პუბლიკაციები

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დუმილის დარღვევა - დასტური იმისა, რომ "ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"

ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო

ჰოლივუდური ფილმებიდან ვიცით, რომ ადამიანი, რომელსაც უსამართლობის განცდა აქვს და მიაჩნია, რომ მის უფლებას უხეშად არღვევენ, ინსტიქტურად შემდეგ სიტყვებს ამბობს: „სასამართლოში გიჩივლებ“, „სასამართლოში შევხვდებით“. იმ ქვეყნებში, სადაც მეტნაკლებად რეალიზებულია სამართლის უზენაესობა, ეს რეალობის ასახვაა და არა მხოლოდ ფილმის სცენარისთვის დაწერილი სიტყვები, თუმცა არა საქართველოში. და არა იმიტომ რომ ჩვენთან ადამიანის უფლებები არ ირღვევა, არამედ მოლოდინი არ გვაქვს რომ სამართლის პოვნაში მაინცდამაინც ჩვენ გაგვიმართლებს, შესაბამისად, მსგავსი ინსტიქტიც ნაკლებად გვაქვს გამომუშავებული. დიახ, ასეც ხდება, ზოგჯერ, ზოგიერთსმართლაც უმართლებს! იმაზე საუბარი თუ რა წინაპირობები ზრდის გამართლების ალბათობას, რომელი პერიოდია უკეთესი ბედის საცდელად და მსგავსი საკითხები შორს წაგვიყვანს. თუმცა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ შედარებით მეტი, ალბათ, გულუბრყვილო მოლოდინი არსებობდა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ პრობლემაზე თვალის დახუჭვის შეუძლებლობის გათვლით წახალისებულმა მოსარჩელეებმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, რომელსაც თან ახლდა ადამიანის უფლებებში მასშტაბური ჩარევა (შინაგანი რწმენის მიუხედავად, ამ ტერმინის გამოყენება სამართლებრივი შეფასებისგან თავის შეკავების ერთგვარ მცდელობას წარმოადგენს), საკონსტიტუციო სასამართლოში არაერთი სარჩელი წარადგინეს. თუმცა, ეს უკანასკნელი იმედიც დროსთან ერთად მიილია და ისე, რომ აღარც ველოდებოდით, 10 თვის თავზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დუმილი დაარღვია და მხოლოდ ოთხ სარჩელზე მიიღო გადაწყვეტილება (რომელიც ერთ საქმედ გაერთიანდა), რაც ნიშნავს, რომ „ნავსი გატეხილია“. უნდა გვიხაროდეს თუარა, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ყველა სარჩელში სადავოდ იყო გამხდარი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც პანდემიის მართვის სახელით, პარლამენტის მიერ მთავრობაზე საკანონმდებლო უფლებამოსილების ფართო დელეგირების საფუძველზე, მთავრობისმიერ კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევის შესაძლებლობას ზრდიდადა რომელთა საფუძველზეც ქვეყანადაახლოებით 8თვეა, რაც de facto საგანგებო მდგომარეობაშიიმყოფება. ამასთან, გასაჩივრებული იყო ზოგიერთი ის კონკრეტული ღონისძიებაც, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებაც მთავრობამ სადავო ნორმებისსაფუძველზედაიდგინა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, ისიც მხოლოდ შრომით უფლებების შეზღუდვის ფორმალურ არაკონსტიტუციურობასთან მიმართებით, რამდენადაც გვერდი ვერ აუარა იმას რაც საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. ხოლო, დანარჩენ ნაწილში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია უფლებამოსილების დელეგირებისა და ასევე დელეგირების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

წინამდებარე მოსაზრებაში სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასებული იქნება არა წმინდა სამართლებრივი კუთხით, რამდენადაც თავად სასამართლოსაც არ გამოუჩენია ამის ინიციატივა, არამედ გაანალიზებული იქნება ის, თუ როგორ ხედავს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ როლს რეჟიმში, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, ზოგადად როგორ აფასებს ვითარებას, მის სიმწვავეს და რა გზავნილებს გვიგზავნის ამ გადაწყვეტილებით. აღნიშნულის გააზრების შემდეგ, შევძლებთ დავინახოთ თუ რატომ არის მოცემული გადაწყვეტილება არა მხოლოდ საშიში პრეცედენტი ზოგადად ლიბერალური კონსტიტუციონალიზმისთვის, არამედ, რბილად რომ ვთქვათ, დამცინავი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.

პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ ის თუ რა განსაკუთრებული რეჟიმის შეფასებას ველოდებოდით საკონსტიტუციო სასამართლოსგან. ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებულ განსაკუთრებულ მდგომარეობას და თითქმის ყველა ასპექტში თავისუფლების მნიშვნელოვან შეზღუდვას. განსაკუთრებით კი უნდა გამოვყოთ საქართველო, სადაც ჯერ 2 თვის განმავლობაში ოფიციალურად იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ხოლო მისი გაუქმებისთანავე ქვეყანა დარჩა, ფაქტობრივად, იმავე რეჟიმში. De facto საგანგებო მდგომარეობის არსებობას არა მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები და ფაქტობრივი რეალობა, არამედ თუნდაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა (ECHR) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (ICCPR) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე, კვლავ ინარჩუნებს დეროგაციის უფლებას. აღსანიშნავია, რომ დეროგაცია არის სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულებით (კონვენცია და პაქტი) ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევის შესაძლებლობა, რომელიც თავად ამ ხელშეკრულების მიხედვით დასაშვებია, მხოლოდ და მხოლოდ ისეთ საგანგებო მდგომარეობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ერის სიცოცხლეს, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ საფრთხე არის რეალური და აშკარა ან გარდაუვალი, გავლენას ახდენდესმთლიანად ერზე, ნორმალურიცხოვრებისგაგრძელებისთვის ხელისშემშლელი და იმ დონის, რომლის დროსაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და წესრიგის შესანარჩუნებლად, კანონით და საერთაშორისო აქტებით ნებადართული ჩვეულებრივი ზომები ან შეზღუდვები, ვეღარ ჩაითვლება საკმარის საშუალებებად.

პანდემიის პირობებში არაერთმა ქვეყანამ მიმართა საგანგებო ღონისძიებებს, თუმცა ყველამ როდი განაცხადა დეროგაციის უფლებით სარგებლობის შესახებ. საქართველო კი იმ ქვეყანათა შორის ერთ-ერთია, რომელმაც აღნიშნულის შესახებ პირველივე წუთებიდანვე განაცხადა, თუმცა განსხვავებით დანარჩენი ხელშემკვრელი მხარეებისგან, რომელთაც ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გაუქმებისთანავე ოფიციალურად დაასრულეს ამ უფლებით სარგებლობა, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა გამონაკლისი ამ მხრივ. კერძოდ, როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობა პარლამენტის მიერ მიღებული „საგანგებო კანონმდებლობით“ ცდილობს დაარეგულიროს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და უპასუხოს გამოწვევებს, რისთვისაც გარკვეულუფლებებთან მიმართებით,შეიძლება გადაუხვიოს ხელშეკრულებით ნაკისრვალდებულებებს.

ასევე საყურადღებოა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა. იურიდიულმა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იმ უფლებამოსილებების გადაცემა ხდებოდა, რაც თავისი არსით, საკანონმდებლო ხელისუფლების გამგებლობის სფეროს განეკუთვნება. მეტიც, დასკვნაშივკითხულობთ, რომ „საგანგებომდგომარეობისგამოცხადებისგარეშეცვლილებებით შემოთავაზებული შინაარსის დაკანონება თავისარსით, ქვეყანაშიგამოიწვევს de facto საგანგებო მდგომარეობას, რომელზეც არ გავრცელდება ასეთი ვითარებისთვის დაწესებული საერთაშორისო და კონსტიტუციურ-სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები“. თუმცა, შემდეგი მოსმენებით არათუშეიზღუდა მთავრობის უფლებამოსილებები, არამედ უფრომეტად გაფართოვდა, შესაბამისად იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა რელევანტურია არსებული კანონისთვისდა სადავო ნორმებისთვისაც.

არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემაც, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სასამართლო იდგა ქვეყანაშიარსებულივითარებისშეფასებისსაჭიროების წინაშე. მეტიც,მოპასუხისმოსაზრებით, სიტუაციის განსაკუთრებული ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გადაეხვია „მშვიდობიანობის“ დროს არსებული დელეგირების სტანდარტიდან, ვინაიდან ისევ და ისევ მოცემულობიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაადგენდა იმავე ფარგლებს და ჩარჩო ვერ იქნებოდა ისეთი ვიწრო, როგორიც ჩვეულებრივ შემთხვევაში.

„რეალურად საკითხი დგას როგორ? როგორი უნდა იყოს დელეგირების ფარგლები მაშინ როცა საგანგებო სიტუაცია გამოწვეული არის ისეთი ეპიდემიური დაავადებით, რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და ისეთი მასშტაბით, რომლის სწრაფად გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელი მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ეს არის საკითხი რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია არასდროს. ამიტომ ის რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე უთქვამს დელეგირებაზე, ის ამ სიტუაციასთან საერთოდ კავშირში არარის“ (ბაჩანა სურმავა).

სასამართლომარა თუიმაზე არგასცა პასუხი, რამდენადკონსტიტუციასთან შესაბამისიიყო საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია ყველა კონკრეტულისიტუაციიდანგამომდინარე ცვალოსდელეგირებისსტანდარტი, არამედ ზოგადად არც კი გაამახვილა ყურადღება შექმნილი ვითარების განსაკუთრებულ ხასიათზე და არ გასცა პასუხი მოსარჩელეთა მიერ წამოჭრილ საკითხს, რომ ქვეყანაში შექმნილია ე.წ. de facto მდგომარეობა. სანაცვლოდ, სასამართლომ თავად შეზღუდვების ბუნების სიღრმისეული განხილვის გარეშე, ზოგადად დაასკვნა, რომ „დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში იმგვარი შეზღუდვების დაწესება, რომელიც შეეხება გადაადგილების ფორმებს, სხვადასხვა ტიპის შეკრებაზე დამსწრე პირთა თუ ავტომანქანაში პირთა დასაშვებ რაოდენობას და სხვა მსგავს საკითხებს, ხარისხობრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენსუფლებაში იმგვარ ინტენსიურ ჩარევას, რომელიც მოითხოვდა გადაწყვეტილების მიღებას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორებისა თუ პირთა ფართო წრის ჩართულობით“. აღნიშნული ციტატა ხაზს უსვამს სასამართლოს გულგრილ დამოკიდებულებას უფლებებში ჩარევის ინტენსივობის მიმართ. კოლეგია ცდილობს თვეების განმავლობაში გატარებული უმძიმესი შეზღუდვები გააუბრალოოს და წარმოაჩინოს, თითქოს მოსარჩელეთა პრობლემა მხოლოდ ავტომანქანაში პირთა რაოდენობაზე შეზღუდვის დაწესებაშია, ხოლო სხვა შეზღუდვები „და ასე შემდეგ“ კატეგორიაში გაიყვანოს. შესაბამისად, ეს მიდგომა არისარა მხოლოდ უკიდურესიგულგრილობა და არსებულ კონტექსტზე თვალის დახუჭვა, არამედ დაცინვის ტოლფასიც, რომელიც სხვა საკითხებთან მიმართებით, კიდევ უფრო აშკარადვლინდება.

