არჩევნები, პოპულიზმი და იმპორტის ჩანაცვლება
ფოტო: Claudio Munoz
პოლიტიკოსთა სასაუბრო ლექსიკონში ხშირად შევხვდებით ისეთ ტერმინებსა და დაპირებებს, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი აქვს, ხოლო ამ სიტყვების სისრულეში მოყვანა, მთელი საზოგადოებისთვის, ნამდვილ თავის ტკივილად იქცევა. ამ ჯადოსნურ სიტყვებს ძირითადად კონკრეტულ აუდიტორიასთან ან კონკრეტულ პერიოდში - მეტწილად წინასაარჩევნოდ - იყენებენ. თვითმმართველობის არჩევნების წინ საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხი წამოიწია და მმართველი პარტიის ერთ-ერთ ძირითად დაპირებად იქცა. იმპორტზე დამოკიდებულება, ადგილობრივი წარმოების განვითარება, იმპორტის ჩანაცვლება, თვითკმარი ქვეყანა - ეს ის სიტყვებია, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლები და ხშირად „არაპოლიტიკოსი“, ტექნოკრატი მინისტრები, უარყოფით სავაჭრო სალდოზე საუბრისას, მისი შეცვლის და ამისათვის „ეროვნული წარმოების“ ხელშეწყობის და წახალისების დაპირებისას იყენებენ.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ეკონომიკურ ერთეულში (თუ არ ჩავთვლით ჩრ. კორეას), ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილების წყარო არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოება, არამედ იმპორტია. და პირიქით, ადგილობრივი წარმოება სრულად ადგილობრივ მოხმარებას არ უზრუნველყოფს, მისი ნაწილი ექსპორტია. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, იმპორტი საშუალოდ 2.5-ჯერ აღემატება ექსპორტს, რაც მოსახლეობის ნაწილისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ არასახარბიელოდ არის მიჩნეული. შესაბამისად, პოლიტიკოსები ელექტორალური (ზოგჯერ პირადი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე) მიზნებიდან გამომდინარე, ხშირად გასცემენ მოხმარებაში იმპორტირებული საქონლის წილის მნიშვნელოვნად შემცირებისა და მათი ადგილობრივი წარმოების საქონლით ჩანაცვლების დაპირებებს, რაც პრინციპულად არასწორია. უფრო მეტიც, ამ სახის სამთავრობო ინტერვენციას მთლიანი საზოგადოებისთვის უფრო მეტი სოციალური დანაკარგი ექნება, ვიდრე სარგებელი.
გლობალურ ექსპორტ-იმპორტში წილის მიხედვით, მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორი ჩინეთია, ხოლო ნომერ პირველი იმპორტიორი ამერიკის შეერთებული შტატები. ეს უკანასკნელი ძირითადად ავტომობილების, ნედლი ნავთობის, კომპიუტერული ტექნიკის, სამაუწყებლო მოწყობილობების და მედიკამენტების იმპორტიორია, რომელსაც ძირითადად ჩინეთიდან, მექსიკიდან, კანადიდან, იაპონიიდან და გერმანიიდან ახორციელებს. 2020 წელს კი, აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა 678.7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი ისტორიულად მაღალი, 535.0 მლრდ დოლარი იყო. ესე იგი, სწორედ ამდენით მეტია წლის განმავლობაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, ამავე პერიოდში იმპორტირებულზე. ჩინეთის ძირითადი საექსპორტო საქონელი სამაუწყებლო მოწყობილობები, ინტეგრირებული სქემები, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა და ტელეფონებია, რომლის ექსპორტს ძირითადად ახორციელებს აშშ-ში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და გერმანიაში.
