პუბლიკაციები

საქართველოს ეკონომიკა - ლიბერალური თუ განაწილებითი?

საქართველოში არჩევნები ახლოვდება და 26 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა, პოლიტიკურ მოწყობასთან ერთად, მის განუყოფელ ნაწილს - ეკონომიკურ პოლიტიკასაც უყრის კენჭს. არჩევანის გასაკეთებლად კი აუცილებელია, შეფასდეს წარსული გამოცდილება და არსებულ ეკონომიკურ სისტემას შეფასება მიეცეს.

საქართველოს ეკონომიკა, 1991 წლის შემდეგ, ტრანზიციას განიცდის და ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობა, სრულად საკუთრებაზე დაფუძნებულ სისტემაზე ჯერ კიდევ არ არის გადასული, რადგან, სულ მცირე, საკუთრების დიდი ნაწილი კვლავ ხელისუფლებას ეკუთვნის.  თუმცა ეკონომიკური მოწყობის შეფასება მხოლოდ კაპიტალისტურ და სოციალისტურ ან/და ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ სისტემებზე არ გადის, რადგან მოცემული სიტყვები ძალიან ზოგად შეფასებას წარმოადგენს და ყველა ქვეყანა განსხვავდება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობით, ისე სამთავრობო ეკონომიკური პოლიტიკით.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელს სთავაზობს ხელისუფლება მოსახლეობას, აუცილებელია შევხედოთ გეოპოლიტიკურ ვექტორს და ამ ვექტორისკენ მსვლელობის პროცესს. საქართველოს გაცხადებული ვექტორი ფორმალურად ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, თუმცა ადრეც და განსაკუთრებით, უკანასკნელ წლებში (რუსეთის უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ), მრავალი ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ხელისუფლება უფრო მეტად რუსული და ჩინური ორბიტისკენ მიისწრაფვის, ვიდრე დასავლურისკენ. ეჭვებს ამყარებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ღიად ადანაშაულებენ ხელისუფლებას დასავლური კურსიდან გადახვევაში.

ქვეყნის გეოპოლიტიკური მიმართულების ამოცნობა შესაძლებელია მისი ეკონომიკური პოლიტიკითაც. სწორედ ამიტომ, აუცილებელია რუსული ეკონომიკური მოდელის განხილვა და შემდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან პარალელის გავლება. რუსეთის ეკონომიკურ სისტემას, პირდაპირ თუ ირიბად, ერთ-ერთი რუსი ეკონომისტი თავად ამხელს. ოლგა ბესონოვას თეორია განაწილებითი ეკონომიკის (раздаточная экономика) შესახებ, რუსულ ეკონომიკურ წყობას ისტორიული თვალსაზრისით მიმოიხილავს და თანამედროვე რეჟიმამდე მიდის. ის საუბრობს, რომ რუსული სისტემა თავისი არსებობის არც ერთ ეტაპზე არ  შეცვლილა და განაწილებითი ეკონომიკის ხასიათს ატარებდა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რესურსები, როგორებიცაა საქონელი, მიწა და სერვისი, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გროვდება, ან მკაცრად კონტროლდება და შემდეგ ნაწილდება ისეთ ინდივიდებზე ან ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. კრიტერიუმები კი, ძირითადად, სახელისუფლებო დონეებზე, პოლიტიკურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე გადის. ის განსხვავდება საბაზრო სისტემისგან, სადაც რესურსები მოთხოვნა-მიწოდებით ხასიათდება. განაწილებითი ეკონომიკის ძირითადი მახასიათებლებია:

  1. რესურსების ცენტრალიზებული აგროვება და განაწილება - მოიცავს ეკონომიკიდან რესურსების ამოღებას გადასახადების, მოსაკრებლებისა და ჯარიმების სახით, რომელიც შემდეგ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ინდივიდებზე, ჯგუფებსა და მოსახლეობის იმ კატეგორიაზე ნაწილდება, რომლებიც პოლიტიკურად ყველაზე მეტად გამოდგებიან ხელისუფლებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, გასახანგრძლივებლად და განსამტკიცებლად. 
  2. არასაბაზრო ტრანზაქციები - თუ საბაზრო სისტემაში რესურსები მოთხოვნითა და მიწოდებით ნაწილდება, განაწილებით ეკონომიკაში ხელისუფლება „მიეცი და გამოართვი“ მიდგომით სარგებლობს. ის მოიცავს საჩუქრებს, გრანტებს, სუბსიდიებს, მიწის, ტყისა და სხვა რესურსების გადაცემას, რის სანაცვლოდაც შემდეგ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს. 
  3. ისტორიული კონტექსტი - რუსეთი ისტორიულად ასეთი სისტემით ხასიათდებოდა, რამაც საბჭოთა კავშირში მეტად სისტემატიზებული ხასიათი მიიღო, კომუნისტურ მოწყობასთან ერთად და თანამედროვე რუსეთში უპრობლემოდ შეერწყა პოსტკომუნისტურ ფსევდოკაპიტალისტურ სისტემას.

სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს საქართველოც. დამოუკიდებლობიდან 2012 წლამდე, საბჭოთა გამოცდილება და განაწილებითი ეკონომიკის გაუაზრებელი რეპლიკა საქართველოშიც არსებობდა. თუმცა, 2012 წლიდან დღემდე, მან მკვეთრად თანმიმდევრული და სისტემური ხასიათი მიიღო, რაც მრავალი კრიტერიუმის გამოყენებით მტკიცდება. მაგალითად, არსებული ხელისუფლების პირობებში, მკვეთრად გაიზარდა სუბსიდიები, გრანტები, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება, ხელისუფლების მიერ საქონელსა და სერვისზე დახარჯული თანხები.

გრაფიკი 1: სუბსიდია (მლნ ლარი) და მისი მშპ-სთან ფარდობა, 2008-2023 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახელმწიფო ხაზინა

სუბსიდირება ავტორიტარული (და არა მხოლოდ) ხელისუფლებებისთვის ერთ-ერთი კარგი იარაღია იმისათვის, რომ სახელმწიფო რესურსები ელექტორალური მიზნებით გამოიყენოს. დიდია ალბათობა, რომ ფერმერმა, რომელსაც სუბსიდიას აძლევენ და მის მეტად გაზრდას ჰპირდებიან, არჩევნების დღეს ხმა ხელისუფლებას მისცეს და არა იმ ძალას, რომელსაც ეკონომიკურად უფრო სწორი ხედვები აქვს. სწორედ ამ მიზეზით, არსებული ხელისუფლების პირობებში, სუბსიდიების მოცულობა, 11 წლის განმავლობაში, მკვეთრად გაიზარდა და 265% შეადგინა, რაც 671 მლნ ლარიანი ნაზრდია. ჯამურად კი, 11-წლიან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება 6.1 მლრდ ლარი იყო, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. სუბსიდირება მშპ-სთან მიმართებითაც იზრდებოდა, თუმცა 2021 წლიდან ტენდენცია შემცირებისკენ შეიცვალა, რაც ჯერ კოვიდპანდემიითა და დიდი ოდენობით ვალით იყო გამოწვეული, ხოლო შემდეგ - ფულადი გზავნილების მეშვეობით გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტით. იგივე ტენდენცია იკვეთება, თუ შრომის ანაზღაურების, გრანტების და საქონლისა და მომსახურების ნომინალურ მაჩვენებლებს ავიღებთ.

გრაფიკი 2: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება, გრანტები, მლნ ლარი, 2008-2023 წლები

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

გრაფიკი 2-ში მოცემული თითოეული კომპონენტი შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს. შრომის ანაზღაურების კომპონენტის ზრდა ნიშნავს, რომ ან საშუალო ხელფასი იზრდება, ან - დასაქმებულთა რაოდენობა, ან - ორივე ერთად. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორივე კომპონენტის ზრდა ფიქსირდება. მაგალითად, 2023 წელს, 2013 წელთან შედარებით, საჯარო სექტორში დასაქმება 68.4 ათასი ადამიანით გაიზარდა და 320.5 ათასი ადამიანი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდნეობა ნაკლებად - 68.3 ათასი ადამიანით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2013-2023 წლებში მთავრობა უფრო დიდი დამსაქმებელი იყო, ვიდრე ჯამურად აღებული არასახელმწიფო სექტორი. გარდა ამისა, სახელმწიფო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, სადაც საშუალო დარიცხული ხელფასი 2164 ლარი იყო და მას მხოლოდ IT, საფინანსო და სამშენებლო სექტორები უსწრებდნენ.

რთული მდგომარეობაა გრანტების მხრივაც. მოცემული პრობლემა არახალია და წინა ხელისუფლების პირობებში შეიძლება უფრო დიდი მასშტაბის იყო. გრანტების უდიდეს ნაწილს რეგიონებზე გადასაცემი ტრანსფერები შეადგენს, რაც ქვეყნის ცენტრალიზაციის დონეზე მიუთითებს. საქართველო მკვეთრად ცენტრალიზებული ქვეყანაა და იგივე გრძელდება XX და XXI საუკუნეების განმავლობაში. მეტი ცენტრალიზება კი ნიშნავს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ნაკლები გაწონასწორების მექანიზმი და მეტი პოლიტიკური ინსტრუმენტი აქვს, რომლებსაც იმისათვის იმისთვის იყენებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული და პოლიტიკური ელიტის სამსახურში მყოფი ადამიანები დაასაქმოს, წაახალისოს და აკონტროლოს, ძალაუფლების განმტკიცების მიზნით.

