პუბლიკაციები

რატომ აღარ სჭირდება რეჟიმს სასამართლო სხდომების გაშუქება?

შესავალი

მასობრივი სამართლებრივი რეპრესიის აღმავალი ტალღის კვალდაკვალ, „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის უხერხული ხდება სამართლის სისტემის ის ელემენტები, რომლებსაც ადრე მხოლოდ დემოკრატიული ფასადის ფუნქცია ჰქონდა, ახლა კი ავტორიტარული სამართლის სისტემის ეფექტიანად მუშაობას აფერხებს.

შესაბამისად, რეჟიმი დაჩქარებული ტემპით აგრძელებს სისტემის ავტორიტარულად გარდაქმნას და ფასადური ლიბერალური ელემენტების გაუქმებას. ამ საქმეში მას ეხმარებიან მოხალისე აქტორები, რომელთაც ავტორიტარულ რეალობაში თავის დამკვიდრება სწადიათ და არ თაკილობენ შესაბამისი სამუშაოს შესრულებასაც.

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის საკანონმდებლო წინადადების მაგალითში, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის საქმეთა საჯარო პროცესებზე ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია უნდა შეიზღუდოს. ამ წინადადების განხილვა უკვე დაევალა რეჟიმის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, რომლის მხრიდან მისი მხარდაჭერის შემთხვევაშიც, წინადადება უკვე საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა.

 

მიტაცებული სასამართლოს საჯაროობის ფასადი

სასამართლო სხდომებზე ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და პირდაპირი ტრანსლაციის ხელახლა დაშვება არის „ქართული ოცნების“ ახლად არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2013 წელს განხორციელებული იმ რეფორმის შედეგი, რომლითაც მისი წარმომადგენლები მას შემდეგ თავს იწონებენ.

ამ რეფორმის სრული კონტექსტის გააზრება საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ პროცესის მედიისთვის გახსნის რეალური მიზანი არც მაშინ ყოფილა სასამართლოს საჯაროობისა და მისი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის ზრდა. 2013 წლის გაზაფხულზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პაკეტი, რომლის შემადგენელი ბევრი ინიციატივა, პროცესის მედიისთვის გახსნის ჩათვლით, ცალკე აღებული, მართლაც ლიბერალურ-დემოკრატიული კონსტიტუციური ღირებულებების შესაბამისი იყო და ვენეციის კომისიის მიერაც ასე შეფასდა, რეალურად მიზნად ისახავდა სასამართლო შტოზე კონტროლის დამყარებას.

სასამართლო სისტემის ნაწილობრივ დემოკრატიზაციას, რეფორმის ავტორის, იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, წულუკიანის, განზრახვით, წნეხი უნდა შეექმნა წინა მთავრობისგან მემკვიდრეობით მიღებულ სამოსამართლო ელიტაზე, ე.წ. „კლანზე“ და მათთვის სასამართლოს მართვის სადავეები უნდა დაეთმობინებინა.

სასამართლოს მიტაცების უკვე კარგად გამოკვლეული ისტორია გვეუბნება, რომ კლანმა გაუძლო  ნაწილობრივი დემოკრატიზაციის წნეხსაც და წარმატებით გადავიდა ახალი პოლიტიკური პატრონების სამსახურშიც. ამის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ, ადრე თუ გვიან, რეჟიმისთვის გამოსადეგობას საჯაროობის ეს ელემენტიც დაკარგავდა. მით უფრო, რომ კლანის მიერ მართული სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახურული დაწესებულებაა. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები (გარდა საკასაციო ინსტანციისა) საჯაროდ არ ქვეყნდება და მათი გამოთხოვაც საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობის საფუძველზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სასამართლოს ღიაობის უმთავრესი კრიტერიუმის, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მიხედვით თუ შევაფსებთ, საქართველოში სასამართლო ჩაკეტილია.

სასამართლოს გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, საიდუმლოდ რჩება, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რომელსაც ერთ რეჟიმს შეზრდილი სასამართლო და საკანონმდებლო ინსტიტუტები დემონსტრაციულად არ ასრულებენ, ან არასათანადოდ ასრულებენ, ხოლო თავად სრულად მიტაცებული საკონსტიტუციო სასამართლოც გულგრილი რჩება თავისი წინა გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების“ წინამორბედმაც, ძალაუფლებაში ყოფნისას, სასამართლო პროცესების გაშუქება ავტორიტარული პრაქტიკების აღმავალი ტალღის დროს შეზღუდა. მაშინ ამ შეზღუდვას თან დაერთო სასამართლო პროცესებზე პოლიტიკური გამოხატვის შეზღუდვის მიზნით დაწესებული მძიმე სანქციებიც, კერძოდ, ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც სასამართლო ადგილზე თათბირით, ზეპირი განხილვის გარეშე, იღებდა.

თუმცა 2006 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს უკანასკნელი სანქცია, კერძოდ კი, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება სამართლიანი ზეპირი სასამართლო განხილვის გარეშე, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ცნო და გააუქმა. ეს მოხდა რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე მსგავს დარღევას საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე, იმავე სანქციების გამოყენებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც დაადგენდა.