შესაბამისად, ადგილობრივ მოხმარებაში იმპორტის წილის ან სავაჭრო დეფიციტის შემცირების დაპირება პოპულიზმია, ხოლო ასეთი პოლიტიკის გატარება საზიანო შედეგების მომტანი. პოპულიზმია იმიტომ, რომ წარმოადგენს დაპირებას, რომელიც ფართო ელექტორატისადმი აპელირებს, მათ წინაშე არსებული პრობლემების არასწორი მიზეზების წარმოჩენას და ერთგვარი ნაციონალისტური სულისკვეთების გაღვივებას ახდენს. ეს უკანასკნელი ისედაც იგრძნობა საზოგადოებაში - „როგორ შეძლება კარტოფილი თურქეთიდან შემოგვქონდეს, როცა ამდენი ქართული მიწაა?! ან საზამთრო ირანიდან?!“. ამავდროულად, ეს რიტორიკა ნაწილობრივ იმ პოლიტიკის საწინააღმდეგოა, რასაც თავისუფალი ვაჭრობა ჰქვია და მთავრობა მისით სამართლიანად ამაყობს (მაგალითად, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ევროკავშირთან და ჩინეთთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთთან და ისრაელთან). როგორც ვთქვით, იმპორტის ჩანაცვლების ამგვარი პოლიტიკა საზიანოა, რადგან თავის თავში გულისხმობს შედარებითი უპირატესობის არმქონე, არაკონკურენტუნარიანი და არარენტაბელური სექტორების (ან საწარმოების) სუბსიდირებას, წარმატებულების ხარჯზე, რომლის შედეგი რესურსების არაეფექტიანი ალოკაცია და უტილიზაციაა. რესურსების ამგვარი განაწილების შედეგი კი, საერთო სარგებლის დანაკარგებია.
საქართველოში, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიერ იმპორტზე დამოკიდებულებასა და მის ჩანაცვლებაზე საუბარი ახალი არ არის. მაგალითად, 2020 წელს, მანამდე ერთი წლის წინ დახურული, აგარის შაქრის ქარხანაში წარმოების აღდგენა და შაქრის მოხმარების 50%-ით ჩანაცვლება პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა. მაშინ, როცა აგარაში დაფასოებული შაქარი ბაზარზე უფრო ძვირი ღირს და ნაკლებად კონკურენტუნარიანია. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი დაპირებები უფრო გახშირდა. აღნიშნული, საარჩევნო შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრის მიერ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გაჟღერებული დაპირებაა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, იმპორტზე დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი მმართველების უგუნური პოლიტიკის - საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნების დანგრევის შედეგია. შესაბამისად, იმპორტის ჩანაცვლების საშუალებად ფაბრიკა-ქარხნების აღდგენა ესახება. ჩვენი მოსაზრების პირველი ნაწილი სწორედ ამ პოპულისტური ინიციატივის გარჩევას დაეთმო. მეორე ნაწილი კი იმპორტის ჩანაცვლებისა და ადგილობრივ წარმოების სუბსიდირებას დაეთმობა. კერძოდ, განვიხილავთ პრემიერ-მინისტრის მიერ ბორჯომში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე, გაცემულ დავალებას.
„მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2.5 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ჩემი დავალება და ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რაც შეიძლება მალე, უნდა გავხდეთ თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა“.
ქარელში მერის წარდგენის დროს პრემიერმა კვლავ იმპორტის ჩანაცვლებასა და ადგილობრივ წარმოებაში 2.5 მლრდ ლარის „ინვესტირების“ გეგმაზე ისაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ დაკონკრეტების შემდეგ ეს დაპირება კიდევ უფრო გასცდა თვითმმართველობას, თვითმმართველობის როლს და არჩევნებს.
„1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ. გვაქვს განსაზღვრული, იდენტიფიცირებული 350- მდე მიმართულება, რომელიც უნდა დაფინანსდეს. ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე“.
სანამ უშუალოდ იმპორტს, ადგილობრივ წარმოებასა და ზემოთ ხსენებულ სხვა საკითხებს დეტალურად გავშლით, უპრიანი იქნება დავაზუსტოთ, თუ რა იგულისხმება პრემიერის მიერ ნახსენებ ტერმინებში. კერძოდ, საჯარო რესურსებიდან დაფინანსება ნიშნავს სუბსიდირებას, მაგრამ პოლიტიკოსები ამ ტერმინის გამოყენებას ერიდებიან, რადგან უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი კონოტაცია გააჩნია. ამიტომ, სუბსიდია ჩანაცვლებულია ინვესტიციით, რადგან ამ უკანასკნელს ადამიანთა უმეტესობაში დადებითი აღქმა აქვს. მეორე, როცა ვსაუბრობთ ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე, ვგულისხმობთ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლას. ერთმანეთთან მხოლოდ ადამიანები ვაჭრობენ. ზოგჯერ ეს ხდება შუამავლების საშუალებით. ამ შუამავლებს კი ექსპორტიორ ან იმპორტიორ კომპანიებს ვუწოდებთ. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ საქართველოს მთლიან იმპორტზე, ვგულისხმობთ დროის მოცემულ პერიოდში (თვე, კვარტალი, წელი) საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიერ დანარჩენი მსოფლიოს მაცხოვრებლებისგან ნაყიდი საქონლისა და მომსახურების ღირებულების ჯამურ მაჩვენებელს. ამდენად, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც ორ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებთა შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლაში მთავრობების მიერ ბარიერების არ დაწესებას გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში ასეთი ბარიერები კვოტებია, რითაც კონკრეტულ საქონელზე წესდება ზღვარი, თუ რა მოცულობამდე შეიძლება გაიცვალოს. მეორე კი გადასახადებია, რითაც ყველა სახის ვაჭრობა იბეგრება. მაშინ, როცა საქონელსა და მომსახურებას სხვა ქვეყნის მაცხოვრებლისგან ვყიდულობთ, ის უფრო მეტით იბეგრება, ვიდრე საქონლის ან მომსახურების ქვეყნის შიგნით შესყიდვა. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი კი ასეთი დაბეგვრის არარსებობას გულისხმობს.
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არა, მაგრამ ინდუსტრიალიზაციამდე და ინდუსტრიალიზაციის (ფაბრიკა-ქარხნების აშენების) შემდეგაც საბჭოთა კავშირი საქონლისა და მომსახურების იმპორტს ახორციელებდა. ცხადია, ესეც ცენტრალიზებულ, გეგმიურ ეკონომიკურ სისტემაში ბიუროკრატიის მიერ ეკონომიკური გეგმარების ნაწილი იყო. საბჭოთა კავშირის ვაჭრობა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ბლოკთან, არამედ კაპიტალისტურ დასავლეთთანაც ხორციელდებოდა, რაც II მსოფლიო ომამდე პერიოდსაც მოიცავს. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირი იმპორტს აშშ-დანაც კი ახორციელებდა, რომელთან 1972 წელს ვაჭრობის შეთანხება დაიდო, რაც ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ლეგალიზება იყო (Grzybowski, 1972). 1929-30 წლებში საბჭოთა კავშირის მთლიანი იმპორტის 26.2% აშშ-დან იყო, ხოლო 21.9% გერმანიიდან. ბრიტანეთის წილი 7.4%-ს შეადგენდა. ექსპორტის ძირითადი ნაწილი კი სამრეწველო საქონელი (51.4%) და ნედლეული (38.6%) იყო. ამ პერიოდში ექსპორტი მთლიანი იმპორტის 93.8%-ს შეადგენდა (Turin, 1931), რაც ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სალდო უარყოფითი იყო. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო საქონელი კი ხორბალი იყო, რომლის მოხმარება 1980-იან წლებში შემცირდა. თუმცა, ამავე პერიოდში იმპორტის მოცულობა გაიზარდა. ეს კი, მიუხედავად ფართომასშტაბიანი სახელმწიფო ინვესტიციებისა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის კლების ერთ-ერთი შედეგი იყო.
გრაფიკი 1: საბჭოთა კავშირის ხორბლის მოხმარება (1000 MT)
შენიშვნა* გამოთვლილია ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის და იმპორტის მონაცემების მიხედვით. მონაცემების წყარო აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტია. მოპოვებულია IndexMundi -დან.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან პირველი და მასშტაბური რეფორმები ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაიწყეს (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია). სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით კი, განსაკუთრებით ესტონეთის გამოცდილებაა აღსანიშნავი, რომლის პოლიტიკა სრულად თავისუფალ ვაჭრობას ეფუძნებოდა და ეკონომიკური გარდაქმნის ადრეული წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენდა. სავაჭრო ლიბერალიზაციის პირველი ტალღა ჯერ კიდევ 1991 წელს იყო. იმდროინდელი პოლიტიკა კი კლასიკური ლიბერალური რეფორმების პაკეტადაა მიჩნეული (Feldmann and Sally, 2002). შედეგად, ესტონეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ღია გახდა. 1999 წელს სავაჭრო ბრუნვა ევროპაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე, მთლიანი ეკონომიკის 186%, იყო, ხოლო ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ფინეთი, შვედეთი და გერმანია გახდნენ. დღეს კი ესტონეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფშია, როგორც ლიეტუვა და ლატვია. მსგავსად ესტონეთისა, ამ ქვეყნების ეკონომიკებში იმპორტის წილი მაღალია. ამ კუთხით გამონაკლისი ყირგიზეთია, სადაც იმპორტის წილი მაღალია, მაგრამ მოსახლეობაზე განაწილებული ეკონომიკის მოცულობა შედარებით მცირე.
გრაფიკი 2: პოსტ-საბჭოთა ქვეყნების იმპორტის წილი მშპ-თან შეფარდებით (2011-20 წლების საშუალო; X) და ერთ სულ მოსახლეზე, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით მშპ-ის ოდენობა (2020 წელი; Y)
იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა ახალი არ არის. აღნიშნული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში ბევრ განვითარებად ქვეყანაში გატარდა, მაგრამ, საერთო ჯამში, შედეგები არასახარბიელო აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ადრეულ პერიოდში ბევრ ეკონომისტს სჯეროდა და ლობირებდა იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკას, მაგრამ უკვე 1960- იანი წლებისთვის იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის პრობლემები უფრო აშკარა გახდა და მას მხარს მხოლოდ რამდენიმე ეკონომისტი უჭერდა (Irwin, 2021). ასეთი პოლიტიკის იმპლემენტაცია ამ პერიოდში ძირითადად სუბ-საჰარული აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების 1950-იანების გვიან და 1960-იან წლების იმპორტის ჩანაცვლების სამთავრობო პროგრამებია. 1950-იანებიდან ლათინური ქვეყნების მთავრობებმა მიიღეს იმპორტის ჩანაცვლების ინდუსტრიალიზაციის პროგრამები (Hirschman, 1968), რომლის შედეგი ეკონომიკის სტრუქტურის - სოფლის მეურნეობის წილის (დამატებული ღირებულება, დასაქმება) შემცირება იყო, მაგრამ არა ზრდის ტემპის გაუმჯობესება. პროგრამის პირველ ეტაპზე ლათინური ამერიკის სამრეწველო დარგის 1960-65 წლების ზრდის ტემპი 15.0%-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 1955-60 წლების მაჩვენებელი. მაშინ, როცა სოფლის მეურნეობაში ზრდის ტემპი 77.8%-ით მეტი იყო (Baer, 1972). 1960-იანების ადრეული პერიოდიდან, მას შემდეგ, რაც სუბ-საჰარულ აფრიკაში დამოუკიდებლობის მოპოვება დაიწყო, მალევე ახალმა ნაციონალისტურმა მთავრობებმა ინდუსტრიალიზაციისა და იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა დაიწყეს, რომლის დაფინანსების წყარო, როგორც ადგილობრივი საჯარო რესურსები, ასევე საგარეო ვალიც იყო. აღნიშნული პოლიტიკა კი დიდწილად ანტიკოლონიური იდეოლოგიით იყო ნაკარნახევი, სადაც უცხოური კაპიტალი ნეოკოლონიურობადაა დანახული (Mendes et al., 2014). მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, 1980- იან წლებში სუბ-საჰარული აფრიკა კვლავ რჩებოდა ყველაზე ნაკლებ ინდუსტრიულ რეგიონად. საბოლოდ, გატარებული პოლიტიკით, საგარეო ვალის საშუალებით ფინანსდებოდა არაეფექტიანი სექტორები. თუკი 1960 წელს სუბ-საჰარული აფრიკის წილი გლობალურ სამრეწველო დარგის დამატებულ ღირებულებაში 0.7% იყო, ხოლო დანარჩენი განვითარებადი ეკონომიკის 6.2%, მომდევნო წლებში მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. 1976 წელს სუბსაჰარული აფრიკის წილი კვლავ 0.7%-ს შეადგენდა, როცა სხვა დანარჩენი განვითარებადი ეკონომიკების კონტრიბუცია 8.0%-მდე იყო გაზრდილი (Fransman, 1982).