აღნიშნულს კიდევ ერთხელ ამყარებს საქმის არსებითი განხილვის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად წარმოაჩენს საკითხის მიმართ მოპასუხე მხარეების - პარლამენტისა და მთავრობის ხედვას. მთავრობის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსად პარლამენტის წარმომადგენლისა, არ უარყოფდა რომკონტაქტირებული პირის იზოლაციასა თუ კარანტინში მოთავსება გულისხმობდა კონსტიტუციის მე-13 მუხლში (თავისუფლების უფლება) და არა მე-14 მუხლში (მიმოსვლის თავისუფლება) ჩარევას, შეეცადა სასამართლოსთვის დაემტკიცებინა, რომ უფლებებში ჩარევა არ იყო ინტენსიური ხასიათის, რამდენადაც იზოლირებულ პირს შენარჩუნებული ჰქონდა უამრავი უფლების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა.

„პირს აქვს შეუფერხებელი და სრული სატელეკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომა, მათ შორის ინტერნეტზე... როდესაც ვსაუბრობთ და აღვნიშნავთ რომ კონტაქტირებულ პირს აქვს ინტერნეტზე წვდომა ეს ნიშნავს, იმას რომ მას აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად მიიღოს განათლება როგორც უმაღლესი, ასევე სასკოლო განათლება. მას შეუძლია შეუფერხებლად იმუშაობს, ჩემს რამდენიმე მეგობარს, რომლებიც დაექვემდებარნენ თვითიზოლაციას, არცერთი დღე არ შეუწყვეტიათ მუშაობა და თავიანთი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელება. შესაბამისად, მათ უწყვეტ რეჟიმში შეუძლიათ რომ დისტანციურად, ბინიდან იმუშაონ და მოგეხსენებათ დღეს ეს უკვე როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში არის ნორმა და აიღონ ხელფასი მათ შორის. მათ შეუძლიათ ინტერნეტზე წვდომით აქტიურად ჩაერთონ როგორც საზოგადოებრივ, ასევე სოციალურ აქტივობებში, მათ შორის საქველმოქმედო საქმიანობაშიცდა ამისმაგალითებიც გვინახავსდა ვიცით. გამოხატონ დაფართოდ გაავრცელონ საკუთარი აზრი სოციალური ქსელის საშუალებით ან სხვა ინტერნეტ წყაროების საშუალებით, მიიღონ მონაწილეობა ონლაინ შეკრებებში და ესეც უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა და ესეც გვინახავს. ასევე, იყვნენ ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეები, როგორიც არის ონლაინ ვაჭრობა...“.

ის რომ „შესაძლებლობათა ჩამონათვალი“საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა მოსამართლე ევა გოცირიძისათვის, პროცესზეც არ დაუმალავს, რაც ნათლად ჩანს მოსარჩელის მიმართ გამოთქმულ შემდეგი სიტყვებში: „ვერ დავრწმუნდი იმაში, რატომ არის იზოლაციასა და კარანტინში ადამიანისმოთავსება ესოდენ მნიშვნელოვანიდაფუნდამენტურისაკითხი,იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რამდენი რამის გაკეთების შესაძლებლობა აქვს კარანტინში და იზოლაციაში მოთავსებულ პირს. დღეს ყველა ვიმყოფებით შეზღუდული უფლებების ფარგლებშიდა ამის გათვალისწინებით რატომ არის ასეთი ფუნდამენტური“.

საბოლოოდ კი აღნიშნული არგუმენტები გადამწყვეტი აღმოჩნდა სასამართლოს პირველი კოლეგიის პოზიციის ჩამოყალიბებისათვის. როგორც გადაწყვეტილების მე-20 პარაგრაფში ვკითხულობთ, „კარანტინში/იზოლაციაში მყოფ პირს შეუძლია, შეუზღუდავად გამოიყენოს ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო საშუალება და ინტერნეტი ნებისმიერი მიზნით (იქნება ეს სოციალიზაცია, სამსახურეობრივიუფლებამოსილებისშესრულებათუ სხვა), დღისგანმავლობაში დაკავდესნებისმიერი ტიპისსაქმიანობითდაშესაბამისი სამსახურისწარმომადგენლებს არაქვთ უფლება, პირსმიუთითონ, თურისი კეთება შეუძლიადარისი არა.“

