დაგეგმილი პოლიტიკური ფემიციდი
როცა საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნებისათვის მზადება მედიისა და პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს, სხვა, აგრეთვე მნიშვნელოვანი რეფორმა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიაში ქალთა კვოტების დაწესება - დაუმსახურებლადაა გადაწეული მეორე პლანზე.
ეს იდეა ჯერ კიდევ 2018 წელს, პარლამენტის მაშინდელმა თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, თუმცა, კვოტებზე დისკუსია ადრეც მიმდინარეობდა. ამ მომენტისთვის კი, კვოტირებას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს და საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მორიგი ცვლილების შედეგად, პარტიების სიაში ყოველი მეოთხე ადგილი ქალებისთვის იქნება გამოყოფილი, მიუხედავად მათი პოლიტიკური რეიტინგის, დამსახურებისა თუ უნარ-ჩვევებისა.
ფორმალურად, ამ ცვლილებას კეთილი მიზანი აქვს - გაამარტივოს ქალებისთვის პოლიტიკური კარიერის შესაძლებლობა, თუმცა ამ იდეის გასამყარებლად წარმოდგენილ არგუმენტებს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს არა მხოლოდ ამორალური და ქალებისადმი დამამცირებელი რეფორმაა, არამედ, რეალიზებული კანონის ფორმით, ის სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კვოტირების იდეა - სექსიზმის უკიდურესი გამოვლინებაა, რადგან კვოტირების მომხრეები, ქალსა და კაცს არა როგორც ადამიანს, შესაბამისად თანაბარ სუბიექტებს, ისე უყურებენ, არამედ მათ განსხვავებული ჯგუფის წევრებად აღიქვამენ. ამდენად, ასეთ ხედვაში არსებობს სოციალური ჯგუფი „ქალები“ და სოციალური ჯგუფი „კაცები“ და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ ჯგუფს მიეკუთვნება, გარდაუვლად აქვს სათანადო ჯგუფისათვის ტიპური დამახასიათებლები, რაც შემდგომ აისახება სოციალურ სტატუსზე და ვერტიკალური სოციალური მობილობის შესაძლებლობებზე. ამიტომ წარმატება, დიდწილად, არა ადამიანის სურვილების, მიდრეკილებების, ნიჭის, ცოდნისა და უნარების შედეგია, არამედ იმისა, თუ რომელი ჯგუფის („ქალების“ თუ „კაცების“) წევრია ის.
მეორე გავრცელებული არგუმენტი, რომელიც ტრადიციებსა და კულტურულ ნორმებზე აპელირებს, აგრეთვე სექსისტურია. ამ არგუმენტის თანახმად, საქართველოში ჩამოყალიბებულია კულტურული ნორმები, რომლებიც ქალების პოლიტიკაში მოსვლისთვის ბარიერებს ქმნის. იგულისხმება ასევე, რომ ამ ნორმების მატარებლები ქალები არ არიან, ანუ არსებობს სოციალური ჯგუფი „ქალები“ და სხვები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „პოლიტიკა ქალის საქმე არაა“. თუმცა, თუ ასეთი ნორმა არსებობს და ჩვენ ქალებსა და კაცებს თანაბარ სუბიექტებად მივიჩნევთ, ამ კულტურული ნორმის მატარებლები ქალებიც იქნებიან და კაცებიც. ასე რომ, თუ პატერნალისტურად გვსურს ამ ნორმის „ზევიდან“ შეცვლა, არა ზოგადად „ქალებზე“ და „კაცებზე“ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არამედ იმ ადამიანებზე, მათი სქესისდა მიუხედავად, ვინც ამ ნორმას იზიარებს.
თუმცა განსაკუთრებული კულტურული ნორმის ჰიპოთეზა, არც ისე კარგი არგუმენტია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ის ინტუიტიურად მისაღები და გასაგებია. პირველ რიგში, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა ტიპის ნორმები წარმოადგენს პრობლემას და თუ როგორ აისახება ეს ნორმები ამა თუ იმ ადამიანის ქცევაზე. მაგალითად, როდესაც საუბარია ოჯახში ძალადობაზე, პრობლემა იდენტიფიცირებადია: არსებობს მსხვერპლი, ძალადობის პირდაპირი თუ ირიბი გამოვლინება, განსხვავებული სტატისტიკური შეფასებები, მაგალითად იმისა, თუ როგორ იცვლება ოჯახის წევრების აგრესია უმუშევრობის ზრდის პერიოდში და ა.შ. მაგრამ „ქალების პოლიტიკაში შევიწროების“ შემთხვევაში, არაფერი მსგავსი არ ფიქსირდება, გარდა არჩევნების შედეგებით „ექსპერტთა“ უკმაყოფილებისა. ანუ, ერთ ან რამდენიმე ადამიანს არ მოსწონს, რომ ცოტა ქალს ხედავს პარლამენტში, რაიმე კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის აღწერა მას არ შეუძლია და მაინც ითხოვს, რომ მეტი ქალი წავიდეს პოლიტიკაში.
მესამე გავრცელებული არგუმენტი მიუთითებს, რომ ადეკვატური წარმომადგენლობისათვის, მათ შორის „ქალებისთვის“ აქტუალური თემების წინ წამოწევის მიზნით, ქალთა წილი პარლამენტში, საზოგადოებაში ქალთა წილს უნდა უდრიდეს. ამ არგუმენტში, ადამიანებს ისევ როგორც განსხვავებული ჯგუფის წევრებად განიხილავენ და არა როგორც ინდივიდებს. მოიაზრება, რომ „ქალებს“ პრინციპულად სხვა მიზნები გააჩნიათ, ვიდრე „კაცებს“ და რომ ერთი ჯგუფი მეორეს პოზიციებს ვერ გაიზიარებს და ვერც კი გაიგებს. რთულია ადამიანის ინტელექტისა და ინდივიდუალურობისადმი უპატივცემლობით გაჟღენთილი ამაზე უფრო უარესი პოზიცია წარმოვიდგინოთ.
გარდა სექსისტური მსოფლმხედველობის დანერგვისა, კვოტირება ასევე უკიდურესად შეურაცხმყოფელია ბევრი იმ ქალისათვის, ვინც უკვე გააკეთა წარმატებული კარიერა პოლიტიკაში, რადგან ამ ხედვის ფარგლებში, მან არა თავისი ნიჭით თუ შრომით, არამედ „კაცების“ მფარველობით და ნებით გაიკვალა გზა პოლიტიკაში, ან მას უბრალოდ გაუმართლა. კვოტირების მოთხოვნა - ყველა წარმატებული ქალის მიმართ ღიად უპატივცემლობის დაფიქსირებაა. ხოლო, კვოტირების მიღების შემდეგ ვერცერთი ქალი ვერ იტყვის, რომ წარმატებული პოლიტიკური კარიერა გააკეთა, რადგან მასზე, „კვოტით გასულის“ იარლიყი (ანუ ეჭვი, რომ ის ხელოვნურად აღმოჩნდა პოლიტიკაში და არა იმიტომ, რომ დაიმსახურა ეს თავისი ადამიანური უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე) მთელი ცხოვრება იქონიებს გავლენას.
და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კვოტირებამ სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც, შესაძლოა, დემოკრატიული განვითარების გზიდან გადაგვახვევინოს. არავისათვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში პოლიტიკა ფარულად, კულუარულად ტარდება და ამის ყველაზე ნათელი გამოვლინება - არაფორმალური მმართველობაა. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, პარტიულ სიებს თუ ცალკეული პოლიტიკოსების კარიერას არა ამომრჩეველი, არამედ პარტიის ლიდერი თუ ლიდერთა ვიწრო წრე წყვეტს. ზუსტად იგივე პრიმიტიული წარმოდგენა გააჩნიათ პოლიტიკაზე კვოტირების ლობისტებს, რადგან ისინი ფაქტობრივად პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მიუთითებენ, თუ როგორ უნდა გადაანაწილონ მათ ქალები პარტიულ სიაში.