როგორც ვნახეთ, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბევრი ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნის განვითარების სტრატეგია იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა იყო. კერძოდ, ინდუსტრიალიზაციის გზით იმპორტირებული სამრეწველო საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებას. მიუხედავად ამისა, იმპორტის ჩანაცვლება არა მხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ რიგ ეკონომისტებშიც პოპულარულია. მთავარი კითხვა კი იმპორტის ავ-კარგიანობაშია. კერძოდ, არის თუ არა ცუდი იმპორტზე დამოკიდებულება? თავიდანვე უნდა ითქვას, რომ არა. ნებისმიერი სახის ინტერვენციონისტული პოლიტიკა, რომლის მიზანი სწორედ რომ მოხმარებაში იმპორტის შემცირებაა, უპირველეს ყოვლისა, საზიანოა ადგილობრივი მომხმარებლისათვის. ამის საილუსტრაციოდ აუცილებელია განვიხილოთ თუ რა განაპირობებს ამა თუ იმ საქონელზე მოთხოვნას. მოთხოვნის დეტერმინანტების სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა თუ იმ საქონელზე მოთხოვნას მისი [ზღვრული] უნარი - დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილება, გამყიდველის მიერ ამ საქონლის შეფასება - ფასი და ჩვენი შემოსვლის დონე განაპირობებს. ახლა კი დასაწყისში გაკეთებული განმარტება რომ გავიხსენოთ - იმპორტში აღირიცხება ერთი ქვეყნის მაცხოვრებლის მიერ დანარჩენი მსოფლიოში მაცხოვრებლისგან საქონელი ან მომსახურების შესყიდვა. შესაბამისად, იმპორტში აისახება ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც გააჩნია უნარი უკეთ დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილება არსებული საბიუჯეტო შეზღუდვის პირობებში, ვიდრე ადგილზე წარმოებულ ამავე საქონელს და მომსახურებას შეუძლია. ამდენად, თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ადამიანებს აქვთ უფრო მეტი არჩევანი, მიიღონ ისეთი საქონელი და მომსახურება, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ესე იგი, იმპორტზე დამოკიდებულება ასახავს მდგომარეობას, როცა ქვეყნის გარეთ წარმოებული ამა თუ იმ საქონელის მოხმარებას უფრო მეტი სარგებელი გააჩნია ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ვიდრე იმავე საქონელს ადგილობრივი წარმოების პირობებში.
გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო სალდო, იმპორტი და ინვესტიციები; კვარტალი (მლნ აშშ დოლარი)
თუკი ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი გააჩნია, მისი დაფინანსების ძირითადი წყარო ინვესტიციებია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემოსავლის დონე მოხმარების დეტერმინანტია. შესაბამისად, ინვესტიციები რეზიდენტების მიერ მიღებული შემოსავლებია და მათი მოხმარების ზრდაში აისახება. ამდენად, ინვესტიციები შემცირდება მოხმარებაზე ნეგატიურად აისახება, რაც სხვა თანაბარ პირობებში, იმპორტის კლებას იწვევს და პირიქით, როცა ინვესტიციები იზრდება, იზრდება იმპორტირებული საქონელი და მომსახურება. აღნიშნული კი საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მარტივი გრაფიკული ილუსტრაციით, გრაფიკი 3- ზეა ნაჩვენები. 2000 წლის პირველი კვარტლიდან 2021 წლის პირველ კვარტლის პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, სხვა თანაბარ პირობებში, ინვესტიციების 1%-იანი ზრდა იმპორტირებული საქონელის და მომსახურების ღირებულებას საშუალოდ 0.52%-ით [95%: 0.45 – 0.59] ზრდის, ხოლო სავაჭრო დეფიციტს - 0.48%-ით [95%: 0.39 – 0.58]. აღნიშნული ასახავს სავაჭრო დეფიციტის და იმპორტის ელასტიურობას ინვესტიციებთან მიმართებით.
ახლა კი, შეგვიძლია პრემიერ-მინისტრის დაპირებას, ადგილობრივ წარმოებაში 2.5 მლრდ ლარის ინვესტირების შესახებ დავუბრუნდეთ. უფრო სწორად, ამ მოცულობის თანხით ადგილობრივი წარმოების სუბსიდირებას, რომელიც საქართველოსთვის ახალი არ არის და რამდენიმე მიმდინარე საბიუჯეტო პროგრამა ასეთ რამეს გულისხმობს. მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, საკრედიტო-საგარანტიო პროგრამები და სხვა. ასეთი პროგრამები საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და პრემიერის დაპირებაც მათი მასშტაბების გაფართოებას გულისხმობს. მიუხედავად ასეთი პროგრამების დიდხნიანი ისტორიისა, გავლენის სათანადო ანალიზისა და პროგრამების წმინდა სარგებელზე გამოკვლევა არ არსებობს, მაგრამ არსებობს არაერთი ჟურნალისტური თუ მსგავსი სახის საგამოძიებო მასალა მათ კორუფციულ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღნიშნული დაპირება კი, სწორედ ასეთი პროგრამების გაფართოებას გულისხმობს, რაც კორუფციასა და კრონიზმს პროპორციულად ზრდის. მეორე მხრივ, ასეთი პროგრამები ეკონომიკაში სტიმულებს ამახინჯებს და შეზღუდული რესურსების არაეფექტიან ალოკაციასა და მის დაბალღირებულებით გამოყენებას იწვევს.