შესაბამისად, როგორც ვხედავთ, სასამართლომ ყოველგვარი სიღრმისეული გაანალიზების გარეშე, გაიზიარა მთავრობის წარმომადგენლის არგუმენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ტოვებდა განცდას, რომ ეყრდნობოდა მთავრობის წარმომადგენლის რამდენიმე მეგობრის მდგომარეობის განზოგადების შედეგად დანახულ სურათს. თუკი, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, ასევე სამწუხაროდ მოსამართლეებიც, ასე ვიწროდ არ შეხედავდნენ საკითხს, ცოტა უფრო მეტად გასცდებოდნენ საკუთარ ვიწრო გარემოცვას (მთელი ქვეყნის მასშტაბსა და მოსახლეობასთან შედარებით), რომელსაც შესაძლოა არც უგრძვნია პანდემიით გამოწვეული უმძიმესი კრიზისი, არ დაუკარგავთ სამსახურები, შეუნარჩუნდათ ხელფასი, ახერხებდნენ რეალიზაციასა და განვითარებას და შესაძლოა მართლაც საქველმოქმედო საქმიანობისთვისაც კი რჩებოდათ დრო და რესურსი, ნამდვილად „სხვა საქართველოს“ დაინახავდნენ, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი სურათისგან. საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობის ყოველდღიური რუტინა მართლაც ასეთი მიმზიდველია, ყველას შეუძლია დისტანციურად მუშაობა და რომ თუნდაც, საკუთარი თავის მოვლის გარდა, ადამიანებს ცხოვრებაშისხვავალდებულებები არ აქვთ, რომელთაგან მოწყვეტა თუნდაც ერთი დღით შეუძლებელია, სასამართლოს მხრიდან, რომელიც სწორედ ინდივიდს უნდა ითვალისწინებდეს, საკმაოდ უხერხულია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამ სიტყვების ამოკითხვა, განსაკუთრებით უფრო ცინიკური და შეურაცხმყოფელი იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომელთაც სასამართლო უმტკიცებს, რომ გატარებული ღონისძიების შედეგად მხოლოდ მცირედი დისკომფორტი თუ განიცადეს, რომელიც უნდა დაეთმინათ საზოგადოების ინტერესებისათვის და მადლობაც კი უნდა ეთქვათ იმისათვის, რომ ამ პერიოდს ბევრი მათგანი ატარებდა 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილი იყო სამჯერადი კვება. მოსამართლეებს არც არსებითი განხილვის ეტაპზე დაუსვამთ კითხვა მთავრობის წარმომადგენლისათვის თუ რაზე დაყრდნობით ამბობდა ის, რომ „უწყვეტ რეჟიმში, ბინიდან მუშაობა, უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ნორმას“, რომ ადამიანებს შეუნარჩუნდათ ხელფასი, სამსახური და ა.შ. და არც გადაწყვეტილებაში ჩაუთვლია საჭიროდ უფრო დეტალურად და არგუმენტირებულად ესაუბრა იმაზე თუ რა იგულისხმებოდა „დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საქმიანობით დაკავების შესაძლებლობაში“.

ერთ-ერთ ყველაზე „თვალისმომჭრელ“ ციტატად სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შეზღუდვების გრძელვადიან ეფექტებთან დაკავშირებული დასკვნა უნდა მივიჩნიოთ. როგორც სამოტივაციო ნაწილის 58-ე პარაგრაფში ვკითხულობთ, „დელეგირებულ უფლებამოსილებათა არსისა და მისი დროებითი ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამართლებრივ თუ პოლიტიკური განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებზე“. აღნიშნული ფრაზა შეიძლება გადაწყვეტილების ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებად მიგვეჩნია, თუკი გვეცოდინება, რომ ის სათანადო ცოდნისა და ექსპერტიზის მქონე ორგანოს მიერ, შესაბამის კვლევაზე დაფუძნებით იქნებოდა მიღებული. თუმცა, არც სასამართლო წარმოადგენს ასეთ ორგანოს და არც ამ ღონისძიებებისდროებითობის არგუმენტი ჩანსსარწმუნო. დროებითობაზე ხაზგასმისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ღონისძიებების მოქმედება უკვე მეორედ გახანგრძლივდა, თანაც ორივე შემთხვევაში პარლამენტმა საკითხზე გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით) იმსჯელა, რამდენადაც პარლამენტის შეფასებით საქმე ეხებოდა მხოლოდ თარიღის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 1-ლი ივლისის შემდეგ, ეს ვადა კვლავ არ გახანგრძლივდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი პარტიაა, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევისშანსიც არ არსებობს.

ერთი, რაც მართლაც დასაფასებელია სასამართლოს მხრიდან, ეს გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრის მცდელობაა. როგორც ამერიკელი კონსტიტუციონალისტი ბრიუს აკერმანი აღნიშნავს, მოკლევადიან პერიოდში სუსტ სახელმწიფოზე უფრო დიდ პრობლემას, გრძელვადიანპერსპექტივაში ზედმეტადძლიერი სახელმწიფოები წარმოადგენენ. თავისმხრივ, „პოპულარული აპლოდისმენტებით“ წახალისებულ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელსაც ეცოდინება რა რომ თუნდაც მასობრივი ისტერიის ხელოვნურად შექმნით შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი ძალაუფლებადა მეტიც, მოიპოვოს სრული Carte Blanche, ყოველთვის ექნება „ნდობის“ ბოროტად გამოყენების ცდუნება. ნდობაში არ იგულისხმება ზოგადად ამ ინსტიტუტისადმი ნდობა, არამედშექმნილივითარებიდან გამომდინარე მინდობა, იმ არგუმენტით, რომ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან შედარებით, კრიზისულ სიტუაციებში აღმასრულებელი არის უფრო ეფექტური, მოქნილი, გააჩნია მეტი ექსპერტიზა და შეუძლია უფრო გადამწყვეტად იმოქმედოს ვიდრე დანარჩენმა შტოებმა. სწორედ ამგვარი მინდობის მაგალითს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედება, რომელიც ერთი მხრივ უმოქმედობაში, კერძოდ 10-თვიან დუმილში, დროის გაყვანასა და შემდეგში უკვე თავის დროზე გასაჩივრებული ნორმების ძალადაკარგულობის მოტივით, არსებით განსახილველად სარჩელების მიღებაზე უარში გამოიხატა, ხოლო მეორე მხრივ, ამას მეტყველებს განხილული გადაწყვეტილებაც, რომელიც დაფუძნებულია სწორედ იმ დაშვებაზე რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უკეთ იცის თუ როგორ იმოქმედოს ეფექტიანად. უფრო ზუსტად კი, სასამართლოს არც ეს დაშვება გაუძლიერებია რაიმე სახის არგუმენტით, შესაბამისად სასამართლოს ქმედება შეიძლება კლასიკური გაგებით მინდობასაც არ წარმოადგენდეს, არამედ განაცხადს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები სწორია არა იმიტომ რომ ის ამ შემთხვევაში ყველაზე კომპეტენტურია, არამედ იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ არის მიღებული და მის სურვილს გამოხატავს. შესაბამისად, განხილული გადაწყვეტილების სისუსტე არის არა მხოლოდ ის, რომსასამართლომ აღნიშნული პროცესიდან საკანონმდებლო ორგანოს გამოთიშვის „ლეგიტიმურობას“ მოაწერა ხელი, არამედ ის რომ საკუთარი როლის უგულებელყოფით, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცა როგორც თამაშის წესების დადგენის, ასევე თამაშის დაწყებისა და დამთავრების ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება. 


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია