციაზე) ფუნდამენტური პოლიტიკური შემობრუნება სჭირდება.
ძველი, დემოკრატიული ტიპის სისტემის მიმართ, ნოსტალგია გამოსჭვივის რეჟიმის საწინააღმდეგო სტრატეგიების არტიკულაციის ყველა მცდელობისას. რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის არჩევნებს აშკარად ისეთივე ფუნქცია და შინაარსი აქვს, როგორიც ძველ, კარგ ჰიბრიდულ რეჟიმში ჰქონდა. არსად ჩანს იმისი ფუნდამენტური და სისტემური გააზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს გამოცხადებულ და 28 მაისს უკვე ამოქმედებულ ახალი ტიპის პოლიტიკურ რეჟიმში, არჩევნები არც გარეგნულად, არც შინაარსობრივად თუ სტრუქტურულად, აღარ არის ისეთი, როგორსაც 1990 წლის ოქტომბრის შემდეგ მივეჩვიეთ და აღარც იმდროინდელ მიზნებს ემსახურება.
ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმისა და მასში არჩევნების როლის დეტალური განხილვა ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ და ამჯერად ვრცლად აღარ შევეხებით. აქ ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ იმ საკვანძო შინაარსობრივ და სტრუქტურულ განსხვავებებზე, რომლებიც 28 მაისის შემდგომ, ახალ პოლიტიკურ რეალობაში, არჩევნებს ახასიათებს.
პლებისციტური ბელადის დემოკრატიაში/ჰიბრიდულ რეჟიმში, არჩევნები ჯერ კიდევ ინარჩუნებს ლეგიტიმაციის ძირითად წყაროსა და პოლიტიკური ლიდერის კონკურენტული შერჩევის ფუნქციას. ამ უკანასკნელ ასპექტში, ამომრჩევლის ავტონომია და არჩევანი უკიდურესად შეზღუდულია და მხოლოდ მოქმედი ბელადის მოწონება-არმოწონებით შემოიფარგლება, თუმცა რეჟიმის ფართო გაგებით, დემოკრატიულობა იმაში მდგომარეობს, რომ ბელადი, რომელიც ფარდობითი უმრავლესობის მოწონებას ვეღარ იმსახურებს, ძალაუფლებას ვერ ინარჩუნებს.
როდესაც საარჩევნო მანიპულაციის ფართო მენიუც კი ვეღარ უზრუნველყოფს, რომ ბელადმა ელექტორატის, თუნდაც ფარდობითი უმრავლესობის, მოწონება დაიმსახუროს, ის ძალაუფლებას კარგავს. ეს შედეგი დგება მხოლოდ იმიტომ და იმ დათქმით, რომ ბელადის მიერ მიტაცებული და კონსოლიდირებული ძალაუფლება არ მოიცავს საკმარის რეპრესიულ შესაძლებლობებს, რომ დაძლიოს მასობრივი პროტესტის წინააღმდეგობა, ან თავად არაპოპულარ ბელადს არ სურს ძალაუფლების შენარჩუნება, ავტორიტარულ რეჟიმზე გადასვლისა და კონსოლიდაციის გზით. ამ გადაწყვეტილებამდე, ის შეიძლება მივიდეს, მათ შორის, იმის გამო, რომ გარემოებების მისეული განსჯით, ავტორიტარული კონსოლიდაციის გზა მისთვის უკიდურესად ხარჯიანი, სარისკო და საბოლოოდ, წარუმატებელი იქნება.
საქართველოში როგორც 2003 წელს, ისე 2012 წელს, ლიდერის ცვლილება პოლიტიკური რეჟიმის ტიპის ცვლილებისა და ავტოკრატიული უკუსვლის/კონსოლიდაციის გარეშე, სწორედ ამ უკანასკნელი შემთხვევების ილუსტრაციაა. ჩვენს მიზნებს სცდება იმ გარემოებების დეტალური ანალიზი, რომლებმაც საქართველოს პოლიტიკური განვითარების ამ საკვანძო მომენტებში, აღნიშნული შედეგი განაპირობა.
ამ მომენტებისგან განსხვავებით, პოლიტიკური რეჟიმის მიმდინარე ცვლილება გულისხმობს ბელადის მკაფიოდ გამოხატულ განზრახვას და შესაბამისი ჩარჩოს მომზადებას იმისათვის, რომ მანიპულირებული არჩევნების შედეგებისადმი მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მასობრივი რეპრესიის მეშვეობით, დაძლიოს საპროტესტო წინააღმდეგობა და ძალაუფლება შეინარჩუნოს.
რეჟიმთან ბრძოლის რამდენიმე დონე საარჩევნო ავტორიტარიზმში: მარად სადავო არჩევნები და მისგან განუყოფელი პროტესტი
ამრიგად, საარჩევნო ავტორიტარიზმში პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლის ცენტრი არჩევნები აღარ არის. არჩევნები ემსგავსება თეატრალიზებულ, კარნავალურ წარმოდგენას, სადაც სხვა შრეებსა და საბრძოლო სივრცეებში მოპოვებული ძალაუფლების რიტუალიზებული, პერფორმატიული დემონსტრაცია ხდება.
საკვანძო ასპექტები, რომლებითაც საარჩევნო ავტორიტარიზმის არჩვევნები განსხვავდება ჰიბრიდული რეჟიმის არჩევნებისგან, არის მისი მიმართება პროტესტთან და მასობრივ რეპრესიასთან. ჰიბრიდულ რეჟიმში არჩევნები არასდროს არ არის სრულად სამართლიანი და ლიბერალური დემოკრატიის მოთხოვნებთან თავსებადი, თუმცა ის ყოველთვის რადიკალურად სადავო არაა.
პლებისციტურ ჰიბრიდულ რეჟიმებში, ბელადებს ზოგჯერ აქვთ სახალხო მხარდაჭერის ის ხარისხი, რომელიც მასშტაბური საარჩევნო მანიპულაციის საჭიროებას ამცირებს და რეჟიმის კონკურენტებიც თანხმდებიან, რომ უსამართლო თამაშის წესებსა და მანიპულაციას მათ მარცხში მეორეული როლი ჰქონდა. მარცხის ძირითადი მიზეზი ბელადებისადმი ამომრჩევლის არაკეთილგანწყობა იყო.
საარჩევნო ავტორიტარიზმში საარჩევნო მანიპულაციისა და დემოკრატიის მინიმალური მოთხოვნების დარღვევა იმდენად აშკარაა, რომ არჩევნების შედეგები მუდმივად და რადიკალურად სადავოა. ეს მახასიათებელი განაპირობებს იმასაც, რომ საარჩევნო ავტორიტარიზმში არჩევნები და სამოქალაქო პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ, ორგანულადაა ურთიერთდაკავშირებული და ერთმანეთისგან განუყოფელია.
აღნიშნული კი გულისხმობს, რომ საარჩევნო ავტორიტარიზმში, რეჟიმსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის, ბრძოლა რამდენიმე დონეზე მიმდინარეობს და შედეგი ყველა ამ დონეზე დგება.
პირველ დონეზე მიმდინარეობს ბრძოლა რადიკალურად უსამართლო თამაში წესების წინააღმდეგ. მათ შორისაა ბრძოლა წინაასარჩევნო მასობრივი რეპრესიის (სამართლებრივი და ძალადობირივი) წინააღმდეგ. ბრძოლის ამ დონეზე, წინააღმდეგობა გულისხმობს რეჟიმის რეპრესიული და საარჩევნო მანიპულაციის ინსტრუმენტებზე შეტევას, მათ დეგრადაციასა და დასუსტებას.
რეჟიმის სტრატეგია, ასეთ დროს, არის ამ შესაძლებლობების შენარჩუნება, გაზრდა და ეფექტური გამოყენება მოწინააღმდეგეთა ბრძოლიდან განსადევნად. ამ დონეზე დაპირისპირება ასევე მოიცავს ბრძოლას საინფორმაციო სივრცისთვის, რაც რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის გამოიხატება რეჟიმის პროპაგანდის მანქანასთან კონფრონტაციაში და მისი შედეგების განეიტრალების მცდელობაში.
ბრძოლის მეორე დონე არის თავად არჩევნები. სათანადო საარჩევნო სტრატეგიები და ტაქტიკები მაქსიმალურად ითვალისწინებს რეჟიმის მანიპულაციის პოტენციალს და ცდილობს მათ დაძლევას, რეჟიმზე საარჩევნო უპირატესობის მოსაპოვებლად. თუ რეჟიმისთვის დამახასიათებელი საარჩევნო მანიპულაციის შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენების ნება სხვადასხვა, მათ შორის, მასობრივი საპროტესტო ზეწოლით, არ შეირყა, რეჟიმთან საარჩევნო უპირატესობის მოპოვების შანსები უმნიშვნელო ან არარსებული ხდება.
ბრძოლის მესამე დონე არის სადავო არჩევნების შემდგომი პროტესტი. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქვს რეჟიმს რესურსები და ნება, რომ გაანეიტრალოს მასობრივი პროტესტი, მათ შორის, მასობრივი რეპრესიების გზით. ამ დონეზე ბრძოლა ასევე მოითხოვს კომბინირებულ სტრატეგიებს, რაც გულისხმობს მასობრივი პროტესტისა და ავტორიტარულ ინსტიტუტებში (მაგალითად, პარლამენტი) მოქმედების (ან მათი ბოიკოტირების) ოპტიმალურ შერწყმას.
შეჯამებისთვის, ოპოზიციური სტრატეგიები რეჟიმის წინააღმდეგ სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს სამივე დონეს. მეტიც, ეს სტრატეგიები მასობრივ პროტესტს უნდა განიხილავდეს, როგორც არჩევნების ორგანულ ნაწილს. სწორედ მასობრივი პროტესტია ცენტრალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია რეჟიმის რეპრესიული და საარჩევნო მანიპულაციის შესაძლებლობების განეიტრალება და არსებითად დასუსტება. ამ უკანასკნელი მიზნის მიღწევის გარეშე, ვერც ერთი საარჩევნო სტრატეგია, ვერც ერთი ფორმულა და ოპოზიციური ძალების კონფიგურაცია, ვერ უზრუნველყოფს არათუ რეჟიმის ცვლილებას არჩევნებით, არამედ არჩევნებში რეჟიმზე დემონსტრაციული გამარჯვების მოპოვებას.
ყველა ეს სტრატეგია უნდა ემყარებოდეს ფუნდამენტურ დაშვებას, რომ საარჩევნო ავტორიტარიზმში, რეჟიმს აქვს ნება და რესურსი, საარჩევნო მანიპულაციით მიითვისოს საარჩევნო გამარჯვება და „დაიცვას“ ის მასობრივი პროტესტისგან. რეჟიმის მოწინააღმდეგეებს, არჩევნების მოსაგებად, ამ ორი ფუნდამენტური ფაქტორის მოშლა სჭირდებათ - ამოცანა, რომელიც თავად არჩევნებით არ მიიღწევა. არჩევნები მხოლოდ ასახავს ძალაუფლების შეცვლილ რეალობას არჩევნებს მიღმა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საარჩევნო ავტორიტარიზმში
საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის განვითარების ამ ეტაპზე, დემოკრატიული ძალებისთვის უმნიშვნელოვანესია საარჩევნო ავტორიტარიზმის რეალობის აღიარება და მისი მოშლის სტრატეგიების ჩამოყალიბების პროცესში, ამ პოლიტიკური რეჟიმის ტიპის ლოგიკის გათვალისწინება. ყველა რაციონალური და ირაციონალური ფაქტორი, რომლებიც ამ აღიარების გზას უღობავს, გასაგებია. თუმცა შეუქცევადად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეალობაში მტკივნეულ გამოფხიზლებას, ამ ფაქტორების ახლა დაძლევა სჯობს.
საარჩევნო ავტორიტარიზმში ბრძოლის მხოლოდ მეორე, საარჩევნო სტრატეგიების დონეზე, კონცენტრაცია და დანარჩენი დონეების უგულებელყოფა გარანტირებული მარცხის საწინდარია. საქართველოს დემოკრატიულ პროევროპულ ძალებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ პოლიტიკური რეჟიმის რეალობის ადეკვატური წინააღმდეგობის სტრატეგიების შემუშავება.
ეს სტრატეგიები უნდა მოიცავდეს რეჟიმთან დაპირისპირების სამივე დონეს და ეფუძნებოდეს არჩევნებისა და მასობრივი პროტესტის ერთიანობის მკაფიო გააზრებას. იმისთვის, რომ ასეთ რეჟიმებთან დაპირისპირების ადეკვატურ სტრატეგიებზე ფიქრი მხოლოდ საკუთარ ტყავზე განცდილი რეპრესიით არ იყოს გამოწვეული, უკვე საკმარისი ცოდნა არსებობს.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.