განაწილებითი ეკონომიკის ყველაზე კარგი ინდიკატორი სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების მართვაა. ამ პრობლემაზე, მრავალი წელია, საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და გამომძიებელი ჟურნალისტები. სახელმწიფო ტენდერებს, რომლებიც ათეულ და ასეულ მილიონობით ლარს შეადგენს, იგებენ ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ დიდი ოდენობით თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას.  გარდა ამისა, ხელისუფლება თავისთან დაახლოებულ ე.წ. მეწარმეებს მრავალი მიმართულებით იყენებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2024 წელს მომზადებულ სიღრმისეულ კვლევაში შესულია მაღალი დონის კორუფციის 196 ინდივიდუალური შემთხვევა, როცა კორუფციაში მხილებული პირები მმართველ ძალასთან არიან დაახლოებული, მისი უმსხვილესი შემომწირველები არიან და ამავე დროს, სწორედ მათი უდიდესი ნაწილი იგებს სამთავრობო შესყიდვებსა და ტენდერებს.

საქართველოში ხელისუფლების მიერ „მოსყიდვის“ ფაქტები არაერთ შემთხვევაში აღინიშნება. ასეთია წინასაარჩევნოდ ადამიანების ციხეებიდან გამოშვება, მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ, რელიგიური ინსტიტუტებისთვის ფულადი რესურსის, მიწების და სხვა აქტივების გადაცემა, მხარდაჭერის სანაცვლოდ და სხვა.

ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი გვეხმარება ეკონომიკური მოდელის აღწერაში. ამას ემატება ისეთი კანონშემოქმედება და სახელისუფლებო ნაბიჯები, რომლებიც ასევე მიმართულია დასავლეთის ორბიტის ჩანაცვლებისკენ. მაგალითად, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნამ უარყოფითი გავლენა იქონია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკასა და ლოჯისტიკურ პოტენციალზე, არამედ დააზიანა საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა. უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვა ეკონომიკური ნაციონალიზმის გამოვლინება იყო, რაც ასევე განვითარებადი და ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, დააგვირგვინა „რუსულმა კანონმა“, რომელიც ხელისუფლებამ, ერთხელ უკან გაწვევის შემდეგ, კვლავ შემოაბრუნა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ამით მმართველმა ძალამ გაცხადებულად ანტიდასავლური მხარე დაიჭირა. „რუსული კანონი“ კარგად მიესადაგება განაწილების ეკონომიკის მოდელს. არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ ხელისუფლების კონტროლის გარეთ არსებულ მოთამაშეებს, რაც ავტორიტარულ ხელისუფალს საფრთხეს უქმნის და მთავარი ბარიერია მისი მიზნისთვის, რომ მოსახლეობა ბოლომდე ხელისუფლებაზე დამოკიდებული გახადოს.

შეჯამებისთვის, განაწილებითი ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკურ მოწყობას ასახავს, სადაც პოლიტიკური ვერტიკალი მის დაქვემდებარებაში არსებულ ჯგუფებს უნაწილებს სახელმწიფო რესურსებს, ხოლო მათგან პოლიტიკურ ერთგულებას, აგიტაციასა და დახმარებას იღებს. საქართველოში, ისევე, როგორც მრავალ ქვეყანაში, კონსტიტუციური და ინსტიტუციონალური შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ყოველთვის მიისწრაფვის პოლიტიკური ძალაუფლების გაზრდისა და ამისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისკენ, მაგრამ რუსეთი ისტორიულად სწორედ ასეთ მოდელზე იყო აგებული და ხელისუფლების ზომის ზრდა არა - შედეგი, არამედ პოლიტიკური კონტროლის დამყარების მიზეზი იყო. იგივე ტენდეციის მკვეთრად ზრდა აღინიშნება საქართველოშიც. ხელისუფლება, ყველა მიმართულებით, ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, ანაწილებს რესურსებს ისე, რომ „ბენეფიციარებისგან“ პოლიტიკურ კაპიტალს, მხარდაჭერასა და აგიტაციას იბრუნებს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია ხელისუფლების მიერ ვექტორის ცვლილების მცდელობაზე, პოლიტიკურ ნაბიჯებთან ერთად, აუცილებელია ეკონომიკური და მმართველობითი სისტემის ძირეულად გაანალიზება, რაც გარკვეულ პასუხებს მოგვცემს იმის შესახებ, თუ რა მიზანი და მოტივაცია ამოძრავებს ამა თუ იმ ხელისუფალს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ზვიად ხორგუაშვილი