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ პოლიტიკოსის წარმატება არა პარტიის ლიდერზეა დამოკიდებული, არამედ ამომრჩეველზე. ყველაზე ნათლად ეს იქ ხდება, სადაც შიდაპარტიული პრაიმერისი ტარდება და პარტიის გულშემატკივრები იმ ადამიანებს ირჩევენ, ვინც მათი ინტერესები უნდა გაატარონ პოლიტიკაში. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია წინასწარ დავგეგმოთ, საარჩევნო სიის რომელ ადგილზე ვინ აღმოჩნდება. შესაძლოა ამ სიის პირველი ათეული მთლიანად ქალებით იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ, ამავდროულად, ისიც თავისუფლად შესაძლებელია, რომ არცერთი ქალი არ აღმოჩნდეს სიის ე.წ. „გამსვლელ“ ნაწილში. რომც შედეგი ვინმეს არ მოსწონდეს, ეს თავისთავად საკმარისი არაა, რომ დემოკრატიაზე უარი ვთქვათ. ამიტომ, კვოტირების იდეა, თავის თავში, ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ცენტრალიზებულ და კულუარულ პოლიტიკურ პროცესს მოიაზრებს, რაც დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ კვოტირების მომხრეები არა „ქალების“ უფლებებზე და უკეთეს მომავალზე ზრუნავენ, არამედ ყველაზე კონსერვატიული საზოგადოების ნაწილის მსოფლმხედველობას ავრცელებენ, თუნდაც სხვა, „პროგრესული“ ტერმინების გამოყენებით. ხოლო თანამედროვე საზოგადოებაში, ანუ იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანებს თანაბრად ეპყრობიან მათი სქესის, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, პოლიტიკური პროცესი ვერ და არ იქნება პროგნოზირებადი და პარლამენტი თუ სხვა ხელისუფლების ინსტიტუციები ვერ დაკომპლექტდება ცალკეული, პრივილეგირებული ადამიანების გემოვნებით.
ამგვარად, კვოტირების იდეა არა მხოლოდ სექსიზმის უკიდურეს ფორმას და ყველა წარმატებული ქალის შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას წარმოადგენს, არამედ ის სერიოზულ ბარიერს ქმნის ღია, ტრანსპარენტული პოლიტიკური პროცესისათვის, რომელიც ამომრჩევლის სურვილების გამოვლინებაზე და არა პრივილეგირებული უმცირესობის სურვილების რეალიზაციაზეა ორიენტირებული. ამავდროულად, გასაგები შეიძლება იყოს, როცა ნაკლებად წარმატებული და თავის წარმატებაში ეჭვის მქონე ქალი-პოლიტიკოსები, ამ რეფორმას, ლობირებენ თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე („ასე მაინც მოვხვდები შემდეგ პარლამენტში“). თუმცა თუ ამგვარი ინტერესთა ჯგუფების აქტივობის შედეგად ეს საშიში წესი დაკანონდება, ჩვენ მნიშვნელოვნად დავშორდებით იმ თავისუფალ საზოგადოებას, რომელშიც ადამიანთა ურთიერთობა არ არის სქესზე ანდა სხვა „ჯგუფურ“ მახასიათებელზე აგებული და სადაც ადამიანები აღიქვამენ ერთმანეთს როგორც თანაბარი უფლებების მქონე ინდივიდებს, თავისი მიზნებით, სურვილებით, გემოვნებით, ნიჭით, ცოდნით, უნარებით და ბედნიერების მიღწევის უნიკალური ხედვით, რომელიც არავის გემოვნებით არ და ვერ იქნება შეზღუდული.