ეს მაგალითიც კარგად და დინამიკურ პერსპექტივაში გვიჩვენებს საქართველოს კონსტიტუციური სისტემის ავტორიტარული დეგრადაციის მასშტაბსა და ხარისხს. საქართველოს მეორე რესპუბლიკის ისტორიაში ავტოკრატიზაციის ეპიზოდები და მცდელობები არასდროს გამქრალა, თუმცა მყიფე და არასრულყოფილი ინსტიტუტები მაინც ახერხებდნენ დემოკრატიზაციის პროცესის შენარჩუნებას, ახლანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, როდესაც ყველა საჯარო ინსტიტუტი სრულად მოექცა ავტორიტარული რეჟიმის კონტროლის ქვეშ და ინსტიტუციური წინააღმდეგობის სივრცე სრულად დაიხშო.

 

რატომ დაკარგა საჯაროობის ფასადმა ფუნქცია?

მედიისთვის სასამართლო პროცესების გახსნა მიტაცებულ სასამართლოს საკმაო დროის განმავლობაში არ უშლიდა ხელს რეჟიმის სასარგებლოდ ფუნქციონირებაში. საჯაროობის დემოკრატიულ ფასადთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს პროცესების ასეთი ღიაობა რეჟიმის პროპაგანდისტულ დღის წესრიგსაც შეესაბამებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის ათი წლის პერიოდის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ მიტაცებულ სასამართლოს იმ პოლიტიკური მტრების მიზანში ამოღებული რეპრესიებისთვის იყენებდა, რომელთა საჩვენებელ დასჯასაც პროპაგანდისტული მიზნები ჰქონდა, სისხლის სამართლის პროცესების მედიატრანსლაციის დაშვება რეჟიმისთვის აუცილებელიც კი იყო.

ამჟამად მიმდინარე მასობრივი რეპრესიის პირობებში, როდესაც რეპრესირებული ასეულობით ადამიანი უკვე აღარ არის პოლიტიკური ლიდერი ან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული პირი, რეჟიმისთვის მათი პროცესების გაშუქების სარგებელი ქრება და პირიქით, ზიანად გარდაიქმნება.

რეჟიმის პროპაგანდას მასობრივი რეპრესიების გამართლებაში ხელს უშლის რეპრესირებული ადამიანების პროცესების საჯარო ჩვენება და მათი უსამართლობისა და თვითნებობის მასშტაბის საჯარო დემონსტრაცია. მხილებული ცრუ მოწმეები, ბრალდების დამხმარედ ქცეული მოსამართლე, აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებების მიუხედავად, ციხეში გაშვებული უბრალო ადამიანები, ისეთი ძლიერი ხატებია, რომ რეჟიმის პროპაგანდას, მათი ზემოქმედების შესამცირებლად, დამატებითი მუშაობა უწევს, რაც ხშირად მიზანს ვერ აღწევს.

უსამართლობის გამართლება გაცილებით ადვილია პროპაგანდის მიერ უკვე დემონიზებული პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც ადრე ძალაუფლებაში იყვნენ და რომელთა მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილებში უარყოფითი ემოციების კასკადი არსებობს. იმავე მიზნის მიღწევა, აშკარად უსამართლო მოპყრობის შემთხვევაში, ბევრად რთულია უბრალო ადამიანების მიმართ, რომელთანაც რეჟიმის პროპაგანდის საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი თავს უფრო მარტივად აიგივებს, ვიდრე ადრე ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებთან.

ამრიგად, სასამართლო პროცესების მედიისთვის გახსნამ ამოწურა თავისი სარგებლიანობა რეჟიმისთვის და ლიბერალურ-დემოკრატიული ფასადის სხვა ნაწილებთან ერთად, რეჟიმის ავტორიტარული რეფორმების მორიგ მსხვერპლად ქცევის კანდიდატია.

რეჟიმის მიზანი  ისევ არ არის სასამართლო პროცესის გაშუქების ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ცხადი და განჭვრეტადი იქნება და დაიცავს ადამიანის ისეთ უფლებებს, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ისე, რომ საჯაროობის მიზნები არ დააზიანოს. ვენეციის კომისიის ზემოთ ციტირებული 2013 წლის დასკვნაც „ქართული ოცნების“ გაცხადებულ განზრახვებს აქებდა, საჯაროობისკენ სწრაფვის გამო, თუმცა მათ განსახორციელებლად შემოთავაზებული კანონის ხარისხს იწუნებდა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის, კახნიაშვილის, დასაბუთებაც ცდილობს, საჯაროობის სრული შეზღუდვა სწორედ არსებული მოწესრიგების ხარვეზებით გაამართლოს. თუმცა მის გრძელ წერილში ვერც ეს ხარვეზები წარმოჩინდება ნათლად და ვერც ის, თუ რატომ არის გამოსავალი, შესაძლო ხარვეზებზე პასუხად, საერთოდ უარის თქმა  საჯაროობაზე მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებებთან სრულად შესაბამისი მოწესრიგების მიღებაც შესაძლებელია.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა ისიც, რომ რეჟიმის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ექნება განზრახვა ან რესურსი, რათა ამ არსებით საკითხებზე სიღრმისეულად იმსჯელოს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი